Batumelebi | სოფელი ხულოში, სადაც 20-მდე ტონა კენკრა მოჰყავთ – პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით სოფელი ხულოში, სადაც 20-მდე ტონა კენკრა მოჰყავთ – პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით – Batumelebi
RU | GE  

სოფელი ხულოში, სადაც 20-მდე ტონა კენკრა მოჰყავთ – პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით

როგორ შეცვალა აჭარის მაღალმთიანეთის სოფელში მთლიანად სოფლის მეურნეობის ხედვა ერთმა ადამიანმა, როგორ აღმოჩნდა ამერიკული კალმახის აუზები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და როგორ გაუჩნდა მამულების და ფერმის პატრონს საკუთარი, ძვირადღირებული ტრაქტორი, რომელიც მთელი სოფლისთვის შვებაა ხვნა-თესვის, მოსავლის აღების თუ ცელვა-თიბვის დროს – ამ ამბების შესახებ აჭარის მაღალმთაინეთში გვითხრეს.

იცოდით, რომ კარტოფილის მოყვანა ხულოს რეგიონისთვის არცთუ ხელსაყრელი საქმეა? გურამ ძირკვაძის მონათხრობი, რომელიც თვითნასწავლი აგრონომია, ამაში დაგარწმუნებთ. მან შეძლო და საკუთარი სოფლის, დიოკნისის მცხოვრებლები დაარწმუნა, რომ ჟოლოს მეურნეობა გაცილებით მომგებიანი და მსუბუქი საქმეა, ვიდრე კარტოფილის მოყვანა.

„აჭარა მცირემიწიანი მხარეა, კარტოფილი ვრცელ ველებზე ითესება, აქ კი თითო მოსახლეს მაქსიმუმ მიწის 2000 – 2500 მ/კვ ფართობი აქვს. კარტოფილის მოყვანას აქ აზრი არ აქვს. იაფფასიანი პროდუქტია, მიწას ფიტავს და ეროზიას იწვევს, ხშირი რწყვა სჭირდება. ჟოლოს და მაყვლის  ბაღი კი მცირე ტერიტორიაზეც შეიძლება გაძლევდეს უხვ მოსავალს, მიწასაც არ ფიტავს და ფუტკრებსაც ეხმარება – ძალიან მოსწონთ ფუტკრებს კენკრა – როგორც ნაყოფი, ასევე ყვავილი.

ჟოლოს ბაღები სოფელ დიოკნისში.

„კენკროვანები, მევენახეობა და კურკოვანები – ასე გვესახება სოფელ დიოკნისის სამეურნეო საქმიანობა სამომავლოდ“, – ამბობს თვითნასწავლი აგრონომი.

შვიდი წლის წინ, როცა გურამ ძირკვაძემ ჟოლოს პირველი ბაღი გააშენა სოფელში, მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მხოლოდ მას ჰქონოდა ეს კულტურა. გადაწყვიტა მთელი სოფლისთვის მიეცა ნერგები. 17 ათასამდე ნერგი თანასოფლელებს ავანსად მისცა და ყველას უთხრა, რომ თანხის დაბრუნება შეეძლოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსავალს მიიღებდნენ. თანასოფლელების ბაღში მოყვანილი ჟოლოს რეალიზაციას თავად ეწევა. გურამ ძირკვაძემ ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და სპეციალური მაცივრებით აღჭურვილი მანქანა გადაეცა, რითაც მარტივად დააქვს ბათუმში დიდი რაოდენობით კენკრა და აბარებს.

თვითნასწავლი აგრონომი გურამ ძირკვაძე კენკრის საკუთარ ბაღში. სოფელი დიოკნისი.

დღეს სოფელ დიოკნისში ჟოლო უკვე 3 ჰექტარზე აქვს მოსახლეობას გაშენებული, შარშან 7, 8 ტონა, წელს კი აქაურებმა უკვე 4 ტონა ჟოლო გაყიდეს. სეზონის დასასრულამდე ელიან, რომ ჯამში მინიმუმ 20-მდე ტონა ჟოლოს გაყიდიან. კენკროვანების მეურნეობამ სოფელ დიოკნისში ერთმანეთს 48 ოჯახი დააკავშირა. სოფელში თითოეული ოჯახის შემოსავალი კენკროვანებისგან 5-დან 10 ათასამდე ლარია ყოველწლიურად.

მეურნე გურამ ძირკვაძე ამბობს, რომ მისი მიზანია სოფელში განავითაროს ჟოლოს უსასუქო, ბიომეურნეობა, რაც საბოლოოდ ევროკავშირის ბაზარზეც უნდა აღმოჩნდეს.

გარდა კენკროვანებისა, გურამ ძირკვაძემ 15-მდე უცხო ჯიშის ვაზი გაახარა სოფელში. მათგან 12 სასუფრე ჯიშისაა, დანარჩენი – საღვინე, მათ შორის: ოჯალეში, შარდონე, ჩხავერი, ჯვარი, საბას მარგალიტი, ბლექ მეჯიკი, კარდინალი, ორა, პრიმა და სხვა.

ვაზის საცდელი ჯიში სოფელ დიოკნისში.

გარდა კენკრის ბაღებისა, მეურნე გურამ ძირკვაძემ 15-მდე უცხო ჯიშის საცდელი ვენახიც გააშენა სოფელ დიოკნისში. მათ შორის სასუფრე და საღვინე ჯიშები.

სოფელ ხიხაძირში მცხოვრები ლაშა მიქელაძის საკალმახე მეურნეობაც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა. თავიდან ლაშას ამერიკული ჯიშის კალმახის მხოლოდ 2 აუზი ჰქონდა, ლიფსიტები კუსტარულად იჩეკებოდნენ და ბევრი ეღუპებოდა, ახლა საჩეკი აპარატი აქვს, რითაც დანაკარგი მინიმალურია. ეწევა ლიფსიტების რეალიზაციას, რისთვისაც გარდა საჩეკი აპარატისა, საგრანტო კონკურსის პროექტის ფარგლებში მას  ძვირადღირებული გადასაზიდი ავზიც გადასცეს, თერმოსის პრინციპით დამზადებული. ლიფსიტების გადაყვანისას აუცილებელია წყლის ტემპერატურა იყოს მაქსიმალურად დაცული, რასაც ეს ავზი იდეალურად უზრუნველყოფს. ახლა ლაშას შეუძლია ლიფსიტები მყიდველებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში ჩაუყვანოს.

ლაშა მიქელაძეს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში საკალმახე მეურნეობისთის საჭირო ძვირადღირებული ინვენტარი დაუფინანსდა.

„2 საჩეკი აპარატი მაქვს ახლა, 20 კილოგრამ ქვირითს იტევს. ერთი კილოგრამი ქვირითისგან 8, 10 ათასი ლიფსიტი იჩეკება. რამდენი გადარჩება ამათგან, დამოკიდებულია ინკუბაციის პერიოდში რამდენად იცვლება წყლის ტემპერატურა. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა დამღუპველია ლიფსიტებისთვის.

თავიდან 2 აუზი მქონდა, ახლა 8 მაქვს. სანამ ევროკავშირის კონკურსზე შევიტანდი პროექტს და დამაფინანსებდნენ, მეღუპებოდა ლიფსიტები და მათი გადაყვანაც ჭირდა. საკალმახე მეურნეობა თუ გაქვს, აუცილებელია უნდა გქონდეს კარგი ხარისხის წყალი. ამ მხრივ გამიმართლა, წყაროს წყალი მოედინება ეზოში“, – ამბობს ლაშა მიქელაძე.

5, 6 თვეში მისი ლიფსიტები კალმახებად იქცევიან. აუზებს თითქმის ყოველდღე ასუფთავებს. ასე ამერიკული კალმახის დაავადების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი. აუზის სისუფთავე გავლენას ახდენს თევზის სწრაფ და ნორმალურ ზრდაზეც. კალმახი აუზში თავისუფლად უნდა მოძრაობდეს.

„დიდი მოტივაციაა ევროკავშირის ENPARD-ისა და კარიტასის პროგრამები. იმედი გაქვს, რომ თუ რაიმე ბიზნესი გაქვს დაწყებული, შეიძლება კონკურსში გაიმარჯვო და გაფართოებაში დაგეხმარონ. მთელი ოჯახი ვართ ამაში ჩართულები, დედაჩემი, მე, მამაჩემი – ბიძაჩემი აუზების მშენებლობაში დამეხმარა. ტურისტულ ტურებსაც ვუწევ აჭარაში ორგანიზებას და სანამ პანდემია იფეთქებდა, უამრავი სტუმარი მყავდა ზაფხულობით. მოწნულ ფაცხაში ვუმასპინძლდებოდით ჩვენი კალმახით და ცხელი თონის პურებით – თონეც გვაქვს ეზოში. სოფლების დათვალიერების შემდეგ გემრიელი ვახშმით ძალიან კმაყოფილები იყვნენ ყოველთვის ჩვენი ტურისტები“, – ამბობს ლაშა.

ჩვენ ხულოს კიდევ ერთ სოფელს, საციხურს ვეწვიეთ, რომელიც გამორჩეულია თავისი მდებარეობით, აქ დასამუშავებელი მიწები ციცაბოა და ძნელად მისადგომი. სოფლის მცხოვრებლებს ხელით უწევდათ დამუშავება. ჩალის შეგროვება და მოთიბვა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც საქონლის საკვების ყიდვა უწევდათ.

სულხან ფასანიძე ფერმერია, ჰყავს საქონლის ჯოგი და რძის პროდუქტების რეალიზებას ეწევა. სულხანიც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის გამარჯვებულია, რისთვისაც მას ძვირადღირებული ტრაქტორი გადასცეს თავისი აგრეგატებით, ის ადგილობრივ ფერმერებს დახვნაში, დათესვაში, მოცელვასა და ბალახის, ჩალის დაწნეხაში ეხმარება.

„ერთ სეზონზე დაახლოებით 60 ჰექტარს ხნავს ეს ტრაქტორი, ამდენსავე ჰექტარზე ცელავს, აკეთებს 50 ათას წნეხს. კარიტასის პროგრამაზე შევიტანე განაცხადი და დაგვიფინანსეს ეს ტრაქტორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საციხურისთვის“, – ამბობს ფერმერი.

სულხან ფასანიძე, ფერმერი და ტრაქტორისტი.


ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თემში მცხოვრებლებს დაუფინანსდათ 7 ფერმერული ტრაქტორი. გრანტის სახით გაიცა 91 ათასზე მეტი ევრო, ხოლო თანადაფინანსებამ შეადგინა 44 ათასი ევრო. საერთო ჯამში ხულოში ნახევარმილიონიანი ლარის ინვესტიცია განხორციელდა მექანიზაციის გაუმჯობესების მიზნით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.