მთავარი,სიახლეები

თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

17.03.2020 • 2449
თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

ბოლო პერიოდში გახშირდა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები, მეტი კონტროლისთვის ამ პროცესში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისას შესაძლოა გაფართოვდეს ვირუსის გავრცელების წრე, ხოლო თუ ამ მოქალაქეს [დამრღვევს] შემდგომში ვირუსი გამოუვლინდება, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფოს კი ამ დროს მეტი ძალისხმევის გაღება უწევს ინფიცირებულ პირთან დამატებითი კონტაქტების მოსაძიებლად და გასაკონტროლებლად.

კიდევ რა პრობლემებს ქმნის თვითიზოლაციის დარღვევა? – ამის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უპასუხა.

  • ბატონო ზაალ, რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეებმა არ დაარღვიონ თვითიზოლაციის წესი, რა დამატებით პრობლემებს უკავშირდება ეს მათთან კომუნიკაციის მქონე პირებისთვის და ასევე, სახელმწიფოსთვის?

მგონი არ გვჭირდება მოყოლა იმისა, თუ რა ხდება დღეს ჩვენს ირგვლივ, განსაკუთრებით ევროპაში. სწორედ თვითიზოლაციის წესები იქნა დარღვეული, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის სწრაფ გავრცელებას. შეკავების ღონისძიება პირველ რიგში გულისხმობს, კარანტინის და თვითიზოლაციის წესების მკაცრ დაცვას. თვითიზოლაციაში იმყოფება ყველა პირი, ვისაც ბოლო დროს რაიმე კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალი იყო დასნებოვნების კერები, ან იყო საეჭვო შემთხვევები.

თვითიზოლაცია არ ნიშნავს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ყოფნას, თვითიზოლაცია ნიშნავს იმ სივრცეში, სადაც ეს პირი გაჩერდება, იზოლირებულად ყოფნას. გამონაკლისი დაიშვება, თუ რამდენიმე ოთახიდან ერთს იკავებს ის იზოლირებულად, ხოლო თუ ბინას ერთი საერთო სველი წერტილი აქვს, ამ სველი წერტილით მან უნდა ისარგებლოს ასევე იზოლირებულად, ოჯახის სხვა წევრმა კი სველი წერტილი შემდეგ უნდა დაამუშაოს ხსნარებით, თუნდაც ჩვეულებრივი, საოჯახო ტიპის დეზინფექტანტებით.

თვითიზოლაცია გულისხმობს ასევე საკვების მიწოდებას. ვიღაცამ უნდა მოამზადოს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანისთვის საკვები და მიაწოდოს მას. თუ ის ბინაში მარტოა, შეუძლია თვითონაც მოამზადოს. უკეთესია, თუ ის მთელ ბინას იკავებს, ამ მხრივ უფრო ნაკლები იქნება პრობლემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არ უნდა გამოდიოდეს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ოთახში და მით უმეტეს – არც საერთო სადარბაზოში, არც ქუჩაში. ეს არის მკაცრი წესი, მისი არდაცვის შემთხვევაში ეს ადამიანი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც მას კონტაქტი ექნება.

თუ მოქალაქე ვერ იცავს თვითიზოლაციის წესს, შეგვატყობინოს, ჩვენ გადაგვყავს ის უკვე კარანტინის ზონაში, სადაც უზრუნველვყოფთ მის კვებას, მოვლას და ყველა საჭიროებას.

  • ერთია, როცა მათ დაარღვიეს თვითიზოლაციის წესი ოჯახის წევრებთან მიმართებაში. მინდა გკითხოთ მოქალაქეებზე, რომლებიც თვითიზოლაციის პერიოდში გავიდნენ ქუჩაში – ასეთ შემთხვევაში რა ძალისხმევის გაღება უწევს სახელმწიფოს კონტაქტების დასადგენად?

ჯერ არ ვიცით შეუქმნეს თუ არა მათ პრობლემები სხვებს. ასეთ შემთხვევაში, თუ არ შეგვატყობინეს, ისედაც შეიძლება ვერ გავიგოთ და თუ ვინმემ შეგვატყობინა ამის შესახებ, მერე უკვე ვიძიებთ [შესაძლო კონტაქტებს]. ჩვენ ამხელა რესურსი არ გვაქვს, ყველა ექიმი არ არის ამ მიმართულებით მოწოდებული, ნუ გონიათ, რომ ქვეყანაში 30 000 ექიმია და ყველა ამ თემას მიჰყვება – შესაძლო კავშირების მოძიებით დაკავებული არიან ეპიდემიოლოგები, ასეთი აჭარაში გვყავს 30.

წარმოიდგინეთ, ბათუმში საკარანტინო ზონაში 300-ზე მეტი ადამიანია, თვითიზოლაციაში – ასზე მეტი. ნუ იფიქრებენ, რომ მხოლოდ ეს ორი ნაწილია საყურადღებო, ძალიან ბევრი თემაა, რითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ექიმები არიან დაკავებული და უბრალოდ არ გვეყოფა რესურსი. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ უკვე პრაქტიკულად ორი კვირაა ექიმები, ეს ადამიანური რესურსიც ამოგვეწურება. ერთი ადამიანის ასეთი ქმედება უკვე იწვევს იმას, რომ თუ მას პირობითად ჰქონდა 30-40 კაცთან კონტაქტი გარეთ, საჭირო ხდება იმ ორმოცი კაცის და მათი კონტაქტების მოძიება, რაც საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. დავანებოთ თავი ფინანსურ რესურსს, ადამიანური რესურსი არ გვეყოფა ჩვენ ამისთვის და ეს გახდება სწორედ ინფექციის გავრცელების საფუძველი.

მგონი მთელმა მსოფლიომ იცის სამხრეთ კორეის 31-ე ადამიანის შესახებ. მოწოდებაა – „ნუ გახდები 31-ე“. კორეამ თავისი უზარმაზარი სამედიცინო და ფინანსური რესურსით მოახერხა 30 დაინფიცირებულის იზოლაცია, თუმცა იმ 31-ე პაციენტმა მოახერხა 1100 ადამიანის დასნებოვნება და უკვე 1100 ადამიანი გახდა გადამცემი დანარჩენი კორეისთვის. ნუ ჩაიდენენ ამას. თუ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სანათესაოს და კოლეგებს არ უფრთხილდებიან, საერთოდ, ალბათ, არც ღირს საუბარი ადამიანებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთები არ გვეყოლება.

  • განხილვის თემა იყო ასევე გარემო, რომელიც საჭიროა თვითიზოლაციისთვის. ვიცით, რომ სპეციალისტი ამოწმებს ამ გარემოს. ასეა?

დიახ, გარემოს შეუმოწმებლად ეს არ წყდება, საზღვარგარეთიდან შემოსული პირი წინასწარვე, სპეციალურ ნომერზე ტოვებს შეტყობინებას, რომ აქვს სურვილი თვითიზოლაციაში ყოფნის. ასეთ შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური ჯგუფი გადის ადგილზე, სწავლობს გარემოს, სადაც ის გაჩერდება. თუ ეს გარემო სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შემდეგ ეძლევა პირს ნებართვა თვითიზოლაციაზე. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი რჩება მუდმივ კომუნიკაციაში, მინიმუმ დღეში ორჯერადი მონიტორინგით ეპიდემიოლოგთან. ახლა უკვე დავიხმარეთ პირველადი ჯანდაცვის ექიმებიც, ამ მონიტორინგისთვის. ბოლო პერიოდში ბევრია უკვე საკონტროლო ჯგუფები, დახმარება შემოგვთავაზა „წითელმა ჯვარმა“. დაგვეხმარებიან მოხალისეები, რომლებიც დატრენინგდენ ამ მიმართულებით, ისინიც რეკავენ და ერთვებიან ამ თემაში, ასე, რომ სრული მონიტორინგია ამასთან დაკავშირებით.

  • შესაძლებელია თუ არა კერძო სახლშიც დარჩეს პირი თვითიზოლაციაში ცალკე ოთახში, თუ მას სხვებთან, მაგალითად გვერდით ოთახებში ოჯახის წევრებთან შეხება საერთოდ არ ექნება?

დიახ, შეუძლიათ, თუნდაც ბინა იყოს. თუ ბინა სამოთახიანია და პაციენტი ერთ ოთახს იკავებს, არანაირი პრობლემა არაა. აქ ლაპარაკია თვითიზოლაციაზე, არ არის საუბარი საეჭვო შემთხვევაზე ან შესაძლო კონტაქტზე, თუ შესაძლო კონტაქტზეა საუბარი, ისინი თვითიზოლაციაში კი არა, კარანტინში გადადიან. თვითიზოლაციაში შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მოგზაურობდა საზღვრებს გარეთ.

  • ხშირად გვირეკავენ მოქალაქეები, რომ მაგალითად მათ კორპუსში, ან უბანში ჩამოვიდა მეზობელი საზღვარგარეთიდან, რომელიც არ შეუმოწმებიათ და არ არის თვითიზოლაციაში. 

ჩვენთანაც შემოდის ასეთი შეტყობინებები და ვამოწმებთ. დღეს საზღვრის კვეთა შემოწმების გარეშე, კარგად იცით, ვერ მოხერხდება. მოქალაქე ფიქსირდება ამა თუ იმ საზღვარზე, აქედან გამომდინარე ასეთი შეტყობინების დროს, პირადობით, სახელითა და გვარით ვამოწმებთ საზღვარზე კვეთას და უმეტეს შემთხვევაში ასეთი შეტყობინებები აღმოჩნდა 14 დღეზე უფრო ადრე ჩამოსულებზე. მათზე თვითიზოლაცია ნამდვილად არ ვრცელდება, გასულია ყველანაირი ინკუპაციური პერიოდი. უბრალოდ მეზობელმა იცის, რომ მან იმოგზაურა, მხოლოდ ამასთან გვაქვს საქმე.

 ვთხოვ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომელთაც წლებია რაღაც პრობლემა აწუხებთ, ახლა ნუ გაახსენდებათ ამ პრობლემის მოგვარების საჭიროება, თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით. პირობითად ავიღოთ ცხვირის ძგიდის გამრუდება, თუ 30 წელი ცხოვრობს ადამიანი ასე, 2 თვე ამ ცხვირს არაფერი არ მოუვა. იგივე, ვთქვათ ქრონიკული ანგინა, რომელიც დიდი ხანია აქვს ბავშვს. მაინცდამაინც ახლა ნუ გადაწყვეტს მშობელი, რომ მიიყვანოს კლინიკაში.

დიდი ნაკადების მართვა კლინიკებში შეუძლებელი იქნება, თანაც, ტრადიციის თანახმად, ჩვენთან რიგების თემაა მოუგვარებელი. აქედან გამომდინარე, როგორც წესი ამ რიგებში ძალიან ახლო კონტაქტში არიან ადამიანები. ასევე, კლინიკებში სხვა დიაგნოზით მწოლიარე პაციენტებთან, ტრადიციულად გვახასიათებს, რომ დღეში ათმა ნათესავმა უნდა მოინახულოს. მსგავსი რამ არ დაიშვება და ნუ შევლენ კონფლიქტში კლინიკებთან ამის გამო. ბოლო სამი დღის მანძილზე 200- ზე მეტი ზარი მქონდა, მინისტრი ხარ და თხოვე, შემიშვანო. არათუ არ ვთხოვ, არამედ კატეგორიულად ვავალებ, რომ არ დაიშვას ასეთი ნახვები კლინიკაში. ერთი პირი, ოჯახის ახლობელი აბსოლუტურად საკმარისია, თუ რაიმეს მიწოდება უნდა პაციენტს, ან ინფორმაციის გამოტანა. ყველაზე დიდი რისკზონები არის სამედიცინო დაწესებულებები და ნუ მიმართავენ მათ უმიზეზოდ.

___________

ფოტოზე: ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: