რა წერია განაჩენში გიორგი ერმაკოვზე, რომელსაც 7 წელი მიუსაჯეს

„ნათელია, რომ სატენდერო კომისიის წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, აშკარა და თვალსაჩინო სიყალბეს არ მისცეს შეფასება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია,“ – წერს განაჩენში მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ. ამ საქმეზე განაჩენი 27 იანვარს გამოცხადდა. ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მხარეებს დღეს, 17 თებერვალს ჩაბარდათ.

დავის საგანი „იაფი სახლის“ ტენდერი იყო, რომელიც არ შედგა. პროკურატურა მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებოდა, ზოგიერთ მათგანს კი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ქრონოლოგიურად აღწერს „იაფი სახლის“ ტენდერთან დაკავშირებით ბათუმის მერიის პასუხისმგებელი პირების და სატენედრო კომისიის გადაწყვეტილებას. განაჩენის მიხედვით, „იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებულმა აზეირბაიჯანულმა კომპანია „კონვენტმა“ სატენდერო კომისიას წარმოუდგინა აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტროს ტერიტორიული საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 19 ნოემბერს გაცემული #224 ცნობა, რომლის თანახმადაც „კონვენტი“ 2012 წლის 25 მაისს შეიქმნა და სახელმწიფო ბიუჯეტში არ აქვს საგადასახადო დავალიანება. 2018 წელს კი, იგივე აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტროს წერილით გაირკვა, რომ შპს „კონვენტთან“ დაკავშირებული დოკუმენტები ყალბია.

„მიუხედავად აშკარა და თვალსაჩინოდ შეუსაბამო ინფორმაციის არსებობისა [2012 წელს დაფუძნებულ კომპანიას სავაჭრო ბრუნვა 2011 წელს ბუნებრივია არ ექნებოდა] 2015 წლის 24 ნოემბერს მუდმივმოქმედმა სატენდერო კომისიამ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია მიიჩნია სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისად და მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ბათუმის მერიასა და „კონვენტ კორჯიას“ შორის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა 4 მილიონ 279 990 ლარზე. 2016 წლის იანვარში ამ კომპანიის დირექტორმა ანარ ალაკბაროვმა ბათუმის იმდროიდელ მერს, გიორგი ერმაკოვს ავანსის ჩარიცხვა მოსთხოვა. მოსამართლე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ უცხოური დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგინა.

„არცერთ სხვა შემთხვევაში ბათუმის მერიაში არასოდეს ყოფილა არც წარდგენილი და არც მიღებული უცხოური დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია,“ – დასძენს მოსამართლე.

ავანსის ჩარიცხვას გიორგი ერმაკოვი დათანხმდა. საერთო ჯამში გიორგი ერმაკოვის თანხმობით, „კონვენტ ჯორჯიას“ ავანსის სახით ჩაერიცხა 1 621 185 ლარი.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია ინგლისში რეგისტრირებულმა „Point Bank“-მა მისცა, რის ავიზირებაც „ბაზის ბანკმა“ მოახდინა. „ბაზის ბანკს“ ამ დრომდე ედავება მერია ავიზირების ნაწილში. დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი საუბრობს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ნუკრი დეკანაძის ჩვენებაზეც, რომელმაც „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია რისკის შემცველად მიიჩნია. ნუკრი დეკანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ დავის შემთხვევაში „Point Bank“-თან დავის პროცედურები გართულდებოდა, რადგან „გარანტიაში მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული სადაო საკითხების წარმოშობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების შესაძლებლობა“.

განაჩენის მიხედვით, „მომდევნო შეხვედრაზე არჩილ ვანაძემ განმარტა, რომ Point Bank-ს რეიტინგი არ ჰქონდა და „ის რისკები, რაც საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით დაფიქსირდა, არ იყო აღმოფხვრილი“.

მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს ამ ყველაფრის შემდეგ, როგორი იყო ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის რეაქცია:

„მითითებული ინფორმაციის მიღების შემდეგ მერი გიორგი ერმაკოვი დაინტერესდა, საბანკო გარანტია ფორმალურად თუ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, რაზეც ნუკრი დეკანაძემ მერს – გიორგი ერმაკოვს განუცხადა, რომ საბანკო გარანტია ფორმალურად კი აკმაყოფილებდა ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ არსებობდა რისკები, რომელთა აღმოფხვრაც არ ხერხდებოდა, რის გამოც მხოლოდ დასახელებული საბანკო გარანტიის საფუძველზე ხელშეკრულებიუს გაფორმება არ იყო მიზანშეწონილი და საჭირო იყო დამატებითი მექანიზმის მოფიქრება. ასევე შეიძლებოდა ტენდერის შეწყვეტა, ან კომპანის დისკვალიფიკაცია, შესაბამისი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში“, – ვკითხულობთ განაჩენში.

მოწმეების ჩვენებების მიხედვით, ერმაკოვი მიიჩნევდა, რომ მოფიქრებულიყო დამატებითი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა კომისიას, ტენდერი არ ჩავარდნილიყო და გაფორმებულიყო ხელშეკრულება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ შიქმნებოდა სპეციალური ანგარიში, სადაც მოხდებოდა ავანსის ჩარიცხვა, ხოლო თანხის განკარგვა მხოლოდ მერიის თანხმობით იქნებოდა შესაძლებელი.

განაჩენში მოხვდა ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ვახტანგ გედენიძის ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც Point Bank-ის გარანტიის ფორმა, ასევე ტექსტი ბუნდოვანი და ორაზროვანი იყო. საგარანტიო ფორმაში არ იყო აღნიშნული საგარანტიო მოთხოვნა.

„მოწმემ განმარტა, რომ სწორედ ამ ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, საკითხის გარკვევის მიზნით შეხვდა არჩილ ვანაძეს, რომელიც კარგად ფლობდა ინგლისურ ენას და ამავე დროს იყო ფინანსისტი, თუმცა მასთან შეხვედრის შემდეგაც ვერ გაიცა პასუხები მის კითხვებზე,“ – აღნიშნულია განაჩენში.

სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ჯავახიშვილის 78-ში, ანუ იქ, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო, რეალურად 251 109 ლარის სამუშაოები ჩატარდა.

განაჩენში ნახავთ ირაკლი ხარაძის ჩვენებასაც. ამ მოწმემ მოსამართლეს დაუდასტურა, რომ იგი გიორგი ერმაკოვს სადავო ტენდერამდე იცნობდა. ირაკლი ხარაძე მანამდე „კონვენტ ჯორჯიას“ დირექტორმა ვახტანგ ჩიქოვანმა ახსენა საკუთარ ჩვენებაში. მისი თქმით, კომპანიის წინა დირექტორმა, ანარ ალაკბაროვმა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა და აზეირბაიჯანში დაბრუნდა. ირაკლი ხარაძის დახმარებით კი, ვახტანგ ჩიქოვანი გიორგი ერმაკოვს შეხვდა და „გამოსავლის მოძებნა შესთავაზა, რათა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულიყო“. ვახტანგ ჩიქოვანი ასევე ამბობდა, რომ ანარის თქმით, მან ტენდერის მოგების პროცესში ირაკლი ხარაძე იყო ჩართული – გიორგი ერმაკოვის მეგობარი.

სამართლებრივი შეფასების ნაწილში, მოსამართლე დავით მამისეიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ გაფლანგული თანხიდან კორუფციის – ფულის მიღების ფაქტი არც დადასტურებულა და არც უარყოფილა, თუმცა:

„გაფლანგვის ნაწილში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გონივრულ მოლოდინში გიორგი ერმაკოვს მასზე დაქვემდებარებული თანამშრომლები მიუთითებდნენ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პრობლემაზე, რაც როგორც აღინიშნა, არ გაითვალისწინა… გიორგი ერმაკოვის მხრიდან „კონვენტ ჯორჯიასთვის“ ზედნადები ხარჯის – 282 809 ლარის გადარიცხვა, რომელმაც თავის მხრივ ხსენებული თანხა შპს „გლობალ დეველოპმენტს კონსალტინგს“ გადაურიცხა, ერთმნიშვნელოვნად უკანონო იყო,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

 

გამარჯვებული ბათუმელი მოსწავლეები მოსაწყენი გაკვეთილების წინააღმდეგ

სამედიცინო ფიზიკა, მეცნიერება, მედიცინა, კომპიუტერული პროგრამები – ეს იმ პროფესიების ჩამონათვალია, რომლებიც შემოქმედებითი კლუბ „ფოტონის“ ბავშვებს სურთ აირჩიონ. კლუბი ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში ორი წელია შეიქმნა და უკვე გახდა მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი საბუნებისმეტყევლო საგნების ტურნირში „ჩხირკედელა“. კონკურსის პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი კერძო და საჯარო სკოლა იყო ჩართული, თუმცა მეორე ტურში მხოლოდ 40 გუნდი გადავიდა.  მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ტექნიკური შესაძლებლობები ხელს არ უწყობთ, მოზარდებს მეცნიერების მნიშვნელობა ესმით და ცდილობენ ამ სფეროში წარმატებებს მიაღწიონ. წელს მოზარდებმა ტურნირზე წყლის შადრევანი გააკეთეს.

მეცხრეკლასელი თათია ფუტკარაძე შემოქმედებითი კლუბ „ფოტონის“ ერთ-ერთი წევრია. ფიზიკა დიდი ხანია აინტერესებს, ამ ეტაპზე ატომის მოლეკულის აღნაგობის შესწავლით არის დაინტერესებული, თუმცა ამბობს, რომ სკოლის ბაზაზე ამის შესწავლა უბრალოდ წარმოუდგენელია.

საუბარში ჯგუფის ხელმძღვანელი და ფიზიკის მასწავლებელი ქეთევან ბასილაძე გვერთვება, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი ექსპერიმენტების ჩასატარებლად ტექნოლოგიებია საჭირო, „რაც სკოლაში კი არა, შეიძლება  საქართველოშიც კი არ იყოს“.

მასწავლებლის თქმით, ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადასცეს სკოლას, გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას იძლევა, თუმცა „ცოცხალი ლაბორატორია ბევრად ეფექტურია“.

„ვისურვებდი, რომ ერთი ოთახი მაინც იყოს სრულად აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორიებით,“ – ამბობს პედაგოგი.

კლუბის წევრია მეათეკლასელი კონსტანტინე კეშელავაც. მისი აზრით, სკოლაში თუ არა ქალაქში მაინც უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც მეცნიერებით დაინტერესებულ ბავშვებს პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

ბათუმის მე-5 საკარო სკოლის მოსწავლეები
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მოზარდების თქმით, „ადექი, მოყევი, დაჯექი“ – არის ყველაზე მოსაწყენი გაკვეთილი და შემოქმედებითი პროცესის გარეშე მეცნიერებით ბავშვს ვერ დააინტერესებ.

თათია, რომელიც ექიმობას გეგმავს, ამბობს, რომ ხშირად იმ რამდენიმე მულაჟზეც კი არ მიუწვდებათ ხელი, რომლებიც მას  ადამიანის ანატომიის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

„სულ რამდენიმე მულაჟი გვაქვს, ადამიანის კუნთოვანი აგებულების მოდელი და ჩოჩხი და ისიც ხშირად კარადაში, სადღაც ცხრაკლიტულშია,“- გვეუბნება ის.

სკოლაში ფიზიკისა და ბიოლოგიის გაერთიანებული კლუბიც ფუნქციონირებს, სადაც მოზარდებს მიკროსკოპთან მუშაობაც უწევთ, თუმცა მრავალფეროვანი ექსპერიმენტების ჩატარება არ შეუძლიათ. „პატარა მიკროსკოპია, რაღაც ნაწილს ვხედავთ მიკროსკოპში, დანარჩენ ნაწილს წარმოვიდგენთ ხოლმე,“- ხუმრობენ მოსწავლეები.

ბავშვების აზრით, არათანაბრადაა გადანაწილებული საგნებიც:  „მაგალითად, ფიზიკას და ქიმიას კვირაში 2 საათი ეთმობა, სხვა საგნებს კი – 4-5 საათი. ვფიქრობ, ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული,“- ამბობს ნიკა ფამენკო, რომელმაც ორი წლის წინ რეგიონის მასშტაბით გამართულ  ფიზიკის ოლიმპიადაში გაიმარჯვა.

„ფოტონის“ წევრები თავიანთ გამოგონებასთან   

„ჩხირკედელას“ კონკურსში მონაწილეობის დროს გადმოგვიგზავნეს საკვლევი ამოცანები, რომლებსაც ლაბორატორიის გარეშე ვერ გავაკეთებდით. ამიტომ ბათუმის უნივერსიტეტის ლაბორატორია გამოვიყენეთ და კარგია, რომ იქ მაინც გვაქვს მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა მისით სარგებლობა მაინც შეზღუდულია და ყოველთვის ვერ გამოვიყენებთ,“-  გვიყვება ნიკა კოჩალიძე.

„ტურნირის ბოლო ეტაპზე შემოიტანეს ელექტროლაბორატორია, რომელთან შეხება არასდროს გვქონია. რომ გვქონოდა გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, პირველ ადგილზეც გავიდოდით,“ – გვითხრა კონსტანტინე კეშელავამ.

„სწორედ ამ უნარ-ჩვევების არქონამ განაპირობა ის, რომ მეორე ადგილზე გავიდა კლუბი და არა პირველზე. რადგან ბავშვებმა სქემა დახაზეს, მაგრამ ამით შემდეგ საჭირო იყო წრედის გაკეთება, რაც არასდროს გაუკეთებიათ მანამდე. იქ იყო თანამედროვე დანადგარი და არა ის, რაც ჩვენ გვაქვს სკოლაში, მოძველებული. ადრე რომ ჰქონოდათ ამ ლაბორატორიასთან შეხება, უფრო მეტ წარმატებას მოიპოვებდნენ,“ – ამბობს პედაგოგი.

დათა ჭანუყვაძის აზრით, შემოქმედებითი გაკვეთილები საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს და ბავშვების ინტერესიც მეცნიერების მიმართ იზრდება. „პროცესში სწავლობ როგორც კრიტიკულ აზროვნებას, ასევე დისკუსიას, გამოხატავ საკუთარ აზრს, უზიარებ აუდიტორიას შენს მოსაზრებებს, ისმენ სხვების ჯანსაღ კრიტიკას და ზრუნავ თვითგანვითარებაზე,“- გვეუბნება დათა.

„ყველა ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო საგნები მნიშვნელოვანია და ქვეყნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, მაგრამ სკოლებში ამ მხრივ ბევრი არაფერი იცვლება.  ტურნირზეც თქვეს, რომ ფიზიკის ფაკულტეტზე ერთი სტუდენტი სწავლობსო. ასეთ მეცნიერებებს მხოლოდ რვეულით და კალმით ვერ ვისწავლით, გვჭირდება კარგი ლაბორატორია, სადაც ვიმუშავებთ პრაქტიკულად, ჩავატარებთ ექსპერიმენტებს,“ – ამბობს  მეათეკლასელი ნიკა კოჩალიძე.

მეთერთმეტეკლასელი ლილე ბასილაძეც მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტები აჩვენებს, რამდენად დიდია მოზარდების დაინტერესება მეცნიერების მიმართ, თუმცა ხელშეწყობა არის ნაკლები. „მე პირადად შემეცნებითი ტურნირებით ძალიან დაინტერესებული ვარ, რა განხრითაც არ უნდა იყოს, ვცდილობ, ჩავერთო, „ჩხირკედელაც“ ერთ-ერთი მათგანია.

ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში არ არის მეცნიერება პოპულარული და ბავშვებს რაღაც შიში ეუფლებათ ხოლმე ამ საგნების ხსენებაზე. ეს იმის გამოცაა, რომ თავიდანვე არ ხდება ექსპერიმენტების ჩატარება და შემდეგ მუშაობს სტერეოტიპები, რომ საბუნებისმეტყველო საგნები რთულია“ – ამბობს ლილე.

ლილე და მისი მეგობრები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში მათი ფიზიკით დაინტერესება მასწავლებლის „და ალბათ ჩვენი“ დამსახურებაა.

რომელი ავტობუსების განრიგი იცვლება 45 დღით ბათუმში

ბათუმში წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე [ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე]. სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებენ.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით შერიფ ხიმშიაშივილის და რუსთაველის ქუჩების მონაკვეთში (რესტორანი სან-რემოს მიმდებარე ტერიტორია) სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 სამარშრუტო ხაზზე მუნიციპალური ავტობუსები შემოვლითი გზით იმოძრავებენ.

  • N10: აეროპორტი – ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა – ნინოშვილი-ჯავახიშვილი – გორგილაძე – გრიბოედოვი – რუსთაველი.
  • N10 ა: აეროპორტი – ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა – ნინოშვილი-ჯავახიშვილი – გორგილაძე – გრიბოედოვი – რუსთაველი.
  • N1: აღმაშენებელი – კობალაძე – ნინოშვილი – ჯავახიშვილი – გორგილაძე – გრიბოედოვი – რუსთაველი
  • N7ა: რუსთაველი – ნინოშვილი – იუსტიციის სახლი – გორგილაძე – გრიბოედოვი
  • N17: ნინოშვილი – გორგილაძე

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თუ ამინდი სამუშაოებისთის უმეტესწილად ხელსაყრელი იქნება, შეზღუდვა 45 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეზღუდვები მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში დადგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის ფონდის საგრანტო მექანიზმის შესახებ

2020 წლის 18 თებერვალს, 12:00-ზე ევროპის ფონდი აჭარაში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ფონდის საგრანტო მექანიზმის თაობაზე.

შეხვედრის ფარგლებში ფონდი დაინტერესებულ ორგანიზაციებს ფონდის საგრანტო მექანიზმისა და მიმდინარე საგრანტო კონკურსების პირობებსა და კრიტერიუმებს გააცნობს.

ამას გარდა, გრანტის მიღებით დაინტერესებულ სსო-ებს საშუალება ექნებათ ფონდის წარმომადგენლებს საკუთარ საპროექტო იდეასთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვები დაუსვან.

შეხვედრა გაიმართება ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (26 მაისის ქუჩა N 31).

პნევმონიის გამო ელტონ ჯონმა კონცერტზე სიმღერა შეწყვიტა

„არ შემიძლია სიმღერა, ხმა დავკარგე, უნდა გავიდე, ძალიან ვწუხვარ“ – უთხრა 72 წლის ბრიტანელმა ვარსკვლავმა პუბლიკას ახალ ზელანდიაში, ოკლენდში გამართულ კონცერტზე, სადაც ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში შაბათს, 15 თებერვალს, მართავდა კონცერტს. 

კონცერტის მიმდინარეობისას მომღერალს ექიმების დახმარება დასჭირდა, რის შემდეგაც მან კიდევ ორი სიმღერა შეასრულა. მსმენელმა ის სცენიდან ოვაციებით გააცილა. 

„დილით ატიპიური პნევმონიის დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ დღეს საუკეთესო შოუ მომეწყო თქვენთვის“ – წერს 72 წლის ელტონ ჯონი ტვიტერზე. 

სწორედ პნევმონიამ გამოიწვია სასუნთქი სისტემების მსუბუქი  ინფექცია, რის გამოც მომღერალმა კონცერტის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ატირდა. 

Farewell Yellow Brick Road – ასე ჰქვია ელტონ ჯონის 2018 წელს დაწყებულ მსოფლიო ტურნეს, რომლის ერთ-ერთი კონცერტიც  შაბათს, 15 თებერვალს, ახალ ზელანდიაში, ოკლენდში გაიმართა Mount Smart-ის სტადიონზე. ტურნე 2020 წელს ლონდონის კონცერტით უნდა დასრულდეს. ეს ელტონ ჯონის ფანებისთვის ბოლო შანსია ცოცხლად მოუსმინონ მომღერალს, რადგან ის ტურნეს დასრულების შემდეგ პენსიაში აპირებს გასვლას. 

ელტონ ჯონი ოკლენდში გამომჯობინებამდე დარჩება, ტურნეს მიხედვით ახალი ზელანდიის შემდეგ მისი 7 კონცერტი ავსტრალიაშია დაგეგმილი. ექიმები იმედოვნებენ, რომ მომღერალი ტურნეს წარმატებით დაასრულებს და პნევმონიასაც დაძლევს. 

მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე

„ხელის დარტყმის მაგვარი იყო… შეიძლება ჩათვალოთ ისეც და ასეც,“ – უპასუხა პროკურორს ბათუმის ციხის კონტროლიორმა, რომელმაც დღეს, 17 თებერვალს, ჩვენება მისცა „პატიმრების წამების საქმეზე”. ეს საქმე მეექვსე წელია განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მოწმის თქმით, ის 1996 წლიდან მუშაობს ბათუმის ციხეში, 2009 წელს ბრალდებულები ბათუმის ციხეში პატიმრებზე არ ძალადობდნენ და ის ხდებოდა, რაც “დარღვევების აღმოფხვრას” სჭირდებოდა. ამ პერიოდზე ყოფილი პატიმრები წამების ისტორიებს იხსენებენ და მათ ჩვენებებიც მისცეს სასამართლოს.

მოწმეს ანუ ციხის მოქმედ თანამშრომელს პროკურორმა რამაზ შავაძემ გამოძიებისთვის წლების წინ მიცემული ჩვენება გაახსენა:

„თქვენ მაშინ ამბობდით, რომ ჯიქია პირადად იწყებდა ცემას და სხვებიც მას აჰყვებოდნენ…” – დაიწყო პროკურორმა ციტატის წაკითხვა, თუმცა ის მოსამართლემ შეაჩერა – მოწმე იმ სამართლებრივი ნორმის მიხედვით იყო დაკითხული, როცა ჩვენების გასაჯაროვების უფლება დღეს აღარ არსებობს.

„თქვენ სწორი ჩვენება მიეცით?“ – მიმართა მოწმეს პროკურორმა.

„კი, ვცადე,“ – ჩაილაპარაკა მოწმემ.

„წაიკითხეთ ის ჩვენება, რაც მაშინ გამოძიებას მიეცით?”- იკითხა ისევ პროკურორმა.

„წავიკითხესავით, ჩათვალეთ, წავიკითხე,”- თქვა მოწმემ და დარბაზს გახედა.

ბათუმის ციხის ყოფილ უფროსს, გიორგი ვეკუას და რეჟიმის უფროსის, ზაზა ჯიქიას გამოძიება დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. ასზე მეტი ნაწამები პატიმრის საჩივრის საფუძველზე ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. სასამართლო სხდომებზე ყოფილი პატიმრები მათი წამების ისტორიებს ჰყვებიან. სხდომები რამდენიმე თვის ინტერვალით ტარდება.

„ერთი ფაქტი მახსენდება…“- მძიმედ და ხანგრძლივი პაუზებით დაიწყო 2009 წელს ციხეში მომხდარი ამბების გახსენება მოწმე დავით დუმბაძემ. იგი ახლაც ბათუმის ციხის ინსპექტორ-კონტროლიორია. მოწმის თქმით, ერთ-ერთ მსჯავრდებულს ბრალდებულმა ზაზა ჯიქიამ სცემა, რომელიც იმ დროს ციხის რეჟიმის უფროსი იყო.

„…გააჩნდა მსჯავრდებულის ქცევას, ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონოდა. ის პატიმარი იძახდა, როცა აქედან გავალ, დაზარალებულის შვილებს ასე და ასე ვუზამო,”- აღნიშნა მოწმემ.

პატიმრების წამების საქმე – სხდომა სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

„რა სახით მოხდა ეს ცემა, სად დაარტყა?“  – ჩაეკითხა ციხის თანამშრომელს პროკურორი.

„აღარ მახსოვს, 10 წელია უკვე გასული..“- თქვა მოწმემ. მან რამდენჯერმე დაიწყო ამბის თხრობა და შეწყვიტა.

„ვინმე ხომ არ გაშინებთ?“ – მიმართა მოწმეს მოსამართლემ. მოწმემ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და დასძინა:

„ბევრი პატიმარი გვყავდა ძალიან… 200 კაცზეა გათვლილი და გვყავდა 1000, 1200 პატიმარი. 20-კაციან საკანში ზოგჯერ 80 და 100 კაცი იყო… წესრიგი იყო, მაგრამ ეს წესრიგი, მე ვფიქრობ, ძირითადად გამოწვეული იყო შიშით,“ – თქვა მოწმე დავით დუმბაძემ.

„შემთხვევით თქვენც ხომ არ მონაწილეობდით ამ ცემაში და შემდეგ ჩვენების მიცემის დროს აღწერეთ?“ – იკითხა ადვოკატმა.

„არა, ეს წამორტყმასავით იყო უფრო…“ – ჩაილაპარაკა ციხის თანამშრომელმა.

ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ მოწმე 2012 წელს გაათავისუფლეს ბათუმის ციხიდან და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა სამსახურში.

მოწმეს ე.წ. მაყურებლების გახსენებაც სთხოვა დაცვის მხარემ. ციხის თანამშრომელმა თქვა, რომ ქურდული სამყაროს გავლენა იყო, ვიდრე ბრალდებული გიორგი ვეკუა გახდებოდა დირექტორი.

„ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა ამ ძალადობას, თუ მრავალჯერადი?“- ესეც ჰკითხეს მოწმეს. ციხის თანამშრომელმა თქვა, რომ ის ცემას ერთხელ შეესწრო, თუმცა მსჯავრდებულების თქმით, ცემას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

„შეგიძლიათ რომელიმე ამ მსჯავრდებულის დასახელება?“- მიმართეს ადვოკატებმა მოწმეს.

“არა”- მოკლედ თქვა მოწმემ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

მთავრობამ ნატოს გემების საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის სპეციალური წესი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ნატოს სარდლობის შენაერთისთვის/მცურავი საშუალებისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ერთწლიანი ნებართვის გაცემის წესი დაამტკიცა.

დადგენილება 2020 წლის 14 თებერვლიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ახალი წესი არ გავრცელდება „ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ იმ სამხედრო ხომალდზე ან/და შენაერთზე, რომელიც არ არის ნატოს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში“.

ნებართვის გაცემის წესი:

[checklist]

  • 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნატოს სარდლობის შენაერთის ან მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ერთწლიანი ნებართვის გაცემის თაობაზე ყოველწლიურად მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ერთი კვირის ვადაში გასცემს აღნიშნულ ნებართვას. ნებართვის გაცემის თაობაზე დიპლომატიური არხებით ეცნობება ნატოს საზღვაო ძალების სარდლობას.
  • 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის შემდეგ, ნატოს სარდლობის შენაერთი ან მცურავი საშუალება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში ან/და ღია ნავსადგურში შემოსვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, წესის დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციას დიპლომატიური არხებით აცნობებს სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (შემდგომში − ცენტრი), საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.
  • 3. ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, შესაბამისი ნავმისადგომის გამოყოფის მიზნით. ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას, გონივრულ ვადაში, აგრეთვე აცნობებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანო(ებ)ს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • 4. წესის დანართით გათვალისწინებული მონაცემების ჩამონათვალში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნატოს სარდლობის შენაერთი ან მცურავი საშუალება აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრს და აწვდის მას განახლებულ ინფორმაციას დიპლომატიური არხებით.
  • 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გონივრულ ვადაში აცნობებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანო(ებ)ს განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ.

[/checklist]

[toggle title=”ნებართვის გაცემის წესის დანართი შეგიძლიათ ნახოთ აქ“]

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების დიპლომატიურ შუამდგომლობაში ასახული მონაცემების ჩამონათვალი:

[checklist]

  •  განცხადების ინიციატორი
  • განცხადების შედგენის თარიღი
  • განცხადების მიღების ადრესატი
  • შენაერთის ან მცურავი საშუალების მეთაურისა და შენაერთში შემავალი ხომალდის მეთაურების წოდება, სახელი, გვარი
  • მონაცემები მცურავი საშუალების ან შენაერთში შემავალი ხომალდების შესახებ (ბორტის ნომერი, ხომალდების შემადგენლობა, ხომალდის მონაცემები: სიგრძე/სიგანე/წყალჯდომა, მოცემული მეტრებში; ეკიპაჟის წევრების რაოდენობა: ოფიცრები/ზემსახურები/რიგითები (ასევე ხომალდზე მყოფი ეკიპაჟის არაწევრი პირების მონაცემები)).
  • ვიზიტის მიზანი (ოფიციალური, არაოფიციალური, გეგმური)
  • ინფორმაცია შენაერთის/მცურავი საშუალების შემოსვლაზე/გასვლაზე (შემოსვლის თარიღი/სავარაუდო დრო, ტერიტორიულ ზღვაში შემოსვლის ადგილი (გეოგრაფიული კოორდინატები), შემოსვლის ნავსადგური, ნავსადგურიდან გასვლის თარიღი/სავარაუდო დრო, ტერიტორიული ზღვის დატოვების ადგილი (გეოგრაფიული კოორდინატები))
  • რადიოსაძახისი და სიხშირე
  • ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა საზღვაო წყლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ (მაგ.: ხომალდებზე არსებული საჰაერო ხომალდი, უპილოტო საჰაერო ხომალდის, ნავის შესაძლო გამოყენების ან წყალქვეშა სამუშაოების შესრულების შესახებ)
  • ლოგისტიკური/ნავსადგურის მომსახურების მოთხოვნები (მათ შორის, ნატოს სარდლობის შენაერთის ან მცურავი საშუალების ნავსადგურში დგომისას საჭირო უსაფრთხოების ზომები)
  • მოთხოვნა განთავსების თაობაზე
  • სხვა სახის შენიშვნა

[/checklist]

[/toggle]

ნატო-ს დროშის ქვეშ მცურავი გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესის შემუშავება მთავრობას მას შემდეგ დაევალა, რაც „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონში, 2019 წლის 26 დეკემბერს, შევიდა ცვლილება და ამ კანონს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომ − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“

ამ თემაზე:

მთავრობამ ნატო-ს გემების საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის წესი უნდა დაამტკიცოს

მთავარი ფოტო: ნატოს გემი ბათუმის აკვატორიაში /არქივი /  ფოტო: შსს

პოლიციამ 553 აბი MDMA, 470 ფირფიტა LSD და დიდი ოდენობის სხვა ნარკოტიკი ამოიღო

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 
დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება “ლსდ” და 3 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დ.მ.-ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 553 აბი ნარკოტიკული საშუალება “მდმა”, 470 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება “ლსდ”, 3 შეკვრა „მეტადონის ფუძე“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “მდმა”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სილქნეტი ახალი აბონენტებისთვის უპრეცედენტო შეთავაზებას იწყებს

ყველა მსურველს, ვინც დღეიდან სილქნეტის ქსელში ჩაერთვება, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება.

[checklist]

  • ტელევიზია:  239 არხიპაკეტი  პრემიუმ +
  • ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  – პაკეტი  Formula 1

[/checklist]

აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონშითვეში 34 ლარს 1 წლის ვადით
აღნიშნული პირობა ვრცელდება სილქნეტის დსლ ქსელის აბონენტებზეც, რომლებიც ოპტიკურ ქსელში გადაერთვებიან.

აქციის პირობით, დამატებითი გადასახადის გარეშე, მომხმარებელს გადაეცემა დეკოდერი 4K რეზოლუციის მხარდაჭერით და  გააქტიურებული ვიდეოჰოსტინგით  YouTube. ასევე, უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება ფილმების კატალოგი AMEDIATEKA – მსოფლიოს წამყვანი სტუდიების HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალებითა და ფილმებით: კატალოგს მსოფლიოს პრემიერების პარალელურად ემატება უახლესი სეზონები. შეთავაზებაში ჩართულ აბონენტს, ასევე შეეძლება სატელევიზიო აპლიკაციის Silk GO -ს პაკეტითპრემიუმ ჯორჯიასარგებლობა. პაკეტი  52  არხის გარდა, კინოკატალოგს და ვიდეოთეკას მოიცავს;
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. ინსტალაცია უფასოა. 

 სილქნეტის ოპტიკური ქსელით სერვისის მიღება დედაქალაქის გარდაოცდაათამდე ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელიმცხეთა, დუშეთი, რუსთავი, აჭარა – ბათუმი, ქობულეთი, კახეთი – თელავი, ველისციხე, კაბალი, გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, ახმეტა, იმერეთი – ქუთაისი, ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია,  ქართლი – გორი, ხაშური, კასპი, გურია-სამეგრელო – ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, სამცხე-ჯავახეთი – ბაკურიანი, ბორჯომი, ახალციხე.

სილქნეტიყველაფერი კავშირშია!“  

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შველი შენიშნეს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფერდობზე მორბენალი შველის ვიდეო იუთუბიზე გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, რომ ვიდეო ბოტანიკურ ბაღშია გადაღებული, ალაგ-ალაგ ჩანს თოვლიც, რაც აჩვენებს, რომ ვიდეო ბოლო დღეებშია გამოქვეყნებული.

ვიდეო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფეისბუქგვერდზეც გამოქვეყნდა. აქ გვითხრეს, რომ ვიდეო სავარაუდოდ დამთვალიერებელმა გადაიღო და ავტორის ვინაობა არ იციან, თუმცა კადრების ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ასევე ამბობენ, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ბაღის ტერიტორიაზე შველი შენიშნეს. პირველად აქ შველი რამდენიმე წლის წინ დაუნახავთ, თუმცა მას შემდეგ არ შეუნიშნავთ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან მტირალას ეროვნულ პარკამდე, სადაც შვლები ბინადრობენ, მანძილი 5 კილომეტრია.

ქალების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში – კონფერენცია ბათუმში [ანონსი]

20 თებერვალს ბათუმში,  სასტუმრო „რადისონში“, გაიმართება რეგიონული კონფერენცია „ქალების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“.

პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

რეგიონული კონფერენცია აერთიანებს კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე ქალ ხელოვანებს, მეწარმეებს და კულტურის მენეჯერებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და ფინელ პროფესიონალებთან ერთად, წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის პლატფორმას.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სპიკერები გამართავენ სესიებს კულტურის სფეროსა და შემოქმედებით საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების შესახებ, რის შემდეგაც გაიმართება პანელ-დისკუსია.

კონფერენცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაზე დასასწრებად უნდა დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე [გასახსნელად დაკლიკეთ].

რა შეცდომები დაუშვეს მდინარე აჭარისწყალთან დამცავი ჯებირების მოწყობისას

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის კასკადის მშენებლობის დროს გვირაბებიდან მიღებული ქანების სანაყაროების დამცავი ჯებირების რეაბილიტაციას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, დამცავი ჯებირების მოწყობისას დაშვებული იქნა ტექნოლოგიური შეცდომები. ხულოსა და შუახევის ტერიტორიებზე დაგეგმილია მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ  4 ადგილის გამაგრება, სადაც ეს ფუჭი ქანებია დაყრილი/განთავსებული.

„აღნიშნული ფუჭი ქანების სანაყაროების პროექტები შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგრამ მათი მოწყობის შემდეგ შექმნილი მდგომარეობის გამო საჭირო გახდა გარკვეული კორექტირების შეტანა, ვინაიდან ხსენებული სანაყაროების მარჯვენა ნაპირების დამცავი ჯებირების მოწყობისას დაშვებული იქნა ტექნოლოგიური შეცდომები. კერძოდ:

[crosslist]

  • შეთანხმებული პროექტის მიხედვით ნაპირდაცვა უნდა განხორციელებულიყო წინასწარ დამზადებული, ანაკრები რკინაბეტონის ფილების მეშვეობით;
  • 12-სმ სისქის არმირებულ ბეტონის ფილებს ზემოთ ხსენებული სანაყაროები უნდა დაეცვათ ასწლიანი ხარჯის გავლისას, როგორც დატბორვისგან, ასევე წარეცხვისაგან;
  • რეალურად, ფილებით გამაგრება მოეწყო მხოლოდ ზედა ნაწილში, რამაც სანაყაროები მხოლოდ მოსალოდნელი დატბორვისგან დაიცვა;
  • გამომდინარე აქედან, დაუცველი დარჩა სანაყაროებისთვის ასწლიანი წარეცხვის დონეები.

[/crosslist]აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე მიღებული იქნა ნაპირსამაგრი კონსტრუქციის განსხვავებული საინჟინრო გადაწყვეტა, რაც აისახა სანაყაროების რეაბილიტაციის კორექტირებულ პროექტებში, რომლებიც მომზადებულია პოსტფაქტუმ [სანაყაროებზე ფუჭი ქანების განთავსების შემდეგ]“, – აცხადებს „აჭარისწყალი ჯორჯია“.

სანაყაროების მდგრადობის გაზრდის მიზნით პროექტები ითვალისწინებს შემდეგი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელებას: მდინარის კალაპოტებში სანაყაროების ფერდების 1%-იანი წარეცხვისაგან და დატბორვისაგან დაცვას, ფერდებიდან მოდინებული წყლების არინებას, სანაყაროს ზედაპირის რეკულტივაციას და სხვა.

აღნიშნული 4 სანაყაროდან, N3 სანაყარო მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოლო N6, 7 და 7ა სანაყაროები – შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

დაგეგმილი საქმიანობა წარმოადგენს სკრინინგის პროცედურას დაქვემდებარებულ საქმიანობას. „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის განცხადებით უკვე მიმართა.

სკრინინგი, ეს არის პროცედურა, რომლითაც უნდა განისაზღვროს, დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებს თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ჩატარებას.

გადაწყვეტილებას სამინისტრო მიიღებს. სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ [მათ შორის ელექტრონულად] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, 2020 წლის 27 თებერვლამდე.

ნაპირსამაგრების არსებული მდგომარეობა / წყარო: სკრინინგის ანგარიში

ამონარიდი სკრინინგის განცხადებიდან: 

  • „ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის შემდეგ, პრაქტიკულად გამოირიცხება ფუჭი ქანების ჩამოშლის, მდინარის კალაპოტის გადაკეტვის და ამასთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენების განვითარების რისკები.
  • გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების შესაძლო რისკებიდან აღსანიშნავია მხოლოდ საპროექტო გასწორების მოპირდაპირე სანაპიროს ფერდობების წარეცხვის რისკები. პროექტის მიხედვით ასეთი რისკი შედარებით მაღალია N3 სანაყაროსთან, რადგან მოპირდაპირე ნაპირის ფერდობი აგებულია სუსტი ქანებით. ფერდობის სანაპირო ზოლის გამორეცხვის და ამასთან დაკავშირებით მეწყრული პროცესების გააქტიურების პრევენციის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს სამუშაოებს როგორც მარჯვენა სანაპიროზე, ასავე სანაყაროს მოპირდაპირე, მარცხენა სანაპიროზეც.
  • რაც შეეხება N6, N7 და N7ა სანაყაროებს, მოპირდაპირე სანაპიროს ფერდობები აგებულია მკვრივი კლდოვანი ქანებით, ამ მონაკვეთებზე სანაპირო ზოლები ჩამოყალიბებულია ასეული წლების განმალობაში და მარჯვენა სანაპიროს ფერდობის ძირის გამორეცხვა მოსალოდნელი არ არის.
  • მდინარის მაქსიმალური ხარჯების და წყლის დონეების მიხედვით, საპროექტო გასწორებაში კალაპოტის მნიშვნელოვანი შევიწროება და მაქსიმალური ხარჯების გატარების პირობებში მდინარის დინების შეფერხებას ადგილი არ ექნება.
  • იმის მიუხედავად, რომ განსახილველი ტერიტორია მთლიანად ექცევა ზურმუხტის ქსელის შეთავაზებულ „გოდერძის“ უბანში, უნდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად ორივე უბანზე დასრულებულია, შესაბამისად, დარჩენილმა მცირემასშტაბიანმა სამუშაოებმა გამორიცხულია რაიმე ზემოქმედება იქონიოს დაცულ ტერიტორიებზე.
  • სანაყაროების რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა და განკუთვნილია საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკების შემცირებისათვის. შესაბამისად, გეოლოგიურ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები, ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის ფაზებზე მოსალოდნელი არ არის.“
N3 სანაყარო, სიტუაციური სქემა / წყარო: სკრინინგის ანგარიში

მთავარი ფოტო: დიდაჭარის კაშხალი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთში მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ ითხოვს

„ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა. მერიამ მოამზადა შესაბამისი განკარგულების პროექტი, რომელიც დღეს სხდომაზე ოზურგეთის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პროექტის მიხედვით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს მუნიციპალიტეტი ქონების ეროვნულ სააგენტოს გადასცემს შემდგომში მისი „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ გადაცემის მიზნით.

„ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში, 4226 კვადრატული მეტრი მოითხოვა, თუმცა განკარგულების პროექტში საუბარი არ არის იმაზე, თუ რა პირობით ითხოვს მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემას მუნიციპალიტეტისგან.

„ბლექ სი არენა ჯორჯია“ სახელმწიფო შპს-ა, რომლის 100% წილის მმართველი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. საკონცერტო დარბაზი ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში მდებარეობს.

საკონცერტო დარბაზი Black sea arena  სახელმწიფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გადასცა.

___________

მთავარი ფოტო: Black sea arena-ს გვერდი ფეისბუქზე 

ჩინეთში დადასტურებულია კორონავირუსის 70 548 შემთხვევა

ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 17 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის  2 048 ახალი შემთხვევა.

ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა – შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას, ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად.

ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 70 548 შემთხვევა.

17 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსით სიკვდილის 1 770 და გამოჯანმრთელების  – 10 844 შემთხვევა.

ჩინეთის გარეთ 26 ქვეყანაში დაფიქსირებულია 701 დადასტურებული შემთხვევა: ეგვიპტე 1, ტაილანდი 34, იაპონია 52, სინგაპური 72, ტაივანი 18, მალაიზია 22, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 29, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 8, ვიეტნამი 16, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 3, ინდოეთი 3, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 12, გერმანია 16, იტალია 3, გაერთიანებული სამეფო 9, რუსეთი 2, ბელგია 1, ფინეთი 1, ესპანეთი 2, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 15, კანადა 8, ავსტრალია 15.

კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

______

სუპერმარკეტში შემსვლელებს სიცხეს უზომავენ. ფოტო: ირმა დიმიტრაძე

„აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“ – 8 პოლიტიკური პარტიის განცხადება

„მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობისა, ხელისუფლების ჩარევითა და ორგანიზებით მართული პროცესი გრძელდება, ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია,“ – მიიჩნევენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. პარტიების რეგიონულმა ლიდერებმა დღეს, 17 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს ტელევიზიაში განვითარებული პროცესები, მათ შორის, სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის გაუქმება და სამსახურიდან გათავისუფლება სარედაქციო პოლიტიკას ცვლის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და აჭარის ტელევიზიის დირექტორს აკისრებენ.

პოლიტიკური პარტიები მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებენ სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. პოლიტიკოსებმა ასევე მიმართეს აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს „დააკვირდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყანაში მედიათავისუფლებაზე ხელისუფლების მიერ დაწყებულ მორიგ შეტევას“.

განცხადებას  ხელს აწერს რვა პოლიტიკური ორგანიზაცია: „ახალი საქართველო“, „ევროპული საქართველო,“ „რესპუბლიკური პარტია,“ „ემსახურე საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“, „გირჩი“.

გიორგი კეკელიძე: დავმარცხდებით, თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, წიგნის მუზეუმის და ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი: 

„ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოჭრიდა, იმ სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ.

ახლა ვფიქრობდი, რომ ის გოგონაც ალბათ იმ სკოლაში სწავლობდა და შესაძლოა, ის კაციც. და ორივეს ოდესღაც ისეთივე ანთებული თვალები ჰქონდა და ეს თვალები სულ სხვა მომავალს ეძებდნენ. სულ სხვას, ვიდრე ახლა ჩამოდგა. და მივხვდი, რომ ხვალინდელი დღეც ასეთი იქნება. ზუსტად ასეთი. განა მარტო იმ სოფელში. ყველგან. შევეშვათ ეთნოსებისკენ ცალი ხელის გაშვერას და ცალით საკუთარი უსინდისობის და უმაქნისობის ჩუმად მოწმენდას. ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის. ეს ქალების განდევნის ხელობაა. ყოველდღე და ყველგან.

კვირაში ორ სოფელს მაინც ვსტუმრობთ. როცა წიგნებს ვარიგებთ, უმეტესად მასწავლებლები პატარა ბიჭებს გამოუშვებენ ხოლმე წიგნებისკენ და გოგონები მორცხვად, შორს დგანან. არადა ორ-ორ წიგნს ვურიგებთ თითოს სიმბოლურად, განა რამე მძიმეს და შეუძლებელს.

იქაც ვამბობ და აქაც ვიტყვი: ყველაფერი ასეთი მცირე, შეუმჩნეველი ამბებით იწყება და ჩვენ მომავალშიც გუშინდელივით დავმარცხდებით, თუ არ მივხვდით და:

თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ წიგნებისკენ ისინიც ბიჭებთან ერთად უნდა გამოიქცნენ!

თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ სირცხვილი არ არის, თუ გოგონები წიგნებისკენ ბიჭებთან ერთად მორბიან!

თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ ისინი თავისუფლები, ლაღები უნდა იყვნენ. მხოლოდ საკუთარი თავის საკუთრება, მხოლოდ საკუთარი ფიქრის მძევალი.

თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგონები ნივთები არ არიან, როცა გინდა მოეფერო და როცა გინდა – გატეხო.

თუ არ ვასწავლეთ აქ და ახლა. თუ არ ვასწავლეთ და არ ვისწავლეთ. ჩვენც და თქვენც!“

________

წყარო: ფეისბუქი 

2020 წლის 15 თებერვალს გარდაბანში კაცმა 23 წლის ყოფილი ცოლი მოკლა

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/413153/

სიყვარული კორონავირუსის დროს [ფოტოამბავი]

ეს ფოტო ჩინეთის სოციალურ ქსელში, Weibo-ში ვირუსული გახდა. ფოტოზე ხედავთ ვანების ოჯახს, ცოლ-ქმარს, მედდასა და პოლიციელს, რომელთაც ათი დღის განმავლობაში არ უნახავთ ერთმანეთი, რადგან საავადმყოფოში, სადაც ქალი მუშაობს, კარანტინია.

„ცოლი ათი დღე არ მყავდა ნანახი, მინდოდა უბრალოდ დამენახა, რომ დავმშვიდებულიყავი“ – უთხრა ვან შუვენმა ჟურნალისტებს.

ფოტო, რომელიც კარანტინის პირობებში სიყვარულსა და ზრუნვას ასახავს, BBC-იმ გამოაქვეყნა.

ფოტო: GUANCHA.CN

ჩინეთის დაავადებათა ცენტრის 16 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 2 009 ახალი შემთხვევა, სულ დადასტურებულია 68 500 შემთხვევა. ბოლო მონაცემებით, დაფიქსირებულია კორონავირუსით სიკვდილის 1 665 და გამოჯანმრთელების – 9 419 შემთხვევა.

კლიმატის ცვლილებები – კონკურსი eTwinning-ის პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის

პროგრამა eTwinningplus-ის ფარგლებში პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის პროექტების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის თემაა „კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები“.

„2020 წელი eTwinning- ისთვის კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების წელია. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მედია ყოველდღიურად აშუქებს კლიმატური ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, ხოლო მეცნიერები და სპეციალისტები საუბრობენ კლიმატური ცვლილებების დამანგრეველ შედეგებზე, eTwinning-ის გუნდმა საჭიროდ ჩათვალა, რომ სასარგებლო იქნებოდა სასწავლო პროცესში ამ თემატიკისთვის კიდევ უფრო მეტი დროის დათმობა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, მხარდაჭერის გამოცხადება მიმდინარე მოვლენებზე,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, პროექტის ფარგლებში 2020 წელს დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც ემსახურება მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას, მათი საქმიანობის მნიშვნელობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას.

კონკურსის ფარგლებში eTwinning-ის პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი, რომელიც იქნება კლიმატის ცვლილებებსა და გარემოს დაცვაზე. პროექტი დაგეგმილი და განხორციელებული უნდა იყოს 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში. პროექტი უნდა იყოს დასრულებული ან ბოლო ეტაპზე და განხორციელებული აქტივობები, შედეგები უნდა იყოს ხილვადი თვინსფეისზე (twinspace).

გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდებიან და მიწვეულნი იქნებიან პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, საუკეთესო ნაშრომის ავტორი პედაგოგები გაემგზავრებიან საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

უპირატესობა მიენიჭებათ მასწავლებლებს, რომელთაც პროგრამის ფარგლებში არ მიუღიათ მონაწილეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში.

დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლის სახლის ფეისბუქგვერდზე.

_________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

BBC: ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს მეტი ღარიბი სტუდენტის მიღებას ავალდებულებენ

პრესტიჟული ბრიტანული უნივერსიტეტები მიიღებენ უფრო მეტ ღარიბ სტუდენტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შედეგები მისაღებ გამოცდებზე აღმოჩნდება იმ აბიტურიენტების შედეგებზე დაბალი, რომლებიც პრესტიჟულ რაიონებში ცხოვრობენ და კერძო სკოლებში იღებდნენ განათლებას – ამის შესახებ BBC წერს.

დამოუკიდებელი მარეგულირებლის, Office for Students-ის ახალი რეკომენდაცია ეხება კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებსაც. ორივე უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება, შემდეგი 5 წლის განმავლობაში 7 პროცენტამდე გაზარდოს ღარიბი სტუდენტების რაოდენობა სასწავლებელში.

„ახალი კვოტირების მიზანი საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობასთან ბრძოლაა“- ამბობს კრის მილვორდი Office for Students-იდან. მარეგულირებელს შეუძლია არა მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა, არამედ სანქციების გატარებაც იმ უნივერსიტეტების წინააღმდეგ, რომლებიც არ იცავენ გარკვეულ კვოტირებას.

ფონდ Sutton Trust-ის კვლევა აჩვენებს, რომ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში სტუდენტების 42 პროცენტს კერძო სკოლა აქვს დამთავრებული.

გარდა ამისა, როგორც ფონდის კვლევა აჩვენებს, პრესტიჟულ ფაკულტეტებზე ტრადიციულად უფრო მეტია მდიდარ ოჯახებში გაზრდილ სტუდენტთა რაოდენობა.

რეკომენდაციის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ თუ კი უნივერსიტეტები მიიღებენ უფრო მეტ სტუდენტს ღარიბი რაიონებიდან, მაშინ უნდა გაიზარდოს ადგილების რაოდენობა, რომ ყველა ღირსეულ კანდიდატს ჰქონდეს ამ უნივერსიტეტებში ჩაბარების უფლება. თუმცა ოქსფორდსა და კემბრიჯში ადგილების გაზრდა რთულია, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ორივე ქალაქში ზღუდავს უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობას. ამ ძველ ქალაქებში, ტრადიციულად, არასაკმარისია ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილი და ახალი შენობების აგება აუდიტორიებისა და საერთო საცხვერებლებისათვის რთულია, – წერს BBC.

_________________

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.

ფოტო: ოქსფორდი, pexels.com

ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში – 17, 18 და 19 თებერვალს ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში ძირითადად მოღრუბლული, თუმცა უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7-12 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2-7 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში წვიმიანი დღეები მოსალოდნელია 23 თებერვლიდან.

______________

ფოტო: „ბათუმელები“

ეკონომიკის სამინისტრო კონსულტანტებს 900 ათას ლარს გადაუხდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2020 წელს, უცხოელი კონსულტანტებისთვის 900 ათასი ლარის [დაახლოებით 300 000 დოლარის ექვივალენტის]  გადახდას გეგმავს. კონსულტანტების დაქირავებას კი, ტენდერის გარეშე აპირებს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. პარალელურად, მიმდინარე წლისთვის, სამინისტრო „ერთ-ერთ მსხვილ პროექტზე ინვესტორთან ურთიერთობის გადახედვასაც“ აანონსებს.

„საერთაშორისო იურიდიული კომპანიების იურიდიული მომსახურება საჭიროა ენერგეტიკული პროექტების [სადგურების მშენებლობა, მართვა, ოპერირება] განხორციელების, თუ მათი შეფერხების მიზეზების შეფასებისა და სათანადო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, ინვესტორთან მოლაპარაკებების სათანადო დონეზე სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის, ვინაიდან, ინვესტორის მხრიდანაც ამ მოლაპარაკებებში ხშირად არიან ჩართული ანალოგიური დონის იურიდიული ფირმები… შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულად წარმართვის მიზნით, საჭიროა, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც იყოს ჩართული ანალოგიური საერთაშორისო დონის იურიდიული ფირმები,“ – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მისი საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად დგება საჭიროება სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისა, უმთავრესად იურიდიული მომსახურებების, ასევე კვლევითი საკონსულტაციო მომსახურებების, „რომელთა დაგეგმვაც წინასწარ შეუძლებელია“.

„გარდა ამისა, შეფერხებების გამო, 2020 წელს მოსალოდნელია ერთ-ერთ მსხვილ პროექტზე ინვესტორთან ურთიერთობის გადახედვა, რაც საჭიროებს შეფერხების მიზეზების ანალიზსა და მოლაპარაკებების წარმოებას, ესეც თავისთავად საჭიროებს შესაბამისი საერთაშორისო დონის იურიდიულ მხარდაჭერას, რათა სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული“ – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თუ რომელ მსხვილ პროექტშია შეფერხებები, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ  „… საწყის ეტაპზე ძნელია წინასწარ სრულად განსაზღვრო-გამოავლინო ყველა საკვანძო და ტექნიკური დეტალების შემცველი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც საუკეთესო შედეგის მიღწევის მიზნით, საჭიროებს გადაწყვეტილების მიღებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის აუცილებლობას. ასევე შეუძლებელია ასეთი გამოცდილების და რანგის კონსულტანტების ტენდერში მონაწილეობაზე დაყოლიება“.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სამინისტროს განცხადების განხილვის საბოლოო თარიღად 2020 წლის 17 თებერვალია მითითებული.

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს.

„ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების [კვლევის] მომზადების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართა აზიის განვითარების ბანკს, რათა აღნიშნული კვლევა, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში არსებული დანაზოგი თანხით ჩატარებულიყო.

ბათუმის ბულვარის გაგრძელების, მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობისა და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარების მიზნით კვლევის მომზადება, აზიის განვითარების ბანკის 2019 წლის მაისის მისიის ჩანაწერით დაევალა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს.

თუმცა, „დროის სიმცირის გათვალისწინებით (SUTIP-ის პროგრამა მთავრდება 2020 წლის ივლისში) მიღებული იქნა გადაწყვეტილება კვლევის ჩატარების თაობაზე, ბათუმის ნაპირდაცვის მიმდინარე პროექტის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიის მიერ, მის მოქმედ კონტრაქტში ცვლილების შეტანის გზით“ – მოგვწერეს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.

„საპროექტო ტერიტორია ძალზე სენსიტიურია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. იგი უშუალოდ ესაზღვრება მდინარე ჭოროხის დელტას, რომელიც შედის ბერნის კონვენციის განხორციელების ძირითად მექანიზმად აღიარებულ ზურმუხტის სარტყელში. ჭოროხის დელტა მდებარეობს გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთ ძირითად მარშრუტზე. 245 სახეობის [მათ შორის წითელ წიგნში შემავალი] 300 000-ზე მეტი ფრინველის გადაფრენა ხდება საპროექტო ტერიტორიაზე ყოველ შემოდგომაზე. შესაბამისად, გარემოსდაცვითი საკითხები, მათ შორის გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, წარმოადგენს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებით, ტექნიკური დავალების შემუშავების მიზნით, 2019 წლის 12 ივლისს ხელშეკრულება გააფორმა ინდივიდუალურ კონსულტანტთან, რომელმაც მოამზადა ტექნიკური დავალება და წარუდგინა ფონდს 2019 წლის აგვისტოში. აღნიშნული ტექნიკური დავალება შეთანხმდა აჭარის მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკთან“ – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ წერილში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმების პროცესის გაჭიანურების გამო ვერ მოხერხდა საკონსულტაციო კომპანიასთან კონტრაქტის ცვლილების შეთანხმება და გაფორმება 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, რის შედეგადაც „ხელიდან იქნა გაშვებული გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების დრო“… ეს კვლევა უნდა მომზადდეს ისეთ პერიოდში, რომ „შესაძლებელი იყოს როგორც გაზაფხულის, ასევე შემოდგომის გადაფრენებზე დაკვირვება“.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით – როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ წერილშია აღნიშნული – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში არსებული დანაზოგი თანხებით კვლევის განხორციელება ვეღარ მოხდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება“ – მოგვწერეს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.

ფოტო ტექნიკური დავალებიდან

ტექნიკური დავალების მიხედვით, კვლევა, სავარაუდოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 თვეში უნდა დასრულებულიყო.

ამავე დავალების მიხედვით:

[checklist]

  • დაგეგმილია ბულვარის დაკავშირება და გაფართოება, რისთვისაც რეკომენდებულია მდინარე ჭოროხზე ხიდის აშენება [შესაბამისად, ბათუმის ბულვარის სიგრძე 12 კილომეტრამდე გაიზრდება და განვითარდება გონიო-კვარიათი სანაპირო ზოლთან ერთად;
  • შესწავლილი უნდა იქნას ალტერნატიული ხიდის ადგილები და ეკოლოგიური, ტოპოგრაფიული, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე
    უნდა შეირჩეს შესაბამისი ადგილი, შედგეს ხიდის დიზაინის მონახაზი;
  • უნდა განსაზღვროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი და ზარალის შემცირება შესაბამისი ზომების მითითებით;
  • უნდა შემუშავდეს ხედვა გონიოს საპროექტო ტერიტორიის [ყოფილი სამხედრო პოლიგონის] განვითარების შესახებ… ბიომრავალფეროვნება და არსებული
    ეკოსისტემები ინტეგრირებული უნდა იყოს განვითარების კონცეფციაში;
  • ბიზნეს და საზოგადოებრივი ობიექტების საჭიროებების და შესაბამისი ადგილების განსაზღვრა; ეკოლოგიური მშენებლობის მხარდაჭერა;
  • უნდა განისაზღვროს საპროექტო ტერიტორიის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების [ასევე ხიდის მშენებლობის] სავარაუდო მოცულობა;
  • უნდა განისაზღვროს, თუ რომელი ინფრასტრუქტურული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს კერძო სექტორის მიერ და რომელი მოითხოვს სახელმწიფო ინვესტიციას; იმ პირთა რაოდენობის შეფასება, რომლებიც უშუალოდ და ირიბად დასაქმდებიან პროექტში და სხვა.

[/checklist]

მდინარე ჭოროხის შესართავი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ტექნიკურ დავალებაში არაფერია ნათქვამი ტერიტორიის განვითარებასა და ბათუმის აეროპორტის კავშირზე. უბრალოდ, აღნიშნულია, რომ „აეროპორტი მდებარეობს საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს, ფრინველთა მიგრაციის მთავარი მარშრუტის ზონაში, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ფრინველებზე – ღამის შუქის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება, გაზრდილი ხმაური და ვიბრაცია აეროპორტის ოპერაციების გამო.“

„ზოგადად, ბათუმის აეროპორტისთვის საჭირო იქნება მეორე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა, რისი ადგილიც მაქ არ არის. ამასთან, ბათუმის განაშენიანებას თუ შევხედავთ [მაღლივი შენობები], ფაქტობრივად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების პერსპექტივა არ აქვს“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში ორი თვის წინ.

ბათუმის აეროპორტი დარჩება ადგილზე თუ გადაიტანენ, იმ კვლევაზე არის დამოკიდებული, რომელსაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ატარებს.

ძველი და მოქმედი [მარჯვნივ] ხიდები მდინარე ჭოროხზე / ბათუმი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
„გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი“, – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2017 წელს გაასაჯაროვა. მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ ეს კონცეფცია „საკმაოდ ზოგადია და კონკრეტული არაფერი წერია“.

ამ თემაზე:

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

თორნიკე რიჟვაძე: მომზადდება კვლევა გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელებაზე

მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა – აქცია აჭარის ტელევიზიასთან

დღეს, 16 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდისთვის. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რის შედეგადაც, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდის განცხადებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი თავიდან იშორებენ არასასურველ ადამიანებს და საფრთხეს უქმნიან სარედაქციო დამოუკიდებლობას.

თამარ მამეიშვილი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული ცენტრის რეგიონალური კოორდინატორი, აქციაზე შვილთან ერთად მოვიდა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი, როგორც მოქალაქის მოვალეობაა ამ აქციაზე ყოფნა:

„ვხედავ საფრთხეს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხდება არაჯანსაღი პროცესი, ეს პროცესები ბოლო თვეების განმავლობაში ვითარდებოდა და ვცდილობდით, ყოველთვის წინააღმდეგობა გაგვეწია როგორც პირადად მე, ერთ მოქალაქეს, ასევე ორგანიზაციულადაც. ჩემი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრის მოვალეობაა, ვიდგე მაუწყებლის გვერდით და ხელი შევუშალო იმ მოვლენების განვითარებას, რაც ემუქრება ტელევიზიას. არ მინდა ეს სივრცე, როგორც ამ მაუწყებლის მაყურებელმა, დავკარგო“.

აქციაზე თბილისიდან ჩამოვიდა ჟურნალისტი ნათია ზოიძე, აჭარის მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა, რადგან, მისივე განცხადებით, არ ეძლეოდა მუშაობის საშუალება. მან გვითხრა, რომ აქციაზე ყოფნის მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაა, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია:

„აქ ვარ იმიტომ, რომ ვუგულშემატკივრო საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას საქართველოში. არ შემიძლია მშვიდად დავჯდე სახლში, გავაგრძელო ტელევიზორის ყურება, დავლიო ყავა და დაველოდო პროცესებს, რა იქნება. ყველა ეტაპზე ვიქნები მათ გვერდით. მე კი არა, აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც რაიმე ღირებულებას აქვს მნიშვნელობა, ჩემი აზრით აქ უნდა იდგეს. გოგა კოხრეიძეს [აჭარის მაუწყებლის დირექტორი] და მრჩეველთა საბჭოს არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ტელევიზიისთვის გარდა იმისა, რომ ანგრევენ ნაბიჯ-ნაბიჯ და თან ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობენ. ამისთვის მათ მიიღეს ბიუჯეტიდან ჯილდო, მოსულები არ იყვნენ და გაიზარდა მათი ხელფასები, ერთ თვეში აიღეს უზარმაზარი პრემიები და ამის სანაცვლოდ ყოველდღიურად აწერენ ხელს რაღაც დოკუმენტებს, რომელიც პირდაპირ ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ჩანაწერი და შენობა არსებითი არ არის, მთავარი შინაარსია და ამ შინაარსს უნდა გავუფრთხილდეთ“ – განაცხადა ნათია ზოიძემ.

ნათია ზოიძე აქციაზე. ფოტო: „ბათუმელები“

მას ასევე ვკითხეთ, არსებულ სიტუაციაში რაში ხედავს გამოსავალს.

„არ ვხედავ გამოსავალს იმაში, რომ კეთილშობილება გაიღვიძებს გოგა კოხრეიძეში ან მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობაში. თავისთავად ცხადი იყო, რომ არც ერთი ეს ადამიანი, ვინც ბოლო პერიოდში აირჩიეს მრჩეველთა საბჭოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებებს არ იზიარებდა, ისინი მოვიდნენ სხვა მიზნით.

ის, რასაც შეუძლია ეს ადამიანები შეაჩეროს, არ არის მათი სინდისი, ამ ადამიანების შეჩერება შეუძლია საზოგადოების რეაქციას. თუ ამ ქალაქში არის ვინმე ისეთი, ვინც დებს თავს, რომ არის ამ ქალაქის, ამ რეგიონის გულშემატკივარი, არ უნდა დაჯდეს ახლა სახლში მშვიდად, რადგან მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, ძალიან ძვირფასი ღირებულება. საზოგადოებრივი  მაუწყებლის იდეა არ არის მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვინც აქ მუშაობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამოძრავებს მთელს რეგიონს, მთელს ქალაქს.

სად არიან უნივერსიტეტის პედაგოგები, რას ასწავლიან ისინი ლექციაზე სტუდენტებს? მართლა მაინტერესებს. არ ვიცი უნივერსიტეტში ამ ეტაპზე რამდენი პედაგოგია, მაგრამ ძალიან მინდოდა მეხილა ისინი აქ. არ უნდა დატოვონ ეს გუნდი მარტო სისტემის პირისპირ. ვერავინ მოერევა ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულ გუნდს, მაგრამ ახლა მათ ხელს უგრეხს სისტემა და ეს უნდა გაათვიცნობიეროს ყველამ“ – ამბობს ნათია ზოიძე.

შეტევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – ასე აფასებს ადვოკატი ირაკლი შავაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. იგი ამბობს რომ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, 2019 წლის გაზაფხულზე, როცა მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე:

„ამის შედეგი დგება დღეს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და დაანახოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება იერიშის მიტანა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. აჭარის ტელევიზია ბოლო წლების განმავლობაში, მე ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ტელევიზია იყო, რომელიც აშუქებდა პრობლემატურ საკითხებს. ასე საზოგადოება დაკარგავს ობიექტურ არხს, რომელიც, ჩემი აზრით, დაბალანსებულად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აჭარის ტელევიზია დიდი ალბათობით დაემსგავსება „იმედს“, რომელზეც წლების განმავლობაში არც კი გადამირთავს“.

აქციაზე იმყოფებოდა მაუწყებლის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, ჟურნალისტი და პროდიუსერი ნათია შავაძე, რომელსაც 2020 წლის დასაწყისში შეუწყვიტა მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება.

„ეს ტელევიზია არ არის არავის პირადი ბოსტანი, ეს არის საზოგადოების კუთვნილება და მას მჭირდება მხარდაჭერა. გული მწყდება, რომ კიდევ მეტნი არ ვართ, რადგან ამ ქვეყანაში ხელისუფლება ყოველთვის ითვლის ადამიანების რაოდენობას. ვფიქრობ, ხელისუფლება, ახალარჩეული დირექტორის ხელით, გადავიდა შეტევის ბოლო ეტაპზე და ცდილობენ მაუწყებელს მოაშორონ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას, ქმნიან საზოგადოებრივ მაუწყებელს. მე იმედი მაქვს, რომ ადამიანები სისტემასთან ბრძოლაში არ დამარცხდებიან და ამ ბრძოლას ექნება შედეგი“ – ამბობს ნათია შავაძე.

ჟურნალისტი ირინა ყურუა აქციაზე. 16 თებერვალი, 2020 წ. ფოტო: „ბათუმელები“
აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 16 თებერვალი, 2020 წ. ფოტო: „ბათუმელები“
სოლიდარობის აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 16 თებერვალი, 2020 წ. ფოტო: „ბათუმელები“

ტელევიზიასთან გამართულ აქციაზე მამასთან ერთად მოვიდა ფოტოგრაფი ედო მჟავანაძე. იგი აჭარის მაუწყებლის მაყურებელია, ამბობს, რომ მოსწონს, როგორც მუშაობენ ჟურნალისტები და აქ სოლიდარობის გამოსახატად მოვიდა:

„ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, სახლში ვიჯდე და სოლიდარობა არ გამოვხატო ამ ტელევიზიის მიმართ“ – ამბობს ედო.

დღეს, ტელევიზიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ინიციატორი სულხან მესხიძე იყო, TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. მან გვითხრა, რომ ამჯერად აქციაზე მოვიდა როგორც მოქალაქე და რიგითი მაყურებელი:

„ამ ტელეკომპანიას ახლა სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, ვისაც ეკუთვნის მაუწყებელი. ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზია არა ერთი შეტევის ობიექტი იყო ხელისუფლების მხრიდან. ეს უკვე აღარ არის მცდელობა, ეს აშკარა გავლენებია ხელისუფლების. აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა ისეთი ადამიანებით, რომლებიც ალბათ ყველაფერზე ხელს მოაწერენ, ყველაფერზე არიან წამსვლელები იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავისი დასახული მიზანი მიიყვანოს ბოლომდე. საზოგადოების მხარდაჭერა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან უნდა გადავარჩინოთ მაუწყებელი, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ. სოლიდარობას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. იმედია შევძლებთ იმას, რომ ეს ტელევიზია არ დაბრუნდეს ძველ დროში. ამ არხზე არ ისმოდა თავისუფალი სიტყვა, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ და გვინდა ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ“.

დღეს, 17 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი, სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისშიც, ხვალ, თბილისში, პარლამენტთან შეიკრიბებიან ჟურნალისტები აქციაზე სლოგანით – „სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“ და სოლიდარობის აქცია გაიმართება ქალაქ ოზურგეთშიც.

აქცია ქუთაისში. ფოტო: ქუთაისი პოსტი

აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება

დღეს, 16 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სოლიდარობის აქცია გაიმართება ბათუმსა და ქუთაისში, ხვალ, 17 თებერვალს კი – თბილისში.

ბათუმში აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან დღეს, 11:30 საათზე, ტელევიზიის შენობის წინ, იმის საჩვენებლად, რომ მხარს უჭერენ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს, რომელიც დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არასასურველი კადრების დევნასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს.

ასევე დღეს, 11.45 საათზე მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი” აჭარის ტელევიზიასთან გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერ ბრიფინგს.

ქუთაისში აქცია გაიმართება დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე. „თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“-ამ სლოგანით ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს გამოუცხადებენ სოლიდარობას.

17 თებერვალს, ორშაბათს, 16:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით – „სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“.

___________

ფოტოზე: 2019 წლის დეკემბერი, აქცია აჭარის ტელევიზიასთან.

ზვიად ქორიძე: აჭარის ტელევიზია უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა

ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი: 

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სჭირდება დაცვა. იგი უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება.

დღეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ ანტიდემოკრატიული და რეაქციული ძალები. მათ ეს ფრონტი ათი თვის წინ გახსნეს, როდესაც დირექტორობიდან გადააყენეს ნათია კაპანაძე. შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია ზოიძეს არჩევა, როდესაც მიიტაცეს ახალი მრჩეველთა საბჭოს მანდატები, როდესაც არხის ხელმძღვანელად აირჩიეს გიორგი კოხრეიძე, როდესაც შექმნეს თვალთვალის და დევნის გარემო.

დღეს გიორგი კოხრეიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, არხიდან დევნის და უშვებს იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან და იცავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის სტანდარტს. ამ საფრთხის წინაშე დგას საინფორმაციო სამსახურის ყველა პროდუსერი, წამყვანი და ჟურნალისტი, ვინც უარს იტყვის პარტიული და პროპაგანდისტული ტელევიზიისა და რადიოს კეთებაზე.

დღეს გიორგი კოხრეიძე ცდილობს, დაამარცხოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. აჭარის ტელევიზიამ და რადიომ შეძლო, მართლა საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებულიყო. არა მხოლოდ კანონის ჩანაწერით, არამედ თავისი სტანდარტებითა და შინაარსით. ეს ნერვებს უშლის და აფორიაქებს რეაქციონერებს ბათუმშიც და თბილისშიც, რომლებმაც მოიყვანეს რევანშისტული მრჩეველთა საბჭო, რომლებმაც დირექტორად დასვეს გიორგი კოხრეიძე და დაავალეს, დაელეწა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და მიუკერძოებლობის პრინციპის გააზრება და არა მხოლოდ ტექსტების გამოთქმით კითხვა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თემატური მრავალფეროვნება და საზოგადოებისთვის აქტუალური კითხვების დასმა და არა მმართველი პარტიის გუნდრუკის კმევა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის შემოქმედებითი თავისუფლების სივრცე და არა მედროვე ადამიანთა სოციალური კეთილდღეობის გარემო, რომლებიც ტაშით მიეგებნენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს და დღეს ჩუმ სოლიდრაობას უცხადებენ გიორგი კოხრეიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნგრევის პროცესში.

პოსტტოტალიტარულ სივრცეში საკმაოდ რთულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირება. აჭარის ტელევიზია და რადიო ამას ახერხებს. ამიტომ სჭირდება მას დაცვა. ამიტომ ვუჭერ მხარს ბათუმისა და ქუთაისის დღევანდელ აქციებს. ამიტომ გავალ ორშაბათს, 17 თებერვალს, დღის 4 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე.

________________

წყარო: ფეისბუქი 

ზვიად ქორიძე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში კონსულტანტად. მან მას შემდეგ დატოვა მაუწყებელი, რაც მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. 

 

სოლიდარობა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს – კვირას ტელევიზიასთან აქცია გაიმართება

ხვალ, 16 თებერვალს, 11:30 საათზე აჭარის ტელევიზიასთან ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, ვისაც სურს სოლიდარობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდს. აქცია ფეისბუქზე დღეს, საღამოს დაანონსდა და მისი ორგანოზატორები ჟურნალისტები არიან, რომელთაც სურთ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარი დაუჭირონ.

ასევე ხვალ, 11.45 საათზე მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი” აჭარის ტელევიზიასთან გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერ ბრიფინგს.

სოლიდარობის აქცია გაიმართება ხვალ ქუთაისშიც. 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქუთაისელი ჟურნალისტები შეიკრიბებიან. „თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“-ამ სლოგანით ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს გამოუცხადებენ სოლიდარობას.

14 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ აუქმებენ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატს, დისციპლინური წარმოება დაიწყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგ და ტელევიზია, სავარაუდოდ, აღარ შეიძენს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მედიაპროდუქტს ტენდერით, როგორც ბიუჯეტშია მითითებული.

აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი ცვლილებებს აფასებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხედ.

განცხადება გაავრცელა მაუწყებლის ალტერნატიულმა პროფკავშირმაც.

„ნებისმიერი მცდელობა – დააშინონ თანამშრომლები, დამთავრდება წარუმატებლად. ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შევეგუებით მაუწყებლის რეგრესს, ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის,“ – აღნიშნულია ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებაში.

________________

მთავარ ფოტოზე: 2019 წლის ბოლოს, აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქცია 

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით  16 თებერვლიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვა 45 დღის განმავლობაში გარძელდება და ის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში დადგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.

პროექტის ფარგლებში  წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ხორციელდება  ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე [ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე]. სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებენ.

ყველა ხელისუფლების უპირობო მხარდამჭერები ბიზნესიდან – 7 მილიონი „ოცნებას“

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელი არჩევნების წელი არ ყოფილა, „ოცნების“ ანგარიშის შესავსებად მხარდამჭერი ბიზნესმენები მაინც აქტიურობდნენ. არაერთმა კომპანიამ მმართველი პარტიისთვის ასობით ათასი ლარი გაიღო. საერთო ჯამში, გასული წლის დეკემბერში, ერთ თვეში, პარტიის ანგარიშზე შემოწირულობის სახით მილიონზე მეტი ლარი აისახა, მთელი წლის განმავლობაში კი „ოცნების“ ანგარიშზე 7 მილიონზე მეტი ლარი დაგროვდა.

შემწირველების საქმიანობას თუ დავაკვირდებით, მათი დაჯგუფება ასე შეიძლება: ისინი, ვინც „ოცნების“ უპირობო მხარდამჭერები არიან და ყოველ წელს მმართველი პარტიის ანგარიშზე სოლიდური თანხა შეაქვთ; მოქმედი ან ყოფილი ჩინოვნიკები და ისინი, რომლებიც უპირობოდ ირჩევენ ხელისუფალს – შესაწირი ყოველთვის მმართველი პარტიის ანგარიშზე შეაქვთ.

მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორისაა ბიზნესმენი დავით ბალანჩივაძე. გასულ წელს მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. სხვადასხვა დროს კი მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე  235 000 ლარია. დავით ბალანჩივაძე რამდენიმე კომპანიის მფლობელია და ასევე აღმასრულებელი დირექტორი სს RMG Copper-ში. ეს კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სს RMG Gold-ის წილებს ფლობს.

სს RMG Gold- სა და სს RMG Copper-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ასევე თანამესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან:საბჭოს თავმჯდომარეა მარინა ვოვკი, წევრები არიან ალვიდას ბრუსოკასი, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი და დავით ერისთავი [საქართველო ]. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია ასევე ალექსანდრე ცაპლინი [რუსეთის მოქალაქე].

„არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით).

კომპანიისავე ინფორმაციით, „არემჯის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდა) შედეგად მიღებული სუფთა ლითონები (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი) კი შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება. სს RMG Gold ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საყდრისი ააფეთქა.

დავით ბალანჩივაძე არის ასევე შპს „გოლდენ გრუპი“-ის დირექტორი და 50 პროცენტის მფლობელი. ეს კომპანია მომხმარებელს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვას სთავაზობს. კომპანიაში ბალანჩივაძის პარტნიორი [50 პროცენტის მფლობელი ] ბაჩანა ადამიაა, რომელიც ასევე „ოცნების“ შემწირველია.

2019 წლის ნოემბერში ნიკოლოზ თევზაძემ „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ის შპს „ალიანსის“ 15-პროცენტის მფლობელია. სხვადასხვა არჩევნების დროს „ოცნებას“ მსხვილი თანხა ამ კომპანიის სხვა მეწილეებმაც შესწირეს. შემწირველებს შორის კომპანიის დამფუძნებელი გია ბიწაძეც ფიქსირდება.

„ოცნების“ შემწირველებს შორისაა ამ კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დავთ ბალაძეც – 2019 წლის ნოემბერში მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. 2012 წელს კი, მაშინ, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოდა, დავით ბალაძემ 4000 ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირებულ ორგანიზაციას – „საქართველო არ იყიდება.“

2012 წელს ამავე ორგანიზაციის შემწირველი იყო „ალიანსის“ კიდევ ერთი თანამესაკუთრე და დირექტორი აკაკი სონგულია. მან ამ ორგანიზაციას 25 000 ლარი შესწირა. 2014 წელს კი ის „ოცნების“ მხარდამჭერი გახდა და პარტიას 20 000 ლარი შესწირა. სონგულია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსი იყო.

შპს „ალიანსი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები ბათუმსა და თბილისში არაერთ მასშტაბურ სამშენებლო პროექტს ახორციელებენ.

„ოცნების“ შემწირველები არიან „ორბი ჯგუფთან“ დაკავშირებული პირებიც, ეს კომპანია საქართველოს მასშტაბით  ათეოლობით სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

შპს „ორთაჭალა კასტელომ“ 2019 წლის ნოემბერში მმართველ პარტიას 100 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის 25 პროცენტს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ფლობს. ეს ის ვალერი გელაშვილია, რომლის ცემის ფაქტზეც მიხეილ სააკაშვილის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

შესაძლოა უახლოეს მომავალში ვალერი გელაშვილი პარლამენტშიც ვიხილოთ. ის საპარლამენტო უმრავლესობიდან ყოფილ პარლამენტარს, ოთარ ჩრდილელს ჩაანაცვლებს, რომელმაც დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადა [მიზეზად კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 14-კაციანი სიის დამტკიცება დაასახელა].

„ოცნების“ პარტიული სიის მიხედვით, ჩრდილელის ადგილმონაცვლეობა ზაქარია ქუცნაშვილს უწევს, თუმცა მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი მეორედ ვეღარ გახდება. შესაბამისად, ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში 96-ე ნომრად წერია.

თავად ვალერი გელაშვილი, როგორც ფიზიკური პირი, „ოცნების“ აქტიური შემწირველია, მან 2012 – 2016 წლებში მმართველ პარტიას, ჯამში, 150 000 ლარი შესწირა.

შპს „ნატურალი 7“-მა 2019 წლის დეკემბერში „ქართულ ოცნების“ ანგარიშზე 100 000 ლარი ჩარიცხა, კომპანიის დირექტორი და 50 პროცენტის მფლობელი მერაბ ქუჩუკაშვილია. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად რუსეთის მოქალაქეა. კომპანიის დარჩენილი 50 პროცენტის მფლობელი კი ვაჟა ქეჩუკაშვილია. „ოცნებისთვის“ მას 2018 წელს 18 000 ლარი შეუწირია.

„ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანიამ 2019 წლის დეკემბერში „ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა. კომპანიის ასივე პროცენტი ეკუთვნის ალექსანდრე ჯაფარიძეს. გასული წლის ბოლოს ამ კომპანიამ 200 000 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.

2019 წლის სექტემბერში „ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა შპს „ტიფლისმა“, კომპანია დავით თოფურიძეს ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, დავით თოფურიძე წილებს ფლობს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებში – შპს “ტიფლისი დისტილერი”, შპს “ბარაკონში”, შპს “ტიფლისში”, ასევე შპს “კოკა-კოლა სამხრეთ ჯგუფი”. აღნიშნული კომპანიები სასმელების წარმოებითა და ექსპორტით არიან დაკავებული.

ცოტნე ებრალიძემ, როგორც ფიზიკურმა პირმა „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა, აქედან 60 000 მან  მმართველ პარტიას 2019 წლის ივლისში ჩაურიცხა, 60 000 ლარი კი  2018 წელს „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შესწირა.

ცოტნე ებრალიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელია 2019 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად გიორგი ბაჩიაშვილი დაინიშნა.

ბაჩიაშვილი, რომელიც ასევე „ოცნების“ შემწირველია, ფლობს შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებს“, რომლის დირექტორადაც ცოტნე ებრალიძე ფიქსირდება. ბაჩიაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის რუსეთის მოქალაქეა.

ცოტნე ებრალიძე ასევე ხელმძღვანელობს შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების“ ფონდსაც, რომელიც საქართველოში არაერთ მსხვილბიუჯეტიან პროექტს ახორციელებს. ამ კომპანიის ას პროცენტს პანამაში დარეგისტრირებული კომპანია ფლობს.

რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდს, ეს ფონდი 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს საქართველოში, მათ შორისაა: პანორამა თბილისი, სასტუმრო შეკვეთილი, სასტუმრო თაბორის მთაზე, ბოტანიკურ ბაღთან, სასტუმრო განმუხური, კომპლექსი „მაგნოლია“ მტკვარი ჰესი, ონის ჰესების კასკადი, ინვესტიცია ბათბიურში და ბათუმი რივიერა.

„ოცნების“ უპირობო მხარდამჭერებს შორისაა ბიზნესმენი ივანე ბაქრაძე. მან 2019 მაისში „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, 2016 წლიდან დღემდე ივანე ბაქრაძემ „ოცნებას“ ჯამში 150 000 ლარი შესწირა, ამ ციფრს უნდა დავამატოთ ის 60 000 ლარიც, რომელიც მან „ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩარიცხა.

ივანე ბაქრაძე, რამდენიმე კომპანიის მფლობელი და თანამფლობელია.

 

„რივიერა ბათუმის“ შემოღობილი ტერიტორიის შესასვლელთან ხეები დარგეს

„ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს“,  „არა ჩაბეტონებას“, „ნუ მპარავ მზეს“, „ მე ვირჩევ ხეს“ – ამ ტრანსპარანტებით დღეს, 15 თებერვალს ბათუმში შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას კომპანიას ალტერნატიული ადგილი შესთავაზოს მშენებლობისთვის: „ჩვენ არ ვართ ბიზნესის წინააღმდეგ, მაგრამ აქ არ უნდა აშენდეს, ეს ადგილი არ უნდა ჩაბეტონდეს“, – ასეთია აქციის მონაწილეების პოზიცია.

აქციის დასრულებისას მონაწილეებმა შპს „რივიერა ბათუმის“ შემოღობილი ტერიტორიის შესასვლელის წინ ხეები დარგეს.

აქციაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად „ლელოს“, „შენების მოძრაობისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ.

შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ერთის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია.

მთავრობა ქობულეთში 19 ჰექტარ მიწას ასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთში, დაბა ოჩხამურის ტერიტორიაზე, 195 323 კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს 2040 წლამდე ვადით ასხვისებს. ნაკვეთის გასხვისების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 20 თებერვალს უნდა დასრულდეს. საწყისი ფასი 30 ათასი ლარია, ხოლო ბიჯი 7500 ლარი.

აუქციონის პირობების მიხედვით, შემძენმა სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში არანაკლებ 500 000  ლარის ინვესტიცია უნდა განaხორციელოს.

პირობების ჩამონათვალშია ასევე საიჯარო პერიოდის განმავლობაში მიწის ნაკვეთის მხოლოდ აგრარული დანიშნულებით გამოყენება. გარდა ამისა, უნდა  უზრუნველყოს ასევე სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება.

რატომ ამბობენ უარს ბავშვები სკოლაში სიარულზე? – ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან

Unicef -ის ბოლო კვლევის მიხედვით, სკოლის სრული საშუალო საფეხურის ასაკის ბავშვებში გაკვეთილებს 85 პროცენტი ესწრება. მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია დაწყებით და არასრული საფეხურის შემთხვევაში. რატომ არ მოსწონთ ბავშვებს სკოლაში სიარული და რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი ფსიქოლოგთან? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფსიქოთერაპევტ ნათია კუჭუხიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნათია, რა მიზეზებზე საუბრობენ ის ბავშვები, ვისაც არ უნდა სკოლაში სიარული?

უპირველეს ყოვლისა, ეს არის მოტივაციის ნაკლებობა. არის შემთხვევები, როცა არ ესმით ბავშვებს, რატომ უნდა იარონ სკოლაში. „რისთვის დავდივარ არ ვიცი“, „ახალს ვერაფერს ვიგებ“, – მეუბნებიან ხოლმე.  ეს მათთვის უინტერესო პროცესია. არის შემთხვევები, როცა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ სკოლაში. თუ ჩავუღრმავდებით მიზეზებს, ირკვევა ასეთი რამეები, რასაც ვერ ხედავენ, ვერც მშობლები და ვერც პედაგოგები.

  • ბულინგზეა საუბარი?

ბულინგს ეს ახასიათებს, რომ იყოს უჩინარი. ძალიან რთულად ამოსაცნობია და თუ მშობელს ან პედაგოგს არ აქვს რაიმე ინფორმაცია, ძალიან ხშირად ამას ვერ ხედავენ. ბავშვები ამაზე მარტო მინიშნებით საუბრობენ, რაზეც შესაძლოა შესაბამისი რეაგირება არ იყოს არც მშობლის და არც პედაგოგის მხრიდან.

არსებობს ინდივიდუალური მოწყვლადობაც, მაგალითად, როცა სკოლა არ აღიქმება ბავშვის მხარდამჭერ გარემოდ. შეიძლება ბავშვი ოჯახში თავს ცუდად გრძნობდეს და სკოლა მისთვის იყოს შვებასავით, სადაც თავს აღიარებულად გრძნობს, რაღაც ახალს სწავლობს, რაღაც საინტერესოა მისთვის. ასეთ დროს სკოლა არის დამხმარე ასეთი ბავშვებისთვის, მაგრამ ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ „იქ არ მაღიარებენ“. ეს აჩვენებს გარემოს, რომელიც არ არის ზრუნვაზე ორიენტირებული.

თერაპიაზეც იმიტომ  მოდის, რომ თავს კარგად გრძნობდეს. სკოლაშიც უნდა იყოს ისეთი გარემო, სადაც თავს კარგად იგრძნობს, სასიამოვნო იქნება მისთვის ზრდასრულებთან, პედაგოგებთან, თანატოლებთან ურთიერთობა. როცა ეს არ აქვს და ამას ვერ აღწევს, ბავშვი, რომელსაც აქვს ბიოლოგიური მოწყვლადობა, ასეთ გარემოს გაურბის.

ეს არის ნორმალური რეაგირება არანორმალურ გარემოზე. იქ, სადაც ჩემთვის გარემო სტრესულია და თუ მე არ ვარ მებრძოლი და დაძლევაზე ორიენტირებული ადამიანი, გავურბივარ ასეთ გარემოს. ყველა ბავშვს გმირობა რომ მოვთხოვოთ, არ იქნება მართებული.

  • თქვენ თქვით რომ ბავშვებს უჩნდებათ კითხვა, „რატომ უნდა ვისწავლო?“ „რისთვის დავდივარ სკოლაში არ ვიცი“ და ა.შ. განათლების მნიშვნელობას სკოლა ვერ აჩვენებს?

ბავშვების საუბრიდან ჩანს, რომ განათლების მნიშვნელობა არის ძალიან ნიველირებული. ჩანს ორი ტენდენცია, ერთგან არის ძალიან გადაჭარბებული საუბარი განათლებაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში საუბარია უფრო მაღალი ნიშნების ქონაზე, ათიანებია მიღწევაზე და არა იმაზე  ხაზგასმა, რა მინდა, რას ვიაზრებ, რისთვის უნდა ვიცოდე ა.შ. განათლება და მაღალი ნიშნები მჭირდება, ოღონდ რისთვის არ ვიცი.

  • ამაზე არ საუბრობენ სკოლაში, რას ამბობენ ბავშვები?

როდესაც ეკითხები, ამაზე პასუხს ვერ გცემენ. ან მეორე უკიდურესობას ამბობენ, რომ „რა საჭიროა განათლება?“ „რაში მჭირდება, რომ სკოლა დავამთავრო“.  ყველაზე მეტი პრობლემა არის იმაში, რომ ბავშვს მშობლებიც და სკოლაც არ სთხოვენ შესაძლებლობის მიხედვით. სწავლას სთხოვენ არა იმისთვის, რომ, ვთქვათ, ცნობიერება გაიფართოვოს, უფრო საინტერესო რაღაც მოძებნოს, რაშიც თავს უკეთ იგრძნობს, უნარები განივითაროს, ამაზე ორიენტაცია არ არის და ამიტომ, ბავშვებიც დაბნეულები არიან.

თუ ამას თავიდან მექანიკურად აკეთებენ, მაღალი მიღწევებისთვის მებრძოლ ბავშვებს შემდგომ საფეხურებზე შესაძლოა განუვითარდეთ შფოთვითი აშლილობები ან დეპრესია, რადგან შეიძლება ვეღარ შეწვდეს იმ მოთხოვნებს, რასაც სკოლა და ოჯახი უყენებს.

  • რა ასაკის არიან ის ბავშვები, ვისაც კითხვა უჩნდება იმაზე, თუ რატომ უნდა იაროს სკოლაში?

ძირითადად ეს ხდება მე-5 კლასის შემდეგ, როცა მოზარდობის ასაკი იწყება და სწავლებაც რთულდება, როცა კრიტიკული აზროვნება უნდა განვითარდეს წესით. ის, ვინც მარტივად ძლევდა ქვედა საფეხურებს და ვისთანაც 10-იანებზე იყო ხოლმე მოთხოვნა, შემდეგ, როცა ვეღარ წვდებიან ინტელექტუალურად შემდეგ საფეხურს, მაგრამ მოთხოვნები ისევ მაღალი რჩება, ბავშვი ამბობს, რომ აღარ უნდა სწავლა.

ეს არ ესმის ხშირად მშობელსაც. როცა ვეკითხები, რომ შეეძლო მას ინდივიდუალურად ამ შედეგების მიღწევა თუ ეხმარებოდით? ამბობს, რომ კი, „მე ვეჯექი, მაგრამა ახლა აღარ მიჯერებს“.  ამიტომ ძალიან ფაქიზად უნდა ვიკვლიოთ, რატომ არ აღარ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა.

  • თუ არის განსხვავება ამ მხრივ, სოციალურად დაუცველ და შეძლებულ ბავშვებს შორის?

როცა ბავშვი სკოლაში იმის გამო არ დადის, რომ სოციალური პრობლემები აქვს, ამის შემთხვევებიც არის, როცა ფინანსური საშუალება არ აქვს მშობელს, რომ სკოლამდე მიიყვანოს ბავშვი, ან იმდენად დაკავებული არიან საკუთარი პრობლემებით, უბრალოდ, უგულებელყოფილი არიან ბავშვები და არ ჰყავთ მეთვალყურე, ვინც სკოლაში მიიყვანს.

თუმცა, სოციალური სტატუსი ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი არ არის.  ხშირად პრობლემა შენიღბულია და  მშობლები იძახიან, რომ ზარმაცია ან ჯიუტია ან არაფერი არ უნდა და ა.შ.  მაგრამ პრობლემის ქვეშ რა დევს, როგორია ობიექტური ფონი, ეს მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა  პრობლემას ვიკვლევთ.

  • ფსიქოლოგთან მომართვიანობა გაზრდილია ბავშვებში?

მომართვიანობის ტენდენცია გაზრდილია, რადგან გაიზარდა ინფორმირებულობაც. ჩვენი ყოფილი კლიენტები, მეგობრები, თანატოლები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას და ეს არის ინდიკატორი იმის, რომ ინფორმირებულობა გაიზარდა.

ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან თუ გეტყვით, თერაპიაში მუშაობა 2008  წელს დავიწყე და თუ მაშინ ვთქვათ თითო-ოროლა მომართვიანობა იყო, ახლა უკვე მომლოდინეთა რიგებია.

ფსიქოთერაპევტი, ნათია კუჭუხიძე
ფოტო: ფეისბუკის გვერდიდან

თეონა ყაჭეიშვილს წლის საუკეთესო დირექტორის პრიზი გადასცეს

2019 წლის „საუკეთესო დირექტორი“ თეონა ყაჭეიშვილი გახდა. კონკურსი განათლების სამინისტრომ პირველად ჩაატარა.

გამარჯვებული დირექტორს ფულადი პრიზი გადასცეს. დირექტორი ასევე სასწავლო ვიზიტით ციურიხში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) გაემგზავრება.

მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ ზუგდიდის, სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი გოგი თოდუა და ქუთაისის  30-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე, რომლებსაც ასევე ფულადი პრიზები გადაეცათ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურსის გამარჯვებული დირექტორების სკოლები ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიით აღიჭურვება.

„მოსწავლეებს ცდების ჩატარება  სპეციალური კომპიუტერული მულტიმედიური პროგრამის საშუალებით შეეძლებათ, რაც ამ საგნის სწავლებას უფრო საინტერესოს გახდის“, – ნათქვამია პრესრელიზში.

 

მთავარი ფოტო: თეონა ყაჭეიშვილი დაჯილდოვების დროს

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი შევიწროების ახალ ეტაპზე გადავიდა – განცხადება

აჭარაში მოქმედი ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს.

საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები აშკარად ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩახშობასა და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნას ემსახურება:

„განსაკუთრებით თვალშისაცემია ის გარემოება, რომ დაანონსებული რეორგანიზაციის პროცესის გაჭიანურების ფონზე, მენეჯმენტი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების შევიწროების ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელსაც გარკვეული ცვლილებების საჭიროებებით ხსნის, ამ ცვლილებებს კი მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ 3 წევრის თანხმობა სჭირდება. საბჭოში „ქართული ოცნების” კვოტით არჩეული 3 მრჩევლის არსებობის პირობებში კი ცვლილებები, სამწუხაროდ, შესაძლოა, დაუბრკოლებლად დამტკიცდეს.

როგორც მაუწყებლის ახალი ამბების რედაქციში აცხადებენ, ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მმართველმა საბჭოს წარუდგინა ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, მმართველ საბჭოში შემავალი სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატი უქმდება, შესაბამისად, გაუქმდება მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის შტატიც. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მენეჯმენტმა დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის მიმართაც, ყოველდღიური გადაცემა „ჰეშთეგის” წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს კი, მენეჯმენტის აზრით, არ აქვს უფლება წამყვანის მოვალეობა შეასრულოს, რადგან ახალდაფუძნებული ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გახდა.

ამ ცვლილებების პროექტის წარდგენას წინ უძღოდა დირექტორის ყოფილი მოადგილის, ნათია ზოიძის წასვლა მაუწყებლიდან, რაც „რეპორტიორებმა საზღვრის გარეშე“ პოლიტიკურ შეწოლად შეაფასა. ნათია ზოიძის წინააღმდეგ დირექტორმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, შემდეგ კი სამართლებრივი უსაფუძვლობის გამო განცხადება გამოიხმო, ამასთან, ახალი ხელშეკრულება გაუფორმა და ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკის წარმოების კოორდრინაციის პროცესს და პრაქტიკულად უფუნქციოდ დატოვა. აღნიშნული ქმედება აშკარად მიკერძოებულ და უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს ატარებდა.

ჩვენ, აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვგმობთ მაუწყებლის დირექტორის მიერ წარმოებულ საკადრო პოლიტიკას – ხაზს ვუსვამთ, რომ ამგვარი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას და აშკარა პოლიტიკურ რევანშისტულ შინაარსს ატარებს იმ პირების მიმართ, რომელთა კოორდინირებული მუშაობით იქმნებოდა და იქმნება მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი რეგიონსა და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების დონის ასამაღლებლად. განსაკუთრებით სასიცოცხლოა ამგვარი სარედაქციო პოლიტიკის წარმოება მოახლოებული, უმნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს ირგვლივ მიმდინარე მკვეთრად ნეგატიურ პროცესებს და გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა რათა პროცესები არ გასცდეს დემოკრატიულ ჩარჩოებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

ხელისუფლების რეალური მიზანია აჭარის მაუწყებელზე სრული კონტროლი – საია და TI

 

 

 

ხელისუფლების რეალური მიზანია აჭარის მაუწყებელზე სრული კონტროლი – საია და TI

„ამ პროცესების რეალური მიზანი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებაა“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. ეს ორგანიზაცია დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს, ასევე კონკრეტული თანამშრომლების მიმართ დისციპლინური წარმოებას მენეჯმენტის მხრიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლად და შევიწროებად აფასებს.

„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა ისევ საფრთხეშია,“ – ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პორცესზე.

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატების გაუქმებას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, რასაც მრჩეველთა საბჭოს თანხმობა სჭირდება, „ცვლილება შეეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძესაც, „რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა. პარალელურად, დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგაც. ამასთანავე, გიორგი კოხრეიძე გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია თავის განცხადებაში ხაზს უსვამს იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიაში ეს პროცესი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტიდან დაიწყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ახალი დირექტორის არჩევის პროცესმა არაერთი კითხვა გააჩინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მაუწყებლის თანამშრომლებში.

„პარალელურად ახლა უკვე დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ზოიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ მასზე დირექტორის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა იმისთვის, რომ სარედაქციო პოლიტიკას ჩამოშორებოდა. მოგვიანებით მას ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლა „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს (განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულ წევრებს), შეწყვიტონ მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა; ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ დისკუსიისა და ფართო კონსენსუსის საფუძველზე, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის არსებული უნდობლობა; ასევე, პასუხი გასცენ ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიზნით იგეგმება კონკრეტული ღონისძიებების გატარება, მათ შორის საშტატო განრიგში ცვლილება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეს ხედავენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას, ზიანს აყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა,“ – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამენ, დაიცვან თითოეული ჟურნალისტის უფლება.

_________________________

მთავარი ფოტო ბათუმელების არქივიდან: 4 დეკემბერი, 2019 წელი. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საპროტესტო აქციიდან

„არა ჩაბეტონებას“ – დღეს ბათუმში „რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში, შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 15 საათზე „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს დაიწყება.

აქციის ორგანიზატორებმა ფეისბუქზე გამოაქვეყნეს რამდენიმე განმარტება იმაზე, თუ რატომ აპროტესტებენ „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამჯენების მშენებლობას და დაწერეს ასევე იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც აქციაზე გააჟღერებენ.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მშენებლობას აპროტესტებენ იმის გამო, რომ:

  • კანონით განსაზღვრული რეგულაციების თანახმად აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვებელია 3 სართულზე მეტი სიმაღლის შენობის აშენება
  • მოხდება კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა; შესაძლოა  პროექტის განხორციელებამ გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა
  • რივიერას ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის აშენება ხელს შეუშლის ქალაქის განიავებას და კიდევ უფრო დააბინძურებს ჰაერს

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

„საპროექტო ტერიტორია დაიგეგმოს ქალაქ ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმისა და განაშენიანების რეგულირების არსებული მოთხოვნების შესაბამისად და პროექტის განხორციელებისთვის გამოიყოს ალტერნატიული ტერიტორია კომპანიასთან შესაბამისი მოლაპარაკების შემდეგ“.

შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

„რივიერა ბათუმიი“ პროექტი – რენდერი

აჭარის მაუწყებლის დირექტორი: მე ვარ გარანტია იმისა, რომ კანონი იკანონებს ამ ორგანიზაციაში

გიორგი კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი: 

„წამოვიდა მრჩეველთა საბჭოდან გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა არის შემჩნეული გარკვეული დარღვევები. მე დღეს ვაწარმოებ მოკვლევას, მე დღეს არაფერი არ შემიძლია განვაცხადო, მაგრამ ერთადერთი მე შემიძლია განვაცხდო, რომ კანონი იკანონებს ორგანიზაციაში. არავინ არ დაისჯება უკანონოდ, და არავის ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება უკანონოდ.

… ამ ორგანიზაციაში არის მართვის სერიოზული პრობლემა. …საშტატო განრიგის შეცვლა აბსოლუტურად არ ეხება არც შორენა ღლონტს და არც მერკვილაძეს. …მე ვარ გარანტია იმისა, რომ კანონი იკანონებს ამ ორგანიზაციაში“.

__________

წყარო: აჭარის ტელევიზია 

დღეს, 14 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ აუქმებენ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატს, დისციპლინური წარმოება დაიწყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგ და ტელევიზია, სავარაუდოდ, აღარ შეიძენს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მედიაპროდუქტს ტენდერით, როგორც ბიუჯეტშია მითითებული. „ბათუმელებს“ სურდა გიორგი კოხრეიძისგან მიეღო კომენტარი ამ თემებზე, თუმცა მან ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა.

Exit mobile version