სიახლეები

შვილი იტალიიდან ხარაგაულში დაბრუნებულ ქალზე: „დედა აეროპორტში გამოიკვლიეს“

13.03.2020 • 1336
შვილი იტალიიდან ხარაგაულში დაბრუნებულ ქალზე: „დედა აეროპორტში გამოიკვლიეს“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულევში 10 მარტს იტალიიდან ქალი ქმრის გარდაცვალების გამო დაბრუნდა. სამძიმარზე მეზობლებიც მივიდნენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა.

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალის გამო მოსახლეობა სოფელ ხულევს ტოვებს, „ბათუმელები“ დაუკავშირდა იტალიიდან დაბრუნებული ქალის შვილს, რომელიც ახლაც დედასთან ერთად იმყოფება ამ სოფელში. შვილმა გვითხრა, რომ დედა იტალიაში 2 მარტს წავიდა სამუშაოდ, 6 მარტს კი მამა გარდაიცვალა, რის გამოც დედა უკან დაბრუნდა. ქალი საქართველოში 10 მარტს თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, სადაც შვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ჯგუფმა შეამოწმა:

„თვითმფრინავის ჩამოსვლის შემდეგ სამი საათი ველოდი დედას. ამის შემდეგ მითხრეს, რომ დედა გადაყვანილი იყო კვლევაზე და კიდევ დიდხანს მომიწევდა ლოდინი. ხუთ საათზე დამირეკეს, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. არავის გავუფრთხილებივართ, რომ საჭირო იყო თვითიზოლაცია, მეც ჩვეულებრივად მაქვს კონტაქტი მასთან. ეს ინფორმაცია აქვს მთავრობასაც, ყველა ინფორმაცია აქვთ მათ და გადაამოწმეთ. რაც შეეხება მეზობლებს, დედის ჩამოსვლის შემდეგ, ძირითადად, არ მოსულან. მაინც შეეშინდათ და მოერიდნენ.“

შვილის თქმით, მას და დედას არც გრიპის სიმპტომები აქვთ და არც კორონავირუსის.

იმის გასარკვევად, ნამდვილად თუ ჩაუტარდა  ქალს შესაბამისი გამოკვლევა აეროპორტში,  „ბათუმელები“ დაუკავშირდა როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მაგრამ აქ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

მას შემდეგაც, რაც იტალიიდან ჩამოსული ქალი ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა, შმაგი ხიჯაკაძემ თვითიზოლაციის წესების დაცვაზე გააფრთხილა, ქალს კონტაქტი ჰქონდა სხვებთან. ამას თავად შმაგი ხიჯაკაძე გვიდასტურებს.

„დაუნახიათ, როგორ გადასცა ფული მოქალაქეს. მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და არც ის ვიცი, ზუსტად რამდენთან და ვისთან ჰქონდა კონტაქტი. გავაფრთხილეთ, მაგრამ არ დაგვემორჩილა და დაარღვია წესები. მე ვერანაირად ვერ გამოვარკვევ ვისთან ჰქონდა კონტაქტი“, – გვითხრა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა, შმაგი ხიჯაკაძემ.

ხულევის სოფლის რწმუნებულის, კახა ლომაიას ინფორმაციით, მეზობლები ოჯახში სამძიმარზე იტალიიდან ქალის დაბრუნებამდე იმყოფებოდნენ და როგორც კი გააფრთხილეს მორიდებოდნენ, ისინი აღარ მისულან სამძიმარზე.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოქალაქე საქართველოში გერმანიის ქალაქ მიუნხენიდან შემოვიდა, ამიტომაც ვარაუდობს ის, რომ მისი გაკონტროლება სათანადოდ ვერ მოხდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: