მოკლული სერჟანტ შავაძის საქმის პროკურორი საკონსტიტუციოს მოსამართლე გახდა

„დღემდე არ არის გამოძიებული? მე არ ვიცი, თუ არ არის გამოძიებული…“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს – ვასილ როინიშვილს, როცა მას როინ შავაძის მკვლელობის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევის საქმეები გავახსენეთ. როცა ამ რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიწყო, ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო [2007 – 2008 წლები]. დღეს, 17 ივნისს, ვასილ როინიშვილმა, როგორც ახალმა მოსამართლემ, საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცი დადო. ის 10 წელი იქნება მოსამართლე და შესაძლოა, თავმჯდომარეც გახდეს.

ფიცის დადების შემდეგ ვასილ როინიშვილს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, გრძნობს თუ არა მინიმუმ უხერხულობას გახმაურებული საქმეების გამო, რომელთა გამოძიებაც მისი პროკურორობის დროს დაიწყო და დღემდე არ დადგენილა სიმართლე.

„თქვენ თუ ნახავთ იმ პერიოდს, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და რა ინტენსივობით, მაშინ, როდესაც მე ვიყავი აქ პროკურორი, ჩემ მიმართ არ უნდა გქონდეთ, წესით, ეს პრეტენზიები…“ გვიპასუხა ვასილ როინიშვილმა. მას „როინ შავაძის საქმეზე“ ვთხოვეთ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების გახსენებაც, რაც მისი პროკურორობის დროს ჩატარდა.

„ყველაფერი გაკეთდა. მაქსიმუმ ორ საათში საგამოძიებო ჯგუფი იყო უკვე ადგილზე, აბსოლუტურად ყველაფერი იყო გაკეთებული… ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემთხვევის ადგილის დათვალიერება ოპერატიულად და ხარისხიანად. ოპერატიულად იმიტომ, რომ დრომ კვალი არ წაშალოს და ხარისხიანად იმიტომ, რომ ყველა მტკიცებულება იყოს ამოღებული. თქვენ ამ საქმეზე თუ მიგიწვდებათ ხელი, ნახეთ და მერე განსაჯეთ. მე არ მაქვს უფლება მოგიყვეთ ამ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ,“ – საბოლოოდ დეტალების დაზუსტებისგან თავის შეკავება ამ ფორმით არჩია მოსამართლემ.

მოსამართლეს შევახსენეთ, რომ მისი პროკურორობის დროს მოკლული სერჟანტის ცოლს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, რითაც არათუ ჟურნალისტებს, არამედ მოკლული კაცის ცოლსაც არ ახედებდნენ საქმეში. მოსამართლე იხსენებს, რომ „მაშინ ასეთი პრაქტიკა იყო“. ის არც ამის გამო გრძნობს უხერხულობას.

„მაშინ არსებული პრაქტიკის შესაბამისად და, ზოგადად, კანონის შესაბამისად, ვინ არის დაზარალებული? მკვლელობის საქმეში ახლა შემოვიდა ეს ცალსახად. ადრე იყო ასე, რომ ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახის წევრები არა, ზოგადად საზოგადოება ითვლებოდა, ანუ სამართლებრივი კუთხით არის სახელმწიფო დაზარალებული…. მე მართლა მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო, მე იმ ქალსაც [იგულისხმება მოკლული სერჟანტის ცოლი, ციცინო შავაძე] უშუალოდ შევხვდი,“ – აღნიშნა ვასილ როინიშვილმა.

ყოფილი პროკურორის განმარტებით, ის „როინ შავაძის საქმეზე“ ექსპერტიზის პასუხს ელოდა. ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე კი, ვასილ როინიშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გახდა. მოსამართლემ ჩვენი დარწმუნება სცადა იმაში, რომ მთავარი პროკურორის მოადგილეს არ ჰქონდა მინიმუმ იმის უფლება, მოეკითხა, რა ბედი ეწია „როინ შავაძის საქმეს“, საქმეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო აგვისტოს ომის შემდეგ.

„მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის არის ფუნქცია-მოვალეობათა მკაცრი გამიჯვნა, საჯაროა ეს დოკუმენტი, რომელი სფეროების კურატორიც ვიყავი. ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდიოდა საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმეზე პროცესუალური ხელმძღვანელობა, ეს არ შედიოდა ჩემს კომპეტენციაში და არაკორექტულია ასე რომ მოიკითხო,“ – მიიჩნევს მოსამართლე.

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ადამიანის მკვლელობა ამ დრომდე გამოძიებული არ არის? – ესეც ვკითხეთ მოსამართლეს და იქვე განვუმარტეთ, რომ ამ კუთხით მისი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოსაზრება გვაინტერესებს. საკონსტიტუციო სასამართლო კი ადამიანის უფლებების გარანტი უნდა იყოს.

„უნდა შეიქმნას ალბათ რაღაც სამართლებრივი მექანიზმები, თვითონ ჩვენც, არამარტო საკონსტიტუციო სასამართლო, მთლიანად სახელმწიფო აპარატმა უნდა შექმნას ის გარემო, რომ ასეთი პრობლემები არ იყოს, ან ნაკლები იყოს…“ – გვითხრა მოსამართლემ. თუმცა რა შეიძლება იყოს ეს მექანიზმი, მოსამართლემ არ დაგვიკონკრეტა.

როცა ადამიანის გახმაურებული მკვლელობა 12 წელი არ არის გამოძიებული, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არსებული სამართლებრივი სისტემა ადამიანის უფლებებს ვერ იცავს?… რა უნდა ქნას მოქალაქემ, ვის მიმართოს?

„რა უნდა ქნას, მე ამაზე პასუხი არ მაქვს… მე ძალიან ვწუხვარ და არ მიხარია, რომ ეს გამოძიებული არ არის,“ – დასძინა ვასილ როინიშვილმა.

როინ შავაძის მკვლელობის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 2016 წელს მიიღო წარმოებაში.

რაც შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევას, აჭარის ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ ეს გახმაურებული ამბავი აღარ ახსოვს და დეტალებს როცა გაიხსენებს, შემდეგ მოგვცემს ინტერვიუს.

„მაგასაც მე მედავებით? გახსენება მიჭირს, გულწრფელად ვერ ვიხსნებ“, – დაგვემშვიდობა მოსამართლე.

მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძის მამასთან ნაცნობობაზე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ, დღეს, 17 ივნისს, ბრიფინგი გამართა და რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის დაკავებას გამოეხმაურა. მათი ახლობლები რამდენიმე კვირაა პერმანენტულ აქციებს მართავენ ბათუმში. ერთ-ერთი დაკავებულის, რეზო წულუკიძის ძმამ აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა ახსენა, რომელიც მათ „არჩევნებზე დახმარებას სთხოვდა“. მურმან დუმბაძე ბრიფინგი დღეს სწორედ ამ საკითხზე გამართა. მას დამატებითი კითხვები დავუსვით.

  • ბატონო მურმან, გარდა იმისა, რაც დაკავებული რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ განაცხადა აქციაზე, თქვენთვის რამე არის ცნობილი ამ „დახმარების თხოვნის“ შესახებ?

ადამიანი, რომელიც ახლა წინასწარ პატიმრობაშია (რეზო წულუკიძე), 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით იყო. მე არ ვიცნობდი ახლოს ამ ახალგაზრდას (რეზო წულუკიძეს), მაგრამ შემდეგ ითქვა, რომ ჩვენთან თავისი ინიციატივით მოვიდა ოფისში და პოლიტიკურ სიმპათიებს გამოხატავდა. ჩვენ გრიგოლ ვაშაძეს ვუჭერდით მაშინ მხარს და არჩევნების განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო.

რადგან ამ ახალგაზრდა ბიჭებმა სოფელზე დახმარება გადაწყვიტეს ხელისუფლების გვერდის ავლით, ამაში ის ხიფათი დაინახეს, რომ ხომ არ იყო ეს პოლიტიკური ქველმოქმედება. ამიტომ ჩაერია ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და უთხრა, რომ უარი ეთქვათ ქველმოქმედებაზე.

  • საქველმოქმედო პროდუქტის დარიგებაზე აქციაზეც ისაუბრეს. ხომ არ იცით, ვისი ფინანსური დახმარებით შეძლეს მათ ამ სურსათის შეძენა, იკვეთება რაიმე პოლიტიკური კავშირები?

ეს პროდუქტები შეგროვილი იყო ამ ძმების და მათი მეგობრების მიერ, [ფირუზ] წულუკიძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და არც იმას მალავენ, რომ ადრეც არაერთხელ დახმარებიან ადამიანებს.

პოლიტიკური კავშირები არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, როგორც კი არჩევნები დამთავრდა, წულუკიძე კავშირზე აღარ გამოსულა. როცა მთავრობის შენობასთან აქციები ჰქონდათ, მაშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვთქვი, რომ წულუკიძე მეცნობა-მეთქი. ამ გადაცემის შემდეგ გამომეხმაურა რეზო წულუკიძის მეგობარი და დამიდასტურა, რომ ნამდვილად ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც 2018 წლის არჩევნების დროს იდგა თქვენთანო.

  • წულუკიძის და ანთაძის მხარდამჭერები ახლაც მართავენ მთავრობის შენობის წინ აქციებს. არ დაკავშირებიხართ მათ?

არა. მე დღეს გამოვეხმაურე „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბრობს ფირუზ წულუკიძე იმაზე, რომ რიჟვაძის მამამ მათ შესთავაზა მხარდაჭერა არჩევნებზე და ამ შეხვედრას ესწრებოდა პოლიციის უფროსიც [კოტე ანანიაშვილი]. როცა დავით რიჟვაძე ახსენეს, მე გამახსენდება მასთან დაკავშირებული ძველი ამბავი.

დავით რიჟვაძე თვითონ არის მარბიელი და 2011 წლის 21 მაისს, აჭარის ტელევიზიის წინ აქცია უსასტიკესად დაარბია. შემდეგ, როცა 7 ადამიანი დააპატიმრეს, სასამართლო პროცესზე ეს კაცი აძლევდა მათ წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს.

  • თქვენ გინახავთ დოკუმენტებში მისი ჩვენებები?

მე ვესწრებოდი ყველა სასამართლო პროცესს, მხოლოდ ერთ სასამართლოს არ დავსწრებივარ ისიც ბრალდებულის თხოვნით, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის სახე არ მისცემოდა. სხვა პროცესებზე დავით რიჟვაძე ყველგან იყო მოწმედ წარმოდგენილი და ყველას დაადო ხელი. მას სასამართლო პროცესის შემდეგაც ვუთხარი, რას აკეთებ, რატომ აძლევ ამ ადამიანების წინაღმდეგ ჩვენებებს-მეთქი. მოკლედ, ამ ხალხის დარბევა და ციხეში გამწესება არის დავით რიჟვაძის დამსახურება.

ამიტომ, როგორც კი „ბათუმელებში“ მისი გვარი ამოვიკითხე, გადავწყვიტე, რომ ამაზე ხმა უნდა ამომეღო, რადგან ხელისუფლება ასეთი ტიპის ადამიანებს იყენებს და ეს არის სტანდარტი. გვაქვს იმის პრაქტიკაც, როცა „ქართული ოცნება“ მოჭიდავეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე მარბიელებად იყენებდა.

როცა 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და დავიწყეთ ახალი ხელისუფლების დაკომპლექტება, ბიძინა ივანიშვილს მე პირადად არაერთგზის შევხვედრივარ და ასევე არაერთგზის დავუსვი დავით რიჟვაძის საკითხი. ვთქვი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ და ეს იყო სისტემური დანაშაული, ამის ჩამდენი პირების საჯარო სივრცეში არ უნდა დაწინაურდნენ-მეთქი. ამის პასუხად  ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, „შესაძლებელია ძაღლისშვილია (რუზველტის ცნობილი სიტყვაა), მაგრამ იქნება ჩვენი ძაღლის შვილიო“.

  • ზუსტად ეს ფრაზა თქვა დავით რიჟვაძესთან მიმართებაში?

პირადად ჩემთან თქვა. ამის შემდეგ, სამ თვეში მე ოპოზიციაში წავედი, დავით რიჟვაძე კი დააწინაურეს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსად  დანიშნეს.

  • 21 მაისის აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ ჩვენება ათობით პოლიციელმა მისცა. დავით რიჟვაძის საკითხი რატომ განიხილეთ ივანიშვილთან, ის ხომ მაშინ არ იყო მაღალი თანამდებობის პირი და არც მისი შვილი, თორნიკე რიჟვაძე იყო დღევანდელ თანამდებობაზე?

იმიტომ ვახსენე, რომ ის შვიდი კაცი დააჭერინა დავით რიჟვაძემ. ვიცნობ ამ კაცს და ის დავასახელე. თანაც ყველაზე სასტიკად არბევდა ხოლმე აქციებს და ტელევიზიის წინაც გავაფრთხილე, რომ მარბიელობა შეეწყვიტა. რიჟვაძე გავაფრთხილე სასამართლოზეც – „რას აკეთებ, ხალხს რატომ აჭერინებ-მეთქი“, ამიტომ როცა ივანიშვილს შევხვდი, ვუთხარი კონკრეტული სახელი გვარი. მართალია აქციას სხვა პოლიციელებიც არბევდნენ, მაგრამ მე ვისაც ვიცნობდი, ის დავასახელე.

დავით რიჟვაძე არ არის პოლიტიკოსი, მან არ იცის არჩევნები, ის არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი, ის არის მარბიელი და რადგან მან შესთავაზა წულუკიძეს არჩევნებში დახმარება, ეს ნიშნავს, რომ შესთავაზა მარბიელობა, სხვა ლოგიკა ამას არ აქვს.

  • არჩევნებზეც მინდა გკითხოთ, დღეს გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ თქვენ იქნებით ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში 2020 წლის არჩევნებზე ენმ-ს მხრიდან. რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია?

არასოდეს მიბრძოლია საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის. ეს არის დიდი პოლიტიკის გადასაწყვეტი, ეს არის პოლიტიკური ორგანიზაციების გადასაწყვეტი. მე არ ვღებულობ გადაწყვეტილებას, არამედ გაერთიანებული ოპოზიცია და შემდეგ დიდი ოპოზიციური გაერთიანება.

ჩვენ უახლოეს ორ დღეში გამოვაცხადებთ რა შედეგები გვექნება დედაქალაქში და შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია გადაინაცვლებს რეგიონების მიმართულებით. 20 ივნისს ვაპირებთ გამოვეხმაუროთ იმ დღეს, როცა ხელისუფლებამ ხალხს თვალები დათხარა და ამის შემდეგ დაიწყება ბჭობა, თუ ვინ უნდა იყოს რეგიონებში ოპოზიციის წარმომადგენელი.

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით პირველი მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მხარდაჭერით გაიმართა პირველი მუნიციპალური ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით : ,,არაფორმალური განათლება და დისტანციური სწავლება“.

კონფერენციის მიზანი იყო: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა დისტანციური ფორმით; მოსწავლეთა წიგნიერების დონისა და მოტივაციის ამაღლება; მსჯელობის, აზრთაგაზიარების, თანამშრომლობის, თავისუფალი აზროვნების, დისკუსიის უნარების განვითარება.

კონფერენციაში მონაწილეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საგნობრივ ონლაინ (ბიოლოგიის, ქიმიის, სამოქალაქო განათლების, ისტორიის, წიგნის კითხვის მოყვარულთა) კლუბებში აქტიურად ჩართული მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მიეღოთ/გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის ცოდნა დისტანციური ფორმით.

ონლაინკონფერენცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მოსწავლეები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, მსჯელობდნენ.

კონფერენციას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რომელიც აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში.

შეხვედრის შეჯამებისას მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური სწავლებაც წარმოადგენს თანამედროვე განათლების დოქტრინის მნიშვნელოვან ნაწილს, ის ასრულებს შემდგომი უწყვეტი სწავლების ფუნქციას, ემსახურება კვალიფიკაციის სრულყოფას, გავლენას ახდენს მოსწავლეთა სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ამიტომაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის ონლაინ კლუბებში, კონფერენციებში მონაწილეობა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2,7 მილიონად სამედიცინო საშუალებებს იმარაგებს

სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ღირებულებით – 2 796 830 ლარი.

1 045 330 ლარია გათვალისწინებული სხვადასხვა რაოდენობის ქირურგიული ერთჯერადი ნიღბის, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანის, ქუდის, ბახილის, რესპირატორის, ფარის, სამედიცინო დამცავი სათვალის; ასევე გვამის ჩანთის, დისტანციური თერმომეტრისა და პორტატული პულსოქსიმეტრის შესაძენად.

1 751 500 ლარი კი, ერთჯერადი სამედიცინო წყალგაუმტარი ხალათებისა და ერთჯერადი სამედიცინო ტენმედეგი კომბინიზონების შესაძენადაა გამოყოფილი.

ტენდერის პირობის მიხედვით, პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს COVID 19-ის წინააღმდეგ, აგრეთვე მსგავს სიტუაციებში საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ რეკომენდებულ მოთხოვნებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქციას სწორედ პანდემიის გამო ყიდულობენ.

„შეიქმნება მარაგი. შეძენილი პროდუქცია დასაწყობდება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, გადავანაწილებთ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში“, – გვითხრეს სამინისტროში.

ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 12 ივლისს დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება. სამედიცინო საშუალებები კი გამარჯვებულ[ებ]მა სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა მიაწოდონ.

შესაძენი საქონლის დასახელება და რაოდენობა:

ქირურგიული ერთჯერადი ნიღაბი ცალი 300 000
 ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი (ლატექსის  ტალკის გარეშე) წყვილი 150 000
 ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი (ნიტრილის სამედიცინო ხელთათმანი) წყვილი 150 000
ერთჯერადი სამედიცინო ქუდი ცალი 300 000
 ერთჯერადი სამედიცინო ბახილი წყვილი 300 000
 რესპირატორი ცალი 100 000
სახის დამცავი ფარი ცალი 1 500
სამედიცინო დამცავი სათვალე ცალი 700
გვამის ჩანთა ცალი 150
დისტანციური თერმომეტრი ცალი 200
 პორტატული პულსქოსიმეტრი ცალი 300

 

ერთჯერადი სამედიცინო წყალგაუმტარი ხალათი ცალი 300 000
ერთჯერადი სამედიცინო ტენმედეგი კომბინიზონი ცალი 25 000

 

ამ თემაზე:

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

 

 

ხულოს სოფლები ვერნები და ფუშრუკაული დაისეტყვა

ხულოს მუნიციპალიტეტში ორი სოფელი – ვერნები და ფუშრუკაული დაისეტყვა. ფოტოებზე, რომელიც “ბათუმელებს” მოაწოდეს, ჩანს რომ განადგურებულია ნარგავები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას.

სოფლებისთვის სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. პრესსამსახურის  თქმით  შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი რა ფორმით დაეხმარება ხულოს მერია დაზარალებულებს.

15 ივნისს სეტყვამ ნარგავები და ვენახი შუახევისა და ქედის სოფლებიც დააზიანა.

სეტყვამ ქედასა და შუახევში ნარგავები გაანადგურა, როგორ დაეხმარება მთავრობა დაზარალებულებს

პრეზიდენტი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას მის შეურაცხყოფად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფად აღიქვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის გამართვა. დღეს, 17 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ – ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო, რასაც ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ფიცის დადება საყვირების ფონზე ჩატარდა, რადგან ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ და მოძრაობა „ლელომ“ მოახლოებული 20 ივნისი გაიხსენეს და გააპროტესტეს ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნა, რომელიც, მათი თქმით, ადეიშვილის გუნდის წევრია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ახალი მოსამართლე ინიშნება საკონსტიტუციო სასმართლოში. სამწუხაროდ, ეს ახალგაზრდები რომ არიან, მათ არ ესმით, რომ როცა შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის და არა ვიღაც ადამიანების… უნდა გავიგოთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, სახელმწიფო არის ამ ინსტიტუტებზე დამოკიდებული და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტები და არა დავაკნინოთ,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასე უპასუხა ჟურნალისტებს ახალი მოსამართლის დანიშვნის თაობაზე. მას არ დაუკონკრეტებია, რატომაა კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა ვინმეს შეურაცხყოფა.

სალომე ზურაბიშვილს კონკრეტულად არ უპასუხია კითხვაზე, არის თუ არა უხერხული, როცა ყოფილი პროკურორი ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და მის დროს მომხდარი გახმაურებული საქმეები გამოძიებული არ არის.

„მე არა ვარ გამომძიებელი და მე არ დავიწყებ ქექვას… თუ არ არის დასრულებული, მე არ მაქვს უფლება ჩავერიო,“ – გვითხრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ვერ გამომიტყუებთ, ვინმეს დავადო თითი“ – რატომ არ ახსენებს პრეზიდენტი რუსეთს გაბუნიას საქმეზე

„მე გავაკეთე ჩემი განცხადება და კადიროვის განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარებს, პირველი რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანის და ჟურნალისტის აქტივობა არის დაცული, ეს არის მნიშვნელოვანი ყველასთვის, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, დანარჩენი არის გამოძიების საქმე  და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული,“ – აღნიშნა დღეს, 17 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ახალმა მოსამართლემ, ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „გიორგი გაბუნიას საქმესთან“ დაკავშირებით და კადიროვის მორიგ მუქარაზე.

სალომე ზურაბიშვილს „ბათუმელებმა“ ასევე ჰკითხა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 16 ივნისს გაავრცელა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე. ამ განცხადებაში საერთოდ არაა ნახსენები რუსეთი.

„ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ მაქვს უფლება, რომელიმე ქვეყანა დავადანაშაულო, სანამ ჩვენ არ გვეცოდინება გამოძიების პასუხებით, რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ არის ბევრი საეჭვო კითხვები, ამაში ყველა ვთანხმდებით,“ – გვიპასუხა პრეზიდენტმა.

თქვენ ვისზე გაქვთ ეჭვი? – ვკითხეთ პრეზიდენტს.

„არ მაქვს უფლება, ვერ გამომიტყუებთ ამაში, რომ ვინმეს დავადო თითი… მე არ მაქვს უფლება, რომ პასუხისმგებლობა მივანიჭო ვინმეს, სანამ არ დასრულება გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება. მე კომენტარს კადიროვის განცხადებაზე არ გავაკეთებ,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს ისევ შევახსენეთ თავისი განცხადება, სადაც ის საუბრობს ქვეყნისთვის სტაბილურობის საფრთხის შექმნაზე.

„საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს საფრთხე?“ – ამ კითხვასაც პრეზიდენტმა მოკლედ უპასუხა.

„ეს მე რომ ვიცოდე, ძალიან კარგი იქნებოდა,“ – თქვა მან.

რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში

რა ადგილი უკავია ქართულ მუსლიმურ მემკვიდრეობას საქართველოში? რა მდგომარეობაშია დღეს შემორჩენილი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ხის მეჩეთები? ზრუნავს თუ არა სახელმწიფო მის შენარჩუნებაზე? როგორ და რა ფორმით გამოიხატება ეს ზრუნვა? ვინ უნდა მოუაროს მეჩეთებს და როგორ?

ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემასაც ამ სტატიაში შევეცადეთ.  

„კავშირ „ქართული სახლის“ ხელმძღვანელმა, არქიტექტორმა ნანა მეფარიშვილმა აჭარაში არსებული რამდენიმე სახეცვლილი ხის მეჩეთის ფოტოები გამოაქვეყნა ფეისბუქზე. ეს ფოტოები 13-წლიანი სხვაობითაა გადაღებული – 2007 და 2020 წლებში. გამოქვეყნებულ ფოტოებზე სამი სოფლის – დარჩიძეების, კვიახიძეებისა და მაწყვალთის მეჩეთებია ასახული.

კავშირი „ქართული სახლი“ 2003 წლიდან იკვლევს ქართული ტრადიციული საცხოვრებლის არქიტექტურას. 2007 წელს კავშირს მთიან აჭარაში ორი მასშტაბური ექსპედიცია ჰქონდა, ტრადიციული ნაგებობების (მათ შორის – ხის მეჩეთების, საცხოვრებელი, სამეურნეო თუ საინჟინრო ნაგებობების და სხვ.) ფიქსაციისა და კვლევის მიზნით. მეჩეთების პირველი ფოტოები სწორედ ამ ექსპედიციების დროსაა გადაღებული.

2020 წელს ამავე მეჩეთებში გადაღებულ ფოტოებზე ძველსა და ახალს შორის განსხვავება თვალსაჩინოა. მეჩეთების ინტერიერები საგრძნობლად შეცვლილია: დარჩიძეების მეჩეთის ხის ჩუქურთმები ფერადი საღებავითაა შეღებილი; კვიახიძეების მეჩეთის ჩუქურთმები ლაქითაა დაფარული. მაწყვალთის მეჩეთში კი ჭერის ერთი ნაწილის შეღებვაა დაწყებული.

დარჩიძეების მეჩეთი
მარცხნივ 2007 წელს გადაღებული ფოტო, მარჯვნივ  – 2020 წელს

ნანა მეფარიშვილი შიშობს, რომ ასეთი ცვლილებები, შესაძლოა, მასიურ ხასიათს ატარებდეს, რაც დაუშვებელია. მისი აზრით, ხის მეჩეთები არის ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რაზედაც რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს: ხის მეჩეთების არქიტექტურა გარეგნულად დიდად არ განსხვავდება აჭარული საცხოვრებელი სახლის არქიტექტურისგან; ერთი და იგივეა ამ ორი, განსხვავებული ფუნქციის ნაგებობაში (საცხოვრებელი და სარიტუალო) გამოყენებული სამშენებლო მასალაც (ქვა და ხე), მსგავსია არქიტექტურული პროპორციებიც და – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – იდენტურია კონსტრუქციული გადაწყვეტები და მშენებლობის ტექნიკა.

ნანა მეფარიშვილის თქმით, ფასდაუდებელი და უმნიშვნელოვანესია მეჩეთების ინტერიერებში შემორჩენილი, აჭარელი და ლაზი ოსტატების მიერ შესრულებული ორნამენტები და ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშები. უდავოა, რომ აჭარული ხის მეჩეთები, რომელთა უმრავლესობის ასაკი 100-დან 200 წლამდე და, ზოგის, მეტიცაა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურის სინთეზის შედეგად დაბადებული და დღემდე შემონახული, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი ნიმუშებია, რომელთაც შეფასება, დაფასება, მოვლა და დაცვა სჭირდებათ.

დარჩიძეების მეჩეთის ინტერიერი ახლა (მარცხნივ) და 2007 წელს  (მარჯვნივ)

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვისას დაუშვებელია ძეგლის პირვანდელი სახის შეცვლა ან –  დაკარგვა. ავთენტურობის დაკარგვას იწვევს ხის მეჩეთების, როგორც ექსტერიერების დაცვის მცდელობები (ხის კედლებზე თუნუქის ფურცლების მიკვრა, ნალექისგან მათი დაცვის მიზნით და სხვ.), ასევე – ინტერიერების გადაღებვა პრიალა ლაქით ან  ზეთის საღებავით. ადგილობრივი მოსახლეობა ამას, ხშირად, სიძველეების მოფრთხილების და/ან განახლების სურვილით აკეთებს, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. ხის მოვლის ბევრი სხვა, თანამედროვე საშუალება არსებობს, რომელიც კარგად იცავს მასალას სხვადახვა დაზიანებისგან (ნესტი, მწერები და სხვ.) და, ამავდროულად, ხეზე კვეთის უნიკალურ და ძვირფას ნიმუშებს არ უცვლის ფერს, ფაქტურას, ხასიათს, ინარჩუნებს იმ სახით, როგორითაც ოდესღაც, საუკუნეების წინ შექმნეს. ასე დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი მოვლა უფრო ღირებულია, ასე შენახული მემკვიდრეობა უფრო ფასობს. ეს ინფორმაცია – როგორც თანამედროვე დაცვის საშუალებებზე, ასევე – მსოფლიოში სიძველეების დაცვა-რესტავრაციის საკითხების თანამედროვე მიდგომებზე – აუცილებლად სათქმელია. საჭიროა მეტი შეხვედრა, ახსნა, საუბარი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მიზანი – დაიცვან წინაპრების მიერ დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა – ბოლომდე სწორად იქნას მიღწეული“, – ამბობს ნანა მეფარიშვილი.

კვიახიძეების მეჩეთი
2007 წელს (მარცხნივ) და ახლა (მარჯვნივ)

დარჩიძეების, კვიახიძეებისა და მაწყვალთის მეჩეთებში განხორციელებული  ცვლილებები არ არის აჭარაში მეჩეთების გარეგნული იერსახის შეცვლის პირველი და ერთადერთი ფაქტი. მეჩეთების ინტერიერი თუ ექსტერიერი წლებია იცვლება, სახელმწიფო კი ამას ვერ/არ ხედავს. შესაბამისად არანაირი რეაგირება არ ხდება.

[highlight color=”red”]რა არის პრობლემა[/highlight]

აჭარაში დღეისათვის მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სულ მცირე 61  ხის ძველი მეჩეთია აღრიცხული.  აჭარის ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს  ინფორმაციით, მათგან ძეგლის სტატუსი მხოლოდ 26 მეჩეთს აქვს. ძეგლის სტატუსის მქონე 4 მეჩეთი (ხალას, ხუცუბნის, კვირიკეს და დაგვას) ქობულეთის მუნიციპალიტეტშია, ერთი (მარადიდის) – ხელვაჩაურში, სამი – (ბეღლეთის, ღორჯომის, საციხურის) ხულოში, 18 კი – ქედაში. არც ერთ მეჩეთს არ აქვს ძეგლის სტატუსი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ისტორიული ხის მეჩეთების დიდი ნაწილი სტატუსის, შესაბამისად, დაცვის გარეშეა დარჩენილი. როდესაც მეჩეთის გადასარჩენად აუცილებელი ჩარევაა საჭირო – მაგალითად, დაზიანებულია სახურავი და შენობის განადგურების საფრთხე დგას, ადგილობრივები იძულებულნი არიან, თავად ჩაერიონ.

შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მეჩეთის იერსახის შეცვლის მაგალითზე რომ განვიხილოთ, სამიდან ერთ მეჩეთში ზუსტად მსგავსი შემთხვევა მოხდა. სოფელ მაწყვალთის მეჩეთის დაზიანებული სახურავი ადგილობრივმა მორწმუნეებმა საკუთარი სახსრებით, საკუთარი შეხედულებისამებრ შეაკეთეს და შეცვალეს. ჩარევის გარეშე, მეჩეთი განადგურდებოდა.

რაც შეეხება ორ სხვა, დარჩიძეებისა და კვიახიძეების მეჩეთებს, შუახევის მუფთის მტკიცებით, ადგილობრივ მორწმუნეებს აქაც კარგი განზრახვები ჰქონდათ.

„დარჩიძეებისა და კვიახიძეების მეჩეთებში დაახლოებით ათი წლის წინ განხორციელდა ეს ცვლილებები ადგილობრივი მორწმუნე მუსლიმების მიერ, მათი შემოწირულობით.

თავისი სოფლის მეჩეთები ისე მოალამაზეს, როგორც მათ შეეძლოთ. მოხალისეობრივად შეღებეს. მათი მიზანი არ ყოფილა რაიმეს განადგურება. მათი მიზანი იყო, რომ გაელამაზებინათ,“ – ასე ხსნის შუახევის მუფთი ასლან შარაშიძე მეჩეთებში კედლების გადაღებვის მოტივს. მეჩეთების გადაღებვის დროს ის მუფთი არ იყო. ამბობს, რომ ამჟამად კონტროლი გამკაცრებულია და ადგილობრივებს აღარ აძლევს უფლებას მათი შეხედულებისამებრ შეღებონ ქართული ისლამური კულტურის უნიკალური ნიმუშები.

„ყველანაირად ვცდილობთ სამუფთო სამმართველოს ჩართულობის გარეშე არ განხორციელდეს არავითარი ჩარევა და ის ორიგინალი სახით  შემოვინახოთ,“ – ამბობს ასლან შარაშიძე.

კვიახიძეების მეჩეთის ინტერიერი 2007 წელს (მარცხნივ) და ახლა

[highlight color=” blue”]რა კულტურული ღირებულება აქვს აჭარაში მეჩეთებს[/highlight]

ეთნოლოგი რუსლან ბარამიძე ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საუბრისას ცალკე გამოყოფს მეჩეთებს მათი ისტორიული და კულტურული ღირებულების მიხედვით.

„როცა ვლაპარაკობთ ღირებულებაზე, საჭიროა განვასხვავოთ ისტორიული, მხატვრულ-დეკორატიული და არქიტექტურული ღირებულებები ცალ-ცალკე. შეიძლება ცალკეული მეჩეთი არ გამოირჩეოდეს არქიტექტურით ან არ იყოს შემკული განსაკუთრებული დეკორით, მაგრამ მას უკავშირდებოდეს განსაკუთრებული ისტორია, რომელშიც შეიძლება იყოს დაცული რეგიონის წარსულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცნობები. მეორე მხრივ, აღწერისას გამოვლენილა დეკორატიულად ან არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეული მეჩეთი, თუმცა მას არ უკავშირდებოდეს რაიმე ისტორია ან ის დაკარგული იყოს,“ –  ამბობს ის.

აჭარაში მეჩეთების აქტიურად აშენება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დასტურდება – 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ. მე-19 საუკუნის ბოლოს აჭარაში უკვე 200-მდე ჯამე იყო. საკუთარი სალოცავის ქონა ამა თუ იმ სოფლისათვის პრესტიჟის საკითხად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, ჯამეების რაოდენობა შემცირდა.

გარეგნულად, მეჩეთი ძნელად განირჩევა ტრადიციული აჭარული საცხოვრებელი სახლისაგან. შიდა ინტერიერის მოწყობისას ოსტატები ადგილობრივ მიდგომებს იმგვარად იყენებდნენ, რომ რელიგიური მოთხოვნები და ისლამური ხელოვნების პრინციპები ყოფილიყო გათვალისწინებული. ხის მეჩეთების უმრავლესობა შემკულია ჩუქურთმებით, ნახატებითა და წარწერებით. ზოგჯერ, ერთდროულად, გაფორმების სამივე ხერხია გამოყენებული.

გარეგნულად მეჩეთი ძნელად განირჩევა ტრადიციული აჭარული საცხოვრებელი სახლისაგან. სოფელ ზუნდაგას ჯამე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„აჭარული მეჩეთების ორნამენტები, რომლებიც არც ოსმალურის მექანიკური ასლებია და ვერც ხალხური ხელოვნების წმინდა გამოხატულებად ჩაითვლება, კულტურებსა და იმპერიებს შორის არეკლილ ტრადიციად უნდა აღიქმებოდეს,“ – ვკითხულობთ სიუზან ჰერის-ბრანდტსის, ენჯელა ვილერისა და ვლადიმერ შიოშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ ნაშრომში „აჭარის ხის მეჩეთები“.

რუსლან ბარამიძე  კი მიუთითებს, რომ საკულტო ნაგებობები პერიოდულად იცვლებოდა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში. მეჩეთები შეიცვალა ასევე საბჭოთა პერიოდში, როდესაც ხელისუფლება შენობებს იყენებდა პრაქტიკული მიზნებისთვის – მეჩეთებში იხსნებოდა მაღაზიები, კანტორები, სკოლები, კლუბები და საწყობები.

80-იანი წლების შემდეგ, როდესაც დაიწყო მეჩეთების ხელახალი აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ნაგებობებს მაშინაც ცვლიდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ადგილობრივი მორწმუნეები ცალკეულ მეჩეთებში გახუნებულ ფერს ხელახლა ღებავდნენ. მაგალითად, აგარას მეჩეთში შესასვლელი კედლის მხატვრობა მეჩეთის განახლების დროს გადაღებეს.

ჩანს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკით, რომ მეჩეთები ღირებულია სახელმწიფოსთვის

„ეს არის კითხვა, რომელზეც  ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელიცაა და უნდა ვთქვათ, რომ ეს კომპლექსური  პრობლემაა. იგი არ დაიყვანება ერთ მომენტამდე და ერთ ადამიანამდე, ან ერთ სტრუქტურამდე, რომელიც ამას აკეთებს, ან არ აკეთებს,“ – ამბობს რუსლან ბარამიძე.

ის იხსენებს, რომ მორწმუნეები ერთხანს სკეპტიკურად ეკიდებოდნენ მეჩეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ოფიციალურად რეგისტრაციას. იმიტომ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეიძლებოდა ყოფილიყო გაგებული როგორც მუზეუმი. მუზეუმი კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამას ვერ გამოიყენებდნენ რელიგიური დანიშნულებით – სალოცავად.

„ზუსტად ამიტომ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, სახელმწიფოს პოლიტიკაზე,  ყველა ელემენტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთი მხრივ, მეჩეთის ღირებულება და მნიშვნელობა სპეციალისტებმა მკაფიოდ უნდა აღწერონ და წარმოაჩინონ. მეორე მხრივ, ის ორგანოები, რომლებსაც ეხებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სამუშაოები, უნდა ახდენდნენ რეაგირებას. ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, თუ ხის შენობები, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან სწრაფად ითხოვენ ჩარევას – აღდგენას ან რესტავრაციას, მაშინ, პროცედურულად, ასეთ  ძეგლებზე რეაგირება უნდა იყოს მაქსიმალურად დროული. ასევე არ უნდა მოხდეს არც მორწმუნის ინტერესების ხელყოფა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მორწმუნეს არ უნდა უშლიდეს ხელს ლოცვაში, მეტიც, სავალდებულო რემონტის ჩატარების პირობებშიც კი სალოცავად მისი გამოყენების შეზღუდვა შეთანხმებული უნდა იყოს ადგილობრივ თემთან და სამუშაობების ხანგრძლივობა ლოგიკური და დასაბუთებული უნდა იყოს,“ –  ამბობს რუსლან ბარამიძე.

ის ფიქრობს, რომ უნდა შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია და ისიც არა ადგილობრივ დონეზე, არამედ ეს უნდა იყოს ერთიანი სახელმწიფო ხედვის ნაწილი. პირველ ეტაპზე, როგორც მინიმუმ, საჭიროა ყველა მეჩეთის აღწერა-პასპორტიზაცია, ერთ ბაზაში თავმოყრა. მონაცემები შესაბამის სტრუქტურაში უნდა იყოს წარდგენილი.

„ამ შენობებისადმი დამოკიდებულება და ამ შენობების ღირებულება, ერთი მხრივ, უნდა იყოს დაფიქსირებული, მეორე მხრივ, უნდა იყოს მიმართული მათ შენარჩუნებაზე და მესამე მხრივ, უნდა იყოს შექმნილი მათი გამოყენების პირობები. გამოყენებული, ერთი მხრივ, მორწმუნეების მიერ და მეორე მხრივ, იმ ადამიანების მიერ, ვინც დაინტერესებულია ამ შენობების ნახვით,“ – ამბობს რუსლან ბარამიძე.

დარჩიძეების მეჩეთის ინტერიერი 2007 წელს (მარცხნივ) და ახლა (მარჯვნივ)
ფოტო: “ქართული სახლი”

ეთნოლოგი ხაზს უსვამს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობების ავთენტურობის შენარჩუნება.

„შენარჩუნების გარეშე, ფაქტობრივად, ვკარგავთ ყველაფერს ერთად – ისტორიასაც, ცოდნასაც, ტრადიციასაც, სპეციალისტები კარგავენ შესაძლებლობას, ადგილზე შეისწავლონ მრავალი საკითხი. მხოლოდ ერთი, ვიწრო გაგებით, სპეციალისტები კარგავენ არა მარტო კონკრეტულ მხატვრულ ელემენტს, არამედ იმ ცოდნასაც, თუ როგორ კეთდებოდა იგი, ვის მიერ, როგორ და ა.შ. ანუ მთელ რიგ ასპექტებს, რითაც იკარგება ძალიან ბევრი რამ. გარდა იმისა, რომ ამ ღირებულებების შენარჩუნება და შესწავლაა ღირებული, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდგომში, მათ შორის, ვთქვათ, იგივე ტურისტული თვალსაზრისით,“ – ამბობს რუსლან ბარამიძე.

რას ნიშნავს, როცა მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

აჭარაში ძეგლის სტატუსი სულ 26 მეჩეთს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ მეჩეთებში ნებისმიერი ცვლილება სასულიერო პირებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან უნდა შეათანხმონ. ძეგლზე ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ჩარევა, დოკუმენტურად უნდა იყოს  ნებადართული სააგენტოს მიერ.

ქვეყანაში არ არსებობს ორგანო, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს ან მეჩეთის რეაბილიტაციით დაინტერესებულ პირებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს. იმისთვის, რომ უხეში ჩარევისგან დაცული იყოს ისტორიული შენობა.

„უნდა იყოს სპეციალისტების ჯგუფი. ადამიანი, როდესაც დაინახავს, რომ მეჩეთს რაღაც ზიანი ადგება, მიმართავს ამ ჯგუფს. მოქალაქეს ეცოდინება, რომ შეუძლია სპეციალისტს დაუკავშირდეს და მიიღოს რჩევა ან რეკომენდაცია. კონსულტაცია შეიძლება იყოს სატელეფონო. ეს მექანიზმი პრობლემის დაჩქარებული წესით მოგვარებას შეუწყობს ხელს. სააგენტოს, არსებული შტატის პირობებში, უამრავი ძეგლი აქვს ჩაბარებული, უამრავ საკითხზე მუშაობს. ამ ეტაპზე, რომც მოინდომოს, ყველა შემთხვევაზე რეაგირებას დროულად ვერც კი მოასწრებს,“ – ამბობს რუსლან ბარამიძე.

ბათუმის ორთა ჯამე. ფოტო გადაღებულია 2011 წელს. ფოტოს გადაღებიდან მალევე მეჩეთის რეაბილიტაცია ჩატარდა. ჯამეს შენობას თავზე ოქროსფერი გუმბათი დაადგეს

ვინ უნდა იზრუნოს  მეჩეთებზე

ვინ უნდა იზრუნოს  საქართველოში არსებულ ხის მეჩეთებზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის  ობიექტებზე.  ამ საკითხის გარკვევას სხვადასხვა უწყებაში ვცდილობდით.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სააგენტო ზედამხედველობას მხოლოდ იმ მეჩეთებზე ახორციელებს, რომლებსაც ძეგლის სტატუსი აქვთ. ვინაიდან საკულტო ნაგებობები მუნიციპალიტეტების ბალანსზე არ არის, მასზე არც ადგილობრივი უწყებები ზრუნავენ.

რაც შეეხება საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები ექვემდებარება, სააგენტოსგან ორი დღის განმავლობაში ველოდით პასუხს კითხვაზე –  რას აკეთებს სააგენტო იმისათვის, რომ ქართული ისლამური  კულტურული მემკვიდრეობა დაცული იყოს. თუკი პასუხს მივიღებთ, სტატია განახლდება.

[highlight color=”blue”]სად არის გამოსავალი – ეთნოლოგის მოსაზრება[/highlight]

რუსლან ბარამიძე, ეთნოლოგი:

„მუსლიმი სამლოცველოს უდგება, როგორც შენობას, რომელიც უნდა შენარჩუნდეს, იყოს კომფორტული და სუფთა. აქედან გამომდინარე, როცა მასში გარკვეული ცვლილებები შეაქვს, გამოდის იქედან, რომ მას აწუხებს მისი პრაქტიკული ასპექტი, დაცულობა და ა.შ.

ამჟამად, მოქალაქემ ან არ იცის ვის მიმართოს ცალკეულ საკითხზე, ან არ არის დარწმუნებული, რომ რეაგირება იქნება დროული.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ორგანოებზე, რომლებიც ზრუნავენ კულტურული მემკვიდრეობის ძელგების დაცვაზე, ისინი რეაგირებენ, მაგალითად, იმ შემთხვევაში, რომ ავთენტურობა იყოს შენარჩუნებული, შენობა არ შეიცვალოს… ამ შეთხვევაში ეს მიდგომა შესაძლოა გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდეს რიგითი მორწმუნის პოზიციას, რომელსაც გაფუჭებული სახურავის შეკეთება, ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება ან სხვა პრობლემის მოგვარება სურს.

ამიტომ, ძეგლთა დამცველთა აზრით, როდესაც რესტავრაცია ან ცვლილება ხდება, ის უნდა ხდებოდეს შესაბამისი წესების დაცვით. წესების დაცვა დროში შეიძლება გაიწელოს. დროში გაწელვა ადგილობრივ მორწმუნეს არ აწყობს, რადგან არ უნდა შენობა მეტად დაზიანდეს. მეტად დაზიანებაზე წინააღმდეგია, ისევე, როგორც მიიჩნევს, რომ შენობა უფრო კომფორტული  რომ იყოს,  უკეთესია, ვიდრე დარჩეს ისტორიული. ორი განსხვავებული ხედვაა.

სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ამ პროცესში კანონს და რეგულაციებს ხედავენ. რეგულაცია გულისხმობს, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს დაცული კანონის მოთხოვნები. თუ კანონის მოთხოვნები ირღვევა, უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

ანუ ამ შემთხვევაში სამი ჯგუფი დავასახელეთ და სამივე ჯგუფს განსხვავებული ხედვა აქვს ერთ საკითხთან დაკავშირებით.

მორწმუნეები იქცევიან საკუთარი შეხედულების მიხედვით. როცა მათ არა აქვთ შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად მიიღონ ამის შესახებ განმარტებები, უფრო ეფექტურად მოახდინონ რეაგირება, რეაგირებენ ისე, როგორც იციან და როგორც ფიქრობენ, რომ უკეთესია.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმირებას და შესაბამისი ცოდნის გავრცელებას.  ადგილობრივი მორწმუნეები, ისევე როგორც სხვა დასახელებული ჯგუფები, ამ საკითხს არ უნდა უდგებოდნენ ერთხაზოვნად. ერთი ინტერესის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, საზიანო იყოს ბევრ სხვა საკითხთან მიმართებით. მაგალითად, დღეს საჭიროა აქცენტების დაზუსტება – მეჩეთი უნდა განიხილებოდეს როგორც საქართველოში არსებული ქართული ისლამური მემკვიდრეობის ძეგლი და არა იმ ისტორიული კონტექსტის ნაწილად, რომელიც ძირითადად ომებთან და ძალადობასთან ასოცირდება.

თუ ასე მივუდგებით,  ჩვენ შევინარჩუნებთ ამ შენობებს და იმ ყველაფერს, რაც მათ უკავშირდება.

უკეთესია, თუ ჩვენ ამ შენობებს დავინახავთ და გავიაზრებთ უფრო ფართო კონტექსტში, როგორც ისტორიისა და ცოდნის მატარებელ სივრცეს, რომელშიც  ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი სამშენებლო და დეკორატიული ტექნიკები“.

___________________________

მთავარი  ფოტო: ღორჯომის მეჩეთის კარი და კედლის მხატვრობა. მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

 

800 ახალი ჭკვიანი აპარტამეტი ბათუმში – „სმარტერის“ დასრულებული პროექტი [ვიდეო]

კომპანია „სმარტერი“ წარმოგიდგენთ მორიგ დასრულებულ პროექტს ქალაქ ბათუმში, სადაც დასრულდა 800 აპარტამენტის ჭკვიანი სისტემებით აღჭურვა.

White Sails-ის მობინადრეებს საშუალება ექნებათ დისტანციურად, ნებისმიერი მანძილიდან გააკონტროლონ საკუთარი აპარტამენტები და თავი იგრძნონ დაცულად, მაშინაც კი როცა ისინი ადგილზე არ იმყოფებიან.

საიტი Smarter.ge თქვენც გაძლევთ საშუალებას გატესტოთ ჭკვიანი სახლი  თქვენი სმარტფონის გამოყენებით, ასევე ააწყოთ თქვენი ჭკვიანი სახლი და ზუსტად გაიგოთ, რა ფასად შეძლებთ წარმოდგენილი კომფორტის ჰორიზონტთან მიახლოებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 032 2 22 44 33

ოცნებობენ ადამიანები ჭკვიან სახლებზე? | Smarter.ge

მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ფიცი საყვირების ფონზე დადო

დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო. ის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეა.

ფიცის დადების ცერემონიალი საყვირების ფონზე მიმდინარეობდა – ორგანიზაცია “ალტერნატივას” და პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. მათ სალომე ზურაბიშვილს ლობიო მიუტანეს.

აქციის მონაწილეები ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნას აპროტესტებდნენ, რადგან ის ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გუნდის წევრია.

ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებიან: საქართველოს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა პირები.

ვასილ როინიშვილი მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 29 მაისს დანიშნა, მანამდე – 2006-2008 წლებში ვასილ როინიშვილი აჭარის პროკურორი იყო. მისი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება არაერთი რეზონანსული საქმე, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო სერჟანტ როინ შავაძის წამებით მკვლელობის საქმე. აგვისტოს ომის შემდეგ ბათუმის ქუჩაში მოკლული სერჟანტის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.

ვასილ როინიშვილი იყო აჭარის პროკურორი მაშინაც, როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარბიეს. ეს საქმეც ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაახლოებით ორ კვირაში ახალი თავმჯდომარეც უნდა აირჩიოს. სასამართლოს წინა თავმჯდომარეს – ზაზა თავაძეს უფლებამოსილება 15 ივნისს შეუწყდა.

4 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედებისა და ცივი იარაღის ტარებისთვის პირს 17 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ა.ლ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბერში ქუთაისში ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ლ-მ მეზობლის 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ასევე ა.ლ. ატარებდა ხელჯოხ-დაშნას, რაც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება.

სამართალდამცველებმა ა.ლ. 2019 წლის 24 სექტემბერს დააკავეს.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაზარალებულის ადვოკატის ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა დისტანციურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი; ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 238¹ -ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) და განაჩენთა ერთობლიობით 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვინც 2019 წლის ბოლო 6 თვეში უწყვეტად 3 თვეს მუშაობდა და ახლა უმუშევარია, კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ის დასაქმებულები/დაქირავებულები, რომლებიც 2019 წლის ბილო 6 თვეში ნებისმიერ უწყვეტ 3 თვეს მუშაობდა, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე პანდემიის გამო არ იღებს ხელფასს, მიიღებს კომპენსაციას, თვეში 200 ლარის ოდენობით.

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან [4 მაისი, 2020 წელი] 6 თვის განმავლობაში.

ახალი ცვლილების მიხედვით, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ შემდეგ პირებს:

„დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა, თიზ-ის საწარმოს, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო)“.

ამასთან, „ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს“.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 2020 წლის 27 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქეები, ვინც სეზონურ სამსახურში იყვნენ დასაქმებულები – გიდები, მძღოლები და ა.შ. მიიღებენ დახმარებას, თუ წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემური შემოსავალი უფიქსირდებათ.

 

ამ თემაზე ვრცლად:

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

კომპენსაციის მისაღებად მონაცემების გადაგზავნა 30 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი – სიახლე

რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ

რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 7 მილიონით შემცირებული ბიუჯეტით, რამდენი სასტუმრო შეძლებს აჭარაში სტუმრების მიღებას და როგორი იქნება ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში აჭარაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თინათინ ზოიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო თინათინ, ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, გახსნილია, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად იქნება უსაფრთხო დასვენება და როგორ იქნება ეს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ ვიზიტორებისთვის?  

დიახ, შიდა ტურიზმი უკვე ნებადართულია და ადამიანებს შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა. თუმცა ბევრი კითხვა  შემოდის მოქალაქეებისგან სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებით. მაგალითად, კითხულობენ, თუ კერძო ავტომანქანით გადაადგილდებიან, რა წესები უნდა დაიცვან, როგორ უნდა მიხვდნენ სასტუმროს, სადაც გაჩერდებიან, გავლილი აქვს თუ არა შემოწმება და აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტს, კვების ობიექტებში რას უნდა მიაქციონ ყურადღება და ა.შ.

  • დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში სულ რამდენი სასტუმროა რეგისტრირებული და აქედან რამდენმა გაიარა შემომება უსაფრთხოებაზე?

ოფიციალურად 393 სასტუმროა რეგისტრირებული და ბოლო მონაცემებით 31-მდე სასტუმრომ გაიარა შემოწმება კოვიდუსაფრთხოებაზე. როგორც ვიცით, სტანდარტი შემუშავებულია და მონიტორინგს მერიის ზედამხედველობისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ახორციელებს. პროცესი მიმდინარეობს, სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება, ამიტომ, კვირის ბოლომდე იმ სასტუმროების რიცხვი, რომლებიც მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ალბათ კიდევ გაიზრდება.

  • ვიზიტორი როგორ მიიღებს ინფორმაციას ამ სასტუმროების შესახებ, სად განთავსდება ინფორმაცია, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის ყველასთვის?

ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა უსაფრთხო სასტუმროების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის ვებგვერდებზეც. სია იქნება განახლებადი, ასევე, საუბარია იმაზეც, რომ მანიშნებლები განთავსდეს სასტუმროებში და სხვა ტურისტულ ობიექტებზეც.

  • როგორც ვიცით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან, 9 მილიონი ლარიდან, 7 მილიონი ლარი კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში გადაირიცხა. რის გაკეთებას გეგმავთ შემცირებული ბიუჯეტით?  

რა თქმა უნდა, როგორც ბიუჯეტი, ასევე პროგრამების მიზნობრიობაც, შეიცვალა. გამომდინარე იქედან, რომ პანდემიის პირობებში ვეღარ ვაწარმოებდით სარეკლამო კამპანიას საერთაშორისო ბაზარზე,  ეს თანხა – 7 მილიონ 300 ათასი ლარი, მიემართა საკარანტინო ზონების მართვისთვის, თუმცა რაც დაგვრჩა, იმ თანხით გაგრძელდება  ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობა. კერძოდ, ახლა მიმდინარეობს ონლაინპლატფორმის დანერგვა და სპეციალური ვიდეოგაკვეთილების მომზადება ტურისტული სექტორისთვის, ასევე გვექნება ონლაინტრენინგები ახალი სტანდარტების დანერგვაზე და იმაზე, თუ როგორ გაუწიონ უსაფრთხო მომსახურება ტურისტს. ყველა პროგრამა მოვარგეთ ამ კრიტერიუმს.

ამასთან, პანდემიის პირობებშიც არ გაჩერებულა აჭარაში ტურისტული მარშრუტების განვითარება და ამ მიმართულებით მცირე ინფრასტრუქტურულ პროდუქტებსაც ვავითარებთ.

  • ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაცია იგეგმება წელს?

ხულოში, სოფელ უჩხოში, აღმოჩნდა ჩანჩქერები, სადაც ვგეგმავთ კანიონინგის განვითარებას, გაკეთდება კლდიდან წყალში დაშვებისთვის ინფრასტრუქტურა, დაახლოებთ 47 ათასი ლარია ამისთვის გათვალისწინებული, გვაქვს კონსულტაციები საქართველოში კანიონინგის სპეციალისტებთან და ფასების კვლევაც მიმდინარეობს. დაზუსტებული დეტალები ერთ კვირაში გვეცოდინება.

გაკეთდება ხიხანის ციხეზე მისასვლელი გზის პროექტი და შესაძლოა წელსვე მოესწროს პირველი ნაწილის განხორციელებაც. ასევე, გარდამავალი მარშრუტებიც შემუშავდა, რომელიც მალე დაანონსდება და ყველა დეტალს შემდეგ გავახმოვანებთ. როგორც ხულოში, ასევე შუახევში დავასრულეთ  ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის მარშრუტის მარკირება, რომელიც არის ალპური სათავგადასავლო მარშრუტი და უკვე განთავსებულია მანიშნებლებიც და საინფორმაციო დაფებიც ამ მარშრუტზე.

შარშან ხულოსა და ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა ჩავატარეთ, წელს ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლების კვლევაა დაგეგმილი და დავათვალიერებთ ყველა სოფელს.

ქობულეთში ბევრი ახალი მიმართულება გამოჩნდა. მაგალითად, ძალიან კარგი ადგილებია სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის, სოფლის ყველა სახლი შეიძლება ინდივიდუალურად იყოს გამოყენებული საოჯახო სასტუმროსთვის, რადგან აქვთ ციტრუსის, ჩაის პლანტაციები, ახლოს არის დაცულ ტერიტორიებთან და ა.შ.

წელს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი  გვაქვს, ეს არის კინტრიშის ეროვნული პარკიდან გარდამავალი მარშრუტი გომის მთასა და და ჯვარი მინდორზე, რომელიც შუახევშია. მანიშნებლებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და წელსვე დამონტაჟდება.

  • ქალაქთან მიმართებით რა იგეგმება? 

იცით, რომ გიდები განსაკუთრებით დაზარალდნენ პანდემიის გამო, რადგან საერთაშორისო ვიზიტორები შემცირდება, ამიტომ მათივე მოთხოვნით, მათი მხარდაჭერის მიზნით შეიქმნება ქალაქის მზა ტურები, ფოტომასალით და ყველა საჭირო ინფორმაციით.

წელს შევქმნით ბათუმისა და ქობულეთის თემატურ მარშრუტებს, სადაც შესული იქნება  ძველი ბათუმის, ბულვარის, კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული აივნების, დერეფნების შესახებ მონაცემები და ა.შ.

  • რამდენად არის ამაზე მოთხოვნა ტურისტების მხრიდან? როგორც ვიცით, საერთაშორისო ტურისტები მთას უფრო ანიჭებენ უპირატესობას.

წლევანდელი წელი გამოწვევებით არის სავსე და ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო. ჩვენ შევქმნით ამ სახელმძღვანელოს გიდებისთვის, რომელსაც ისინი ყოველთვის გამოიყენებენ.

  • რადგან გიდებზე ვსაუბრობთ და ამბობთ კიდეც, რომ ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის გამო, იყო თუ არა საუბარი იმაზე, რომ მათთვის ფულადი კომპენსაცია თქვენი უწყებიდან გაცემულიყო? როგორც ვიცით, მათ პრობლემა შეექმნათ ამ მხრივ.

იყო ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ გიდების რაოდენობა ვერ დაზუსტდა. მოგვიანებით, როცა ჩატარდა კვლევა, აღმოჩნდა, რომ გიდების 80 პროცენტი სხვა სამსახურში იყო დასაქმებული და ეს შემოსავლები დღესაც აქვთ. ვინც არ მუშაობდა, ეს იყო დაახლოებით 60-70 ადამიანი, ვინც გააკეთა განაცხადი, მიიღო კომპენსაცია.

  • მთავრობის პოლიტიკაა, რომ ძირითადი აქცენტი შიდა ტურიზმის განვითარებაზე გადავიდეს, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში კოვიდპანდემიის გამო მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა, რადგან ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგა, რამდენად შეძლებს ეს მოსახლეობა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენებას ან საერთოდ, დასასვენებლად წასვლას მაღალი ფასების პირობებში?

ფასებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ჩვენც ვიცით და კერძო სექტორმაც, რომ ადგილობრივი ვიზიტორების შემოსავლები საერთაშორისო ვიზიტორებს ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომაც გიდებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და სასტუმროებმაც დაიწყეს შიდა ტურისტებზე მუშაობა და ვფიქრობთ, ყველა კატეგორიის ვიზიტორს ექნება არჩევანის შესაძლებლობა.

  • როდის გვეცოდინება დაზუსტებით, რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ვიზიტორები საქართველოში?

საზღვრების გახსნისას მთავარია იმ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. თავიდან საუბარი იყო ისრაელზე, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, თუმცა ეპიდსიტუაცია გაუარესდა ამ ქვეყანაში და მეზობელ ქვეყნებშიც. მუშაობა მიდის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომელიც არის მწვანე ზონა, პოლონეთი, ჩეხეთი ახალი ბაზარია ჩვენთვის. ძირითადად ის ქვეყნები იქნება პოპულარული, რომლებსაც აქვთ კოვიდის დაბალი სტატისტიკა.

  • ჯერჯერობით მაინც ბუნდოვანია, რა იქნება გადამწყვეტი საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლისას. თერმოსკრინინგის გარდა, როგორ გადამოწმდება, რომ ისინი არ არიან ინფიცირებული?

ტურისტების გაცვლის პროტოკოლი იქნება იმ ქვეყნებთან, ვისთანაც გვექნება გახსნილი საზღვრები. ვიცით, რომ საუბარი იყო კოვიდპასპორტებზე, რომ ვიზიტორს კოვიდ19-ზე ტესტი უნდა ჰქონოდა ჩატარებული შემოსვლამდე 72 საათით ადრე, თუმცა შემდეგ გაჩნდა იმის საფრთხე, რომ შესაძლოა ამ დროის განმავლობაში მას ჰქონდეს ინფიცირებულთან შეხება და გახდეს ვირუსის შემომტანი ქვეყანაში.

ევროკავშირიც ახლა მუშაობს პროტოკოლის შემუშავებაზე და ჩვენც ბევრ ინფორმაციას მოგვცემს ეს, თუმცა მათი გამოცდილება ადაპტირდება ჩვენს რეალობასთან, რომ პროტოკოლი უნდა იყოს შესრულებადი.

იტალიური კინოს კვირეული საქართველოში 15-21 ივნისს იმართება

15-21 ივნისს  საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეული FareCinema იმართება.

კორონავირუსის პანდემიის გამო კვირეული ონლაინრეჟიმში ტარდება. იტალიურ კინოკვირეულზე „დასასწრებად“ საკმარისია გადახვიდეთ ბმულზე #RaiPlay (https://www.raiplay.it/fare-cinema/), სადაც განთავსდა იტალიური ფილმები, მასტერკლასები, კინოკრიტიკოსების მიმოხილვები და ვიდეოგაკვეთილები ინგლისური, ფრანგული და ესპანური სუბტიტრებით.

პორტალზე #RaiPlay კინოკვირეულის ფარგლებში ნახავთ თანამედროვე იტალიურ სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

კვირეული ფედერიკო ფელინისა და ალბერტო სორდის ეძღვნება, რომელთაც წელს დაბადებიდან ასი წელი შეუსრულდათ. ფელინისა და სორდის შემოქმედებისა და იტალიური კინემატოგრაფის შესახებ ჯანი კანოვასა და ჯანფრანკო ანჯელუჩის სამი მასტერკლასი ტარდება.

პლატფორმაზე #RaiPlay განთავსებულია  ვიდეოგაკვეთილები კინემატოგრაფთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე:

  • კინოწარმოების მენეჯერი (ბეატრიჩე კრუგერი, ლილია ტრაპანი, ბარბარა ჯორდანი);
    • კინოპროფესიები (ენცო დე კამილისი);
    • პროდიუსერი (კორადო ტრიონფერა);
    • კინოდოკუმენტალისტი (პიერო კანიცარო);
    • კომპოზიტორი (რიკარდო ებერშპახერი, სტეფანო რეალი, პაოლო ვივალდი);
    • კოსტიუმების მხატვარი (კარლო პოჯოლი, იზაბელ კაიო, ევა კოენი);
    • სცენარისტი (სილვია სკოლა);
    • სცენოგრაფი (მარკო დენტიჩი).

თურქეთში დასაქმებული ქალები კომპენსაციას ითხოვენ – მორიგი აქცია ბათუმში

თურქეთში, ქემალფაშაში, დასაქმებული ქალები ბათუმის მერიის წინ აქციას მართავენ. ქალები ერთჯერად კომპენსაციას, 300 ლარს ითხოვენ.

„თუ საზღვარს ვერ გვიხსნიან, მაშინ მოგვცენ ერთჯერადი კომპენსაცია. ველოდებით ასევე მთავრობის თავმჯდომარის პასუხს, რას აპირებს, ” ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ეკა შანიძე.

აჭარის მთავრობიდან აქციის მონაწილებს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის უფროსი კახა შაშიკაძე შეხვდა. მისი თქმით მთავრობა მუშაობს კომპენსაციების საკითხზე, თუმცა საკითხი სწრაფად ვერ გვარდება.

„მარტო აჭარის მთავრობის გადასაწყვეტი არაა. პირადად რეკავს მთავრობის თავმჯდომარე ამ საკითხზე. მაგრამ ერთი უწყების თემა არაა. გვინდა დავეხმაროთ. უნდა გადამოწმდეს და კატეგორიზაცია მოხდეს. დაწყებულია სამუშაოები, “- თქვა კახა შაშიკაძემ.

ამ წუთებში აქციაში მონაწილე ქალების ერთ ჯგუფს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ხვდება.

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია კომპენსაციის მოთხოვნით. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

6 ქვეყანას შორის ევროკავშირს ყველაზე მეტად საქართველოში ენდობიან – კვლევა

საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე, 40 პროცენტი – ნეიტრალური, 7 პროცენტი – უარყოფითი აზრის, 4 პროცენტმა კი არ იცი ან არასდროს სმენია ამ ორგანიზაციის შესახებ – ასეთია საქართველოში 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ.

2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარდა.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, ასევე, საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურად ეხმარება ქვეყანას და 69% მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1000 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებში თითოეულ ქვეყანაში.

2020 წლის კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა 49% დადებითად აღიქვამს ევროკავშირს – ეს მაჩვენებელი 4%-ით აღემატება 2016 წლის საწყის მაჩვენებელს.

კვლევამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა უმრავლესობა – 60% ენდობა ევროკავშირს. ექვს ქვეყანას შორის ევროკავშირს ყველაზე მეტად საქართველოში ენდობიან – 69 პროცენტი.

რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასე გამოიყურება: უკრაინაში ევროკავშირს ენდობა გამოკითხულთა 66%, მოლდოვაში – 63%, სომხეთში – 60%, ბელარუსში – 45% და აზერბაიჯანში – 41%.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა 57% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო მათი 53% ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია – ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 10%-ით გაიზარდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა ნახევარზე მეტს (53%), რომელიც ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, შეუძლია დაასახელოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მინიმუმ ერთი კონკრეტული პროგრამა მათ ქვეყანაში – მნიშვნელოვანი ზრდა +18% 2017 წელთან შედარებით.

ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 35 000 შემთხვევა დადასტურდა 24 საათში

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა – თითქმის 35 000 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ლათინური ამერიკის ეს ქვეყანა უკვე მეორე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელებით აშშ-ის შემდეგ. ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს უახლოვდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამჟამად ბრაზილიაში დადასტურებულია 955 377 შემთხვევა, ვირუსისგან გარდაიცვალა 46 510 ადამიანი.

„იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში შედარებით ნაკლები ტესტები ტარდება კორონავირუსზე, ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად დიდი იყოს“ – წერს „ბიბისი“.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აპიდაფეთქებას პიკისთვის ლათინურ ამერიკაში ჯერ არ მიუღწევია.

____________________

ფოტოზე: ბრაზილიაში, ვილა ფორმოზას დიდ სასაფლაოზე ახალ საფლავებს თხრიან კორონავირუსით გარდაცვლილთათვის.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Sebastiao Moreira

ველოსიპედისტი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, 42 წლის ქალია – მას კვლევებს უტარებენ

ველოსიპედისტი, რომელსაც დღეს, 17 ივნისს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, 42 წლის ქალია. მას კლინიკა „მედცენტრში“ კვლევები უტარდება იმის გამოსარკვევად, თუ რა ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტურია.

ველოსისპედისტს ავტომანქანა ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

_______________

ლევან გელიაშვილის ფოტო

ბათუმში 155 პირის ანალიზი კორონავირუსზე უარყოფითია – ახალი მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 155 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

დღეს, 17 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 569 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

____________

ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge 

ბათუმში ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაში, ადამიანს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

თვითმხილველის თქმით, დაშავებული უკვე გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებული „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

დაშავებული 42 წლის ქალია, რომელსაც კვლევები უტარდება. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, იგი კონტაქტურია.

ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

ინფორმაცია განახლდება.

ფოტო: ლევან გელიაშვილი

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა 24 საათში, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია.

„9 ახალი შემთხვევიდან 2 დაავადებულთან კონტაქტია, 6 კი საკარანტინო სივრციდან, ოღონდ, ყველა შემოტანილია. ამ 6 შემთხვევიდან 3 სატვირთო მანქანების მძღოლები არიან, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიებაც გრძელდება,“ – ამბობს ეზუგბაია.

მისი თქმით, შვიდივე გამოჯანმრთელებული ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო, რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურში შეყვანილ ორ ახალ პაციენტს – ორივე მათგანი შემოტანილია, ერთი რუსეთიდან, მეორე კი – სომხეთიდან.

საქართველოში, 17 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 888 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 731 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა.

აჭარაში 301 პირი შეამოწმეს კორონავირუსზე – ყველა პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 301 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 414 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

ახალგაზრდა კაცების 52% არ ეთანხმება აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა

დასაქმებული ქალის როლის მიმართ დამოკიდებულება თაობებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება – ვკითხულობთ კვლევაში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“.

კვლევის თანახმად, ახალგაზრდა ქალები, უმეტესად, არ იზიარებენ, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე და არა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა. 18-24 წლის ქალების 83 პროცენტზე მეტი არ ეთანხმება აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. ასევე ფიქრობს 18-24 წლის კაცების 52 პროცენტი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თაობებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებების არსებობა ნათელი ხდება, როდესაც ამ მონაცემებს 55-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის პასუხებს ვადარებთ. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ აზრს დაეთანხმა ქალების 39 და კაცების 64 პროცენტი (რაც ნიშნავს, რომ არ დაეთანხმა ქალების 61 და კაცების 36 პროცენტი).

2013 წელს გამოკითხული რესპონდენტების 72 პროცენტი (ქალების 66 და კაცების 80 პროცენტი) მიიჩნევდა, რომ ქალის პირდაპირი მოვალეობა სახლისა და ოჯახის მოვლაა და არა პროფესიული თუ კარიერული განვითარება. 2019 წელს მათი რაოდენობა 48 პროცენტამდე შემცირდა. ამ მოცემულობას ეთანხმებოდა ან სრულიად ეთანხმებოდა ქალების 38 და კაცების 61 პროცენტი.

კვლევაში სულ 2408 რესპონდენტი მონაწილეობდა, მათ შორის, 1102 კაცი,  1296 – ქალი.

ამავე თემაზე: 

62%-ის აზრით, მშობლების ქონება ბიჭსა და გოგოს შორის თანაბრად უნდა გაიყოს – კვლევა

 

„იალჩინმარკეტის“ ყოფილი მენეჯერი: ხელფასების 40%-ით ჩამოკლება უნდოდათ

სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას „იალჩინმარკეტის“ ერთ-ერთი ყოფილი მენეჯერი – ემზარ ქათამაძე სასამართლოში ითხოვს. იგი პანდემიის პირობებში, 9 მაისს, გაუშვეს სამსახურიდან. ემზარ ქათამაძის მტკიცებით, მას თანამშრომლებისთვის ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას სთხოვდნენ.

„…ჩემი მუშაობის მთელი 4 წლის პერიოდში არასოდეს ყოფილა კომპანიაში შემოსავლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი და შესაბამისად, მოგებაც, როგორც პანდემიისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს თანამშრომლების შემცირება და გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მოგონილი მიზეზით სწორედ იმის გამო, რომ ხელფასების 40% დაკლების წინააღმდეგი ვიყავი,“ – ამას „იალჩინმარკეტის“ უკვე ყოფილი მენეჯერი, ემზარ ქათამაძე სარჩელში წერს, რომლითაც მან სასამართლოს მიმართა.

ემზარ ქათამაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2016 წლიდან მუშაობს „იალჩინმარკეტში“, თავდაპირველად პროგრამისტ-ოპერატორად, 2019 წლიდან კი პროგრამის მთავარი ოპერატორის პოზიციაზე, თუმცა, ფაქტობრივად, იგი ერთ-ერთ მენეჯერად მიიჩნეოდა. ემზარი იხსენებს, რომ დამსაქმებელს პანდემიის დროს სურდა, თანამშრომლებისთვის ხელფასი ჩამოეკლო და პირველ აპრილს ბრძანება გამოსცა.

„მე ეს უნდა გამევრცელებინა თანამშრომლებთან, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი… ვინც არ მოაწერს ხელს, წავა სამსახურიდანო, ეს ბრძანებაში არ ეწერა, მაგრამ ასე გამოდიოდა. მეც ისეთი პირობები შემიქმნეს, რომ წამოვედი, კამერები დააყენეს, ძალიან ცუდი გარემო შეიქმნა, ხელფასის შემცირებაზე კონკრეტული დროც არ იყო მითითებული, როდემდე შემცირდებოდა ხელფასი, ბუნდოვანი იყო ჩემთვისაც… მერე მთავარმა მენეჯერმა მითხრა, ვერ ასრულებ შენს მოვალეობებსო და წამოვედი,“ – ამბობს ემზარ ქათამაძე.

ემზარ ქათამაძე ისე წამოვიდა სამსახურიდან, რომ ბრძანება არ გამოცემულა. მას შემდეგ, რაც მარკეტის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოსთვის მიმართვა გადაწყვიტა, მან წერილობით მიმართა „იალჩინმარკეტს“, სადაც წერილობით უპასუხეს: „არ შეგისრულებიათ ნაკისრი ვალდებულებები“.

„ამ წერილს თარიღიც კი არ აქვს, გაუმართავია ეს ყველაფერი სამართლებრივად და აქ არც ისაა დაკონკრეტებული, რა ვალდებულება ვერ შეასრულა ემზარ ქათამაძემ, რის გამო შეუწყდა მას ხელშეკრულება… 4 წლის განმავლობაში ემზარს არც ერთი შენიშვნა ან გაფრთხილება არ მიუღია,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე, რომელიც სასამართლოში ემზარ ქათამაძის ინტერესებს დაიცავს.

„იალჩინმარკეტის“  ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ ისინი სასამართლოში გასცემენ პასუხს ემზარ ქათამაძეს. აქ არც ის გამორიცხეს, რომ მოსარჩელესთან მანამდე მორიგება შედგეს.

„იალჩინმარკეტში“ ხელფასების კლებასა და რთულ სამუშაო პირობებზე „ბათუმელები“ 19 მაისსაც წერდა.

როცა დღეში 12 საათს მუშაობ, კამერა დაგიყენეს და პანდემიის დროს ხელფასს გაკლებენ

 

 

62%-ის აზრით, მშობლების ქონება ბიჭსა და გოგოს შორის თანაბრად უნდა გაიყოს – კვლევა

საქართველოში დაახლოებით ყოველი მესამე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება სრულად ან მისი უდიდესი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს – ნათქვამია კვლევის ანგარიშში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“.  კვლევა მოამზადა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაეროს პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 62 პროცენტი ფიქრობს, რომ მშობლების ქონება (საცხოვრისი) თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალებს შორის.

20 პროცენტი ამბობს, რომ მემკვიდრეობა მთლიანად ვაჟს უნდა დარჩეს, ხოლო 15 პროცენტის აზრით, ვაჟმა მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი უნდა მიიღოს.

მემკვიდრეობის დიდი წილის ან სრულად მიღების უპირატესობა ვაჟებს თითქმის თანაბრად მიანიჭეს ქალებმა და კაცებმა – კაცების 38-მა და ქალების 34-მა პროცენტმა. ასევე უმრავლესობა – 67 პროცენტი ეთანხმება, რომ მიწა მემკვიდრეებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს, გენდერის მიხედვით განსხვავების გარეშე.

ძვირფასი ნივთების, ფულის, ავტომანქანებისა და სხვა მოძრავი ქონებისა და ოჯახის ბიზნესის მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით, რესპონდენტების 70 -77 პროცენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის, ხოლო 16-28 პროცენტის აზრით, ქონება სრულად ან მისი დიდი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს. ეს დასკვნები მემკვიდრეობის თანაბრად განაწილების შესახებ შეხედულებების ფართოდ გავრცელების ტენდენციას ასახავს.

კვლევის თანახმად, საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი განსხვავდება 2013 წლის მაჩვენებლებისგან.

2013 წელს რესპონდენტების მხოლოდ 44 პროცენტი მიიჩნევდა, რომ მშობლების ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 62 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე, 2013 წელს რესპონდენტების დაახლოებით ნახევარმა მიიჩნია, რომ მიწა თანაბრად უნდა განაწილებულიყო ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი ორ მესამედზე მეტი გახდა.

ექიმების, ექთნებისა და სანიტრების პროტესტი საფრანგეთში

დღეს, 16 ივნისს, პარიზში ჯანდაცვის სამინისტროსთან საავადმყოფოების თანამშრომელთა აქცია იმართება მედდების, ექიმების, მომვლელებისა და სანიტრების მონაწილეობით. ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მყარ ფინანსურ გარანტიებს, ხელფასის მომატებას და საავადმყოფოების რეორგანიზაციას ითხოვენ. ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი და ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები პანდემიის პირობებში საჯარო გამოსვლებში ხაზგასმით უწოდებენ მედიკოსებს Covid 19-ის კრიზისის გმირებს, პერიოდულად ყველაზე რთულ დღეებში, იტალიის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც ექიმებსა და მედდებს ტაშით აჯილდოებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მადლიერების ნიშნად, თუმცა მედიკოსები საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

ემანუელ მაკრონმა ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდისა და საავადმყოფოების მოდერნიზების დაპირება 25 მარტს, მულუზში საჯარო გამოსვლისას გასცა კამერების წინ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა დიდ ინვესტიციებს ჩადებდა მედიცინაში.

ჯანდაცვის სფეროს მოდერნიზების „მასშტაბური გეგმა“ საფრანგეთში 2019 წლიდან უნდა დაწყებულიყო, რაც გულისხმობდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების პერსონალისთვის თვეში 100 ევროს გამოყოფას ბონუსის სახით. ზოგადად სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის 2019 წლის ნოემბერში უნდა გამოყოფილიყო 200 მილიონი ევრო, რაც ვერ მოხერხდა, წლების განმავლობაში საავადმყოფოების შემცირებულმა ბიუჯეტმა საფრანგეთში ჰოსპიტალების კრიზისი გამოიწვია, რაც ცხადად აჩვენა კორონავირუსის პანდემიამ.

მაგალითად, პარიზის დამხმარე საავადმყოფოების 39 დაწესებულებაში ასობით საწოლი გაუქმდა იმის გამო, რომ არ იყო მედდების საჭირო რაოდენობა.

მედიკოსთა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია ნიღბებითა და დისტანციის დაცვით პარიზში იმართება არამხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან, აქციები დაგეგმილია ასევე საავადმყოფოებთან და ჯანდაცვის სააგენტოებთან რეგიონებშიც.

ექიმები და მედდები საფრანგეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, საღამოს 8 საათზე მათ მხარდასაჭერად გამოვიდნენ აივნებზე და დადგნენ ფანჯრებთან, ისევე როგორც იდგნენ მედიკოსების ტაშით დაჯილდოებისას.


ფოტოზე: მედპერსონალის პროტესტი მონპელიეში. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GUILLAUME HORCAJUELO

ბათუმში ავტოავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, პორტთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა 10 წლამდე ასაკის გოგო, რომელიც ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლავასოღლის მხარდამჭერებმა აქცია შესაძლოა ომბუდსმენის ოფისთანაც გამართონ

“აქ არიან შეკრებილი არა კანონიერი ქურდი ლავასოღლის მხარდამჭერები, არამედ მოქალაქე მინდია გორაძის მხარდამჭერები [მინდია ლავასოღლიმ თავისი გვარი – გორაძე ოფიციალურად გამოიცვალა], ვისი კონსტიტუციური უფლებებიც ირღვევა…” – საპროტესტო აქცია ამ მიმართვით დაიწყო დღეს, 16 ივნისს, თამაზ ბაკურიძემ. იგი მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციების სპიკერია და ამ სიტყვებით ჟურნალისტებს მიმართა.

საპროტესტო აქცია დღესაც ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან იმართება, შეკრებილებმა საყვირებით და შეძახილებით მოუწოდეს კონსულს შეხვედრისკენ. მათი თქმით, კონსული მინდია ლავასოღლის ექსტრადირების პროცესში უნდა ჩაერთოს. საკონსულომ აქამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ კონსული ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის მოსაგვარებელ საკითხში ვერ ჩაერევა.

გასულ კვირას ბათუმში თურქეთის საკონსულომ ამ აქციასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. ამონარიდი განცხადებიდან: „თურქეთსა და საქართველოს შორის დამნაშავეთა გადაცემა ხორციელდება ევროპული კონვენციისა და სხვა ორმხრივი და საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად. ექსტრადირების პროცესთან დაკავშირებით, რომელშიც გენსაკონსულო არ არის ჩართული,  მიუხედავად ამისა, გენსაკონსულოს წინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კეთდება განცხადებები, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ექსტრადირების საკითხს და ქსენოფობიურ და რასისტულ შინაარს შეიცავს“.

[toggle title=”განცხადების სრული ვერსია”]

განცხადებ გენერალური საკონსულოს წინ გამართულ აქციებზე გამოყენებულ უსაფუძვლო გამონათქვამებთან დაკავშირებით.

თურქეთსა და საქართველოს შორის დამნაშავეთა გადაცემა ხორციელდება ევროპული კონვენციისა და სხვა ორმხრივი და საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად. ექსტრადირების პროცესთან დაკავშირებით, რომელშიც გენსაკონსულო არ არის ჩართული,  მიუხედავად ამისა გენსაკონსულოს წინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კეთდება განცხადებები, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ექსტრადირების საკითხს და  ქსენოფობიურ და რასისტულ შინაარს შეიცავს.

თურქეთი ერთ-ერთი პირველთაგანია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ბატონი პრეზიდენტი ერთადერთი ლიდერია, ვინც ეს გამოთქვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.   ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, ეს არის მხარდაჭერა, რომელიც ყველა სფეროში ასახავს ინტენსიურ თანამშრომლობასა და ორმხრივ სოლიდარობას. ამ ფონზე, ზოგიერთი წრეები, რომლებიც შეშფოთებულები არიან ჩვენი ახლო ურთიერთობებით, დეზინფორმაციის გავრცელებისათვის იყენებენ ყველანაირ შესაძლებლობას, რაც შესწავლას საჭიროებს, თუ რა მიზნით და ვის ემსახურებიან ისინი.  როგორც ცნობილია, საქართველოს კომპეტენტური უწყებების მიერ საჭირო შესწავლა ხორციელდება.

როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, ჩვენი კარები ღიაა ქართველი მეგობრებისათვის. აღნიშნულის ფარგლებში, ჩვენს მიერ ეცნობა, რომ ლავასოღლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების შეხვედრაზე მიღებაზე ჩაწერის შემთხვევაში, სიამოვნებით შევხვდებოდით. ამასთან ერთად,  ჩანს, რომ არა ოჯახი, არამედ ერთ-ერთი პიროვნება ცდილობს თურქეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო რიტორიკით საკითხის ბოროტად გამოყენებას.

რეალობაა, რომ თურქეთის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციებისა და ზედამხედველობის მექანიზმებში ჩართული ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულია როგორც ბრალდებულებიც, ასევე მსჯავრდებულები. როგორც ცნობილია, აღნიშნული პრაქტიკა საქართველოშიც არსებობს.

საქართველოსა და თურქეთს შორის ყველა სფეროში არსებული კარგი ურთიერთობა,  ასევე მოიცავს სამართლებრივ ურთიერთდახმარებისა და დამნაშავეთა ექსტრადირების სფეროებსაც და ლავასოღლის ექსტრადიციის პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურების დაცვით.[/toggle]

საკონსულოს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული ვინ აკეთებდა ამ შინაარსის განცხადებებს. დღევანდელ აქციაზე კი მსგავსი შინაარსის მოწოდებები არ ყოფილა.

დღეს აქციაზე თამაზ ბაკურიძემ სახალხო დამცველსაც მიმართა.

“აქ რამდენი ადამიანი შიმშილობს… როგორც ვატყობ, საქართველოში შერჩევითი სამართალი სახალხო დამცველსაც ეხება…” – აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ და ომბუდსმენს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, გავმართავთ აქციას სახალხო დამცველის ოფისთანაც,” – დასძინა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები თურქეთის კონსულთან ითხოვენ შეხვედრას.

“დანარჩენს მერე ვიტყვით, რას ვაპირებთ და როგორ,” – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით დღემდე 15 ადამიანი შიმშილობს, სამ მათგანს კი პირი აქვს ამოკერილი.

ლავასოღლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების კარვები თურქეთის საკონსულოსთანამ აქციის მონაწილეები 10 ივნისიდან თურქეთის საკონსულოსთან გადმოვიდნენ. მანამდე, 8 ივნისს გენპროკურატურის წარმომადგენლები ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრაზე ექსტრადირების შესახებ კონკრეტული არაფერი გარკვეულა. პროკურატურაში ამ დრომდე ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადირება.

მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ხარისხის კვლევას საზღვარგარეთ გეგმავს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში  მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული მედიკამენტების „საზღვარგარეთული ლაბორატორიული კვლევაა “ საჭირო და ეს კვლევა ხარისხის კონტროლის [OMCL] ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიციურმა ლაბორატორიამ უნდა ჩაატაროს. ამის შესახებ სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს მისწერა და შესყიდვის დაჩქარებული წესით განხორციელებაზე თანხმობა მოითხოვა.

წამლების ხარისხთან დაკავშირებით კითხვები საზოგადოებაში არაერთხელ გაჟღერდა, მოქალაქეები მათ შეძენას საზღვარგარეთ ამჯობინებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც იმ მოტივით, რომ „ იქ უფრო ხარისხიანია“,  საქართველო-თურქეთის საზღვარს მხოლოდ მედიკამენტების შესაძენად კვეთენ და რამდენიმე საათში უკან ბრუნდებიან.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქვემდგომი უწყებაა და შესყიდვის აუცილებლობის დასაბუთების ნაწილში წერს, რომ 2020 წლის პროგრამის [რომლის ფარგლებშიც კვლევა უნდა განხორციელდეს] ძირითად მიზანს წარმოადგენს,  საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული და ვადაგასული სამკურნალო საშუალებებისგან.

სააგენტო წერს, ასევე, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა სამკურნალო საშუალებების დაშვებული რაოდენობა.

ამ კონკრეტული შესყიდვის ფარგლებში 10-15 დასახელების სამკურნალო საშუალებების ლაბორატორიული კვლევის შესყიდვაა დაგეგმილი.

სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის, ნანა შაშიაშვილის ინფორმაციით, რაზეც ის სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორისთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში წერს, კვლევა შესაძლოა ლუქსემბურგის, ლატვიისა და შვეიცარიის ლაბორატორიებში განხორციელდეს:

„წამლის ფორმების ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის თხოვნით, მიმდინარე წელს წერილები დაეგზავნა EDQM (The European Directorate for the Quality of Medicines & HealthCare) ქსელში – OMCL (Official Medicines Control Laboratories) გაერთიანებულ 20 ლაბორატორიას. მიღებული პასუხების მიხედვით, ნორვეგიის, შვედეთისა და ესტონეთის ლაბორატორიები, დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, ვერ შეძლებენ განახორციელონ საქართველოდან გაგზავნილი ნიმუშების ლაბორატორიული კონტროლი, ხოლო ლუქსემბურგის, ლატვიისა და შვეიცარიის ლაბორატორიები გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს.“

კვლევის სავარაუდო ღირებულება 25 000 ევროა.

„ავტორიზაციის საბჭო რეპრესიული მექანიზმია“ – განცხადება ჩაღლარის ქსელის დახურულ სკოლაზე 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიცეუმი არ ეთანხმება საბჭოს განცხადებას და აპირებს გადაწყვეტილება გაასაჩივროს   სააპელაციო საბჭოში.

ასევე, სკოლა მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა შეისწავლონ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

განცხადების თანახმად, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე 70-მდე მასწავლებელი დარჩა უმუშევარი, ხოლო 227 ბავშვს სხვა სკოლის მოძებნა მოუწევს.

„ავტორიზაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო ექსპერტთა დასკვნა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ისეთი ხარვეზების ჩამონათვალს, როგორცაა, შემაჯამებელი სამუშაოების ნაკლებობა დაწყებით საფეხურზე, კარიერის დაგეგმვის პროგრამის არასათანადო დანერგვა, წინასწარი შეთანხმების გარეშე მშობლის გაკვეთილზე დასწრება, ყველა სართულზე სკოლაში საპირფარეშოს არარსებობა და სხვა.

ექსპერტთა დასკვნაში ჩამოყალიბებული ხარვეზების ჩამონათვალი გამოსწორებადია და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სკოლა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს და არ შეიძლება იქცეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძვლად; ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტთა დასკვნაში მითითებული ხარვეზები კანონმდებლობის არაადეკვატურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. სკოლა ვერ შეძლებდა ხარვეზების გამოსწორებას სურვილის შემთხვევაშიც, რადგან ავტორიზაციის გაუქმების პროცესი დაემთხვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას. აქვე განვმარტავთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს არა ერთი სკოლისთვის მინიჭებული ან გაგრძელებული აქვს ავტორიზაცია, მსგავსი და კიდევ უფრო პრობლემატური ხარვეზების პირობებში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლალიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერება მიგვაჩნია 2017 წლიდან დაწყებული პროცესის გაგრძელება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შაჰინის სკოლა ლიცეუმსა და დემირელის კოლეჯს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ პირველკურსელთა მიღება შეუზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პოლიტიკურ ზეწოლად“– აღნიშნულია განცხადებაში.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია მიიჩნევენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება ხარისხის განვითარებად, „ის რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის ამოქმედება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი“,  სკოლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის განათლების სფეროში ინვესტირებისა და კერძო სექტორის წახალისებისა და განვითარების პროცესს, ისევე, როგორც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს სერიოზულ ჩრდილს აყენებს და შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებული საკითხი სცდება ერთი კონკრეტული სკოლისა და განათლების სფეროს და წარმოადგენს სახელმწიფოებრივ და დემოკრატიული განვითარების საკითხს.

„შაჰინისა და დემირელის სკოლებთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ამჟამად კი შოთა რუსთაველი სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციასთან დაკაშირებულმა საკითხებმა შექმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოები არ წარმოადგენენ განათლების ხარისხზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, არამედ ქმნიან სახელმწიფოს ხელში სადამსჯელო ინსტრუმენტს. შესაბამისად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ამოცანად გვესახება ამ სადამსჯელო ინსტიტუციის შეცვლა და მისი ჩანაცვლება განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტით.

საქართველოს მოქალაქეების ხარისხიანი განათლება, არჩევანის თავისუფლება, დემოკრატიული ინტიტუტების შექმნა და განვითარება ჩვენთვის უმაღლესი ღორებულება და მიზანია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოების ფართო სპექტრს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში და, ამავე დროს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც რუსთავში მოქმედებდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესმა საბჭომ ავტორიზაცია 15 მაისს შეუჩერა. ლიცეუმი 227 მოსწავლით ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

ვრცლად ამ თემაზე: 

საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

დააკავეს დედა, რომელმაც პარკში გახვეული ახალშობილი ქუჩაში დატოვა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, პოლიციამ სიღნაღში 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას, კახეთის ერთ-ერთ სოფელში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი  გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

სამინისტროს ცნობით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხულოს სოფელ წაბლანაში 19 აპრილს დაღუპულთა მემორიალს განაახლებენ

სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის მოწყობის სამუშაოებზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. მემორიალისთვის 78 420 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

პროექტით დაგეგმილია არსებული მემორიალის რეაბილიტაცია. ადგილს შემოღობავენ აგურის ღობით, მოაწყობენ სკვერს, ბილიკებს, განათებას, დაამონტაჟებენ სკამებს, დადგამენ ნაგვის ურნებს.

ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მთლიანად შეიცვლება არსებული მემორიალის დიზაინი.

1989 წლის 19 აპრილს აჭარის მაღალმთიან სოფელ წაბლანაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი.

სკვერის გეგმა მემორიალის პროექტიდან
ესკიზები მემორიალის პროექტიდან

პირბადის ტარების წესი, რომლის დარღვევისთვის უკვე დაგაჯარიმებენ

საქართველოს მთავრობამ „პირბადის ტარების  წესი“ გუშინ, 15 ივნისს, დაამტკიცა, რომელიც იმავე დღეს შევიდა ძალაში. ამ წესით განსაზღვრულია, თუ სად არის აუცილებელი პირბადის გამოყენება. ასევე განსაზღვრულია გამონაკლისი, თუ ვის აქვს უფლება, არ ატაროს პირბადე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 12 ივნისს შესული ცვლილების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი – 500 ლარით.

ვინაიდან ამ დრომდე არ იყო დამტკიცებული პირბადის ტარების წესი, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის თუ დახურულ საჯარო სივრცეში ყოფნისთვის, ფაქტობრივად, არავის აჯარიმებდნენ.

მთავრობის 15 ივნისის დადგენილებით კი, პირბადის ტარების წესის შესრულებაზე „კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს“.

ექნება თუ არა ბათუმში მოქალაქეების პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმების უფლება მუნიციპალურ ინსპექციას, რომელიც ამ კუთხით მონიტორინგს ისედაც ახორციელებს? – მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შესაბამისი იურიდიული პროცედურები.

პირბადის გამოყენება აუცილებელია:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში;
  • შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში;
  • სავაჭრო ობიექტებში;
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში), მატარებელით, ავტობუსით, მიკროვატობუსით და ტაქსით გადაადგილებისას.

პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:

  •  6 წლამდე ასაკის ბავშვს;
  • თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;
  • პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს);
  • პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;
  • მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას;
  • პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია.
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას.

[toggle title=”პირბადის ტარების წესი სრულად ნახეთ აქ:“]

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროპოლიტენით) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. პირბადე და მისი გამოყენების წესები

1. პირბადე წარმოადგენს რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფ საშუალებას, რომელიც ახდენს სასუნთქ სისტემაში წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრის პრევენციას. პირბადე შესაძლოა იყოს სამედიცინო ან არასამედიცინო.

2. სამედიცინო პირბადე განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პერსონალისთვის. ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პირბადის საწყისი ფილტრაციის მაჩვენებელია წვეთოვანი ნაწილაკების არანაკლებ 95%-ის შეკავების უნარი. სამედიცინო პირბადე შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ა) სითხეებისადმი რეზისტენტული ქსოვილი (რომელიც ეფექტურია მტვრისა და სხვა მიკრონაწილაკების შესაკავებლად);

ბ) რეგულირებადი ცხვირის ფირფიტა (რომელიც საჭიროა ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად);

გ) ფილტრის შრე;

დ) კანთან საკონტაქტო ფენა;

ე) ყურის ელასტიკური მარყუჟები.

3. არასამედიცინო პირბადეს წარმოადგენს სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული ნიღბები. მსგავსი პირბადის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინფექციის წყაროს კონტროლისათვის (ანუ დაავადებული ადამიანისგან ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით) და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც თავდაცვის საშუალება საყოფაცხოვრებო პირობებში.

4. არასამედიცინო პირბადის მახასიათებლებია:

ა) პირბადის ქსოვილი: სხვადასხვა ქსოვილის პირბადის ფილტრაციის ეფექტურობა მერყეობს 0,6%-დან 70%-მდე. მასალა არ უნდა იყოს წელვადი;

ბ) შრეების რაოდენობა: რეკომენდებულია პირბადეს ჰქონდეს არანაკლებ სამი შრისა ფილტრაციის უნარის გასაზრდელად. შიდა შრე უნდა იყოს ჰიდროფილური და უზრუნველყოფდეს გამოყოფილი ნაწილაკების შეჩერებას, ხოლო გარე შრე – ჰიდროფობური, რათა მოახდინოს მის ზედაპირზე მოხვედრილი ნაწილაკების შეკავება;

გ) პირბადის ფორმა: პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე.

5. პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ხელის ჰიგიენის დაცვა.

6. დაუშვებელია ერთი პირბადის ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენება.

მუხლი 3. პირბადის გამოყენების აუცილებლობა

1. პირბადის გამოყენება აუცილებელია:

ა) დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:

ა.ა) საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;

ა.ბ) საერთო სარგებლობის ლიფტებში;

ა.გ) სავაჭრო ობიექტებში;

ა.დ) ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას;

გ) „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.

მუხლი 4. საგამონაკლისო შემთხვევები

1. პირბადის გამოყენება აუცილებელია ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში.

2. ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:

ა) თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;

ბ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს);

გ) 6 წლამდე ასაკის ბავშვს;

დ) პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;

ე) მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას;

ვ) პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.).

4. საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის

ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​11  მუხლის შესაბამისად.

მუხლი 6. დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები

ამ დადგენილების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

[/toggle]

 

ამ თემაზე:

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

 

თურქეთის ქალაქებში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლისთვის დაჯარიმდებით – საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს თურქეთის ქალაქებში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ.

„კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადიამანი, აფიონქარაჰისარი, ამასია, აიდინი, არდაჰანი, ბალიქესირი, ბართინი, ბათმანი, ბოლუ, ბურდური, დენიზლი, დუზჯე, ელაზიღი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, გირესუნი, იღდირი, ისპარტა, ქაჰრამანმარაში, ქარაბუქი, ქირქლარელი, ქოჯაელი, კონია, ქუთაჰია, მალათია, მარდინი, მუღლა, მუში, ნევშეჰირი, ოსმანიე, საქარია, სიირთი, სივასი, შირნაქი, თუნჯელი, უშაქი, ზონგულდაქი, დიარბაქირი, ერზერუმი, ქაისერი, რიზე და შანლიურფა,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში, სადაც, ასევე ვკითხულობთ, რომ პირბადის წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

___________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

ამავე თემაზე: 

უცნობია, როდის განახლდება თურქეთთან მიმოსვლა – ელჩის განცხადება

კაცი თავისი შვილის სახელით FB-ზე დარეგისტრირდა და 12 წლის გოგოს გარყვნილი შინაარსის ტექსტებს სწერდა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით,  ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ. მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – „ფეისბუქისა“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტომასალას უგზავნიდა.

დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ი.ბ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული.

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

უცნობია, როდის განახლდება თურქეთთან მიმოსვლა – ელჩის განცხადება

საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა საელჩოს ფეისბუქგვერდზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აქვეყნებს. ელჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მიმოსვლა საქართველო-თურქეთს შორის.

„იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩემს ინფორმატიულ სტატუსებზე კომენტარის სახით და ასევე, პირადი შეტყობინების საშუალებით, კითხვებით მომმართავს არაერთი ადამიანი (მხოლოდ დღეს, მივიღე მოქალაქეთა რამდენიმე ასეული შეტყობინება), გადავწყვიტე, რომ გაგცეთ კრებსითი პასუხი შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

– ამ ეტაპისთვის, არ არსებობს კონკრეტული თარიღი, თუ როდიდან იქნება შესაძლებელი საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივად მიმოსვლის აღდგენა. აღნიშნული დამოკიდებულია COVID19 პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენების შემდგომ განვითარებაზე;

– რაც შეეხება საქართველოში გამგზავრების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს: როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქეთის ქალაქებს შორის უკვე აღდგა მიმოსვლა და შესაბამისად, საელჩოს მეშვეობით აღარ ხდება ნებართვების მოპოვება საქართველოში გამგზავრების მიზნით. ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ანკარიდან, სტამბოლიდან, იზმირიდან და სხვა ქალაქებიდან სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში შესვლისას, მათთვის კვლავ ძალაში რჩება 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის რეჟიმი;

– რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თურქეთში შემოსვლას (რომელთაც აქვთ ამის დამადასტურებელი ცნობები და ასევე, შესაძლოა, ჰყავდეთ მცირეწლოვანი შვილები), კარგად გვესმის საკითხის მეტად მნიშვნელოვანი და პრობლემატური ხასიათი და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ამ მიმართულებით, ახალი განვითარების თაობაზე გეცნობებათ დამატებით;

– ჩემს პირად FB გვერდზე ინფორმაციების გავრცელების მიზანია ოპერატიულ რეჟიმში თქვენი ინფორმირება,“ – წერს გიორგი ჯანჯღავა.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. საქართველოში სარფის საბაჟოს გავლით დაბრუნება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო საქართველოდან თურქეთში წასვლა შეუძლიათ მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს.

Exit mobile version