თურქეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ბათუმის მაღალ კორპუსებშიც იგრძნეს

თურქეთში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც  შესაბამისი თურქული წყაროების ინფორმაცით, გავლენა ჰქონდა საქართველოსა და სომხეთზეც.

თურქული მედიაგამოცემა Daily Sabah – ის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბინგოლის პროვინცია იყო და იგი დაახლოებით 8 წამს გაგრძელდა, მიწისძვრის სიღრმე 5 კილომეტრი იყო.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ბაზაში. ამ უწყებაში გვითხრეს, რომ ეს საშუალო კლასის  და ჩვენთან ნაკლებად საგრძნობი მიწისძვრა იყო.

„თუმცა მაღალსართულიან კორპუსებში ალბათ იქნებოდა საგრძნობი…. ეპიცენტრიდან ბათუმი დაახლოებით 260 – 280 კილომეტრითაა დაშორებული,“ – გვიპასუხეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში.

დამანგრეველი, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის თურქეთში იანვრის თვეშიც მოხდა.

___

მთავარი ფოტო: ბინგოლის პროვინცია, მიწისძვრის ეპიცენტრი

ამავე თემაზე:

6.8-ბალიანი მიწისძვრის მიწისქვეშა ბიძგების ხმა მკვლევარებმა ჩაიწერეს – თურქული მედია

ვინ დაგაჯარიმებს პირბადის გარეშე საჯარო სივრცეში, ან ტრანსპორტში ყოფნისთვის

პირბადის ტარების შესახებ ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 12 ივნისს შევიდა.ამ ცვლილებების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი – 500 ლარით. ეს წესი ვრცელდება ტაქსებზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილებისას – პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებას ახლავს შენიშვნაც: „ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.“

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ შეუტანია ცვლილებები შესაბამის დადგენილებაში, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება პირბადის ტარების კონკრეტული წესები. პირბადის ტარებაზე აკრძალვა მოქმედებს მთავრობის მიერ 23 მაისს მიერ მიღებულ დადგენილების შემდეგ, თუმცა სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძველი გაჩნდა 12 ივნისიდან, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა.

ამ დრომდე მთავრობას ის უწყებები არ განუსაზღვრავს, რომლებსაც შეეძლებათ ოქმის შედგენა, ანუ სამართლებრივი რეაგირება.

„კოდექსში არის ჩანაწერი, რომ ოქმს ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები და ასევე მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოები. ამ დროისთვის ოქმის გამოწერის უფლება აქვს შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს, სხვა ორგანოები ჯერ გაწერილი არ არის,“ – განმარტავს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე.

„ჩაი მოვკრიფეთ, მაგრამ აგვისტოში ისევ ქართველებს ველოდებით“ – დამსაქმებელი თურქეთიდან

„მე დღეს უკვე ვამთავრებ ჩაის კრეფას, მაგრამ არ ვიცი, ეს რა იყო, უხარისხოდ იმუშავეს. მოსაკრეფი აქვს კიდე ბევრს. მეორე სეზონზე ქართველებს ვუცდით ისევ… მე თითქმის ყველა დღე ველაპარაკები იმ ბიჭებს, გურჯებს, ვინც ჩემთან მუშაობდა,“ – გვიყვება ერჰან ქოსიოღლუ, იგი თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს. „ბათუმელები“ მას ფეისბუქში ესაუბრა.

ერჰან ქოსიოღლუ იმერხევული ქართულით გვიყვება, რომ საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ მუშახელის მოძიება გაჭირდა და ჩაის კრეფის დაწყება დაგვიანდა. ქართველი მუშახელი ჩაანაცვლეს სენეგალიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა. ამაზე თურქული მედია Hurriyetdaily წერდა.

„მე ხშირად ვრეკავდი საკონსულოში, მაინტერესებდა, როდის გაიხსნება სარფის საზღვარი. ვერ მეუბნებოდნენ პასუხს… ახლა მითხრეს, მეორე სეზონზე არ იქნება პრობლემა, მოვლენო. მეორე სეზონი იქნება ივლისი-აგვისტო… ახლა აფრიკელები კრეფავენ ჩემს სოფელში, ისინი სტამბულში იყვნენ პანდემიამდე და აქ ჩამოვიდნენ სამუშაოდ. ჩაის კრეფენ ასევე დიარბექირიდან ჩამოსული ქურთები, ტრაბზონს იქით მცხოვრები თურქებიც, მაგრამ არ იციან კრეფა, სუფთა მოკრეფა უნდა ჩაის,“ – ამბობს ერჰან ქოსიოღლუ „ბათუმელებთან“.

ერჰანის თქმით, თურქეთში ჩაის პლანტაციების ნახევარი ჯერ კიდევ მოსაკრეფია. თურქ დამსაქმებელს ვკითხეთ მუშახელის საფასურზეც.

„ტონა ჩაიზე ვიხდით 1000 – 1100 ლირას, ეს უფრო ძვირია, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ მითხრეს, თუ გინდა ასეა, თუ არადა, წავედითო…“,  აღნიშნა ერჰან ქოსიოღლუმ.

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება საქართველო-თურქეთის საზღვარი. საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, თურქეთმა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვარი გახსნა ყველა ქვეყანასთან, გარდა ირანისა, თუმცა ამ რეგულაციების გაუქმება ჯერ არ შეხებია საქართველოში შემოსვლისა და გასვლის  მსურველებს.

საქართველო თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც სეზონურად თურქეთში ჩაის კრეფენ. მათი რაოდენობა არავის დაუთვლია. არც კომპენსაცია მიუცია მათთვის ვინმეს, რადგან მათი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.

მთავარი ფოტო: ჩაის კრეფა თურქეთში, 14 ივნისი, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო

ჩაის მკრეფავები წინასწარ დარდობენ ზამთარს – „ჩვენი დახმარება არავის უხსენებია“

როდის გაანათებენ გონიოს ბულვარს და დადგამენ სკამებს – მერიაში ფულს ეძებენ

„გონიოსა და კვარიათში ბულვარი ჯერ კიდევ წინა წელს მოეწყო, მაგრამ ახლა განათებაც აღარ გვაქვს, გასულ წელს გაფუჭდა და მას შემდეგ ჩაბნელებულია… არც სკამები დაგვიდგეს, არც ნაგვის ურნებია…“ – გვითხრა გონიოში მცხორებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გონიოელების თქმით, ბათუმის მერიისგან კონკრეტული პასუხს წლების განმავლობაში ვერ იღებენ. ბოლო მიზეზი პანდემიაა.

„ახლა გვითხრეს, პანდემიააო, მაგრამ მანამდე ხომ შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება? ან ახლა, განათება რომ მაინც ჩართონ, რატომაა ამხელა პრობლემა? ბათუმია ესეც, ასე გვინდა ტურიზმი?“ – კითხულობენ გონიოელები.

„პანდემიის გამო შევჩერდით. ვგეგმავდით ტენდერის გამოცხადებას, განათებაზე „აჭარგანათება“ მუშაობს და მალე მოგვარდება, როგორც ვიცი,“ – გვითხრა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა, სულხან ევგენიძემ. მან ვერ გვითხრა მიზეზი, რის გამო არ გამოცხადდა ტენდერი პანდემიამდე, ან როდის მოახერხებს ბათუმის მერია გონიოს ბულვარის კეთილმოწყობას.

სულხან ევგენიძის თქმით, გონიოს და კვარიათის ბულვარში სკამების შესაძენად, ასევე კიბეების და პანდუსის მოსაწყობად დაახლოებით 390 ათასი ლარია საჭირო. „ბათუმელებთან“ საუბრის დროს სულხან ევგენიძემ არ გამორიცხა, რომ ამ მიმართულებით ტენდერი წელს საერთოდ ვერ გამოცხადდეს.

„არ ვიცით, როგორი იქნება შემოსავლები, მაგალითად, შემოსავალი იყო კაზინოები, ახლა ყველაფერი გაჩერებული იყო… ამ თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, რა თანხას მოგვცემენ, შესაძლოა, გადაიდოს მომავალი წლისთვის,“ – აღნიშნა სულხან ევგენიძემ.

 

გონიო / 14.06.2020 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის საათებში დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის მცირე წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში ..

15 ივნისს ჰაერის ტემპერატურა:

  • აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 10-15, დღისით 15-20 გრადუსი სითბო;

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამის საათებში დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის მცირე წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი;
  • ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +21 გრადუსი

სამშაბათს და ოთხშაბათს [16 და 17 ივნისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

უცხოეთში მცხოვრებთა დასახმარებლად, კონსულტაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრო $30 ათასს გადაიხდის

კორონავირუსის პანდემიის გამო, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დახმარების და მათთვის გაწეული სერვისების ეფექტიანობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 30 ათას აშშ დოლარს გადაუხდის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას – JPM Strategic Solutions LLC.

სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა. ამ თანხით სამინისტრო, როგორც განაცხადშია აღნიშნული, „მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე უცხო ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დახმარების და მათთვის გაწეული სერვისების ეფექტიანობის, ამ მიმართულებით უკვე არსებული მიდგომების გაუმჯობესების და დამატებითი სერვისების/მომსახურების საჭიროების განსაზღვრისთვის, ასევე პანდემიის დროს, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული პრეცედენტული მიდგომების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციონირების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებებს“ შეისყიდის.

საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება, გულისხმობს შემდეგს: „JPM Strategic Solutions LLC-ის მიერ COVID-19 პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მომსახურების/დახმარების მიმღებთა გამოკითხვას და მათი უკუკავშირის მიღების მიზნით შესაბამისი კვლევის წარმოებას – მათ შორის, კვლევის „ტოპ-ლაინების“, ცხრილების, Powerpoint პრეზენტაციების, მოქალაქეებთან კომუნიკაციის გეგმის და კომუნიკაციის ელემენტების შედგენას, რაც ასევე მოიცავს, კვლევის თემების/თეზისების შედგენას, ასევე მსოფლიოში, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების მოპყრობის კუთხით ცალკეული სახელმწიფოების მიდგომების ანალიზს, აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეთა დამოკიდებულების გაზომვას, შედარებით ანალიზს და შესაბამისი კვლევითი კონტენტის მომზადებას.“

კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების გასაწევად განსაზღვრულია – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვე.

„უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უდიდესი ნაწილი მოულოდნელი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩდა. მათ შეეზღუდათ გადაადგილების შესაძლებლობა, ვერ ბრუნდებიან სამშობლოში, დროებით დაკარგეს სამუშაო ადგილები, უკიდურესად შეეზღუდათ საარსებო წყარო და წვდომა სამედიცინო მომსახურებასთან…

სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე გადაერთნენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზანი: 1) მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე (საზღვარგარეთ); 2) მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების საჭიროებებზე ეფექტიანი და ოპერატიული რეაგირების, ასევე მათთვის მყისიერი დახმარების აღმოჩენის პროცესში სამინისტროს, ხშირ შემთხვევაში, მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების და მიდგომების გამოყენება, რომლებიც გამომდინარეობდა მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან და დღემდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა.

იმ მიზნით, რომ განისაზღვროს სამინისტროს მიერ საგანგებო ვითარების ფონზე მოქალაქეთა დახმარების და მათთვის გაწეული სერვისების ეფექტიანობა, ასევე მოხდეს ამ მიმართულებით უკვე არსებული მიდგომების გაუმჯობესება და დამატებითი სერვისების/მომსახურების საჭიროების განსაზღვრა, მიზანშეწონილია აღნიშნული მომსახურების/დახმარების მიმღებთა მხრიდან უკუკავშირის სისტემური მიღება და შესწავლა, რაც სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს განახორციელოს პროცესის ეფექტიანობის დიაგნოსტიკა მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, სამომავლოდ, ზოგადი და ინდივიდუალური კრიზისული ვითარების დროს, შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა“ – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

 

როგორ აისახება დეკლარაციაში საგადასახადო შეღავათი 750 ლარამდე ხელფასზე, რომელსაც მეწარმე იტოვებს

2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში [2020 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით], დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს [ბიუჯეტში არ შეიტანოს] დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით: „დამსაქმებლის მიერ 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შემცირების [ბიუჯეტში არ შეტანის] მიზნით „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის“ დეკლარაციის დანართ „ა“-ს დაემატება მე-14 გრაფა „შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“, რომელშიც აისახება 750 ლარამდე გაცემულ ხელფასზე [თუ, ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს] შესამცირებლად გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის თანხა“.

[toggle title=”დეკლარაციის შევსების მაგალითები, შემოსავლების სამსახურისგან, ნახეთ აქ:“]

მაგალითი 1: საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი (დასაქმებულის სახელით საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის ჩათვლით) შეადგენს 1500 ლარს, რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული არ სარგებლობს საგადასახადო შეღავათით.

მოცემულ შემთხვევაში: ვინაიდან დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ხელფასი აღემატება 750 ლარს, საწარმო უფლებამოსილია, „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 150 ლარი (750*20%=150; 750 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი).

მაგალითი 2: საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი, შეადგენს 700 ლარს, რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული პირი სარგებლობს საპენსიო სქემით.

მოცემულ შემთხვევაში: საწარმო უფლებამოსილია „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 137.2 ლარი (700-14(700*2%)=686 > 686*20/100=137.2). მოცემულ შემთხვევაში, ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ წარმოიქმნება;

მაგალითი 3: საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი შეადგენს 700 ლარს, რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული არ სარგებლობს საპენსიო სქემით და საგადასახადო შეღავათით.

მოცემულ შემთხვევაში: საწარმო უფლებამოსილია, „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 140 ლარი (700*20%=140; 700 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი). შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ წარმოიქმნება.

მაგალითი 4: საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი შეადგენს 1 700 ლარს, რომელიც გაიცა იმავე თვეში ორ ნაწილად (ერთსა და იმავე დაქირავებულ პირზე), მაგალითად 900 ლარი 5 მაისს და 800 ლარი 22 მაისს. დაქირავებული პირი სარგებლობს საპენსიო სქემით და საგადასახადო შეღავათით. შეღავათების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასის თანხამ შეადგინა 1 400 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში: საწარმოს საშემოსავლო გადასახადის შესამცირებელი თანხა არ წარმოექმნება – საწარმო არ არის უფლებამოსილი „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს რაიმე თანხა, რადგან ხელფასის ოდენობა აღემატება 1500 ლარს.“

მაგალითი 5: საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული და გაცემული ხელფასი შეადგენს 1 530 ლარს, დაქირავებული პირი სარგებლობს საპენსიო სქემით.

მოცემულ შემთხვევაში: მიუხედავად იმისა, რომ საშემოსავლო გადასახადით იბეგრება 1499,4 (1530- 1530*2%=1499,4) ლარი, საწარმოს საშემოსავლო გადასახადის შესამცირებელი თანხა არ წარმოექმნება – საწარმო არ არის უფლებამოსილი „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს რაიმე თანხა, რადგან ხელფასის ოდენობა აღემატება 1500 ლარს.“

[/toggle]

აღნიშნული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე; საქართველოს ეროვნული ბანკზე; ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებზე; საწარმოებზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი და ამ საწარმოს დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოებზე, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს თავად ეს საწარმო.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

სატვირთოს მძღოლებისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალი წესები მოქმედებს – Covid19

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ [გარდა სატრანზიტო მძღოლებისა], ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის ახალი წესები მოქმედებს.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით:

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს განუმარტავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, ასევე გადაადგილებისა და სავალდებულო კარანტინისთვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს.

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ სატვირთო ტრანსპორტის მძღოლებს [როგორც  საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებს] უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება ანტიგენზე და ანტისხეულზე.

აღნიშნული პროცედურა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საზღვაო ნავსადგურსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ  სპეციალური სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით. შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგის მიერ, მიზნობრივი ტესტირების შედეგი აისახება ფორმაში (დანართი №1),  რომელსაც ექიმი გადაცემს მძღოლს, ხოლო  პირის ცხელების ცენტრში ვირუსის დადასტურების შემთხვევაში) გადაყვანის თაობაზე ინფორმაცია, დადგენილი წესით, ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

მიზნობრივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება მძღოლის გადაყვანა შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება.

ამასთან, თუ საბაჟო კონტროლის ზონაში  ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში, აღნიშნული მძღოლი ექვემდებარება სავალდებულო საკარანტინე სივრცეში განთავსებას. მძღოლს შეუძლია საკარანტინე სივრცის დატოვება მხოლოდ ახალი, განმეორებითი ტესტირების შემდეგ. აღნიშნული ტესტირება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მძღოლის, მისი დამსაქმებლის, შესაბამისი იმპორტიორის/ექსპორტიორის ან სხვა დაინტერესებული პირის სახსრებით.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი დაარღვევს  ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის  წესებს, ის დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

„8 წელი „ოცნებას” ვემსახურე და 12 სართული დამაშენეს თავზე“ – აქცია გონიოში

„აქამდე სულ ჩუმად ვიყავი და ახლა ყველაფერი უნდა მოგიყვეთ – მერია შეშლილია ჭკვაზე,“ – ამბობს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის 37-ში მცხოვრები რამაზ გოგიტიძე. მისი ოჯახი ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობს, გვერდით კი, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს „ევრო პალასი“ აშენებს. რამაზმა დღეს, 13 ივნისს ახლობლები და ნათესავები შეკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.

სახლს და კორპუსს შორის სივრცეში, რაც სტატიის მთავარ ფოტოზე მოსჩანს, ბათუმის მერიამ ორსართულიანი პარკინგის ასაშენებლად  ნებართვა გასცა

„8 წელი „ქართულ ოცნებას“ ვემსახურე და 12 სართული დამაშენეს თავზე… ახლა დაშორება არის 10 მეტრი. ორი კვირის წინ დარჩენილი ტერიტორიაც მოასწორა ტრაქტორმა, ამ ტერიტორიის ნაწილზე ორსართულიანი ავტოპარკინგი უნდა მოეწყოსო, ნახევარი მეტრი რჩება დაშორება ჩემ სახლსა და პარკინგს შორის, ხელი რომ გადმოყოს მანქანიდან, ნებისმიერი ბანდიტი შემოვა ჩემს სახლში… დევიწყე კივილი, მაგრამ მერიაში ვინ უნდა გიპასუხოს? თვითონ გასცენ ნებართვა და რას გეტყვიან,“ – გვიყვება რამაზ გოგიტიძე.

დღევანდელი საპროტესტო აქციის შემდეგ, გონიოში მიმდინარე მშენებლობა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. „მშენებლობა ნებართვის შესაბამისად მიმდინარეობს“, – გვითხრეს ამ უწყების პრესცენტრში.

რატომ გასცა მსგავსი ნებართვა ბათუმის მერიამ – კითხვის დასმა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის გვინდოდა, თუმცა მერიის პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხეს.

რამაზ გოგიტიძის თქმით, ის იმ ადამიანების ჩამონათვალშია, რომლებსაც 2008 წელს მიწა გონიოში საზეიმოდ გადასცეს, 2010 წელს – ჩამოართვეს.

„მას მერე ავთანდილ ბერიძე აფრიალებდა ჩემს საბუთებს და მეც „ოცნებას“ ვემსახურე. მონა ვიყავი, მონა, ყველაფერს ვაკეთებდი არჩევნებზე, აქტივისტი ვიყავ… მიწა კი დამიმტკიცეს, მაგრამ რათ გინდა?“ – კითხულობს მოქალაქე რამაზ გოგიტიძე.

რამაზ გოგიტიძის საცხოვრებელი სახლი და მშენებარე კორპუსი, გონიო, ბათუმი.

მთავარი ფოტო: მერიამ ორსართულიან პარკინგის აშენების ნებართვა  რამაზ გოგიტიძის სახლსა და კორპუსს შორის დარჩენილ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე გასცა.

ბათუმის ეკლესიიდან 30 ლარის და საეკლესიო ნივთების ქურდობაზე 27 წლის კაცი დააკავეს – შსს

ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ბათუმში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული 27 წლისაა. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2 ივნისს გაქურდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თ.ღ. წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 2 ივნისს, ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ თ.ღ.-მ მიმდინარე წლის მარტში, ბათუმში, ერთ-ერთ მოქალაქეს საფულე და მობილური ტელეფონი მოჰპარა, ხოლო მაისში – სავაჭრო ჯიხური გაქურდა და გასაყიდ სუვენირებს უკანონოდ დაეუფლა,“ -აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.

რა დაადგინა ექსპერტიზამ ბათუმის ეკლესიის სარდაფში შენახულ 150 ნეშტზე [ვიდეო]

საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების ნეშტების პრობლემაზე ამ დრომდე არაფერი გარკვეულა. ნეშტების არსებობის შესახებ 2019 წლის აპრილში გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებმა კი, ნეშტებიდან ნიმუშების აღების პროცესი გასული წლის 12 ივლისს დაასრულეს.

„პანდემიის გამო შეჩერდა სამუშაოები“, – გვიპასუხეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. აქ განმარტეს, რომ ხელვაჩაურის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ფლობს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა საძიებო სამუშაოები სამარხში, სადაც 150 ნეშტი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ორი გაუხსნელი სამარხი უნდა არსებობდეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ პროცესს პანდემიამ შეუშალა ხელი, რადგან ჯგუფური მუშაობა შეუძლებელი იყო. ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება არქეოლოგიური სამუშაოები სამარხში, სადაც ნეშტები იპოვეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩატარდება აღმოჩენილი ნეშტების დნმ ექსპერტიზა. გასული წლის ივლისში კი, ნეშტებიდან ნიმუშები არქივისთვის აიღეს.

ნეშტები, რომლებიც შესაძლოა 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირებს ეკუთვნოდეს, ორი წელია ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფში ინახება.

ამავე თემაზე:

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

როცა 15 05-ზე რეკავ და 20 წუთს ელოდები – რატომ აიგნორებს ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას

15 05 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზია. ამ ნომერზე ძირითადად ის ადამიანები რეკავენ, რომლებსაც სასწრაფოდ და გადაუდებლად სჭირდებათ დახმარება, რადგან საქმე ჯანმრთელობის დაცვას ეხება. მოქალაქეები გვწერენ, რომ 15 05-ზე დაკავშირებას ზოგჯერ ნახევარი საათი, ან უფრო მეტი დრო სჭირდება.

15 05-თან დაკავშირება „ბათუმელებმაც“ სცადა – ჩვენ ზუსტად 20 წუთის შემდეგ გვიპასუხა ცხელი ხაზის ოპერატორმა.

რატომ ვერ ხერხდება ცხელი ხაზის ოპერატიული და ეფექტური მუშაობა, ან როგორ წარმოუდგენია ამ პრობლემის მოგვარება ჯანდაცვის სამინისტროს? – კითხვაზე პასუხის მიღება იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ცხელ ხაზზე ოპერატორის ხმის გაგონება. „ბათუმელები“ ამ კვირის დასაწყისში, 8 ივნისს დაუკავშირდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრს, სადაც აქეთ გვკითხეს „კი მაგრამ სტანდარტი რა არის?“

ორშაბათს, 8 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრი დაგვპირდა ინფორმაციის მოწოდებას 15 05-ის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს აღარ უპასუხეს. 10 ივნისს „ბათუმელებმა“ დაკავშირება ჯანდაცვის მინისტრის სამ მოადგილესთან სცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს არც თანამდებობის პირებმა უპასუხეს. ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე დააიგნორა ჩვენი საჯარო მიმართვა ფეისბუქზე.

მეორე პრობლემაა 15 05-ის მომსახურების ფასი. კომპანია „სილქნეტის“ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ მომსახურება 13 მარტიდან პანდემიის პირობებში უფასოა, თუმცა უცნობია, როდემდე. ცხელი ხაზის ოპერატორმა ასევე გვითხრა, რომ პანდემიამდე 15 05-თან დაკავშირება წუთი 24 თეთრი იყო და ეს საფასური აითვლებოდა ავტომოოპასუხის ჩართვისთანავე, ანუ ვიდრე ოპერატორი პასუხს გაგცემდათ.

„ცხელი ხაზი ზოგადად უნდა იყოს უფასო, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ცხელ ხაზზე სოციალურად დაუცველი ადამიანები რეკავენ, თან მათ, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით რამდენჯერმე უწევთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზთან დაკავშირება,“ – მიიჩნევს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ჯანდაცვის პროგრამების კოორდინატორი, მარი ჩოხელი.

მარი ჩოხელი ამბობს, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან არ ჰქონია. იგი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში მსგავს სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რადგან თითოეული მოქალაქე ვიხდით 112-ში მომსახურების საფასურს, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება ფასიანი აღარ უნდა იყოს.

„მეტი მობილიზებაა საჭირო, რომ ეს ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს მოქალაქემ ინფორმაცია“, – დასძინა მარი ჩოხელმა „ბათუმელებთან“.

პისტოლეტი, მჭიდი და გადაჭრილი თოფი პოლიციამ ოზურგეთში ამოიღო

ცეცხლსასროლი პისტროლეტი, მჭიდი და ერთლულიანი გადაჭრილი თოფი პოლიელებემა ოზურგეთში ამოიღეს. უკანონო იარაღი სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და აბვტომანქანის ჩხრეკის დროს იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროპ ავრცელებს.

ბრალდებული 24 წლისაა და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.

გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების მუხლით.

რა შეიცვალა ქალებისთვის, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ვეღარ გადადიან

„არაფერი არ შეცვლილა საპროტესტო აქციების შემდეგ და მას მერე, რაც თორნიკე რიჟვაძეს შეხვდით. არც კომპენსაცია მიგვიღია. უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი, რომ ისევ შევძლოთ იქ გადასვლა და მუშაობა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჟუჟუნა ქოქოლაძე. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც პანდემიამდე თურქეთში, ქემალფაშაში მუშაობდა.

ქალები, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.

„მე ყოველდღე გადავდიოდი ქემალფაშაში მაღაზიაში სამუშაოდ, დღეში 40 ლარს მიხდიდა მესაკუთრე და ამით ვარჩენდი ოჯახს, საღამოს ვბრუნდებოდი. 13 წელია ქემალფაშაში ასე ვმუშაობ… ოჯახში შემომტანი კიდევ ჩემი ბიჭია, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა, ისიც უმუშევარი დარჩა. ახლა გაიხსნა მშენებლობები და გადავრჩით, თორემ დავიწყებდით შიმშილობას ალბათ,“ – ამბობს ჟუჟუნა ქობულაძე.

მთავრობა 6 თვით 200-ლარიან ფინანსურ კომპენსაციას მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევს, ვინც დამსაქმებლისგან ოფიციალურ დოკუმენტს წარადგენს, რომ ის ნამდვილად მუშაობდა პანდემიამდე.

„…მოვისმინეთ, ითქვა, რომ სარფის საბაჟოს კვეთით დადგინდებოდა, გადავდიოდით თუ არა ჩვენ ყველადღე თურქეთში სამუშაოდ, მაგრამ ჩვენამდე არაფერი მოსულა,“ – აღნიშნა ჟუჟუნა ქოქოლაძემ „ბათუმელებთან“. ის ახლა საზღვრის გახსნას ელოდება, რომ ისევ შეძლოს თურქეთში მუშაობა.

აჭარის მთავრობაში 29 მაისს განაცხადეს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიამდე თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრის ჩაკეტვის გამო უმუშევრად დარჩნენ, ფინანსურად არ დაეხმარებიან.

ბათუმში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და წინა ნაწილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო ეკიპაჟის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ავტომანქანა გაზზე მუშაობდა.ადგილზე ორი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად.

 

როგორ იპოვა უპატრონო ძაღლმა ოჯახი – „ჩერის“ გადარჩენის ისტორია

ძაღლი, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, ორი თვის წინ, აპრილში, ჩოხატაურში ცხოვრობდა და შიმშილისგან სიკვდილის პირას იყო. მეძებარი ძაღლი, პოინტერი, 2020 წლის გაზაფხულზე ჩოხატაურის ცენტრში, მანქანიდან ჩამოსვეს და მიატოვეს. ჩოხატაურში ამბობდნენ, რომ ძაღლი დარდისგან არ ჭამდა, ყმუოდა და პატრონს ელოდა.

ძაღლი ჩოხატაურში

ძაღლის შესახებ ინფორმაცია ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ გაავრცელა, რომელიც უპატრონო ძაღლებისთვის ბათუმში პატარა სახლებს – „კერას“ დგამს. ლევანი ჩოხატაურში ჩავიდა და ძაღლი ბათუმში ჩამოიყვანა, თუმცა ჩოხატაურში ყოფნისას ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვით უამბო მის მეგობრებსა და გვერდის გამომწერებს ძაღლის შესახებ.

სწორედ ეს ფეისბუქ ჩართვა ნახა ერიკ ტუმანიანმა, რომელსაც ძაღლის ყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამ ვიდეომ შეცვალა უსახლკარო, გამხდარი, შეშინებული პოინტერის ცხოვრება.

„ვნახე ჩართვა და ძალიან შემეცოდა ძაღლი. მეუღლესთან ერთად გვქონდა ძაღლის აყვანაზე საუბარი, ყიდვა მინდოდა, მაგრამ ეს ძაღლი ისე შეგვეცოდა, გადავწყვიტე მივსულიყავი და მენახა. როგორც კი მივედი და დავინახე, იქვე ვთქვი, რომ მე წავიყვანდი. მაშინ ჯერ კიდევ მკურნალობა სჭირდებოდა, ახველებდა, ჩირქი სდიოდა, მაზუთი ესვა ყურებზე, თათებზე, ბეწვი გაცვენილი ჰქონდა, იყო ნაცემი და ისე შეშინებული, ადამიანი გვერდით რომ გაუვლიდა, არ იცოდა, სად შემძვრალიყო“.

ერიკმა ძაღლს უმკურნალა, „ჩერი“ დაარქვა და სახლში მოიყვანა, სადაც მისი მეუღლე, ორი შვილი და ქუჩიდან აყვანილი კატა ცხოვრობენ. „ჩერი“ ახლა კარგადაა, თამაშის ხასიათზეა, თუმცა გზის, მანქანების და მიტოვების შიში ისევ აქვს.

„ჩერი“ ახლა. ძნელია იცნოთ ძაღლი, რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინ შიმშილით კვდებოდა. ერიკ ტუმანიანის ფოტო

„კატასტროფულად ეშინია მანქანის. თბილისში მივდიოდით, ვერ დავტოვებდით და მანქანით წავიყვანეთ. გზად როცა ვაჩერებდით, ძაღლი ერთი წამით არ მშორდებოდა, მივხვდი, სულ იმის ეშინოდა, არ დაგვეტოვებინა სადმე. აშკარაა, რომ მიატოვეს“, – ამბობს ერიკი.

ერიკის ოჯახი

მან გვითხრა, რომ „ჩერი“ ჭკვიანი ძაღლი გამოდგა, განსაკუთრებით ერიკს შეეჩვია, სახლში თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მაინც მის საწოლთან ძილს არჩევს და პატრონის გაღვიძებამდე ფეხს არ იცვლის. ბულვარში სეირნობისას „ჩერის“ პოინტერის ინსტინქტები ერთვება და ჩიტების ხმაზე რეაგირებს, ისევე როგორც სხვა პოინტერებს, წყალი და წვიმაში სეირნობა არც მას უყვარს.

„ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშ რჩება, რატომ მიატოვა, რატომ გაწირა პატრონმა ასე. ძალიან ჭკვიანი და სუფთა ძაღლია, როცა გარეთ გასვლა უნდა, მიდის კარებთან, ზის და გვანიშნებს, რომ გასვლა სჭირდება. იცის, რა დროს აქვს საჭმელი, თუ თუნდაც 5 წუთი გადასცდა, მიდის იმ ადგილას, სადაც ვაჭმევთ, ზის და გველოდება, იცის, რომ ჭამის დროა. ჩვენი ოჯახის წევრია“, – ამბობს ერიკი.

ერიკის ოჯახი

ერიკი ორი შვილის მამაა. იგი თვლის, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩემი, როგორც მშობლის აზრით, ბავშვებს ცხოველთან მეტი კონტაქტი რომ ჰქონდეთ, ნაკლებად აგრესიულები გაიზრდებიან. ჩემ შვილებს გაუჩნდათ მზრუნველობის შეგრძნება, იციან ბავშვებმა, დილით რომ დგებიან, ცხოველებს უნდა აჭამონ საჭმელი, კატას შია, ძაღლს შია, ძაღლი გასაყვანია, ცოდოა… ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვებზე ეს“, – ამბობს ერიკი.

_______

რატომ არის სახლებზე განთავსებული მემორიალური დაფები დამტვერილი და მიჩქმალული – გამოხმაურება

ავტორი: ლალი ჩაგანავა, მოქალაქე

___

მინდა, ჩემი წუხილი გაგიზიაროთ ჩვენს ქალაქში განთავსებულ მემორიალურ დაფებთან დაკავშირებით. ზურაბ გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაში განთავსებულია ცნობილი მოქალაქეების – საქართველოს დამსახურებული არტისტის, იუსუფ კობალაძისა და ცნობილი კომპოზიტორის, ალექსი ფარცხალაძის მემორიალური დაფები, რომლებიც დღეს მოუვლელი და მიჩქმალულია.

ვიცით, როგორი დიდი მსახიობი იყო იუსუფ კობალაძე, როგორი ნიჭიერი. მის მიერ შექმნილ „ოიდიპოს მეფეზე“ მარტო საბჭოთა კავშირში კი არა, მის ფარგლებს გარეთაც ლაპარაკობდნენ აღტაცებით. ალექსი ფარცხალაძეც ასევე ჩვენი ქალაქის გამორჩეული სახე იყო, ცნობილი ხელოვანი, მუსიკოსი და ჩვენ გვეამაყება, რომ ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.

მემორიალური დაფებიც ჩვენი ქალაქის ერთგვარი ისტორიაა, რადგან გვაწვდის ამბავს იმის შესახებ, რომ „ამ ქალაქში“, „ამ სახლში“ ცხოვრობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ.

ამიტომ, ძალიან დასანანია, რომ ამ ადამიანების მემორიალური დაფები დღეს payboxs-ებით, კომერციული ბანერებით და სხვადასხვა სარეკლამო აბრებით არის ხშირად დაფარული, დამტვერილი და მიჩქმალული.

მე სხვა ქვეყნებშიც მინახავს ცნობილი ადამიანების მემორიალური დაფები, რომლებიც მოვლილია, სუფთაა და ყვავილებია ზედ განთავსებული. ჩვენს ქალაქში კი ყურადღებას არავის აქცევს. ვერც ადგილობრივი მოქალაქეები ხედავენ და ვერც ტურისტები.

ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობა და მოსახლეობა მსგავს დეტალებს ყურადღებას უნდა აქცევდეს. თუ ვამაყობთ ამ ადამიანების განვლილი ცხოვრებით და ვანთავსებთ აბრებს, რომ „ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი პიროვნება“ და ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიაა, მაშინ მისი მოვლაც უნდა შეგვეძლოს.

მსახიობ იუსუფ კობალაძის და კომპოზიტორ ალექსანდრე ფარცხალაძის მემორიალური დაფები ფეიბოქსის უკან

ადვოკატი: ბათუმის ციხეში ბრალდებულს ვერ შემახვედრეს

„დაახლოებით სამი საათი ველოდი ბრალდებულთან შეხვედრას. ბათუმის ციხე მას შემდეგ დავტოვე, როცა ციხის ადმინისტრაციამ ვერ მიპასუხა კონკრეტულად, როდის მოხერხდებოდა ბრალდებულთან ჩემი  შეხვედრა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი თქმით, პრობლემები პანდემიის დროს გაჩნდა, როცა ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვედრების ოთახში ვეღარ ხვდებიან და ამისთვის ე.წ. პაემნების ოთახს იყენებენ, რომელიც მინითაა გადატიხრული. ასეთი ოთახი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში სულ სამია.

„პრობლემა ისაა, რომ პაემნების ოთახს ხან სხვა პატიმრის ოჯახის წევრი იკავებს, ხან გამომძიებელი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი… არ მაქვს პრობლემა, მაგრამ გაურკვეველია, როდის უნდა ისარგებლოს ბრალდებულმა ადვოკატთან შეხვედრის უფლებით, რისი უფლებაც მას კანონით აქვს?“ – კითხულობს ადვოკატი და დასძენს, რომ ის ბათუმის ციხეში სპეციალური აღჭურვილობით მივიდა, რომლითაც შეხვედრების ოთახში ბრალდებულთან შეხვედრაც უსაფრთხო იქნებოდა, თუმცა ადმინისტრაციისგან უარი მიიღო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ 25 მაისიდან აღადგინეს ხანმოკლე პაემნები, თუმცა მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. უწყებაში განმარტეს, რომ იმ ოთახების ადაპტირებას, სადაც ადვოკატები ხვდებოდნენ დაცვის ქვეშ მყოფებს, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობაც დადგა ფაქტის წინაშე, რომ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, სისტემის იმგვარად ადაპტირება გახდა საჭირო, რომ პრევენციული ზომები პრაქტიკულად მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს, ვინაიდან ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ახალ კორონავირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს. შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ისევე როგორც სხვა უწყებებს, საკმაოდ ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ სისტემის ადაპტირება მოხდეს არსებულ რეალობასთან.

მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებთან ხანმოკლე პაემნები აღდგა, ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრისათვის მორიგეობით გამოიყენება ხანმოკლე პაემნების ოთახები, სადაც არის მინის ბარიერები დამონტაჟებული, რამაც შექმნა გარკვეული შეფერხება და ზოგ შემთხვევაში ადვოკატებს უწევთ გარკვეული დროით ლოდინი მათ დასაცავ პირებთან შესახვედრად.

პენიტენციური სამსახური აცნობიერებდა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე დადგებოდა, მაგრამ პრიორიტეტი პატიმრებისთვის პაემნების უფლების აღდგენა იყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ოთახების კაპიტალური რემონტი და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა (რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება), სადაც ვირუსის გავრცელებამდე ადვოკატები ხვდებოდნენ მათ დასაცავ პირებს, რათა შექმნილი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ადვოკატებს კვლავ მიეცეთ მათ დასაცავ პირებთან დროულად და დაუბრკოლებლად შეხვედრის საშუალება ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესების დაცვით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიმართავს ადვოკატებს, გაგებით მოეკიდონ ამ დროებით შეფერხებას, რის აღმოფხვრაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია,“ – მოგვწერეს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან.

სამაშველომ ზღვიდან „ბუიოკს“ ჩაჭიდებული ბიჭი გამოიყვანა

მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან გაავრცელეს.

„ბათუმში არასრულწლოვანი წყალში ტივტივაზე იყო დარჩენილი და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა. ის  წყალზე სამაშველო სამმართველოს მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს“, – ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ბუიოკს“ ჩაჭიდებული ბიჭის შესახებ სამაშველოში შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც მაშველები მივიდნენ მის დასახმარებლად.

სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ბათუმში ანტირასისტული ინსტალაციის წარწერა შავი საღებავით გადაღებეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის კედელზე, სადაც ხშირად ნახავთ მხატვრობით გამოხატულ პროტესტს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, ახალი ინსტალაცია – Black Lives Matter [შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] გაჩნდა, თუმცა ინსტალაციის სლოგანი განთავსებიდან 2 საათში წაშალეს შავი საღებავით.

ინსტალაციის თავდაპირველი სახე

ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით. როგორც BIIMO-მ „ბათუმელებს“  უთხრა, ამ ინსტალაციების მიზანი მოვლენების კრიტიკულად შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა.

BIIMO მიიჩნევს, რომ რასიზმი არ არის მხოლოდ აშშ-ის პრობლემა და ის ყველგან გვხვდება, მათ შორის, საქართველოშიც.

„სამწუხაროდ საქართველოშიც გვაქვს რასიზმის და დისკრიმინაციის ფაქტები, რასაც, ვფიქრობ, სათანადო ყურადღება არ ეთმობა ან გადაფარულია სხვა თემებით.  მეც შევსწრებივარ რასიზმის შემთხვევებს საჯარო სივრცეში, კიდევ უფრო სამწუხაროდ – ახალგაზრდების მხრიდან.

ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ ინსტალაციის  განთავსებიდან 2 საათში წარწერა – Black Lives Matter შავი საღებავით გადაფარეს. იმედი მაქვს, რამდენიმე დღე მაინც გაჩერდება ეს წარწერა კედელზე, თუმცა სანამ ბათუმში ვიქნები, წარწერას განვაახლებ,“-გვითხრა BIIMO-მ.

წარწერა -Black Lives Matter, შავი საღებავით გადაფარეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ანონიმი ავტორი მიიჩნევს, რომ რასიზმის პრობლემაზე ღიად უნდა ვისაუბროთ.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია  ხელისუფლებამ ღიად დააფიქსიროს, რომ რასიზმი და დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით არის დაუშვებელი, აწარმოოს კამპანიები ცნობიერების ამაღლებისთვის და მოახდინოს ეფექტური რეაგირება სხვადასხვა ფაქტებზე“- ამბობს BIIMO.

აზრის გამოსახატად BIIMO ხშირად მიმართავს მულტიმედიურ საშუალებებს – ქანდაკებებს, სტრიტ არტს, კომპიუტერულ ხელოვნებას და მუსიკას.

____________________________

მასობრივი გამოსვლები აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სლოგანით – შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია/ Black Lives Matter-აფროამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს. დაკავებისას ოფიცერს მუხლი ჯორჯის ყელზე ჰქონდა მიბჯენილი. დაკავებული ჯორჯ ფლოიდი, რომელიც ძირს იწვა, ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა.

როგორც აუტოფსიამ დაადგინა, პოლიციის ოფიცრის დერეკ ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციელები ვინც ფლოდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის ბრალი წარედგინა.

ფლოიდის სიკვდილს რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა აშშ-ს 50-ივე შტატის ქალაქებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში.

ინსტალაცია  Black Lives Matter, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

რუსული ხორბლის მიწოდებაზე დოკუმენტები გააყალბეს, დაკავებულია 3 პირი – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები 310 539 ლარის ღირებულების რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების თაობაზე, რა გზითაც საკუთარ კომპანიას შეუქმნეს 47 370 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური გაწერები, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა და გამოიყენა დღგ-ს 18 536 ლარის ყალბი აქტივი.“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

აჭარაში კარანტინი 7 809 ადამიანმა გაიარა, 1024 პირი კი – კარანტინშია

აჭარის რეგიონში მოწყობილ 29 საკარანტინო ზონაში კარანტინის მომსახურებით დღემდე ისარგებლა 8 833-მა მოქალაქემ, მათ შორის, სავალდებულო კარანტინს, 10 ივნისის მდგომარეობით, გადის 1024 მოქალაქე. კარანტინი დატოვა და ოჯახებს დაუბრუნდა 7 809 მოქალაქე – ეს მონაცემები „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოაწოდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროების ნაწილთან საკარანტინო ზონების მოწყობაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს.

11 ივნისამდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გააფორმა 23 ხელშეკრულება – მოქალაქეების საკარანტინო ზონებში განთავსების მიზნით. ამ ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაა – 4 493 260 ლარი. დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად, გადახდილია 2 833 581 ლარი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით:

[checklist]

  • საკარანტინო ზონებში და ზონებიდან მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის (საცხოვრებელ მისამართებამდე) გაფორმებულია ერთი ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით – 600 000 ლარი. დღევანდელი მდგომარეობით სატრანსპორტო მომსახურებაში ფაქტობრივად გადახდილია – 363 140 ლარი;
  • საკარანტინო სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებული მომსახურებების ფარგლებში სანდასუფთავების (დეზინფექციის) მომსახურების მიზნით გაფორმებულია ერთი ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით – 1 200 ლარი. ფაქტობრივად გადახდილია – 1 090 ლარი;
  • სასტუმროს პერსონალისთვის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების, სამედიცინო ტანსაცმლის და სწრაფი უნივერსალური სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვის მიზნით გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით – 64 764 ლარი, რომელიც ფაქტობრივად გადახდილია.

[/checklist]

„საკარანტინ0 სივრცეები ასრულებს ერთგვარი ფილტრის ფუნქციას. ის იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, რომლებიც ეტაპობრივად ბრუნდებიან სამშობლოში და ასევე, ახდენს ვირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციას. საკარანტინო სივრცეების არსებობამ დიდი როლი ითამაშა საქართველოში ვირუსთან ბრძოლის საქმეში და მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული პრაქტიკა ვირუსის პრევენციისათვის“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საკარანტინო მომსახურებისთვის მთლიანობაში მათ გაფორმებული აქვთ 5 159 224 ლარის ხელშეკრულება, საიდანაც 11 ივნისის მდგომარეობით, ფაქტობრივად გადახდილია 3 262 575 ლარი. „ბათუმელები“ ანალოგიურ მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგანაც ელოდება.

აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე 2020 წელს აღარ განხორციელდება. სწორედ ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული 5,8 მილიონი ლარი ხმარდება ბათუმის სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობას.

ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის 7კმ-ის გასაკეთებლად 10,2 მილიონი დაიხარჯება

ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 10 264 247 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ ფუშრუკაულთან და სრულდება სოფელ ხიხაძირში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 16 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება, სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიღებამდე.

დოკუმენტების მიხედვით, გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 6.818 კმ-ს.

ზამლეთი-ხიხაძირის გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან

„სარეაბილიტაციო გზა მიუყვება მდინარე სხალთის წყლის მარჯვენა ნაპირს. საპროექტო მონაკვეთი იწყება ადგილობრივი მნიშვნელობის ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის კმ 20+512-ზე, ახლად შეკეთებული მონაკვეთის დასასრულიდან და მთავრდება ამავე გზის 28-ე კილომეტრზე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლად შეკეთებული მონაკვეთის დასაწყისთან. მონაკვეთი განთავსებულია როგორც დაუსახლებელ, ასევე დასახლებული სოფლების ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას“, – აღნიშნულია ტენდერში.

ტექნიკური დავალების მიხედვით, დაგეგმილია:

„საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მონაკვეთზე გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების, ხიდების) შეკეთება და ახლების მოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების და ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი ჯიბეების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას“.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ ფუშრუკაულის მიმდებარედ და სრულდება სოფელ ხიხაძირში

2018 წელს დაგეგმილი იყო ხიხაძირიდან სოფელ ბაკომდე არსებული გზის რეაბილიტაციაც, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა. „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ორბიტას“ დირექტორი კი, პროკურატურის განცხადებით, დააკავეს.

ამ თემაზე:

დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომელიც ხიხაძირი-ბაკოს გზის რეაბილიტაციაზე მუშაობდა

 

 

 

ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა

შიმშილობის მე-15 დღეს ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებდა და აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვდა.

„…ჩემთვის უმნიშვნელოვანესია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დასრულდეს პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლების კონტროლი. ვწყვეტ შიმშილობას და მრჩეველთა საბჭომ მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს კოხრეიძე დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

ალექსანდრე მილორავამ სატელევიზიო ჩართვაში ისაუბრა მრჩეველთა საბჭოს წევრზე – თამარ წილოსანზეც, რომელმაც საჯაროდ დადებული პირობის მიუხედავად, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე უარი თქვა.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისგან უკვე 10-ზე მეტი სარჩელია შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჟურნალისტებმა ასევე მოითხოვეს პროკურატურისგან გამოძიების დაწყება ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით. აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების დევნაზე საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.

დირექტორის იმპიჩმენტს ხუთწევრიან მრჩეველთა საბჭოში სამი წევრის თანხმობა სჭირდება, საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით შესული სამი წევრი იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მრჩეველთა საბჭოს ორ წევრს შეეძლო. იმპიჩმენტი მოითხოვა გია ქარცივაძემ. იმპიჩმენტის მოთხოვნა დააანონსა თამარ წილოსანმაც, თუმცა საბოლოოდ მან ეს გადაიფიქრა.

სახლი გურიაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს [ფოტო]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა სახლს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

დოკუმენტის თანახმად, სახლი 1912-1914 წლებშია აგებული და იგი კალანდაძეების ოჯახის საკუთრება იყო.

სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით სააგენტოს მწერალმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მიმართა.

კალანდაძეების სახლის შესახებ აქვეყნებს ფეისბუქზე ინფორმაციას და ფოტომასალას „იკომოს საქართველო“, სადაც ვკითხულობთ, რომ  გადმოცემის თანახმად, ოჯახის უფროსს, შეძლებულ ვაჭარს, გიგო კალანდაძეს ამ სახლისთვის მასალა და ავეჯი საფრანგეთიდან გამოუწერია.

კალანდაძეების სახლი სოფელ ხიდისთავში. ფოტო: იკომოს საქართველო ფეისბუქგვერდიდან. ფოტომასალის ავტორები: ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
კალანდაძეების სახლი სოფელ ხიდისთავში. ფოტო იკომოს საქართველოს ფეისბუქგვერდიდან. ფოტომასალის ავტორები: ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
კალანდაძეების სახლი სოფელ ხიდისთავში. ფოტო იკომოს საქართველოს ფეისბუქგვერდიდან. ფოტომასალის ავტორები: ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
კალანდაძეების სახლი სოფელ ხიდისთავში. ფოტო იკომოს საქართველოს ფეისბუქგვერდიდან. ფოტომასალის ავტორები: ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
კალანდაძეების სახლი სოფელ ხიდისთავში. ფოტო იკომოს საქართველოს ფეისბუქგვერდიდან. ფოტომასალის ავტორები: ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი

 

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა 24 საათში, ერთი პირის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. 9 ახალი შემთხვევიდან 3 გუშინ, 11 ივნისს, დღის განმავლობაში გამოვლინდა. დანარჩენი 6-ის შესახებ ინფორმაცია კი დღეს, 12 ივნისს, დილით გავრცელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლენილი 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია და იკვლევენ მასთან დაკავშირებულ პირებს.

მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 697, ხოლო გარდაიცვალა 13 ადამიანი.

ბათუმში 167 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 167 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, დღეს, 12 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 15 304 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

ტელესკოლის ეთერში მოსწავლეებისთვის BBC-ის ინგლისურის გაკვეთილები გავა

13 ივნისიდან  „ტელესკოლას”  ინგლისურის გაკვეთილები დაემატება, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას გავა ეთერში. ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით,  ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) ხუთი კვირის განმავლობაში გავა ეთერში.

გაკვეთილები სერიალის ფორმატისაა და სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე ბრიტანული ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება.

„ვიდეოგაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ გაკვეთილს ახლავს დამატებითი ონლაინსავარჯიშოები, პასუხებით და თითოეული ვიდეოს სცენარით. ამ რესურსების ნახვა მოსწავლეებს შეეძლებათ ბრიტანეთის საბჭოს ონლაინრესურსების გვერდზე შესაბამის განყოფილებაში https://learnenglish.britishcouncil.org/en/word-street

აღნიშნული სერიებისთვის ექსპერტი რობ ლუისი ამზადებს ვიდეომიმართვებს, სადაც დამატებით განმარტებებსა და მითითებებს აძლევს პროგრამის მაყურებლებსა და მოსწავლეებს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ.

ტელესკოლა საზოგადოებრივი არხის ეთერში 30 მარტიდან გადის.

ახალი რესპუბლიკურისთვის 2,2 მილიონის აპარატურას სამინისტრო უტენდეროდ შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი „რესპუბლიკური“ კლინიკისთვის სამედიცინო აპარატურას და ინვენტარს შეიძენს. ამჯერად დაგეგმილია 2 მილიონ 200 ათასამდე ლარის ღირებულების აპარატურის შესყიდვა ტენდერის გარეშე. სამინისტრომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

სამინისტრო გეგმავს შეიძინოს:

  • ლაპარასკოპიული სისტემა 4K – 1 ცალი;
  • ინტეგრირებული საოპერაციოს ლაპარასკოპიული სისტემა 3D – 1 ცალი;
  • ენდოსკოპიური სისტემა – 1 ცალი;
  • ეოპის რენტგენი, C-Arm – 1 ცალი;
  • ინტრაოპერაციული ექოსკოპი 1 ცალი;
  • საოპერაციო მაგიდა – 1 ცალი;
  • საოპეარციო სანათი – 1 ცალი;
  • ანესთეზიის აპარატი – 1 ცალი;
  • საოპერაციო მაგიდა – 2 ცალი;
  • საოპეარციო სანათი – 2 ცალი;
  • ანესთეზიის აპარატი – 2 ცალი.

ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს, რომ შესყიდვა/მოწოდება მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 50 დღეში [ხელშეკრულება კი გაფორმდება აჭარის მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოსვლიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღეში].

2020 წლის 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა. ამ კლინიკაში მანამდე ცხელების ცენტრი ამოქმედდა.

30 აპრილს კი, აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, 8 855 000 ლარით დაფინანსდა „ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკ ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა“.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შეისყიდის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ზემოთ აღნიშნულ აპარატურას და ინვენტარს.

ამ თემაზე: 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

 

ბათუმში პარკირების წესების დაცვაზე კონტროლი განახლდა

ბათუმში განახლდა ავტომობილების პარკირების წესების კონტროლი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეჩერებული იყო. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.

ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინსპექცია ძირთადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგითაა დაკავებული და პარკირების წესები ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, სრულად გაკონტროლდება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას – 200 ლარის ოდენობით.

პარკირების ორგანიზებას ახორციელებს  ბათუმის მერია. თუ რას გულისხმობს პარკირების ორგანიზება იხილეთ ამ ბმულზე.

[toggle title=”125​3 მუხლი სრულად ნახეთ აქ“]

მუხლი 125​3. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა

1. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 200 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 400 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის სრული ოდენობით.

4. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესების სხვა დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

51. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და მის თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

6. ამ მუხლის მე-4−51 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას მისი ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევს ან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, იგი მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

შენიშვნა :

1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღარ დაარღვევს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პარკირების ორგანიზების წესებს. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე საქმიანობის გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

2. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ ეს დადგენილია ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.

[/toggle]

პარკირების გადასახადი ბათუმში:

1 დღე – 10 ლარი;
7 დღე – 20 ლარი;
30 დღე – 30 ლარი;
182 დღე – 45 ლარი;
365 დღე – 60 ლარი.

ბათუმში შემოდგომიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება და პარკირების ადგილები შეიცვლება. ქალაქის მერია Bus lane-ბის დახაზვას გეგმავს:

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

რა შემთხვევაში დაესწრებით ოჯახის წევრის სასამართლო პროცესს?

უკვე თვე-ნახევარია სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროდ აღარ ქვეყნდება, სასამართლო სხდომები კი, მარტიდან მაისის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესს დაინტერესებული პირი ვერ ესწრებოდა.

5 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომებზე დასწრების კუთხით ახალი რეკომენდაციები გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო სხდომებზე დასწრება უკვე შესაძლებელია, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვები და გადაწყვეტილებებს კონკრეტული მოსამართლეები იღებენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა შეიცვალა ამ კუთხით ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„ძირითადად პროცესები უკვე სხდომათა დარბაზში იმართება, იშვიათად – დისტანციურად, მაგრამ სხვები პროცესს არ ესწრებიან, მათ შორის, ოჯახის წევრები,“ – ამბობს ადვოკატი ზვიად მარკოიძე.

„თუ ვინმე ითხოვს წერილობით სასამართლო სხდომაზე დასწრებას, მოსამართლე განიხილავს ამას, რამდენიმე სხდომას ესწრებოდნენ მასმედიის წარმომადგენლებიც,“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ინგა ფუტკარაძემ. მენეჯერის განმარტებით, მოქალაქეებს და ჟურნალისტებსაც სასამართლო დარბაზში ორმეტრიანი დისტანციის დაცვის მოთხოვნით უშვებენ და შესაძლოა, დარბაზში ყველა დაინტერესებული პირი ვერ მოხვდეს, თუკი იქ საკმარისი ადგილი არ იქნება.

შეზღუდვა შეეხება ჟურნალისტებსაც, თუ ისინი ბევრნი არიან და სოციალური დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება. ინგა ფუტკარაძე ამბობს, რომ კანონის მიხედვით, მსგავს სიტუაციაში უპირატესობა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიენიჭება.

„შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობა 2-მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით და აღნიშნულის მიზნით მოხდეს სკამებზე შესაბამისი პირობითი ნიშნების (სტიკერების/ნახაზების) გამოყენება… სასამართლოს შენობაში, მათ შორის, სხდომის დარბაზში, ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით,“ – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.

ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც დისტანციურად უკვე იმ შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სხდომა, თუკი „ბრალდებული, მსჯავრდებული ან გამართლებული თანახმაა“. ეს ცვლილება 15 ივლისამდე მოქმედებს.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში ვერ გვითხრეს კონკრეტული მიზეზი, რის გამო აღარ ქვეყნდება ქვეყნის მასშტაბით საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

„სამწუხაროდ, გარკვეული შეფერხება გვაქვს და უახლოეს პერიოდში გამოსწორდება. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ“, – მოგვწერეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრიდან.

43 450 ლარი ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობი დოკუმენტებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს.

იგეგმება მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება.

ამჯერად ხიხანის ციხეზე გეოლოგები და ტოპოგრაფები კვლევით სამუშაოებს ატარებენ. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ციხეზე ასასვლელ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1-ელ აგვისტომდე მომზადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადდება ტენდერი.

ბილიკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 43 450 ლარს გამოყოფს. კვლევებს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია ახორციელებს.

ხიხანის ციხისკენ მიმავალი ბილიკი/ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

პროექტი ითვალისწინებს ზღვის დონიდან 2263 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკის დაპროექტებას, სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად, საჭირო დეტალური სატენდერო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებას, პროექტის 3D ვერსიის მომზადებას, ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი მამოტივირებელი მანიშნებლების განთავსებას, აქტივობების, მცირე ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ბილიკის მარკირების დეტალური პროექტის შედგენას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხიხანის ციხისკენ მიმავალი ბილიკი ზოგ ადგილებში სახიფათოც კია და აუცილებელია მისი კეთილმოწყობა, გაფართოება, კიბეების მოწყობა.

აუცილებელია ასევე ასასვლელ ბილიკზე მოაჯირების გათვალისწინება, რომელიც ზამთრის პირობებს გაუძლებს და მდგრადი მასალისგან დამზადდება, მყარად ჩამაგრდება გრუნტში.

ხიხანის ციხე.

მთავარ ფოტოზე: კუსტარულად დამზადებული კიბე ხიხანის ციხისკენ მიმავალ ბილიკზე/ფოტო:აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარი იქნება – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით; იგივე წესი ვრცელდება ტაქსებზეც (M1 კატეგორიაზე).

როგორც პარლამენტში კანონპროექტის ავტორმა, „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რეგულაციები იმოქმედებს, სულ მცირე, 15 ივლისამდე.

„აღნიშნული ვადის შემდეგ რეგულაციების გაგრძელების საკითხი დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო ექსპერტების რჩევაზე“.

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს.

____________________

ამავე თემაზე: 

როგორ დავამზადოთ ქსოვილის პირბადე – სამი მეთოდი

პირბადის არქონისთვის ბათუმში 2000-მდე მგზავრს ტრანსპორტი დაატოვებინეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მონაცემებით, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 2000-მდე მგზავრს დაატოვებინეს ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი [როგორც ავტობუსი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი, 29 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში].

ამავე პერიოდში, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის 103 მოქალაქე დააჯარიმეს. ინსპექციის ინფორმაციით, უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია.

მუნიციპალურმა ავტობუსებმა და სამარშრუტო მიკროავტობუსებმა ბათუმში მუშაობა 29 მაისიდან განაახლეს.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მუშაობის განახლებიდან დღემდე ავტობუსები 32 000-ჯერ, ხოლო მიკროავტობუსები 25 100-ჯერ შეამოწმეს.

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით.

როგორ დავამზადოთ ქსოვილის პირბადე – სამი მეთოდი

 

„რატომ ვერ იცავს ძეგლს სტატუსი?“ – მესაკუთრე ძეგლთა დაცვას სასამართლოში უჩივის

„ეს სახლი გასული საუკუნის დასაწყისში სავარაუდოდ ბერძნებმა ააშენეს, ახლა ირგვლივ იმდენი რამ შენდება, მალე სინათლე აღარ შემოვა და ნესტისგან ცხოვრება გაუსაძლისი გახდება აქ, ბულვარის ცენტრში,“ – გვითხრა ირმა სიხარულიძემ, რომელიც ბათუმში, ნინოშვილის 15-ში ცხოვრობს. სახლი, სადაც ირმა ცხოვრობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა მესაკუთრე დანანებით ჰყვება, როგორ ვერ იცავს სტატუსი ისტორიულ სახლს. ირმა სიხარულიძემ სახლის გადასარჩენად ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ირმას სახლის უკან მდებარე ეზოში გავყავართ. ეზოში გასვლისთანავე თვალში კედელი მოგხვდებათ, რომელიც ისტორიულ სახლზე მაღალია და მზის შუქს ეზოსკენ აღარ უშვებს – კედლის მიღმა ახალი სასტუმრო შენდება, რომელიც 4 სართული იქნება. ახალი მშენებლობა ისტორიული სახლის ეზოს ესაზღვრება. ვენტილაციის და სინათლის ნაკლებობაზე წუწუნებენ სხვა მეზობლებიც, რომლებიც ამ ეზოს გვერდით, საერთო ეზოში ცხოვრობენ, თუმცა სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ ირმამ გადაწყვიტა.

ხედი ისტორიული სახლის ეზოდან

„…სასტუმროს რამაზ კაჭახმაძე აშენებს, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, მთხოვა, რესტავრაციას ჩავუტარებ ჩემს პატარა სახლსო – ორსართულიანი სახლის პირველი სართული თითქმის მიწაში იყო, სათავსოსავით იყო. შემითანხმდა, დაახლოებით 20 სანტიმეტრით მაღალი იქნება იმაზე, რაც ახლა არისო…. მერე უცხოეთში წავედი, როცა დავბრუნდი, ეს უკვე აშენებული დამხვდა – ოთხი სართული. ეზოში სინათლე მხოლოდ ერთი საათით აღწევს, სამზარეულოში უკვე ნესტია. ასე დაზიანდება და განადგურდება ისტორიული სახლი,“ – გვიყვება ირმა სიხარულიძე.

„შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისის პატარა, რიგითი საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია…“ – ასე იწყება ნინოშვილის 15-ში მდებარე ისტორიული სახლის აღწერა ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, როცა ამ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

აქვე ნახავთ ამ ჩანაწერსაც: „…მარჯვენა მხარეს კი, უკან სახლს აქვს პატარა ეზო. ეზოში გამავალი ფასადები ნაწილობრივ სახეცვლილია“, – წერია სააღრიცხვო ბარათში.

რამაზ კაჭახმაძეს ნებართვა აქვს. მისი ძველი სახლი, რომელიც ახალმა მშენებლობამ ჩაანაცვლა, ძეგლი არ იყო, მაგრამ რადგან ისტორიული სახლის მეზობლად მდებარეობდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვა დასჭირდა. სააგენტომ ნებართვა სამი სართულის აშენებაზე გასცა, რასაც დაემატა მანსარდიც.

ირმა სიხარულიძე ხელოვნებათმცოდნის დასკვნას გვაჩვენებს, რომელსაც სააგენტო დაეყრდნო, თუმცა ხელოვნებათმდოცნე ხაზგასმით წერს:

„…დაშენების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შენობა სიმაღლეში არ გასცდეს ძეგლის ზედა კონტურს, ზიანი არ მიაყენოს ისტორიული შენობის უკანა ეზოს ფასადს,“ – ვკითხულობთ დასკვნაში, რომელსაც ხელოვნების აკადემიური დოქტორი ს. სანიკიძე აწერს ხელს.

ირმა სიხარულიძე ეზოს ირგვლივ აშენებულ სხვა სახლებსაც გვაჩვენებს, რომელიც ასევე ჩრდილავს ისტორიულ სახლს.

„ზოგი ჩავლილი ამბავია, იგეგმება სხვა მშენებლობებიც, მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა სასამართლო დავა გადაიფიქრეს, მე მაინც გადავწყვიტე დავა, ასე აღარ შეიძლება…

თუ ვერ იცავს ძეგლის სტატუსის მქონე სახლს, რაღა აზრი აქვს მაშინ რამეს? მეც მომცენ მაშინ მშენებლობის ნებართვა და დავადგამ სახლს სართულებს,“ – ამბობს ირმა და იმ ეზოში შევყავართ, სადაც ახალი მშენებლობა უკვე დასრულების ეტაპზეა.

ეს საერთო ეზოც ისტორიული სახლის მეზობლადაა. აქაც აპროტესტებენ ახალი მშენებლობის სიმაღლეს, თუმცა სასამართლო დავა ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

მშენებლობა, რომლის სიმაღლე ისტორიულ სახლზე მაღალია, დუმბაძის 2-შია. აქ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2019 წლის 27 ივნისს გასცა. სააგენტოს გადაწყვეტილება ირმა სიხარულიძემ აჭარის განათლების სამინისტროში გაასაჩივრა, თუმცა მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, დასაშვებად მიიჩნია წარმოდგენილი სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება,“ – ჩაწერა ბრძანებაში 3 ივნისს მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ისტორიული სახლის მესაკუთრეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

რას დაეყრდნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, როცა ოთხსართულიან მშენებლობაზე გასცა ნებართვა ისტორიული, ორსართულიანი სახლის მეზობლად და რისთვის დაიწერა ხელოვნებათმცოდნის დასკვნა, თუკი მას სააგენტო არ ითვალისწინებს? – ამ კითხვის დასმა ზაურ ახვლედიანისთვის გვინდოდა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ირმა სიხარულიძის მოპასუხე სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად აჭარის განათლების სამინისტროც იქნება.

____

მთავარი ფოტო: ისტორიული სახლი ნინოშვილის #15

მოიხსნით თუ ვერა პირბადეს, თუ გამოცდაზე სათვალე დაგეორთქლებათ? – გამოცდების ცენტრის განმარტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები პირბადეებით იქნებიან. მათ უფლება არ აქვთ, გამოცდების მსვლელობის დროს პირბადე მოიხსნან. აბიტურიენტს პირბადის მოხსნის შემთხვევაში შენიშვნას მისცემენ, განმეორების შემთხვევაში კი – გამოცდიდან მოხსნიან.

ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც მშობლების, ასევე აბიტურიენტების მხრიდან.

მშობლები და აბიტურიენტები წუხან იმის გამო, რომ დახურულ სივრცეში პირბადეების გამოყენება გაცილებით არაკომფორტული იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სათვალეს ატარებენ. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გამოაქვეყნეს იმის საილუსტრაციოდ, როგორ იორთქლება სათვალე პირბადეში სუნთქვის დროს და რამდენად დიდი დისკომფორტი შეიძლება გახდეს იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ასეთ ვითარებაში 4 საათის განმავლობაში კონცენტრაცია უნდა მოახდინოს ტესტზე ან დაწეროს ესე.

„ბათუმელებმა“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს ჰკითხა, პირბადის გამოყენების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტს სათვალე დაეორთქლება, აქვს თუ არა მას პირბადის მოხსნის ან ჩამოწევის უფლება. გარდა იმისა, რომ სათვალესთან ხშირი შეხება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არ არის რეკომენდებული, სათვალეების გაწმენდაზე დახარჯული დრო ჩაითვლება თუ არა აბიტურიენტის სასარგებლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას ტესტის დასაწერად დრო მიაკლდება?

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ „ბათუმელებს“ წერილობით შემდეგი აცნობა:

„აბიტურიენტს პირბადის ჩამოწევის საშუალება მხოლოდ წყლის დალევის დროს აქვს. სათვალის დაორთქვლა არ მოხდება, თუ ისინი პირბადეს სწორად მოირგებენ. ყველა ეს წესი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული“.

გორგოძის თქმით, ყველა აბიტურიენტს შეუძლია თავად იქონიოს ისეთი პირბადე, რომელიც მისთვის სატარებლად უფრო მოსახერხებელი და კომფორტული იქნება.

ცენტრს ასევე ვკითხეთ, რეკომენდაციების შემუშავების დროს თუ იყო მსჯელობა მათი მხრიდან ჯანდაცვის წარმომადგენლებთან იმის შესახებ, როგორი პირობები უნდა შექმნილიყო იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ასთმა ან გულის უკმარისობა.

ამ კითხვის პასუხად სოფიო გორგოძემ მოგვწერა, რომ „მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევაშია სახეზე მძიმე დაავადებათა ისეთი სრული ჩვენება (ეს დაავადებები, როგორც წესი, აბიტურიენტების ასაკობრივ კატეგორიაში თითქმის არ გვხვდება), რომლის დროსაც შეიძლება ექიმმა მიიჩნიოს, რომ მაგალითად, პირბადის ტარება დაამძიმებს ჯანმრთელობას. თუ არსებობს ასეთი მყარი სამედიცინო დასკვნა, აბიტურიენტმა უნდა მომართოს განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“.

ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, კოვიდთან დაკავშირებული რეკომენდაციების გადახედვის უფლებამოსილება მხოლოდ შესაბამის უწყებებს აქვთ.

„თუ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გადახედავენ ამ რეკომენდაციებს, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიც იმოქმედებს ახალი რეკომენდაციების მიხედვით“, – მოგვწერეს ცენტრიდან.

კითხვაზე, თუკი დაიწერება ბევრი საჩივარი იმის გამო, რომ დაწესებულმა რეგულაციებმა შეუშალა აბიტურიენტს ხელი სათანადოდ დაეწერა ტესტი, გაითვალისწინებს თუ არა ამას ცენტრი, გორგოძემ მხოლოდ ზოგადი პასუხი მოგვწერა.

„გვესმის, რომ ეს არავისთვისაა კომფორტული – არც გამოსაცდელებისთვის, არც საგამოცდო ცენტრების მომსახურე პერსონალისათვის, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ არ დავემორჩილოთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს, როცა საქმე ათიათასობით გამოსაცდელისა და პროცესში ჩართული პერსონალის ჯანმრთელობას ეხება“.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს ასევე ვკითხეთ, რატომ არ გადახედეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატს, მით უმეტეს, რომ სპეციალისტების მხრიდან ალტერნატიული გზებიც იყო შეთავაზებული? მაგალითად, აბიტურიენტებს გამოცდაზე დაეწერათ კომბინირებული ტესტი.

ამ საკითხზე გორგოძის პოზიცია ასეთია: „დღეს მსოფლიოში არსებული ყველა საგამოცდო მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ გამოსაცდელმა სასწავლო წლის დასაწყისში აუცილებლად უნდა იცოდეს, რას მოსთხოვენ მას გამოცდებზე წლის ბოლოს (ეს, ცხადია, გულისხმობს როგორც საგამოცდო ტესტების ფორმატის, ისე მისი ჩატარების პროცედურების ცოდნას). გამოცდის დაწყებამდე 1-2 თვით მთელი სისტემის შეცვლა მიუღებელი და გაუმართლებელია თავად გამოსაცდელებისთვისაც – ისინი ხომ სრულიად სხვა გამოცდისთვის ემზადებოდნენ.

გარდა ამისა, არსებული ტესტების კომბინირებით მიღებული ერთი ტესტით, ერთ სასესიო დროში გამოცდის ჩაბარება არ უზრუნველყოფს აბიტურიენტთა სწორ და ობიექტურ შერჩევას ისეთი საგამოცდო სისტემების შემთხვევაში, სადაც ტესტის შედეგები უმაღლესში მიღების ერთადერთი კრიტერიუმია“.

ამის არგუმენტად სოფიო გორგოძეს შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „ვთქვათ, 100-ქულიანი ტესტის ჩაბარების შემთხვევაში (ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ტესტს 40.000-მდე აბიტურიენტი აბარებს) შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთ პროგრამაზე ჩარიცხვის ასობით მსურველმა ერთნაირი ქულები მიიღოს და როგორ უნდა მოვიქცეთ? შეუზღუდავი ადგილი ხომ არც ერთ პროგრამას არა აქვს და როგორ გავარჩიოთ – ვინ უნდა ჩაირიცხოს და ვინ არა?

ერთი გამოცდის ჩაბარებით უნივერსიტეტებში ჩარიცხვა გულისხმობს აბსოლუტურად განსხვავებულ სისტემას, რომლის შექმნაც, ცხადია, შესაძლებელია, ოღონდ არა ორ-სამ თვეში“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

იხილეთ რეკომენდაციები, რომელთა დაცვა აბიტურიენტებს გამოცდების მსვლელობის დროს მოეთხოვებათ.

Exit mobile version