პაციენტებს სექსუალურ პრობლემებზე ღიად საუბარი ექიმთანაც კი უჭირთ – არსენ გვენეტაძე

რა ტიპის სექსუალური დისფუნქციებია გავრცელებული ძირითადად საქართველოში და რა პრობლემებით მიმართავენ სპეციალისტებს წყვილები, არის თუ არა საქართველოში რეპროდუქტოლოგების, გინეკოლოგებისა და სექსოლოგების საკმარისი რაოდენობა და როგორ ახდენს გავლენას სექსუალური განათლების ნაკლებობა რეპროდუქციულ, მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებთან“ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე საუბრობს.

[red_box]წყვილების 60, 70%-ზე მეტის სქესობრივი ცხოვრება არასასურველი ხარისხისაა[/red_box]

„ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში“ სადაც ვმუშაობ, გადავწყვიტეთ გამოგვეცა სახელმძღვანელო სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ეს იქნება არა კლასიკური სახელმძღვანელო ექიმებისთვის, არამედ პაციენტების გზამკვლევი სექსუალურ მითებსა და რეალობას შორის. სახელმძღვანელო ჩემი იდეა იყო, მისი ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია და წიგნის ავტორები პროფ. მაკა გეგეჭკორი და ექიმი ეკა ჩომახიძე – სქესობრივი და რეპროდუქციული  ჯანმრთელობის სპეციალისტები არიან.

სექსუალური და რეპროდუქციული დისფუნქციები დიდი გამოწვევაა. გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგად მუშაობის 30-წლიანი სტაჟი მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა წყვილების 60, 70% -ზე მეტს აქვს არასასურველი  სქესობრივი ცხოვრების ხარისხი, ლიბიდოს – სექსუალური ენერგიის სიმცირის, ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები, ორსულობასა და სქესობრივი ცხოვრების რეალობაზე არასწორი წარმოდგენა.

რეპროდუქციულ შედეგსაც, ანუ ორსულობის დადგომის მომენტს არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად სქესობრივი ცხოვრების ხარისხი განსაზღვრავს.

[red_box]სექსუალურ პრობლემებზე საუბრის ერიდებათ ექიმთანაც კი მაშინ, როცა სპეციალისტთან სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიდიან[/red_box]

გინეკოლოგთან, უროლოგთან თუ სექსოლოგთან ვიზიტისას დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ექიმთან გახსნილობას.

მახსენდება ერთი წყვილი მაგალითად, როცა ქალს ოპერაცია გავუკეთეთ, ვურჩიეთ, რომ ორ დღეში ერთხელ ჰქონოდათ სექსი განაყოფიერებისთის ოპტიმალურ დღეებში, მაგრამ კაცმა მხოლოდ ამის შემდეგ თქვა, რომ მას ერექციის პრობლემები ჰქონდა, რაც მთელი ვიზიტებისას არ უხსენებია. ასეც ხდება ხოლმე, რომ ერიდებათ ექიმთან ღიად საუბრის მაშინაც კი, როცა თითქოს პრობლემის გადასაჭრელად მიმართავენ სპეციალისტს.

მოსულან წყვილები, რომლებსაც ჰყავთ ერთი შვილი, სურთ მეორეც ჰყავდეთ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ დატვირთული ცხოვრების რიტმის გამო თვეში ერთხელ ან ორჯერ აქვთ სექსი. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ორსულობის დადგომა ძნელადაა შესაძლებელი.

პრობლემაა ვაგინიზმიც – ქალის შიში სქესობრივი ცხოვრებისადმი. ამ დროს ხანდახან ერთი, ორი, სამი წლის განმავლობაში ცხოვრობენ წყვილები ერთად სექსის გარეშე.

ვაგინიზმი ძირითადად ფსიქოლოგიური პრობლემაა და არა ანატომიური. ბიოლოგიურად ჯანმრთელი ქალებიც ავადდებიან ამ სენით. თუ ქალის პრობლემა ბიოლოგიური, ანუ ანატომიურია ეს ვაგინიზმი აღარ არის და შეიძლება საქმე გვქონდეს სხვა ტიპის ანატომიურ ანომალიებთან, რაც იშვიათობაა.

სწორი მიდგომის შემთხვევაში ვაგინიზმი 100 %-ით იკურნება და მქონია არაერთი შემთხვევა, როცა როცა წყვილს მკურნალობის შემდეგ სრულიად ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება დაუწყია.

პრობლემა ყალიბდება ქალის შიშების საფუძველზე, სქესობრივი ცხოვრების ამ სრულიად უსაფუძვლო შიშის დაძლევა დამოუკიდებლად ძალიან რთულია. ერიდებათ ესაუბრონ ექიმს, საერთოდ, სექსუალური დისფუნქციის საკითხზე კითხვის დასმის რცხვენიათ ადამიანებს. პრობლემა იკეტება და წყვილის თანაცხოვრება რთულდება, გამოსავალი მარტივია – საჭიროა დროულად მივმართოთ ექიმს, სავარაუდოდ, ძალიან ცოტას, ქალების 1, 2 ან 3 %-ს შეიძლება ჰქონდეს ვაგინიზმი, თუმცა ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მათთვის დიდი დისკომფორტია და დროული ჩარევა სჭირდება. ვაგინიზმი ზოგიერთ ქალში გამყარებულია იმ არასწორი წარმოდგენებით და შიშებით, რასაც ქალები ერთმანეთს ადრეული ასაკიდანვე გაზვიადებულად გადასცემენ: რომ პირველი სქესობრივი აქტი ძალიან მტკივნეულია, ბევრ სისხლდენასთანაა დაკავშირებული, რთულია და ა.შ. რაც  სიმართლეს არ შეესაბამება.

[red_box]საქართველოსა და ჩვენს მსგავს, განვითარებად ქვეყნებში პროფესიონალი სექსოლოგების ნაკლებობაა[/red_box]

საქართველოში მამაკაცების სექსუალური პრობლემების მოგვარებას ძირითადად უროლოგები ცდილობენ, ქალებთან დაკავშირებულს – გინეკოლოგები და ზოგჯერ გამოსდით კიდეც, თუ ექიმი კარგადაა მომზადებული. სექსოლოგის ფუნქციის შეთავსება ხანდახან რეპროდუქტოლოგებსაც უწევთ.

პროფესიონალი სექსოლოგების ნაკლებობა საქართველოში და, ზოგადად, ჩვენს მსგავს განვითარებად ქვეყნებში ნამდვილად არის. თუმცა არის საკითხები, რასაც მხოლოდ სექსოლოგი ან  მხოლოდ რეპროდუქტოლოგი ვერ გადაწყვეტს და რაშიც კომპლექსური ჩარევაა საჭირო, მაგალითად, როცა დაორსულების პრობლემა არსებობს.

მახსოვს ერთი წყვილი, რომელსაც 3 წელი არ ჰქონდათ სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება, არც შვილი ჰყავდათ. ჰქონდათ როგორც ბიოლოგიური, ასევე სექსოლოგიური პრობლემები. ქალს ლაპაროსკოპია გავუკეთეთ, ამის შემდეგ საჭირო გახდა სექსოლოგის ჩართვა და შედეგი ზუსტად ერთ თვეში დადგა, წყვილი სამოგზაუროდ წავიდა და ქალი დაორსულდა კიდეც. უშვილობის ბიოლოგიური პრობლემა და სექსუალური ცხოვრების დაბალი ხარისხი – ეს იყო ის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან ურთულებდათ. სპეციალისტების კომპლექსური მიდგომით პრობლემა დავძლიეთ.

აუცილებელია, რომ საშუალოდ წელიწადში ერთხელ ყველა ქალმა ჩაიტაროს ორგანოების გინეკოლოგიურ-ექოსკოპიური კვლევა, ძუძუს ექოსკოპიური კვლევა და ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, რაც ჯანმრთელობის პრობლემის საწყის ეტაპზევე გადაჭრის საშუალებას მოგვცემდა.

[red_box]წელიწადში ერთხელ გინეკოლოგიურ – პროფილაქტიკური გამოკვლევები ქალს უამრავ მოსალოდნელ გართულებას აარიდებდა[/red_box]

ხშირია შემთხვევა, როცა ქალი 35, 38 წლის ასაკში იწყებს სექსუალურ ცხოვრებას და აღმოჩნდება, რომ 10, 15- სანტიმეტრიანი მიომა აქვს და არასდროს გაუკეთებია ექოსკოპია, რადგან ქალწული იყო, ან რაიმე სხვა რთული დაავადება იჩენს თავს – საკვერცხის კისტა ან სხვა რამ. საშუალოდ წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური გინეკოლოგიური კვლევების პრაქტიკა ქალებს მსგავს უსიამოვნო მოულოდნელობებს აარიდებდა.

შარშანდელი მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 425 ქალს გავუკეთეთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, რომლებიც უშვილობის პრობლემით მოვიდნენ და ფარისებრ ჯირკვალზე ეჭვიც კი არ ჰქონდათ. მათგან 141-ს, ანუ 33 %-ს – ყოველ მესამეს აღმოაჩნდა კვანძი. აქედან 8 შემთხვევაში ეს კვანძი კიბო აღმოჩნდა დროული ჩარევით კი მათი ცხოვრება გადარჩა. ასევე 800 გამოკვლეული ქალიდან ასზე მეტს აღმოაჩნდა ძუძუს კიბო.

ხშირად ამბობენ ქალები, რომ ძუძუს კვლევა არ გაუკეთებიათ, რადგან არ აწუხებთ. დიახ, პატარა კვანძი არ არის შემაწუხებელი, მაგრამ როცა შემაწუხებელია, ამ დროსაა დაავადება უკვე მესამე და მეოთხე სტადიაში. თავად მაქვს კიბო გადატანილი და ორმაგი პასუხისმგებლობა მაქვს, როგორც ექიმს და მოქალაქეს, ვუთხრა ჩემს პაციენტებს, მკითხველს, რომ აუცილებელ პრაქტიკად უნდა აქციონ წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური გინეკოლოგიური კვლევები – ეს მათ უამრავ მოსალოდნელ გართულებას აარიდებდა.

[red_box]მსოფლიოში გამოკითხული ოჯახების 83% პოლიგამიურია[/red_box]

სექსუალურ განათლებას რაც შეეხება, ვფიქრობ, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ამ მხრივ ცოდნის შეტანამდე საჭიროა მშობლების განათლება. რახან მყავს ოჯახი და შვილები ისტინქტის დონეზე, არ ნიშნავს, რომ სექსუალური განათლება მაქვს, თუნდაც ელემენტარულ საკითხებში. როგორ ესაუბრო ამ საკითხებზე შვილს, ამას სჭირდება განათლება და ელემენტარულად სწორი ინფორმაციის ფლობა.

ადამიანი, რომლის სექსუალური ენერგიაც არ იხარჯება, აგრესიულია. ეს აგრესია გადადის ყველაზე – ოჯახის წევრებზე, ქუჩის გამვლელებზე, თანამშრომლებზე, საზოგადოებაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აგრესიის მიზეზი აუცილებლად სექსის არქონაა, ცხადია, აგრესიას ბევრი სხვა მიზეზიც აქვს, მაგრამ გაუხარჯავი ლიბიდო არცთუ იშვიათადაა აგრესიის ძირითადი მიზეზი.

ერთ-ერთი ამერიკული კვლევის მონაცემებით, 10 განქორწინებიდან ამერიკაში 9 სექსუალურ შეუთანხმებლობაზე მოდის. თუმცა რეალურად კვლევის მონაწილე არც ერთი წყვილი არ აღიარებდა, რომ განქორწინების მიზეზი სექსუალური შეუთავსებლობა იყო – წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება ამერიკაში, სადაც თითქოს ყველა ინფორმაცია ღიაა.

სექსუალური განათლება და პარტნიორების რაოდენობის თემა სრულიად სხვადასხვა საქმეა. ბევრი პარტნიორი არ ნიშნავს, რომ დიდი ცოდნა მივიღეთ. თუ ამ ტიპის განათლების სიმცირის გამო პრობლემა გექმნებოდა პირველ, მეორე პარტნიორთან, პრობლემა პრობლემად დარჩება მესამესთანაც.

თუ ადამიანს სექსის სურვილი აქვს, მინიმუმ აქტიურია სექსუალურად – ქალიც და კაციც.

ჩვენს კულტურაში სექსუალურ ურთიერთობაში კაცის როლს უფრო გამოყოფენ მნიშვნელოვნად, თითქოს სექსუალური განათლების პრეროგატივა მხოლოდ მამაკაცს აქვს.

მსოფლიოში გამოკითხული ოჯახების 83 % პოლიგამიურია. ეს ნიშნავს, რომ ერთხელ მაინც, ერთს ან ორივე მათგანს მეუღლის გარდა პარალელურად ან სხვა დროს სხვა პარტნიორიც ჰყოლია – ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ექსპერიმენტებზე უარს არ ამბობენ, უბრალოდ ამაზე ღიად არავინ საუბრობს, რადგან ვინც საუბრობს, პრობლემები ექმნება.

სექსუალური განათლების სიმცირეს და საკუთარი ანატომიის არცოდნას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. მქონია შემთხვევა, როცა 24 წლის გოგო დედამ მოიყვანა გინეკოლოგთან, ორივე მიიჩნევდა, რომ გოგოს საშვილოსნოს ყელის ისეთი ანთება ჰქონდა, რასაც ექიმი ვერ უშველიდა. აღმოჩნდა, რომ არსად გამოუკვლევიათ, უბრალოდ გოგოს ცოტათი უფრო დიდი სასქესო ბაგეები ჰქონდა, ვიდრე საერთოდ აქვთ ხოლმე ქალებს. ეს იგივეა ვინმეს ცოტათი უფრო მოზრდილი ყურები ჰქონდეს, ვიდრე საერთოდ აქვთ. გოგომ მითხრა, რომ ამ ,,პრობლემით“ სამი წელი იტანჯებოდა, ეგონა, რომ მახინჯი იყო და ანომალია ჰქონდა, მერე კი დედას გაუმხილა რაც აწუხებდა.

პრობლემას ქმნის ის, რომ არ გვაქვს საკუთარ სექსუალობასთან, რეპროდუქციულ საკითხებთან დაკავშირებული კითხვების სწორ ადგილას, დროულად დასმის პრაქტიკა. ხშირად ექიმთან მიუსვლელობას ხსნიან დროისა თუ ფინანსური სახსრების უქონლობითაც,რაც რეალურად ხშირად ასე არ არის – წელიწადში ერთხელ საბაზისო კვლევის ჩატარებას უმეტესობა თავისუფლად შეძლებს.

კაცმა გურიაში ყაზახეთიდან მასთან ჩამოსულ ქალს 1000 დოლარი და ტანსაცმელი დაუწვა

ოზურგეთის სასამართლომ სხვისი ნივთის განადგურებისთვის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დავით დ. გაასამართლა. მან ყაზახეთიდან ჩამოსულ ქალს გურიაში, სახლის ეზოში, ტანსაცმელიც დაუწვა და ფულიც – 1000 ამერიკული დოლარი. ზარალმა ჯამში 19 432 ლარი შეადგინა.

განაჩენის მიხედვით, დავითმა დაზარალებულად ცნობილი ქალი ნ.ა. სოციალური ქსელით გაიცნო. დაახლოებით ერთწლიანი, ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ ქალმა საკუთარ 8 წლის გოგოსთან ერთად საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტა.

„…იქ ფერმაში ვმუშაობდი, ხელფასი დაახლოებით 500 ამერიკული დოლარი მქონდა, ყოფილი მეუღლისგან ნებართვა ავიღე და შვილსაც გავუკეთე პასპორტი… ის თბილისის აეროპორტში დამხვდა… პირდაპირ ოზურგეთში წავედით… დავითი მარტო ცხოვრობდა, ისეთი ანტისანიტარია დამხვდა, მივხვდი, რომ ამ პირობებში ბავშვთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი და ვიჩხუბეთ. მითხრა, რომ მხოლოდ პოლიციის ნებართვით შევძლებდი წასვლას,“ – უთხრა მოსამართლე მარინა კიკნაძეს დაზარალებულმა.

„იმავე დღეს შეეცვალა ხასიათი და მითხრა, რომ უკან დაბრუნება მინდაო, უარი ვუთხარი…“ – ჰყვება ბრალდებული.

სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ქალს გურიაში მცხოვრები სხვა პირისთვის უთხოვია დახმარება, რომელსაც ის ასევე იცნობდა. მეგობარი ქალთან ტაქსით ასულა.

დაზარალებულის თქმით, მან პოლიციაში წასვლა ტაქსის მძღოლის რჩევით გადაწყვიტა, პირადი და საკუთარი შვილის ნივთები კი, დროებით დავითის ეზოში დატოვა.

პოლიციაში მისულ ქალს უთხრეს, რომ მისი ნივთები უკვე დაწვეს.

„…მისმა [ქალის] მეგობარმა დახურა მანქანის კარები და წავიდნენ. ავნერვიულდი და შეურაცხყოფის გამო დავწვი, ბენზინი გადავასხი… რაც გადარჩა, ის მერე პოლიციაში მივიტანე…“ – თქვა ბრალდებულმა.

ბრალდებულმა დავით დ.-მ პოლიციაში მხოლოდ ბავშვის თოჯინა მიიტანა და ორი პატარა ზურგჩანთა, რომელშიც ბავშვის ნივთები ეწყო. მან დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და თქვა, რომ მისი შეფასებით, დაახლოებით 2 ათასი ლარის ღირებულების ტანსაცმელი დაწვა.

მოსამართლემ დავით დ. -ს სამი წლით აღუკვეთა თავისუფლება, რაც ამავე ვადით პირობით ჩაუთვალა.

ბათუმში 30 ადამიანი კარანტინში იმყოფება – კორონავირუსის პრევენცია

ბოლო მონაცემებით, ბათუმში კარანტინში 30 პირი იმყოფება – ამის შესახებ დღეს, 5 მარტს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, კარანტინში მყოფი პირები მოთავსებულნი არიან ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროში:

„საიზოლაციოდ შერჩეულია ქალაქგარეთ მდებარე სასტუმრო, რომელშიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არის ძალიან კარგი პირობები, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. კარანტინში მოთავსებული პირები არიან ჯანმრთელი ადამიანები, მათ შეხება ჰქოდათ მაღალი რისკის ქვეყანასთან. 14 დღის განმავლობაში მათზე დამყარდება მეთვალყურეობა, ეპიდემიოლოგი დღეში ორჯერ მიდის და მონიტორინგს აწარმოებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვიმეორებ, ისინი არიან ჯანმრთელი პირები და ნებისმიერი ჩივილის გამოვლენისთანავე მოხდება მათი გადაყვანა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისათვის რეგიონში არ დასტურდება კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა. პაციენტს, რომელიც გუშინ მოათავსეს ინფექციურ საავადმყოფოში, ლაბორატორიულად არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

საქართველოში კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული.

„აღდგომა”- დოკუმენტური ფილმი გორელი სტალინისტების ნამდვილ ცხოვრებაზე

„აღდგომა“ ნიკოლოზ ბეჟანიშვილის ფილმია, რომელიც გორში მცხოვრები „კომუნისტური პარტიის“ წევრების ცხოვრებას ახლო ხედით გვაჩვენებს. ფილმის იდეა რეჟისორს 2010 წელს მოუვიდა, როცა გორში სტალინის ძეგლი აიღეს, 2012 წელს სტალინისტებმა ამ ძეგლის აღდგენა უშედეგოდ სცადეს. ფილმის რეჟისორი ამ მოვლენებზე უცხოური მედიასაშუალება „ევრაზიანეტისთვის“ ვიდეოსიუჟეტს ამზადებდა, თუმცა ამბის მთავარი მონაწილეების ახლოდან გაცნობა და მათ ცხოვრებაზე უკეთ დააკვირვება მოუნდა, ფილმზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო და შედაგად ორსაათიანი დოკუმენტური ფილმი გამოუვიდა.

როგორც თავად რეჟისორი ,,ბათუმელებთან“ ამბობს, ფილმში ასახული რეალური, დოკუმენტური ისტორია დრამატურგიულად ისე განვითარდა, რომ მხატვრულ ფილმს დაემსგავსა და ბუნებრივად წაიშალა ზღვარი მხატვრულ და დოკუმენტურ ჟანრებს შორის.

„2017 წლიდან მოყოლებული ძალიან ხშირად ჩავდიოდი გორში, ვიღებდი პარტიის სხდომებს და მათ გადაწყვეტილებებს, ამ პარტიაში გაწევრიანებული ადამიანების ცხოვრებას. თუ რეჟისორმა ვერ შეძლო და გმირის თვალით ვერ დაინახა კონკრეტული სიტუაცია, ვერ შეძლებს კარგი ფილმის გადაღებას. გადავწყვიტე, ახლოს მივსულიყავი გმირებთან და სხვა რეალობა დავინახე, ვიდრე ეს წარმომედგინა. ჩემი ფილმის გმირებმა ყველა კარი გამიღეს და მომცეს საშუალება, გადამეღო მათი შიდა სამზარეულო.

ფილმი ადამიანებზეა, რომელთაც ახალგაზრდობის საუკეთესო წლები საბჭოთა დროში განვლეს. ეს ეპოქა მათ რაღაც სტატუსებს სძენდა საზოგადოებაში, რაც საბჭოთა სისტემის ნგრევასთან ერთად დაენგრათ და თითქოს საკუთარი თავის გარეშე დარჩნენ. 1994 წელს დააფუძნეს კომუნისტური პარტია. ერთმანეთთან ურთიერთობა, თუნდაც პარტიის სხდომებზე მათ მნიშვნელოვნების, ერთიანობის განცდას უქმნის. პარტიის მთავარი მიზანი 2010 წელს პროდასავლური ხელისუფლების მიერ აღებული სტალინის ძეგლის აღდგენაა.

ამ ადამიანების რეალობა თანამედროვე პოლიტიკის მდგომარეობას ჰგავს ძალიან, როგორ და რატომ, ამას ახლა ვერ ავხსნი, ფილმშია ამაზე პასუხი“, – ამბობს ფილმის რეჟისორი.

მისივე თქმით, ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი მამაკაცია, რომელიც ძაღლთან ერთად ცხოვრობს მარტო ახლა უკვე უკაცრიელ ადგილად ქცეულ თევზის მეურნეობის შენობაში. კაცს რობიზონი ჰქვია და ფილმშიც ამბობს, რობინზონ კრუზოსავით ცხოვრობს. მარტოხელაა მოხუცი ქალიც, რომელსაც საბჭოთა დროს მაღალი თანამდებობა ეკავა, როგორც თავად ჰყვება  ქუჩაში გამოსულს ყველა ცნობდა და ესალმებოდა.

ნიკოლოზ ბეჟანიშვილი ამბობს, რომ ფილმით უკვე დაინტერესდა ევროპისა და ამერიკის არაერთი დიდი კინოფესტივალი. პრემიერაც საერთაშორისო ჩვენებაზე, 2020 წლის შემოდგომაზე ან 2021 წლის დასაწყისში შედგება.

ორსაათიანი დოკუმენტური ფილმი ,,აღდგომა“ ეროვნული კინოცენტრის მიერაა დაფინანსებული.

„აღდგომა“ რეჟისორის მეორე დოკუმენტური ფილმია. მის პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ სურათს „შავი კვადრატი“ ჰქვია და ნარკოდამოკიდებული ქალების ცხოვრებას ასახავს. არაერთ სხვა ფესტივალს შორის ფილმი საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ასოციაციამ აჩვენა ამერიკის დიდ ფესტივალზე და დაჯილდოვდა კიდეც.

ყოველდღიური ანალიტიკა – სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს – ბიზნეს ანალიტიკას ამატებს. ბიზნეს ანალიტიკის საშუალებით მომხმარებლები ყოველთვიურ ან ყოველდღიურ ჭრილში ხარჯებს და შემოსავლებს უკეთ გააკონტროლებენ, რაც მათ დაეხმარებათ ფინანსური ანალიზის გაკეთებაში.

მათ, ვისაც თიბისი ბანკის პოს-ტერმინალი ან იკომერსი (ელექტრონული კომერცია) აქვს, შეეძლებათ გაიგონ თავიანთი მომხმარებლის ქცევა და დააკვირდნენ ბიზნესის განვითარებას, ასევე გააკეთონ ისეთი მნიშვნელოვანი დაკვირვებები, როგორიცაა: კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები, დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა, როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე, ჰყავს თუ არა მათ კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და ა.შ.

ბიზნესს განვითარებისთვის მუდმივად სჭირდება ფინანსური ანალიზი, კვლევები და დაკვირვებები საკუთარ კომპანიაზე და მომხმარებლის ქცევის შესწავლა. ბიზნეს ანალიტიკა ბიზნესებს ხელს შეუწყობს უფრო მოქნილად მართონ თავიანთი ფინანსები და განავითარონ საქმიანობა.

რაში დახარჯავს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილ $102 მილიონს განათლების სამინისტრო

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო ახალი პროექტი – „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“. ამ შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება და მოკლე რელიზის სახით ავრცელებს ინფორმაციას, თუ რაში უნდა დაიხარჯოს 102 მილიონი დოლარი.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი, რომელიც განათლების მინისტრს შეხვდა, ამბობს, რომ პროექტის მიზანია გააუმჯობესოს განათლების ხარისხი და გაზარდოს პედაგოგთა კვალიფიკაცია. ასევე, პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ტექნიკურ აღჭურვას.

„ჩვენ განვაახლებთ 60 სკოლას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. აგრეთვე, ავაშენებთ ახალ სკოლებსაც. პროექტის ფარგლებში ყურადღება მიექცევა სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას“, – ამბობს სებასტიან მოლინეუსი მინისტრთან შეხვედრისას.

პრესრელიზის სახით გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს, მათ შორის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

102 მილიონი დოლარი მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს და სწორედ ამ პერიოდში უნდა აშენდეს 5 ახალი სკოლა და გარემონტდეს 60 არსებული, თუმცა განათლების სამინისტრო  „ბათუმელებთან“ ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რომელ რეგიონში აშენდება ახალი სკოლები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და რომელია ის სკოლები, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„ამ კრიტერიუმებს ერთად განსაზღვრავს სამინისტრო და  მსოფლიო ბანკი, დასხდებიან ექსპერტები და ერთად იმსჯელებენ, რომელ რეგიონში რა უნდა იყოს“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ქობულეთში ეზოს დალაგებისას 76 წლის კაცს ცეცხლი მოეკიდა და დაიღუპა

ქობულეთში, სოფელ ჭახათში 76 წლის კაცი კარმიდამოს დასუფთავების დროს დაიღუპა. „იგი ეზოში ნარჩენებს წვავდა, რის შედეგადაც ცეცხლი მოედო,“ – გვითხრა ნუგზარ დავითაძემ, ქობულეთის მერის წარმომადგენელმა ჭახათის თემში.

ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახური, თუმცა ექიმებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 187 მუხლის მესამე ნაწილით –  ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

„არ მინდოდა, მაგრამ ასეა საჭიროო“ – „რესპუბლიკურის“ ახალი დირექტორი

ახალ შენობაში გადასვლას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ექიმებს უკვე დაჰპირდა. შეხვედრა გუშინ, 4 მარტს, შედგა, როცა სოლომონ ფუტკარაძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის დირექტორად დანიშნა. ჩვენ სოლომონ ფუტაკარაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. კითხვების დასმამდე ახალმა დირექტორმა გვითხრა, რომ ბევრი საქმე აქვს და მხოლოდ ხუთ წუთს დაგვითმობდა.

  • ბატონო სოლომონ, თქვენ ექიმებს უკვე დაჰპირდით ახალ შენობაში გადასვლას, რასაც ისინი ბოლო წლებია ითხოვენ. ბიუჯეტში თანხა აპარატურის შესაძენად ისევ არ არის. რის საფუძველზე დაჰპირდით ეს? 

კი, დავპირდი. მე, როგორც ვიცი, ბიუჯეტის ცვლილების დროს რაღაც თანხა უნდა გამოიძებნოს. თავდაპირველად ძირითადი ნაწილის აღჭურვა უნდა მოხდეს, შეძლებისდაგვარად ვეცდებით, რომ გადავიდეთ.

  • რის თქვენთვის კონკრეტულად ცნობილი, ბიუჯეტის რომელი ცვლილების დროს უნდა გამოყონ თანხა აპარატურის შესაძენად?

არა, ზოგადად ვთქვი, რომ ამაზე მიდის მუშაობა.

  • რატომ დაგნიშნეს დირექტორად? 

უცბად გადაწყდა ჩემი დანიშვნა. აუდიტის დასკვნა მოვიდა და ვიღაც უნდა დაენიშნათ, ისე არ შეიძლებოდა, დირექტორის გარეშე. მითხრეს, რომ მალხაზ ხალვაში განცხადებას წერს, გათავისუფლებულია, მე შემომთავაზეს და დავთანხმდი. არ მინდოდა, მაგრამ ასეა საჭიროო.

  • აუდიტის დასკვნის გამო გაათავისუფლეს დირექტორობიდან მალხაზ ხალვაში?

ვერ გეტყვით, არ ვიცი… მე ახლა ვეცნობი მასალებს.

  • მალხაზ ხალვაშს ხომ არ ტოვებთ ფინანსურ მენეჯერად [მალხაზ ხალვაში რესპუბლიკურში დირექტორობის პარალელურად ფინანსური მენეჯერის პოზიციაზეც მუშაობდა, რაც აუდიტის დასკვნაში მოხვდა]?

არა, ჩემთან არა.

  • თვითონ გითხრათ უარი, თუ თქვენ არ გსურდათ?

ჩემთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

  • კონცეფცია რა გქონდათ, რის გამო დაგნიშნეს „რესპუბლიკურის“ დირექტორად? 

რა თქმა უნდა, ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ გაწერილი არა. უცებ რადგან მოხდა დანიშვნა, ასე გაწერილი, მოხსენებითი არ მქონია. ჩემი ხედვა, ზოგადად, წარმოვადგინე და მერე წარვადგენ.

  • გქონდათ საუბარი, მაგალითად, ექთნების დაბალ ხელფასზე? 

როგორც გითხარით, ახალი ვარ და არ გადამიხედია ჯერ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი ღირსება. არ შეიძლება ადამიანმა 200 და 300 ლარზე იმუშაოს, შემოსავლები უნდა გაიზარდოს და ამის შესაბამისად გაიზარდოს ხელფასები.

  • თქვენ, როგორც ერთ ექიმს, რომელიც ამ კლინიკაში მუშაობდა, რა არ მოგწონდათ „რესპუბლიკურში“, ასევე საინტერესოა თქვენი ხედვა დაპირისპირებაზე, რომელიც ამ კლინიკაში ექიმებს შორის იყო. 

სამედიცინო პერსონალს გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა… მე, როგორც ექიმი, გავაგრძელებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობას. მე არ ვიქნები მხოლოდ დირექტორის სკამზე. მე ვიყავი წლების განმავლობაში ექიმი და ვიცი ყველაფერი, რაც პაციენტებს მომსახურების მიღებაში ხელს უშლის. ვეცდები, ეს პრობლემები აღმოვფხვრა. ჯერ ასე მოკლედ შემოვიფარგლოთ. დანარჩენს რამდენიმე დღეში გეტყვით.

სკოლებისთვის 157 000 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ – კორონავირუსის პრევენცია

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით.

სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლისთვის ჯამში 7 614 სპეციალურ აგრეგატს [მექანიკურ დისპენსერს] და 156 952 ლიტრ სადეზინფექციო საშუალებას შეისყიდიან.

დოკუმენტების მიხედვით, საჯარო სკოლების თითქმის ნახევარს [1 299 სკოლას] არ აქვს წყალმომარაგების სისტემა [საპირფარეშოები] შენობის შიგნით.

აქედან გამომდინარე ფასების დადგენა ხდება ორი მიმართულებით და დაინტერესებულმა პირებმა სააგენტოს უნდა წარუდგინონ: ა) ინფორმაცია ყველა საჯარო სკოლისთვის მოსწავლეთა რაოდენობის, სკოლის შენობის სართულების რაოდენობის და პერსონალის რაოდენობის მიხედვით; ბ) ინფორმაცია იმ საჯარო სკოლებისთვის, რომელთაც არ აქვთ წყალმომარაგების სისტემა შენობის შიგნით.

„ორ ნაწილად ინფორმაცია ფასების შესახებ იმისთვის გვჭირდება, რომ შესაძლოა პირველ რიგში სადენზიფექციო საშუალებები იმ სკოლებისთვის შევიძინოთ, რომლებსაც შენობის შიგნით წყალმომარაგება არ აქვს, ან შესაძლოა ყველა სკოლისთვის ერთად შევიძინოთ“, – გვითხრეს სააგენტოში.

საქართველოს საჯარო სკოლებში 531 841 მოსწავლე სწავლობს. აქედან 107 101 მოსწავლე სწავლობს ისეთ საჯარო სკოლაში, რომელსაც შენობის შიგნით არ აქვს წყალმომარაგების სისტემა.

დაინტერესებულ კომპანიებს შეთავაზებების [ფასების შესახებ] სააგენტოში წარდგენის ვადა 2020 წლის 5 მარტის 15:00 საათამდე ჰქონდათ. შეთავაზებული ფასი უნდა წარედგინათ ეროვნულ ვალუტაში – ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ სპეციალურ საშუალებებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებების ნუსხის შესაბამისად შეისყიდიან.

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით გადმოიწია და ის 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყო. არდადეგები გაგრძელდება 16 მარტამდე. ამ პერიოდში კი ყველა სკოლაში უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამ თემაზე:

არდადეგები დაიწყო – სკოლებში ჩატარდება დეზინფექცია

მთავარი ფოტო: დისპენსერის ნიმუში / ფოტო: სააგენტო

სიმსივნის გამომწვევი საღებავი 3 საწებელში აღმოჩნდა – momxmarebeli.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ [momxmarebeli.ge], რომელიც სურსათის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ამჯერად ორგანიზაციამ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა 36 დასახელების  სასურსათო პროდუქტი და გერმანიაში, ლაბორატორია „ევროფინსში“ გაგზავნა სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად. 36-დან სამი პროდუქტის ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

„სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ეს პროდუქტებია:

  • „ხათოს აფხაზური აჯიკა“
  • აჯიკა Waime! (ვაიმე)
  • ტომატის საწებელი ცხარე “სუპრემო”

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, სამივე ნიმუში „გუდვილში“ იქნა შესყიდული.

„ჩვენი მორიგი კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ გატარებული ღონისძიებები ჯერჯერობით არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა, ამ მცირე მასშტაბის კვლევის შედეგად, 3 ნიმუშში სუდან 1-ის აღმოჩენა საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად, რასაც ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალს,“ – ვკითხულობთ ვებგვერდზე.

ამავე თემაზე: 

ცნობილი მწარმოებლების პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა – კვლევა

 

 

გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები? 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის – გიორგი აბაზაძის ფეისბუქპოსტებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მას არაერთხელ გამოუხატავს აგრესია ლგბტქ თემის თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ნახავთ ქალების დამამცირებელ/სექსისტურ პოსტებსაც.

რამდენად შეძლებს ტელევიზიის ახალი ამბების სამსახური შეინარჩუნოს დამოუკიდებელი და თავისუფალი რედაქციის პრინციპები, როცა მისი ხელმძღვანელი აგრესიულად არის განწყობილი უმცირესობების მიმართ? – „ბათუმელებმა“ გიორგი აბაზაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. მას ამ დრომდე საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. ის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანი იყო და სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი კოხრეიძემ გუშინ, 4 მარტს, დანიშნა.

  • რადგან თქვენ გახდით საინფორმაციო სამსახურის უფროსი, დავინტერესდით თქვენი ფეისბუქპოსტებით, სადაც ჩანს თქვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ. პირველ რიგში, ჰომოფობიის შესახებ უნდა გკითხოთ – თქვენ გქონდათ პოსტი „არა ლგბტ“, ან „არა ლგბტ სიბილწეს“…

მე ვფიქრობ, რომ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს რელიგიური აღმსარებლობა. პოსტი, სადაც წერია, არა ლგბტ-ს – გამოხატული იყო ეკლესიის პოზიცია, იმ ეკლესიის, რომლის წევრიც ვარ მე. ვფიქრობ, რომ ეს ჰომოფობიაში მაშინ გადავიდოდა, თუკი კონკრეტულ ადამიანებს მივაყენებდი შეურაცხყოფას. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმეს აყენებს შეურაცხყოფას თავისი რელიგიური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

  • ანუ ფიქრობთ, რომ ჰომოფობი არ ხართ?

არა, რა თქმა უნდა, არა. მე, ზოგადად, ვიზიარებ ეკლესიის პოზიციას.

  • არ ფიქრობთ, რომ ეკლესიის ეს შეხედულება წინააღმდეგობაშია იმ პრინციპებთან, რაც თავისუფალ რედაქციას უნდა ჰქონდეს?

როგორ შეიძლება, რასთან უნდა იყოს? ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ და ნებისმიერი აღმსარებლის ინტერესებს ვიცავთ, ვაშუქებთ, როგორც რელიგიურ დღესასწაულს, ისე დავუშვათ, მუსლიმურს და რა შუაშია? რატომ მოდის წინააღმდეგობაში? მართლმადიდებლები არ არიან მაუწყებლის თანამშრომლები და მაყურებლები არ ჰყავს?

  • ასე უყურებთ სეკულარიზმის პრინციპის დაცვას რედაქციაში?

სეკულარიზმის პრინციპი კი არის, მაგრამ ის ადამიანი ხომ ირჩევს მართლმადიდებლობას? ჩვენ გვყავს სხვადასხვა აღმსარებლობის მაყურებელი და წინააღმდეგობაში რატომ მოდის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია?

  • იმ მაყურებელს რას ეუბნებით, რომელიც ლგბტქ თემის წევრია და თქვენ მას „ღირსების მარშის“ დროს უთხარით – რომელი ღირსების დასაცავად გამოდიხართო? 

არა, ნახეთ: ვის მოვუწოდე მე კონკრეტულად? ეგ იყო ჩემი ჩვეულებრივი კითხვა და მე საერთოდ არ ჩამითვლია, რომ ეს იყო ჰომოფობიური, არავითარ ჰომოფობიურ ნიადაგზე არ გამიკეთებია ეს განცხადება.

  • რა იყო ეს, რომ გვითხრათ? 

ჩვეულებრივი ნათქვამი იყო.

  • არა ლგბტ სიბილწეს“ – ესეც არაა ჰომოფობიური?

მე მგონი გითხარით ჩემი პოზიცია და ჩვენ ახლა პოლემიკაში შევდივართ.

  • ეს გვაინტერესებს იმიტომ, რომ თქვენ ეუბნებით არას ლგბტქ თემს, რაც აუცილებლად აისახება თქვენს მუშაობაზე ამ ჯგუფის პრობლემების გაშუქებისას…

სად ვუთხარი არა? ეთერში ვთქვი? კონკრეტულ ადამიანს მივმართე? მე არ ვარ არავის წინააღმდეგი.

  • ანუ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ თემის მიმართ, როცა წერთ „არა ლგბტ სიბილწეს“?

თავისუფლებას ვცემ პატივს ყველა ადამიანის… ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები პოპულარული, მაშინ არ ვიყავი მაუწყებლის სახე და არ გამოვხატავდი მაუწყებლის პოზიციას?

  • აქამდე იყავით ერთ-ერთი წამყვანი და ახლა ხართ გადაწყვეტილების მიმღები პირი, ვინც განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.

სახე ვიყავი და ვახმოვანებდი იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა გუნდს, მაყურებელი ჩემგან იგებდა ამბავს… მე ვიქნები სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის გარანტი, რაიმე ახალს არ შევქმნი, ზუსტად ისე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ვმუშაობდით ამ ხნის მანძილზე. არ იფიქრონ, რომ მე ვერევი მათ სარედაქციო პოლიტიკაში, ამ დღეების მანძილზე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ ჩავერიო თუნდაც გეგმის აწყობაში. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე რაღაცაში ჩავერიე ან რაღაც ავუკრძალე.

  • თქვენ იმისთვის ხართ ამ პოზიციაზე, რომ განსაზღვროთ სარედაქციო პოლიტიკა. ასეა ხომ?

მე ვარ დროებით. საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი აქვს მოსაგვარებელი, რომლის კრიზისიც იყო სამწუხაროდ. მე ვარ დროებით მოვალეობის შემსრულებელი და, სავარაუდოდ, მალე კონკურსი გამოცხადდება.

  • ვიდრე კონკურსი გამოცხადდება, თქვენ განსაზღვრავთ სარედაქციო პოლიტიკას. ასეა?

მე უბრალოდ ვიქნები იმის გარანტი, რომ როგორც იყო ჩვენი მუშაობა შეფასებული, ზუსტად ისე გაგრძელდეს.

  • თქვენი ფეისბუქპოსტებიდან ჩნდება განცდა, რომ ვერ იქნებით იმავე ღირებულებების მხარდამჭერი…

წინასწარ ნუ ვისაუბრებთ, რა შეიძლება იყოს და რა – არა. თუ ჩემი ხელმძღვანელობის დროს იქნება რაიმე ჰომოფობიური ტექსტი, მაშინ მე მივიღებ რადიკალურ ზომას და დავტოვებ თანამდებობას.

  • აქვე გკითხავთ რელიგიურ უმცირესობებზე. მაგალითად, გასულ წელს გეწერათ: „მართლმადიდებელმა მღვდელმა სელფები მაინცა და მაინც არ უნდა იღოს სხვა მიმდინარეობის სასულიერო პირთან“. 

ეს ჩემი პოზიციაა, როგორც ამ რელიგიის აღმსარებლის, რომ არა იმიტომ, რომ სხვა რელიგიის აღმსარებელთან არ უნდა ვიურთიერთობოთ. მე შევხედე ამას, როგორც ჩემი რელიგიური აღმსარებლობის სასულიერო პირის, რომ სელფის გადაღება მღვდლისთვის, ჩემი აზრით, შეუფერებელია. აქ მე არ გამომიხატია ის, თუ რატომ  ურთიერთობდა ის სხვა რელიგიის წარმომადგენელთან.

  • „ყველამ თავისთვის ილოცოსო…“ ესეც გეწერათ პოსტში.

ძალიან ისეთ რაღაცაში შევდივართ, რაც ძალიან ძველია და არ ეხება დღევანდელობას. დღეს ხომ არ გამომიქვეყნებია ეს პოსტები?

  • დღეს შეიცვალა თქვენი პოზიციები ამ საკითხებზე?

არ მქონია მე არანაირი განსაკუთრებული შეხედულებები. მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.

  • თქვენს სექსისტურ განცხადებებზეც მინდა გკითხოთ, მაგალითად, როცა დაწერეთ: „გოგონები წერენ სტატუსს – ძალიან მაკლიხარ. ტვინზეა საუბარი ხო?“ 

2014 წლის სექტემბერზეა საუბარი, როცა მე ვიყავი 16 წლის. არანაირად არ ვიზიარებ მაშინ გაკეთებულ ჩემს განცხადებას და მგონი, არც თქვენ არ გაქვთ უფლება, 16 წლის ადამიანს მოსთხოვოთ რაიმე განმარტება.

  • გასული წლის მაისშიც გქონდათ ირონიული პოსტი: „როგორ იღებენ გოგოები ფოტოებს“…

არა, მე არ შემიფასებია, რომ ეს ასე იყო. თქვენ ისეთ რაღაცას მეკითხებით, საერთოდ არ მახსოვს, რა მქონდა გაზიარებული. მე მგონი საკმარისად გითხარით, რომ არავის წინააღმდეგი არ ვარ და დავიცავ უფლებებს. თუ თქვენ შეხედავთ ჩემს ეთერში, მაყურებელი ან რომელიმე ორგანიზაცია დადებს იმას, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს ვინმეს მიადგა ზიანი, კონკრეტულად რომელიმე რელიგიურ უმცირესობას, ან ვინმეს სექსუალურ ორიენტაციას, იმ დღესვე, იმ წამსვე დავტოვებ თანამდებობას.

______________

ინტერვიუ ქვეყნდება სტილის დაცვით

ქუთაისის აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება.

„ორი შემთხვევა იყო გასულ კვირას მხოლოდ, როცა  საბაჟოს ერთი და ერთიც აეროპორტის თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ და გადაიყვანეს საავადმყოფოში, ახლა ორივე თავს კარგად გრძნობს, მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ. სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“  აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ბარამიძე.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაცულია კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა  რეკომენდაცია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის გაცემული.

„აეროპორტში ყველაფერი მუშავდება სპეციალური ხსნარებით, თანამშრომლებს უკეთიათ პირბადეები, ხელთათმანები, ხსნარებით მუშავდება სამუშაო მაგიდები და დაცულია ყველა რეკომენდაცია. თვითიზოლაციაში ამ დროისთვის არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება და სამუშაოდან წასვლის შემთხვევაშიც ყველა ითვალისწინებს უსაფრთხოების წესებს,“ – ამბობს ბარამიძე.

საქართველოში კორონავირუსის უკვე მე-4 შემთხვევა დადასტურდა.  ინფიცირებული პირი კვირას ჩამოვიდა საქართველოში იტალიიდან და მაღალი ტემპერატურის გამო კლინიკას მიმართა. დანარჩენი ინფიცირებულებიც იტალიიდან და ირანიდან ჩამოსული პირები არიან.

საქართველოს ამ დროისთვის საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილი აქვს ირანთან და ჩინეთთან, ასევე ავიაკომპანიებმა შეზღუდეს ფრენები იტალიის მიმართულებითაც.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

[checklist]

  • Wallet – თიბისი ვოლეტი / Apple Pay
  • სამაჯურით გადახდა
  • ფეი სტიკერით გადახდა
  • ბარათით გადახდა
  • QR კოდითგადახდა

[/checklist]

ან დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები:

[checklist]

  • შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები  დისტანდიურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე;
  • ფილიალში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ან მობაილბანკიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მობილურის ან საბანკო ანგარიშის ნომრით;
  • შეგიძლიათ დისტანციურად გახსნათ ანაბარი ან აიღოთ სესხი მობაილბანკის და ინტერნეტბანკის გამოყენებით;
  • მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი მობაილ ან ინტერნეტბანკში;
  • სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ პარკირების საშვი ან მიიღოთ ინფორმაცია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე და გადაიხადოთ მობაილ და ინტერნეტბანკიდან;
  • შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით მობაილ და ინტერნეტბანკში;
  • თი ბოტის დახმარებით შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელად;
  • თი ბოტი, ისევე როგორც ქოლცენტრი, დაგეხმარებათ კითხვების არსებობის შემთხვევაშიც;

[/checklist]

მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ ამ ეტაპზე, მომსახურება ჩვეულ რეჟიმში, შეუზღუდავად მიიღონ და სურვილის შემთხვევაში,  ეწვიონ თიბისის ნებისმიერ ფილიალს, სადაც რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

 

საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის მე-4 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს, 5 მარტს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მე-4 ინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა. ის იტალიიდან კვირას ჩამოვიდა და საავადმყოფოს თავისით მიმართა გუშინ. გუშინვე ჩატარდა კვლევა, რომელმაც კორონავირუსი დაადგინა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ის იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების იდენტიფიცირება და კვლევა.

მისივე განმარტებით, განსხვავებით წინა 3 შემთხვევისგან, ბოლო შემთხვევა კლინიკურად „უფრო საყურადღებოა“.

ამ დროისთვის საქართველოში სულ 4 ადამიანია ინფიცირებული საქართველოში. 2 მათგანს იტალიაში მოგზაურობის გამოცდილება აქვს, ხოლო 2-ს – ირანში.

ბავშვი, რომელიც ლიფტის შახტში ჩავარდა, თბილისში გადაიყვანეს რეანომობილით

9 წლის ბავშვი, რომელიც 3 მარტს ბათუმში, მრავალსართულიანი სახლის ლიფტის შახტში ჩავარდა, თბილისში გადაიყვანეს რეანომობილით.

„გუშინ გავამგზავრეთ სტაბილური ჰემოდინამიკით, გონებაზე იმყოფებოდა, იყო წელის მალების მოტეხილობა, ნეიროქირურგიული ინტერვენცია სჭირდებოდა და ამ მიზნით გადავაგზავნეთ თბილისში,“ – გვითხრეს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში.

„ბათუმელები“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დაუკავშირდა თბილისში. აქ გვითხრეს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ქობულეთში 968 აბონენტს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ხვალ, 6 მარტს, ქობულეთში 500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შუწყდება. ბუნებრივი აირი შეუწყდება ჩაქვის, საჩინოს, ბუკნარის, ციხისძირის 968 აბონენტს.

როგორც „ბათუმელებს“ სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისში უთხრეს, ბუნებრივი აირის შეწყვეტა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.

„ბუნებრივი აირის მიწოდება დილით შეუწყება 500 აბონენტს, ხოლო გაზის მიწოდება საღამოს 17:00 საათიდან დაიწყება,“- განაცხადეს „სოკარში“.

 

 

 

კორონავირუსის გამო ტურიზმის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტრო შეხვდება

„ეკონიმიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება პირველ რიგში ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომელთა გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული და ჩვენ ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კორონავირუსის ზეგავლენა იყოს მინიმიზირებული,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 5 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

საქართველოში არსებული სასტუმროები, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ჯავშნების გაუქმებასა და ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით, დღევანდელი დღისთვის, ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელში არის, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა. ამისთვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა.“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმ ზარალს ითვლის, რომელიც ქვეყანას კორონავირუსის გამო მიადგა. ვირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უნდა წარუდგინოს.

ამ თემაზე:

თებერვალში ჩინეთიდან 10.6 მილიონით მეტი საქონელი შემოვიდა, ვიდრე შარშან

 

 

თებერვალში ჩინეთიდან 10.6 მილიონით მეტი საქონელი შემოვიდა, ვიდრე შარშან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმ ზარალს ითვლის, რომელიც ქვეყანას კორონავირუსის გამო მიადგა. ვირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უნდა წარუდგინოს.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ, მოცულობითი და კომპლექსური სამუშაოა… ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, ეკონომიკაზე ეფექტი სხვა ქვეყნებშიც არ არის დათვლილი, ვინაიდან ეს დამოკიდებულია, თუ როგორ გაგრძელდება პროცესები. ჩვენი ეკონომისტები დაშვებითობის მეთოდით ითვლიან ამ ყველაფერს. პირობითად, ვთქვათ, 2 კვირა თუ გაგრძელდება – რა მოხდება, ერთი თვე თუ გაგრძელდება – რა მოხდება და ა.შ. ამიტომ, ცოტა მოგვიანებით სურათი უფრო გამოიკვეთება“, – გვითხრეს ეკონომიკის სამინისტროში.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, დაახლოებით 10 დღის წინ განაცხადა, რომ მარტო ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოს ყოველთვიურად დაახლოებით 30 მილიონი ლარით აზარალებს.

„ეს მონაცემები ფრენების შეჩერება-შემცირების გამო შეიცვლება. ზოგადად, ფრენების შეჩერება, ცხადია, პირველ რიგში ტურიზმის სფეროზე აისახება. ამასთან, საერთაშორისო ავიახაზებმაც შეამცირეს ფრენების სიხშირე, რაც კიდევ უფრო უარყოფითად აისახება ამ სექტორზე. ამ დროისთვის ციფრებში ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვითხრეს სამინისტროში.

საქართველოში მომუშავე სასტუმროები, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, „ჯავშნების“ გაუქმებას და ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას უკვე უჩივიან და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

რაც შეეხება იმპორტ-ექსპორტს. „ბათუმელებმა“ ამ კუთხით საქართველოსა და ახალი კორონავირუსის რისკზონებად მიჩნეულ ქვეყნებს შორის არსებული მონაცემები შეადარა. რისკზონის ქვეყნებია – ჩინეთი, ირანი, იტალია და სამხრეთ კორეა.

2020 წლის თებერვლის თვეში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი შემცირებულია იტალიასთან, ირანთან და სამხრეთ კორეასთან. ჩინეთში ექსპორტი კი პირიქით, გაზრდილია.

მაგალითად, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ჩინეთში საქართველოდან გასული წლის თებერვალში 41,9 მილიონი ლარის პროდუქცია გავიდა, მიმდინარე წლის თებერვალში კი, თითქმის 14 მილიონი ლარით მეტი:

წყარო: შემოსავლების სამსახური

რაც შეეხება იმპორტს, ოთხივე ქვეყნიდან 2020 წლის თებერვალში განხორციელდა იმაზე მეტი იმპორტი, ვიდრე გასული წლის თებერვალში.

ჩინეთიდან საქართველოში, მიმდინარე წლის თებერვალში, 10,6 მილიონი ლარით მეტი საქონელი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში; ირანიდან – 4,6 მილიონი ლარით მეტი, იტალიიდან – 2,8 მილიონით მეტი, ხოლო სამხრეთ კორეიდან – 6,1 მილიონი ლარით მეტი:

წყარო: შემოსავლების სამსახური

რა გაგვაქვს და რა შემოგვაქვს ჩინეთიდან, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე. მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოგვაწოდა. შედარებისთვის აღებულია 2019 წლის იანვრის და 2020 წლის იანვრის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები [რაოდენობისა და ღირებულების – აშშ დოლარში – მიხედვით]:

[toggle title=”რა გაგვაქვს და რა შემოგვაქვს ჩინეთიდან – იანვარი 2019-2020“]რა გაგვაქვს:

რა შემოგვაქვს:

[/toggle]

 

 

 

კორონავირუსი თუ შეგეყრებათ სესხს გადაგივადებენ? – ბანკების განმარტება

„გადავადება არ არის შესაძლებელი,“ – გვიპასუხა „საქართველოს ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა, როცა მას ვკითხეთ: გადაუვადებენ თუ არა სესხს, თუკი კლიენტს, რომელსაც ბანკის სესხი აქვს დასაფარი, კორონავირუსი შეეყრება? ეს შეკითხვა ჩვენ რამდენიმე სხვა ბანკის წარმომადგენელსაც დავუსვით.

„საქართველოს ბანკის“ ოპერატორის თქმით, შესაძლებელია, ამ კუთხით ბანკმა უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მიიღოს და ამის შესახებ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას. რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევას, ბანკის ოპერატორის განმარტებით, დაზღვევა შესაბამისი პირობებით ამოქმედდება და მნიშვნელობა არ აქვს, კლიენტი კორონავირუსის გამო გარდაიცვლება, თუ სხვა მიზეზით.

კონკრეტულად ვერ გვიპასუხეს „თიბისი ბანკში“. ბანკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მოგვწერეს, რომ „თითოეული მომხმარებლის მონაცემები განსხვავებული გახლავთ, ამიტომ ინდივიდუალურად ხდება განხილვა“.

ბანკის წარმომადგენელს ასევე ვკითხეთ, რაზეა ეს დამოკიდებული?

„როგორც მოგახსენეთ, ინდივიდუალურად მოხდება განხილვა,“ – მოგვწერეს „თიბისი ბანკიდან“. აქვე გვითხრეს, რომ დღემდე მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სესხის გადავადების შესაძლებლობის შესახებ კითხვა დავუსვით „ლიბერთი ბანკსაც“, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

4 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.

დაიხარჯა 50 მილიონზე მეტი, თუმცა სკოლა უსაფრთხო მაინც არ არის – აუდიტი 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც სკოლებში უსაფრთხო გარემოს ეფექტიანობას და დაწესებულებებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს შეეხება, ვკითხილობთ, რომ აუდიტის შედეგად გამოვლინდა ისეთი ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. დასკვნა 2016-2018 წლებს მოიცავს.

დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2016-2018 წლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გახარჯულია 36 981 020 ლარი, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა იზრდება წლების მიხედვით. მაგალითად, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით არასრულწლოვანთა დანაშაული 38%-ითაა გაზრდილი.

„ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რაოდენობაც მზარდია, მაგალითად, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 35%-ით, ხოლო 2018 წელს – 7%-ით“-წერია აუდიტის დასკვნაში.

ინფოგრაფიკა: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ 2018 წელს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გახარჯულია 12 550 390 ლარი, ხოლო 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში აღნიშნული ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრული იყო 17 755 000 ლარი.

ამის მიუხედავად, სკოლებში დარღვევების მაჩვენებლები მაინც იზრდება. მაგალითად:

  • 2016 წელს დაფიქსირდა 143 978 დარღვევა,
  • 2017 წელს − 135 814,
  • 2018 წელს − 133 033,
  • ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებით − 387 434 დარღვევა.
ინფოგრაფიკა: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კვლევაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ფინანსების ხარჯვის ზრდის მიუხედავად, სკოლების 50 პროცენტში არ არის მანდატურის სამსახური და სკოლები არ არის აღჭურვილი ვიდეოთვალებით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო აუდიტი სკოლებს და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს სთავაზობს.

ამ თემაზე:

დარღვევები და არასაკმარისად უსაფრთხო გარემო სკოლებში – აუდიტის შენიშვნები სამინისტროს

„მე არასდროს ვნებდები“ – მოჭიდავე ამირან შავაძე ტრავმებსა და ტრიუმფით დაბრუნებაზე

ნახევარსაათიანი ინტერვიუსას ყველაზე ხშირად თქვა ფრაზა – „არ მიყვარს დანებება“. 26 წლის ამირან შავაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 2019 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2020 წლის თებერვალში კი მან რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მძიმე ტრავმების, ოპერაციის და თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მისგან ამ შედეგს არავინ ელოდა. თავად კი ამბობს, რომ სჯეროდა საკუთარი თავის და ოჯახის წევრების, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერდნენ და ეუბნებოდნენ – შენ შეგიძლია.

და მან მართლაც შეძლო.

ამირან შავაძის ისტორია – ხულოს პატარა სოფლიდან ევროპის ჩემპიონატამდე 

„დავიბადე ხულოში, სოფელ ირემაძეებში. მეხუთე კლასამდე სოფელ ირემაძეების  სკოლაში დავდიოდი. მეორე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მიმიყვანა პირველად ჭიდაობაზე. ჩვენი სოფლიდან მოშორებით, სოფელ დიდაჭარაში იყო ჭიდაობის მწვრთნელი ლევან შავაძე და იქ დავდიოდი.

ბევრი წარმატება მქონდა. ვიმარჯვებდი საქართველოშიც და საერთაშორისო ტურნირებშიც. ორჯერ საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი ვარ პატარებს შორის. წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, კარგი შედეგები მქონდა იმ დროს.

შემდეგ ბათუმში გადავიდა ჩვენი  მწვრთნელი, ლევან შავაძე და სოფელში ვინც იყო წარმატებული ჭიდაობაში, ყველა გადაჰყვა ბათუმში. სოფელში უკვე აღარ იყვნენ ისეთი პარტნიორები, როგორიც მე მჭირდებოდა. მალე ჩემი მშობლებიც ბათუმში გადავიდნენ და მეც წამიყვანეს.

სიმართლე გითხრათ, იმიტომ წავედით, რომ ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე სოფელში. სოფელში რთული იყო, შორს ვცხოვრობდით, დარბაზში ფეხით გვიწევდა სიარული. გაკვეთილების შემდეგ, ერთი საათი ფეხით რომ დარბაზში მიდიხარ, სამი საათი რომ ივარჯიშებ და კიდევ ფეხით ბრუნდები, ძალიან რთულია ეს ყველაფერი.

რთული დრო იყო, ბევრს ვვარჯიშობდით, ბევრს ვშრომობდით, შეჯიბრებებზე გამოვდიოდით. თუმცა ეს გამოცდილება არის საფუძველი იმის, რომ მე დღეს აქამდე მოვედი. როდესაც საფუძველი გაქვს ძლიერი, მყარად ხარ. იმ ვარჯიშმა, წვრთნამ, რომელიც ბავშვობაში გამოვიარე, მომიყვანა  ჩემს ახლანდელ შედეგამდე.

სხვათა შორის, ძალიან ძლიერი და წარმატებული ბიჭები არიან ხულოდან, კერძოდ, დიდაჭარა – ირემაძეებიდან. აქედან არიან მსოფლიოს ჩემპიონები: ლაშა გობაძე და გელა ბოლქვაძე, ძალიან ძლიერი სპორტსმენები.

ბათუმში უკეთესი პირობები დამხვდა – სოფელთან შედარებით უკეთესი დარბაზი.

ახლანდელი წარმატება, ჯერ საქართველოს ჩემპიონობა და შემდეგ ევროპაზე გამოსვლა, ყველასთვის მოულოდნელი იყო. მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ იმედი არასდროს არ დამიკარგავს, რომ მე შევძლებდი ამის გაკეთებას.

ტრავმები გადავიტანე. ოპერაცია გავიკეთე, დიდი დრო დამჭირდა, რომ სპორტში დავბრუნებულიყავი და ამისთვის მიმეღწია.

2016 წელს ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის, მინდოდა იქ მოვხვედრილიყავი. წავედი ტარიელ შავაძესთან მოსამზადებლად გერმანიაში. ტარიელი ბიძაა ჩემი, ასევე ჩემი პირადი მწვრთნელი. კარგად ვიყავი მომზადებული. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატამდე სამი კვირით ადრე წელის ტკივილი დამეწყო. იმდენად ძლიერი იყო ეს ტკივილი, ექიმთან წავედი. ექიმმა მითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა, მე ვერ გავაგრძელებდი ვარჯიშს და ჩემს მდგომარეობაში არ შეიძლებოდა ჭიდაობა ჩემპიონატზე.

2016 წლიდან დავიწყე მკურნალობა. პირველი ორი წელი ვმკურნალობდი, მაგრამ უშედეგოდ. ოპერაციას არ ვიკეთებდი, ექიმები მეუბნებოდნენ, თუ ოპერაციას გაიკეთებ, ვეღარ იჭიდავებო. როცა საქართველოში ექიმებმა ყველა იმედი გადამიწურეს, ბიძაჩემმა მომკიდა ხელი და გერმანიაში წამიყვანა. მადლობელი ვარ მისი – ყველანაირად გვერდით დამიდგა მაშინ. უძლიერესი ექიმი მიპოვა, რომელიც თავად იყო ყოფილი მოჭიდავე. როდესაც მნახა ამ ექიმმა, დამაიმედა – კიდევ შეძლებ ჭიდაობის გაგრძელებასო. ის იყო ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე, როდესაც ოპერაცია გავიკეთე და შედეგად, აი, დღეს დავბრუნდი ჭიდაობაში.

როგორ ვიპოვე ძალა დასაბრუნებლად? – როგორც გითხარით, ბავშვობიდან ჩემი ჭიდაობის სტილი ძალიან ბევრს მოსწონდა, ტურნირს უმედლოდ არ ვტოვებდი, თავდაჯერებული ვიყავი, რომ მე ეს შემეძლო. უცებ მოხდა ტრავმა ჩემს ცხოვრებაში და აღმოვაჩინე, რომ ფიზიკურად აღარ შემიძლია ჭიდაობა. ფსიქოლოგიურად ცუდად გავხდი. ძალიან ვინერვიულე. მალევე დავიწყე გამოსავლის ძიება სპორტში დასაბრუნებლად. მინდოდა ჭიდაობისას შიში აღარ მქონოდა. როდესაც რაღაც  გაწუხებს, რთულია იჭიდაო. მით უმეტეს, ეს ისეთი სპორტია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრავმას.

მთელი ეს წლები, რაც საჭიდაოდ არ გამოვსულვარ, ძალას მაძლევდა იმის ჟინი, რომ მე არ მიყვარს ცხოვრებაში დანებება. მიზანს რასაც დავისახავ, ვცდილობ ბოლომდე მივაღწიო და არ დავნებდე. არასდროს არ დავნებდე.

ჩემი ხასიათი არის არდანებება.

ტრავმა რომ მქონდა, სუსტად ვგრძნობდი თავს. შეჯიბრებაზე კი ყოველთვის მინდოდა მაქსიმუმი მეჩვენებინა. „ეს ბიჭი არ ნებდება“, – სულ ამბობდნენ ამის გამო ჩემზე.

შეჯიბრება რომ მოახლოვდებოდა, მარტო მაშინ მივდიოდი დარბაზში და ბიჭები მეკითხებოდნენ, ასე რატომ აკეთებო. ხშირად ვერ დავდიოდი დარბაზში, რადგან ყოველთვის მიჭირდა ვარჯიში ტრავმის გამო.

ახლაც, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩამოვედი. არ იცოდა ბევრმა, გერმანიაში რომ ვემზადებოდი. ჩამოვედი. აუ, შენ ახლა მოხვედი? შეჯიბრება გვაქვს ორ დღეში. მე ვუთხარი, კი, მზად ვარ. ვვარჯიშობდი, ვემზადებოდი.

როცა გამოვედი და მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი, ყველა ბიძაჩემს, ტარიელ შავაძეს ეკითხებოდა, როგორ მოამზადე, ეს როგორ შეძელიო. ასეთი რა გაუკეთე, რომ ჩამოვიდა, შანსი არ დაუტოვა არავის და ისე გაიმარჯვაო.

ნებისყოფა მაქვს ძლიერი, ასე ვიტყვი. ბოლომდე მინდა, რომ ვიბრძოლო.

ამირან შავაძე ევროპის ჩემპიონატზე რუსი ჯამბულატ ლოკაევის დამარცხების შემდეგ
ფოტო: საქათველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

განსაკუთრებული გამარჯვება? – ჩემი განსაკუთრებული გამარჯვება ბოლო გამარჯვებაა – ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მოგება. ეს იყო  ნამდვილად დაუჯერებელი. ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი. მინდოდა, მედალი ამეღო და გამარჯვების ბედნიერება შემეგრძნო.

მე წარმატებები მქონდა პატარა ასაკში. მიჩვეული ვიყავი საქართველოს ჩემპიონატებზე ხშირად გამარჯვებას, საერთაშორისო ტურნირებს რომ მედლის გარეშე არ ტოვებ, უკვე მიჩვეული ხარ და წარმატება არ არის უცხო. როდესაც ამ ყველაფერს უცებ ეშვები, ოთხი წელი ვერ ჭიდაობ, დრო გადის, არანაირი წარმატება არ გაქვს, ამ დროს უცებ დაბრუნდები და ევროპის ჩემპიონატზე მედალს იღებ… ეს იყო უდიდესი წარმატება ჩემთვის. არ ვიცი, როგორ აღვწერო.

ბოლო მომენტი მახსოვს. 6:6 იყო, რუს მოჭიდავეს ვხვდებოდი ევროპის ჩემპიონატზე. მწვრთნელები გარედან ყვირიან, დარჩა ერთი წუთი. კარგი ქულები მქონდა და ვიგებდი. 1 წუთი მაშორებდა ამ 6:6 ანგარიშის შენარჩუნებას და გამარჯვებას. ტაბლოს ვუყურებდი, ვფიქრობდი – რა მოხდება, დრო მალე გავიდეს. სხვათა შორის, როცა გინდა დრო მალე გავიდეს, ძალიან ნელა გადის. ათი წამი რომ დარჩა, უკვე განვიცდიდი ბედნიერებას შინაგანად, მაგრამ მაინც არ მჯეროდა და დაძაბული ვიყავი ბოლო წამამდე, სანამ ის მეექვსე წუთი არ გავიდა. ბოლოს, როცა სასტვენის ხმა გაისმა, ეგ იყო ჩემი გამარჯვების სასტვენი. ეს ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო.

ახლა ჩემი მთავარი მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიაა. 21 მარტს ჩატარდება უნგრეთში სალიცენზიო ტურნირი – ფინალში უნდა მოვხვდე, პირველ ან მეორე ადგილზე უნდა გავიდე, ოლიმპიადის ლიცენზია რომ მოვიპოვო.

არ იქნება ადვილი, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებ, რადგან მე არასდროს ვნებდები“.

დარღვევები და არასაკმარისად უსაფრთხო გარემო სკოლებში – აუდიტის შენიშვნები სამინისტროს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობას შეეხება, ნათქვამია, რომ გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე.

კერძოდ: 2018 წლის მონაცემებით, მანდატურის სამსახურით სკოლების მხოლოდ 21 პროცენტია უზრუნველყოფილი, ვიდეოკამერებით აღჭურვილია სკოლების 44 პროცენტი, მაშინ როცა 1,161 (50%) სკოლაში არც მანდატურის სამსახურია, არც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და არც ვიდეოკამერები.

„ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით არ არის უზრუნველყოფილი ყველა რეგიონი, რაც აფერხებს აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობას. ამასთან, ცენტრებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა არ შეესაბამება ცენტრში დაფიქსირებულ მიმართვიანობას“, – წერს აუდიტის სამსახური.

ამავე წყაროს ცნობით, მონაცემთა ბაზა, რომელსაც ფლობს მანდატურის სამსახური, არ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლისთვის ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა და თარიღები, შემთხვევის დასრულების პერიოდი და მიღწეული შედეგები.

„შესაბამისად, შეუძლებელია მონაცემების სრულად დამუშავება და ანალიზი შედეგების შესაფასებლად, აგრეთვე განსახორციელებელი ღონისძიებების დასაგეგმად“.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზეც. „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს, რომლებიც ისწავლება მე-3 კლასიდან სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში, ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა გამოცემის სახელმძღვანელოში განსხვავებული მოცულობით არის განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის უფლებების კონვენცია, მოსწავლის უფლებები და ა.შ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, VII კლასამდე არ მიეწოდებათ მოსწავლეებს ინფორმაცია ბულინგის შესახებ“.

დასკვნის მიხედვით, განათლების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, არაფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისად ეფექტიანი და არ არის შეფასებული მიღწეული შედეგები.

„მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე არის ნებაყოფლობითი და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება. შესაბამისად, გადამზადებულია მასწავლებელთა მხოლოდ 13 პროცენტი“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

დასკვნის საფუძველზე აუდიტის სამსახური სკოლებს და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს.

რეკომენდაცია №1

სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, ხარისხობრივი და რაოდენობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფასდეს გარემო და მოხდეს მანდატურის რესურსის პროდუქტიული განაწილება.

რეკომენდაცია №2

მანდატურის სამსახურმა სკოლებთან და სხვადასხვა პასუხისმგებელ უწყებასთან თანამშრომლობით, მიიღოს და გააანალიზოს ინფორმაცია არასრულწლოვანთა შორის ინციდენტების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რისი მეშვეობითაც შეძლებს გამოავლინოს მაღალი რისკის მატარებელი სკოლები და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმოს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

რეკომენდაცია №3

მანდატურის სამსახურმა შეიმუშავოს მექანიზმი, რომლის მიხედვით, გადაუდებელი და დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში გამოყოფს სკოლისთვის მანდატურს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული სკოლა გათვალისწინებული იყო თუ არა წლიურ გეგმაში.

რეკომენდაცია №4

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაინერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც მოხდება დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამართულად ფუნქციონირების პერიოდული მონიტორინგი, შეფასდება მათი საჭირო რაოდენობა და შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლის შესაძლებლობა.

რეკომენდაცია №5

ფსიქოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით, თითოეული რეგიონის მიხედვით, სკოლებისთვის განისაზღვროს უახლოესი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, სადაც მოსწავლე ოპტიმალურად მოკლე მანძილზე შეძლებს მიიღოს საჭირო მომსახურება;

ფსიქოლოგთა რესურსის პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, მათი ცენტრებში განაწილებისას გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლეთა მიმართვიანობის მაჩვენებელი. ასევე ფსიქოლოგიური მომსახურებიდან მიღწეული შედეგის შეფასების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს ცენტრის მიერ ჩატარებული კონსულტაციების შესახებ ინფორმაციის სრულად ასახვა.

რეკომენდაციები სამინისტროს

რეკომენდაცია №6

ადამიანის უფლებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების საკითხების ეფექტიანი დანერგვა და სკოლების მიხედვით თანაბარი სწავლება განათლების ყველა საფეხურზე.

რეკომენდაცია №7

ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტროს მიერ დაიგეგმოს და განხორციელდეს ქმედითი ღონისძიებები, სადაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული აქტივობები, მისაღწევი შედეგები და პროგრესის შეფასების ინდიკატორები.

რეკომენდაცია №8

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად, მასწავლებელთა სრული კონტინგენტის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით, ეტაპობრივი გადამზადების მიზნით, სამინისტრომ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და განისაზღვროს კონკრეტული ვადები.

ესპანელი წყვილი, რომელმაც ბათუმში ცხოვრება გადაწყვიტა: „მგონი, ადრეც აქ ვცხოვრობდით“

„ძალიან მშვიდია ეს ქალაქი, თუ არ ჩავთვლით ქაოსურ საგზაო მოძრაობას…“ – ასე დაიწყო ესპანელმა წყვილმა იმის ახსნა, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი ბათუმზე. მათ აბაშიძის გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში შევხვდით. ხუან პონსი და მარგარიტა ნუევო აქამდე ესპანეთში ცხოვრობდნენ, კუნძულ მენორკაზე. წყვილმა ბათუმში ბინა შეიძინა და გასული წლის აპრილიდან აქ დასახლდა საცხოვრებლად.

წყვილმა ემოციურად განაგრძო იმის ჩამოთვლა, თუ რა მოსწონთ და უკვე რა არ მოსწონთ ბათუმში. მარგარიტას ბათუმი უფრო იმიტომ მოსწონს, რომ აქ დიდხანს შეუძლია ფეხით სიარული და არასდროს იღლება. ხუანს აქაური კლიმატი მოსწონს, „არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივაო“, – გვითხრა მან.

ხუანი და მარგარიტა ბათუმის შესახებ ვერაფერს გაიგებდნენ, რომ არა სტამბულში მოგზაურობა – 2015 წელს, როცა ეს წყვილი დაქორწინდა, საქორწინო მოგზაურობაში ბეირუთში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ეს მაშინდელი საომარი დაპირისპირების გამო ვერ შეძლეს. ხუანი და მარგარიტა სტამბულში ჩამოსულან და თვითმფრინავის სარეკლამო ბროშურაში ამოუკითხავთ ინფორმაცია ბათუმზეც.

„ეწერა, რომ ბათუმი ლას-ვეგას და მაიამს ჰგავს თანამედროვე არქიტექტურით. ვთქვით, მოდი, წავიდეთ ბათუმშიც,“ – გვიყვება ხუან პონსი. წყვილს მაშინ ბათუმიც უნახავთ, თბილისი და კახეთიც.

„ძალიან მოგვეწონა აქაურობა. რაღაც ადგილებმა მართლაც გაგვახსენა მაიამი. ყველაზე მეტად მოგვეწონა სიმშვიდე, რომელიც არის ამ ქალაქში და კეთილგანწყობა ერთმანეთისა და ტურისტების მიმართ. გარდა ამისა, უსაფრთხო ქალაქია, დღისით და ღამით ნებისმიერ დროს შეგიძლია ქუჩაში თავისუფლად იარო,“ – ამბობს მარგარიტა და იქვე დასძენს, ამის შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ქალაქი ნახეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქ ცხოვრება გადაწყვიტეს და ეს მისი არჩევანი იყო.

„არა, ეს შემთხვევით მოხდა,“ – იღიმის ხუანი, თუმცა ცოლთან კამათის შემდეგ აღიარებს, რომ უპირატესობას დედაქალაქის სტატუსის გამო თბილისს ანიჭებდა.

„მე კი შევახსენე ამ ქალაქის განლაგება, რელიეფი, კლიმატი, ის, თუ როგორ ატარებენ  ბათუმში დროს მოხუცები, აქ ადამიანები უფრო სხვანაირად, მოშვებული დადიან…“ – გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას მარგარიტა ქალაქზე, რომელზეც ამბობს, რომ „მენტალურად მისი გახდა.“

წყვილს იმის თქმაც ვთხოვეთ, თუ რა არ მოსწონთ ბათუმში. მარგარიტა ორივე ხელს სახეზე იფარებს და ამბობს: „ქუჩაში, ზებრაზე გადასვლა.“

მარგარიტას ქუჩის გადაკვეთა ახლაც აშინებს და ცდილობს, ტურისტს დაემსგავსოს. მისი დაკვირვებით, ქართველი მძღოლები ტურისტებს იოლად უთმობენ გზას.

„მანქანა შეიძლება პირდაპირ დაგეჯახოს,“ – თვალებგაფართოებული იწყებს თხრობას  მარგარიტა. – „სულ მიკვირს, როგორ ვერ ახერხებენ შეჩერებას, განსაკუთრებით, როცა ბავშვები გადადიან, ფეხმძიმე ქალები. დავაკვირდი, რომ როცა შლაპა მახურავს, რუსს მამსგავსებენ და მითმობენ გზას. ამიტომაც, ქუდებით და შლაპებით დავდივარ…“ – იცინის მარგარიტა და მერე იმასაც გვიყვება, როგორ არ მოსწონს, როცა რუსს ამსგავსებენ და ქუჩასა თუ მარკეტში პირდაპირ რუსულად ელაპარაკებიან.

რამდენიმე ქართულ სიტყვასთან ერთად, მარგარიტა ხაზგასმით გვიმარცვლის ფრაზას, რომლის გამეორებაც ქართულად ხშირად უხდება: „მე არ ვარ რუსი“.

მარგარიტა კულინარიის ბლოგერია. ის თავის გვერდზე გვაჩვენებს აჭარულ ხაჭაპურს, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად მოუმზადებია.

„ასევე მიყვარს ხატვა. მუშაობას აღარ ვაპირებ, თუ უნდა, ხუანმა იმუშაოს,“ – იცინის მარგარიტა და ხუანისკენ იხედება.

ხუანი ფინანსისტია. ამბობს, რომ არაა გამორიცხული, მალე ბიზნესში ჩაერთოს. ის აქამდე სამშენებლო ბიზნესში მუშაობდა. გვამშვიდებს, მაღალს არაფერს ავაშენებ, ისედაც ბევრი გაქვთო.

„უნდა იყოს მაღალი შენობებიც, რადგან ეს სჭირდებათ ტურისტებს… ახალი შენობებიც უნდა იყოს და ისტორიული, ძველი სახლებიც. უნდა იყოს დაცული ზონა, რომელსაც ვერავინ შეეხება,“ – გვიყვება ხუანი.

„მთავარია, სივრცე არსებობდეს,“ – დასძინა მარგარიტამ.

წყვილი აპირებს ისწავლოს ქართული, რაც მისცემს საშუალებას, მეტი ქართველი გაიცნოს და, შესაბამისად, ქართული კულტურაც. ხუანი და მარგარიტა არ ეთანხმებიან მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქართველები და ესპანელები ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა მარგარეტს ამ კუთხითაც აქვს საკუთარი დაკვირვება:

„აი, როცა ტელეფონზე საუბრობს ქართველი კაცი და ამბობს, მოდი, მოდი, ძალიან ჰგავს ბასკს რაღაც სიუხეშით… ორი ქართველი როცა საუბრობს, ზოგჯერ გეგონება, რომ ჩხუბობს, ყვირიან, სინამდვილეში ასე არაა, გულით კარგები არიან. ჰო, მგონი, ემოციურად ვგავართ ერთმანეთს,“ – ასკვნის მარგარიტა.

ხუანი და მარგარიტა მას შემდეგაც იყვნენ საზღვარგარეთ, როცა ბათუმში ცხოვრება დაიწყეს. მარგარიტას არ აქვს პასუხი, რა მოენატრა ბათუმში. ამბობს, რომ გერმანიაში შვილთან ყოფნის დროს და ესპანეთშიც მუდმივად ახსოვდა საქართველო და საბოლოო შეფასებაც ასეთი აქვს: „არ ვიცი, აქ რაღაც მაგიაა“.

სათქმელი აქვს ხუანსაც: „მე მგონია, რომ ადრეც აქ ვცხოვრობდი, მხოლოდ ეს ერთი წელი არა, უფრო ბევრი წელი“.

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორად სოლომონ ფუტკარაძე დანიშნეს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ექიმი რადიოლოგი სოლომონ ფუტკარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე წარუდგინა საავადმყოფოს თანამშრომლებს. აქამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოს მალხაზ ხალვაში ხელმძღვანელობდა.

„ბატონი სოლომონი აჭარის რეგიონში ერთ-ერთი დამსახურებული ექიმია, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა და კარგად იცნობს აქ არსებულ მდგომარეობას…

რაც შეეხება ბატონ მალხაზს, ის დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის სფეროს მართვაში, ლექციებს კითხულობს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, რჩება ჩვენი გუნდის წევრად და მის გამოცდილებას გამოვიყენებთ სახელმწიფო მართვის სფეროში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მალხაზ ხალვაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად 2013 წელს დანიშნეს. რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო კომპანიაა და აუდიტის ბოლო დასკვნის მიხედვით ამ შპს-ს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის შრომის ანაზღაურება 2018 წელს 44 875 ლარი იყო. დირექტორობის გარდა მალხაზ ხალვაში ფინანსური მენეჯერის პოზიციასაც იკავებდა.

ავეჯი, დაცვა – მერიის ახალშექმნილი ინსპექცია 255-ათასიან ტენდერებს აცხადებს

ავეჯი, საჯარიმო ქვითრები, დაცვა, კურიერები, საკანცელარიო ნივთები – ეს იმ საგნებისა და მომსახურების ჩამონათვალია, რომლებსაც ბათუმის მერიის ახალშექმნილი მუნიციპალური ინსპექცია ტენდერით შეისყიდის. ელექტრონული ტენდერები, ჯამში, 255 226 ლარითაა გამოცხადებული.

მერიის ინსპექციას 31 500 ლარი აქვს გათვალისწინებული 2020 წლის განმავლობაში დაცვის მომსახურებისთვის.

პირობის თანახმად, „ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის „ობიექტის“ დაცვა, ცოცხალი ძალით, სპეციალური უნიფორმით და ეკიპირებით, კვალიფიციური და სათანადო გამოცდილების მქონე 6-კაციანი ძირითადი შემადგენლობით (20-დან 55 წლამდე), ცვლაში არანაკლებ 2 კაცისა, 24-საათიანი გრაფიკით (სამუშაო, უქმე და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით)“.

დასაცავი ობიექტების მისამართია – ბათუმი, ტაბიძის ქუჩა 56-ში მდებარე რვასართულიანი შენობის პირველი სადარბაზოს 4 სართული და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საჯარიმო ავტოსადგომი.

16 ათასი ლარია გათვალისწინებული ათ-ათი ცალი ციმციმას, ხმის გამაძლიერებლისა და მართვის პულტი/სირენას შესაძენად.

ამ ორ ტენდერში წინადადებების მიღება 10 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება.

მერიის ინსპექციას 74 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი საოფისე ავეჯისთვის, 20 ათასი ლარი კი, საკანცელარიო საქონლის შესაძენად. ამასთან, 100 ათასი ლარის გადახდას გეგმავს ადგილობრივი საფოსტო და საკურიერო მომსახურებისთვის, ხოლო 29 710 ლარი – საჯარიმო ქვითრებისა და სხვადასხვა ოქმის შესაძენად დაიხარჯება.

ამ ოთხ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 3 მარტს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.

ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისთვის 3 მილიონ 444 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან 1 460 000 ლარი – ხელფასებისთვის.

ახალშექმნილი ინსპექციის ხელმძღვანელი, ურეხის პოლიციის ყოფილი უფროსი, არჩილ კონცელიძეა.

ამ თემაზე:

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად პოლიციელი არჩილ კონცელიძე დაინიშნა

 

 

ინფექციურში მივიდა იტალიიდან ჩამოსული კაცი, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 30 წლის კაცი იმყოფება, რომელმაც თავად მიმართა კლინიკას – ამის შესახებ დღეს, 4 მარტს, განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ. კაცი საქართველოს მოქალაქეა.

„25 თებერვალს ჩამოვიდა იტალიიდან. ამ დრომდე არავითარი ჩივილები არ ჰქონდა. ამ დილით, გამთენიისას, აუწია ტემპერატურამ და როგორც გაფრთხილებული იყო აეროპორტში, ჩვენ მოგვმართა. განიხილება როგორც კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა და მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში.

პაციენტს უტარდება სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა, ანალიზი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით, რომ ან გვიან ღამით, ან ხვალ დილით გვექნება პასუხი,“ – გვითხრა დავით მურვანიძემ.

ბათუმში, ბოქსირებულ განყოფილებაში, ამჟამად მხოლოდ ერთი პაციენტი მოთავსებული.

საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.

ამავე თემაზე: 

რამდენად არის მზად ბათუმის ინფექციური და როდის მივმართოთ მას – კორონას პრევენცია

დეპუტატი: 72 მილიონად კავკასიონის ქედიდანაც კი ჩამოვიყვანდით წყალს

დღეს, 4 მარტს, უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან, გია აბულაძემ მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემებისთვის დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2013-2019 წლებში აჭარის ხუთმა მუნიციპალიტეტმა 72 მილიონზე მეტი  ლარი დახარჯა, თუმცა სოფლებსა და დაბებში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მაინც არ არის მოგვარებული.

„მაგალითად, ხულოს დაბაში საშინელი ხარისხის წყალი მოდის და ისიც გრაფიკით. მაშინ, როცა 6 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული წყლის სისტემაზე. მიუხედავად ამ კოლოსალური თანხისა, ხელვაჩაურშიც წყლის მიწოდების პრობლემა დგას.

4-მილიონნახევრიანი პროექტი იყო, სარფში უნდა გაეკეთებინათ წყალი და არც იქ მოდის რეალურად წყალი, თითქოს სამუშაოები ჩაატარეს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მილებიც კი არ ჰქონდათ ჩადებული. იგივე მდგომარეობაა ქობულეთში, სადაც ბევრი სოფელი დღემდე უწყლოდაა დარჩენილი“, – ამბობს გია აბულაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრის თქმით, გარდა 72 მილიონი ლარისა, მუნიციპალიტეტებში წყლისთვის 1 741 010 ლარის 1 500 000 მეტრი პოლიეთილენის მილი შეიძინეს. „ეს იმისთვისაც კი იქნებოდა საკმარისი, კავკასიონის ქედიდან რომ ჩამოგვეყვანა წყალი ხუთივე მუნიციპალიტეტში“, – ამბობს გია აბულაძე.

წყლის სისტემებზე დახარჯული თანხის ხარჯთაღრიცხვა მუნიციპალიტეტებიდან ენმ-მ ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა, როგორც აბულაძე ამბობს, სრული ინფორმაცია მაინც არ მიაწოდეს.

მუნიციპალიტეტებში პოლიეთილენის მილებზე დახარჯული თანხების ოდენობა 2013-2019 წლებში:

საინფორმაციოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დანიშნეს – აჭარა TV

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე წარადგინა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, გიორგი აბაზაძე, რომელიც საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო გამოშვების შაბათ-კვირის წამყვანია, დათანხმდა წინადადებას. მაუწყებლისვე ცნობით, გიორგი კოხრეიძემ გიორგი აბაზაძის კონსულტანტად ლალი ბერძენიშვილი დაასახელა, რომელსაც დირექტორი აქამდე საინფორმაციოს უფროსად განიხილავდა.

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი თანამდებობიდან 28 თებერვალს გაათავისუფლეს სამსახურებრივი გადაცდომის მიზეზით. მანამდე, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებითა და აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თანხმობით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გაუქმდა და აღნიშნული თანამდებობა დატოვა მაია მერკვილაძემ, რომელიც, ასევე, მაუწყებლის მთავარი გამოშვების რედაქტორი იყო.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ აჭარის მაუწყებელში ცდილობენ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას და სწორედ ამიტომ ახალი დირექტორი მისთვის არასასურველ კადრებს იშორებს თავიდან.

__________

ფოტოზე: გიორგი აბაზაძე. ფოტო: აჭარის ტელევიზია

ამავე თემაზე: 

აჭარის ტელევიზიის წინ ახალი ამბების გუნდი და მაუწყებლის თანამშრომლები გამოვიდნენ

კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვები იტალიაში კორონავირუსის ფონზე გაიზარდა

1947 და  1995 წელს გამოცემული რომანები – კამიუს „შავი ჭირი“ და ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ იტალიაში განსაკუთრებით მოთხოვნად ტექსტებად მას შემდეგ იქცა, რაც ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა.

ყოველდღიური იტალიური გამოცემის  La Repubblica-ს მონაცემებით, 27 თებერვლისთვის ელექტრონული წიგნების მაღაზია Ibs.it-ზე კამიუს  „შავმა ჭირმა“ გაყიდვების მიხედვით 71-ე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ კი, რომელიც ასევე ეპიდემიის უსწრაფესად გავრცელებას აღწერს, Amazon.it – ზე გაყიდვების მიხედვით მე-5 ადგილზეა.

იგივე ტენდენცია იყო მაგალითად საფრანგეთში, როცა 2015 წლის პარიზის ტერაქტების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ჰემინგუეის რომანზე „განუყრელი დღესასწაული“, 2019 წელს კი ასევე წარმოუდგენელი სისწრაფით იყიდებოდა ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ – ამავე წლის აპრილში ნოტრდამის დიდი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა.

კამიუს „შავი ჭირი“ ძალიან პოპულარული იყო ასევე 2011 წელს, იაპონიაში ფუკუშიმას ატომური რეაქტორის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.


წყარო:  Le Monde

როგორ ჩავარდა 9 წლის ბავშვი ლიფტის შახტში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ინასარიძის #2-ში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი 9 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა დღეს ექიმებმა შესაძლებლად მიიჩნიეს, დამატებითი კვლევებისთვის მისი რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა. „როგორც ვიცით, ახლა ამზადებენ გადასაყვანად.“

მოზარდის ახლობლის ინფორმაციით, ლიფტი, რომლის შახტშიც მოზარდი ჩავარდა, დაზიანებული არ ყოფილა:

„როგორც ვიცით, რამდენიმე ბავშვი მეშვიდე სართულზე თამაშობდა, ისინი ლიფტში შევიდნენ და მაღლა წავიდნენ, ეს ბავშვი კი მარტო დარჩა… მან გააღო ლიფტის კარი და ტელეფონით ჩაანათა. სავარაუდოდ, ამ დროს ფეხი დაუცდა და ჩავარდა, თუმცა ზუსტად რა როგორ მოხდა, არავინ იცის“, – გვითხრა ბავშვის ახლობელმა. მისივე ინფორმაციით, ამ კორპუსში ძველი, დაახლოებით 35 წლის წინ დამონტაჟებული ლიფტია და კარი მარტივად იღება.

ბათუმში ძველი, ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლების სამუშაოებს მერია მიმართვის საფუძველზე ამხანაგობებთან თანამონაწილეობის პრინციპით ახორციელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს 17 ძველი ლიფტი გამოცვალეს, რაშიც 1.25 მილიონი დაიხარჯა. 2020 წელს 15-მდე ძველი ლიფტის გამოცვლაა დაგეგმილი. მერიაში ამბობენ, რომ სწორედ ამდენი განცხადება შევიდა მოქალაქეებისგან ლიფტების გამოცვლის მოთხოვნით.

6,5 მილიონი ლარის ნარკოტიკული საშუალებები გავანადგურეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6,6 მილიონი ლარია.

„სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ , 18 კილო და 364 გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი “ჰეროინი”, 981 აბი “სუბუტექსი”, 630 აბი “კოდეინი”, 448 აბი და 5,46 გრამი “მდმა”, 262 კაფსულა და 25 გრამი “პრეგაბალინი”, 218 აბი და 16 გრამი “ტრამადოლი”, 133 აბი “ამფეტამინი”, 5 ამპულა “მორფინის ჰიდროქლორიდი”, 53 გრამი “მეტადონი”, 4,5 გრამი “მორფინი” და 36 გრამი კანაფის ფისი.

სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს“ – აცხადებს შსს.

ფოტო: შსს

 

ბათუმში ლიფტის შახტში 9 წლის ბავშვი ჩავარდა

დღეს, 3 მარტს, ბათუმში, მრავალსართულიანი ლიფტის შახტში, მეშვიდე სართულზე, ბავშვი ჩავარდა. იგი შემთხვევის ადგილიდან ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

ეს არ არის ლიფტთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი ბათუმში. წელს, 14 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან ლიფტი ავარიულად დაეშვა  მაშინ, როცა მასში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორს ექიმების დახმარება დასჭირდა ამბულატორიული წესით.

ამავე თემაზე: 

ლიფტების უსაფრთხოება მხოლოდ მშენებელი კომპანიის სინდისზე

სად წაიღეს საპენსიო ფონდის 235,9 მილიონი ლარი – სააგენტოს განმარტება

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს თანხა ერთ დღეში 235,9 მილიონით შემცირდა.

საპენსიო სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) გახსნილ ანგარიშებზე, 2020 წლის 27 თებერვალს, 254 398 515 ლარი იყო განთავსებული, მეორე დღეს, 28 თებერვალს კი, ეს თანხა 235 995 869 ლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში, საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე მხოლოდ 18 402 646 ლარია განთავსებული.

„საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვალში შეიძინა 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები. საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14.9%-ს, ინვესტიციების ვადიანობა კი გახლავთ 5 წელი. აღნიშნული ინვესტიციები განახორციელა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით წიკლაურმა, რომელიც საინვესტიციო საბჭომ ერთი თვის ვადით დანიშნა. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს [დაახლოებით 4%-იანი განსხვავება გვაქვს სახელმწიფო ობლიგაციების 5-წლიან სარგებლეთან რომელიც 9.5%-ია)“ – მოგვწერეს საპენსიო სააგენტოდან. სააგენტოს განმარტებით, ამ გზით მეტი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, „სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი(ანაბარი) და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა“.

ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოდან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად ვისგან შეისყიდეს სადეპოზიტო სერტიფიკატები, რომელთა შეძენაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ გადაწყვიტა.

სააგენტოს ბოლო მონაცემებით საპენსიო ფონდში 600 მილიონი ლარია. საპენსიო სააგენტოს საბანკო ანგარიშები ეროვნული ბანკის გარდა კიდევ 10 კომერციულ ბანკში აქვს გახსნილი.

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო 2019 წლის ივნისში დაამტკიცა. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ კი ოლივიე რუსო აირჩიეს. ის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

საპენსიო ფონდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შედეგად აკუმულირებული თანხების ერთობლიობას წარმოადგენს. ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა – თუ რა სფეროში/პროექტებში  დაბანდდება ეს თანხა – სწორედ საინვესტიციო საბჭომ უნდა განსაზღვროს. ამ თემაზე: უნდა დაფინანსდეს თუ არა ჰესები და ენერგეტიკული პროექტები საპენსიო ფონდიდან? 

 

 

რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც თინეიჯერების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ კანონი ლიბერალური გახდა და ქვეყანაში „არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ამოქმედდა, სტატისტიკაში არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებელმა იმატა. სტატისტიკის მიღმაც ხშირად გვესმის, რომ „ახალგაზრდებს არავინ სჯის“ და ამიტომაც ხდება ამდენი დანაშაული.

არა მხოლოდ საქართველოში, დანაშაულს ყველაზე ხშირად თინეიჯერები სჩადიან. გლობალური ტენდენციაა ისიც, რომ დასჯასა და კონტროლის გამკაცრებას შედეგი არ მოაქვს. ფსიქოლოგი მაია ცირამუა ჩვენთან საუბარს იმით იწყებს, რომ მოზარდების დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთება ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია. იგი ამ მიმართულებით წარმატებულ სისტემას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, პოლონეთში გაეცნო.

რატომ სჩადიან მოზარდები დანაშაულს და რა შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ თინეიჯერს დანაშაულის ჩადენა აღარ მოუნდეს? – „ბათუმელებმა“ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო მაია, თავდაპირველად გვითხარით იმ ძირითადი ფაქტორების შესახებ, რის გამოც მოზარდი დანაშაულის ჩადენამდე მიდის.

მთავარი რისკფაქტორი კანონთან კონფლიქტში შესვლისთვის არის თავად მოზარდობის ასაკი. თინეიჯერებს ყველაზე მეტად უყვართ გარისკვა, ექსპერიმენტების ჩატარება, ადრენალინის მიღება, საკუთარ თავზე დაკვირვება… ამავე დროს, ისინი ხშირად დაპირისპირებაში არიან უფროსებთან, ცდილობენ, რომ ავტონომიურები გახდნენ, რაც ბუნებრივად ზრდის კონფლიქტის რისკებს – ბავშვი აღარ ხარ და შენი თავი უნდა იპოვო, შენი ადგილი უნდა ნახო. ეს უკავშირდება ბიოლოგიურ პროცესს, რაც ჰუბერტატის ასაკში ხდება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ოჯახი, გარემო, სადაც მოზარდს ურთიერთობა უწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონზე, როცა ამბოხის და რევოლუციის ფაზაშია მოზარდი, როგორ იღებს მას ოჯახი, არის თუ არა იქ სხვა ტიპის პრობლემები. არაერთი შემთხვევაა ბავშვზე ძალადობის ან ბავშვთა უგულებელყოფის.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, ვისთან აქვს ურთიერთობა მოზარდს. ამ ასაკში მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მისი თანატოლები, როგორია მათი ღირებულებები. ხშირად მოზარდი ამ ღირებულებებს უპირობოდ იღებს და მას ძალიან უჭირს თქვას „არა“. თინეიჯერმა იცის, რომ ხშირად ეს უარი შესაძლოა, გარიყვის, მარტოობის ფასად დაუჯდეს.

მაია ცირამუა
  • შეიძლება თინეიჯერმა ჩაიდინოს დანაშაული იმის გამო, რომ ეს მის თანატოლებს მოსწონთ?

კი, ასეთი ბევრი შემთხვევაა, როდესაც მოზარდი უპირობოდ იზიარებს თანატოლების შეხედულებებს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, ვისთან ურთიერთობს მოზარდი: სპორტული კლუბია ეს, ლიტერატურული, თუ სად არის ბავშვი? ძალიან ხშირია, როცა მოზარდი ექცევა თანატოლების დეივაციური ქცევის გავლენის ქვეშ. შესაძლოა, მშობელი აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ ეს არაა ის ჯგუფი, სადაც ის ისურვებდა საკუთარ შვილს, მაგრამ ღია კონფრონტაციაში შესვლა თინეიჯერთან არასდროს მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. ხშირად მშობლები ამ დროს ამკაცრებენ ხოლმე წესებს, რაც შედეგიანი არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზღვრების დაცვა მოზარდთან და სტრუქტურაში ყოფნის აუცილებლობა არ არის და ამაზე უარი უნდა თქვას მშობელმა – დასჯაზე ორიენტირებული მიდგომით ვერც ოჯახი და ვერც სახელმწიფო შედეგზე ვერ გავა.

  • რამდენად არის სიღარიბე არასრულწლოვნებში დანაშაულის ჩადენის რისკფაქტორი? 

არ არის სწორი მიდგომა, რომ ბავშვი, რომელიც სიღარიბეშია, ის აუცილებლად ჩაიდენს დანაშაულს, ისევე, როგორც ბავშვი, რომლის ოჯახშიც ხდება ძალადობა, თავად გახდება მოძალადე, მაგრამ რისკი არის მაღალი. მე მახსოვს შემთხვევა, როცა ბავშვმა მოიპარა ბუცები, რადგან მას ეს არ ჰქონდა. არ ვამბობ იმას, რომ რომელიმე უწყებამ ან თვითმმართველობამ ბუცები უნდა დაურიგოს ბავშვებს, მაგრამ მთავარია, რას ვახვედრებთ ჩვენ თინეიჯერს, როცა ის ქუჩაში გამოდის, რა გარემო ხვდება?

ბევრი რამ ახდენს გავლენას მოზარდზე: ოჯახი, მიკროსოციუმი, სკოლა, რომელიც ხშირად საკუთარ როლს ვერ ხედავს ამ პროცესში, კანონები, რომლებიც მოქმედებს, ზოგადი ფონი, როგორ არის დაცული ბავშვთა უფლებები…

ჩვენთან პირველი, ვინც ხედავს ბავშვს, რომელსაც აქვს პრობლემა, არის პოლიციელი. მანამდე ამ ბავშვს ვერ ხედავს ოჯახი, სკოლა, პედაგოგი, სოციალური სამსახური… ეს ბავშვი  პოლიციელის პირისპირ აღმოჩნდება მაშინ, როცა დანაშაული უკვე ჩაიდინა.

მნიშვნელოვანი როლი დანაშაულის პრევენციაში აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რადგან ადგილობრივ დონეზე უფრო თვალსაჩინოა მოზარდის პრობლემები: როცა გამოდის სახლიდან რა ხვდება? რას აკეთებს? სად ატარებს ძირითადად დროს?

  • რა უნდა გააკეთოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოზარდების დანაშაულის პრევენციისთვის? 

მუნიციპალიტეტის დონეზე შეიძლება არსებობდეს გარკვეული ჯგუფი ან კომიტეტი, არ აქვს მნიშვნელობა, რას დაარქმევენ ამას, მთავარია არსებობდეს ორგანო, სადაც მრგვალი მაგიდის გარშემო შეიკრიბება სხვადასხვა სამსახური: სოციალური, განათლების რესურსცენტრი, სკოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი უწყებები, კულტურის, სპორტის და ასე შემდეგ. არასრულწლოვნის დანაშაული და მისი პრევენცია არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების საქმე. ევროპული მიდგომა აჩვენებს, რომ პრევენციაში თითოეული უწყება საკუთარ როლს ხედავს. ყველა რგოლი უნდა იყოს მოტივირებული, რაც შეიძლება კარგი გარემო შეიქმნას თემში მცხოვრები თინეიჯერისთვის.

უფრო კონკრეტულად რომ წამოვიდგინოთ: პოლიციის ადგილობრივმა განყოფილებამ ყოველთვის კარგად იცის, სად ხდება არაფორმალური შეხვედრები, სად არის მაღალი რისკი, დანაშაულის ჩადენის საათები როდისაა, ვინ არიან ამაში ჩართულები… პოლიცია წარმოადგენს ამ სურათს და მრგვალ მაგიდასთან სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელი მსჯელობს, რა როგორ შეიძლება? რა შეიძლება იყოს ეფექტური სტრატეგია? ამ გარემოში უნდა მოხდეს ამ ე.წ. რთული შემთხვევების შესწავლა, მაგალითად, პოლიციელს აქვს ინფორმაცია მოზარდზე, რომელიც არაფორმალურ შეკრებებშია ჩართული. პოლიციელი მონაცემს იღებს სოციალური სამსახურიდან იგივე მოზარდზე, როგორია ამ მოზარდის ოჯახის მდგომარეობა, მათ შორის, სოციალური? გროვდება მონაცემი სკოლიდან და ასე დგება სამოქმედო გეგმა პრევენციის სამივე დონისთვის.

  • რას გულისხმობს პრევენციის სამი დონე? 

პრევენციის პირველი დონე მიემართება ყველა მოზარდს, მაგალითად, რომ უნდა არსებობდეს სხვადასხვა კლუბი, სპორტული კომპლექსი, საცურაო აუზი… მეორე დონის პრევენცია მიმართულია კონკრეტულ თემზე ან მოზარდზე, როცა ცნობილია, რომ არსებობს კონკრეტული რისკი კონკრეტულ დასახლებაში, ან, მაგალითად, ვიცით მოზარდი, რომელიც სკოლაში არ დადის… ასეთ დროს ამ მოზარდებს კონკრეტული შეთავაზება უნდა მიაწოდო. პრევენციის მესამე დონე მაშინ გვაქვს, როცა მოზარდმა უკვე ჩაიდინა დანაშაული. ჩვენთან მხოლოდ მესამე დონე არსებობს მედიაციის და განრიდების პროგრამის სახით. მანამდე, პირველ და მეორე დონეზე, ჩვენ ვერაფერს ვთავაზობთ მოზარდებს.

მესამე დონეზეც თვითმმართველობა უნდა ხედავდეს საკუთარ როლს. არის შემთხვევები, როცა პრობაციის სამსახურს განრიდების პროგრამის ფარგლებში რომელიმე მოზარდის ჩართვა სურს კონკრეტულ სერვისში და აღმოჩნდება, რომ ასეთი სერვისი არ არსებობს. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მხოლოდ ერთი უწყების ვალდებულებაა ყველაფერი.

  • შესაძლოა, მუნიციპალიტეტის პოზიცია იყოს ის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი არ ეყოფა, მაგალითად, შესაბამისი კლუბების მოწყობას…  

ფინანსები არსებობს, პრობლემა ამ ფინანსების მიზნობრივი და ეფექტური გამოყენებაა… ევროპის ქვეყნებში და, მათ შორის, პოლონეთში ყველგან ყველაზე აქტიურია ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პროცესში, რადგან ის ყველაზე უკეთ ხედავს ამ საჭიროებებს.

მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფში მყოფი მოზარდების ჩართვა მოხდეს და ამას არ სჭირდება განსაკუთრებული ფინანსები, მაგალითად, ბათუმშიც არსებობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. რამდენად აქვს ჩართვის შესაძლებლობა მას, ვისაც ამის საჭიროება აქვს? არსებობს თუ არა კვოტა? მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოზარდების ჩართვის საჭიროებას, რადგან ოჯახს შესაძლოა ჰქონდეს ტელევიზორი და მაცივარი, მაგრამ არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ბავშვი ატაროს ხატვის წრეზე, ფეხბურთზე და ასე შემდეგ.

  • კონკრეტულად პოლონეთში როგორ მუშაობს ეს სისტემა? 

თვითმმართველობის დონეზე არსებობენ კოორდინატორები, რომლებსაც აქვთ ძირითადად იგივე ფუნქცია, რაც ჩვენს სოციალურ მუშაკებს. ეს კოორდინატორები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით: ერთი მუშაობს ინფორმაციის მოძიების, შეფასების და რეფერირების კუთხით, ვიღაც სერვისს აწვდის, სხვა კოორდინატორი ოჯახში შედის და იქ მუშაობს. მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი არის ძალიან კარგად კოორდინირებული.

არსებობს ასევე დაწესებულება, სადაც მიჰყავთ არასრულწლოვანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. აქ მიდის მუშაობა ყველა იმ დეფიციტზე, რაც დანაშაულებრივი ქცევის წინაპირობას წარმოადგენს, სხვადასხვა სოციალური უნარების სწავლება და ასე შემდეგ. ეს დაწესებულება დახურული არ არის და ბავშვი ინტეგრირებულია გარესამყაროსთან.

პოლონეთში ამ სისტემაში, რასაც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია ჰქვია, ყველა უწყება ხედავს საკუთარ როლს. შესაძლოა, ბიუჯეტი იყოს, მაგალითად, თვითმმართველობის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი, განათლებამ ხელი დაიბანა.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ მოზარდს, რომელიც ანტისოციალურ ქცევას ავლენს, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს რაღაც. რა ფორმით არის ეს შესაძლებელი? 

წარმოვიდგინოთ არაფორმალური დაჯგუფებები, მაგალითად, ფიგურალურად ვამბობ: ბავშვები, რომლებიც იკრიბებიან მიტოვებული ფაბრიკის ტერიტორიაზე, რას იღებს ბავშვი აქ? – აქ მოდის იმიტომ, რომ აქვს მიკუთვნებულობის განცდა კონკრეტული ჯგუფისადმი, სადაც მას აღიარებენ, უსმენენ, აქ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა და გარდა ამისა, აქ არის თავგადასავალი, რაც მას სჭირდება. მოდით, ავიღოთ მეორე დაჯგუფება, რაც ჩვენს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, პოზიტიური დაჯგუფებაა – დაჯგუფებას ვერ დავარქმევთ, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული – „წიგნების თარო“. აქაც ბავშვები ზუსტად იმას იღებენ, რასაც ფაბრიკის ტერიტორიაზე, აქაც ეძლევა საშუალება, რომ იყოს ფიგურა, აქაც არის თავგადასავლი, ადრენალინი, რაც ასე ძალიან სჭირდება თინეიჯერს.

რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდული და პოზიტიური კულტურა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ. ვიღაცას შეიძლება ლიტერატურა არ უყვარს და აინტერესებს სპორტი ან ცეკვა, ან ანდერგრაუნდული მუსიკა უყვარს. მოზარდს ისედაც არ უდგება ოჯახში გული, თანატოლებთან ურჩევნია, ამას ემატება კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, სიღარიბე და ის გადის ქუჩაში – გადის და რა ხვდება?

მე მოგიყვებით ერთ მაგალითს: ამერიკის ერთ-ერთი შტატის კონკრეტულ უბანში არასრულწლოვანებში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელმა იმატა. იმ პრინციპით, რაზეც მე გესაუბრეთ, იკვლიეს, რა იყო ამის სავარაუდო მიზეზი. დადგინდა, რომ, ძირითადად, დანაშაულის ჩადენის მაღალი მაჩვენებელი იყო საღამოს საათებში: დანაშაულს სჩადიოდნენ ის მოზარდები, რომლებსაც მარტოხელა დედები ზრდიდნენ და ეს დედები საღამოს ცვლაში მუშაობდნენ. შეისწავლეს ეს მონაცემები და მიიღეს გადაწყვეტილება, ამ უბნის ბნელი ადგილის ნაცვლად, მოზარდებისთვის დაეხვედრებინათ კალათბურთის განათებული სტადიონი – მოზარდები ღამის კალათბურთში ჩაერთნენ. რამდენიმე თვეში ამ უბანში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელმა 30 პროცენტით იკლო. ზუსტად ასეთი მიდგომაა საჭირო, თუკი ვსაუბრობთ პრევენციაზე.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის სარდაფში, მარიხუანას მოსაწევი ატრიბუტიკა და შპრიცები აღმოაჩინეს.

ქობულეთში კოლეჯის შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1,6 მილიონი დაიხარჯება

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კოლეჯ „ახალი ტალღას“ შენობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 624 966 ლარია გამოყოფილი და ტენდერიც არის გამოცხადებული.

შენობის რეაბილიტაცია გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 19 მარტს დაიწყება და 24 მარტს დასრულდება.

გათვალისწინებულია შენობის კედლების, იატაკის, სახურავის, კიბეების, კარ-ფანჯრების, სახანძრო სისტემების რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც თან ახლავს სატენდერო წინადადებას.

ქობულეთის კოლეჯი „ახალი ტალღა“ / სარეაბილიტაციო პროექტიდან

 

 

რა არის ინდოეთის ოკეანეში დელფინების 80 პროცენტით შემცირების მიზეზი

ინდოეთის ოკეანეში მცხოვრები დელფინების 80%-ზე მეტი შესაძლოა კომერციული თევზაობისას დაიღუპა, წერს „გარდიანი“ კვლევაზე დაყრდნობით. კვლევა ასევე ამბობს, რომ 1950 წლიდან მოყოლებული თინუსზე თევზაობისას ბადეში ჯამში 4 მილიონი მცირე ზომის ზღვის ძუძუმწოვარი გაება. სწორედ ამან გამოიწვია ინდოეთის ოკეანში დელფინების 80%-ით შემცირება. ბოლო წელს თევზაობისას დაჭერილი ზღვის ძუძუმწოვრების, ძირითადად დელფინების, რიცხვი 80 000-ს აღწევს.

Endangered Species Research-ის  [საფრთხეში მყოფი სახეობების კვლევა] ავტორები ამბობენ, რომ ინდოეთის ოკეანეში მოუწესრიგებელი თევზჭერა გადაუჭრელი პრობლემაა ზღვის ძუძუმწოვრებისთვის.

ირანი, ინდონეზია, ინდოეთი, შრი-ლანკა და პაკისტანი – ის ქვეყნებია, რომლებიც ყველაზე მეტ თევზს დიდი სათევზაო ბადით იჭერენ ოკეანეში. ომანთან, იემენთან, საამიროებთან და ტანზანიასთან ერთად, სწორედ ამ 9 ქვეყანაზე მოდის დელფინჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

დოქტორი პუტი ლიზა მასტიკა, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ ასეთ პირობებში ზღვის ძუძუმწოვრების უმეტესობა უბრალოდ დაიხოცება:

„ეს მტკივნეული სიკვდილია, დელფინები ჭკვიანი არსებები არიან, მაგრამ იმის გამო, რომ ბადე ძალიან თხელია, დელფინები მას ვერ აღიქვამენ.

გამოსავალი, ალბათ, ტექნოლოგიებია. უნდა გამოვიყენოთ ისეთი სათევზაო აღჭურვილობა, რომელიც უფრო შეესაბამება ამ სიტუაციას. თევზაობის აკრძალვა გამოსავალი ნამდვილად არ იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის”.

კვლევის ავტორები ასევე ამბობენ, რომ კონტროლის გაზრდა პორტებში და დისტანციური ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს მსგავსი პრობლემების თავიდან აცილებას.

_________________

მთავარი ფოტო : Amanda Cotton/Alamy Stock Photo

Exit mobile version