მთავარი,სიახლეები

„ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი იქნება უზენაესის ახალი თავმჯდომარე“ – ინტერვიუ

17.03.2020 • 1991
„ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი იქნება უზენაესის ახალი თავმჯდომარე“ – ინტერვიუ

„არ მინდა, ვთქვა, რომ მარიონეტი იქნება, ის იქნება კლანის წარმომადგენელი და იმას გააკეთებს, რასაც დაავალებენ“ – მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე. დღეს, 17 მარტს, პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე აირჩი, ის 2013 წლიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა და მისი ხელმძღვანელი 2017 წლიდან მიხეილ ჩინჩალაძე იყო. „ჩინჩალაძის კლანი“ – ეს ფრაზა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის არჩევამდე ყველაზე ხშირად ისმოდა.

ამ პროცესში დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გაჟღერდა კიდევ ერთი სიტყვა „გააპარეს“ – ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ, სასამართლოს კლანთან ერთად, უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე „კორონავირუსის“ ამბების ჩრდილში აირჩია.

რა ადასტურებს იმას, რონ ნინო ქადაგიძე „ჩინჩალაძის კლანის“ წევრია? – „ბათუმელებმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ქალბატონო ნაზი, რა იცვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევით? 

არაფერი იცვლება. ამ პროცესში გამოჩნდა, რომ ყველაფერს კადრულობს ე.წ. კლანი, რომ დააკომპლექტოს სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე და გარანტირებულად მოიპოვონ თანამდებობები, რადგან მომავალში, ცხადია, არ იციან, როგორ განვითარდება მოვლენები და იქნება თუ არა იგივე შესაძლებლობა – პარლამენტის გზით დაიკავონ ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციები.

ნინო ქადაგიძის არჩევით კლანის სათავეში ისევ რჩებიან ჩინჩალაძე და მურუსიძე, მათ გვერდს უმშვენებენ მიქაუტაძე და სხვები. ნინო ქადაგიძე იქნება ამ გავლენიანი პირების ერთგვარი წარმომადგენელი. არ მინდა ვთქვა, რომ ბუტაფორია იქნება, ის იქნება წარმომადგენელი მესამე პირებთან, ღონისძიებებზე… ასეთ ღონისძიებებზე ჩინჩალაძე თავს არ იწუხებს. ის შეირგებს ამ თანამდებობას და შეასრულებს დავალებებს, თუმცა ფაქტობრივად პროცესს წარმართავს მიხელ ჩინჩალაძე.

  • რა ადასტურებს, რომ ნინო ქადაგიძე ამ კლანს წარმოადგენს? 

ნინო ქადაგიძე 20 წელია მოსამართლეა. როგორც ჩანს, ის საკმაოდ კარგად ლავირებს, რადგან სხვაგვარად 20 წელი ამ სისტემაში ფიზიკურად ვერავინ გაჩერდება. მას „ვარდების რევოლუციამდეც“ აქვს ნამუშევარი, შემდეგაც, სულ ჰქონდა მაღალი თანამდებობები ამ სისტემაში და პირველი ინსტანციის სასამართლოში არასდროს უმუშავია.

  • არსებობს კონკრეტული საქმე, რომელიც ნინო ქადაგიძემ განიხილა და ჩანს, რომ არ იყო კვალიფიციური, ან კეთილსინდისიერი? მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის გამო აირჩიეს. 

არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არც პარლამენტში მას თავისი კვალიფიკაციით თავი არ გამოუჩენია – ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. არ უნდა გვეგონოს, რომ რადგან ამ ადამიანს აქვს 20-წლიანი გამოცდილება, ეს აპრიორი ნიშნავს მაღალ კვალიფიკაციას. ნინო ქადაგიძემ პარლამენტში გასაუბრებაზე ძალიან მარტივ კითხვებს ვერ უპასუხა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის ამის გამო გააკრიტიკეს კიდეც.

ჩვენს კანონმდებლობაში კეთილსინდისიერება დეტალურადაა ჩამოწერილი. ნინო ქადაგიძე მე არ მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არის კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის იყო ერთ-ერთი მოსამართლე იმ ათკაციან სიაში, ფურცლის ნაგლეჯზე მიაწერეს მისი სახელი და გვარი. 2018 წლის დეკემბერში გიორგი მიქაუტაძემ მისი სახელი და გვარიც ამოიკითხა და გახსოვთ, მაშინ, რა მოჰყვა ამას. ეს ხდებოდა ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე და ამაზე ნინო ქადაგიძეს არ ჰქონია არანაირი უხერხულობა, არანაირი პრეტენზია.

შემდეგ შეადგინეს ახალი კანდიდატების სია და იქაც იყო დარღვევები, ამაზე საუბრობდა სახალხო დამცველი, ეუთო, მაგრამ არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკა ყურადსაღები არ აღმოჩნდა ნინო ქადაგიძისთვის, ისე გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ასე გახდა იგი თავმჯდომარეც, მაგრამ რაც მთავარია – მას არ ექნება ხალხის ნდობა. არ ვიცი რა ფასი აქვს სახელმწიფო ორგანოში ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შტოში ხელმძღვანელ პირად ყოფნა, როცა ხალხი არ გენდობა, არ გაფასებს და პატივს არ გცემს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლეები უყვართ, საქართველოში – მოსამართლეები სძულთ, ერთეული გამონაკლისის გარდა.

ოდესმე ხომ უნდა დადგეს დრო, რომ აი, ამ ადამიანს რომ ვირჩევთ, ის ჩვენი წარმომადგენელი იქნება, ჩვენს უფლებებს დაიცავს?! ნინო ქადაგიძე იცავს თავის ინტერესებს, ოღონდ შეინარჩუნოს თანამდებობა, ის ყველაფერზე წამსვლელია.

  • დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი „გააპარესო“. თქვენც ასე ფიქრობთ? 

კი, გააპარეს, აიცილეს კრიტიკული ფონი, რაც არჩევის დროს იყო მოსალოდნელი. წარმოიდგინეთ, საუბარია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ხელმძღვანელი პირის არჩევაზე, ხომ?! რა დაშავდებოდა, რომ დღეს არ აერჩიათ? აქამდეც იყო ეს სასამართლო თავმჯდომარის გარეშე და მაინცდამაინც „კორონავირუსის“ მსგავსი უბედურება უნდა დაგვტყდომოდა თავს, რომ ასე დაჩქარებული წესით აგვერჩია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე? დღეს, როცა ასეთი პირობებია ამ ვირუსის გამო, შეკრებების უფლებაც პრაქტიკულად შეზღუდული გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს და ამ ვითარებაში ირჩევენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ხელისუფლებას აშკარად არ ჰქონდა სურვილი, ამ პროცესში ჩაერთო მოქალაქეები.

  • მოლოდინი იყო, რომ ამ პოსტს დაიკავებდა ყოფილი გენპროკურორი შალვა თადუმაძე. თქვენი აზრით, რატომ გაკეთდა საბოლოოდ არჩევანი ნინო ქადაგიძეზე? 

კი, თადუმაძისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს. რაღაცები იცვლება და ეს მიხარია. ის კი არ მიხარია, რომ ნინო ქადაგიძე აირჩიეს, არამედ ის, რომ თადუმაძეზე მოუხდათ უარის თქმა. თადუმაძე სრულად ოდიოზურ ფიგურად იქცა. ამიტომაც არჩიეს ისევ ამ კლანიდან გაეკეთებინათ ვინმეზე არჩევანი და შეარჩიეს კანდიდატი, რომელიც ფართო მასებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი. ის ნამდვილად არაა თადუმაძის მსგავსი ოდიოზური ფიგურა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მომავალში გამოიჩინოს თავი.

ამ პროცესმა დაგვანახა ისიც, რომ ხელისუფლება იდეალურად თანამშრომლობს და გარიგებულია სასამართლოს „კლანთან“ – ამას ადასტურებს კონსულტაციები, რომელიც ჩატარდა ფორმალურად, დღეს მოსმენები პარლამენტში, როცა იურიდიულში მოუსმინეს და დღესვე პლენარულზეც გაიტანეს…

  • თქვენ კი ახსენეთ, არაფერი იცვლებაო, მაგრამ საუბარია საბოლოო ინსტანციის ხელმძღვანელზე. რა რესურსი რჩება დღეს მართლმსაჯულების სისტემის შეცვლისთვის? 

დღეს არსებითად სასამართლო სისტემაში იცვლება ის, რომ მოსამართლეები აქტიურად ინაწილებენ თანამდებობებს, რომ გაიმყარონ საკუთარი როლი. პოლიტიკური ვითარება არის იმგვარი, რომ პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. პოლიტიკური ნების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა გატარდეს სამომავლოდ, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კვალიფიციური და პრინციპული მიდგომა. ახლა უფრო მეტი საფიქრალი გაგვიჩნდა, ვიდრე აქამდე გვქონდა. ეს ადამიანები დანიშნეს უვადოდ, რაც კიდევ უფრო მეტი თავსატეხია ქვეყნისთვის.

__________________

მთავარი ფოტო: ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: