მთავარი,სიახლეები

„ზაფხული ბათუმში“ 26 აგვისტოდან – მუსიკალური არტპროექტისთვის მერია 250 600 ლარს ხარჯავს

18.08.2020 • 1423
„ზაფხული ბათუმში“ 26 აგვისტოდან – მუსიკალური არტპროექტისთვის მერია 250 600 ლარს ხარჯავს

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, მუსიკალური არტპროექტის – „ზაფხული ბათუმში“ ფარგლებში, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებების გამართვა 2020 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.

ამ ღონისძიების ორგანიზებისა და გასართობ მომსახურებას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს, რისთვისაც განაცხადით უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობის მისაღებად. განაცხადის მიხედვით, ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 250 ათას 600 ლარი დაიხარჯება.

განაცხადის მიხედვით, თანხა საჭიროა: ბეჭდვითი მომსახურებისთვის, ტექნიკური აპარატურით (განათება-გახმოვანება), კარვებით, დახლებით უზრუნველყოფაში, ასევე სხვადასხვა სამონტაჟო და ტექნიკურ სამუშაოებში, სცენის დეკორაციასა და ჯებირებისა და სხვადასხვა რკინის კონსტრუქციების ტრანსპორტირებისთვის; გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; გადაუხდიან ჰონორარებს მუსიკალურ ჯგუფებს, DJ-სა და სოლოშემსრულებლებს.

„მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პანდემიის გამოცხადებამ და ამ მიზეზით საქართველოში COVID 19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა, მნიშვნელოვანწილად შეზღუდა კულტურული ღონისძიებების განხორციელება. გამომდინარე აქედან გაუქმდა  „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ფესტივალი და სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ბათუმობა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები და სხვ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, შეზღუდვების მოხსნამ და ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების დაშვებამ მოგვცა საშუალება ბათუმში კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად განვახორციელოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების აქტივობა, კერძოდ, მუსიკალური არტპროექტი სახელწოდებით „ზაფხული ბათუმში“, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფას კულტურული აქტივობებით, ხოლო მეორე მხრივ, ამ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარებას“, – აღნიშნულია ბათუმის კულტურის ცენტრის განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით: „ვინაიდან ღონისძიებები დაიგეგმა საზაფხულო სეზონის დასასრულისთვის, ელექტრონული საშუალებით ტენდერის გამოცხადებისათვის არსებული დრო არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების ჩატარების, გამარჯვებულის გამოვლენის და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის. გამომდინარე აქედან მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით არის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები ვერ განხორციელდება“.

 

მთავარი ფოტო: საზაფხულო თეატრი ბათუმის ბულვარში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: