მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერს ცემით ემუქრება კაცი, რომელმაც „სექსუალური განათლების“ გრაფიტი დააზიანა

22.08.2020
ქობულეთის მერს ცემით ემუქრება კაცი, რომელმაც „სექსუალური განათლების“ გრაფიტი დააზიანა

“სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები”, – გრაფიტი ამ შინაარსის წარწერით ქობულეთში გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა. გურამ ფალავანდიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც  სხვადასხვა ძალადობრივ აქციებში ხშირად მონაწილეობს.

გრაფიტი ამ თემაზე ქობულეთში, ასევე ბათუმში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სექსუალური განათლების შესახებ „ქალთა ფონდისა“ და „GrlzWave“-ის საერთო პროექტის, „შეიმეცნეს“ ფარგლებში მომზადდა. პროექტის მიზანი სექსუალური განათლებისა და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

გურამ ფალავანდიშვილმა გრაფიტის დაზიანების პროცესი თანმხლებთან ერთად გადაიღო, სადაც მერს პედოფილი უწოდა. ის ამბობს, რომ ამ გრაფიტის განთავსებაზე ნებართვის გამცემი მერი საცემია.

„ეს ქალაქის მერის პრობლემაა, გარყვნილებაში ყოფნა და საზოგადოების გაფუჭება, ეს არის სამარცხვინო. ეს ქალაქის მერი უნდა გადადგეს თავის ბინძურ უფროსებთან ერთად და ბინძურ პარტიასთან ერთად.

მე წავშალე და დამაჯარიმონ და მაგათ დავაჯარიმებთ თავიანთ კაბინეტებში, ეგ უნდა იჯდეს ციხეში, ამის დამწერი არის პედოფილი, ვინც სკოლაში სექსს ასწავლის, გინდ მერი იყოს კოლგოტკებიანი და გინდ განათლების მინისტრი, არი პედოფილი. და შენ თუ აჭარელი კაცი ხარ, შენ ხარ პედოფილი, ვინც ამას წერ ქალაქის მერია… ამას შენს შვილებს უვრცელებ ძმაო, ქობულეთელი კაცი ხარ, კაი საცემი ხარ. “

პროექტის ავტორის ორგანიზაცია „GrlzWave“- ის თანადამფუძნებლის, თეკლა თევდორაშვილის თქმით, ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. ამ დროისთვის ორგანიზაცია უკვე შეეხმიანა ნებართვის გამცემს – ქობულეთის მერიას და ისინი ერთად შეჯერდებიან, თუ როგორ მსვლელობას მისცემენ ვანდალიზმს:

„ეს გრაფიტები, რომლის მიზანიც არის ქალთა რეპროპდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, განვათავსეთ ივნისის ბოლოს. ეს იყო შეთანხმებული, შენობის მფლობელთან – „ენერგო პრო ჯორჯიასთან“, შესაბამისად მერიასთანაც. გრაფიტის მოსამზადებლად დაიხარჯა რესურსი, როგორც ორგანიზაციის, ასევე მხატვრის და პროექტში ჩართული სხვა ადამიანების. ეს არის სხვისი ქონების დაზიანება. რამდენადაც ვიცი, შესაძლოა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ჯერ არ მიგვიმართია სამართალდამცავი უწყებისთვის, გვქონდა მხოლოდ მერიასთან კომუნიკაცია და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ზომებს“.

ორგანიზაცია GrlzWave“-ის მიერ შესრულებული გრაფიტი ბათუმში

გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები პერიოდულად  მართავენ ძალადობრივ აქციებს, სადაც ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ მოწოდებებს აჟღერებენ. მას აქვს შექმნილი ე.წ. ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელიც სკოლაში რელიგიის გაკვეთილების დაბრუნებას და სექსუალურ განათლებაზე საუბრის აკრძალვას მოითხოვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.