მთავარი,სიახლეები

ჯანმო: მსოფლიო ახლოსაც არაა ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს 

19.08.2020 • 1525
ჯანმო: მსოფლიო ახლოსაც არაა ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა თქვა, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 10%-ს, SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის ანტისხეულები აღმოაჩნდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოწყვლადია ვირუსთან მიმართებაში.

“ის, რასაც ახლა ვიგებთ ანტისხეულებსა და იმუნიტეტზე, ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგია. ამ ეტაპზე ასზე მეტი ასეთი კვლევა მიმდინარეობს კოვიდ 19-თან მიმართებაში. ჩვენ ამ დროისთვის, სულ ცოტა, 50 ქვეყანასთან ვმუშაობთ იმაზე, რომ შევასრულოთ ეს კვლევები ერთიანი, სტანდარტული მიდგომით.

უკვე ჩატარებული და მიმდინარე კვლევებისას იყენებენ სხვადასხვა მეთოდსა და ტესტსს ანტისხეულებზე. არ მინდა განვაზოგადო, მაგრამ აქამდე არსებული მონაცემებით, მტკიცებულებები არსებობს, რომ SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ანტისხეულები მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, აქვთ თუ არა ადამიანებს კონკრეტულად გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებიც გროვდება სპეციფიკური ტიპის ტესტებით, რადგან ყველა ეპიდემიოლოგიური კვლევა ამ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს არ ეძებს”.

მარია ვანკერჰოვი ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებობს სხვადასხვა ვარაუდი, ჯოგური იმუნიტეტის რა პროცენტულობაა საჭირო იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების ჯაჭვი დაირღვეს. მათი დიდი ნაწილი მოდელირების გზით არის დასახელებული, “რაც ძალიან გვეხმარება, მაგრამ ველოდებით სეროლოგიური კვლევების შედეგებს… იმ კვლევების შედეგები, რაც ჩატარდა, მიუთითებს იმაზე, რომ ყველა რეგიონში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მოწყვლადია ვირუსით დაინფიცირების წინაშე, ანუ ვირუსის ფართოდ გავრცელება კვლავ შესაძლებელია… როდესაც ადამიანს შეეყრება ეს ვირუსი, ჩვენ მოველით, რომ მას განუვითარდება იმუნური პასუხი. ჩვენ რასაც ახლა ვსწავლობთ ისაა, თუ რამდენად ძლიერია ეს პასუხი და რამდენ ხანს გასტანს ეს პასუხი. ამის სრული სურათი ჯერ არ გვაქვს”.

ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა დირექტორი, მაიკლ რაიანი: აქ ძალიან ბევრი განუსაზღვრელი დეტალია, ჩვენ არ ვიცით ჯოგური იმუნიტეტის რა დონე/მაჩვენებელია საჭირო იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ, რადგან კვლავ ნარჩუნდება მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფი. ვფიქრობ, ეფექტური ვაქცინის არ არსებობის პირობებში, შორს ვართ ამ პასუხისგან. ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით – 60-80%, მაგრამ არ ვიცით რამდენით დაბალი. ასევე არ ვიცით, რამდენ ხანს იმუშავებს ეს იმუნიტეტი. ერთი რამ, რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ როგორც პლანეტა, როგორც გლობალური მოსახლეობა – ახლოსაც არ ვართ ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც საჭიროა დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია გავრცელების შესაჩერებლად და არ ვიყოთ იმის იმედად, რომ ჯოგური იმუნიტეტი იქნება ჩვენი გადარჩენის გზა”.

ჯანმოს გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბრიუს ეილვორდმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის 50% გამოიმუშავებს იმუნიტეტს, დანარჩენ 50% კი აიცრება – ეს არ იქნება საკმარისი. “ვაქცინამ შესაძლოა იმუშაოს ადამიანთა 80-50%-ში… თუ მხოლოდ 50% აიცრება, რეალურად დაცული ადამიანების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ახლოსაც არ ვართ იმ მაჩვენებელთან, რაც მთლიანად მოსახლეობის დაცვას სჭირდება”, – თქვა მან. – “ასეთ სიტუაციაში, როცა ნახევარი მსოფლიოს მოსახლეობა შინ გამოვკეტეთ, როცა ბევრგან ეკონომიკა გაჩერდა, უნდა დაიგეგმოს ჯოგური იმუნიტეტის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რადგან არ გვინდა შევცდეთ”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: