მთავარი,სიახლეები

რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ

17.06.2020 •
რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ

რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 7 მილიონით შემცირებული ბიუჯეტით, რამდენი სასტუმრო შეძლებს აჭარაში სტუმრების მიღებას და როგორი იქნება ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში აჭარაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თინათინ ზოიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო თინათინ, ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, გახსნილია, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად იქნება უსაფრთხო დასვენება და როგორ იქნება ეს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ ვიზიტორებისთვის?  

დიახ, შიდა ტურიზმი უკვე ნებადართულია და ადამიანებს შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა. თუმცა ბევრი კითხვა  შემოდის მოქალაქეებისგან სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებით. მაგალითად, კითხულობენ, თუ კერძო ავტომანქანით გადაადგილდებიან, რა წესები უნდა დაიცვან, როგორ უნდა მიხვდნენ სასტუმროს, სადაც გაჩერდებიან, გავლილი აქვს თუ არა შემოწმება და აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტს, კვების ობიექტებში რას უნდა მიაქციონ ყურადღება და ა.შ.

  • დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში სულ რამდენი სასტუმროა რეგისტრირებული და აქედან რამდენმა გაიარა შემომება უსაფრთხოებაზე?

ოფიციალურად 393 სასტუმროა რეგისტრირებული და ბოლო მონაცემებით 31-მდე სასტუმრომ გაიარა შემოწმება კოვიდუსაფრთხოებაზე. როგორც ვიცით, სტანდარტი შემუშავებულია და მონიტორინგს მერიის ზედამხედველობისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ახორციელებს. პროცესი მიმდინარეობს, სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება, ამიტომ, კვირის ბოლომდე იმ სასტუმროების რიცხვი, რომლებიც მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ალბათ კიდევ გაიზრდება.

  • ვიზიტორი როგორ მიიღებს ინფორმაციას ამ სასტუმროების შესახებ, სად განთავსდება ინფორმაცია, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის ყველასთვის?

ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა უსაფრთხო სასტუმროების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის ვებგვერდებზეც. სია იქნება განახლებადი, ასევე, საუბარია იმაზეც, რომ მანიშნებლები განთავსდეს სასტუმროებში და სხვა ტურისტულ ობიექტებზეც.

  • როგორც ვიცით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან, 9 მილიონი ლარიდან, 7 მილიონი ლარი კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში გადაირიცხა. რის გაკეთებას გეგმავთ შემცირებული ბიუჯეტით?  

რა თქმა უნდა, როგორც ბიუჯეტი, ასევე პროგრამების მიზნობრიობაც, შეიცვალა. გამომდინარე იქედან, რომ პანდემიის პირობებში ვეღარ ვაწარმოებდით სარეკლამო კამპანიას საერთაშორისო ბაზარზე,  ეს თანხა – 7 მილიონ 300 ათასი ლარი, მიემართა საკარანტინო ზონების მართვისთვის, თუმცა რაც დაგვრჩა, იმ თანხით გაგრძელდება  ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობა. კერძოდ, ახლა მიმდინარეობს ონლაინპლატფორმის დანერგვა და სპეციალური ვიდეოგაკვეთილების მომზადება ტურისტული სექტორისთვის, ასევე გვექნება ონლაინტრენინგები ახალი სტანდარტების დანერგვაზე და იმაზე, თუ როგორ გაუწიონ უსაფრთხო მომსახურება ტურისტს. ყველა პროგრამა მოვარგეთ ამ კრიტერიუმს.

ამასთან, პანდემიის პირობებშიც არ გაჩერებულა აჭარაში ტურისტული მარშრუტების განვითარება და ამ მიმართულებით მცირე ინფრასტრუქტურულ პროდუქტებსაც ვავითარებთ.

  • ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაცია იგეგმება წელს?

ხულოში, სოფელ უჩხოში, აღმოჩნდა ჩანჩქერები, სადაც ვგეგმავთ კანიონინგის განვითარებას, გაკეთდება კლდიდან წყალში დაშვებისთვის ინფრასტრუქტურა, დაახლოებთ 47 ათასი ლარია ამისთვის გათვალისწინებული, გვაქვს კონსულტაციები საქართველოში კანიონინგის სპეციალისტებთან და ფასების კვლევაც მიმდინარეობს. დაზუსტებული დეტალები ერთ კვირაში გვეცოდინება.

გაკეთდება ხიხანის ციხეზე მისასვლელი გზის პროექტი და შესაძლოა წელსვე მოესწროს პირველი ნაწილის განხორციელებაც. ასევე, გარდამავალი მარშრუტებიც შემუშავდა, რომელიც მალე დაანონსდება და ყველა დეტალს შემდეგ გავახმოვანებთ. როგორც ხულოში, ასევე შუახევში დავასრულეთ  ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის მარშრუტის მარკირება, რომელიც არის ალპური სათავგადასავლო მარშრუტი და უკვე განთავსებულია მანიშნებლებიც და საინფორმაციო დაფებიც ამ მარშრუტზე.

შარშან ხულოსა და ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა ჩავატარეთ, წელს ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლების კვლევაა დაგეგმილი და დავათვალიერებთ ყველა სოფელს.

ქობულეთში ბევრი ახალი მიმართულება გამოჩნდა. მაგალითად, ძალიან კარგი ადგილებია სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის, სოფლის ყველა სახლი შეიძლება ინდივიდუალურად იყოს გამოყენებული საოჯახო სასტუმროსთვის, რადგან აქვთ ციტრუსის, ჩაის პლანტაციები, ახლოს არის დაცულ ტერიტორიებთან და ა.შ.

წელს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი  გვაქვს, ეს არის კინტრიშის ეროვნული პარკიდან გარდამავალი მარშრუტი გომის მთასა და და ჯვარი მინდორზე, რომელიც შუახევშია. მანიშნებლებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და წელსვე დამონტაჟდება.

  • ქალაქთან მიმართებით რა იგეგმება? 

იცით, რომ გიდები განსაკუთრებით დაზარალდნენ პანდემიის გამო, რადგან საერთაშორისო ვიზიტორები შემცირდება, ამიტომ მათივე მოთხოვნით, მათი მხარდაჭერის მიზნით შეიქმნება ქალაქის მზა ტურები, ფოტომასალით და ყველა საჭირო ინფორმაციით.

წელს შევქმნით ბათუმისა და ქობულეთის თემატურ მარშრუტებს, სადაც შესული იქნება  ძველი ბათუმის, ბულვარის, კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული აივნების, დერეფნების შესახებ მონაცემები და ა.შ.

  • რამდენად არის ამაზე მოთხოვნა ტურისტების მხრიდან? როგორც ვიცით, საერთაშორისო ტურისტები მთას უფრო ანიჭებენ უპირატესობას.

წლევანდელი წელი გამოწვევებით არის სავსე და ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო. ჩვენ შევქმნით ამ სახელმძღვანელოს გიდებისთვის, რომელსაც ისინი ყოველთვის გამოიყენებენ.

  • რადგან გიდებზე ვსაუბრობთ და ამბობთ კიდეც, რომ ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის გამო, იყო თუ არა საუბარი იმაზე, რომ მათთვის ფულადი კომპენსაცია თქვენი უწყებიდან გაცემულიყო? როგორც ვიცით, მათ პრობლემა შეექმნათ ამ მხრივ.

იყო ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ გიდების რაოდენობა ვერ დაზუსტდა. მოგვიანებით, როცა ჩატარდა კვლევა, აღმოჩნდა, რომ გიდების 80 პროცენტი სხვა სამსახურში იყო დასაქმებული და ეს შემოსავლები დღესაც აქვთ. ვინც არ მუშაობდა, ეს იყო დაახლოებით 60-70 ადამიანი, ვინც გააკეთა განაცხადი, მიიღო კომპენსაცია.

  • მთავრობის პოლიტიკაა, რომ ძირითადი აქცენტი შიდა ტურიზმის განვითარებაზე გადავიდეს, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში კოვიდპანდემიის გამო მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა, რადგან ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგა, რამდენად შეძლებს ეს მოსახლეობა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენებას ან საერთოდ, დასასვენებლად წასვლას მაღალი ფასების პირობებში?

ფასებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ჩვენც ვიცით და კერძო სექტორმაც, რომ ადგილობრივი ვიზიტორების შემოსავლები საერთაშორისო ვიზიტორებს ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომაც გიდებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და სასტუმროებმაც დაიწყეს შიდა ტურისტებზე მუშაობა და ვფიქრობთ, ყველა კატეგორიის ვიზიტორს ექნება არჩევანის შესაძლებლობა.

  • როდის გვეცოდინება დაზუსტებით, რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ვიზიტორები საქართველოში?

საზღვრების გახსნისას მთავარია იმ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. თავიდან საუბარი იყო ისრაელზე, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, თუმცა ეპიდსიტუაცია გაუარესდა ამ ქვეყანაში და მეზობელ ქვეყნებშიც. მუშაობა მიდის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომელიც არის მწვანე ზონა, პოლონეთი, ჩეხეთი ახალი ბაზარია ჩვენთვის. ძირითადად ის ქვეყნები იქნება პოპულარული, რომლებსაც აქვთ კოვიდის დაბალი სტატისტიკა.

  • ჯერჯერობით მაინც ბუნდოვანია, რა იქნება გადამწყვეტი საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლისას. თერმოსკრინინგის გარდა, როგორ გადამოწმდება, რომ ისინი არ არიან ინფიცირებული?

ტურისტების გაცვლის პროტოკოლი იქნება იმ ქვეყნებთან, ვისთანაც გვექნება გახსნილი საზღვრები. ვიცით, რომ საუბარი იყო კოვიდპასპორტებზე, რომ ვიზიტორს კოვიდ19-ზე ტესტი უნდა ჰქონოდა ჩატარებული შემოსვლამდე 72 საათით ადრე, თუმცა შემდეგ გაჩნდა იმის საფრთხე, რომ შესაძლოა ამ დროის განმავლობაში მას ჰქონდეს ინფიცირებულთან შეხება და გახდეს ვირუსის შემომტანი ქვეყანაში.

ევროკავშირიც ახლა მუშაობს პროტოკოლის შემუშავებაზე და ჩვენც ბევრ ინფორმაციას მოგვცემს ეს, თუმცა მათი გამოცდილება ადაპტირდება ჩვენს რეალობასთან, რომ პროტოკოლი უნდა იყოს შესრულებადი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: