მთავარი,სიახლეები

„მე არასდროს ვნებდები“ – მოჭიდავე ამირან შავაძე ტრავმებსა და ტრიუმფით დაბრუნებაზე

04.03.2020 • 4029
„მე არასდროს ვნებდები“ – მოჭიდავე ამირან შავაძე ტრავმებსა და ტრიუმფით დაბრუნებაზე

ნახევარსაათიანი ინტერვიუსას ყველაზე ხშირად თქვა ფრაზა – „არ მიყვარს დანებება“. 26 წლის ამირან შავაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 2019 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2020 წლის თებერვალში კი მან რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მძიმე ტრავმების, ოპერაციის და თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მისგან ამ შედეგს არავინ ელოდა. თავად კი ამბობს, რომ სჯეროდა საკუთარი თავის და ოჯახის წევრების, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერდნენ და ეუბნებოდნენ – შენ შეგიძლია.

და მან მართლაც შეძლო.

ამირან შავაძის ისტორია – ხულოს პატარა სოფლიდან ევროპის ჩემპიონატამდე 

„დავიბადე ხულოში, სოფელ ირემაძეებში. მეხუთე კლასამდე სოფელ ირემაძეების  სკოლაში დავდიოდი. მეორე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მიმიყვანა პირველად ჭიდაობაზე. ჩვენი სოფლიდან მოშორებით, სოფელ დიდაჭარაში იყო ჭიდაობის მწვრთნელი ლევან შავაძე და იქ დავდიოდი.

ბევრი წარმატება მქონდა. ვიმარჯვებდი საქართველოშიც და საერთაშორისო ტურნირებშიც. ორჯერ საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი ვარ პატარებს შორის. წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, კარგი შედეგები მქონდა იმ დროს.

შემდეგ ბათუმში გადავიდა ჩვენი  მწვრთნელი, ლევან შავაძე და სოფელში ვინც იყო წარმატებული ჭიდაობაში, ყველა გადაჰყვა ბათუმში. სოფელში უკვე აღარ იყვნენ ისეთი პარტნიორები, როგორიც მე მჭირდებოდა. მალე ჩემი მშობლებიც ბათუმში გადავიდნენ და მეც წამიყვანეს.

სიმართლე გითხრათ, იმიტომ წავედით, რომ ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე სოფელში. სოფელში რთული იყო, შორს ვცხოვრობდით, დარბაზში ფეხით გვიწევდა სიარული. გაკვეთილების შემდეგ, ერთი საათი ფეხით რომ დარბაზში მიდიხარ, სამი საათი რომ ივარჯიშებ და კიდევ ფეხით ბრუნდები, ძალიან რთულია ეს ყველაფერი.

რთული დრო იყო, ბევრს ვვარჯიშობდით, ბევრს ვშრომობდით, შეჯიბრებებზე გამოვდიოდით. თუმცა ეს გამოცდილება არის საფუძველი იმის, რომ მე დღეს აქამდე მოვედი. როდესაც საფუძველი გაქვს ძლიერი, მყარად ხარ. იმ ვარჯიშმა, წვრთნამ, რომელიც ბავშვობაში გამოვიარე, მომიყვანა  ჩემს ახლანდელ შედეგამდე.

სხვათა შორის, ძალიან ძლიერი და წარმატებული ბიჭები არიან ხულოდან, კერძოდ, დიდაჭარა – ირემაძეებიდან. აქედან არიან მსოფლიოს ჩემპიონები: ლაშა გობაძე და გელა ბოლქვაძე, ძალიან ძლიერი სპორტსმენები.

ბათუმში უკეთესი პირობები დამხვდა – სოფელთან შედარებით უკეთესი დარბაზი.

ახლანდელი წარმატება, ჯერ საქართველოს ჩემპიონობა და შემდეგ ევროპაზე გამოსვლა, ყველასთვის მოულოდნელი იყო. მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ იმედი არასდროს არ დამიკარგავს, რომ მე შევძლებდი ამის გაკეთებას.

ტრავმები გადავიტანე. ოპერაცია გავიკეთე, დიდი დრო დამჭირდა, რომ სპორტში დავბრუნებულიყავი და ამისთვის მიმეღწია.

2016 წელს ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის, მინდოდა იქ მოვხვედრილიყავი. წავედი ტარიელ შავაძესთან მოსამზადებლად გერმანიაში. ტარიელი ბიძაა ჩემი, ასევე ჩემი პირადი მწვრთნელი. კარგად ვიყავი მომზადებული. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატამდე სამი კვირით ადრე წელის ტკივილი დამეწყო. იმდენად ძლიერი იყო ეს ტკივილი, ექიმთან წავედი. ექიმმა მითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა, მე ვერ გავაგრძელებდი ვარჯიშს და ჩემს მდგომარეობაში არ შეიძლებოდა ჭიდაობა ჩემპიონატზე.

2016 წლიდან დავიწყე მკურნალობა. პირველი ორი წელი ვმკურნალობდი, მაგრამ უშედეგოდ. ოპერაციას არ ვიკეთებდი, ექიმები მეუბნებოდნენ, თუ ოპერაციას გაიკეთებ, ვეღარ იჭიდავებო. როცა საქართველოში ექიმებმა ყველა იმედი გადამიწურეს, ბიძაჩემმა მომკიდა ხელი და გერმანიაში წამიყვანა. მადლობელი ვარ მისი – ყველანაირად გვერდით დამიდგა მაშინ. უძლიერესი ექიმი მიპოვა, რომელიც თავად იყო ყოფილი მოჭიდავე. როდესაც მნახა ამ ექიმმა, დამაიმედა – კიდევ შეძლებ ჭიდაობის გაგრძელებასო. ის იყო ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე, როდესაც ოპერაცია გავიკეთე და შედეგად, აი, დღეს დავბრუნდი ჭიდაობაში.

როგორ ვიპოვე ძალა დასაბრუნებლად? – როგორც გითხარით, ბავშვობიდან ჩემი ჭიდაობის სტილი ძალიან ბევრს მოსწონდა, ტურნირს უმედლოდ არ ვტოვებდი, თავდაჯერებული ვიყავი, რომ მე ეს შემეძლო. უცებ მოხდა ტრავმა ჩემს ცხოვრებაში და აღმოვაჩინე, რომ ფიზიკურად აღარ შემიძლია ჭიდაობა. ფსიქოლოგიურად ცუდად გავხდი. ძალიან ვინერვიულე. მალევე დავიწყე გამოსავლის ძიება სპორტში დასაბრუნებლად. მინდოდა ჭიდაობისას შიში აღარ მქონოდა. როდესაც რაღაც  გაწუხებს, რთულია იჭიდაო. მით უმეტეს, ეს ისეთი სპორტია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრავმას.

მთელი ეს წლები, რაც საჭიდაოდ არ გამოვსულვარ, ძალას მაძლევდა იმის ჟინი, რომ მე არ მიყვარს ცხოვრებაში დანებება. მიზანს რასაც დავისახავ, ვცდილობ ბოლომდე მივაღწიო და არ დავნებდე. არასდროს არ დავნებდე.

ჩემი ხასიათი არის არდანებება.

ტრავმა რომ მქონდა, სუსტად ვგრძნობდი თავს. შეჯიბრებაზე კი ყოველთვის მინდოდა მაქსიმუმი მეჩვენებინა. „ეს ბიჭი არ ნებდება“, – სულ ამბობდნენ ამის გამო ჩემზე.

შეჯიბრება რომ მოახლოვდებოდა, მარტო მაშინ მივდიოდი დარბაზში და ბიჭები მეკითხებოდნენ, ასე რატომ აკეთებო. ხშირად ვერ დავდიოდი დარბაზში, რადგან ყოველთვის მიჭირდა ვარჯიში ტრავმის გამო.

ახლაც, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩამოვედი. არ იცოდა ბევრმა, გერმანიაში რომ ვემზადებოდი. ჩამოვედი. აუ, შენ ახლა მოხვედი? შეჯიბრება გვაქვს ორ დღეში. მე ვუთხარი, კი, მზად ვარ. ვვარჯიშობდი, ვემზადებოდი.

როცა გამოვედი და მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი, ყველა ბიძაჩემს, ტარიელ შავაძეს ეკითხებოდა, როგორ მოამზადე, ეს როგორ შეძელიო. ასეთი რა გაუკეთე, რომ ჩამოვიდა, შანსი არ დაუტოვა არავის და ისე გაიმარჯვაო.

ნებისყოფა მაქვს ძლიერი, ასე ვიტყვი. ბოლომდე მინდა, რომ ვიბრძოლო.

ამირან შავაძე ევროპის ჩემპიონატზე რუსი ჯამბულატ ლოკაევის დამარცხების შემდეგ
ფოტო: საქათველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

განსაკუთრებული გამარჯვება? – ჩემი განსაკუთრებული გამარჯვება ბოლო გამარჯვებაა – ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მოგება. ეს იყო  ნამდვილად დაუჯერებელი. ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი. მინდოდა, მედალი ამეღო და გამარჯვების ბედნიერება შემეგრძნო.

მე წარმატებები მქონდა პატარა ასაკში. მიჩვეული ვიყავი საქართველოს ჩემპიონატებზე ხშირად გამარჯვებას, საერთაშორისო ტურნირებს რომ მედლის გარეშე არ ტოვებ, უკვე მიჩვეული ხარ და წარმატება არ არის უცხო. როდესაც ამ ყველაფერს უცებ ეშვები, ოთხი წელი ვერ ჭიდაობ, დრო გადის, არანაირი წარმატება არ გაქვს, ამ დროს უცებ დაბრუნდები და ევროპის ჩემპიონატზე მედალს იღებ… ეს იყო უდიდესი წარმატება ჩემთვის. არ ვიცი, როგორ აღვწერო.

ბოლო მომენტი მახსოვს. 6:6 იყო, რუს მოჭიდავეს ვხვდებოდი ევროპის ჩემპიონატზე. მწვრთნელები გარედან ყვირიან, დარჩა ერთი წუთი. კარგი ქულები მქონდა და ვიგებდი. 1 წუთი მაშორებდა ამ 6:6 ანგარიშის შენარჩუნებას და გამარჯვებას. ტაბლოს ვუყურებდი, ვფიქრობდი – რა მოხდება, დრო მალე გავიდეს. სხვათა შორის, როცა გინდა დრო მალე გავიდეს, ძალიან ნელა გადის. ათი წამი რომ დარჩა, უკვე განვიცდიდი ბედნიერებას შინაგანად, მაგრამ მაინც არ მჯეროდა და დაძაბული ვიყავი ბოლო წამამდე, სანამ ის მეექვსე წუთი არ გავიდა. ბოლოს, როცა სასტვენის ხმა გაისმა, ეგ იყო ჩემი გამარჯვების სასტვენი. ეს ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო.

ახლა ჩემი მთავარი მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიაა. 21 მარტს ჩატარდება უნგრეთში სალიცენზიო ტურნირი – ფინალში უნდა მოვხვდე, პირველ ან მეორე ადგილზე უნდა გავიდე, ოლიმპიადის ლიცენზია რომ მოვიპოვო.

არ იქნება ადვილი, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებ, რადგან მე არასდროს ვნებდები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: