მთავარი,სიახლეები

ბათუმში ქორწილები გადაიდო: „ხალხი არ მოვაო და თვითონ გააუქმეს ჯავშანი“  

13.03.2020 •
ბათუმში ქორწილები გადაიდო: „ხალხი არ მოვაო და თვითონ გააუქმეს ჯავშანი“  

„მთავრობა ვიდრე იტყოდა, მანამდე გაუქმდა ჯავშნები, ხალხი არ მოვაო,“ – გვითხრეს სარიტუალო დარბაზებში, სადაც მარტში ქორწილები იყო დაგეგმილი. რამდენიმე საქორწინო დარბაზის მენეჯერები ადასტურებენ, რომ ქორწილები გადაიდო, ზოგიერთი კი ამბობს, რომ მარტში ქორწილი წინა წლებშიც იშვიათი იყო.

შეზღუდვები ქორწილებსა და ქელეხებსაც რომ შესაძლოა შეეხოს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გუშინ, 12 მარტს, ისაუბრა.

„ხვალ გვაქვს ერთი ქორწილი, ვერ გადადეს, დაგეგმილი იყო ყველაფერი. მარტში დაგეგმილი კიდევ 5 ქორწილი გადაიდო. ერთს უკვე შევუთანხმდით და სექტემბერში გადაიტანა, მეორემ – აგვისტოს ბოლოს,“ – გვიყვება სარიტუალო დარბაზ „ბაგრატიონის“ მენეჯერი, ნუგზარ კიწმარიშვილი. მისივე თქმით, ქორწილის გადადებას ისინიც აპირებენ, ვისაც ქორწილისთვის დარბაზი აპრილში აქვთ დაჯავშნილი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

„22 აპრილის შემდეგ პერიოდზე გაკეთებულ ჯავშნებს არ შეხებია ჯერ არაფერი… ვინც უკვე გადადო, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, ხალხი არ მოვაო. ჩვენც ვურჩიეთ, რომ ასე სჯობდა,“ – დასძენს ნუგზარ კიწმარიშვილი.

„ჩვენ 8 ქორწილი გადავდეთ. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება ეს ქორწილები. ვიდრე მთავრობა გააკეთებდა განცხადებას, მანამდე გადავდეთ, უკვე ერთი კვირაა გასული,“ – ამბობს ზია დიასამიძე, სარიტუალო დარბაზ „ელიტას“ მენეჯერი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მარტში მის დარბაზში ქორწილი არ გაიმართება.

„მარტის ბოლოს გვაქვს დანიშნული ერთი ქორწილი და ველოდებით. იმედია, არ გადაიდება. სხვა შეკვეთა მარტში არ მქონია, ჯავშანი არ გაუქმებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ომარ ქამადაძემ, სარიტუალო დარბაზ „დავითის“ მენეჯერმა.

„არ გვაქვს ქორწილები, მაგრამ მარტში ისედაც არ იყო… თან მარხვა ემთხვევა,“ – ეს „ლიდერის“ მენეჯერმა, ნუგზარ რიჟვაძემ გვითხრა. მსგავსი ინფორმაცია მოგვაწოდეს რამდენიმე სხვა სარიტუალო დარბაზშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: