მთავარი,სიახლეები

როცა დღეში 12 საათს მუშაობ, კამერა დაგიყენეს და პანდემიის დროს ხელფასს გაკლებენ

19.05.2020 • 2506
როცა დღეში 12 საათს მუშაობ, კამერა დაგიყენეს და პანდემიის დროს ხელფასს გაკლებენ

„მე მაია მქვია, 15 წლის სტაჟი მაქვს, პატარა გოგო აღარ ვარ, რთულია ახლა ჩემთვის ახალი სამსახურის ძებნა, ამიტომაც ვცდილობ გავუძლო. თუმცა „იალჩინში“, სადაც ახლა ვმუშაობ, საშინელი პირობებია. მხოლოდ მე არ მიჭირს, ჩემი თანამშრომლებიც ცუდ დღეში არიან, ხელშეკრულებებს ვერ ვეღირსეთ, არ გვიფორმებენ, რომ ჩვენი უფლებების გათვალისწინება არ მოუწიოთ, რაც შვებულებას, დასვენებას, არასამუშაო საათებში მუშაობას უკავშირდება. ოთახებში კამერები დაგვიყენეს, რომ გვითვალთვალონ, ცოტა ხნის წინ კი გვითხრეს, რომ ხელფასიდან 40 პროცენტი დაგვაკლდება“, – გვიყვება მაია [ სახელი შეცვლილია, რადგან მას ეშინია ამ საუბრის გამო სამსახური არ დაკარგოს].

იმავეს ამბობენ მაიას თანამშრომლებიც, რომლებიც წლებია უკვე „იალჩინმარკეტის“ ქსელში ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ და რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა.

მაიას მონათხრობით, „იალჩინის“ უფროსის, „ბატონი ისმაილის პირობა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე მუშაობაა, შაბათის და სხვა დღესასწაულების ჩათვლით“.

მაია ამბობს, რომ დღეში 12 საათს მუშაობს, დილის  ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე. ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციის ოთახებში კამერებიც დაუმონტაჟებიათ, უფროსი თანამშრომლების მუშაობას დიდ ეკრანზე აკვირდება:

„ავდექი თუ არა, ვინმეს გამოველაპარაკე თუ არა, ამ ყველაფერს აკონტროლებს. 15 წუთით ყავის დასალევად გასვლის უფლება გვაქვს მხოლოდ, მაგრამ სხვებთან ერთად არა – ცალ-ცალკე გავდივართ“.

მაიას თქმით, თანამშრომლებთან გამოლაპარაკებას უკრძალავენ: „ერთ-ერთს ვესაუბრებოდი და უფროსმა ტელეფონზე დამირეკა, რატომ ელაპარაკებოდიო. ვუთხარი, საქმე მქონდა-მეთქი და  გაფრთხილება მომცა, შენ ენა შემომიბრუნეო“.

ბოლო ამბავი, რის გამოც „იალჩინმარკეტის“ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს პრობლემებზე დაფარულად მაინც ისაუბრონ, ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას და ამის გაპროტესტების გამო ერთ-ერთი მენეჯერის – ემზარ ქათამაძის გათავისუფლებას უკავშირდება.

თავად ემზარ ქათამაძემ „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა, თანამშრომლები მას ყოფილ დირექტორად მოიხსენიებენ. თუმცა, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ემზარ ქათამაძე შპს „იალჩინმარკეტის“ დირექტორი არასდროს ყოფილა. ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად, „დირექტორად,“ მხოლოდ ზეპირად გამოუცხადებიათ, წერილობითი ხელშეკრულება არც მასთან ჰქონიათ გაფორმებული.

ემზარ ქათამაძე სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც თანამშრომლებმა ხელი არ მოაწერეს ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს, რომელიც მთავარ მენეჯერს ბრძანების სახით გამოუცია.

„ჯერ გვეგონა, რომ ერთი კვირის ხელფასი უნდა დაეკლოთ და ჩავთვალეთ, რომ მხოლოდ აპრილში დაგვაკლდებოდა ხელფასი, ამიტომაც  დავთანხმდით. ეს რომ გაიგო მთავარმა მენეჯერმა, სამი თვე გააფორმა, რასაც არ დავთანხმდით და არც ხელი მოვაწერეთ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ხელფასი იმდენად მიმცირდება, რომ მუშაობას აზრი აღარ ექნება“, – გვითხრა კიდევ ერთმა თანამშრომელმა.

„იალჩინმარკეტის“ ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, თინას [სახელი შეცვლილია]  თქმით კი, მენეჯერმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კორონავირუსის გამო ყველაფერი გაჩერებულია, მისი თანამშრომლები ვერსად წავლენ და არც თავად აპირებს უკან დახევას.

ბათუმში არსებულ „იალჩინის“ მარკეტების ქსელს კორონავირუსის გამო მუშაობა არ გაუჩერებია, რადგან მარკეტებში საკვები პროდუქტები იყიდება და, შესაბამისად, შეზღუდვები არ შეხებია. მიუხედავად ამისა, „მთავარმა უფროსმა“, როგორც მას თანამშრომლები მოიხსენიებენ, ისმაილ იალჩინმა, ხელფასების შემცირების გადაწყვეტილება მაინც კორონავირუსით ახსნა.

„ბათუმელები“ თანამშრომლების პრეტენზიებთან დაკავშირებით კომპანიის პოზიციის მოსასმენად ისმაილ იალჩინსაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ტელეფონით ვერ დაგველაპარაკება, თუმცა ვერც შეხვედრაზე შევუთანხმდით. ბოლოს მან გვითხრა, რომ მარკეტების ქსელს მისი შვილი კურირებს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, მისი ტელეფონის ნომერი კი არ მოგვაწოდა.

რეესტრის მონაცემებით, შპს „იალჩინმარკეტის“ 100 პროცენტის მფლობელი სელჩუქ იალჩინია. ის საქართველოს მოქალაქეა.

გადაბეჭდვის წესი