მთავარი,სიახლეები

უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების დაკანონების ახალი წესი

13.03.2020 • 2107
უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების დაკანონების ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების, ასევე, 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები დაამტკიცა.

დადგენილებით უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი დამტკიცდა.

ახალი წესის მოქმედება ვრცელდება:

[checklist]

  • 2007 წლის 1-ელ იან­ვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ;
  • მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას;
  • 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ. მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია ფართობის მატების გარეშე, უკვე არსებულ გაბარიტში;
  • უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1-ელ იანვრამდე აშენებულ (მშენებლობადამთავრებულ) იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზეც, რომლებზეც 2007 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები ფართობის მატების გარეშე.

[/checklist]

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ წესის დამტკიცებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

ახალი წესი მთავრობამ 2020 წლის 9 მარტს დაამტკიცა და ის ძალაში 10 მარტიდან შევიდა.

ახალი წესის მიხედვით, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება.

ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.

ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო.

„ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ“.

უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1-ელ იანვრამდე აშენებულ (მშენებლობადამთავრებულ) იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში, რომლებზეც 2007 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები ფართობის მატების გარეშე – ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნით შესაძლებელია, მიმართოს იმ მიწის ნაკვეთ(ებ)ის ერთ-ერთმა მესაკუთრემ, რომელზეც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია განთავსებული ან ამ  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრემ.

ამ შემთხვევაში დამატებით სხვა თანამესაკუთრეების მიმართვა ან მათი თანხმობის წარდგენა სავალდებულო არ არის და ლეგალიზებით ხდება მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობის სამშენებლო კუთხით დაკანონება.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: