მთავარი,სიახლეები

რა პროდუქტს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები აჭარაში 

17.03.2020 • 4445
რა პროდუქტს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები აჭარაში 

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში პროდუქტის იმ მარაგის გადანაწილებაზე მსჯელობენ, რომელიც მარტში უნდა გამოეყენებინათ. კორონავირუსის პრევენციის გამო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯერ ორი მარტიდან 16 მარტამდე შეჩერდა, შემდეგ კი პირველ აპრილამდე გადაიდო.

არამალფუჭებადი პროდუქტის გადანაწილების ორგანიზებაზე აჭარის მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 16 მარტს,  მოუწოდა,  თავდაპირველად კი ეს იდეა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაახმოვანა.

როგორ აპირებენ ბაღების გაერთიანებები არამალფუჭებადი პროდუქტის განაწილებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებზე?

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობენ დეტალების დაზუსტებაზე, თუ როგორ და რა პირობებით გადანაწილდება პროდუქტი. მისივე ინფორმაციით განიხილება, რომ პროდუქტი უნდა მიიღოს ბაღის ყველა აღსაზრდელის მშობელმა სურვილის შემთხვევაში, შესაბამისად გადანაწილდება ოდენობებიც.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთ პაკეტში შევა: წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, ბრინჯი და შვრია – თითო კილოგრამი; ორი ცალი ბანანი, ერთი კილოგრამი ვაშლი და ორი შეფუთული პური, ასევე ნახევარი ლიტრი ზეთი, ერთი ლიტრი რძე და ათი ცალი კვერცხი. მისივე თქმით, ოჯახებს, რომელთაც ექნებათ ამ პროდუქტის მიღების სურვილი, თავად მიუტანენ საკვებს. 

ბაღების გაერთიანებებისთვის პროდუქტის მიწოდება იმავე კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომლებთანაც გაერთიანებებს შესაბამისი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, თუმცა როგორც გაერთიანებაში გვითხრეს, პროდუქტის მიწოდებამდე კიდევ ერთი პროცედურა – ფასების საკითხია განსახილველი.

„გვითხრეს, რომ იმავე ფასებში ვეღარ მოგვაწვდიან, რადგან პროდუქტი გაძვირდა, ამიტომაც ვაპირებთ შევაჩეროთ ბოსტნეულის მიღება, სხვა პროდუქტებზე კი, რომელთა დარიგებასაც ვაპირებთ, ალბათ ფასები შეიცვლება – ესეც განიხილება,“ – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროდუქტის დარიგება სავარაუდოდ შემდეგ კვირაში, ორშაბათიდან დაიწყება.

ამ საკითხებზე უკვე ჩამოყალიბდნენ მუნიციპალიტეტებშიც. იგივე ოდენობის პროდუქტი, ძირითადად, ბრინჯი, შაქარი, ბარდა, წიწიბურა და სხვა არამალფუჭებადი პროდუქტი, რაც გათვალისწინებული იყო ერთი ბავშვისთვის, გადაეცემა მშობელს.

მუნიციპალიტეტებში პროდუქტებს მშობლებს სახლში მიუტანენ: „მოხალისეები ეკიპირებით, რეკომენდაციების შესაბამისად, დაარიგებენ პროდუქტს. ისინი ჩამოივლიან მარშუტკებით, რომლებსაც ჩაუტარდებათ დეზინფექცია,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისივე ინფორმაციით, ხელვაჩაურში მიმწოდებლები პროდუქტების ფასებს არ შეცვლიან.

იგივენაირად გადანაწილდება  პროდუქტი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: