მთავარი,სიახლეები

გახშირებული ხანძარი საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგია – მინისტრი

10.03.2020 • 3098
გახშირებული ხანძარი საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგია – მინისტრი

„კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგი გახშირებული ხანძარია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც” – თქვა ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

2020 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა და ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 546 ჰექტარი შეადგინა.

„გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა წელს საქართველოში მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებული. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგი გახშირებული ხანძრებია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ტყეებში ხანძრების რისკი განსაკუთრებით მომატებულია – გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს,” – თქვა ლევან დავითაშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც საქართველოში ბოლო დროს მომრავლებულ ტყის ხანძარს უკავშირდება  – მოქალაქეების დაუდევრობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, წუხელ, გვიან ღამით, მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ დიდი ალბათობით ამ ხანძრის გაჩენის მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. მან მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას ნარჩენის წვისგან, რამაც შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს: „ეს ხანძრები დიდი ალბათობით [ამას გამოძიება დაადგენს], დაუდევრობის შედეგია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, საგაზაფხულო სამუშაოების, ხვნა-თესვის მოახლოებასთან დაკავშირებით ნუ მოახდენენ თავიანთი სავარგულების გადაწვას, რადგან ეს იწვევს ძალიან სავალალო შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

ტყის ხანძართან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულია ეროვნული სატყეო სააგენტოს 150-მდე მეტყევე სპეციალისტი და დაახლოებით 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.

ადამიანთა დაუდევრობის შედეგად გამოწვეული ტყის ხანძრის შემთხვევაში ჯარიმა 100-დან 200-მდე ლარია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: