ბათუმში 3 პირი ინფექციურში გადაიყვანეს – COVID19

ბათუმში, თვითიზოლაციაში მყოფი სამი ადამიანი, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ არ აღენიშნებათ ტემპერატურა. „ანალიზები აღებულია და ველოდებით პასუხს“-აცხადებენ სამინისტროში.

ამავე თემაზე:

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 30-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 30-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 30-მდე გაიზარდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერზე stopcov.ge არის გამოქვეყნებული.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა იყო დადასტურებული. ბოლო ახალი 5 შემთხვევაც იტალიასთანაა კავშირში.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 პაციენტი, 54 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ტურიზმის სფეროში საგადასახადო ვალდებულებების გადახდა გადავადდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული [4 თვის] ვალდებულების გადახდის გადავადება, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე [სასტუმრო, ჰოსტელი] ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.

„შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე“ – განაცხადა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის (ელექტრონული ფორმით) წარდგენით, რომელიც ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის 16 მარტიდან იქნება.

ლევან დგებუაძემ გადასახადების გადამხდელებს, კიდევ ერთხელ მოუწოდა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისათვის, მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გადამხდელებს შეუძლიათ დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გაეცნონ ან ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის სერვისით [2 299 299].

ლარი დოლართან მიმართებით ბოლო ხუთ დღეში 22 თეთრით გაუფასურდა

ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით, ბოლო ხუთ დღეში, 22 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით – 20 თეთრით გაუფასურდა.

2020 წლის 9 მარტს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან იყო 2,77, ხოლო ევროსთან – 3,13. დღეს, 14 მარტს, იგივე მაჩვენებელი არის, შესაბამისად – 2,99 და 3,34.

წყარო: ეროვნული ბანკი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ლარის ეს ოფიციალური გაცვლითი კურსი უცხოური ვალუტის მიმართ 16 მარტის 17 საათამდე შენარჩუნდება.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი, 1 აშშ დოლარის შესაძენად, დღეს, 14 მარტს, მინიმუმ 3,02 ლარია საჭირო.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელება დაასახელა. ბანკმა განცხადება 12 მარტს გააკეთა:

ანალოგიური განცხადება გააკეთა გუშინ, 13 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.

გიორგი გახარიას თქმით, ლარის გაუფასურება – ეს არის ვალუტის რეაქცია COVID-19-ის პანდემიაზე, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ:

2020 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

10 მარტს კი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

 

 

 

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: აჭარა ტვ-ში “პარასკევ საღამოს გათავისუფლება ტრადიციად იქცა”

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამჯერად აჭარის მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პროცესი შეფასებულია, როგორც პოლიტიკური ზეწოლა:

“პარასკევ საღამოს გათავისუფლებები ტრადიციად იქცა აჭარის ტელევიზიისთვის. ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელიც ახმოვანებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობებს.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”  მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა”.

აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია -“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” უკვე მესამედ გამოეხმაურა, თუმცა, ეს განცხადებები  არც ერთხელ არ აღმოჩნდა ბარიერი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტისთვის.

მაუწყებლის ახალარჩეული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე ტელევიზიიდან 13 მარტს, პარასკევს, სამუშაო დღის ბოლოს გაათავისუფლეს.

ლევან ვარშალომიძე ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დანიშნა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დაინიშნა. ბრძანება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 12 მარტს გამოსცა.

ლევან ვარშალომიძეს უკრაინაში აქვს განათლება მიღებული. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი იყო აჭარაში. 2004 წელს იგი აჭარაში სწორედ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და განაცხადა, რომ ვარშალომიძე მისი მეგობარი იყო.

ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობას ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირობებში ხელმძღვანელობდა, 2004 წლიდან 2012 წლამდე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ლევან ვარშალომიძე, ისევე როგორც ენმ-ის წევრების უმრავლესობა აჭარაში, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა.

2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ლევან ვარშალომიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა მან არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მოკლე ხანში თქვა უარი დეპუტატის მანდატზე, თუმცა უმაღლესი საბჭო ოფიციალურად ორი თვის შემდეგ დატოვა განცხადების საფუძველზე და იმის მიუხედავად, რომ იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია, 2016 წლის დეკემბერში ვარშალომიძემ 4290 ლარი მიიღო ხელფასისა და დანამატის სახით. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაცით, ხელფასი ვარშალომიძემ იანვარშიც მიიღო.

ბათუმში კორონავირუსი 5 პირიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი 5 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ხუთი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს კორონავირუსის სიმპტომებით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ევროპაში იმყოფებოდნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58. 

„აგროჰაბი“ მომხმარებელს – დავიცვათ ჰიგიენის წესები და გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას

იმისთვის რომ „აგროჰაბში“ სტუმრობა იყოს უფრო დაცული, თითოეულ ჩვენს სტუმარს ვთხოვთ ზედმიწევნით დავიცვათ ჰიგიენის რეკომენდირებული წესები:

აგროჰაბის სამივე ფილიალის შესასვლელში განთავსებულია სადეზინფექციო სითხე და ერთჯერადი ხელთათმანები 

[checklist]

  • დაიმუშავეთ ხელები მარკეტში შესვლისას და გამოსვლისას
  • ისარგებლეთ ხელთათმანებით
  • ნუ შეეხებით შეუფუთავ პროდუქტს ხელთათმანის გარეშე

[/checklist]

ჩვენთან ყოველდღიურად ტარდება სადენზიფიქციო სამუშაოები!

დღის განმავლობაში სისტემატურად სადეზინფექციო ხსნარებით იწმინდება დახლები, მაგიდები და ყველა სხვა ზედაპირი. 

თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს. გასულ პარასკევს ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას შრომითი უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, დღეს მიღებული ბრძანებით კი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბრძანება, რომლითაც თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს, აღნიშნულია, რომ თეონა ბაკურიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – გიორგი აბაზაძეს შეუშალა ხელი მუშაობაში. „თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით და შრომითი შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას…“ ბრძანების მიხედვით, თეონა ბაკურიძემ „ასაკობრივი ნიშნით შებღალა მისი ღირსება და პატივი, აბუჩად აიგდო“.

თეონა ბაკურიძეს გასული კვირის პარასკევს უფლებამოსილება მას შემდეგ შეუჩერეს, როცა ნიუსრუმში ჟურნალისტებმა ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან – გიორგი აბაზაძესთან იკამათეს.  მაუწყებლის ჟურნალისტების თქმით, ნიუსრუმიდან გიორგი აბაზაძე რადიოს შენობაში გადავიდა, ხოლო შემდეგ იგი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ კლინიკაში მაღალი არტერიული წნევის დიაგნოზით გადაიყვანა. ორშაბათს, ანუ 9 მარტიდან თეონა ბაკურიძის ადგილი გიორგი აბაზაძემ დაიკავა.

აქ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა – 9 მარტს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა გიორგი აბაზაძემ ჟურნალისტს თეონა თურმანიძეს შესთავაზა. ჟურნალისტმა თანხმობა პირდაპირ ეთერში, დღის სამ საათზე გამოაცხადა. მალევე გიორგი აბაზაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას თავად წაიყვანს.

გიორგი კოხრეიძე თავისი დირექტორობის დროს პირველივე ეთერში დაუპირისპირდა და უყვირა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს – თეონა ბაკურიძეს. 22 ნოემბრის ეთერში გიორგი კოხრეიძემ წამყვანს უთხრა, რომ საჯარო მოხელეების აჭარის ტელევიზიაში არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა.

გიორგი კოხრეიძემ თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება 6 მარტს შეუჩერა. მიზეზი დისციპლინური მოკვლევა იყო, რომელიც ტელევიზიის ნიუსრუმში კამათის შემდეგ დაიწყო. იმავე დღეს გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილება „ცალსახად უკანონოდ“ შეაფასეს: „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“. ბრძანებაში არაა განმარტებული, კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით შეუზღუდეს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობა. იურისტების განმარტებით, დისციპლინური საქმისწარმოების დასრულებამდე სამართლებრივად შეუძლებელია ტელევიზიის თანამშრომლისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა.

თეონა ბაკურიძემ უკვე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებაზე სასამართლომ უარი თქვა – თეონა ბაკურიძე გიორგი კოხრეიძის მიერ უფლებამოსილების შეჩერებაზე მიღებული ბრძანების გაუქმებას ითხოვდა.

მსგავსი მოთხოვნა, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ბათუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი კოხრეიძეს დაუკმაყოფილა – ეს გასული წლის 23 სექტემბერს მოხდა, როცა მოსამართლე კობა გოცირიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი რიგით მეოთხე კონკურსი შეაჩერა. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორი თვითონ იყო და მრჩეველთა საბჭოს უჩივლა. მაშინ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა თქვეს, რომ სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენეს.

გასული კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას. ანგარიშში, სადაც აჭარის მაუწყებელში გასული წლის აპრილში დაწყებული პროცესების შესახებაც წერია, აღნიშნულია: „2019 წლის დეკემბერში ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს და ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორი მათ სამუშაო პროცესში ერეოდა და ცდილობდა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, მის გარშემო განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს ქვეყნის მედიაგარემოზე“.

COVID 19-ის რუკებით იპარავენ მონაცემებს – კიბერდანაშაულის საფრთხე 

კიბერკრიმინალები კორონავირუსის ფართოდ გავრცელებით გამოწვეული ქაოსითა და გაზრდილი მღელვარებით სარგებლობენ და ინტერნეტმომხმარებლების პირადი მონაცემების დასაუფლებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

„აქტიურად ვრცელდება მავნე ფაილები, რომლებიც თავს COVID 19-ის კარტოგრაფიული რუკების ლეგიტიმურ აპლიკაციად ასაღებენ, რეალურად კი სისტემაზე დაინსტალირების შემდეგ, მომხმარებლისგან იპარავენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ვებბროუზერებში დამახსოვრებული ე.წ. „ბროუზინგის“ ისტორია და „Cookie“ ჩანაწერები, მომხმარებლის სახელები და პაროლები, საკრედიტო ბარათების მონაცემები და სხვადასხვა კრიპტოგრაფიული გასაღები”, – ამის შესახებ ინფორმაციას მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი ავრცელებს.

როგორც კიბერუსაფრთხოების მკვლევარები იტყობინებიან, გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც ზემოხსენებული მავნე პროგრამები ოპერაციულ სისტემაში ქმნიან ახალი მომხმარებლის ანგარიშს დამალული სტატუსითა და ადმინისტრატორის უფლებებით, შემდეგ კი RDP პროტოკოლოს მეშვეობით ააქტიურებენ დისტანციური მართვის საშუალებებს.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT-GOV-GE -ს რეკომენდაციით, კორონავირუსის (COVID 19) შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სანდო ვებპორტალები და მათზე შესვლამდე ყურადღებით დააკვირდით შესაბამის ბმულებს.

ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის ნორმები – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

ბანკის განცხადებით, „ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები:

[checklist]

  • ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
  • ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).
  • შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
  • შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
  • კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტტერმინალის ზედაპირს“.

[/checklist]

ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ის ახორციელებს შემდეგი სახის საკარანტინო ზომებს:

[crosslist]

  • მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით;
  • 2020 წლის 13 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში.
  • 13 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში.

[/crosslist]

ამ თემაზე:

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

შსს თვითიზოლაციაში მყოფებს: დაემორჩილეთ რეგულაციებს, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა

დღეს, 13 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიმ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს ვებგვერდზე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანეს ბათუმიდან, ქობულეთიდან, ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან და მარნეულიდან. მათ თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს.

12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა აღმოჩნდა და მან შს სამინისტროს მოუწოდა თვითიზოლაციის წესების აღსრულებაში ჩართულიყო.

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე მსოფლიო ქალთა გრანპრიზე გამარჯვებას ექიმებს უძღვნის

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ლოზანაში გამართული მსოფლიო ქალთა გრანპრის მესამე ეტაპის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებით, ძაგნიძემ სატურნირო პირველობისათვის გადამწყვეტი პარტია რუსეთის წარმომადგენელს, ალექსანდრა გორიაჩკინას მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მოჭადრაკე წერს, რომ ამ გამარჯვებას უძღვნის ექიმებს, რომლებიც ებრძვიან კორონავირუსს:

„ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში,“ – წერს მოჭადრაკე.

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, 3 ადგილას ხანძარია

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, აგურქარხნის დასახლებასთან სამ ადგილას ხანძარია. იწვის ბალახი. ხანძრის ჩასაქრობად ახლაც [17:30] მუშაობენ მეხანძრეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე, ჯამში, 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ცეცხლაურში, ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 მ.კვ ფართობზე უკვე დაიწვა ხმელი ეკალბარდი. ამ დროისთვის ცეცხლაურში ხანძარი   ლიკვიდირებულია.

2020 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43-ზე მეტი შემთხვევა  დაფიქსირდა და ხანძრის გავრცელების საერთო ფართობი 546 ჰექტარს აღემატება.

საქართველოში ბოლო დროს მომრავლებულ ტყის ხანძრის მიზეზი მოქალაქეების დაუდევრობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას ნარჩენის წვისგან, რამაც შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს: „ეს ხანძრები დიდი ალბათობით [ამას გამოძიება დაადგენს], დაუდევრობის შედეგია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, საგაზაფხულო სამუშაოების, ხვნა-თესვის მოახლოებასთან დაკავშირებით, ნუ მოახდენენ თავიანთი სავარგულების გადაწვას, რადგან ეს იწვევს ძალიან სავალალო შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე:

გახშირებული ხანძარი საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგია – მინისტრი

 

 

როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ახალაია, „ბათუმელებთან“ პირად და სკოლის გამოცდილებაზე საუბრობს – როგორი უნდა იყოს ონლაინგაკვეთილი და რატომ არის აუცილებელი საკუთარ მოსწავლეებთან თანამშრომლობა.

  • ქალბატონო მაია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ონლაინგაკვეთილი შედგეს და იყოს საინტერესო მოსწავლისთვის. როგორია თქვენი გამოცდილება ამ მხრივ?

ონლაინგაკვეთილი რომ ჩატარდეს, ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპიუტერი და ინტერნეტი. ჩვენ სკოლაში გვაქვს ელექტრონული ჟურნალი Schoolbook-ი, რომელსაც დამატებული აქვს ახალი ონლაინრეჟიმის ფუნქცია და, ფაქტობრივად, მოიხსნა დისტანციურად გაკვეთილების ჩატარების პრობლემა.

  • როგორია ონლაინსწავლების პროცესი, შეგიძლიათ აღწეროთ?

შევდივართ ელექტრონულ ჟურნალში, რომელსაც აქვს ონლაინგაკვეთილის ფანჯარა. კლასის ყველა მოსწავლე ჩართულია ამ პროცესში. გაკვეთილის დაწყების დრო შეთანხმებულია მოსწავლეებთან: შეტყობინებები მისდით, თუ რომელ საათზე რა საგანში ექნებათ გაკვეთილები. თუ რაიმე შეკითხვა უჩნდებათ, ამაზეც  ვეხმიანებით ერთმანეთს. გაკვეთილი სინქრონულად მიმდინარეობს და ეს იმის დამსახურებაა, რომ სკოლას აქვს ამ სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

  • აქამდე რა შემთხვევებში იყენებდით დისტანციურ სწავლებას?

ვთქვათ, გაუცდა ბავშვს გაკვეთილები, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან სხვა რაიმე პრობლემის გამო ვერ დადის სკოლაში, ამ შემთხვევებში ვიყენებდით ხოლმე. აქამდე, საჭიროებიდან გამომდინარე, ვიყენებდით ამ სისტემას, მაგრამ გუშინ  ეპიდემიიდან (covid19) გამომდინარე, მასშტაბურად დაიტესტა სისტემა, რომ მთელი სკოლა ჩაერთოს პროცესში და ყველა გაკვეთილის ჩატარება გახდეს შესაძლებელი.

ონლაინგაკვეთილსა და პირდაპირ გაკვეთილებს შორის, ბუნებრივია, განსხვავება არსებობს, ამიტომ ყოველი წუთი უნდა გაითვალისწინო და გქონდეს უნარები ამ ვითარებაში პროცესის მართვის. კარგი მოდერატორი რომ ვიყო და სრულფასოვნად წავიდეს გაკვეთილი, ამისთვის ვემზადები. მე, პირადად, იმედიანად ვუყურებ ჩემი სკოლის მაგალითზე ამ პროცესს და მომწონს კიდეც.

ცხადია, ინტერაქციის გარეშე ონლაინგაკვეთილები ვერ იქნება საინტერესო და ეს თანამშრომლობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უნდა შედგეს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მიმართულებას მივცემთ ბავშვებს და რა მიზნებს დავსახავთ გაკვეთილისთვის.

  • ონლაინგაკვეთილების სისტემა ინდივიდუალურად მასწავლებელმა უნდა აარჩიოს, თუ ამაზე უნდა არსებობდეს რაიმე საერთო შეთანხმება?

ზოგადად, აი, ეს არის პრობლემა ქართულ სკოლებში, რომ ამ საკითხზე სისტემური ხედვა არ არსებობს. ამდენი წელია რეფორმაზე მიდის საუბარი და ჩვენ მაინც ვერ მივაღწიეთ იმას, რომ შეგვექმნა რაიმე პლატფორმა, რომლითაც პედაგოგები და ბავშვები აქტიურად ისარგებლებდნენ.

განათლების სისტემას დღემდე, როგორც ზოგადში, ასევე უმაღლეს დონეზე, აქვს პრობლემა ტექსტის წაკითხვის, გააზრების, ტექსტთან თანამშრომლობის, კონტექსტის გააზრების თვალსაზრისით, თავი რომ დავანებოთ ახალი ტექნოლოგიებით გაკვეთილის ახსნას. ჩვენ დღემდე ვერ შევცვალეთ წერისა და კითხვის ტექნიკა. ონლაინსწავლებასაც თავისი ტექნიკა აქვს და რეფორმის  დროს ასეთი თანმიმდევრულობა რადგან არ არსებობდა და ეს თანმიმდევრულობა მთლიანობაში დარღვეულია, ამიტომ ვართ ამდენი კითხვის წინაშე, სკოლები და მასწავლებლებიც.

გარდა ამისა, ქართულ სკოლებში არ გვაქვს მოსწავლეებთან თანამშრომლობის პრაქტიკა და ეს ქმნის პრობლემას, გულწრფელად რომ ვთქვათ.

  • ბევრი მასწავლებელი წერს სოციალურ ქსელში თავის გამოცდილებაზე, სისტემური სახე რატომ ვერ მიიღო ამან?

რითი ვამოწმებთ ჩვენ ამ გამოცდილების ეფექტურობას? ის მეთოდები ან ის ელექტრონული გვერდები, რომლებსაც ცალკეული მასწავლებლები იყენებენ, ეფექტურია თუ არა, რა კრიტერიუმით ვამოწმებთ? სად არის ის რაღაც უნივერსალური, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე ენაზე, სტანდარტის ენაზე ვილაპარაკოთ.

არის არაპროფესიონალიზმის საფრთხეც, არ ვიცით, გვყავს თუ არა შესაბამისი აკადემიური და ადამიანური რესურსი, ვინც კარგად გაართმევს თავს დისტანციურ სწავლებას. ბევრი პრობლემაა ამ სისტემაში და ამ წუთას რა რეალობის წინაშეც ვდგავართ, რაღაცნაირად შიშს იწვევს და აფრთხობს  ადამიანებს. გამოწვევის საფრთხეს ვგრძნობთ ზუსტად აკადემიური კუთხით, რადგან არ ვიცით, რისთვის ვართ მზად. ეპიდემიის ფონზე კი მთელი სიცხადით დავდექით ამ გამოწვევის წინაშე.

  • რა შეუძლია ამ შემთხვევაში გააკეთოს სახელმწიფომ?

ონლაინსწავლების დროს აუცილებელია თანაბარი ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და კომპიუტერთან. ჩვენ ვიცით, რომ ბევრ სოფელში, მაღალმთიან ადგილებში, არ აქვთ ადამიანებს წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან, ბევრს სახლში არც აქვს კომპიუტერი. თუ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან და კომპიუტერთან. მაშინ საგანმანათლებლო პროცესი იქნება გამართული.

რაც შეეხება პედაგოგებს, მასწავლებლებს ისედაც უნდა ჰქონდეთ შეხება ახალ ტექნოლოგიებთან, რადგან დღეს ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, მხოლოდ სახელმძღვანელოზე დამოკიდებული სწავლება ვერ გვექნება. აუცილებელია ელექტრონული რესურსების მოძიება და გამოყენება. თუ მოსწავლეს ვეუბნები, რომ „აქედან აქამდე ისწავლე“, ისედაც ვერ ვპასუხობ რაღაც სტანდარტს და მოთხოვნებს. ყველაფერი გადის იმაზე, რამდენად ვთანამშრომლობ ჩემს მოსწავლესთან.

თანამშრომლობის ხარისხი ზუსტად ამ ტექნოლოგიური პრობლემების მოგვარების შემდეგ გაიზრდება. არის ინტერნეტი, არის კომპიუტერი, ბავშვს ტექსტთან ურთიერთობის სხვა ფორმატსაც ვთავაზობთ და გაცილებით საინტერესო რამესაც ვიღებთ.

მთავარი ფოტო: „ბაქსვუდის საერთაშორიოსო სკოლის“ მასწავლებელი მაია ახალაია/ფეისბუქის გვერდიდან

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

მოქალაქეთა პირდაპირი წესით მომსახურება კერძო სექტორმაც უნდა შეზღუდოს – მთავრობა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოვდება იმ კერძო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს 13 მარტის სხდომაზე „პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი კონტაქტი“.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, მათ კიდევ ერთხელ მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობისა და სერვისების ელექტრონული მიწოდების რეჟიმზე.

13 მარტის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით საქართველოში ინფიცირებულია 25 ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან უმეტესობის  ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო – 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 58 პირი.

___________________

ფოტოზე: საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ფოტო: მთავრობა.

ბათუმში 5 პაციენტს კორონავირუსზე ამოწმებენ – პასუხები საღამოს იქნება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 5 პაციენტს უტარდება ტესტი კორონავირუსზე – ანალიზის პასუხები დღეს, საღამოს იქნება ცნობილი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

„დაახლოებით 5 წუთის წინ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა ევროპის რეგიონიდან შემოსული 5 მოქალაქე საეჭვო სიმპტომებით. ლუგარის ლაბორატორიის ფილიალი აჭარაში აკეთებს ტესტებს და 3-4 საათში უკვე გვეცოდინება პირველადი შედეგები. მათი მდგომარეობა სტაბილურია, პერსონალურ მონაცემებს ვერ გეტყვით,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ამ დრომდე აჭარაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ ზუსტ რიცხვს, რამდენი ადამიანი იმყოფება ამჟამად აჭარაში კარანტინში, ვერ დაასახელებს, რადგან, ეს რიცხვი ცვალებადია, თუმცა, მისივე თქმით, ამჟამად კარანტინში 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

____________

ფოტოზე: ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

 

 

გახარიას თქმით, კერძო სექტორის დასახმარებლად მთავრობა მილიარდს მიმართავს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახლახან [14:00] ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მთავრობა კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესის ნეგატიური ზეგავლენისგან დასაცავად, კერძო სექტორის დასახმარებლად, მილიარდ ლარს მიმართავს.

პრემიერის განმარტებით, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება და ამაში არ იგულისხმება „ქართუ ფონდის“ შეთავაზება: „თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ „ქართუ ფონდს“ და ყველას“.

მისივე ინფორმაციით, კომპანიებს გადაუვადდებათ როგორც ქონების, ასევე საშემოსავლო გადასახადი სამი თვით. შესაბამისად, კომპანიებისთვის ამ მიმართულების მიმდინარე დავალიანების მომსახურების ვადა პირველ ნოემბერს დადგება.

პრემიერის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა ზიანი მიადგება ეკონომიკას. მან რელევანტური უწოდა ასევე კითხვას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე და თქვა, რომ მთავრობა არ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, თუმცა მიმართავს გარკვეულ ნაბიჯებს, რასაც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები ითვალისწინებს: „ეს მოქალაქეებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას გულისხმობს, ჩვენ გვაქვს დღეს შესაძლებლობა, გამოწვევებს ვუპასუხოთ შეზღუდვის გარეშე.“

ქობულეთში თვითიზოლაციის დამრღვევი პირი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა, საპატრულო პოლიციასთან ერთად, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში თვითიზოლაციის დამრღვევი პირი დააკავა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იგი კარანტინში გადაიყვანეს.

„ბათუმელები“ დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა არც ერთ უწყებაში ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

გუშინ, 12 მარტს, თვითიზოლაციის დარღვევის გამო ბათუმში ერთი მოქალაქე იძულებით გადაიყვანეს კარანტინში.

____________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფეისბუქგვერდიდან 

ამავე თემაზე: 

გახარიამ შსს-ს დაავალა, თვითიზოლაციის წესების აღსრულებაში ჩაერთოს

 

 

WHO: კორონავირუსის გადაცემა შესაძლებელია ცხელი და ნოტიო კლიმატის პირობებშიც

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO] ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არსებული მტკიცებულებების თანახმად, ახალი კორონავირუსი შესაძლოა გავრცელდეს ყველანაირ კლიმატში, მათ შორის, ცხელსა და ნოტიო ამინდში.

„კლიმატის მიუხედავად, მიიღეთ ზომები, თუ ცხოვრობთ ან მოგზაურობთ იმ რეგიონში, სადაც დაფიქსირებულია COVID-19.

საუკეთესო გზა COVID-19-ისგან თავის დასაცავად არის ხელების ხშირი დაბანა. ეს მოგაშორებთ ვირუსებს, რომლებიც შესაძლოა ხელებზე გქონდეთ და თავიდან აგაცილებთ დაინფიცირებას, რომელიც შესაძლოა ხელის თვალთან, ცხვირთან და პირთან მიტანისას მოხდეს,“ – აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

შვილი იტალიიდან ხარაგაულში დაბრუნებულ ქალზე: „დედა აეროპორტში გამოიკვლიეს“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულევში 10 მარტს იტალიიდან ქალი ქმრის გარდაცვალების გამო დაბრუნდა. სამძიმარზე მეზობლებიც მივიდნენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა.

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალის გამო მოსახლეობა სოფელ ხულევს ტოვებს, „ბათუმელები“ დაუკავშირდა იტალიიდან დაბრუნებული ქალის შვილს, რომელიც ახლაც დედასთან ერთად იმყოფება ამ სოფელში. შვილმა გვითხრა, რომ დედა იტალიაში 2 მარტს წავიდა სამუშაოდ, 6 მარტს კი მამა გარდაიცვალა, რის გამოც დედა უკან დაბრუნდა. ქალი საქართველოში 10 მარტს თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, სადაც შვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ჯგუფმა შეამოწმა:

„თვითმფრინავის ჩამოსვლის შემდეგ სამი საათი ველოდი დედას. ამის შემდეგ მითხრეს, რომ დედა გადაყვანილი იყო კვლევაზე და კიდევ დიდხანს მომიწევდა ლოდინი. ხუთ საათზე დამირეკეს, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. არავის გავუფრთხილებივართ, რომ საჭირო იყო თვითიზოლაცია, მეც ჩვეულებრივად მაქვს კონტაქტი მასთან. ეს ინფორმაცია აქვს მთავრობასაც, ყველა ინფორმაცია აქვთ მათ და გადაამოწმეთ. რაც შეეხება მეზობლებს, დედის ჩამოსვლის შემდეგ, ძირითადად, არ მოსულან. მაინც შეეშინდათ და მოერიდნენ.“

შვილის თქმით, მას და დედას არც გრიპის სიმპტომები აქვთ და არც კორონავირუსის.

იმის გასარკვევად, ნამდვილად თუ ჩაუტარდა  ქალს შესაბამისი გამოკვლევა აეროპორტში,  „ბათუმელები“ დაუკავშირდა როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მაგრამ აქ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

მას შემდეგაც, რაც იტალიიდან ჩამოსული ქალი ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა, შმაგი ხიჯაკაძემ თვითიზოლაციის წესების დაცვაზე გააფრთხილა, ქალს კონტაქტი ჰქონდა სხვებთან. ამას თავად შმაგი ხიჯაკაძე გვიდასტურებს.

„დაუნახიათ, როგორ გადასცა ფული მოქალაქეს. მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და არც ის ვიცი, ზუსტად რამდენთან და ვისთან ჰქონდა კონტაქტი. გავაფრთხილეთ, მაგრამ არ დაგვემორჩილა და დაარღვია წესები. მე ვერანაირად ვერ გამოვარკვევ ვისთან ჰქონდა კონტაქტი“, – გვითხრა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა, შმაგი ხიჯაკაძემ.

ხულევის სოფლის რწმუნებულის, კახა ლომაიას ინფორმაციით, მეზობლები ოჯახში სამძიმარზე იტალიიდან ქალის დაბრუნებამდე იმყოფებოდნენ და როგორც კი გააფრთხილეს მორიდებოდნენ, ისინი აღარ მისულან სამძიმარზე.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოქალაქე საქართველოში გერმანიის ქალაქ მიუნხენიდან შემოვიდა, ამიტომაც ვარაუდობს ის, რომ მისი გაკონტროლება სათანადოდ ვერ მოხდა.

„გიგზავნით სიყვარულს და დაიბანეთ ხელები“ – ვარსკვლავები ხალხს ამხნევებენ

კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან საბრძოლველად ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელებში გასამხნევებელ პოსტებს აქვეყნებენ.

ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი Lady Gaga ინსტაგრამით ავრცელებს პოსტს და წერს:

„ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ვიყოთ კეთილები. მათთვის, ვინც ავადაა ან ავად არ არის და ეშინია. ჩვენ ერთად ვართ ამ ამბავში. მიყვარხარ, მსოფლიო“.

სერიალის – „საოცარი მისის მეიზელი“ ვარსკვლავი რეიჩელ ბროსნანიც ინსტაგრამით ეხმაურება პანდემიას:

„გიგზავნით სიყვარულს ყველას, ვინც ახლა დაბნეული ან შეშფოთებულია. დამატებითი სიყვარული მას, ვინც უეცრად ვეღარ მიდის სკოლასა და სამსახურში და მათ, ვინც უვლის ავადმყოფებს. იყავით კეთილები საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის (და დაიბანეთ ხელები, მეგობრებო)“.

მუსიკოსი ალიშა ქისი ტვიტერის გვერდზე წერს:

„გიგზავნით ნათელს, გახსენებთ, რომ შეინარჩუნოთ ენერგია. ბევრი რამ ხდება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, გიყვარდეთ ოჯახი და იზრუნეთ. ისუნთქეთ ღრმად და  შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არ დაგავიწყდეთ, რომ მიყვარხართ“.

ასევე, ცნობილი ადამიანები აქტიურად მოუწოდებენ ადამიანებს, დაიცვან ჰიგიენური ნორმები, მაგალითად, მომღერალი მაილი საირუსი აქვეყნებს ხელების სწორად დაბანის ილუსტრაციას:

 

სკოლა ევრო – 2000 16 მარტიდან ონლაინსწავლებაზე გადადის

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

როგორც იცით, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 მარტის N29/ნ ბრძანებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი რამ და ბუნებრივია, შეეხო განათლების სფეროსაც.

შექმნილ ვითარებაში სკოლა ევრო – 2000 -ის ადმინისტრაციამ შეიმუშავა კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც საფუძვლად დაედო Schoollbook-ის მიერ ონლაინსწავლების ფუნქციის დამატება სკოლებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების ხელშეწყობისა და მოწოდების მიზნით.

ეს გეგმა იძლევა იმის გარანტიას, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება.

„სქულბუქის“ ონლაინსკოლის საშუალებით სკოლა ევრო-2000 -ის პედაგოგები ორშაბათიდან, 2020 წლის 16 მარტიდან, გაკვეთილებს  შეუფერხებლად ჩაატარებენ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!

სკოლის ადმინისტრაცია

კორონავირუსი: შსს მოქალაქეებს მოუწოდებს ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შსს-ს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და მიგრაციის დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს.

„ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით და მომსახურების სააგენტოს, ერთიანი მომსახურების ცენტრებს და მიგრაციის დეპარტამენტს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ.

აღსანიშნავია, რომ რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის და რუსთავის სერვის ცენტრები – 14 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ბათუმში ქორწილები გადაიდო: „ხალხი არ მოვაო და თვითონ გააუქმეს ჯავშანი“  

„მთავრობა ვიდრე იტყოდა, მანამდე გაუქმდა ჯავშნები, ხალხი არ მოვაო,“ – გვითხრეს სარიტუალო დარბაზებში, სადაც მარტში ქორწილები იყო დაგეგმილი. რამდენიმე საქორწინო დარბაზის მენეჯერები ადასტურებენ, რომ ქორწილები გადაიდო, ზოგიერთი კი ამბობს, რომ მარტში ქორწილი წინა წლებშიც იშვიათი იყო.

შეზღუდვები ქორწილებსა და ქელეხებსაც რომ შესაძლოა შეეხოს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გუშინ, 12 მარტს, ისაუბრა.

„ხვალ გვაქვს ერთი ქორწილი, ვერ გადადეს, დაგეგმილი იყო ყველაფერი. მარტში დაგეგმილი კიდევ 5 ქორწილი გადაიდო. ერთს უკვე შევუთანხმდით და სექტემბერში გადაიტანა, მეორემ – აგვისტოს ბოლოს,“ – გვიყვება სარიტუალო დარბაზ „ბაგრატიონის“ მენეჯერი, ნუგზარ კიწმარიშვილი. მისივე თქმით, ქორწილის გადადებას ისინიც აპირებენ, ვისაც ქორწილისთვის დარბაზი აპრილში აქვთ დაჯავშნილი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

„22 აპრილის შემდეგ პერიოდზე გაკეთებულ ჯავშნებს არ შეხებია ჯერ არაფერი… ვინც უკვე გადადო, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, ხალხი არ მოვაო. ჩვენც ვურჩიეთ, რომ ასე სჯობდა,“ – დასძენს ნუგზარ კიწმარიშვილი.

„ჩვენ 8 ქორწილი გადავდეთ. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება ეს ქორწილები. ვიდრე მთავრობა გააკეთებდა განცხადებას, მანამდე გადავდეთ, უკვე ერთი კვირაა გასული,“ – ამბობს ზია დიასამიძე, სარიტუალო დარბაზ „ელიტას“ მენეჯერი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მარტში მის დარბაზში ქორწილი არ გაიმართება.

„მარტის ბოლოს გვაქვს დანიშნული ერთი ქორწილი და ველოდებით. იმედია, არ გადაიდება. სხვა შეკვეთა მარტში არ მქონია, ჯავშანი არ გაუქმებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ომარ ქამადაძემ, სარიტუალო დარბაზ „დავითის“ მენეჯერმა.

„არ გვაქვს ქორწილები, მაგრამ მარტში ისედაც არ იყო… თან მარხვა ემთხვევა,“ – ეს „ლიდერის“ მენეჯერმა, ნუგზარ რიჟვაძემ გვითხრა. მსგავსი ინფორმაცია მოგვაწოდეს რამდენიმე სხვა სარიტუალო დარბაზშიც.

ლიბერთი ბანკი: ყველა ფიზიკურ პირს ვთავაზობთ 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სესხებზე

„ლიბერთი ბანკი“ უერთდება „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისის“ კამპანიას და ყველა ფიზიკურ პირს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს სესხებზე.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვისცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნია სასესხო ვალდებულებები, შევთავაზოთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი.

დღეიდან შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არც ერთი სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს.

ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება „ლიბერთის“ ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე.

 ნებისმიერი შეკითხვით დაგვიკავშირდით დისტანციური მომსახურების ცენტრში: 032 255 55 00“ – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისიც“.

ამავე თემაზე: 

3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე – „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შეთავაზება

უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების დაკანონების ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების, ასევე, 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები დაამტკიცა.

დადგენილებით უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი დამტკიცდა.

ახალი წესის მოქმედება ვრცელდება:

[checklist]

  • 2007 წლის 1-ელ იან­ვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ;
  • მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას;
  • 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ. მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია ფართობის მატების გარეშე, უკვე არსებულ გაბარიტში;
  • უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1-ელ იანვრამდე აშენებულ (მშენებლობადამთავრებულ) იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზეც, რომლებზეც 2007 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები ფართობის მატების გარეშე.

[/checklist]

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ წესის დამტკიცებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

ახალი წესი მთავრობამ 2020 წლის 9 მარტს დაამტკიცა და ის ძალაში 10 მარტიდან შევიდა.

ახალი წესის მიხედვით, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება.

ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.

ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო.

„ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ“.

უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1-ელ იანვრამდე აშენებულ (მშენებლობადამთავრებულ) იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში, რომლებზეც 2007 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები ფართობის მატების გარეშე – ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნით შესაძლებელია, მიმართოს იმ მიწის ნაკვეთ(ებ)ის ერთ-ერთმა მესაკუთრემ, რომელზეც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია განთავსებული ან ამ  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრემ.

ამ შემთხვევაში დამატებით სხვა თანამესაკუთრეების მიმართვა ან მათი თანხმობის წარდგენა სავალდებულო არ არის და ლეგალიზებით ხდება მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობის სამშენებლო კუთხით დაკანონება.

[toggle title=”ლეგალიზების წესი და პირობები სრულად ნახეთ აქ:”]

უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები

მუხლი 1. რეგულირებისა და მოქმედების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის (შემდგომში – ობიექტი ან მისი ნაწილი) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს.

2. წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1-ელ იან­ვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას.

4. ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ. მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია ფართის მატების გარეშე, უკვე არსებულ გაბარიტში.

5. ამ წესის მოქმედება ვრცელდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1-ელ იანვრამდე აშენებულ (მშენებლობადამთავრებულ) იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზეც, რომლებზეც 2007 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები ფართობის მატების გარეშე.

6. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.

მუხლი 2. ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო

ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო (შემდგომში – შესაბამისი ორგანო).

მუხლი 3. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილე სხვა პირი

1. „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანამდევი და ბუნებრივი გაზისა და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი პირი ან პირი, რომელიც ახორციელებს მაგისტრალური მილსადენის ოპერირებას (ექსპლუატაციას) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში – მაგისტრალური მილსადენის მესაკუთრე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანო ვალდებულია, ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს მაგისტრალური მილსადენის დაპროექტებისა და მშენებლობის დროს მოქმედი ნორმებით დადგენილი შეზღუდვები.

მუხლი 4. წარსადგენი დოკუმენტები

1. ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ.

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნით შესაძლებელია, მიმართოს იმ მიწის ნაკვეთ(ებ)ის ერთ-ერთმა მესაკუთრემ, რომელზეც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია განთავსებული ან ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრემ. დამატებით სხვა თანამესაკუთრეების მიმართვა ან მათი თანხმობის წარდგენა სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევაში ლეგალიზებით ხდება მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობის სამშენებლო კუთხით დაკანონება.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;

ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა;

გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემ­თხვევაში, ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტუ­რებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) ობიექტის არსებული მდგომარეობის ამსახველი არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში – ობიექტის აზომვითი ნახაზი;

ე) ფოტოსურათები;

ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ.

მუხლი 5. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილება

1. შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, მოახდინოს ობიექტის ადგილზე დათვალიერება მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციითა და ობიექტის ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელია მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმცხადებელს მოსთხოვოს:

ა) დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია ობიექტის ან მისი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) ობიექტზე ან მის ნაწილზე მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულება;

გ) მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებული ობიექტის სამეზობლო საზღვრის მხარეს მდებარე ღიობის, აივნის, ერკერისა და ტერასის განაშენიანების რეგულირების წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. შესაბამისი ორგანო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

4. განმცხადებელი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

5. შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ლეგალიზებაზე უფლებამოსილ ორგანოს და ეს სრულიად წარმოადგენს შენობა-ნაგებობის მესაკუთრის რისკს.

მუხლი 6. დაუსრულებელი ობიექტის ლეგალიზების თავისებურებანი

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულება. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის დასასრულებლად წარდგენილი პროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს მიშენების გაზრდას ან/და დამატებითი სართულის (მანსარდის) დაშენებას.

2. ამ დადგენილებით დადგენილი წესით სათანადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 დღეში შესაბამისი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას (არა უმეტეს 1 წლისა) დაუსრულებელი ობიექტის წარდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რის შესახებაც გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღება ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების თაობაზე

შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს.

მუხლი 8. გადაწყვეტილების მიღების ვადები

1. შესაბამისი ორგანო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც განმცხადებელი ვალდებულია, შეასრულოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადაწყვეტილება ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება აღნიშნული მოთხოვნების შესასრულებლად შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში.

3. ამ მუხლით დადგენილ ვადებში შესაბამისი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება ლეგალიზებულად.

მუხლი 9. ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების შედეგები

შესაბამისი ორგანოს მიერ ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული რემონტი – შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის საფუძველზე ნაწარმოები პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოები, ასევე ავარიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2007 წლის 1-ელი იანვრის შემდგომ შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და უშუალოდ მესაკუთრის მიერ გაწეული ხარჯებით ფართობის მატების გარეშე სალეგალიზაციო ობიექტზე განხორციელებული გამაგრებითი სამუშაოები (სამშენებლო სამუშაოების განხორციელებამდე ობიექტების ან მათი ნაწილების ავარიული მდგომარეობა და გამაგრების აუცილებლობა დადასტურებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დასკვნით) არ წარმოადგენს ლეგალიზების დამაბრკოლებელ გარემოებას.

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული იმ ობიექტებისათვის, რომლების მშენებლობის დასრულება ვერ განხორციელდა დასრულებისათვის დადგენილ ვადაში/ დადგენილი პირობებით და დასრულდება მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დასრულებისათვის განსაზღვრული ახალი ვადისა და პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და შემდგომი ლეგალიზება განხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

[/toggle]

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

თიბისი მზადაა დისტანციური მუშაობისთვის

თიბისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია რეგიონში, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზადაა უახლოეს დღეებში მაქსიმალურად და ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. თიბისი ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ამასთან ერთად იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებას უკავშირდება.

თიბისის სტრატეგია ბოლო წლების განმავლობაში დისტანციური არხების განვითარება და გაციფრულებაა, ტრანზაქციების 93% ონლაინ ხორციელდება. განვითარებული ციფრული და დისტანციური არხები დაგვეხმარება, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ადამიანებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა ამ პერიოდში და აარიდებს მათ დამატებით საფრთხეებს.

ცვლილება არ გამოიწვევს შეფერხებას მომსახურების და ოპერაციების კუთხით და უსაფრთხო იქნება, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მომსახურებაში შეფერხება არ ჰქონდეთ. ამაში ძალიან გვეხმარება დისტანციური არხები, ჩვენ ბევრი სერვისის გაწევა შეგვიძლია ისე, რომ მომხმარებლებს ფილიალში მოსვლა არ დასჭირდეთ.  ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომ საფრთხე მინიმუმამდე შევამციროთ,“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი მზად არის, ინდივიდუალურად განიხილოს შეღავათები მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის, კოორდინირებულად მუშაობს მთავრობასთან და ითვალისწინებს გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სფეროს ამ გაზაფხულს შეექმნა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია გუნდის ყოველი წევრის და მომხმარებლის ჯანმრთელობა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

ავარიული დაზიანების გამო ხახუტაიშვილისა და ინასარიძის ქუჩებზე წყალი შეწყდა

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით,  ავარიული დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა ხახუტაიშვილისა და ინასარიძის ქუჩებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში აღდგება წყლის მიწოდება. „ბათუმის წყლის ინფორმაციით”, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით”.

კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი აღმოაჩნდა

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლს, სოფია გრეგუარ-ტრუდოს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ BBC წერს.

სოფია გრეგუარ-ტრიუდო ოთხშაბათს დაბრუნდა ლონდონიდან და გაციების სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, იგი თავს კარგად გრძნობს და მისი სიმპტომები არ მძიმდება.

თვითიზოლაციაში იმყოფება კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო. რადგანაც მას სიმპტომები არ აღენიშნება, იგი ტესტს კორონავირუსზე არ გაივლის.

ტრუდო მუშაობას სახლიდან აგრძელებს, დაგეგმილი შეხვედრები კი თვითიზოლაციის გამო გადაიდო.

კანადაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 146 შემთხვევაა დადასტურებული.

___________

ფოტო: ვიკიპედია 

მეზღვაურთა სერტიფიკატების ვადა 3 თვით გაგრძელდება – გამონაკლისი COVID 19-ის გამო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გამონაკლისი დაწესდა.

„თუ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაცემული მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადა იწურება მეზღვაურის საზღვარგარეთ ნაოსნობისას და მისი გემიდან ჩამოსვლა შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი გემთმფლობელის ან/და საქართველოში მოქმედი საკრუინგო კომპანიის  წერილობითი მომართვის საფუძველზე, მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადას სააგენტო აგრძელებს არაუმეტეს 3 თვის ვადით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან“, – აღნიშნულია დირექტორის ბრძანებაში.

ბრძანების მიხედვით, მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სააგენტოში წარდგენილ წერილობით შეტყობინებაში  მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის ვადის გაგრძელების მიზეზი, ასევე, ნავსადგურის ან საიმიგრაციო უწყების შეტყობინება, რომ COVID 19-ის გავრცელების გამო მეზღვაურის გემიდან ნავსადგურში ჩამოსვლა შეუძლებელია. შეტყობინებას თან უნდა ახლდეს მეზღვაურის მოქმედი ხელშეკრულების ასლი.

მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული წერილის საფუძველზე, რომლის ტიპური ფორმა თან ახლავს ბრძანებას.

სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს ელექტრონული რეესტრის წარმოებას.

ბათუმში ორ ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 13 მარტს  სატრანსპორტო მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შარტავას ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე მონაკვეთში.
გადაადგილება შესაძლებელი იქნება შარტავას ქუჩის გავლით, ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების მიმართულებით.
მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში აღდგება.  შეფერხების მიზეზი წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ 

„..თუ არ მეკუთვნოდა, ამდენი წელი რატომ მაცხოვრეს? სად იყო სახელმწიფო მაშინ, როცა აქ ბოსელი მქონდა, მერე სახლად მოვაწყვე და 11 წელია ვცხოვრობ? ახლა სად წავიდე, როცა მე და ჩემი ქმარიც პენსიონერები ვართ?“ – კითხულობს ბათუმში, ინასარიძის 11-ში მცხოვრები ვარდო აბაშიძე. ის დღე-დღეზე გამოსახლებას ელის. აღსრულების ბიუროს ოფიციალური წერილის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა უკვე გავიდა.

ვარდო და მიხეილ აბაშიძეების სახლს ინასარიძის ქუჩაზე, მე-14 საჯარო სკოლის უკან ნახავთ. სკოლისგან დაშორებით მდებარე პატარა სახლთან მისვლამდე ყვავილების პატარა ბაღიც შეგხვდებათ… სახლის გვერდით პატარა მიწის ნაკვეთი უკვე დამუშავებულია. მიხეილ აბაშიძე სახლში არ დაგვხვდა. ექიმთან წავიდა ამ დილითო, ვარდო აბაშიძემ გვითხრა, ვიდრე მის სახლში შევიდოდით. სახლში მხოლოდ ერთი ოთახია, რომელსაც ხანდაზმული წყვილი საძინებლად და მისაღებად იყენებს. აქვეა შესასვლელში მოწყობილი პატარა სამზარეულოც.

მიწის ნაკვეთი, სადაც ვარდო და მიხეილ აბაშიძეების პატარა სახლია, სახელმწიფოს ეკუთვნის და იგი წლების წინ ქონების მართვის სააგენტომ მე-14 საჯარო სკოლას სარგებლობის უფლებით გადასცა. სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოქალაქემ წააგო.

„ჩვენ აქ ვმუშაობდით წლების განმავლობაში სარძევე მეურნეობაში, მაშინ აქაურობა ხელვაჩაურს ეკუთვნოდა,“ – გვიყვება ვარდო აბაშიძე. – „როგორც მეურნეობის თანამშრომელს, ინასარიძის ქუჩაზე ბინაც მომცეს, ამ ტერიტორიაზე კი, ეკალბარდი იყო, გავწმინდე და ბოსელი გავაკეთე 1990 წელს… მერე ეს ადგილი  ბათუმის რომ გახდა, ძროხების ყოლა მოგვიშალეს, გავყიდეთ საქონელი, ჩემს ბინაში ორი შვილი თავიანთი ოჯახებით ერთად ცხოვრობდნენ, ჩვენი დასაწოლი ადგილი აღარ გვქონდა და ეს ბოსელი მოვაწყვეთ სახლად. შვილებთან ურთიერთობა აღარ გვაქვს… 2009 წლიდან დღემდე აქ ვცხოვრობთ, პენსიით გაგვაქვს თავი და კიდევ პატარა ბოსტანი მაქვს,“ – ამბობს ვარდო.

ოჯახს მოლოდინი ჰქონდა, რომ 30 წლის წინ თვითნებურად დაკავებულ მიწას და იქ აშენებულ სახლს სხვების მსგავსად დაუკანონებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ვარდო და მიხეილ აბაშიძეებს საკუთრების აღიარებაზე უარი ჯერ ხელვაჩაურის, შემდეგ კი, ბათუმის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ უთხრა.

ვარდო და მიხეილ აბაშიძეებს სამართლებრივი მხარდაჭერის პრობლემაც ჰქონდათ. მათ ვერ დაუდასტურეს კომისიებს და შემდეგ სასამართლოს, რომ 2009 წლამდე ოჯახს ბოსელი ჰქონდა და წლების განმავლობაში მას იყენებდნენ.

„…რეალურად ამის დადასტურება იყო შესაძლებელი, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, მაშინ  მე მათ უფლებებს არ ვიცავდი. შემდეგ სასამართლოს საჯარო სკოლამ მიმართა. სკოლის არგუმენტი იყო ის, რომ ეს ადგილი რეალურად სჭირდებოდა და მას უნდა გადასცემოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იურისტი თამარ გუნდაძე, რომელიც აბაშიძეების ინტერესებს იცავს.

იურისტი და ვარდო აბაშიძეც ფიქრობენ, რომ სახელმწიფო რეალურად სკოლას „ეფარება“ და ამ მიწაზეც მაღლივი კორპუსების აშენებას გეგმავენ. ირგვლივ, სკოლის წინ ან გვერდით ასეთი კორპუსებია აშენებული.

„…აჰა, შეხედეთ რამდენი ახალი კორპუსია,“ – ხელით მიგვანიშნებს ვარდო აბაშიძე მისი პატარა სახლის და ასევე საჯარო სკოლის შენობის გარშემო არსებულ ახალ საცხოვრებელ კორპუსებზე. – „ეს ადგილებიც ადრე სკოლის ტერიტორია იყო და ჩამოაჭრეს… ჩემი ადგილი კი, სადაც ბოსელი მოვაწყვე, არავის ეკუთვნოდა, ეკალბარდი გავწმინდე და დღემდე ვმუშაობ. რადგან გლეხი ვარ, ამიტომ არავინ უნდა დაიცვას ჩემი უფლება? მე კანონის არაფერი ვიცი, მშრომელი ადამიანი ვარ,“ – გულისწყრომას ვერ მალავს ვარდო აბაშიძე.

მოქალაქე შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, არ შეიძლება თვითნებურად შესახლებულების ნაწილს ქონება დაუკანონო, ნაწილის კი მოწყობილი საცხოვრებელი დაუნგრიონ და ქუჩაში დატოვონ. ვარდო აბაშიძე ასევე მიიჩნევს, რომ მას გამოსახლებას სწორედ იმიტომ უბედავენ, რომ ის მარტოა და მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას არავინ მოაწყობს.

„მომცენ თავშესაფარი და წავალ, ამათი არაფერი მინდა, წასასვლელი არსად მაქვს,“ – ასრულებს საუბარს ვარდო აბაშიძე.

 

ვარდო აბაშიძე

120 ათასი ლარი ძაღლის გადარჩენისას ზღვაში დაღუპული კაცის ქანდაკების მოსაწყობად 

ქალაქ ქობულეთში, ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის [ქანდაკება] მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 120 ათასი ლარია.

მემორიალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მოეწყოს, თუმცა ეს ვადა დაზუსტდება პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული სატენდერო წინადადების შესაბამისად. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 2 აპრილს დასრულდება.

ავთანდილ ცხვედიანის მემორიალს/ქანდაკებას ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში დადგამენ. ავთანდილ ცხვედიანი 2019 წლის 5 აგვისტოს თავისი ძაღლის გადასარჩენად შტორმის დროს შევიდა ზღვაში და დაიღუპა.

მემორიალის (ქანდაკება) ესკიზისა და პროექტის შექმნაზე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ირაკლი ჟვანიამ გაიმარჯვა.

ამ თემაზე:

როგორი იქნება ძაღლების გადარჩენისას ზღვაში დაღუპული კაცის ქანდაკება

 

მთავარი ფოტო: მხატვრული კომპოზიციის ესკიზი

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 13  მარტის 21 საათიდან 14  მარტის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან მცირე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 8-13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12-17 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას და ორშაბათს, 15-16 მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე – „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შეთავაზება

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ.

თავდაპირველად ამის შესახებ „საქართველოს ბანკმა“ განაცხადა.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი. თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444” – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

დღეს, 13 მარტს, საშეღავათო სამთვიანი პერიოდის შესახებ განცხადება გააკეთა „თიბისი ბანკმაც“. როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი,“ – აცხადებენ ბანკში.

მათივე ცნობით, სესხის გადავადებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

დღესვე, განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც“, რომელიც, ასევე, სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს ფიზიკურ პირებს.

ამავე თემაზე: 

3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე – „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შეთავაზება

 

Exit mobile version