სოფელი ხულოში, სადაც 20-მდე ტონა კენკრა მოჰყავთ – პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით

როგორ შეცვალა აჭარის მაღალმთიანეთის სოფელში მთლიანად სოფლის მეურნეობის ხედვა ერთმა ადამიანმა, როგორ აღმოჩნდა ამერიკული კალმახის აუზები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და როგორ გაუჩნდა მამულების და ფერმის პატრონს საკუთარი, ძვირადღირებული ტრაქტორი, რომელიც მთელი სოფლისთვის შვებაა ხვნა-თესვის, მოსავლის აღების თუ ცელვა-თიბვის დროს – ამ ამბების შესახებ აჭარის მაღალმთაინეთში გვითხრეს.

იცოდით, რომ კარტოფილის მოყვანა ხულოს რეგიონისთვის არცთუ ხელსაყრელი საქმეა? გურამ ძირკვაძის მონათხრობი, რომელიც თვითნასწავლი აგრონომია, ამაში დაგარწმუნებთ. მან შეძლო და საკუთარი სოფლის, დიოკნისის მცხოვრებლები დაარწმუნა, რომ ჟოლოს მეურნეობა გაცილებით მომგებიანი და მსუბუქი საქმეა, ვიდრე კარტოფილის მოყვანა.

„აჭარა მცირემიწიანი მხარეა, კარტოფილი ვრცელ ველებზე ითესება, აქ კი თითო მოსახლეს მაქსიმუმ მიწის 2000 – 2500 მ/კვ ფართობი აქვს. კარტოფილის მოყვანას აქ აზრი არ აქვს. იაფფასიანი პროდუქტია, მიწას ფიტავს და ეროზიას იწვევს, ხშირი რწყვა სჭირდება. ჟოლოს და მაყვლის  ბაღი კი მცირე ტერიტორიაზეც შეიძლება გაძლევდეს უხვ მოსავალს, მიწასაც არ ფიტავს და ფუტკრებსაც ეხმარება – ძალიან მოსწონთ ფუტკრებს კენკრა – როგორც ნაყოფი, ასევე ყვავილი.

ჟოლოს ბაღები სოფელ დიოკნისში.

„კენკროვანები, მევენახეობა და კურკოვანები – ასე გვესახება სოფელ დიოკნისის სამეურნეო საქმიანობა სამომავლოდ“, – ამბობს თვითნასწავლი აგრონომი.

შვიდი წლის წინ, როცა გურამ ძირკვაძემ ჟოლოს პირველი ბაღი გააშენა სოფელში, მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მხოლოდ მას ჰქონოდა ეს კულტურა. გადაწყვიტა მთელი სოფლისთვის მიეცა ნერგები. 17 ათასამდე ნერგი თანასოფლელებს ავანსად მისცა და ყველას უთხრა, რომ თანხის დაბრუნება შეეძლოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსავალს მიიღებდნენ. თანასოფლელების ბაღში მოყვანილი ჟოლოს რეალიზაციას თავად ეწევა. გურამ ძირკვაძემ ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და სპეციალური მაცივრებით აღჭურვილი მანქანა გადაეცა, რითაც მარტივად დააქვს ბათუმში დიდი რაოდენობით კენკრა და აბარებს.

თვითნასწავლი აგრონომი გურამ ძირკვაძე კენკრის საკუთარ ბაღში. სოფელი დიოკნისი.

დღეს სოფელ დიოკნისში ჟოლო უკვე 3 ჰექტარზე აქვს მოსახლეობას გაშენებული, შარშან 7, 8 ტონა, წელს კი აქაურებმა უკვე 4 ტონა ჟოლო გაყიდეს. სეზონის დასასრულამდე ელიან, რომ ჯამში მინიმუმ 20-მდე ტონა ჟოლოს გაყიდიან. კენკროვანების მეურნეობამ სოფელ დიოკნისში ერთმანეთს 48 ოჯახი დააკავშირა. სოფელში თითოეული ოჯახის შემოსავალი კენკროვანებისგან 5-დან 10 ათასამდე ლარია ყოველწლიურად.

მეურნე გურამ ძირკვაძე ამბობს, რომ მისი მიზანია სოფელში განავითაროს ჟოლოს უსასუქო, ბიომეურნეობა, რაც საბოლოოდ ევროკავშირის ბაზარზეც უნდა აღმოჩნდეს.

გარდა კენკროვანებისა, გურამ ძირკვაძემ 15-მდე უცხო ჯიშის ვაზი გაახარა სოფელში. მათგან 12 სასუფრე ჯიშისაა, დანარჩენი – საღვინე, მათ შორის: ოჯალეში, შარდონე, ჩხავერი, ჯვარი, საბას მარგალიტი, ბლექ მეჯიკი, კარდინალი, ორა, პრიმა და სხვა.

ვაზის საცდელი ჯიში სოფელ დიოკნისში.
გარდა კენკრის ბაღებისა, მეურნე გურამ ძირკვაძემ 15-მდე უცხო ჯიშის საცდელი ვენახიც გააშენა სოფელ დიოკნისში. მათ შორის სასუფრე და საღვინე ჯიშები.

სოფელ ხიხაძირში მცხოვრები ლაშა მიქელაძის საკალმახე მეურნეობაც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა. თავიდან ლაშას ამერიკული ჯიშის კალმახის მხოლოდ 2 აუზი ჰქონდა, ლიფსიტები კუსტარულად იჩეკებოდნენ და ბევრი ეღუპებოდა, ახლა საჩეკი აპარატი აქვს, რითაც დანაკარგი მინიმალურია. ეწევა ლიფსიტების რეალიზაციას, რისთვისაც გარდა საჩეკი აპარატისა, საგრანტო კონკურსის პროექტის ფარგლებში მას  ძვირადღირებული გადასაზიდი ავზიც გადასცეს, თერმოსის პრინციპით დამზადებული. ლიფსიტების გადაყვანისას აუცილებელია წყლის ტემპერატურა იყოს მაქსიმალურად დაცული, რასაც ეს ავზი იდეალურად უზრუნველყოფს. ახლა ლაშას შეუძლია ლიფსიტები მყიდველებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში ჩაუყვანოს.

ლაშა მიქელაძეს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში საკალმახე მეურნეობისთის საჭირო ძვირადღირებული ინვენტარი დაუფინანსდა.

„2 საჩეკი აპარატი მაქვს ახლა, 20 კილოგრამ ქვირითს იტევს. ერთი კილოგრამი ქვირითისგან 8, 10 ათასი ლიფსიტი იჩეკება. რამდენი გადარჩება ამათგან, დამოკიდებულია ინკუბაციის პერიოდში რამდენად იცვლება წყლის ტემპერატურა. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა დამღუპველია ლიფსიტებისთვის.

თავიდან 2 აუზი მქონდა, ახლა 8 მაქვს. სანამ ევროკავშირის კონკურსზე შევიტანდი პროექტს და დამაფინანსებდნენ, მეღუპებოდა ლიფსიტები და მათი გადაყვანაც ჭირდა. საკალმახე მეურნეობა თუ გაქვს, აუცილებელია უნდა გქონდეს კარგი ხარისხის წყალი. ამ მხრივ გამიმართლა, წყაროს წყალი მოედინება ეზოში“, – ამბობს ლაშა მიქელაძე.

5, 6 თვეში მისი ლიფსიტები კალმახებად იქცევიან. აუზებს თითქმის ყოველდღე ასუფთავებს. ასე ამერიკული კალმახის დაავადების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი. აუზის სისუფთავე გავლენას ახდენს თევზის სწრაფ და ნორმალურ ზრდაზეც. კალმახი აუზში თავისუფლად უნდა მოძრაობდეს.

„დიდი მოტივაციაა ევროკავშირის ENPARD-ისა და კარიტასის პროგრამები. იმედი გაქვს, რომ თუ რაიმე ბიზნესი გაქვს დაწყებული, შეიძლება კონკურსში გაიმარჯვო და გაფართოებაში დაგეხმარონ. მთელი ოჯახი ვართ ამაში ჩართულები, დედაჩემი, მე, მამაჩემი – ბიძაჩემი აუზების მშენებლობაში დამეხმარა. ტურისტულ ტურებსაც ვუწევ აჭარაში ორგანიზებას და სანამ პანდემია იფეთქებდა, უამრავი სტუმარი მყავდა ზაფხულობით. მოწნულ ფაცხაში ვუმასპინძლდებოდით ჩვენი კალმახით და ცხელი თონის პურებით – თონეც გვაქვს ეზოში. სოფლების დათვალიერების შემდეგ გემრიელი ვახშმით ძალიან კმაყოფილები იყვნენ ყოველთვის ჩვენი ტურისტები“, – ამბობს ლაშა.

ჩვენ ხულოს კიდევ ერთ სოფელს, საციხურს ვეწვიეთ, რომელიც გამორჩეულია თავისი მდებარეობით, აქ დასამუშავებელი მიწები ციცაბოა და ძნელად მისადგომი. სოფლის მცხოვრებლებს ხელით უწევდათ დამუშავება. ჩალის შეგროვება და მოთიბვა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც საქონლის საკვების ყიდვა უწევდათ.

სულხან ფასანიძე ფერმერია, ჰყავს საქონლის ჯოგი და რძის პროდუქტების რეალიზებას ეწევა. სულხანიც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის გამარჯვებულია, რისთვისაც მას ძვირადღირებული ტრაქტორი გადასცეს თავისი აგრეგატებით, ის ადგილობრივ ფერმერებს დახვნაში, დათესვაში, მოცელვასა და ბალახის, ჩალის დაწნეხაში ეხმარება.

„ერთ სეზონზე დაახლოებით 60 ჰექტარს ხნავს ეს ტრაქტორი, ამდენსავე ჰექტარზე ცელავს, აკეთებს 50 ათას წნეხს. კარიტასის პროგრამაზე შევიტანე განაცხადი და დაგვიფინანსეს ეს ტრაქტორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საციხურისთვის“, – ამბობს ფერმერი.

სულხან ფასანიძე, ფერმერი და ტრაქტორისტი.

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თემში მცხოვრებლებს დაუფინანსდათ 7 ფერმერული ტრაქტორი. გრანტის სახით გაიცა 91 ათასზე მეტი ევრო, ხოლო თანადაფინანსებამ შეადგინა 44 ათასი ევრო. საერთო ჯამში ხულოში ნახევარმილიონიანი ლარის ინვესტიცია განხორციელდა მექანიზაციის გაუმჯობესების მიზნით.

„10 ლარიც არ მაქვს, ექიმს რომ გავესინჯო“ – ქალი ქობულეთიდან დახმარებას ითხოვს

„ექიმთან 10 ლარიც ვერ გადავიხადე, ჩემი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ 40 ლარია. ეს ის ფულია, რასაც სახელმწიფო ჩემს შვილებს აძლევს. წინა წლებში მე და ჩემი მეუღლე თურქეთში ვმუშაობდით…“ – გვიყვება ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა #24-ში მცხოვრები ლია ლომაძე. ის დახმარებას ითხოვს.

ლია ლომაძის თქმით, სოციალური დახმარება ოჯახს გასულ წელს შეუწყდა, როცა მისმა მეუღლემ მუშაობა ციტრუსის მიმღებ საწარმოში დაიწყო.

„მაშინვე შეგვიჩერეს დახმარება, როგორც კი დაფიქსირდა ხელფასი – 300 ლარი. მერე ჩემმა ქმარმა ფეხი მოიტეხა და ისევ უმუშევარი დარჩა, ხელახლა მივმართეთ სააგენტოს, მაგრამ 85 ათასი მოგვივიდა ქულა… დახმარება მხოლოდ ჩემს შვილებს დაუტოვეს – 40 ლარი. გოგო 15 წლისაა, ბიჭი – 14 წლის. მშივრები ვართ, მშივრები, აღარ ვიცი, რა გითხრათ…

რამდენიმე დღის წინ, როცა გავიღვიძე, ხმა აღარ მქონდა, ახლა კიდევ ვლაპარაკობ, საერთოდ ჩამიწყდა ხმა. ექიმთან მივედი ქობულეთის საავადმყოფოში, მითხრეს, რომ კონსულტაციისთვის 10 ლარი მაინც უნდა გადაიხადო, როგორც სოციალურად დაუცველმაო. არ მქონდა ეს 10 ლარიც.

აქამდე თურქეთში მუშაობით ვირჩენდით თავს, არ გვიჭირდა. არ ვიცოდი, თუ ახლა შესაძლებელია გადასვლა, უნდა მოვიკითხოთ… ჩემი ქმარი სეზონურად ჩაის კრეფდა, მე ოჯახებში ვმუშაობდი ბავშვების მომვლელად… კომპენსაციაზე დავრეგისტრირდით, მაგრამ თანხა არ ჩაგვერიცხა არც 300 ლარი და არც 200-200 ლარი, რასაც ახლა ბავშვებს აძლევენ,“ – გვითხრა ლია ლომაძემ.

ლია ლომაძის თქმით, მას ადგილობრივი მერია და სხვები რამდენჯერმე საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ და ასე გაიტანეს ზამთარში თავი. ოჯახს ახლა ისევ უკიდურესად უჭირს.

ლია ლომაძის შესახებ „ბათუმელები“ მაისშიც წერდა „დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან

აზერბაიჯანელ ბავშვებს 200-ლარიან პროგრამაში რეგისტრაცია უჭირთ, „სალამი“ ეძებს მოხალისეებს

პლატფორმა „სალამი/salam“ 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებს თუ მათ მშობლებს 200-ლარიან სახელწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

„სალამის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა დახმარების პროგრამის განხორციელება ხარვეზით დაიწყო.

სახელმწიფო დახმარების მისაღებად სპეციალურ ვებგვერდზე -https://daxmareba.moh.gov.ge/რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ვებგვერდი ამ დროისთვის მხოლოდ ქართულენოვანია. „სალამი“მიიჩნევს, რომ ეს „საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების დიდ ნაწილს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. ენობრივი ბარიერის გამო კი, შესაძლოა ბევრი ბავშვი აღნიშნული დახმარების გარეშე დარჩეს“.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულია, რომ თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

„ყველა ეს დაწესებულება, როგორც წესი, მხოლოდ ცენტრებში მდებარეობს. ამიტომ, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ცენტრში მოუწევთ წასვლა. ეს მათთვის დისკომფორტია, რადგან დამატებით დროს და ხარჯებს მოითხოვს. ცენტრში ჩასვლისას კი, დიდი ალბათობით, რიგში დგომაც მოუწევთ. მსგავსი სიტუაცია ადრეც არაერთხელ შეიქმნა. აქამდე მიმდინარე დახმარების პროგრამებზე რეგისტრაციისას ვნახეთ, რომ საჯარო დაწესებულებებთან უსასრულო რიგები იყო.

ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ ყველა მშობელს შეეძლოს დარეგისტრირება და ყველა ბავშვმა მიიღოს ეს დახმარება, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი მწირი რესურსების გამოყენებით, ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ბავშვის რეგისტრაციას და პრობლემის არსებითად მოგვარებას ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, პლატფორმა „სალამი“ საქართველოს ყველა რეგიონიდან მოხალისეებს იწვევს, რათა მათი რესურსების გამოყენებით ერთად დავფაროთ ქვემო ქართლის 50 სოფელი და დავარეგისტრიროთ ყველა ბავშვი,“ – ნათქვამია „სალამის“ განცხადებაში.

„სალამის“ განცხადების თანახმად, მოხალისეობის ინიციატივა გარდა რეგისტრაციაზე დახმარებისა, ქვეყნის მოქალაქეებს შორის ინტერეთნიკური სოლიდარობის კულტივირებასაც შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული ინიციატივა, უპირველს ყოვლისა, დომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უკეთესად გააცნობს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების გარიყულ და ჩაგრულ ყოფას, მათ გამოწვევებს, წუხილებს და საჭიროებებს. ხოლო, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები პოზიტიურად დაინახავენ უმრავლესობის როლს და საქმიანობას. საბოლოოდ კი, ჩვენმა ასეთმა აქტიურმა შრომამ და ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა დააფიქროს მაინც სახელწიფო და ასეთი კრიტიკული საქმიანობების დაგეგმვისას გაითვალისწინოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და საჭიროებები,“ – ნათქვამია „სალამის“ განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო არ ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს. მაისში, მაშინ, როდესაც კორონავირუსით განცდილი ეკონომიკური გამოწვევების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობამ თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის პროცესი და მათთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო, ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზე იყო ხელმისაწვდომი.

მაისში სწორედ პლატფორმა „სალამის“ ინიციატივით დაიწყო მოხალისეობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო რეგისტრაცია, კომპენსაციის მისაღებად.

ჯანმო: მსოფლიო ახლოსაც არაა ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა თქვა, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 10%-ს, SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის ანტისხეულები აღმოაჩნდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოწყვლადია ვირუსთან მიმართებაში.

“ის, რასაც ახლა ვიგებთ ანტისხეულებსა და იმუნიტეტზე, ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგია. ამ ეტაპზე ასზე მეტი ასეთი კვლევა მიმდინარეობს კოვიდ 19-თან მიმართებაში. ჩვენ ამ დროისთვის, სულ ცოტა, 50 ქვეყანასთან ვმუშაობთ იმაზე, რომ შევასრულოთ ეს კვლევები ერთიანი, სტანდარტული მიდგომით.

უკვე ჩატარებული და მიმდინარე კვლევებისას იყენებენ სხვადასხვა მეთოდსა და ტესტსს ანტისხეულებზე. არ მინდა განვაზოგადო, მაგრამ აქამდე არსებული მონაცემებით, მტკიცებულებები არსებობს, რომ SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ანტისხეულები მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, აქვთ თუ არა ადამიანებს კონკრეტულად გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებიც გროვდება სპეციფიკური ტიპის ტესტებით, რადგან ყველა ეპიდემიოლოგიური კვლევა ამ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს არ ეძებს”.

მარია ვანკერჰოვი ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებობს სხვადასხვა ვარაუდი, ჯოგური იმუნიტეტის რა პროცენტულობაა საჭირო იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების ჯაჭვი დაირღვეს. მათი დიდი ნაწილი მოდელირების გზით არის დასახელებული, “რაც ძალიან გვეხმარება, მაგრამ ველოდებით სეროლოგიური კვლევების შედეგებს… იმ კვლევების შედეგები, რაც ჩატარდა, მიუთითებს იმაზე, რომ ყველა რეგიონში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მოწყვლადია ვირუსით დაინფიცირების წინაშე, ანუ ვირუსის ფართოდ გავრცელება კვლავ შესაძლებელია… როდესაც ადამიანს შეეყრება ეს ვირუსი, ჩვენ მოველით, რომ მას განუვითარდება იმუნური პასუხი. ჩვენ რასაც ახლა ვსწავლობთ ისაა, თუ რამდენად ძლიერია ეს პასუხი და რამდენ ხანს გასტანს ეს პასუხი. ამის სრული სურათი ჯერ არ გვაქვს”.

ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა დირექტორი, მაიკლ რაიანი: აქ ძალიან ბევრი განუსაზღვრელი დეტალია, ჩვენ არ ვიცით ჯოგური იმუნიტეტის რა დონე/მაჩვენებელია საჭირო იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ, რადგან კვლავ ნარჩუნდება მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფი. ვფიქრობ, ეფექტური ვაქცინის არ არსებობის პირობებში, შორს ვართ ამ პასუხისგან. ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით – 60-80%, მაგრამ არ ვიცით რამდენით დაბალი. ასევე არ ვიცით, რამდენ ხანს იმუშავებს ეს იმუნიტეტი. ერთი რამ, რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ როგორც პლანეტა, როგორც გლობალური მოსახლეობა – ახლოსაც არ ვართ ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც საჭიროა დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია გავრცელების შესაჩერებლად და არ ვიყოთ იმის იმედად, რომ ჯოგური იმუნიტეტი იქნება ჩვენი გადარჩენის გზა”.

ჯანმოს გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბრიუს ეილვორდმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის 50% გამოიმუშავებს იმუნიტეტს, დანარჩენ 50% კი აიცრება – ეს არ იქნება საკმარისი. “ვაქცინამ შესაძლოა იმუშაოს ადამიანთა 80-50%-ში… თუ მხოლოდ 50% აიცრება, რეალურად დაცული ადამიანების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ახლოსაც არ ვართ იმ მაჩვენებელთან, რაც მთლიანად მოსახლეობის დაცვას სჭირდება”, – თქვა მან. – “ასეთ სიტუაციაში, როცა ნახევარი მსოფლიოს მოსახლეობა შინ გამოვკეტეთ, როცა ბევრგან ეკონომიკა გაჩერდა, უნდა დაიგეგმოს ჯოგური იმუნიტეტის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რადგან არ გვინდა შევცდეთ”.

ხელვაჩაურში ორ ქუჩას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 20 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დილის 9 საათიდან, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, ხვალვე, 20:00 საათიდან მიეწოდებათ.

კომპანია თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის მოწყობილობები, ჩართვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე: 16 114.

გამყრელიძე: ვფიქრობთ, ბათუმის ბულვარში დაიდგას 2 კარავი ნებაყოფლობითი ტესტირებისთვის

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ბათუმის ბულვარში ორი კარვის მოწყობის საკითხს, სადაც მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე  ნებაყოფლობითი ტესტის ჩატარების  შესაძლებლობა ექნებათ. „იმისთვის, რომ გვქონდეს ინფორმაცია ტრიალებს თუ არა ინფექცია აჭარის რეგიონში“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ პერიოდში მოქალაქეებს მეტი ყურადღება მართებთ, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში, სადაც სეზონი აქტიურია.

ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს მაქსიმალურად გაითვალისწინონ რეკომენდაციები, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და ხელების ხშირად დაბანის მნიშვნელობაზე.

დღესვე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც ბევრი ტურისტი ჩავიდა, განსაკუთრებით კი შავიზღვისპირეთში, კაფე-ბარებში მომუშავე პირები ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარებიან.

 

სავალდებულო ტესტირება კაფე-ბარებში დასაქმებულებისთვის აჭარაში – კორონავირუსი

სავალდებულო ტესტირება კაფე-ბარებში დასაქმებულებისთვის აჭარაში – კორონავირუსი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც ბევრი ტურისტი ჩავიდა, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, კაფე-ბარებში მომუშავე პირები ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადეს. ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტურისტებთან აღნიშნულ დაწესებულებათა თანამშრომლების ხშირი კონტაქტით ხსნის.

“როგორც მოგეხსენებათ, ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობას, განსაკუთრებით ეს შეეხება შავიზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს განსაკუთრებულად იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება. კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას”, – აღნიშნეს ბრიფინგზე.

დღესვე განაცხადეს, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც ეპიდვითარების გამო საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.

19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. აქედან ერთი შემთხვევა ქობულეთში დაფიქსირდა, თუმცა, ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის. ეს პირი კაფე „ჰავანას“ კლასტერთან არ არის დაკავშირებული:

სავალდებულო ტესტირება კაფე-ბარებში დასაქმებულებისთვის აჭარაში – კორონავირუსი

ბათუმში ტაქსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი ტაქსია.

თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.

აჭარაში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა, ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. აქედან ერთი შემთხვევა ქობულეთში დაფიქსირდა, თუმცა, ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის. ეს პირი კაფე „ჰავანას“ კლასტერთან არ არის დაკავშირებული.

ნონა ეფაძის თქმით ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით გრძელდება. თვითიზოლაციაშია ამ პირთან კონტაქტში მყოფი 23 პირი და მათი ანალიზების პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.

რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, ის კარანტინში იმყოფებოდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 19 აგვისტოს მონაცემებით, სულ იმყოფება 27 პაციენტი.

დამატებით აღებულია 40 ნიმუში, მათ შორის ქობულეთშიც, რომლის პასუხებსაც ხვალ, 20 ივლისს ელოდებიან.

18 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის შემთხვევებიდან კარანტინში გადაყვანილი იყო 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 27 მოქალაქე. დამატებით აღებული იყო 139 პირის ნიმუში, მათ შორის, „ჰავანას“ მიმდებარე კაფეების თანამშრომლების.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ბათუმის ბულვარში ორი კარვის მოწყობის საკითხს, სადაც მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე  ნებაყოფლობითი ტესტის ჩატარების  შესაძლებლობა ექნებათ. „იმისთვის, რომ გვქონდეს ინფორმაცია, ტრიალებს თუ არა ინფექცია აჭარის რეგიონში“.

მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს იმ ქალაქებში სადაც ბევრი ტურისტი ჩავიდა, განსანსაკუთრებით შავიზღვისპირეთში, კაფე-ბარებში მომუშავე პირები ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარებიან.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე დღეს, 19 აგვისტოს, განაცხადეს. ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტურისტებთან აღნიშნულ დაწესებულებათა თანამშრომლების ხშირი კონტაქტით ხსნის:

აჭარაში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა, ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სულ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი.

სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს – ყაჩაღობა ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე, მოხდა.

დაზარალებულმა კაცმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას თავს დაესხა ერთი კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. მან გვითხრა, რომ თავში ჩაარტყეს აგური ან რკინის საგანი.

კაცს დაზიანებები აქვს სახის არეში, ხოლო სისხლის კვალი – თავის არეში.

კაცმა თქვა, რომ თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

დაზარალებული კაცი

ადიდებული ჭოროხიდან 3 მეთევზე გამოვიყვანეთ – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, „ბათუმში მდინარე ჭოროხი ადიდდა და სამი მეთევზე ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას. ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბათუმის ორი სამაშველო ეკიპაჟი“.

მაშველებმა მეთევზეები გამოიყვანეს.

უწყების ცნობით, „მეთევზეები მდინარეში შექმნილ კუნძულზე იყვნენ და ადიდებული წლის გამო ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. მაშველებმა ისინი ნავით გამოიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“.

იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში დღეს არ წვიმდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვკითხეთ, მდინარე ჭოროხის ადიდება კაშხლებზე წყლის გაუფრთხილებლად გაშვებამ ხომ არ გამოიწვია. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მდინარე ჭოროხი მოულოდნელად ადიდდა. საქმე იმაშია, რომ საქართველო-თურქეთის საზღვართან, დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ, მდინარე  ჭოროხი ყოველდღიურად საათობით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით იკეტება. მდინარის გადაკეტვის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ჭოროხის კალაპოტის ძირითად ნაწილზე წყალი აღარ რჩება.

ეს არც ისე უსაფრთხოა, რადგან წყლის გამოშვების შემთხვევაში, ადგილი აქვს მდინარის მოულოდნელ და ელვისებურ მოვარდნას.

სავარაუდოდ, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

მთავარი ფოტო: საგანგებო სიტუაციების სამსახური

გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას

გომის მთის ცენტრში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებლად შენიშნავთ დიდ ტრაფარეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას წელს რომ გამოუკრავს. „უკანონო მშენებლობა დაჯარიმდება“ – წერია აქ. თუმცა გომის მთაზე ჯერ არავის დაუდგენია, რა არის კანონიერი და რა – უკანონო. თვალის მოვლება საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ თუკი ყველგან სახლი აშენდება, სადაც ახლა რკინის ბოძებია ჩასხმული, ნისლებზე ყურებას ან ღრუბლებს ზემოდან ყოფნით ტკბობას ვერავინ ვეღარ შეძლებს.

გომის მთაზე მშენებლობები წელს ნაწილობრივ შეჩერდა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მთის აღმართის დასაწყისში სამართალდამცველები გამოჩნდნენ და აღარ ატარებენ მანქანებს, რომლებსაც მთისკენ სამშენებლო მასალები მიაქვთ. თუმცა მოაგარაკეები ჰყვებიან, რომ „შემოვლითი გზები“ დარჩა გავლენიანი ადამიანებისთვის. მთაში ახლა იმაზეც საუბრობენ, რომ აქაურობით ივანიშვილები დაინტერესდნენ, ბერა ივანიშვილიც იყო მთაზე ასული და შეკვეთილიდან პირდაპირ გომის მთის ნისლებში ამოატარებენ საბაგიროსო.

ვეტექიმი, ექიმი, ტელეფონი – რა აწუხებს ხალხს

გომის მთაზე დაკეტილი სახლი უკვე იშვიათობაა. აქაურობას მოიალაღეებიც დაუბრუნდნენ, მოაგარაკეები და ისინიც, რომლებსაც გომის მთაზე ტურისტული ბიზნესის წამოწყება სურთ. პრობლემაც სხვადასხვაა. მოიალაღეებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ ვეტექიმი ადგილზე არ არის, ასევე არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. მოაგარაკეები კი, აუცილებლად გკითხავენ, როდის და როგორ მოხერხდება საკუთრების რეგისტრაცია. ჯერ კიდევ ბევრია საერთო პრობლემები: ტელეფონი, რომელიც მთის წვერზე იჭერს, ისიც კონკრეტულ ადგილებში, გზა, წყალი და შუქი, რომელიც ზოგიერთ დასახლებაში ისევ ხელმიუწვდომელია. პრობლემაა საკანალიზაციო სისტემის არარსებობაც, რომელზეც ახლა უკვე ახლო-ახლო აშენებული სახლების მეპატრონეები შემოგჩივლებენ.

„…მე აღარ მახსოვს, იმდენი წელია დავდივარ აქ,“ – გვიყვება რევაზ ჯაყელი. ის ხარიათაღზე ცხოვრობს, სადაც, ძირითადად, მოიალაღეები ცხოვრობენ და ზაფხულობით აქ საქონელი ამოჰყავთ.

„როგორც მომთაბარე კაცი, გეტყვით, რომ გვიჭირს ვეტექიმი. პირუტყვს აცრა სჭირდება, დაავადება რომ არ შემოვიდეს, ტურისტი უკვე ბევრია მოაგარაკეების მხარეს, აქეთ გადმოდიან და რძის ნაწარმს ყიდულობენ… ბევრჯერ საჭირო გახდა ვეტექიმი და შუახევიდან ამოვიყვანეთ. ახლობელი იყო და იაფად გამოვედით, თორემ ისე პრობლემაა. აუცილებლად საჭიროა ექიმიც. ამას წინათ, მშენებლობაზე გადაიჭრა კაცმა ხელი, სამი საათი სჭირდება ოზურგეთიდან ან შუახევიდან აქ სასწრაფოს ამოსვლას… კიდევ კარგი, დამსვენებლებში ერთი ექიმი აღმოჩნდა და იმან შეუჩერა სისხლდენა, თორემ ვერ ვუჩერებდით სისხლს. როცა ამდენი ადამიანი ცხოვრობს, ექიმიც საჭიროა,“ – გვითხრა რევაზ ჯაყელმა.

რევაზ ჯაყელი

„…პრობლემაა ტელეფონზე ლაპარაკი, გორაზე იჭერსო, ამბობენ. ავდივარ ზოგჯერ, არ არის… არც ტელევიზორი აჩვენებს. აქ რომ ივნისში ამოვდივართ, სექტემბრის 10-ის მერე ვბრუნდებით უკან, ხომ უნდა გავიგოთ ამბავი?“- კითხულობს ნოდარ დავითაძე.

ნოდარ დავითაძე

გზების კეთილმოწყობაზე და კანალიზაციის სისტემის არარსებობაზე გვესაუბრა ცოლ-ქმარი: ილია ბალაძე და სელვა ნაკაშიძე. მათი თქმით, რადგან მშენებლობები უსისტემოა, სამეზობლო დავებმაც იმატა. სელვა და ილია წელსაც ფეხით ამოსულან გომის მთაზე. ფეხით შუახევიდან გომის მთამდე დაახლოებით 35 კილომეტრია.

„…როცა საქონელი ბევრი გყავს, უკეთესია, თუ ფეხით წამოიყვან, ტრანსპორტი წყენს საქონელს, ცოდვაა… ადრე დილას ვდგებით და მოვდივართ, რამე არ არის,“ – ღიმილით გვიყვება ილია და შეშის ღუმელთან ახლოს ჯდება. ზაფხულია, მაგრამ ზოგჯერ გომის მთაზე ცივა.

„რამე არა ჰო,“ – საუბარში სელვა ერთვება, ღუმელზე შემომდგარ ქვაბში ნადუღს ხის კოვზს ურევს და მიყვება, – „ცოლად რომ გავყევი, ნამყოფი არ ვიყავი გომის მთაზე, მითხრა, დილას მივდივართო. წამოვედით და გზაში ამბობს, ახლა მოვა მანქანა, ახლა მოვაო და ასე ამოვედით ფეხით…“ – გულიანად იცინის.

სელვა ნაკაშიძე

სელვას მას შემდეგ არც ერთი წელი ჩაუგდია. ზურგს უკან ნახატს გვაჩვენებს, ეს ილიას ნამუშევარია, ახალგაზრდობაში ხატავდაო.

„ვხატავდი კი, მეშვიდე კლასიდან, ეს გოგონებია, ზღვაზე არიან, იატაკის ჩვეულებრივი საღებავებით დავხატე და მოეწონათ… არა, გამოფენა არ მომიწყვია, ახლა აღარ ვხატავ,“ – გვიყვება ილია.

„აქ რომ ამოვდივარ, წამალი აღარ მჭირია… იქ, ბარში წამალიო, გადასხმებიო, მერე აქაც მომაქვს ყველაფერი, მაგრამ აქ ხანდახან წნევის წამალს თუ დავლევ, ისაა,“ – დასძინა სელვამ.

ილია ბალაძე

გომის მთაზე ატარებს არდადეგებს მეშვიდეკლასელი ლიზი ჭაღალიძეც. ამბობს, რომ თავდაპირველად ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე ცხოვრებასთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ბავშვებთან ერთად გაერთო, ბებიას კაიმაღის გამოხდასა და აჭარული ყველის ამოყვანაში ეხმარება.

„იცით, ნისლში თუ დაიკარგებით, ძროხას უნდა გაყვეთ უკან, ბაბუა დაკარგულა მასე ადრე ბავშვობაში და მერე ძროხას მოუყვანია სახლში,“ – იცინიან ბავშვები და წრეში ბურთის თამაშს იწყებენ.

ვის ეკუთვნის საკუთრება გომის მთაზე? – რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 

საჯარო რეესტრმა გომის მთაზე საკუთრების უფლების აღიარების სისტემური რეგისტრაცია გუშინ, 17 აგვისტოს დაიწყო. სისტემური რეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ამზადებს ან გამოითხოვს ყველა საჭირო დოკუმენტს საჯარო უწყებებიდან, რაც რეგისტრაციისთვისაა საჭირო. ამ ეტაპზე საკუთრება დაბა გომის მთაზე არავის აქვს დარეგისტრირებული.

რა პირობით არის შესაძლებელი საკუთრების მიღება? – საჯარო რეესტრის პრესცენტრში გვითხრეს, რომ უნდა არსებობდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე გათვალისწინებული იქნება ფაქტობრივი ფლობა.

რამდენწლიანი ფაქტობრივი ფლობა უნდა დადასტურდეს და რა ფორმით? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, მაგრამ სახლი უკვე აშენებულია? – საჯარო რეესტრის პრესსამსახურში გუშინ, 17 აგვისტოს დაგვპირდნენ დეტალური პასუხის მოწოდებას, თუმცა დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას აღარ უპასუხეს.

ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, „ბათუმელებისთვის“ ვერც ოზურგეთის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მოიცალეს. ოზურგეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით კი, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა დაბა გომის მთაზე აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყეს და საკუთრებას ის მიიღებს, ვინც საარქივო დოკუმენტით დაადასტურებს, წინაპარი რომ ფლობდა საკუთრებას გომის მთაზე.

„თუ იქნება ახალი სახლი იმაზე მეტი, რაც მის წინაპარს ჰქონდა, იგი მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა… ასევე გათვალისწინებულია ფაქტობრივი ფლობა, თუმცა როგორ და რა პირობით, ამას საჯარო რეესტრმა უნდა უპასუხოს,“ – გვითხრეს ოზურგეთის მერიის პრესცენტრში.

ოზურგეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოქტომბერში დაიწყება ოზურგეთი-გომისმთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, გზა მოასფალტდება და ამისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ნიუ როუდი“ შეასრულებს. ოზურგეთის მერიაში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოეწყობა კანალიზაციის სისტემა კურორტზე. კურორტზე ასევე დასამთავრებელია სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები, რაზეც ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.

„გზა როცა მოეწყობა, შემდეგ მოეწყობა ამბულატორია და სხვა ობიექტები, ჯერ ტენდერი გამოცხადებული არ არის,“ – დასძინეს ოზურგეთის მერიის პრესცენტრში.

გომის მთის ცენტრში გამოკრული განცხადების მიუხედავად, ოზურგეთის მერს ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებია. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა უკანონოდ დაწყებული მშენებლობების შეჩერება შეძლო.

და ბოლოს – საბაგირო გზა შეკვეთილიდან გომის მთამდე – ოზურგეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა.

 

 

19-31 აგვისტოს ფურტიო-სხალთის გზა დღისით ჩაიკეტება – იგეგმება ასფალტის დაგება

ხვალ, 19 აგვისტოს, ფურტიოს ხიდიდან სხალთის ხიდამდე მონაკვეთში, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეიზღუდება ავტომობილების მოძრაობა. დღის ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება მომდევნო დღეებშიც, 31 აგვისტოს ჩათვლით. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ამ მონაკვეთში გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოებია.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთში გზა არის ვიწრო, ამიტომ სამარშრუტო მიკროავტობუსებს შეძლებისდაგვარად გავატარებთ, იმის მიხედვით, როცა ამის საშუალება გვექნება სპეცტექნიკის მუშაობიდან გამომდინარე. ასფალტის დამგები მანქანა, ფაქტობრივად, კეტავს გზის მთლიან სავალ ნაწილს“, – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

ამის მიუხედავად დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მომსახურებით სარგებლობა არ შეეზღუდება“.

„შუახევის მუნიციპალიტეტში, ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის კმ1+600-კმ4+800 მონაკვეთზე, რომელიც უკავშირდება ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის ხეობას, 2020 წლის 19 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გზის სავალ ნაწილზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაო პროცესის გამო 9:00 საათიდან 21:00 საათამდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

სხალთა-ხიხანის ხეობა / ხედი ხიხანის ციხიდან / ფოტო: „ბათუმელები“

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან, სხალთა-ხიხანის ხეობა

„ქალი კაცებთან ასე არ უნდა მოიქცესო“ – რესტორნის ყოფილი თანამშრომელი დამსაქმებელს უჩივის

„ქალი ასე არ უნდა მოიქცეს სუფრასთან, სადაც მამაკაცები არიანო… მაგ ბოთლს გაგთხრი ერთ ადგილზეო… სხვა სუფრასთან რომ მოხვდე, მამაკაცები ამას სხვანაირად მიიღებენ, ხელითაც შეგეხებიან და სხვა რამესაც გიზამენო…“ – ამას ბათუმში, რესტორან ROUTE 66-დან გათავისუფლებული თანამშრომელი, ქრისტინა ნანიკაშვილი ამბობს. მისი თქმით, ის დისკრიმინაციული ნიშნით შეურაცხყო რესტორნის მფლობელმა – ირაკლი გოგინავამ და ამავე მოტივით დაითხოვა სამსახურიდან. შემთხვევა 14 აგვისტოს მოხდა. ქრისტინა ნანიკაშვილი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს დისკრიმინაციის დადგენის მოტივით.

„ამ რესტორანში მიმტანად მუშაობა ივნისის ბოლოს დავიწყე… ხელშეკრულება არ მქონდა და არც გათავისუფლების ბრძანება ჩაუბარებიათ, ყველა სმენის ბოლოს გვიხდიდნენ ფულს დღიურად,“ – გვიყვება ქრისტინა ნანიკაშვილი. – „იმ საღამოს, როცა მუშაობა დავასრულეთ, ღამის 12 საათი იყო, უფროსები ერთ მაგიდასთან ისხდნენ და საჭმელად მიგვიპატიჟეს, სახლებში მერე წადითო. ზოგადად, კარგი ურთიერთობა გვქონდა თანამშრომლებს უფროსებთან… სამი თანამშრომელი სუფრას შევუერთდით.

ბევრ თემაზე ვხუმრობდით, მათ შორის, ჩემზე და ლაშაზე. ლაშა ბარმენია და ჩვენ მუდმივად ვკინკლაობდით, რა თქმა უნდა, ხუმრობით… გვეუბნებოდნენ, კატა-თაგვივით ხართო. მერე ჩემმა უფროსმა უთხრა ლაშას, შენს ადგილზე რომ ვიყო, ფეხებით დავკიდებდი ამ გოგოს, ისე გიშლის ნერვებსო. მე ვუთხარი, ვერაფერსაც ვერ მიზამს-მეთქი და ლიმონათის ბოთლს მოვკიდე ხელი. ბოთლი იმის ნიშნად წამოვწიე მაგიდიდან, რომ თუ რამე, ჩაგარტყამ-მეთქი და ლაშას ვუყურებდი. ამაზე გაგიჟდა ირაკლი, რესტორნის უფროსი. ჩვენ აქ კაცები ვზივართ სუფრასთანო და პირდაპირ გადმოვიდა შეურაცხყოფაზე, მაგ ბოთლს გაგთხრი ახლა ერთ ადგილზეო. ჩემთვის ასეთი რეაქცია ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ირაკლი მანამდე კარგად მექცეოდა… ვიჯექი ენაჩავრდნილი და ვერაფერს ვამბობდი. ვერ მივხვდი, რატომ დავიმსახურე ასეთი შეურაცხყოფა. ის კიდევ არ ჩერდებოდა და ამბობდა, რომ სხვა სუფრასთან და სხვა კაცებთან თუ ასე მოვიქცეოდი, სხვანაირად გაიგებდნენ, ფიზიკურადაც შემეხებოდნენ და სხვა რამესაც მიზამდნენ…

მე იქვე ვკითხე ლაშას, გეწყინა რამე-მეთქი და არაო. ავდექი და ვთქვი, რომ მივდიოდი, რადგან ამის მოსმენა აღარ შემეძლო. დამიყვირა, დაჯექიო. ისევ დავჯექი. არ ვეპასუხებოდი. მერე ამაზე გაბრაზდა, ნახეთ, არც კი მისმენსო. რადგან არ გესმის ჩემი სიტყვები, აკრიფე შენი ნივთები და წადი აქედანო.

არავინ დამიჭირა მხარი, ყველა დუმდა… ავდექი და გარეთ გამოვედი, ვტიროდი. გზაში ლაშა დამეწია, მითხრა, რომ უფროსს სათანადო პასუხი გასცა…“ – მოგვიყვა ქრისტინა ნანიკაშვილი.

ქრისტინას თქმით, ის ყოფილ დამსაქმებელს ამ შემთხვევიდან მესამე დღესაც შეხვდა. ქრისტინა ამბობს, რომ უფროსმა მას ისევ მიაყენა შეყრაცხყოფა.

„…ვუთხარი, აქ დაბრუნებას მე მაინც არ ვაპირებ, მაგრამ თქვენ არაფერი გაქვთ ჩემთვის სათქმელი-მეთქი და არაო, გათავისუფლებული ხართ სამსახურიდანო. მერე აღელდა და ისევ ბოთლზე დაიწყო საუბარი… მითხრა, როცა გაიზრდები, მიხვდები რაცაა პრობლემაო. როდის უნდა გავიზარდო, როცა უკვე 27 წლის ვარ? რის გამო დავიმსახურე ეს სიტყვები-მეთქი – კიდევ ერთხელ ვკითხე და შემაგინა მეც და ყველა იმ პირსაც, ვინც ჩემ მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა,“ – დაასრულა ქრისტინა ნანიკაშვილმა.

„არ იყო ეს დისკრიმინაცია, როგორ გეკადრებათ? ქალბატონებს მე პატივ ვცემ ყველას…“ – გვიპასუხა ROUTE 66-ის მფლობელმა, ირაკლი გოგინავამ. ის ადასტურებს სიტყვიერ შელაპარაკებას თანამშრომელთან და ამბობს, რომ ქრისტინა ნანიკაშვილი სამსახურიდან თანამშრომელთან არასათანადო მოპყრობის გამო გაუშვა. რესტორნის მფლობელი არ აკონკრეტებს, რა იყო „არასათანადო მოპყრობა“.

„თუ შეიძლება, მაგ საკითხზე არ ვისაუბრებ, არ მინდა, კიდევ უფრო გავამწვავო ეს საკითხი… ის ასევე ვერ უმკლავდებოდა თავის პროფესიულ მოვალეობას. გათავისუფლების ბრძანება არ გაგვიფორმებია, რადგან სტაჟიორი იყო, ჩვენ სტაჟიორებსაც ვუხდით ანაზღაურებას. მას მარტო მე არ ვაძლევდი შენიშვნებს, მაგრამ შენიშვნებს არ იღებდა, ადმინისტრატორი ქალია და იმის შენიშვნებსაც არ იღებდა. კარგი, მე მამაკაცი ვარ და შესაძლოა გრცხვენია რაღაც, მაგრამ ქალისგან რატომ არ იღებდა შენიშვნას?“ – კითხულობს ირაკლი გოგინავა.

რესტორნის მფლობელი კონფლიქტის დღეს ასე იხსნებს:

„…იმ დღესაც ვისაუბრე მაგაზე, რომ ჩვენ ერთი ოჯახივით უნდა ვიყოთ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს… ესენი სულ კინკლაობდნენ – ბარმენი და ქრისტი. კი იძახდნენ, ჩვენ ვხუმრობდითო, მაგრამ როდესაც კლიენტი ზის მაგიდასთან და ხედავს ამ ყველაფერს, იმისთვის უხერხულია…. საღამოსაც, როცა სუფრასთან ვიყავით, ისევ შენიშვნა მივეცი და ამას მოჰყვა ცოტა ენის ტლიკინი. იმ ბიჭმაც უთხრა, ბარმენმა, რომ არასწორი ხარო… სხვებმაც ეს უთხრეს, არასწორი ხარო…

მე არ მითქვამს კაცებთან ნუ მოიქცევი ასე, ვუთხარი, რომ სუფრასთან არ შეიძლებოდა ასე მოქცევა, ეს ძალიან ცუდად შეგიბრუნდება და ეგ დაიმახსოვრე-მეთქი.

მერე როცა იყო მოსული კიდევ, ისევ ეგ ვუთხარი, როცა გაიზრდები, მიხვდები მაგას, რომ საზოგადოებაში ასე მოქცევა არ შეიძლება და სხვაგან შესაძლოა, უკურეაქცია მოჰყვეს, ვიღაც ისე მოგექცეს, რომ ნაწყენი დარჩები-მეთქი,“ – გვითხრა ირაკლი გოგინავამ.

ირაკლი გოგინავას ეჭვი აქვს, რომ მის ბიზნესს მიზანმიმართულად უტევენ, თუმცა ჯერ ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი არ სურს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ამავე რესტორნის ბარმენსაც, რომელიც ამ შემთხვევის მოწმეა. მან გვითხრა, რომ სასაუბროდ არ სცალია და როცა მოიცლის, თავად დაგვიკავშირდება. ბარმენის ზარს „ბათუმელები“ მთელი დღის განმავლობაში ელოდა. მან დღის ბოლოს ტელეფონი გამორთო.

____

მთავარი ფოტო: ქრისტინა ნანიკაშვილი

ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

„გაგიგიათ გამოთქმა სხვის სუფრასთან რა გინდოდაო? – ჰოდა, სხვის სუფრასთან რომ არ მოვხვდე, პირდაპირ ქუჩაში მანქანების სავალზე გადავდივარ. აბა, რა ვქნა, ბილიკზე გაივლი, ველოსიპედი გისიგნალებს, ჩაგივლის აგრესიული საყვედურით, სად დადის ეს ხალხიო; აქეთ კაფეა, იქითაც კაფეა, ნაბიჯს გადადგამ მანქანა დგას, არაა საშველი, ახლაც სულ ტყუილად ვლაპარაკობთ, აღარ უნდა მაგას ლაპარაკი, აგერ მერიაა, მაგრამ მაგათაც არ იციან, კითხვას არ აქვს აზრი“, – გვითხრა მოქალაქემ, რომელსაც ქალაქში ტროტუარების ათვისების თაობაზე ვკითხეთ.

მოქალაქეებს, რომლებიც ბათუმში ძირითადად ქვეითად გადაადგილდებიან, ამ თემაზე საუბარი აღიზიანებთ. ბევრი ამბობს, რომ საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაუძლებს, ვიდრე კაფეებს მომხმარებელი შემოაკლდება: „შემდეგ ტროტუარებსაც გაათავისუფლებენ, მაგრამ იმ ჩაბეტონებულებს რა ეშველება არ ვიცი, იმას ალბათ არავინ მოშლის“, – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა გურამ ბერიძემ.

ფარნავაზ მეფის ქუჩა. ტროტუარის დიდი ნაწილი კაფეს აქვს დაკავებული. ტროტუარის დანარჩენ ნაწილზე კი ავტომანქანა დგას

ბათუმში კაფეებს ყველაზე მეტი მომხმარებელი აგვისტოს მიწურულს ჰყავთ, როგორც მიმტანები ამბობენ, საღამოობით განსაკუთრებული მოთხოვნაა კაფეების შესასვლელებთან, ტროტუარზე განთავსებულ მაგიდებზე, ამიტომაც საღამოს ცხრა საათის შემდეგ მათი უმეტესობა დაკავებული ან დაჯავშნილია.

„ცოცხალი რიგი მაქვს, ყველას გარეთ უნდა დაჯდომა“ – გვითხრა ერთ-ერთი კაფეს მიმტანმა ევროპის მოედანზე. ცოცხალი რიგები, როცა მომხმარებელი მაგიდის გათავისუფლებას ელოდება, ბათუმში კიდევ რამდენიმე კაფესთან ვნახეთ.

კონკრეტულ პერიოდში მოთხოვნის გაზრდა კი უმეტესწილად განაპირობებს იმას, რომ კაფეების მეპატრონეები ადგილზე გაფართოების გადაწყვეტილებას იღებენ, რაც ძირითადად ტროტუარებზე მაგიდების დამატებით, შესაბამისად, ქვეითებისთვის დატოვებული ადგილების კიდევ უფრო მეტად დავიწროებით სრულდება.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა
ლუკა ასათიანის ქუჩა

 

ბევრ ადგილზე კაფეს გვერდით იმდენად ვიწრო ადგილია დატოვებული, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ადამიანი ერთმანეთს თავისუფლად გვერდს ვერ აუვლის. ბათუმში შეხვდებით უფრო პრობლემურ შემთხვევებიც, როცა ნახევრად ათვისებული ტროტუარის შესასვლელთან ადგილი ავტომანქანებს აქვთ დაკავებული და ისეთებსაც, როცა კაფეს მეპატრონეებმა კაფეს ინვენტარი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკებზე დაალაგეს, ასე მათ გადაადგილების მინიმალური შანსიც კი წაართვეს.

ეს არის ადგილი, რომელიც კაფეს მეპატრონემ გამვლელებისთვის დატოვა, მას უსინათლოების ბილიკიც აქვს დაკავებული – ლუკა ასათიანის ქუჩა

არის კაფეები, რომლებმაც ტროტუარი სრულად აითვისეს და ქვეითად მოსიარულეებისთვის მხოლოდ ველობილიკი დატოვეს. არის ისეთებიც, რომლებსაც მაგიდა და სკამები ისე აქვთ განთავსებული, რომ მომხმარებელი მაგიდას ვერ მიუჯდება, ნაწილობრივ მაინც ველობილიკი თუ არ დაიკავა.

ბათუმი დემეტრე თავდადებულის ქუჩა
ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა

ე.წ. ჩაბეტონებულ კაფეებს ბათუმში იმ ადგილებს ეძახიან, სადაც მესაკუთრეებმა ტროტუარებზე მაგიდებისა და სკამების ნაცვლად ტროტუარები არცთუ ისე მსუბუქი კონსტრუქციით შემოღობეს, ბევრგან ბეტონით ამოაშენეს კიდეც. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტროტუარები არასაკურორტო სეზონზეც ასე დარჩება. ამას კეფეების მენეჯერებიც ადასტურებენ, ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი ნებართვები მერიისგან აქვთ მიღებული.

გორგილაძის ქუჩა

 

 

გამსახურდიას ქუჩა

“არ ვაღიარებთ” – შუახევში 64 წლის კაცის დაყაჩაღებაში ბრალდებულები

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა არჩილ დ.-ს და ხვიჩა ც.-ს. მათ 16 აგვისტოს შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღება ედებათ ბრალად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დღეს, 18 აგვისტოს, დისტანციური წესით გაიმართა.

გამოძიების ვერსიით, შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა. პოლიციელებმა ორი პირი იმავე დღეს, 16 აგვისტოს დააკავეს ქედაში.

“დაკავებისთანავე აგვიღეს სისხლის ანალიზი და 5 წუთში მოვიდა პასუხი. ასე უცებ რა დაადგინეს?”- ჰკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ადვოკატს, როცა მოსამართლე დარბაზიდან გასული იყო გადაწყვეტილების გამოსატანად.

მანამდე ორივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხეს მოსამართლეს – “არ ვეთანხმები”. მოსამართლემ მათ ცალ-ცალკე ჰკითხა, ეთანხმებოდნენ თუ არა პროკურორ რომან ბოლქვაძის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას.

პროკურორმა თავის გამოსვლაში ხაზი იმას გაუსვა, რომ ბრალდებულებს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, ხოლო არჩილ დ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება წარსულში ჩადენილი ძარცვისთვის.

“გარდა ამისა, არსებობს მიმალვის საფრთხე,” – დასძინა პროკურორმა რომან ბოლქვაძემ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით ფორსმაჟორში პანდემიის გამო. სად უნდა მიიმალოს ადამიანი, როცა საზღვრები ჩაკეტილია?” – იკითხა ადვოკატმა ნონა ფილაურმა. იგი არჩილ დ.-ს ინტერესებს იცავს. მეორე ბრალდებულს ამ დროისთვის ადვოკატი არ ჰყავს.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რაც არჩილ დ.-ს ბრალეულობას დაადასტურებს.

“ბრალის წარდგენაც კი უკანონო იყო,” – აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლო სხდომების ნაწილი ამ დრომდე დისტანციურად იმართება. შესაბამისად, ბრალდებულებიც ამ პროცესს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ესწრებიან. ამ დრომდე უზრუნველყოფილი არ არის დისტანციურ პროცესზე მედიის ან სხვა დაინტერესებული პირის დისტანციური წესით დასწრება. ჩვენ ამ პროცესს სასამართლო სხდომის ცარიელ დარბაზში კომპიუტერიდან ვადევნებდით თვალს.

ამ თემაზე:

64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

თურქეთში სამუშაოდ გადასვლაზე 1366 პირიდან დადებითი პასუხი 1018-მა მიიღო – სააგენტო

აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე, 16 აგვისტოს მდგომარეობით, სულ 1 366 განაცხადი იყო შესული, საიდანაც დადებითი პასუხი 1 018-მა პირმა მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, დროებითი წესით 600-მდე მოქალაქემ უკვე ისარგებლა და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში.

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში.

[დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე]

თურქეთში გადასვლის ნებართვის მისაღებად კი [რეგისტრაციისათვის] პირმა თან უნდა იქონიოს:

  • თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა;
  • მიწვევაში უნდა იყოს მითითებული მიწვეული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი – სამი თვე;
  • მიწვევის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
  • აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი.

გაითვალისწინეთ, ერთი მობილურის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია.

როგორ მივიღოთ მიწვევა თურქეთიდან და როგორ დავრეგისტრირდეთ თურქეთში დროებით მომუშავე პირთა ბაზაში? – ასევე ვის უნდა მიმართოთ, თუ რეგისტრაციას ვერ ახერხებთ ან დადებითი პასუხი ვერ მიიღეთ? – ამ დეტალებზე პასუხის მისაღებად გადადით ბმულზე: 

როგორ წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ – ნახეთ ვიდეოინსტრუქცია [ვიდეო]

თიბისის მხარდაჭერით ყველის ქარხანა „სანტა“ წარმოებას აფართოებს

ალბათ გსმენიათ 20 წლის წინ თბილისიდან სოფლად გადასახლებული ქალის შესახებ – დარეჯან კანთელაძემ წალკის რაიონის სოფელ სანტაში ფერმის მოვლა და ყველის წარმოება რომ წამოიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, აქ და ახლა საქართველოს სამხრეთში ალპურ ზონაში ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა“ ფუნქციონირებს და თიბისის მხარდაჭერით ის კიდევ უფრო ფართოვდება.

დარეჯან კანთელაძემ შეღავათიანი აგროკრედიტით გერმანიაში საუკეთესო ჯიშის ძროხები შეიძინა და წალკაში ჩამოიყვანა.

„ძროხები გერმანიიდან ერთი თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ტრანსპორტირება ხმელეთით მოხდა. ძროხები სპეციალურად შევარჩიეთ, რომ ჩვენს გარემოსა და ბუნებრივ პირობებს ადვილად შეგუებოდნენ. ფერმის გაფართოება დიდი ხანია მინდოდა და სწორედ ახლა, ეს შესაძლებელი გახდა. ამჟამად ჩვენი ფერმაში 232 სული ძროხაა,“ – ამბობს დარეჯან კანთელაძე, „სანტას“ დამფუძნებელი.

ნამატი ფერმაში წარმოებული პროდუქციის მატებასაც ნიშნავს, ამჟამად „სანტაში“ თვეში საშუალოდ 10 – 12 ტონა ყველს აწარმოებენ. „ალპიას“ ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ყველი რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. უახლოეს მომვალში „სანტა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს და რძის სხვადასხვა ნაწარმის დამზადებას აპირებს.

„სანტაში“ 30-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. დარეჯან კანთელაძე თიბისის პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2018-ის“ გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“.

მეამბოხე რომანტიკოსი

ის ამბობს, რომ დაბადების ადგილი განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას. სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, ალბათ სხვა იქნებოდა.

დაიბადა ქუთაისში. მერე გაექცა ქალაქს, რომელმაც მისი იდენტობა განსაზღვრა. ახლა, ბევრი წლის შემდეგ, სულ ის ადგილი ენატრება და  სულ მცირე თავისუფალი დრო თუ გამოუჩნდება, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.

კითხვაზე, უფრო მწერალია თუ უფრო მუსიკოსი, ამბობს, რომ პოეტი. თან რომანტიკოსი პოეტი, რომელიც წერს წიგნებს და მუსიკას და რომელსაც არ შეუძლია აკეთოს მხოლოდ ერთი საქმე. ბევრ საქმეში გაბნეულობა აქცევს იმად, ვინც არის დღეს.

ერეკლე დეისაძე – ამ სახელისა და გვარის მიღმა უფრო მეტად ექსპერიმენტები დგას, ვიდრე  ერთი კონკრეტული პოეტი ან მუსიკოსი.

„მე არ მიყვარს სტატუსით ერთი რაღაცა. უფრო მივედ-მოვედები ყველაფერს და ეგ მსიამოვნებს. უფრო მეტი სიცოცხლეა ამ პროცესში, ვიდრე რამე  ერთ კონკრეტულში. ყველაზე კარგად მე ვიცნობ საკუთარ თავს, ამიტომ შემიძლია ყველაზე კარგად მოვიტყუო. როცა წინა წლების ინტერვიუებს ვნახულობ, არ მომწონს. სულ რაღაც ლაფსუსებს ვპოულობ. ალბათ ასე იქნება სულ, როცა წლები გავა. ეს ნიშნავს, რომ ვითარდები და რაღაცაში არ ხარ ჩარჩენილი. ამის მუდმივი სურვილი ყოველთვის მქონდა და ვცდილობდი მრავალმხრივი, მრავალფეროვანი სამყარო ყოფილიყო იმაში, რაშიც ვიქნებოდი.

ის, რაც მუდმივად განახლების საშუალებას მაძლევს, არის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ და რომელიც ძალიან მიყვარს, იმის მიუხედავად, რომ აუტანელია. მაინც ჩემია და რაღაც საკუთარ თავში დიდი დოზით ვგრძნობ იმ გარემოს, ამ ქვეყანას, რომელშიც ვცხოვრობ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე და ჩემს ქვეყანას ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია.

გარემოს აუტანლობაში არ ვგულისხმობ პირად კომფორტს, რომელიც რაღაც დოზით ყველას გვაქვს და რომელშიც შეგვიძლია მოვწყდეთ ამ გარემოს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უფრო  იმ სოციუმს და იმ ველს, სადაც ვარსებობთ.

ჩემი პრეტენზია ხალხზე მეტად სისტემის მიმართ არის. ყველა პრობლემის საწყის სათავეს როდესაც მივყვები ფიქრით, მაინც მანდ მივედი – ყველანაირი ბოროტების სათავე მაინც მაქედან მოდის.

ამიტომ, იმისთვის, რომ ბალანსი შედგეს, აუცილებელია ხალხი უფრო  მეტად ახლოს იყოს ერთმანეთთან და გრძნობდეს, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმის უჯრედები. თუ რაღაც უჯრედი დაავადდა, ის მთლიან ორგანიზმს შეჭამს, თუ ამას დროულად არ მივხედეთ და არ ვუმკურნალეთ. ამიტომ მგონია, რომ ხალხმა ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა, სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს, რომ ამას გავუძლოთ და გადავლახოთ. სხვა შემთხვევაში ყოველთვის ასე იქნება.

  • რას ვაპროტესტებ

ბევრი რამ არ მომწონს –  პირველ რიგში უთანასწორობა არ მომწონს, რომლითაც გაჟღენთილია მთელი გარემო. არსებობს მაღალი სოციალური კლასი, არსებობს დაბალი და არ არსებობს საშუალო. ეს იწვევს კლასობრივ გახლეჩვას. ეს გახლეჩვა სამმილიონიან ერში ძალიან შემაშფოთებელია. ეს ნიშნავს, რომ უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ ჩვენ ამის მოსაგვარებლად რამე არ ვიღონეთ.

იმიტომ, რომ ამ ქვეყანას აქვს დიდი რესურსი, ყველაფერი თავისი იყოს და თავისი თავი შეინახოს. სამწუხაროდ, ჩვენი გარემოებებიდან გამომდინარე ყოველთვის რაღაცის, ვიღაცის იმედზე ვართ და ეს ძალიან ცუდია.

იმიტომ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა როცა მოვიპოვეთ, ამისთვის სისხლი დავღვარეთ, მაგრამ რომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს მარტო გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის სიმარტოვესაც, აი, ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით.

ამიტომ ახლა ვფიქრობთ რა ვქნათ.

ეს, პირველ რიგში, არის სისტემის ბრალი, იმიტომ, რომ არ არსებობს ხედვა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს.

  • სისტემა ისევ დასანგრევია?

სისტემის ნგრევაში, პირველ რიგში, ვგულისხმობდი მენტალურ სისტემას, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს. ეს სისტემა უპირველესად ინგრევა თავში. ეს მესიჯი ნიშნავს შინაგანი სისტემის ნგრევას, რაც უფრო მალე გავთავისუფლდებით ამ ყველაფრისგან და დავუბრუნდებით ჩვენს ბუნებრივ საწყისებს, მით უფრო მალე გადავრჩებით და ბედნიერები ვიქნებით, ჩემი აზრით.

სისტემის ნგრევა ეს სლოგანი იქამდე დავიდა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს მიაწერეს. ეს ნიშნავს, რომ იმუშავა ამ სლოგანმა. რაც მეტი ალუზია შეიქმნა მის ირგვლივ, ეს მიანიშნებს მის სიჯანსაღეზე, რომ ეს მუშაობს. ამიტომ, მე მგონია, რომ „სისტემა უნდა დაინგრეს“ ნიშნავს, რომ ეს პროცესი მუდმივად უნდა გაგრძელდეს. ერთი ხელის მოსმით არ ხდება – რაღაცა დაინგრა, ახლა დავჯდეთ, დავისვენოთ და დავტკბეთ ამ ნანგრევებით.

ეს გულისხმობს მუდმივ შინაგან ცვალებადობას და ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს პროცესი დაუსრულებელია. როდესაც ეს პროცესი სრულდება, იქ სრულდება პროგრესი და განვითარება.

Eko & Vinda Folio - სისტემა უნდა დაინგრეს  (The System must be destroyed)

  • სხვები რატომ არ აპროტესტებენ?

რთულია სხვას მოუწოდო. ჩემი დაკვირვებით არ არსებობს კონტექსტის აღქმა და ამის უნარი არ გააჩნიათ. ძალიან დაჩლუნგებული აქვთ, სამწუხაროდ, ქართველ ხელოვანებს შეგრძნებები. მათი მზერა ყოველთვის იქ არის გაყინული, სადაც მედია უკარნახებს. ვიღაცის კაბინეტში დაწერილი დღის წესრიგი, რასაც გვთავაზობენ. აყაყანდება რაღაც ქორო, აყვება პროგრესულების ნაწილი – ხელოვანები, არტისტები… ჩემს თავს არ გამოვყოფ, ხანდახან მეც ვყოფილვარ მათ შორის.

უბრალოდ, მე მოცემულობას ვიაზრებ და ამ ყველაფერზე ვსაუბრობ. მერე ეს ქორო ამ ყველაფერს დაგმობს ერთ ხმაში, მერე ისევ ახალი დღის წესრიგი შემოვა და მუდმივად ამ წრეზე ტრიალი… არავის არ უჩნდება სურვილი ამ წრიდან გავიდეს და რაღაც სხვას შეხედოს. სხვაგან მიმართოს მზერა. ძირითადი პრობლემაც სწორედ მანდ არის. როდესაც ერთ წერტილში ტრიალებ, ვერ ვითარდები.

რაც არ უნდა სწორი ხედვები გქონდეს და „აზრზე მოსული ტიპი“ იყო გარკვეული „ბაბლისთვის“, მაინც „ბაბლის“ პატარა ნაწილი ხარ. ეს არაფერი არაა, მით უმეტეს სამმილიონიან ქვეყანაში. ამ ქვეყანაში არსებობს სოფლები, სადაც არ არის ინტერნეტი და იქ ცხოვრობენ ბავშვები. ვინ ელაპარაკება მათ? ვისი ხმა მიდის იქ? იმ საშინელი არხების, რომლებიც ახლა სოკოებივით მომრავლდნენ და ყველას უკან ისევ პარტიული ინტერესი დგას.

  • სხვაგან წასვლა?

შარშან მქონდა ტურნე საფრანგეთში, საფრანგეთში გამოვიდა ჩემი და ვინდას [Vinda Folio]  პირველი ალბომი. მაგით ის დავამტკიცე, ყველა ცდება, ვინც ასე ფიქრობს – იმისათვის, რომ დაგაფასონ, აუცილებლად უნდა იცხოვრო საზღვარგარეთ, იმ ენაზე უნდა მღეროდე. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ჩვენს ენაზე ვმღერით, რომელიც სხვებს საერთოდ არ ესმით. აქ სულ სხვა რამეა. აქ მთავარი საკუთარ ენაში და საკუთარ ფესვებში იმის პოვნაა, რაც მართლა შენია. რაც განგასხვავებს იმათგან. იმათ შექმნილს მათივე ფორმებით მათზე უკეთ შენ ვერასოდეს ვერ გააკეთებ. შენი უნდა გააკეთო. ამ შემთხვევაში მე ენას მოვარგე ჟანრი და არა ისე, მუსიკას ენა მოვარგო. ამ მიდგომამ გაამართლა. ზოგი ძალიან სუსტია და ყველას ვერ მოთხოვ, შენ აქ უნდა იყო და თავი შესწირო შენს ქვეყანას. მაგრამ სადმე თუ გარბიხარ, გაქცევას აზრი აქვს, როდესაც მოგსდევენ. როცა არავინ არ მოგსდევს, მიდი და ირბინე ამხელა დედამიწაა.

  • ფრაზები თქვენი სიმღერებიდან ფრთიან გამონათქვამებად იქცა – მათ იყენებენ სხვადასხვა კონტექსტში. როგორია, როცა გავლენას ახდენ?

როცა გავაცნობიერე, რომ გავლენას ვახდენ, თავიდან შემეშინდა, რადგან ისეთი ტვირთი ავიკიდე, რომელიც თავის დროზე შეიძლებოდა არ მესურვა. უბრალოდ, შენს საქმეს აკეთებ, მაგრამ ვიღაცებს ამის  მიმართ სხვა მიდგომა აქვთ. ზოგს გადამეტებული სიყვარული, ზოგს პირიქით – ზიზღი. მინახავს როგორც ხანდაზმულების, ასევე ძალიან პატარების რეაქცია. ალბათ ძირითადი მსმენელები უფრო ახალგაზრდები არიან. ყოველთვის ვცდილობ ისეთი ენა მოვძებნო, რომ არ არსებობდეს ასაკობრივი დაყოფა. მახარებს, რომ არ სიმღერებს აქვს მხარდაჭერა როგორც ახალ თაობაში, ისე ძველში.

„შენი ოთახის ფანჯრიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს“ – იუთუბის კომენტარების მიხედვით ყველა ქვეყნიდან ვიღაცას მისწვდა ეგ სიმღერა და კაია. ეს იყო ზიზღზე ჩემი პასუხი. თავს ძალიან დიდ რომანტიკოსად მივიჩნევ. მგონია, რომ თუ ყველა ცვლილებას საფუძვლად დიდი ვნება და სიყვარული არ უდევს, არაფერი არ იქნება სრულყოფილი, იმდენადაც, რამდენადაც სიყვარული უნდა იყოს, რომ რაღაცას მიაღწიოს. ნებისმიერ რევოლუცია, თუ ფუნდამენტად აქვს სიყვარული, ბევრად უფრო მყარი და სრულყოფილია. ჩემს ხასიათშია – რაღაცის მიმართ შეიძლება მქონდეს უკიდეგანო ზიზღი და გაბრაზება,  რაღაცის მიმართ – უკიდეგანო სიყვარული.

Erekle Deisadze -  Sheni Panjridan

მე მიყვარს სოციალური თემები, დაკვირვება იმ გარემოზე, სადაც ვარ. ამის ნაწილია ზუსტად სოციალურ პოლიტიკური აქტივისტური ხაზი, რომელსაც კომენტარებს დავარქმევდი. ეს არის კომენტარები იმ მოვლენაზე, რომელიც ხდება ქვეყანაში.

  • ყოფილა სიტუაცია, როცა არ მოგნდომებიათ კომენტარი?

კი. საზოგადოება თვლის, რომ შენ თუ ერთხელ რაღაცაზე კომენტარი გააკეთე, გამოხატე პროტესტი, ყველაფერი, რაც შემდგომ მათ შეაწუხებს, გთავაზობს რაღაც თემას. შენ ამ თემას ზურგს აქცევ, არ ებმები, ცოტა გაკვირვებულია, რატომ? რა ხდება? აქ დღის წესრიგს მე ვადგენ. არის მომენტი, როცა ხმა არ უნდა ამოიღო. იმიტომ კი არა, რომ თემა არ გაწუხებს, არამედ იმიტომ, რომ იმ ქოროს არ აჰყვე იმ კონკრეტულ მომენტში, რომელიც იცი საიდან მოექანება და საით მიდის. არ მაქვს სურვილი, ამ ქოროს ნაწილი ვიყო. იმ დროს მინდა გავაკეთო კომენტარი, როდესაც მე საჭიროდ ჩავთვლი. რაღაცებში საერთოდ არ ვერთვები, რადგან იქ ჩემს თავს ვერ ვხედავ.

  • რას ებრძვი?

მუდმივად ვებრძვი სიზარმაცეს. გარედან ისე ჩანს, რომ თითქოს პროდუქტიული ვარ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს ის არაა, რაც მე შემიძლია. ალბათ ოდესმე ამასაც დავძლევ და გავხდები უფრო პროდუქტიული. ანუ შინაგან დუღილს იმდენად მეტს ვგრძნობ, რომ ჯერ მაგის გადმოცემის თავი არ მაქვს. ვნანობ, რომ ბავშვობაში ინგლისური არ ვისწავლე, ახლაც არ ვიცი და აუცილებლად მინდა ვიცოდე.

  • გზა დასაწყისიდან დღემდე…

ძალიან რთული გზა გავიარე.  ეს არის გზა, როდესაც თავიდან ყველა უარგყოფს, რცხვენოდათ ვიღაცებს, რომ მათი ნათესავი ვიყავი. ჩემს მშობლებზე არ ვამბობ, სხვებზე, ნათესავებზე, მეზობლებზე, სოციუმზე, სადაც გავიზარდე. 20 წლის ხარ და რთულია, როცა ყველა გლანძღავს, მაგრამ მთავარია არ მიაქციო ყურადღება და როგორმე გაძლო.

ახლა ამაყობენ ჩემით. რა შეიცვალა არ ვიცი. ის წიგნი [„საიდუმლო სირობა“], მაინც ის წიგნია, ჩემი სახელი და გვარი აწერია, რის გამოც თავის დროზე ეგ რეაქცია ჰქონდათ და ალბათ ის შეიცვალა, რომ თვითონ შეიცვალნენ.

ჩემი პირველი წიგნი,  რომელიც წავიკითხე, იყო „ცხოვრება იესო ქრისტესი“. კომიქსებივით იყო, ნახატები ეხატა და ნახატებით იყო მოყოლილი ქრისტეს ცხოვრება. ზღაპარივით წავიკითხე და მივხვდი, რომ შეიძლება გდევნიდნენ შენი სიმართლის და სიტყვის გამო, ამის გამო  ჯვარზეც შეიძლება გაგაკრან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ხარ მტყუანი. ამას რომ მივხვდი, ყველაფრის გაკეთების დროს მჯეროდა ბოლომდე. როცა საკუთარი თავის გჯერა, მერე სხვებიც იჯერებენ.  რაღაცაზე თავის დადება უნდა შეგეძლოს.

ყველაფრის უარყოფა ძალიან მარტივია. შენ უნდა გადაწყვიტო რაა ის რაღაც, რასაც დაარქმევ სახელს და იტყვი, რომ ამის გამო მზად ხარ ყოველთვის მარტო იყო.  თქვა – მზად ვარ ვიყო მარტო და ვაკეთო მარტო. ამას რაც უფრო ადრე მოახერხებ, უკეთესია. მერე, დროთა განმავლობაში, როცა მარტო რჩები, ყველას შენი მარტოობა უყვარდება და აღარ ხარ მარტო.

კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობამდე – ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო. კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან და გომის მთასთან დააკავშირებს, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი უკვე დაწყებულია.

ახალი ტურისტული მიმართულება შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით  3-4-დღიან სალაშქრო ტურისტულ მარშრუტს შექმნის.

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი იმ ადგილებს შორისაა, რომლის მონახულებაც მოგზაურებს ახალ ტურისტულ ბილიკზე  შეეძლებათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის პარკირების პარალელურად ახორციელებს საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანებას, ამზადებენ მარშრუტის ტურისტულ რუკასაც.

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

2020 წლის შემოდგომაზე სააგენტო  მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით გიდებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფოტურს გეგმავს.

ამ  დროისთვის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მთიან აჭარაში 15-მდე ტურისტული მარშრუტი აქვს მარკირებული, რომელიც სხვადასხვა კატეგორიისა და გემოვნების ტურისტზეა მორგებული.

მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება მოგზაურობის მსურველებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე: 577 909093, ასევე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

„ზაფხული ბათუმში“ 26 აგვისტოდან – მუსიკალური არტპროექტისთვის მერია 250 600 ლარს ხარჯავს

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, მუსიკალური არტპროექტის – „ზაფხული ბათუმში“ ფარგლებში, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებების გამართვა 2020 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.

ამ ღონისძიების ორგანიზებისა და გასართობ მომსახურებას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს, რისთვისაც განაცხადით უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობის მისაღებად. განაცხადის მიხედვით, ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 250 ათას 600 ლარი დაიხარჯება.

განაცხადის მიხედვით, თანხა საჭიროა: ბეჭდვითი მომსახურებისთვის, ტექნიკური აპარატურით (განათება-გახმოვანება), კარვებით, დახლებით უზრუნველყოფაში, ასევე სხვადასხვა სამონტაჟო და ტექნიკურ სამუშაოებში, სცენის დეკორაციასა და ჯებირებისა და სხვადასხვა რკინის კონსტრუქციების ტრანსპორტირებისთვის; გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; გადაუხდიან ჰონორარებს მუსიკალურ ჯგუფებს, DJ-სა და სოლოშემსრულებლებს.

„მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პანდემიის გამოცხადებამ და ამ მიზეზით საქართველოში COVID 19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა, მნიშვნელოვანწილად შეზღუდა კულტურული ღონისძიებების განხორციელება. გამომდინარე აქედან გაუქმდა  „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ფესტივალი და სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ბათუმობა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები და სხვ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, შეზღუდვების მოხსნამ და ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების დაშვებამ მოგვცა საშუალება ბათუმში კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად განვახორციელოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების აქტივობა, კერძოდ, მუსიკალური არტპროექტი სახელწოდებით „ზაფხული ბათუმში“, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფას კულტურული აქტივობებით, ხოლო მეორე მხრივ, ამ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარებას“, – აღნიშნულია ბათუმის კულტურის ცენტრის განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით: „ვინაიდან ღონისძიებები დაიგეგმა საზაფხულო სეზონის დასასრულისთვის, ელექტრონული საშუალებით ტენდერის გამოცხადებისათვის არსებული დრო არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების ჩატარების, გამარჯვებულის გამოვლენის და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის. გამომდინარე აქედან მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით არის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები ვერ განხორციელდება“.

 

მთავარი ფოტო: საზაფხულო თეატრი ბათუმის ბულვარში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ჰამაკებისა და მსგავსი ბაზრობების ნაცვლად ავტობანთან მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

„იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში.“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (E60), აგვისტოს მეორე ნახევარში ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება. ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო – დამატებით იქმნება ახალი სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოში 2020 წლის 17 აგვისტოდან რეორგანიზაცია გამოცხადდა. პარალელურად, იქმნება ახალი სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, რომელსაც გადაეცემა სოცმომსახურების სააგენტოს ფუნქციები – ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაწესდა გარდამავალი პერიოდი. გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე ახალი სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა [გარდა შრომის ანაზღაურებისა და მივლინებასთან (სასტუმრო, დღიური) დაკავშირებული ხარჯებისა] დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს.

მთავრობის დადგენილებით:

ახალი სააგენტოს ხელმძღვანელს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე უფლება აქვს საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მომუშავე შესაბამის თანამშრომელთა (შტატით ან ხელშეკრულებით დასაქმებული) უკონკურსოდ გადაყვანა (დანიშვნა) ახალი სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე;

სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე;

ახალი სააგენტო შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარის ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე, ისარგებლებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა;

საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ოფისები გამოყენებულ იქნება ახალი სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად – მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ახალი სსიპ-ის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია.

 

მთავარი ფოტო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ბათუმი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ოთხშაბათს, 19 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი,
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო;

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 19 – 23 გრადუსი,
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსი; ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ (4 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20 და 21 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

18 აგვისტო: ბათუმში კორონავირუსისგან 6 პირი განიკურნა

18 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსისგან 6 პაციენტი განიკურნა, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს.

18 აგვისტოს ბათუმში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურში [კოვიდცენტრში] მკურნალობას აგრძელებს 25 პაციენტი.

ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 3014 პირი.

ამ თემაზე:

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში PCR ტესტი ჩაუტარდა 927 პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთ მოქალაქეს.

ახალი შემთხვევებიდან ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია. სამი იმყოფებოდა კარანტინში, ხოლო მეხუთე პაციენტი სართაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს ცხელების ცენტრიდან.

გამოჯანმრთელდა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა. სტაციონარში მკუნალობას აგრძელებს 25 პაციენტი.

ქობულეთის შემთხვევებიდან კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 მოქალაქე. დამატებით აღებულია 139 პირის ნიმუში, მათ შორის, მიმდებარე კაფეების თანამშრომლების. კვლევების პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.

ამჟამად ჯამში აჭარაში კარანტინში იმყოფება 3014 პირი.

18 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში დამატებით კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი ქვეყანაში არის სულ – 1351, მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1092, გარდაცვლილი – 17; კარანტინის რეჟიმშია – 7597, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 249 პირი.

ქობულეთში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან [კაფე „ჰავანას“ კლასტერი] კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს.

გუშინ, 17 აგვისტოს, ეპიდემიოლოგიურად მოკვლეული და კარანტინში გადაყვანილი იყო კაფე „ჰავანას“ კლასტერთან დაკავშირებული 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული იყო დამატებით 110 პირისგან.

18 აგვისტოს მონაცემებით კი, ქობულეთის შემთხვევებიდან კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 მოქალაქე. დამატებით აღებულია 139 პირის ნიმუში, მათ შორის, მიმდებარე კაფეების თანამშრომლების. კვლევის პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.

კაფე „ჰავანაში“ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. ის „ჰავანაში“ მისულ სტუმრებს ტემპერატურას უზომავდა.

18 აგვისტოს დილის მონაცემებით ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან სულ 6 პირია ინფიცირებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის COVID19-ის დადასტურებელ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში [9 აგვისტოდან] იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში:

  • მედჰაუსი“ – ქ. ქობულეთი, მის: 26 მაისის ქ. N 2
  • “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” – ქ. ბათუმი, მის: ბარათაშვილის ქ. N 30

ტემპერატურის და სხვა სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ ცხელების კლინიკებს:

  • “ინფექციური საავადმყოფო” – ქ. ბათუმი, მის: ქათამაძის ქ. N 11
  • რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო – ქ. ბათუმი, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N 2
  • “მედემერჯენსი” – ქ. ბათუმი, მის: მელიქიშვილის ქ. N 102 ა

 

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები

 

გონიოში სასტუმრო „მგზავრებში“ ხანძარი გაჩნდა

გონიოში სასტუმროში “მგზავრებში” ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრეები. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად სასტუმროში მყოფი 8 ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა. ადგილზე მყოფი ექიმების თქმით, დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდათ დაკვამლიანების გამო.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ცეცხლი სასტუმროში ლიფტს გაუჩნდა.

 

 

ბავშვებს თავად შეეძლებათ სარჩელის შეტანა სასამართლოში – ახალი ცვლილება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით, ბავშვზე მორგებული სარჩელისა და სასამართლო უწყების ფორმები დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილება 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

სარჩელისა და სასამართლო უწყების ფორმების დამტკიცების საფუძვლად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისი პუნქტია მითითებული.

კოდექსის ამ პუნქტით – „საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვის პროცესის კოორდინაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის:

ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ყველა დონეზე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი სასამართლო ფორმების, სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურების და სამართალწარმოების წესის ადაპტირებას“.

ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა:
ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა / წყარო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

„თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლება დაირღვა, შეგიძლიათ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართოთ სასამართლოს. ამისათვის აუცილებელია სარჩელის ფორმის შევსება. ამ ფორმის შესავსებად, თქვენ შეგიძლიათ ვინმე დაიხმაროთ (ოჯახის წევრი, მეგობარი და სხვა). შეეცადეთ, არაფერი გამოტოვოთ და ყველა ნაწილი შეავსოთ. თუ შევსებისას კითხვები გექნებათ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე  (995 32) 2273100 და ჩვენ დაგეხმარებით. თუკი რომელიმე ნაწილის შევსებას ვერ მოახერხებთ, თქვენ მიერ შევსებულ ფორმას სასამართლო მაინც მიიღებს. ნიმუშისთვის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.hcoj.gov.ge“ – აღნიშნულია ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმაში.

ბავშვზე მორგებული სასამართლო უწყების ფორმა:
ბავშვზე მორგებული სასამართლო უწყების ფორმა / წყარო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

„სასამართლო უწყებით თქვენ გეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. იმისათვის, რომ სასამართლო უკეთესად გაერკვეს თქვენს მოსაზრებებში, აუცილებელია უწყებაში მითითებულ დროს გამოცხადდეთ სასამართლოში. სასამართლოში გამოცხადებით თქვენ სასამართლოს მომხდარის სწორად შეფასებაში და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებით. ასევე, შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება სასამართლოს წერილობით გაუზიაროთ. კითხვების არსებობისას დაგვიკავშირდით ნომერზე —————— და ჩვენ დაგეხმარებით“, – აღნიშნულია ბავშვზე მორგებული სასამართლო უწყების ფორმაში.

დადგენილების სანახავად გადადით ამ ბმულზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, „ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტიც“ დაამტკიცა, რომელიც ასევე 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

[toggle title=”სპეციალიზაციის სტანდარტი ნახეთ აქ“]

ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტი

  მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე სტანდარტი განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში ბავშვის მონაწილეობით ან/და ბავშვთან დაკავშირებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეთა სპეციალიზაციის წესს სპეციალური სწავლების მეშვეობით.

მუხლი 2. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეების სპეციალიზაციის სტანდარტის პირობები

სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლე ვალდებულია გავლილი ჰქონდეს შემდეგი ტრენინგები:

ა)  ბავშვის უფლებათა კოდექსი და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო;

ბ) ბავშვის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები;

გ) ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები;

დ) ფსიქოლოგის როლი ბავშვის მონაწილეობით და მასთან დაკავშირებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში;

ე) ძალადობა ბავშვებზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე;

ვ) სოციალური მუშაკის როლი ბავშვის მონაწილეობით ან/და მასთან დაკავშირებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში;

ზ) ბავშვის საჭიროებები და მშობლებთან/ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები.

მუხლი 3. ტრენინგების მოდულის მიზნები

  1. ბავშვის უფლებათა კოდექსი და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო – ამ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს ბავშვის უფლებათა კოდექსის რეგულირების სფერო, მისი ძირითადი პრინციპები და მიზნები, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თვალსაზრისით დადგენილი სტანდარტები და ნორმები, ასევე საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო ბავშვის უფლებებთან მიმართებით.
  2. ბავშვის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები – ამ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს ბავშვის მონაწილეობით ან მასთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას არსებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები.
  3. ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები – ამ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს ნებისმიერი ასაკისა და განვითარების ბავშვთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის თავისებურებები.
  4. ფსიქოლოგის როლი ბავშვის მონაწილეობით და მასთან დაკავშირებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ამ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს ფსიქოლოგის საქმიანობის ძირითადი სფეროები და მუშაობის ინსტრუმენტები, მათ შორის, ის სისტემური პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს საოჯახო დავებში ბავშვის ქცევაზე.
  5. ძალადობა ბავშვებზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე – ამ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე და ძალადობის დიაგნოსტირება-ამოცნობის შესაბამისი ინსტრუმენტები.
  6. სოციალური მუშაკის როლი ბავშვის მონაწილეობით ან/და მასთან დაკავშირებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში – ამ მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს სოციალური მუშაობა როგორც პროფესია და სოციალური მუშაკის საქმიანობის მიზანი და ძირითადი სფეროები, ის სამუშაო ინსტრუმენტები და შეფასების პრინციპები, რომელთაც ეყრდნობა სოციალური მუშაკი საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას.
  7. ბავშვის საჭიროებები და მშობლებთან/ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები – ამ მოდულის მიზანია მოსამართლეების მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ჩართული ბავშვის საჭიროებების, მშობლებთან და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული იმ ფაქტორების გააზრება, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ქცევასა და მის ემოციურ თუ ფიზიკურ კეთილდღეობაზე.

 მუხლი 4. მოსამართლის სპეციალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა

  1. მოსამართლეებისთვის ამ სტანდარტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
  2. იუსტიციის უმაღლესი სკოლა ასევე უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთათვის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარებას.
  3. ტრენინგების გავლის შემდეგ მოსამართლეს გადაეცემა ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ტრენინგთა გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
  4. ის მოსამართლე, რომელსაც გავლილი აქვს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2018-2019 წლებში ორგანიზებული ტრენინგი „ბავშვის უფლებები სამოქალაქო სამართალწარმოებაში (მათ შორის არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები)“ ვალდებულია გაიაროს მხოლოდ ამ სტანდარტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრენინგი.
  5. ამ სტანდარტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტრენინგები წარმოადგენს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეთა სპეციალიზაციის მინიმალურ სტანდარტს.
  6. იუსტიციის უმაღლესი სკოლა წელიწადში არანაკლებ ერთხელ უზრუნველყოფს სპეციალიზებულ მოსამართლეთა განგრძობად სწავლებას ბავშვის მონაწილეობით ან/და მასთან დაკავშირებულ საქმეებზე არსებული სიახლეებისა და მიდგომების გაცნობის მიზნით.
  7. იუსტიციის უმაღლესი სკოლა ტრენინგების კურსის ბოლოს ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აისახება ინფორმაცია სერტიფიცირებულ მოსამართლეთა შესახებ, ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი, მონაწილეთა დასწრების შედეგები, ასევე პროგრამის განხორციელების პარტნიორთა დაკვირვებების შედეგები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  8. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მომზადებული ანგარიში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

[/toggle]

რას ამბობს მინდია ლავასოღლის და თავისი ძმის საქართველოში დაბრუნებაზე

ირინა გორაძე, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის და აცხადებს, რომ მისი ძმა ბელორუსშია. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მინდია ლავასოღლი სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნეს საქართველოში, ირინა გორაძე ამბობს, რომ „მასთან არავითარი შეხება არ აქვს“. მინდია ლავასოღლის დასთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ.

  • ირინა, მინდია ლავასოღლის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დახურული თუ ღია წყაროებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომ უკვე ჩამოიყვანეს საქართველოში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ ვაკეთებ. ის, რომ ან ლუკაშენკოს ბიჭი ჩამოიყვანეს, ან მინდია ლავასოღლი, საერთოდ დიდი აცდენაა. ველოდებით ექსტრადირებას. მე ვარ მინდობილი პირი ჩემი ოჯახის და ჩემი ძმის. არანაირი ურთიერთობა არავისთან და არც იმ სპეცრეისებთან არ გამაჩნია. არ დაიმალება… მე თვითონ არ დავმალავ მინდიას არც ექსტრადირებას, არც არაფერს.

ჩვენთან სახლში იყვნენ [ჟურნალისტები] მოსულები. 62 წლის დედა მყავს. მისი შვილი ჩამოსული არაა და მეტი რომ რამე პასუხი გასცეს, იმას არც უფლება აქვს ამ ეტაპზე, არც ძალა და ენერგია. მე თუ დამიკავშირდებიან, გავცემ სათანადო პასუხს, ლექსო კობაიძის გარდა მე სხვა ადვოკატებიც მყავს, გასცემენ სათანადო პასუხს სამართლებრივად. სასჯელაღსრულებით გადაამოწმონ ჯერ, ოჯახებში რომ ამოწმებენ.

  • კომუნიკაციას ახერხებთ თქვენს ძმასთან, ის საპატიმრო დაწესებულებაშია?

არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს ამ ეტაპისთვის. იქ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმყოფება და ადვოკატის საშუალებით გვაქვს კომუნიკაცია. მე აქ ჩავრჩი საზღვრის ჩაკეტვის გამო.

  • თქვენი ინფორმაციით, ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია? – საქართველოს პროკურატურამ მიმართა ბელორუსიას ექსტრადირების მოთხოვნით?

ექსტრადირება კონფიდენციალური თემაა, არის საკითხები, რაც საქართველოზეა დამოკიდებული და არის საკითხები, რაც სხვა ქვეყანაზე. მე ვერავისკენ ხელს ვერ გავიშვერ. მე [იგულისხმება მინდია ლავასოღლი – ავტ.] რატომ მოვხვდი ბელარუსში, ეგეც არ ვიცი. მაგას უკვე ჩემი ძმის ექსტრადირებას რომ გავაკეთებ და აქ, ქართულ სასამართლოში მექნება საქმე, მერე დავწერ მაგ საჩივრებს, რომ მე ასე ქვეყნიდან ქვეყანაში რატომ მოვხვდი. პირდაპირ ჩემს ქვეყანაში რატომ ვერ მოვხვდი [მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხიდან საქართველოში ექსტრადირების ნაცვლად ბოლორუსში გაუშვეს/წავიდა – ავტ].

ის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც თურქეთთან ჰქონდათ, იმათმა [ბელარუსმა] გამოუგზავნეს მოთხოვნა, გასცენ პასუხი. საქართველოს მოქალაქეა, აქაური კანონმდებლობით გასამართლებულია – 22 წელი აქვს ჩემს ძმას მისჯილი. მე არც საქართველოს მხარეს ვედავები, არც არავის ვედავები. დროის ფაქტორია. 40 დღე ჰქონდა მიცემული. 40 დღე გაიწელება ცოტა, ანუ ექსტრადირების მოლაპარაკების გამო. ბელარუსში ძალიან ცუდი სიტუაციაა და მაგიტომ კომუნიკაცია შეიძლება ვერც მოხდეს, ინტერნეტიც კი გათიშული აქვს ბელარუსიას და ამიტომ შეიძლება გაიწელოს, მაგრამ ის, რომ  მე იქ ორი და სამი წელი გავაჩერო, როგორც თურქეთში იყო…  მაგ დროს მე აღარ ვიცი რაღას გავაკეთებ იგივე ზომებს მივმართავ… ის, რომ რეაგირებას არ გააკეთებს საქართველო, მე არ ვაპირებ გაჩერებას.

რომელ ქვეყანაშიც პატიმარია [მინდია ლავასოღლი] მე ვარ იქ, ახლაც ამ საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ წავედი.

___

მთავარი ფოტო: ირინა გორაძე

გენო თებიძე და მერაბ აბაშიძე – „ლელოს“ კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში დღეს, 17 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა: ბათუმში – გენო თებიძე, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში – მერაბ აბაშიძე. „ლელოს“ ქობულეთში უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.

დღესვე „ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სიის კანდიდატებიც დაასახელა: გიორგი თავართქილაძე, ვაჟა დარჩია, მაკა ცინცაძე, ეკატერინე დავითაძე, მიშა ქავთარაძე, გიორგი დარჩია, რაულ პაქსაძე, დავით მამულაძე, გულნარა აბაშიძე, საბრი ბრუნჯაძე, ივანე ფირცხალაიშვილი. პარტიულ სიაში კანდიდატების რიგითობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ლელომ“ 12 აგვისტოს დაასახელა. ბათუმიდან პარლამენტში „ლელოს“ კანდიდატი ირაკლი კუპრაძეა, ქობულეთში – პაატა ცივაძე, აჭარის მაღალმთიანეთში – ჯამბულ ხოზრევანიძე.

 

9 ვაკანსია ბათუმის მერიაში და 2 აჭარის მთავრობაში

ბათუმის მერიამ ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, დოკუმენტების წარდგენა უკვე დაწყებულია.

მერია ეძებს ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების უფროსს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ. ამ თანამდებობაზე ხელფასი 2000 ლარია. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია არქიტექტურის მიმართულებით და მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება.

მერიას ამავე განყოფილებაში კიდევ სამი სპეციალისტი სჭირდება, კონკურსი შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ითვალისწინებს. სპეციალისტების ხელფასი 1700 ლარია.

კონკურსი გამოცხადებულია ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების პოლიტიკის განკარგვის განყოფილების დასაკომპლექტებლად. ამ განყოფილებაში მერია შეარჩევს სამ უფროს სპეციალისტს. თანამდებობაზე ხელფასი 1400 ლარია.

კონკურსი გამოცხადებულია ასევე პირველი კატეგორიის სპეციალისტის შესარჩევად მერიის განათლების, სპორტისა და კულტურის განყოფილებაში – ხელფასი 1000 ლარია.

ამას გარდა, მერია კონკურსის წესით შეარჩევს მესამე კატეგორიის სპეციალისტს მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში, ასევე სპეციალისტს საქმის წარმოების განყოფილებაში სამუშაოდ.

მესამე რანგის სპეციალისტის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც – ხელფასი 1600 ლარია. ამავე რანგის სპეციალისტი სჭირდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, ქონების მართვის განყოფილების შესავსებად, ხელფასი აქაც 1600 ლარია.

კონკურსი სამეტაპიანია, პირველი ეტაპი წარდგენილი დოკუმენტების გადარჩევას, მეორე ზეპირ დავალებას, მესამე კი კომისიასთან გასაუბრებას ითვალისწინებს.

უფასო ტესტირება მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქობულეთის COVID19-ის შემთხვევებთან – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის COVID19-ის დადასტურებელ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში:

[checklist]

  • მედჰაუსი“ – ქ. ქობულეთი, მის: 26 მაისის ქ. N 2
  • “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” – ქ. ბათუმი, მის: ბარათაშვილის ქ. N 30

[/checklist]

ტემპერატურის და სხვა სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ ცხელების კლინიკებს:

[checklist]

  • “ინფექციური საავადმყოფო” – ქ. ბათუმი, მის: ქათამაძის ქ. N 11
  • რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო – ქ. ბათუმი, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N 2
  • “მედემერჯენსი” – ქ. ბათუმი, მის: მელიქიშვილის ქ. N 102 ა

[/checklist]

კაფე „ჰავანაში“ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. ის „ჰავანაში“ მისულ სტუმრებს ტემპერატურას უზომავდა. მეორე დღეს მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR ტესტი ჩაუტარეს, რომელათგან კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში კი, 17 აგვისტოს დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ კიდევ ორ პირს.

„ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ [18 აგვისტოს] დილით გახდება ცნობილი“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან, 17 აგვისტოს მონაცემებით, სულ 5 პირია ინფიცირებული.

ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი

ახალ ბულვარში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ფესიტვალი მოხალისეებთან შეხვედრით გაიხსნა.

შეკრებილ ახალგაზრდებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ და წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ სიტყვით მიმართეს.

შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღწეული საერთაშრისო აღიარება და ხაზი გაესვა მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშნელობას ახალი კორონა ვირუსის პრევენციისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

მოხალისეები შეხვედრის დასრულებისთანავე ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ და ახალგაზრდული ფესტივალის რეგულაციების მიხედვით გამართვისათვის საჭირო რეკომენდაციებს ავრცელებდნენ. ფესტივალზე შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთავლიერებინათ და შეეძინათ ხელნაკეთი ნივთები, მოესმინათ ყველასათვის საყვარელი ლაივბენდები და მონაწილეობა მიეღოთ ლათინური ცეკვების მასტერკლასებში. ღონისძების მხიარული განწყობის შემქნაზე ოჩოფეხებით მოსიარულე მსახიობები და ანიმატორები ზრუნავდნენ.

ახალგაზრდებისთვის მოეწყო გათამაშებები და გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ვინ გააყალბა წერილი ყოფილი პროფესორის წინააღმდეგ – „საზღვაო აკადემიის პლაგიატის საქმე“

„როგორაა ჩემი ხელმოწერა, როცა მე არაფერი არ ვიცი? საერთოდ, რა წერილზეა საუბარი?… პირველად მესმის თქვენგან. ჩემთან არავის შეუთანხმებია,“ – ამას საზღვაო აკადემიის ემერიტუსი ვლადიმერ ჩხაიძე ამბობს „ბათუმელებთან“. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც უკვე ყოფილი ასოცირებული პროფესორის – ვაჟა ანანიძის წინააღმდეგ წერილს თითქოს ხელს აწერს. 10 ემერიტუსის სახელით წერილი „ბათუმელებს“ საზღვაო აკადემიამ მოგვაწოდა.

ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის უკვე ყოფილი ასოცირებული პროფესორია, რომელმაც აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე მისი კოლეგა ივნისში პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი ამ დრომდე შესაბამის სახელმწიფო უწყებას არ დაუდგენია. ვაჟა ანანიძე კი, რომელმაც აკადემიის პრობლემებზე საჯაროდ საუბარი დაიწყო, საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს.

ვაჟა ანანიძის მხრიდან პლაგიატზე საუბრის შემდეგ, ირაკლი შარაბიძემ განაცხადა, რომ თავისი ნაშრომი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადააგზავნა შესამოწმებლად, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, დაადგინეს, რომ სადოქტორო ნაშრომში მხოლოდ 0,75 პროცენტი იყო მსგავსება სხვის ნაშრომთან, რაც რექტორის აზრით, საერთოდ არ არის პრობლემა.

იმის მიუხედავად, რომ პლაგიატის საკითხი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ემერიტუსები მიიჩნევენ, რომ ვაჟა ანანიძემ საზღვაო აკადემიის პრესტიჟის და მაღალი რეიტინგის შელახვა სცადა [ემერიტუსი აკადემიური წოდებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება პირს განსაკუთრებული დამსახურებისთვის, „აკადემიურ მოღვაწეობაში პროფესიული აღიარებისთვის“].

„ბათუმელები“ წერილის ხელმომწერი 10 ემერიტუსიდან ორს დაუკავშირდა და ერთ-ერთმა – ვლადიმერ ჩხაიძემ გვითხრა, რომ მან ამ წერილის შესახებ არაფერი იცის.

ვინ გააყალბა ემერიტუსების წერილი საზღვაო აკადემიაში? – საკითხის გასარკვევად საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას მივმართეთ, რადგან ეს წერილი, თავის დროზე, სწორედ მათგან მივიღეთ. პრესცენტრში განმარტეს, რომ მათ ემერიტუსების წერილი ორმა ემერიტუსმა – ტარიელ ქოქოლაძემ და შოთა კუნჭულიამ მიაწოდეს. აკადემიის ადმინისტრაციას იმ ფონზე, როცა მათ ყოფილი თანამშრომელი პლაგიატში ადანაშაულებს, არ გადაუმოწმებია, ნამდვილად დაწერეს თუ არა წერილი იმ ემერიტუსებმა, რომელთა სახელებიც წერილის ბოლოს იყო მიწერილი.

„ჩვენ მოგვაწოდეს ეს წერილი და გვითხრეს, რომ ის იყო შეთანხმებული…“ – გვითხრეს საზღვაო აკადემიის პრესცენტრში, სადაც ასევე განმარტეს, რომ, მაგალითად, ვლადიმერ ჩხაიძესთან დაკავშირება ახლა სცადეს, ჩვენი მიმართვის შემდეგ და ის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, ტარიელ ქოქოლაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ემერიტუსების წერილი ნამდვილად მან მიაწოდა პრესცენტრს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, საიდან გაჩნდა იქ, მაგალითად, ვლადიმერ ჩხაიძის ხელმოწერა, თუკი მან წერილის შესახებ არაფერი იცის. ტარიელ ქოქოლაძე გვიყვება, რომ ემერიტუსებმა წერილის გავრცელების გადაწყვეტილება აკადემიის რექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც ვაჟა ანანიძე პლაგიატში ადანაშაულებს. ემერიტუსმა არ გვითხრა, ვინ მოამზადა მათი სახელით წერილი.

„ჩვენ რექტორს შევხვდით, ვლადიმერ ჩხაიძე მე იმ შეხვედრაზე არ მინახავს, არ ვიცი, ვინ ჩაწერა მისი სახელი და გვარი… ჩემი ნაწერიც არის ამ ტექსტში, მერე კორექტურა გააკეთეს და ასე გამზადდა… ეს იყო პრესტიჟის საკითხი. როცა ამბობს ვაჟა ანანიძე, რომ 7-8 კაცს აქვს რეალურად ცოდნაო, დაესახელებია ის 7 – 8 კაცი ვინ იყო. თუ მე ამოვიკითხავდი ჩემს სახელს და გვარს, გავჩერდებოდი. ასე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მე ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს და სხვადასხვა გემზე ვმუშაობდი,“ – გვიპასუხა ტარიელ ქოქოლაძემ.

საკუთარი პრესტიჟის გარდა, რატომ არ აღმოჩნდა საინტერესო ემერიტუსებისთვის თავად საზღვაო აკადემიის იმიჯი, ანუ რატომ არ მოითხოვეს მათ პლაგიატის შესაძლო შემთხვევების გარკვევა, რითაც საბოლოოდ გაირკვეოდა ეს საკითხი? – ამ კითხვას ტარიელ ქოქოლაძემ სატელეფონო საუბრის დროს აღარ უპასუხა. „ხვალ შევხვდეთ და მაგაზე მერე ვისაუბროთ“, – დასძინა მან.

ემერიტუსები „ბათუმელებში“ 2020 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიას „პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე“ ეხმაურებიან. აკადემიის ემერიტუსები ვაჟა ანანიძეს „ორღობის ჭორების გავრცელებაში“ ადანაშაულებენ, რომელიც „თავს მეცნიერულობაზე დებს“.

„ვაჟა ანანიძის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი არის დისციპლინარული გადაცდომა და არა მისი ე.წ. „ბრძოლა“ პლაგიატის წინააღმდეგ… მისი შეფასებებით საზღვაო აკადემიის აკადემიური პერსონალის 89% გამყალბებელია. საინტერესოა საიდან, რომელი კვლევების საფუძველზე მოიტანა მან ეს ციფრები? თვითონ თავს მეცნიერულობაზე დებს და ორღობის ჭორებს რომ ავრცელებს, ნუთუ ვერ ხვდება?“ – წერია ემერიტუსების წერილში.

წერილში ემერიტუსები ხაზს უსვამენ საკუთარ ასაკს და ირწმუნებიან, რომ მტკიცებულებებით დასტურდება საზღვაო აკადემიის მუდმივი აღმავლობა.

„ჩვენ, ჩვენი ასაკიდან და აკადემიაში პედაგოგიური საქმიანობის სტაჟიდან გამომდინარე წარმოვადგენთ იმ პერსონალს, რომლის თვალწინაც გაიარა აკადემიამ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლიდან დღევანდელი ფორმაციის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამდე… თამამად და დადასტურებულად, ანუ შესაბამის დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ  დაარსების დღიდან (1993 წ) დღემდე საზღვაო აკადემია ვითარდებოდა მხოლოდ აღმავლობის მიმართულებით, წარმატებით გაიარა ყველა ნაციონალური და საერთაშორისო რანგის აუდიტი, აკრედიტაცია თუ ავტორიზაცია; ყოველწლიურად ატარებდა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციას, ჩაატარა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია, მათ შორის IMLA-ს კონფერენცია,“ – ვკითხულობთ წერილში.

„5 მაისს მოგმართეთ წერილით საზღვაო აკადემიის პრობლემებზე. ვერ მოიცალეთ, თუ პასუხი არ გაქვთ?“ – ამ ტრანსპარანტით ხელში დღეს, 17 აგვისტოს, საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებულმა ლექტორმა, ვაჟა ანანიძემ ერთკაციანი აქცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან გამართა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არის აკადემიის ზემდგომი. როცა მასთან მიდის სიგნალი, რეაგირება უნდა მოეხდინა… საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეეძლო მინიმუმ მოეკითხა, რა ხდებოდა. მე მხოლოდ ის პასუხი მივიღე, რომ სააგენტომ წერილობით საზღვაო აკადემიას მიმართა. ამის შემდეგ სააგენტოდან პასუხი საერთოდ არ მიმიღია, არც არავინ დამკავშირებია,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე „ბათუმელებთან“. უახლოეს დღეებში ვაჟა ანანიძე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვასაც აპირებს.

„ბათუმელები“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც დაუკავშირდა საკითხის გასარკვევად, სადაც განმარტებას დაგვპირდნენ, თუმცა ეს პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული პროფესორის, ვაჟა ანანიძის თქმით, მას პასუხი არც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიუღია. ამ სახელმწიფო უწყებას უნდა დაედგინა, არის თუ არა პლაგიატი საზღვაო აკადემიის რომელიმე პროფესორის სამეცნიერო ნაშრომში. განათლების ხარისხის ცენტრის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ 22 ივლისს უთხრეს, რომ ვაჟა ანანიძე 3 აგვისტოს მიიღებდა პასუხს. ვაჟა ანანიძემ პლაგიატის დადგენის მოთხოვნით განათლების ცენტრს 12 ივნისს მიმართა. აკადემიიდან გაშვებული პროფესორი ამბობს, რომ ორ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ პასუხი მას დღემდე არ მიუღია. კანონის მიხედვით, ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ვალდებულია საჯარო ინფორმაცია 10 დღეში გასცეს.

„…რამდენიმე წერილია ბატონი ვაჟასგან შემოსული, არ მაქვს უფლება პერსონალური ინფორმაცია გავცე, დაგვიკავშირდეს ბატონი ვაჟა და მას ვეტყვით,“ – გვითხრეს ამჯერად განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში. ცხელი ხაზის ოპერატორს განვუმარტეთ, რომ საქმე უმაღლეს სასწავლებელში პლაგიატის დადგენას ეხება, რაზეც განმცხადებელი პასუხს ვერ იღებს. ოპერატორი დაგვპირდა, რომ ცენტრის ხელმძღვანელობა თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა ამ დრომდე დაკავშირება რომელიმე პასუხისმგებელ პირთან ვერ მოხერხდა.

ამ თემაზე:

ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე

 

 

 

 

აჭარის მთავრობა ბათუმში ნანგრევებს ყიდის და 7 ჰექტარს განათლების ქალაქისთვის ათავისუფლებს

აჭარის მთავრობა ბათუმში, შვიშევსკის ქუჩა N1-ში, სადაც  კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს, ძველი შენობების ნანგრევებს, მისი დემონტაჟისა და გატანის პირობით ყიდის, სანაცვლოდ, მყიდველს შეეძლება დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი მეორადი მასალა თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს.

ფოტო აუქციონიდან

სამინისტროს ინფორმაციით, ძველი შენობები შვიდ ჰექტარზეა განთავსებული, თუმცა აუქციონის პირობებში დაკონკრეტებული არ არის დაახლოებით რამდენ კვადრატულ მეტრს მოიცავს ეს შენობები. ამ ადგილზე მთავრობა განათლების ქალაქის [მათ შორის, კომაროვის სკოლის] აშენებას გეგმავს.

დემონტაჟის სამუშაოების სანაცვლოდ მეორადი სამშენებლო მასალების ათვისების საწყისი ფასი 21 000 ლარია, ბიჯი – 500 ლარი. ელექტრონული აუქციონი 27 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველს მასალების გატანისა და ტერიტორიის გათავისუფლებისთვის ორთვიანი ვადა ექნება.

გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

Exit mobile version