მთავარი,სიახლეები

მეამბოხე რომანტიკოსი

18.08.2020 • 1830
მეამბოხე რომანტიკოსი

ის ამბობს, რომ დაბადების ადგილი განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას. სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, ალბათ სხვა იქნებოდა.

დაიბადა ქუთაისში. მერე გაექცა ქალაქს, რომელმაც მისი იდენტობა განსაზღვრა. ახლა, ბევრი წლის შემდეგ, სულ ის ადგილი ენატრება და  სულ მცირე თავისუფალი დრო თუ გამოუჩნდება, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.

კითხვაზე, უფრო მწერალია თუ უფრო მუსიკოსი, ამბობს, რომ პოეტი. თან რომანტიკოსი პოეტი, რომელიც წერს წიგნებს და მუსიკას და რომელსაც არ შეუძლია აკეთოს მხოლოდ ერთი საქმე. ბევრ საქმეში გაბნეულობა აქცევს იმად, ვინც არის დღეს.

ერეკლე დეისაძე – ამ სახელისა და გვარის მიღმა უფრო მეტად ექსპერიმენტები დგას, ვიდრე  ერთი კონკრეტული პოეტი ან მუსიკოსი.

„მე არ მიყვარს სტატუსით ერთი რაღაცა. უფრო მივედ-მოვედები ყველაფერს და ეგ მსიამოვნებს. უფრო მეტი სიცოცხლეა ამ პროცესში, ვიდრე რამე  ერთ კონკრეტულში. ყველაზე კარგად მე ვიცნობ საკუთარ თავს, ამიტომ შემიძლია ყველაზე კარგად მოვიტყუო. როცა წინა წლების ინტერვიუებს ვნახულობ, არ მომწონს. სულ რაღაც ლაფსუსებს ვპოულობ. ალბათ ასე იქნება სულ, როცა წლები გავა. ეს ნიშნავს, რომ ვითარდები და რაღაცაში არ ხარ ჩარჩენილი. ამის მუდმივი სურვილი ყოველთვის მქონდა და ვცდილობდი მრავალმხრივი, მრავალფეროვანი სამყარო ყოფილიყო იმაში, რაშიც ვიქნებოდი.

ის, რაც მუდმივად განახლების საშუალებას მაძლევს, არის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ და რომელიც ძალიან მიყვარს, იმის მიუხედავად, რომ აუტანელია. მაინც ჩემია და რაღაც საკუთარ თავში დიდი დოზით ვგრძნობ იმ გარემოს, ამ ქვეყანას, რომელშიც ვცხოვრობ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე და ჩემს ქვეყანას ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია.

გარემოს აუტანლობაში არ ვგულისხმობ პირად კომფორტს, რომელიც რაღაც დოზით ყველას გვაქვს და რომელშიც შეგვიძლია მოვწყდეთ ამ გარემოს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უფრო  იმ სოციუმს და იმ ველს, სადაც ვარსებობთ.

ჩემი პრეტენზია ხალხზე მეტად სისტემის მიმართ არის. ყველა პრობლემის საწყის სათავეს როდესაც მივყვები ფიქრით, მაინც მანდ მივედი – ყველანაირი ბოროტების სათავე მაინც მაქედან მოდის.

ამიტომ, იმისთვის, რომ ბალანსი შედგეს, აუცილებელია ხალხი უფრო  მეტად ახლოს იყოს ერთმანეთთან და გრძნობდეს, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმის უჯრედები. თუ რაღაც უჯრედი დაავადდა, ის მთლიან ორგანიზმს შეჭამს, თუ ამას დროულად არ მივხედეთ და არ ვუმკურნალეთ. ამიტომ მგონია, რომ ხალხმა ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა, სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს, რომ ამას გავუძლოთ და გადავლახოთ. სხვა შემთხვევაში ყოველთვის ასე იქნება.

  • რას ვაპროტესტებ

ბევრი რამ არ მომწონს –  პირველ რიგში უთანასწორობა არ მომწონს, რომლითაც გაჟღენთილია მთელი გარემო. არსებობს მაღალი სოციალური კლასი, არსებობს დაბალი და არ არსებობს საშუალო. ეს იწვევს კლასობრივ გახლეჩვას. ეს გახლეჩვა სამმილიონიან ერში ძალიან შემაშფოთებელია. ეს ნიშნავს, რომ უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ ჩვენ ამის მოსაგვარებლად რამე არ ვიღონეთ.

იმიტომ, რომ ამ ქვეყანას აქვს დიდი რესურსი, ყველაფერი თავისი იყოს და თავისი თავი შეინახოს. სამწუხაროდ, ჩვენი გარემოებებიდან გამომდინარე ყოველთვის რაღაცის, ვიღაცის იმედზე ვართ და ეს ძალიან ცუდია.

იმიტომ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა როცა მოვიპოვეთ, ამისთვის სისხლი დავღვარეთ, მაგრამ რომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს მარტო გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის სიმარტოვესაც, აი, ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით.

ამიტომ ახლა ვფიქრობთ რა ვქნათ.

ეს, პირველ რიგში, არის სისტემის ბრალი, იმიტომ, რომ არ არსებობს ხედვა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს.

  • სისტემა ისევ დასანგრევია?

სისტემის ნგრევაში, პირველ რიგში, ვგულისხმობდი მენტალურ სისტემას, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს. ეს სისტემა უპირველესად ინგრევა თავში. ეს მესიჯი ნიშნავს შინაგანი სისტემის ნგრევას, რაც უფრო მალე გავთავისუფლდებით ამ ყველაფრისგან და დავუბრუნდებით ჩვენს ბუნებრივ საწყისებს, მით უფრო მალე გადავრჩებით და ბედნიერები ვიქნებით, ჩემი აზრით.

სისტემის ნგრევა ეს სლოგანი იქამდე დავიდა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს მიაწერეს. ეს ნიშნავს, რომ იმუშავა ამ სლოგანმა. რაც მეტი ალუზია შეიქმნა მის ირგვლივ, ეს მიანიშნებს მის სიჯანსაღეზე, რომ ეს მუშაობს. ამიტომ, მე მგონია, რომ „სისტემა უნდა დაინგრეს“ ნიშნავს, რომ ეს პროცესი მუდმივად უნდა გაგრძელდეს. ერთი ხელის მოსმით არ ხდება – რაღაცა დაინგრა, ახლა დავჯდეთ, დავისვენოთ და დავტკბეთ ამ ნანგრევებით.

ეს გულისხმობს მუდმივ შინაგან ცვალებადობას და ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს პროცესი დაუსრულებელია. როდესაც ეს პროცესი სრულდება, იქ სრულდება პროგრესი და განვითარება.

  • სხვები რატომ არ აპროტესტებენ?

რთულია სხვას მოუწოდო. ჩემი დაკვირვებით არ არსებობს კონტექსტის აღქმა და ამის უნარი არ გააჩნიათ. ძალიან დაჩლუნგებული აქვთ, სამწუხაროდ, ქართველ ხელოვანებს შეგრძნებები. მათი მზერა ყოველთვის იქ არის გაყინული, სადაც მედია უკარნახებს. ვიღაცის კაბინეტში დაწერილი დღის წესრიგი, რასაც გვთავაზობენ. აყაყანდება რაღაც ქორო, აყვება პროგრესულების ნაწილი – ხელოვანები, არტისტები… ჩემს თავს არ გამოვყოფ, ხანდახან მეც ვყოფილვარ მათ შორის.

უბრალოდ, მე მოცემულობას ვიაზრებ და ამ ყველაფერზე ვსაუბრობ. მერე ეს ქორო ამ ყველაფერს დაგმობს ერთ ხმაში, მერე ისევ ახალი დღის წესრიგი შემოვა და მუდმივად ამ წრეზე ტრიალი… არავის არ უჩნდება სურვილი ამ წრიდან გავიდეს და რაღაც სხვას შეხედოს. სხვაგან მიმართოს მზერა. ძირითადი პრობლემაც სწორედ მანდ არის. როდესაც ერთ წერტილში ტრიალებ, ვერ ვითარდები.

რაც არ უნდა სწორი ხედვები გქონდეს და „აზრზე მოსული ტიპი“ იყო გარკვეული „ბაბლისთვის“, მაინც „ბაბლის“ პატარა ნაწილი ხარ. ეს არაფერი არაა, მით უმეტეს სამმილიონიან ქვეყანაში. ამ ქვეყანაში არსებობს სოფლები, სადაც არ არის ინტერნეტი და იქ ცხოვრობენ ბავშვები. ვინ ელაპარაკება მათ? ვისი ხმა მიდის იქ? იმ საშინელი არხების, რომლებიც ახლა სოკოებივით მომრავლდნენ და ყველას უკან ისევ პარტიული ინტერესი დგას.

  • სხვაგან წასვლა?

შარშან მქონდა ტურნე საფრანგეთში, საფრანგეთში გამოვიდა ჩემი და ვინდას [Vinda Folio]  პირველი ალბომი. მაგით ის დავამტკიცე, ყველა ცდება, ვინც ასე ფიქრობს – იმისათვის, რომ დაგაფასონ, აუცილებლად უნდა იცხოვრო საზღვარგარეთ, იმ ენაზე უნდა მღეროდე. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ჩვენს ენაზე ვმღერით, რომელიც სხვებს საერთოდ არ ესმით. აქ სულ სხვა რამეა. აქ მთავარი საკუთარ ენაში და საკუთარ ფესვებში იმის პოვნაა, რაც მართლა შენია. რაც განგასხვავებს იმათგან. იმათ შექმნილს მათივე ფორმებით მათზე უკეთ შენ ვერასოდეს ვერ გააკეთებ. შენი უნდა გააკეთო. ამ შემთხვევაში მე ენას მოვარგე ჟანრი და არა ისე, მუსიკას ენა მოვარგო. ამ მიდგომამ გაამართლა. ზოგი ძალიან სუსტია და ყველას ვერ მოთხოვ, შენ აქ უნდა იყო და თავი შესწირო შენს ქვეყანას. მაგრამ სადმე თუ გარბიხარ, გაქცევას აზრი აქვს, როდესაც მოგსდევენ. როცა არავინ არ მოგსდევს, მიდი და ირბინე ამხელა დედამიწაა.

  • ფრაზები თქვენი სიმღერებიდან ფრთიან გამონათქვამებად იქცა – მათ იყენებენ სხვადასხვა კონტექსტში. როგორია, როცა გავლენას ახდენ?

როცა გავაცნობიერე, რომ გავლენას ვახდენ, თავიდან შემეშინდა, რადგან ისეთი ტვირთი ავიკიდე, რომელიც თავის დროზე შეიძლებოდა არ მესურვა. უბრალოდ, შენს საქმეს აკეთებ, მაგრამ ვიღაცებს ამის  მიმართ სხვა მიდგომა აქვთ. ზოგს გადამეტებული სიყვარული, ზოგს პირიქით – ზიზღი. მინახავს როგორც ხანდაზმულების, ასევე ძალიან პატარების რეაქცია. ალბათ ძირითადი მსმენელები უფრო ახალგაზრდები არიან. ყოველთვის ვცდილობ ისეთი ენა მოვძებნო, რომ არ არსებობდეს ასაკობრივი დაყოფა. მახარებს, რომ არ სიმღერებს აქვს მხარდაჭერა როგორც ახალ თაობაში, ისე ძველში.

„შენი ოთახის ფანჯრიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს“ – იუთუბის კომენტარების მიხედვით ყველა ქვეყნიდან ვიღაცას მისწვდა ეგ სიმღერა და კაია. ეს იყო ზიზღზე ჩემი პასუხი. თავს ძალიან დიდ რომანტიკოსად მივიჩნევ. მგონია, რომ თუ ყველა ცვლილებას საფუძვლად დიდი ვნება და სიყვარული არ უდევს, არაფერი არ იქნება სრულყოფილი, იმდენადაც, რამდენადაც სიყვარული უნდა იყოს, რომ რაღაცას მიაღწიოს. ნებისმიერ რევოლუცია, თუ ფუნდამენტად აქვს სიყვარული, ბევრად უფრო მყარი და სრულყოფილია. ჩემს ხასიათშია – რაღაცის მიმართ შეიძლება მქონდეს უკიდეგანო ზიზღი და გაბრაზება,  რაღაცის მიმართ – უკიდეგანო სიყვარული.

მე მიყვარს სოციალური თემები, დაკვირვება იმ გარემოზე, სადაც ვარ. ამის ნაწილია ზუსტად სოციალურ პოლიტიკური აქტივისტური ხაზი, რომელსაც კომენტარებს დავარქმევდი. ეს არის კომენტარები იმ მოვლენაზე, რომელიც ხდება ქვეყანაში.

  • ყოფილა სიტუაცია, როცა არ მოგნდომებიათ კომენტარი?

კი. საზოგადოება თვლის, რომ შენ თუ ერთხელ რაღაცაზე კომენტარი გააკეთე, გამოხატე პროტესტი, ყველაფერი, რაც შემდგომ მათ შეაწუხებს, გთავაზობს რაღაც თემას. შენ ამ თემას ზურგს აქცევ, არ ებმები, ცოტა გაკვირვებულია, რატომ? რა ხდება? აქ დღის წესრიგს მე ვადგენ. არის მომენტი, როცა ხმა არ უნდა ამოიღო. იმიტომ კი არა, რომ თემა არ გაწუხებს, არამედ იმიტომ, რომ იმ ქოროს არ აჰყვე იმ კონკრეტულ მომენტში, რომელიც იცი საიდან მოექანება და საით მიდის. არ მაქვს სურვილი, ამ ქოროს ნაწილი ვიყო. იმ დროს მინდა გავაკეთო კომენტარი, როდესაც მე საჭიროდ ჩავთვლი. რაღაცებში საერთოდ არ ვერთვები, რადგან იქ ჩემს თავს ვერ ვხედავ.

  • რას ებრძვი?

მუდმივად ვებრძვი სიზარმაცეს. გარედან ისე ჩანს, რომ თითქოს პროდუქტიული ვარ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს ის არაა, რაც მე შემიძლია. ალბათ ოდესმე ამასაც დავძლევ და გავხდები უფრო პროდუქტიული. ანუ შინაგან დუღილს იმდენად მეტს ვგრძნობ, რომ ჯერ მაგის გადმოცემის თავი არ მაქვს. ვნანობ, რომ ბავშვობაში ინგლისური არ ვისწავლე, ახლაც არ ვიცი და აუცილებლად მინდა ვიცოდე.

  • გზა დასაწყისიდან დღემდე…

ძალიან რთული გზა გავიარე.  ეს არის გზა, როდესაც თავიდან ყველა უარგყოფს, რცხვენოდათ ვიღაცებს, რომ მათი ნათესავი ვიყავი. ჩემს მშობლებზე არ ვამბობ, სხვებზე, ნათესავებზე, მეზობლებზე, სოციუმზე, სადაც გავიზარდე. 20 წლის ხარ და რთულია, როცა ყველა გლანძღავს, მაგრამ მთავარია არ მიაქციო ყურადღება და როგორმე გაძლო.

ახლა ამაყობენ ჩემით. რა შეიცვალა არ ვიცი. ის წიგნი [„საიდუმლო სირობა“], მაინც ის წიგნია, ჩემი სახელი და გვარი აწერია, რის გამოც თავის დროზე ეგ რეაქცია ჰქონდათ და ალბათ ის შეიცვალა, რომ თვითონ შეიცვალნენ.

ჩემი პირველი წიგნი,  რომელიც წავიკითხე, იყო „ცხოვრება იესო ქრისტესი“. კომიქსებივით იყო, ნახატები ეხატა და ნახატებით იყო მოყოლილი ქრისტეს ცხოვრება. ზღაპარივით წავიკითხე და მივხვდი, რომ შეიძლება გდევნიდნენ შენი სიმართლის და სიტყვის გამო, ამის გამო  ჯვარზეც შეიძლება გაგაკრან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ხარ მტყუანი. ამას რომ მივხვდი, ყველაფრის გაკეთების დროს მჯეროდა ბოლომდე. როცა საკუთარი თავის გჯერა, მერე სხვებიც იჯერებენ.  რაღაცაზე თავის დადება უნდა შეგეძლოს.

ყველაფრის უარყოფა ძალიან მარტივია. შენ უნდა გადაწყვიტო რაა ის რაღაც, რასაც დაარქმევ სახელს და იტყვი, რომ ამის გამო მზად ხარ ყოველთვის მარტო იყო.  თქვა – მზად ვარ ვიყო მარტო და ვაკეთო მარტო. ამას რაც უფრო ადრე მოახერხებ, უკეთესია. მერე, დროთა განმავლობაში, როცა მარტო რჩები, ყველას შენი მარტოობა უყვარდება და აღარ ხარ მარტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: