მთავარი,სიახლეები

მოქალაქეთა პირდაპირი წესით მომსახურება კერძო სექტორმაც უნდა შეზღუდოს – მთავრობა

13.03.2020 • 1122
მოქალაქეთა პირდაპირი წესით მომსახურება კერძო სექტორმაც უნდა შეზღუდოს – მთავრობა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოვდება იმ კერძო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს 13 მარტის სხდომაზე „პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი კონტაქტი“.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, მათ კიდევ ერთხელ მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობისა და სერვისების ელექტრონული მიწოდების რეჟიმზე.

13 მარტის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით საქართველოში ინფიცირებულია 25 ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან უმეტესობის  ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო – 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 58 პირი.

___________________

ფოტოზე: საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ფოტო: მთავრობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: