დღეს, 13 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიმ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.
„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს ვებგვერდზე.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანეს ბათუმიდან, ქობულეთიდან, ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან და მარნეულიდან. მათ თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს.
12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა აღმოჩნდა და მან შს სამინისტროს მოუწოდა თვითიზოლაციის წესების აღსრულებაში ჩართულიყო.