მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რამდენად არის მზად ბათუმის ინფექციური და როდის მივმართოთ მას – კორონას პრევენცია

27.02.2020 • 2522
რამდენად არის მზად ბათუმის ინფექციური და როდის მივმართოთ მას – კორონას პრევენცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 27 თებერვალს, დაფიქსირდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თბილისის გარდა ინფექციური საავადმყოფოები ბოქსირებული განყოფილებებით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც არის. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ბოქსირებული და 1 ნახევრადბოქსირებული განყოფილებაა. თითოეულ ასეთ განყოფილებაში თავსდება ერთი პაციენტი.

ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე განმარტავს, რომ “ეს არის განყოფილება სრულად იზოლირებული შესასვლელით, იზოლირებული სველი წერტილით და არის უარყოფითი წნევის ქვეშ”.

  • ბატონო დავით, როდის უნდა მომართოს ადამიანმა თქვენს ინფექციურ საავადმყოფოს?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ოჯახის ექიმს რაიმე გამოვლინება აქვს, ოჯახის ექიმი ვერ მართავს ამ გამოვლინებას და გადმოაგზავნის ჩვენთან, ან როცა სასწრაფო დახმარების ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტი საავადმყოფოშია გადასაყვანი.

ცხადია, უფლება აქვთ პირდაპირ მოვიდნენ ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ რომ არ გადაიტვირთოს და არ მოხდეს ისე, რომ ნამდვილად ვისაც სჭირდება, იმათ ვერ გავუწიოთ დროული დახმარება, სჯობს, პირველ რიგში, მიმართონ ოჯახის ექიმს.

მინდა განვმარტო, ეს [კორონავირუსი] არ არის განსაკუთრებული ინფექცია. ეს არის ისეთივე ვირუსული ინფექცია, როგორიც იყო წინა წლებში და მიმდინარეობს გაცილებით ნაკლები ლეტალობით, ვიდრე, მაგალითად, ფრინველის გრიპი, “ღორის” გრიპი, ებოლა და სხვა. რა თქმა უნდა, ყოველი ლეტალური შემთხვევა ძალიან ცუდია იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვინც ამ პროცენტში მოხვდა. უბრალოდ რომ შევადაროთ – თუ იქ ლეტალობა იყო 15-16%, აქ ეს მაჩვენებელი 2,3%-ია. პანიკა უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს, ვიდრე ის, რომ სწორად წარვმართოთ პროცესები.

ახლა მოვდივარ თათბირიდან, გათვლილია ყველა რგოლის ყველა მოქმედება, ყველა წამი – რომელმა სამსახურმა, როგორ უნდა იმუშაოს. პანიკის საფუძველი არ არის.

  • როგორ არის აღჭურვილი ბათუმის ინფექციური საავადმყოფო?

არავითარი ზედმეტი აღჭურვილობა არ სჭირდება მედპერსონალს. ნუ უყურებთ იმას, რომ აჩვენებენ კომბინიზონში ჩაცმულ მედპერსონალს. მედპერსონალს სჭირდება სახის დამცველი ფარი, სახეზე სჭირდება პირბადე და ხელთათმანები ხელზე. ეს ყველა ექიმს აქვს. თუკი მედპერსონალი არ ატარებს რაიმე მანიპულაციას პაციენტთან და არ ხდება ზონდირება, ბრონქოსკოპია ან სხვა მანიპულაცია, მას არ სჭირდება არავითარი ზედმეტი ეკიპირება.

თუკი სადმე პირბადეების მარაგი ამოიწურა, ამაზე ზრუნავს მთავრობა და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს შეივსება ყველა მარაგი.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ბოქსირებული და 1 ნახევრადბოქსირებული პალატაა. აქ მოთავსდება მხოლოდ ის პაციენტი, რომელიც არის საეჭვო ან გვაქვს დადასტურება ამ დაავადებაზე და არა უბრალოდ მოსული პაციენტი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა. პირველ რიგში აქ მოიაზრება რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანები, ანუ ადამიანები, რომლებიც უახლოეს წარსულში იყვნენ ირანში, იტალიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. თუკი მათ რაიმე გამოვლინება აქვთ, ბოქსები განკუთვნილია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის.

პირველ რიგში ბოქსირებული განყოფილებები განკუთვნილია შესაძლო შემთხვევების ან დადასტურების, ან იმისთვის, რომ მოეხსნას ეს დიაგნოზი. ჯერჯერობით, ყველანაირად მზად ვართ.

  • რამდენად საკმარისია ბოქსირებული განყოფილებების ეს რაოდენობა?

თუ შემთხვევების რაოდენობა იმატებს, მაშინ ინფექციური საავადმყოფო მთლიანად ბოქსირებულ განყოფილებად გადაიქცევა და მოვემსახურებით ერთდროულად 30-32 პაციენტს.

  • კორონავირუსზე პაციენტის კვლევები და შესაბამისი მომსახურება ფასიანია?

ჯერჯერობით ფასიანია. რამდენადაც ვიცი, ამჟამად არავითარი შესაბამისი განკარგულება არ გვაქვს. ეს ჩვენთვისაც მტკივნეული საკითხია, მაგრამ ამბულატორიულ მომსახურებას (ექიმის, ექთნის მომსახურება, ანალიზები) და სტაციონარულ მკურნალობას აქვს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული პრეისკურანტი.

ფასი არაფერზე შეცვლილა, რაც აქამდე იყო ვირუსული ინფექციის თუ სხვა შემთხვევაში საჭირო პროცედურებზე – არის იგივე. თუ სახელმწიფო გასცემს ბრძანებას, რომ მოვემსახუროთ უფასოდ, არც მაგის პრობლემა გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ვიმსახუროთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. თუ კიდევ დადასტურდება, რომ არის კორონავირუსი, ვფიქრობ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ხარჯს და მკურნალობა უფასო იქნება.

კორონავირუსის შესამოწმებლად ანალიზის გადაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში უფასოა, მაგრამ ეს კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა შემთხვევა დაფიქსირებულია როგორც შესაძლო ან დასადასტურებელი.

_____

კორონავირუსი ვრცელდება დაავადებული პირისგან ვირუსის წვეთოვანი გზით გავრცელებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ასევე, ოთახების სველი წესით დამუშავება და ხშირი განიავება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის კორონავირუსის შემთხვევების მართვისა და პრევენციისთვის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: