ხარაგაულის საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, თორნიკე ავალიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ მუშაობენ დღეს, 22 ივნისს, ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ყანაში. ავალიშვილი ამბობს, რომ ეს ყანა ხარაგაულის „დასუფთავება-კეთილმოწყობის“ დირექტორის, თეიმურაზ ფურცელაძის ახლობელს ეკუთვნის და მუშები ყანაში დირექტორის დავალებით მუშაობდნენ.
მოკლე ვიდეოჩანაწერში ისმის ხარაგაულის საკრებულოს წევრის, თორნიკე ავალიშვილის კითხვა – „ვინ გამოგიშვათ?“ და პასუხი: „უფროსმა. …თემურია, ვინ არის უფროსი“.
„გახდა ჩემთვის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ და მივედი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ისინი მუშაობდნენ. თვითონვე ამბობენ, თემურმა გამოგვიშვაო. ვიდეოში ისმის, რომ ვეკითხები – ფურცელაძემ? და კიო. სხვა თემურ ფურცელაძე მათი ხელმძღვანელი არ არის. იქვე იყო ორი მანქანა, ერთი გადავიღე, მეორე – ვეღარ, უაზის ტიპის ავტომანქანა იყო, რომლითაც ნახევარი ხალხი ამოიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თორნიკე ავალიშვილმა.
ავალიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის „დასუფთავების“ თანამშრომლები არა უშუალოდ თეიმურაზ ფურცელაძის, არამედ მისი ოჯახის ახლობლის ყანას მარგლავდნენ.
„მე როგორც გავიკითხე, ესენი ახლობლები არიან, რა ნათესაური კავშირი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, რომ ბატონი თემური ხშირად მიბრძანდება მაგ ოჯახში ზაფხულობით, როცა ისინი თბილისიდან ამოდიან“.
ხარაგაულის „დასუფთავების“ უფროსი, თეიმურაზ ფურცელაძე კი ამბობს, რომ ავალიშვილის ბრალდება უსაფუძვლოა. მისი თქმით, დღის ამ მონაკვეთში „დასუფთავების“ ეს თანამშრომლები ისვენებენ და ისინი მისი დავალებით არ მუშაობენ ყანაში.
„მტვირთავები ყოველ დღე, საღამოს ექვს საათამდე ისვენებენ. ნებისმიერ დღეს შეუძლიათ წავიდნენ და ორი კაპიკი ფული იშოვონ, ვერ შევუზღუდავ და არც შევუზღუდავ ამას, მე სამსახურს არ მიცდენენ. ესენი მუშაობენ ექვსიდან ღამის 12 საათამდე, არიან მტვირთავები“, – გვითხრა თეიმურაზ ფურცელაძემ.
კითხვაზე, რატომ იდგა ყანასთან „დასუფთავების“ მანქანა, მან გვიპასუხა, რომ რამდენიმე სოფლიდან გუშინ გამოსატანი იყო ნაგავი და მუშებმა საქმე დღეს დაასრულეს, ამიტომაც დასჭირდათ მანქანა.
იგი არ უარყოფს, რომ ყანა მისი ნაცნობისაა:
„ნაცნობი როგორ არ არის, მაგრამ მე არც არავისთვის არ დამივალებია და ვერც ვერავის ვერ დავავალებ, ვინმეს ყანა გამარგლონ“.
საკრებულოს წევრმა, თორნიკე ავალიშვილმა 2016 წელსაც დაადანაშაულა თეიმურაზ ფურცელაძე იმაში, რომ ის მუშებს საკუთარ ყანაში ამუშავებდა. მასალა ფოტოსთან ერთად ადგილობრივმა გამოცემამ – „ჩემი ხარაგაული“ – გამოაქვეყნა. ფურცელაძე ამბობს, რომ მაშინ ავალიშვილმა ფოტო არა მის, არამედ სხვა ყანაში გადაიღო.
„ეგონა ჩემი ყანა იმარგლებოდა და გადაიღო ვიღაცის ყანა, მეზობლების, ჩხერელების ყანა, რომ მუშაობდნენ. კი არ შერცხვება მაგას, მაგრამ ხომ გეირკვა, რომ არ იყო ჩემი?! სურათიდანაც ჩანს“, – ამბობს თეიმურაზ ფურცელაძე.
„ბათუმელები“ ხარაგაულის მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებას შეეცადა იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა მოკვლევა მერიამ ამ საკითხზე, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ნიუ იორკში ამერიკის პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ძეგლის დემონტაჟს გეგმავენ, რომელიც ამერიკის ისტორიის მუზეუმის შესასვლელში დგას. ქალაქის მერიამ გადაწყვეტილება ანტირასისტული დემონსტრაციების ფონზე მიიღო. ინფორმაციას გამოცემა The New York Times ავრცელებს. ტრამპი ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ ტვიტერზე „სისულელეს“ უწოდებს.
რუზველტი ამერიკის 26-ე პრეზიდენტი იყო 1901-1909 წლებში. მუზეუმის წარმომადგენლების განმარტებით, ძეგლის დემონტაჟი გადაწყდა არა კონკრეტულად რუზველტის პიროვნების გამო, პრობლემას ქმნის ინდიელისა და აფრიკელის ფიგურები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულ რუზველტს ფეხით მიჰყვებიან.
ძეგლების დემონტაჟი და ჩამოგდება ამერიკასა და სხვა ქვეყნებში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მინეაპოლისში მკვლელობის შემდეგ განახლდა. დემონსტრანტებმა რასიზმში დადანაშაულებული რამდენიმე ისტორიული ფიგურის ძეგლი ჩამოაგდეს, რომლებმაც XIX საუკუნის სამოქალაქო ომის დროს გააერთიანეს სამხრეთის მონათმფლობელი შტატები.
აშშ-ში მოხსნეს მოგზაურ ქრისტეფორე კოლუმბის და აშშ-ს პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლებიც. დიდ ბრიტანეთში ანტირასისტული აქციების ფონზე ჩამოაგდეს ასევე მონათმფლობელის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი.
მთავარ ფოტოზე: თეოდორ რუზველტის ძეგლი ნიუ იორკში/ფოტო: The New York Times
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელიც განკუთვნილია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII-VIII კლასებისთვის.
გრიფირებული სახელმძღვანელოების სიაშია ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, რომლის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელია. სხვა ავტორებით გრიფირებული წიგნი სიაში არ გვხვდება.
ძიუდოისტი შოთა ხაბარელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეცაა.
შოთა ხაბარელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელოზე მხოლოდ თვითონ მუშაობდა და წიგნს თანაავტორები არ ჰყავს.
შოთა ხაბარელის სახელმძღვანელო გრიფირებული წიგნების სიაში
პარლამენტარს ვკითხეთ, თუ რაზე გააკეთა სახელმძღვანელოში აქცენტი, რამდენი ხანი იმუშავა ამ სახელმძღვანელოზე და კიდევ სხვა კითხვების დასმასაც ვაპირებდით, თუმცა თქვა, რომ სხდომაზეა და მოგვიანებით დავუკავშირდეთ.
დეპუტატმა გვითხრა, რომ სპორტის მასწავლებლისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოზე დაახლოებით წელიწად-ნახევარი იმუშავა.
იმ შემთხვევაში, თუკი სკოლა პარლამენტარის ავტორობით დაწერილ სახელმძღვანელოს აირჩევს, შოთა ხაბარელს სახელმწიფო საავტორო ჰონორართან ერთად, სახელმძღვანელოს ბეჭდვის ფულსაც გადაუხდის, რადგან წიგნის დაბეჭდვაზეც თავად არის პაუხისმგებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტარი შოთა ხაბარელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორმაგ შემოსავალს მიიღებს.
„ის, რომ სახელმძღვანელოს ავტორიც ხაბარელია და გამომცემლობაც მისია, იმას აჩვენებს, რომ არ დაუკავშირდა იმათ, ვინც იცის როგორ კეთდება სახელმძღვანელო – თვითონ შექმნა გამომცემლობა და იმით შეიტანა გრიფირებაზე. ასეთ რამეს ადამიანი იმ შემთხვევაში აკეთებს, როცა არ უნდა გაუყოს ფული სხვას. მეორეს მხრივ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ძიუდოისტმა უნდა იცოდეს ილუსტრაციებზე საავტორო უფლებები როგორ აიღოს, რედაქტირება, დაკაბადონება როგორ უნდა და ა.შ. ანუ თვითონ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია, რომელიც მიიჩნევს, რომ გრიფირებაში პარლამენტის წევრების გამოჩენა კორუფციის რისკებს აჩენს.
წელიწად-ნახევრის წინ, როცა ხაბარელმა სახელმძღვანელოზე მუშაობა დაიწყო, გრიფირება არც კი იყო გამოცხადებული.
„შესაძლოა ევარაუდა, რომ გამოაცხადებდნენ გრიფირებას, მაგრამ აქ სხვა რამეა უფრო პრობლემური, როცა 2004 წელს მე დავიწყე მუშაობა განათლების სამინისტროში, ისეთი სახელმძღვანელოებიც კი იყო გრიფირებაში, ფიზიკურად რომ არ არსებობდა. სამინისტროს ეს სახელმძღვანელოები დარიგებულიც ჰქონდა ქაღალდზე და ნაყიდიც.
პარლამენტარების ჩართულობა ამ პროცესში ქმნის კორუფციის გარკვეულ საფრთხეს. ეს ადამიანი მთელი წელი დადიოდა და იძახდა, რომ ფიზკულტურა სწორად ისწავლება სკოლებში და უცებ, სამინისტრო ამტკიცებს მის წიგნს. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა 2004 წლამდე, როცა ვიღაც ვასიკო მაღლაფერიძე, ელენე თევდორაძე, გრიგალაშვილი და ასეთი ხალხი პარლამენტიდან რეკავდნენ და ამბობდნენ -„ეს წიგნი რატომ არ გავიდა, ის წიგნი რატომ არ გავიდა. თავიანთ წიგნებს ამტკიცებინებდნენ და შემდეგ სამინისტრო აძალებდა სკოლებს, რომ ეს წიგნები აერჩიათ და არა სხვა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც სამინისტრო ფულს გადაუხდის პარლამენტარს, როგორც წიგნის ავტორს და „სახელმწიფო ფული წავა პარლამენტარის ჯიბეში. მიჩვეულები იყვნენ მაშინაც და ახლაც არიან შემჩნეულები, გვახსოვს ალბათ როცა ქუმსიშვილის სტამბას უკვეთავდა სახელმწიფო სახელმძღვანელოების ბეჭდვას ტენდერის გარეშე“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
ის გრიფირებაში სხვა პრობლემაზეც საუბრობს. მისი თქმით, თავის დროზე გრიფირებაში არსებობდა შეზღუდვა, რომ განათლების სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლებს უფლება არ ჰქონდათ სახელმძღვანელოების ავტორები ყოფილიყვნენ, „ახლა, როგორც ვხვდები, აღარაა ეს შეზღუდვა, რადგან ვიღაცეები არიან აშკარად“.
განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დღეს, როცა პანდემიის პირობებში ბევრი გამოწვევა გაჩნდა დისტანციური სწავლების პროცესში, სამინისტროს აქცენტი ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზე უნდა გადაეტანა და არა ბეჭდურზე.
„იმისთვის, რომ იყოს სისტემა მზად სკოლების დაკეტვისთვის, სამინისტრომ ტენდერი უნდა გამოაცხადოს ელექტრონულ მასალებზე ან კონკურსები გამართოს, რომ ბევრი ელექტრონული რესურსი შეიქმნას. ამის მაგივრად აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.
შეიძლება სექტემბერში სწავლა განახლდეს, მაგრამ ასევე შეიძლება ნებისმიერ დროს დაიკეტოს სკოლები. თანაც, ბავშვებს ისედაც აღარ აინტერესებთ ბეჭდური სახელმძღვანელოები და ისეთ მასალებთან ურთიერთობა მოსწონთ, სადაც მეტი ინტერაქციაა. მგონია, რომ მე-19 საუკუნის ტექნოლოგიების გრიფირებას ახდენენ 21-ე საუკუნეში“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე განათლების სამინისტროს ჯერ ტენდერი არ აქვს გამოცხადებული, თუმცა, როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, გრიფირებული წიგნები სკოლებში სექტემბერში უნდა შევიდეს.
სამინისტროს ამ დროისთვის უკვე აქვს გამოცხადებული ტენდერი 8 მილიონ 750 ათასი ლარის I-VI კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს ბეჭდვაზე, სადაც ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სახელმძღვანელოცაა შესული. სამინისტროში ვერ გვეუბნებიან, ვინ არიან სახელმძღვანელოების ავტორები. აღნიშნული ტენდერის მიხედვით, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სახელმძღვანელოს ზღვრული ერთეული ღირებულება 10.22 ლარი და 17.96 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ შოთა ხაბარელის სახელმძღვანელოს საწყისი ფასიც იგივე შეიძლება იყოს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ტირაჟით დაიბეჭდება პარლამენტარის ავტორობით დაწერილი სპორტის სახელმძღვანელო.
ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის ვადა სკოლებს 5 ივლისის ჩათვლით მიეცათ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის ახალი სასწავლო წლისთვის, გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეარჩიეს შემდეგ საგნებში: გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).
სამინისტროს განმარტებით, იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შესულა, ან ვერ შეარჩიეს, გრიფირება IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად, მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.
ამ ეტაპისთვის გრიფირება გაიარა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებმა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები. რეგისტრაციის III ეტაპზე მისაღები კონტინგენტის ოდენობა დაახლოებით 80 საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხაშურის საჯარო სკოლებში.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე – catalog.edu.ge.
დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია კი შესაძლებელი იქნება 23 ივნისის 12:00 საათიდან, სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით.
„საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას. ამის მიუხედავად, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა მისაღები ლიმიტი.
აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა გაითვალისწინეს მოქალაქეების მოთხოვნა და სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაზარდეს მისაღები ადგილების რაოდენობა. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს 23-დან 25 ივნისის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, დაარეგისტრირონ პირველკლასელები დამატებულ თავისუფალ ადგილებზე,“ – წერს განათლების სამინისტრო.
მე-3 ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 5 ივლისი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალთან მდებარე საზოგადოებრივ კვების ობიექტებს ამოწმებს. ამ ეტაპისთვის იმერეთის რეგიონში ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტი შეამოწმეს, მათგან 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22 ობიექტი.
“ეს გეგმიური შემოწმებაა, მაგრამ თუ შემოვიდა ინფორმაცია დარღვევის შესახებ, ხორციელდება არაგეგმიური შემოწმება,” – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს ნიტრატებზე, რომელთა ნიმუშებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და აგრარული ბაზრებიდან იღებენ.
სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გასცემენ რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვისცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია).
აღნიშნული გზით, 2018-2020 წლებში, 82 ფიქტიური სალომბარდე სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.
გამოძიების პროცესში დაყადაღდა ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 220-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
—
„ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ორი პირის დაკავება ბანკის ოზურგეთის ფილიალში მოხდარ ფაქტს უკავშირდება:
ოზურგეთში გაასამართლეს კაცი, რომელმაც შვილს ბათუმიდან ოზურგეთში ჩასვლა აიძულა. მას პროკურატურა ასევე ედავებოდა შვილზე ფიზიკურ ძალადობას. ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გ.ი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ოჯახში ძალადობისთვის. წინა შემთხვევაში დაზარალებული მსჯავრდებულის ცოლი იყო.
განაჩენის მიხედვით, გ.ი. სოციალური ქსელით დაუკავშირდა ბათუმში მყოფ არასრულწლოვან შვილს. „სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სთხოვდა ბათუმიდან ჩასულიყო ოზურგეთში, რის გამოც მ.-მ საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულების შედეგად, იმავე დღეს მ. ბათუმიდან ოზურგეთში ჩავიდა მამასთან შესახვედრად…“ – აღნიშნულია განაჩენში.
დაზარალებულის თქმით, მას მამა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჯერ ეჩხუბა და შემდეგ სახეში ხელი გაარტყა.
ბრალდებული სრულად დაეთანხმა ამ საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გ.ი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ იყო გასამართლებული და „დროის მოკლე პერიოდში კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული“. ბათუმის სასამართლომ მას სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა 95 საათით.
ოზურგეთის სასამართლოში მოსამართლე მარინა კიკნაძემ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. წელს, როგორც მოსალოდნელია, ძირითადი მიმართულება შიდა ტურიზმი იქნება. საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებას როცა გეგმავ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ უფლისციხეც კი არ გინახავს, მიუხედავად იმისა, რომ გორის გზატკეცილიდან 15 წუთის სავალზეა ან ოკაცეს კანიონიდანაც არ გადმოგიხედავს.
ჩვეულებრივი ამბავია. ბევრი ჩვენგანი არ ყოფილა სადღაც, ძალიან ცნობილ ადგილას, სადაც ყველა დანარჩენი თითქოს ნამყოფია. ამის მოგვარება მარტივად შეიძლება.
შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ, რა იცით საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.
მინდია ლავასოღლის ახლობლებმა და მეგობრებმა ბათუმში შიმშილობა და საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. ისინი პირველი ივნისიდან დღემდე თურქეთის საკონსულოსთან იკრიბებოდნენ და მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვდნენ. აქვე გაშლილი იყო კარვებიც. როგორც თავად აცხადებდნენ, 15 ადამიანი შიმშილობდა, მათ შორის, ოთხს პირი ჰქონდა ამოკერილი.
მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა გასამართლებული და 2018 წლის ბოლოდან იგი თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა.
„თურქეთში უკვე აღარაა მინდია, შესაბამისად, ჩვენ ეს აქციები შევწყვიტეთ… ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ბელორუსიაში. შესაძლოა, ეს აქციები ისევ განახლდეს, ჯერ არ ვიცით, სად და რა ფორმით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მაია მელიქიძე. მისივე თქმით, სტაბილურია იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც შიმშილობდნენ და მათ გადასხმები უტარდებათ.
20 ივნისის ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი თურქეთიდან ბელორუსიაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ თქვა, რომელიც ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციების ერთ-ერთი სპიკერია. საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი, გუშინ, 21 ივნისს, განაცხადეს, რომ ლავასოღლის ბელორუსიაში ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ბათუმში 6 ადგილას ფასიანი პარკირება მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 312 021 ლარია.
ტენდერის პირობის მიხედვით, „მართვისა და კონტროლის, უსაფრთხოების და სასიგნალო მოწყობილობები ავტოსადგომებისთვის – თანმდევი მომსახურება, მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება/მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში“.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 27 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.
ფასიანი პარკირების ადგილი ბათუმში, როგორც „ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, დღეს მხოლოდ თბილისის მოედანზეა მოწყობილი. აქ 1 საათით ავტომანქანის გაჩერება 1 ლარი ღირს. „ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ვტომანქანის გაჩერების ტარიფი ახალ ადგილრბზეს იგივე იქნება – 1 საათით 1 ლარი.
ფასიანი პარკირება ბათუმში მოეწყობა შემდეგ ადგილებზე:
[checklist]
ბაქოს ქუჩაზე – კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ [ამ ადგილზე დღეს ქობულეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები დგას. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ვინაიდან აქ ტრანსპორტის გაჩერება ფასიანი იქნება, შესაბამისად, დარჩება თუ არა ქობულეთის მიკროავტობუსები ამ ადგილზე, მოლაპარაკების საგანიც შეიძლება იყოს]
რუსთაველის ქუჩაზე – საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ
თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [ახალ სკვერთან მოწყობილი ავტოპარკინგის ადგილზე]
ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [ასევე ახალ სკვერთან მოწყობილი პარკინგი];
ესენინის ქუჩაზე – „პლაზას“ მიმდებარედ [ეს არის წერეთლის ქუჩის მხრიდან „პლაზას“ მარჯვნივ მდებარე ტერიტორია]
[/checklist]
ამ ადგილებზე პარკირება ისედაც მოწყობილია, თუმცა „ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფასიანი პარკირების მოწყობის მიზანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება და პარალელურად, ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდაა. ეს ადგილები კი, სადაც ფასიანი პარკირებები მოეწყობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
—
ბათუმში პარკირება, ზოგადად, ფასიანია. პარკირების გადასახადი კი არის:
1 დღე – 10 ლარი; 7 დღე – 20 ლარი; 30 დღე – 30 ლარი; 182 დღე – 45 ლარი; 365 დღე – 60 ლარი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა გაიზარდა 20 აგვისტოს ჩათვლით.
„ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს“.
ასევე, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დოკუმენტების, ცნობის აღიარების შემდეგ, აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარადგინოს.
„ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით“.
ამავე წყაროს ცნობით, 2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 347 ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია.
დღეს, 22 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 18 257 პირს.
22 ივნისს არსებული მონაცემების თანახმად, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1055 პირი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივნისის 21 საათიდან 23 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ,
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 17 -22 გრადუსი
ღამით: 10-15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 23 გრადუსია.
მომდევნო 2 დღეს, 24-25 ივნისს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ახალ, ინოვაციურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება რეგიონის საჯარო სკოლების საბიბლიოთეკო სივრცის მოწყობა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში მიმზიდველი და ფუნქციური სამკითხველო სივრცეების შექმნა, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეეძლებათ საბიბლიოთეკო სერვისებით სარგებლობასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზება.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თხილნარის N1 საჯარო სკოლა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება.
ევექსი კლინიკების ქედის ჰოსპიტალში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი.
ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი.
კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმი ჩივილების შესაბამისად უსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეო ზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს ქედის ჰოსპიტალი.
ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში გარკვევაში, სწორი კითხვების დასმასა და დიაგნოზის საფუძვლიანად გაგებაში დაეხმარება.
ონლაინ კონსულტაცია შესაძლებელია შემდეგი პროფილის სპეციალისტებთან:
[checklist]
ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
კარდიოლოგის კონსულტაცია
ნევროლოგის კონსულტაცია
ოფთალმოლოგის კონსულტაცია
გინეკოლოგის კონსულტაცია
ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია
ალერგოლოგის კონსულტაცია
გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
დერმატოლოგის კონსულტაცია
რევმატოლოგის კონსულტაცია
[/checklist]
პირველი 7 კონსულტაცია უფასოდ ეკუთვნით მათ, ვისაც აქვს სახელმწიფო დაზღვევა!
სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის მომსახურებით სარგებლობისათვის უნდა მიმართოთ ევექსი კლინიკების ქედის ჰოსპიტალს, მის. დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14. დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 032 255 05 05.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 11 – კმ 25, კმ 34 – კმ 40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 21 – კმ 25 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა, მეკლდეურების მეშვეობით.
დეპარტამენტის განცხადებით, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20- წუთიანი ინტერვალებით.
მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ან/და შს სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია მინდია ლავასოღლის ბელორუსის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ.
მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან ბათუმში აქციება იმართებოდა. გუშინ, 20 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინდია ლავასოღლი თურქეთიდან ბელორუსიაში გადაიყვანეს.
„2018 წლის 8 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე.
მოცემული თარიღიდან დღემდე საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქეთის მხრიდან არ მიუღია ინფორმაცია მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის დაკმაყოფილების, მასზე უარის ან ძებნილის მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურა არ ფლობს ინფორმაციას მინდია ლავასოღლის ბელორუსის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე,“ – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 378 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
დღეს ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 29 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 17 910 პირს.
დღეს არსებული მონაცემების თანახმად, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1142 პირი.
ბრაზილიაში 1 მილიონს გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდგინეს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია Covid19-ით ინფიცირების 1 032 913 შემთხვევა. მათგან ნახევარ მილიონზე მეტი, 576 779 ადამიანი უკვე განიკურნა, 49 976 კი – გარდაიცვალა.
ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში Covid19-ის გავრცელების მასშტაბით, აშშ-ის შემდეგ.
კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც: პერუში [ინფიცირებულია 251 338 პირი], ჩილეში [დადასტურებულია ინფიცირების 236,748 შემთხვევა] და მექსიკაში [ 175 202 შემთხვევა].
სულ მსოფლიოში დადასტურებულია Covid19-ის 8 802 328 შემთხვევა. პანდემიის შედეგად მსოფლიოში გარდაიცვალა 464 620 ადამიანი, განიკურნა – 4 372 440.
_______________________
ფოტოზე: ბრაზილიაში, ვილა ფორმოზას დიდ სასაფლაოზე ახალ საფლავებს თხრიან კორონავირუსით გარდაცვლილთათვის. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Sebastiao Moreira
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 7 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ინფიცირების ყველაზე მეტი, 549 შემთხვევა, მოსკოვის მხარეში გამოვლინდა.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში სულ 584 680 პირს დაუდასტურდა Covid19. მათგან გამოჯანმრთელდა 339 711 ადამიანი, გარდაიცვალა – 7 992.
რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.
__________________
ფოტო: ევროპის პრესსფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV
გერმანიის პატარა ქალაქის, კირჰაიმბოლანდენის ქალაქის საბჭოს 101 წლის დეპუტატმა, ლიზელ ჰაიზემ მანდატი დატოვა. იგი ყველაზე ხანდაზმული დეპუტატი იყო გერმანიაში.
ლიზელ ჰაიზე ყოფილი მასწავლებელია, რომელმაც შარშან, 2019 წლის გაზაფხულზე, 100 წლის ასაკში გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებზე და გახდა გერმანიის ყველაზე ხანდაზმული დეპუტატი.
ლიზელმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა ქალაქში აუზის გასახსნელად, რომელიც უკვე წლებია დახურული იყო. იგი ამბობდა, რომ მისთვის აუზი ახალგაზრდობის ელექსირი იყო. კირჰაიმბოლანდენი პატარა ქალაქია და ლიზელის ასარჩევად 900-მდე ხმა იყო საჭირო. მან 911 ხმა დააგროვა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია არა წარმატება, არამედ სწორი საქციელი“ – განაცხადა ლიზელ ჰაიზემ, როცა ის დეპუტატად აირჩიეს.
101 წლის დეპუტატმა მანდატი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა. ყველაზე ხანდაზმული დეპუტატი ქალაქის საბჭოდან გულთბილად გააცილეს. ქალაქის ბურგომისტრმა განაცხადა, რომ ლიზელ ჰაიზე არის მაგალითი ყველა ხანდაზმულისთვის და მან უფროსი ასაკის ადამიანებს ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
20 ივნისს, ღამით, ავტოავარია მოხდა ბათუმში. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მინდია ლავასოღლი თურქეთიდან ბელორუსიაში გადაიყვანეს. ამას ორგანიზაციის “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომელიც ლავასოღლის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სპიკერია.
მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან ბათუმში აქციება იმართება. ამ დრომდე შიმშილობს 15 ადამიანი.
“მიზანი მიღწეულია ნაწილობრივ. მინდია გორაძის ექსტრადირება მოხერხდა. წუხელ გვიან ის გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში, რის შემდეგ მან დატოვა საპატიმრო და თურქეთის ტერიტორია. დანარჩენ დეტალებზე ორშაბათს ….”- წერს ფეისბუქში თამაზ ბაკურიძე.
ლავასოღლის ბელორუსიაში გადაყვანის შესახებ კომენტარს ლავასოღლის და – ირინა გორაძე არ აკეთებს.
“ბათუმელები” ამ დრომდე ვერ დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას.
“მე ვენდობი თამაზ ბაკურიძეს, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- აღნიშნა ლექსო კობაიძემ, იგი მინდია ლავასოღლის ადვოკატია.
“ბათუმელებთან” თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ იგი ბელორუს უფლებადამცველებს დღეს, მას შემდეგ, დაუკავშირდა, როცა გაიგო, რომ ლავასოღლის თურქმა ადვოკატმა ოჯახს ექსტრადირების შესახებ აცნობა.
“…მინდიას უნდა აერჩია მესამე ქვეყანა მოკლე დროში, ყველაზე ადრე ფრენა დანიშნული იყო ბელორუსიის მიმართულებით, ამიტომაც არჩევანი მან ამ ქვეყანაზე გააკეთა. მინდიას უთხრეს, რომ ის საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა. დღეს დილით ჩავიდა ბელორუსიაში,”- გვითხრა თამაზ ბაკურიძემ. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მინდია ლავასოღლი საემიგრაციო პატიმრობაშია და ჯერ უცნობია შემდეგი პროცედურები.
“უცნობია, გაგრძელდება თუ არა აქციები ბათუმში, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას,”- დასძინა თამაზ ბაკურიძემ.
კარანტინისა და ფიზიკური დისტანცირების შემდეგ პლაჟების, ტბებისა და მდინარეების მონახულება, ცხადია, ძალიან მიმზიდველი აქტივობაა, მაგრამ ფაქტია – COVID19-თან მიმართებაში წყლის უსაფრთხოებაზე ზუსტი ცნობების არ არსებობა, რაც ცოტათი ყველას გვაშინებს. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზღვის წყალი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს COVID19-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის გადადების თვალსაზრისით.
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებენ. “აპრილის თვეში, პანდემიის გამო, ვერ გავედით ზღვის წყლის ხარისხის შესამოწმებლად. მაისის თვეში გვქონდა ერთი გასვლა, ავიღეთ სინჯები ყველა მაჩვენებლებზე, პასუხები მიღებულია. ივნისის თვეში ორი გასვლა გვქონდა, აქედან მეორე კვლევის შედეგები ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ბოლო შედეგებით ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია”, – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე.
ფრანგული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ifremer წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგებით, რომლის ფარგლებშიც ზღვის წყალი და მოლუსკები შეამოწმეს, აღებულ სინჯებში SARS-CoV-2-ის ნიშნები არ დადასტურდა.
ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ წელს ყველაზე კარგი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვის, არის მწვანე კონცხზე, კვარიათსა და მახინჯაურში – “საშუალოზე ცოტა უკეთესი შედეგები ფიქსირდება ბათუმის ცენტრალურ პლაჟსა და ქობულეთში. ბარცხანის პლაჟზე საშუალო მაჩვენებელია. საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება არსად”, – ამბობს ის.
ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების მაჩვენებლის ნორმა ზღვის წყლის 1 ლიტრში არის 10 000, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების ნორმა კი ლიტრში 5000-ია.
ასე გამოიყურება მაჩვენებლები აჭარის სანაპიროს 8 წერტილიდან:
ქობულეთსა და ბუკნარში 620 / 230;
მახინჯაურში 2400/230;
ბარცხანა და ბათუმის ცენტრალური პლაჟი 620/230;
აკვაპარკის ტერიტორიაზე 2400/600;
კვარიათი და გონიო 230/60;
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის CDC-ს რეკომენდაციით, სანაპიროზე არ უნდა დაგავიწყდეთ მინიმუმ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა უცხო ადამიანებისგან.
ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო სინჯებს თვის ბოლომდე კიდევ აიღებს.
გასული წლის 20 ივნისის მოვლენებს ბათუმშიც აქციით გამოეხმაურნენ. ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას.
დღეს აქციის მონაწილეები გამოვიდნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ასევე დაგმეს გასული წლის 20 ივნისს ხელისუფლების მიერ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევა.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე
2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ სპონტანური საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მართლმადიდებელ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ამ ასამბლეის სესიასსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა.
მრავალათასიანი აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. დაზიანდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, რამდენიმემ კი – მხედველობა.
დღეს აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
_______
მოკლედ – რა მოხდა 2019 წლის 19-20 ივნისს
გასული წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
20 ივნისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი.
ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის იმავე დღეებში ამბობდა, რომ დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი დატოვა. აქციები რამდენიმე თვის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი არჩილ კონცელიძე, რომელიც ბათუმის მერიის სტრუქტურაში პოლიციიდან მოვიდა, ამბობს, რომ მოახერხებს ბათუმში უკანონო აშენება, მიშენება, დაშენება გააკონტროლოს. ერთი მხრივ, მას აქვს ამბიცია, რომ ქალაქში ინსპექციის გავლენები გაიზარდოს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ უკანონო მშენებლობა შეიძლება კანონიერად იქცეს: ყოფილი პოლიციელის კონტროლის პირობებში მოახერხებს თუ ვერა გავლენიანი პირი ქალაქში უკანონო 8 სართულის აშენებას, რაც ბათუმში უკვე ორჯერ დაფიქსირდა? – ამ და სხვა კითხვებზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
ბატონო არჩილ, დავიწყოთ იმით, თუ როგორ გახდით მუნიციპალური ინსპექციის უფროსი – მერმა შემოგთავაზათ ეს პოზიცია, თქვენ შესთავაზეთ საკუთარი კანდიდატურა, თუ ვინმე სხვისგან მიიღეთ შემოთავაზება?
2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. 2014 წლიდან ხელვაჩაურის რაიონის ურეხის სამმართველოს განყოფილების უფროსის პოზიციაზე ვიყავი. 2019-ის ბოლოს შემომთავაზეს, რომ ქალაქს სჭირდებოდა ჩემი კანდიდატურა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის პოზიციაზე. ქალაქის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო გადმოვედი. თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ სამსახური დიდი იყო და საქმეც შრომატევადი. თუმცა, ჩემი წინა სამსახურიდან გამომდინარე რთულად მისაღწევი მიზნები ჩემთვის უცხო არ არის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ქალაქს ჩვენი კვალი დაეტყობა. დიახ,უშუალოდ მერისგან მივიღე შემოთავაზება.
როგორც პოლიციელი უფრო მეტ დარღვევას ხვდებოდით ყოველდღიურად თუ ახლა, როცა მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობთ?
სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რასთან მექნებოდა საქმე. პოლიციური თვალსაზრისით ინტენსიურად შევხვედრივარ პრობლემებს, თუმცა პოლიციაში სულ სხვა პრობლემებია, მუნიციპალურ ინსპექციაში – სულ სხვა. ზოგადად, პრობლემის სირთულეს მიჩვეული ვარ. ეს პრობლემა იქ 12-წლიანი მუშაობის პერიოდში შესწავლილი მქონდა, აქ კიდევ ნელ-ნელა ვსწავლობ და უკვე ვიცი, რომელ პრობლემას რა მხრივ უნდა ვებრძოლოთ. ყველაზე მთავარი რაც არის, გვერდში მიდგას გუნდი, ჩემი თანამშრომლები და დარწმუნებული ვარ, ერთად ნებისმიერ პრობლემას გადავლახავთ, რაც ჩვენ წინაშე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დადგება.
მერმა თქვა, რომ უნდოდა პოლიციაში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი მოეყვანა ინსპექციაში, რადგან ისინი დარღვევას პირდაპირ დანაშაულად აღიქვამენო. ჩვენ ვიცით, რომ ჩინოვნიკებს და მათთან დაკავშირებულ პირებსაც აქვთ სამშენებლო ბიზნესი. თქვენი მიდგომა ყველას მიმართ ერთგვაროვანი იქნება?
თქვენ ნახეთ ვიდეო, სადაც მე ველაპარაკები მშენებელს, რომ თუ საკუთარი ძალებით არ მოშლის უნებართვო მშენებლობას, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება. შემდეგ დემონტაჟი მოხდა და შენობა ახლა პროექტთან შესაბამისობაშია. ამით იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ნებისმიერ ადამიანთან, მიუხედავად მისი რანგისა, ზუსტად იგივე მიდგომა იქნება – კანონიერი, რა თქმა უნდა.
ანუ არგვექნებაშერჩევითმიდგომის მაგალითები?
ამ ექვსი თვის განმავლობაში გსმენიათ ქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი მაგალითი, თუნდაც ჭორის დონეზე?
მაინტერესებს, მაგალითად, როგორ გადაწყდება შპს „ძმების სახლის“ უკანონოდ აშენებული 2 სართულის საკითხი, გქონდათ რეაგირება და ჩვენ არ ვიცით?
შპს „ძმების სახლის“ მიერ უნებართვოდ დადგმულ 2 სართულთან დაკავშირებით რეაგირება ყველა ეტაპზე გვქონდა. გამოტანილია დადგენილება მშენებლობის იძულებით შეჩერებაზე და მშენებლობა შეჩერებულია. ამის შემდეგ მივმართავთ აღსრულებას და განხორციელდება დემონტაჟი. ოღონდ ეს პროცედურები რა ვადებთან იქნება დაკავშირებული, ვერ გეტყვით.
უკვე შესწავლილი გექნებათ რა პრობლემები ახლავს აღსრულებას. ამ დრომდე მერიაში გვეუბნებოდნენ, რომ რეაგირება ჰქონდათ, მაგრამ შედეგი არ დგება. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ინიციატივა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
მე აღსრულების კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, რაც არ უნდა ინიციატივა ან სურვილი მქონდეს. ეს სულ სხვა სამსახურია… ჩვენ ნებისმიერი კუთხით ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ შედეგი დაგვიდგეს, თუნდაც დროში გაწელილი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ – რას ვაკეთებთ კონკრეტულად? ახლა საუბარს მირჩევნია, რომ გავაკეთებთ, მერე ვისაუბროთ.
ყველაზე რთული რომელია იმ მიმართულებებიდან, რაც თქვენ გაბარიათ და რატომ?
მარტივი არც ერთი არ არის, თუმცა შედარებით რთული სამშენებლო მიმართულებაა. თქვენც ინტერვიუს განმავლობაში მხოლოდ ამაზე მესაუბრებით… თუმცა ჩვენთან იმდენად ძლიერი კადრებითაა დაკომპლექტებული სწორედ ეს მიმართულება, რომ არ გვიჭირს ქალაქის მასშტაბით კონტროლი.
2019 წლის 25 დეკემბერს დაარსდა ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია. ამ პერიოდში დაგვემთხვა ეს ვერაგი პანდემია – დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენი სამსახური მოწყვეტილი იყო თავის ძირითად ვალდებულებებს, გადასული ვიყავით საკოორდინაციო საბჭოს მითითებების შესრულებაზე. ამ ფონზე, სამშენებლო მიმართულებით უკვე 232 სამართალდარღვევაა გამოვლენილი, საიდანაც 60 დაჯარიმდა, 90-ის მიმართ საქმისწარმოება შეწყდა, ანუ გამოასწორეს სამართალდარღვევა – პროექტიდან გადახვევა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და ა.შ. ვფიქრობ, მარტივია ნებისმიერი მოქალაქისთვის ქალაქში შეამჩნიო, რა გააკეთა ინსპექციამ ამ ექვს თვეში.
მშენებლობებს თუ შეხედავთ, 90-95%-ს ვიზუალურად ეტყობა, რომ უსაფრთხოების ნორმები უკვე მოწესრიგებული აქვთ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მე პირადად მახსოვს, რომ ეს სფერო სრულიად დაუცველი იყო. დღეს იშვიათად ნახავთ შენობას, რომელსაც არ აქვს მოწესრიგებული უსაფრთხოების ნორმები. ვისაც არ აქვს, მათთანაც ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, ექვს თვეში, ამხელა ქალაქში, ძალიან რთულია ყველაფერი გააკეთო. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მუნიციპალურმა ინსპექციამ საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთოს, ძირითადი ამოცანა – დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, 90%-ით ჩვენმა გუნდმა უკვე შეასრულა.
ვიცით შემთხვევები, როცა უკვე შემოწმებულ ობიექტზე მალევე გამოვლინდა ხარვეზები უსაფრთხოების მიმართულებით. მშენებლებს აქვთ განცდა, რომ სერიოზულად დაზარალდებიან ამ წესების დარღვევისთვის?
ეს იყო 2020 წლამდე, ამ 232 შემთხვევიდან ძირითადი ნაწილი უსაფრთხოების ზომების დარღვევა გვქონდა. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა მივეცით მშენებელს მითითება – დათქმულ ვადაში გამოასწორა ხარვეზი, მაგრამ რამდენიმე დღის მერე რომ ჩავიარეთ, ისევ იმ მდგომარეობაში იყო ობიექტი. მასალა, რითაც მოაწესრიგა უსაფრთხოების ნაწილი, თურმე ითხოვა ჯარიმის შიშით. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ, დავიწყეთ საქმის წარმოება და ამის შემდეგ თავისი სამშენებლო მასალით მოაწესრიგა ობიექტი. ჯარიმის ოდენობა, მოგეხსენებათ, გაიზარდა და 30 000 ლარია.
ჩვენთვის არ არის მთავარი, რამდენ ჯარიმას დავწერთ, მთავარია, განცდა გაჩნდეს მშენებლებში, რომ არ შეიძლება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობა. ამაზე მუნიციპალური ინსპექცია უმკაცრესად და სწრაფად რეაგირებს.
მოქალაქეებს კანონით გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა შენდება ჩვენს უბანში ან ქალაქში, რა მასშტაბის მშენებლობისთვის შემოიღობა ტერიტორია, ვინ აშენებს და რას. თუმცა, სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც აქვთ დიდი ბიუჯეტი, მასშტაბური პროექტები, ზოგჯერ საინფორმაციო დაფასაც კი არ აწესრიგებენ. ამაზე რას გვეტყვით?
აქამდე არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ გეუბნებით, 2020 წლის იანვრიდან როგორ არის და ამის შემდეგ, როგორ იქნება. თუ ვინმეს საინფორმაციო დაფა არ აქვს გამოკრული სამშენებლო მოედანზე… მე მინდა აქვე, თქვენი საშუალებით ყველას ვთხოვო, უკვე არსებობს ცხელი ხაზი [0 800 000 810], არსებობს ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელში, ნებისმიერი კომენტარი, მიმოწერა, ზარი ჩვენგან აღქმული იქნება, როგორც ქალაქის სიყვარული. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეგვატყობინოს დარღვევის შესახებ და თუ ჩვენ უსწრაფესი რეაგირება არ გვექნება, ამის შესახებაც დაწეროს, სადაც უნდა და როგორც უნდა. მიმართოს შესაბამის ინსტანციებს, რომ შევატყობინე და რეაგირება არ ჰქონდათო.
ბათუმის ტერიტორია დაყოფილია სექტორებად, ადმინისტრაციულ ერთეულებად. ერთი თანამშრომელი სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებიდან და ერთიც სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილებიდან მიმაგრებული გვყავს კონკრეტულ სექტორზე. იმ სექტორში უსაფრთხოების ზომების დარღვევაზე თუ უნებართვო მშენებლობებზე ეს ორი ადამიანია პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, უნებართვო მშენებლობა დაფიქსირდება თუ უსაფრთხების ზომების დარღვევა, ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ მათ. ეს აძლიერებს თანამშრომლების პასუხისმგებლობას.
თუ თქვენთან მოქალაქეებისგან ან არასამთავრობო სექტორისგან, შემოვაშეტყობინება მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე, დაინტერესდებით ხომ არ არის რამე დარღვევა ან თუნდაც დანაშაულის ნიშნები?
ჩვენ ვაკონტროლებთ უნებართვო მშენებლობებს. ნებართვას გასცემს მერიის შესაბამისი სამსახური. აქედან გამომდინარე, მე არანაირი უფლება არ მაქვს… თუ მოსახლეობამ ეჭვის თვალით შეხედა ნებართვას, განცხადებით უნდა მიმართოს მერიას, შესაძლებელია სამართალდამცავ ორგანოებს. ამიტომ, ჩემი ჩართულობა იქ, სადაც ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული. როგორ ჩავერიო სხვის კომპეტენციაში? – ეს გამორიცხულია. ნებისმიერ მოქალაქეს თუ მოქალაქეთა ჯგუფს აქვს ნებისმიერ ინსტანციაში განცხადებით მიმართვის უფლება, თუ რამეში ეჭვი შეეპარებათ.
აქამდე თუ გქონიათ ზარი ლოიალობის გამოჩენის თხოვნით კონკრეტულ დარღვევაზე?
ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დავასრულეთ და ხუმრობაზე გადავედით? – ახლა რომ გითხრათ არა-მეთქი, დამიჯერებთ? მე სანამ ამ სამსახურში გადმოვიდოდი, კარგად გავიაზრე, სად მოვდიოდი – ის, რომ ბათუმი პატარაა, ის, რომ ამ ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს ჩემი „დახმარება“ დასჭირდება და ამისთვის მომმართავს… ეს პირდაპირ დამანგრეველი იქნება ჯერ არჩამოყალიბებული რეპუტაციისთვის, რომელიც ჩვენს სამსახურს ძალიან სჭირდება. მცდელობა, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ამ მცდელობას ხორცს შევასხამთ თუ არა, ეს იქნება მთავარი. ბათუმი ხომ ძალიან პატარაა, ყველგან ხმები ვრცელდება და გავრცელდება, რომ არაფერი არ გააკეთა რაც ვთხოვეო, ვერაფერში ვერ გამოიყენებო… ჩემი მიზანია ვერაფერში გამომიყენონ იმ ადამიანებმა, ვისაც ჰგონია, რომ ტელეფონით გვარდება საქმეები, სამაგიეროდ კვალი დაეტყოს ბათუმს და რეპუტაცია ამაღლდეს ახალშექმნილი სამსახურისა.
თუ ისეთი პრინციპული იქნება მუნიციპალური ინსპექციის შეფი, როგორზეც თქვენ ახლა საუბრობთ, შეიძლება გავლენებით „მეორე კაცად“ იქცეთ ბათუმში, მერის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს თქვენი შედეგი ამ წლის ბოლოს?
ჩემი გავლენა არსად არასდროს არ გაიზრდება, გაიზრდება მუნიციპალური ინსპექციის გავლენა, როგორც სამსახურის. ამ ქალაქში არსებობს იერარქიები, რომლებსაც ვემორჩილებით ყველა. ამიტომ, მერამდენე კაცი უნდა იყო… მე მირჩევნია პირველი სამსახური იყოს მუნიციპალური ინსპექცია, იმის მიუხედავად, მე ვიქნები ხელმძღვანელი თუ არა. ძალიან კომპეტენტური და პატიოსანი კადრებით არის დაკომპლექტებული ჩვენი სამსახური – ეს 180 ადამიანი ქმნის ამინდს და არა ხელმძღვანელი.
როცა თქვენ ამას ამბობთ, გააზრებული გაქვთ ისიც, რომ ბათუმში უკანონოდ აშენებული 8 სართული [მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირება, თავის ნაწილში, ამოწურული ჰქონდა] უკვე რეესტრშია დარეგისტრირებული – ითვალისწინებთ ამას?
კი ბატონო, ვითვალისწინებ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ამ მშენებლობის დაწყებამდე ჰქონდა რეაგირება ზედამხედველობის სამსახურს – ძალიან ბევრი რეაგირება იყო ამ 8 სართულთან დაკავშირებით, მშენებლობის დასრულებამდე. უბრალოდ, არ ვიცი, რატომ და რანაირად, ჩემი კომპეტენცია არც არის, რომ დავიწყო მაგის გარკვევა. მე ვიცი, რომ 2020 წლამდე არაერთხელ მისწერა [საჯარო რეესტრს] როგორც ზედამხედველობის სამსახურმა, ასევე მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომ არ დაერეგისტრირებინათ უნებართვო მშენებლობა.
ამ შემთხვევაში არ გაქვთ განცდა, რომ ვერ გააკეთეთ ის, რაც გინდოდათ?
არა. ამასთან დაკავშირებით უკვე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იქედან გამომდინარე, რომ შენობა უნებართვოა და არ უნდა იდგეს იქ, დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო სამსახურები ზუსტად იმ შედეგს დადებენ, რაც სჭირდება ჩვენს სამსახურს, ქალაქის კეთილდღეობას და რაც მთავარია, რაც კანონიერი იქნება.
თქვენი აზრით, უკანონო მშენებლობა უნდა იყოს სისხლის სამართლით დასჯადი?
უკანონო მშენებლობა არ არსებობს. სამშენებლო სამართალის ტერმინია უნებართვო მშენებლობა. ნებისმიერი უნებართვო მშენებლობა შეიძლება გახდეს ნებართვიანი მშენებლობა თუ, რა თქმა უნდა, სამშენებლო რეგულაციებით მას ხელი არ ეშლება. ამიტომ, სამართალდამრღვევი მოსაკრებლის და ჯარიმის სახით იხდის თანხას და ამის შემდეგ, თუ სამშენებლო სამართალი ხელს არ შეუშლის, შეიძლება გახდეს ნებართვიანი. უფრო გრანდიოზული უნებართვო მშენებლობები სწორედ სამშენებლო სამართალის გავლენით ვეღარ იღებენ კოეფიციენტებს და ამიტომ უწევთ უნებართვოდ აშენება. რა თქმა უნდა, იქ, სადაც კანონი არ გვაძლევს საშუალებას, ნებართვას ვერავინ მოიპოვებს შესაბამის სამსახურებში.
უკან იხევთ ბატონო არჩილ?
უკან არსად არ ვიხევ, მაგრამ განსხვავება მინდა დავინახოთ – ადამიანს, რომელმაც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენა და, უბრალოდ, არ იცოდა, რომ ამას ნებართვა სჭირდებოდა, მოუწევს ჯარიმების გადახდა – პროექტს შეიტანს არქიტექტურის სამსახურში და ეს შენობა გახდება ნებართვიანი. მაგრამ, როცა მრავალსართულიანი ობიექტი შენდება, მიუხედავად დანიშნულებისა და მას უკვე მაქსიმალურად აქვს ათვისებული კოეფიციენტი, თუ უნებართვოდ დაადგამს სართულებს, აქ უკვე კანონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მშენებლობა გახდეს ნებართვიანი. იმას სხვა მიდგომა აქვს, ამას – სხვა.
მაინც უნდა გკითხოთ, გამორიცხავთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში მოახერხებს ვიღაც 8-სართულის უკანონოდ აშენებას?
მაგ კონკრეტულ შემთხვევაზე, დაწყებული პირველი სართულიდან მერვე სართულის ჩათვლით, რამდენიმე ჯარიმაა გამოწერილი. ზედამხედველობის სამსახურს და არც მუნიციპალურ ინსპექციას, არ გვაქვს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია ყველა სამართალდარღვევაზე რეაგირება. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ჯარიმების გამოწერის ფონზე მშენებლობა გრძელდებოდა. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერია და ზედამხედველობა არაფერს აკეთებს. ჩვენ ვმუშაობთ რეპუტაციაზე, რომ მშენებელმა და მოქალაქემ, ბათუმის მკვიდრმა, თავს შთააგონოს, რომ არ გაუვა უნებართვო მშენებლობა. საკმაოდ გამარტივებულია ნებართვის მოპოვება, ამიტომ არავის სჭირდება ზედმეტი ჯარიმის გადახდა. მუნიციპალური ინსპექცია, როგორც სამსახური, უნებართვოდ აშენების უფლებას არ მისცემს. მიმართოს შესაბამის სამსახურს, აიღოს ნებართვა და მაგ შემთხვევაში ჩვენ, როგორც მუნიციპალური ინსპექციის სამსახური, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუ რამე შეგვეძლება.
თბილისის სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის მერია – ეს ის უწყებებია, რომლებმაც 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე გააფორმეს. რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებები მიმდინარე წელს, 2 ქართულ კომპანიასთან, ჯამში 1 379 003 ლარზეა გაფორმებული.
„ჯეო პარკი“ და „გეო-გრინი“ ის კომპანიებია, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ და შემსყიდველ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ძირითადად რუსულ პროდუქციას სთავაზობენ. „ბათუმელების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ ორ კომპანიასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 27 საბიუჯეტო ორგანიზაციას სულ 141 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამში 13 312 139 ლარზე.
საჯარო უწყებების მიერ რუსული პროდუქციის შეძენაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2 წლის წინ კვლევაც კი გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში მაშინ განაცხადეს, რომ „ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის [როგორც ოკუპანტი ქვეყნის] პროდუქციის შესყიდვაზე“.
„რუსული პროდუქციის შეძენაზე ჩვენ პირველად ყურადღება გავამახვილეთ სახელმწიფო უწყებების მიერ 2012-2018 წლებში რუსული წარმოების ავტომანქანების [„ნივა“] შეძენაზე. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აჭარის მთავრობასაც, სხვადასხვა დროს 3 მილიონი ლარის ნივა ჰქონდა ნაყიდი. მაშინ ვთქვით, რომ დასაწყები იყო ცვლილებები, უფრო სწორად ცვლილებებზე ფიქრი, რომელიც შეეხებოდა ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის საქართველოში ამ გზით გასაღება-შეძენას, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან. აუდიტორიას უნდა ახსოვდეს და იცოდეს, რომ, როცა სახელმწიფო შესყიდვებით თანხა ირიცხება ამა თუ იმ კომპანიის ანგარიშზე, ეს არის ხალხის შემოსავალი, ხალხის ფული ბიუჯეტიდან. სამწუხაროა, როცა ჩვენი რეკომენდაციის გამოქვეყნების 2 წლის თავზეც იგივე ვითარება გვაქს და თქვენს მიერ აღმოჩენილი გარემოებები ადასტურებს იმის საჭიროებას, რომ კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა გატარდეს შესაბამისი ცვლილებები“, – გვითხრა მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორმა.
18 ივნისს, ასპინძის მუნიციპალიტეტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯეო პარკთან“, რომელიც შემსყიდველს რუსეთში წარმოებულ ტრენაჟორებს სთავაზობს, ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერი, ასპინძის სოფელ ხერთვისში და სოფელ ივერიაში გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობას [მონტაჟი და ტრენაჟორებისთვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობა] ითვალისწინებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტს ტენდერი 38 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული. „ჯეო პარკთან“ კი ხელშეკრულებაც 30 ათას ლარზე გაფორმდა. ამ კომპანიას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია.
ასპინძის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს „ჯეო პარკთან“ ხელშეკრულება 19 ათას ლარზეც გააფორმა. მაშინაც რუსული ინვენტარი შეიძინეს.
„ჯეო-პარკის“ მიერ წარდგენილი ფასების ცხრილი და სერტიფიკატი [თარგმანი] / ტენდერიდანანალოგიურ მომსახურებაზე 130 200 ლარით ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. პრეტენდენტი „გეო-გრინია“. რუსული წარმოების გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მონტაჟს, კომპანია მუნიციპალიტეტს 128 895 ლარად სთავაზობს.
რუსული ტრენაჟორების შეძენასა და მონტაჟზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა დროს ჯამში 294 772 ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული „გეო-გრინთან“, ხოლო მიმდინარე წელს, 109 994 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება „ჯეო პარკთან“.
„გეო-გრინის“ მიერ წარდგენილი ფასების ცხრილი და სერტიფიკატი [თარგმანი] / ტენდერიდანორთავე კომპანია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შემსყიდველებს ერთსა და იმავე ქარხანაში წარმოებულ რუსულ პროდუქციას სთავაზობს.
2020 წლის ივნისში 127 631 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება „გეო-გრინთან“ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობამაც. სამგორშიც რუსულ ტრენაჟორებს დაამონტაჟებენ.
სამგორის გამგეობას რუსული ინვენტარის შეძენა-მონტაჟისთვის 2017 წლიდან დღემდე 1 478 472 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული კომპანია „ჯეო პარკთან“.
ამ კომპანიასთან წელს ორი ხელშეკრულება გააფორმა ნაძალადევის გამგეობამაც, ჯამში 333 784 ლარზე. მთლიანობაში კი, რუსული ტრენჟორებისა თუ სხვა სპორტული ინვენტარის შეძენა-მონტაჟისთვის თბილისის ნაძალადევის გამგეობას სულ 1 952 279 ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები.
„ტენდერში მითითებული არ არის კონკრეტულად რუსული იყოს, ან არა ტრენაჟორები, ამის უფლება ჩვენ არანაირად არ გვაქვს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაშია წარმოებული პროდუქცია. მთავარია, ტენდერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს“, – გვითხრეს თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიაში. „კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მისაღებად კი, შეგიძლიათ ოფიციალურად მოიწეროთ წერილიო“.
„ის, რომ შენ მწარმოებელი ქვეყანა მიუთითო, ან შეზღუდო, არის ტენდერის პირობების დარღვევა. არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე ამას ვერავინ გააკეთებს. ყველა ტენდერი არის აბსოლუტურად ღია და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ხელშეკრულება ფორმდება კომპანიასთან და კონტრაქტორი კომპანია რას შემოიტანს, რომელი ქვეყნის წარმოების პროდუქციას, ამას შენ ვერ შეზღუდავ. შეიძლება შეზღუდვა იმ კუთხით, რომ თუ არ აკმაყოფილებს შემოთავაზებული პროდუქცია იმ ხარისხს, რაც მოთხოვნილია ტენდერის პირობით. მინდა გითხრათ, რომ არ შემოდის მხოლოდ რუსული პროდუქცია, არის თითო-ოროლა შემთხვევა და შემდეგ ეს სულ ხმაურდება“, – გვითხრეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ როცა შესყიდვა ხორციელდება შესყიდვების პროცედურების დაცვით და მიმწოდებელი კომპანია სთავაზობს ისეთ პირობებს, როგორსაც საბიუჯეტო ორგანიზაცია ითხოვს, ეს სამართლებრივად პრობლემას არ წარმოადგენს. „მაგრამ, არ შეიძლება მშრალი სამართლით საუბარი, იმიტომ, რომ სამართლის გამოყენება კონტექსტის გარეშე შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს. რა მაქვს მხედველობაში – როდესაც შენ ზრდი ოკუპანტ სახელმწიფოზე ფინანსურ და ეკონომიკურ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, აძლიერებ ოკუპანტი სახელმწიფოს ბერკეტებს შენს წინააღმდეგ.
ამას ორი სხვადასხვა მხარე აქვს. პირველი ის, რომ ეკონომიკურად უფრო მეტად დამოკიდებული ხდები ოკუპანტ ქვეყანაზე, რაც სახელმწიფოებრივად წამგებიანია და არ აქვს მნიშვნელობა ეს რა დონეზე ხდება – სპორტულ ინვენტარს შეიძენ, თუ გაზსადენს აძლევ. მეორე არის ის, რომ შენ, შენი ქვეყნის მოქალაქეების დამოკიდებულებას, განწყობას ქმნი… ისინი თვლიან, რომ მათი კეთილდღეობაა მნიშვნელოვანი, რაც ძალიან ადამიანურია, მაგრამ განწყობა ექმნებათ ისეთი, რომ იყოს რუსეთი, თუ კარგად ვიცხოვრებთ. ეს პროცესი [შენ რომ დღეს, მაგალითად, საჭმლის ფულის შოვნა შეგიძლია უფრო იოლად რუსული პროდუქციის შემოტანით] ხვალ და ზეგ, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, შექმნის პრობლემას – ოკუპანტი ქვეყანა თავს მოგახვევს თავის ინტერესს“.
რუსული ტრენაჟორების შეძენაზე მიმდინარე წელს ხელშეკრულებები ასევე გააფორმეს ქუთაისის მერიამ [213 941 ლარზე – „ჯეო პარკთან“], გლდანის რაიონის გამგეობამ [223 993 ლარზე – „ჯეო პარკთან], ფოთის მერიამ [191 999 ლარზე – „გეო-გრინთან“], ადიგენის მუნიციპალიტეტმა [104 496 ლარზე – „გეო-გრინთან“].
გარდა ამისა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ ორი კომპანიისგან რუსული სპორტული ინვენტარი შეიძინეს ამბროლაურში, ახალციხეში, გორში, ზესტაფონში, ლაგოდეხში, ონში, სამტრედიაში, ცაგერში, წყალტუბოში, ჭიათურაში; ასევე რუსული პროდუქცია შეიძინეს თბილისის მერიამ, ჩუღურეთის, საბურთალოს, დიდუბის, ვაკის, კრწანისის რაიონების გამგეობებმა.
„ჯეო-პარკისგან“ რუსული ტრენაჟორები შეიძინა ბათუმის ბულვარმა [78 692 ლარად, 2017 წელს], ქედის მუნიციპალიტეტმა [ 44 213 ლარად, 2018 წელს] და შუახევის მუნიციპალიტეტმაც [5 215 ლარად, 2019 წელს].
ბულვარმა სხვადასხვა მომსახურებასა და რუსული ტრენაჟორების შესაძენად „ჯეო პარკთან“ ხელშეკრულება 87 500 ლარზე 2014 წელშიც გააფორმა.
ამონარიდი ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტებიდან
მხოლოდ რუსული წარწერა ტრენაჟორზე, რომელიც ქალაქ ახალციხეშია დამონტაჟებული /ფოტო გადაღებულია 17.06.2020
„ჯეო პარკს“ და „გეო-გრინს“, ტენდერებში კონკურენტები უმეტეს შემთხვევებში არ ჰყავთ. 2020 წელს გამოცხადებულ 9 ტენდერიდან ორზე მეტი პრეტენდენტი სამში მონაწილეობდა.
მაგალითად, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების შესყიდვაზე გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აქედან ორი გამგეობას მომსახურებას გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობდა, ვიდრე გამარჯვებული „ჯეო პარკი“, თუმცა, დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიებს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა.
ამ ტენდერში „ჯეო პარკმა“ 224 000 ლარი დაასახელა და გაიმარჯვა, მისი კონკურენტები კი გლდანის გამგეობას იგივე მომსახურებას [ოღონდ თურქული წარმოების ტრენაჟორებს] 197 598 და 207 207 ლარად სთავაზობდნენ.
კონკურენტებს კომისიის გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციაზე შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში არ გაუსაჩივრებიათ.
„ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოგვცეს დისკვალიფიკაცია, ამიტომ გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა. არის ტენდერები სადაც ვიმარჯვებთ“, – გვითხრეს ერთ-ერთ პრეტენდენტ კომპანიაში.
შპს „ჯეო პარკი“ თბილისში 2008 წელსაა რეგისტრირებული. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ნიკოლოზ ალიბეგაშვილი.
შპს „გეო-გრინი“ კი თბილისში 2003 წელსაა რეგისტრირებული. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ლელა გუდაშვილი.
„მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ყველა საერთაშორისო უცხოურ კომპანიას, თუ ის მოიწადინებს ბიზნეს საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გარკვეულ სანქციებს ვუწესებთ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დიპლომატიური მისიების ჩართვას და სხვა. შესაბამისად, ჩვენ თუ ვსაუბრობთ ოკუპაციის შესახებ კანონის სულისკვეთებაზე, ეს რაღაცნაირად უნდა გავრცელდეს სახელმწიფო შესყიდვების გზით რუსეთში წარმოებული პროდუქციის შემოტანაზეც“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა საერთაშორისო გამჭვირვალობიდან.
მისივე თქმით, „ეს არის სრულიად ცალმხრივი პროცესი. ჩვენ არ გვახსენდება ქართული კომპანია, რომელიც რუსეთში სახელმწიფო ტენდერებში იღებს მონაწილეობას და იქ აწვდის გარკვეულ პროდუქციას. ამიტომ, ეს ცალ კარში თამაშს ჰგავს, როცა მხოლოდ ჩვენ ვიღებთ რუსულ პროდუქციას. ამ შემთხვევაში თუნდაც ეს ტრენაჟორები“.
გარდა იმისა, რომ ქართულ კომპანიებს ბიუჯეტის ფულით შემოაქვთ რუსული პროდუქცია, საქართველოში არის ასობით კომპანია, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ და რომლებიც რუსული კომპანიების ფილიალებს წარმოადგენენ, ან პარტნიორები [მეწილეები] არიან რუსული კომპანიები, ან რუსეთის მოქალაქეები.
გასულ წელს „ბათუმელებმა“ შეისწავლა სახელმწიფო ტენდერები და აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ასეთ კომპანიებთან სახელმწიფო უწყებებმა ხელშეკრულებები, ჯამში, 139 024 429 ლარზე გააფორმეს. ამ პერიოდში კი სხვადასხვა რუსული კომპანია [მათი ფილიალები] საქართველოში 231 ტენდერში გამოაცხადეს გამარჯვებულად.
გარდა იმ 208 კომპანიისა, რომელთა დამფუძნებლები [მთლიანად ან ნაწილობრივ] რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები არიან, საქართველოში [„ბათუმელების“ მიერ 2019 წელს გადამოწმებული მონაცემებით] 5 088 ისეთი კომპანიაც არის დარეგისტრირებული, რომელთა ერთი პარტნიორი [მეწილე] მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი [აქედან ერთი რუსეთის] მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირია.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში უშუალოდ რუსული [არარეზიდენტი] კომპანიებიც მონაწილეობენ.
იმ რუსული კომპანიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებლებად არიან დარეგისტრირებული და ტენდერებში მონაწილეობენ, 2013 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის, თითქმის 17-ჯერ გაიზარდა. აქედან მარტო გასულ, 2019 წელს, შესყიდვების სააგენტოში დამატებით 16 ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე მიმწოდებლად რეგისტრირებული იყო 179 რუსული კომპანია [ეს რაოდენობა 2018 წელს იყო – 163].
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო / ეკა ბერიძის ინფოგრაფიკა
„ამ საკითხს მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა კი, პარლამენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ დაიწყოს ამაზე საუბარი, თანაც იმ რისკების გათვალისწინებით, რა რისკების ქვეშ ჩვენ გვიწევს ცხოვრება – ეს არის ოკუპაცია, ეს არის დეზინფორმაციული, ჰიბრიდული ომი, რომელსაც მართავს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საშუალებით და ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, ვითხოვთ დეოკუპაციას… სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის პირველი პირები ამაზე საუბრობენ და ამ დროს დიდძალი საბიუჯეტო სახსრები გადის სწორედ რუსეთში იმ კომპანიების გზით, რომლებსაც შემოაქვთ ესა თუ ის რუსული წარმოების პროდუქცია. პრაქტიკულად, საბიუჯეტო თანხების გადინება რუსეთის ტერიტორიაზე, რუსულ ანგარიშებზე, ეს არის, ალბათ, რაღაცნაირად არათანმიმდევრობის მაგალითი“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
მისივე თქმით, „სასწრაფოდ არის დასაწყები იმაზე ფიქრი, თუ რა ფორმას მიიღებს ეს შეზღუდვა, როგორ განხორციელდება, შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების მაგალითები, ვთქვათ უკრაინის, ან ჩამოვიყვანოთ ისეთი დარგის სპეციალისტები, რომლებსაც ექსპერტული ცოდნა აქვთ და აქვთ გამოცდილება ამ კუთხით“.
„გამჭვირვალობის“ შეთავაზება ძალზედ მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია“, – ამბობს თამარ კორძაია. – „გასათვალისწინებელია იგივე უკრაინის პრაქტიკა, რომელიც რუსულ პროპაგანდას ებრძვის თავის სახელმწიფოში, ვინაიდან უკრაინა და ჩვენ ერთ ნავში ვზივართ რუსეთის წინააღმდეგ. ანუ რუსეთი ცდილობს, რომ ორივე დაიპყროს სხვადასხვა მეთოდით და რა თქმა უნდა, თითქოსდა ეს უწყინარი 13-მილიონის ტენდერებიც, უწყინარი სულაც არ არის საბოლოო ჯამში, თუ შევხედავთ ამას გლობალურად, ქვეყნის მასშტაბით. ფულს სუნი არ ასდისო გამოთქმა რომ არის, ძალიან კარგად ასდის და ისე საშინლად, რომ შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს ეს ყველაფერი, თუ ასე გლობალურად არ დავინახავთ ნებისმიერ ტენდერში რუსულ ინტერესებს, რუსული პოლიტიკის ინტერესებს. ამიტომ, არ შეიძლება ეკონომიკური პროექტების განხილვა, პოლიტიკური კონტექსტების გარეშე“.
მთავარი ფოტო: „ჯეო პარკისგან“ შეძენილი ტრენაჟორები ბათუმის ბულვარში /ტრენაჟორები, პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე ამკრძალავი ლენტებითაა შემოღობილი
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 332 კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებს კი 32-მა პაციენტმა მიმართა.
ჯამში აჭარაში Covid19-ზე კვლევა ჩაუტარდა 17 532 პირს, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 1119 პირი, ხოლო კარანტინი დატოვა სულ 8 369 პირმა.
ამ მონაცემების მიხედვით აჭარა ისევ მწვანე ზონად რჩება, რადგან უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მოინახულა.
პროექტის ფარგლებში აშენდება 420 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, სადაც განთავსდება საკლასო ოთახები, კაბინეტები, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, სამედიცინო და კომპიუტერის ოთახები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო და სხვა სათავსოები.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მოეწყობა ლიფტი. ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ფილები და ბეტონის ბორდიურები. ასევე, ტერიტორიის ნაწილი მოპირკეთდება ასფალტბეტონის საფარით. მოეწყობა კორდის საფარი და ადგილები გამწვანებისთვის. შენობის გარე ტერიტორია შემოისაზღვრება ბეტონის საძირკველზე მოწყობილი ლითონის ღობით.
ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, რომელიც მზის ელექტროსადგურით აღიჭურვება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
21 ივნისს ჰაერის ტემპერატურა:
აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
მაღალ მთაში – ღამით 8-13, დღისით 13-18 გრადუსი სითბო;
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა, ხილვადობა 4-10კმ;
ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა: +23 გრადუსი.
ორშაბათს და სამშაბათს [22 და 23 ივნისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი ფერიის მთიდან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მომავალი ვარ მე! – ამ წარწერით დღეს, 20 ივნისს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ინსტალაცია გამოჩნდა. ავტორი გასული წლის 20 ივნისიის მოვლენებს, გავრილოვის ღამეს ეხმაურება.
„მომავალი ვართ ის ადამიანები, ვინც 20-21 ივნისის ღამეს ვიცავდით ქვეყანას სირცხვილისგან, ვიცავდით თავისუფლებას, სიტყვას და გამოვხატავდით პროტესტს ოკუპანტების წინააღმდეგ“, – ამბობს ინსტალაციის ავტორი.
ინსტალაცია ეძღვნება 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.
ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამო, სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 275-მა ადამიანმა, ხოლო ტრავმის შედეგად რამდენიმე სამოქალაქო პირმა თვალი დაკარგა.
„საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხები აქციის დაშლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი პირების შესახებ“ – ასე აფასებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC]“ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, გასული წლის 20 ივნისს საპროტესტო აქვიის დარბევისას სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას.
EMC-ის შეფასებით, ორ უწყებაში პარალელურად მიმდინარე გამოძიების შედეგები ერთი წლის შემდეგ აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ აქციის ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლის შემდგომ, პასუხისმგებლობა არსებითად მოქალაქეებს დააკისრა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობაში მონაწილე არცერთი სამართალდამცავი, ფაქტობრივად, არ დასჯილა:
„საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხები აქციის დაშლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი პირების შესახებ.“
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის გამართვას წინ უძღვოდა საქართველოს პარლამენტის შენობაში თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის – გავრილოვის გამოჩენა.
ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი პროტესტი 20 ივნისის საღამოს, აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობის შემდეგ, ჭარბი და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა: „ რა დროსაც მასობრივად დაირღვა აქციაზე მყოფთა ფუნდამენტური უფლებები.“
20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაშავებული ადამიანები20 ივნისის აქცია თბილისში
ანტისაოკუპაციო შეკრება-მანიფესტაციის შეწყვეტის მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებებში, საერთო ჯამში, მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელმა მიიღო. სამართალდამცავებმა, მომიტინგეთა მიმართ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გარდა, არალეტარული ჭურვების სახით 12-კალიბრიანი და 38-მილიმეტრიანი 800-მდე რეზინის ტყვია ისროლეს. ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი.
20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქციის შეწყვეტის შემდგომ მომხდარ მოვლენებზე გამოძიება ორმა უწყებამ პარალელურად დაიწყო – შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მხრიდან სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე რეაგირების სახით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან აქციის დაშლის დროს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო შემთხვევებზე.
შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღემდე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო აქციის 17 მონაწილის მიმართ, ასევე ბრალდებულად ცნეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი. აქციის მონაწილეთა მიმართ, პროკურატურის თავდაპირველი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 16 დაკავებულს პატიმრობა, ერთ პირს კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოგვიანებით, 8 ბრალდებულის მიმართ, პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. ამავე საქმეზე, დაზარალებულად ცნობილია 68 პოლიციელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, 20-21 ივნისის მოვლენებზე მოქალაქეთა მხრიდან ჯგუფურ ძალადობაზე გამოძიების წარმოების პარალელურად, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისას და შემდგომ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე. შედეგად, დღემდე, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა სამინისტროს 11 მოსამსახურეს.
სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტებზე, საგამოძიებო უწყებამ, ერთი წლის განმავლობაში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომლის მიმართ. ბრალდებულთა საქმეები, ამ დრომდე, სასამართლოში განიხილება. ბრალდებულთაგან ორი მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, ერთი პირი კი იმყოფება პატიმრობაში. ამავე საქმეში, დაზარალებულის სტატუსი, სპეციალური საშუალებებით ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ დაკავების დროს სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის გამო, მინიჭებული აქვს სულ 8 მოქალაქეს.
საქმის მოცულობის, მრავალრიცხოვანი მტკიცებულებების მოპოვების, მათი სათანადოდ შეფასების სირთულის მიუხედავად, გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის ვადაში საგამოძიებო ორგანოს გადადგმული უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები მომხდარის სრული სურათის აღდგენისთვის, გამოკვეთილი უნდა იყოს 20 ივნისის აქციაზე ჭარბი საპოლიციო ძალით დაშლაზე პასუხისმგებელ პირთა წრე. ამის მიუხედავად, გამოძიების შედეგები, პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ დაბალი რანგის პოლიციელებზე, ადგილზე მყოფიხელმძღვანელი პირების როლისა და ქმედებების ბუნდოვანება, საქმეზე დაზარალებულად ცნობილთა სიმცირე, ნდობას აცლის მიმდინარე გამოძიების ობიექტურობას.
ერთი წლის განმავლობაში, პოლიციის ძალადობაზე სუსტი რეაგირების ფონზე, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ინტენსივობა და წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი, მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ ანგარიშსწორების მცდელობაზე – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
დღეს, 20 ივნისს საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა.
საერთო ჯამში ამ დროის მონაცემებით საქართველოში COVID-19-ის 898 შეთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელებულია 752 ადამიანი, 14 პირი კი გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის, 2891 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 256.