მთავარი,სიახლეები

აზერბაიჯანელ ბავშვებს 200-ლარიან პროგრამაში რეგისტრაცია უჭირთ, „სალამი“ ეძებს მოხალისეებს

19.08.2020 • 1633
აზერბაიჯანელ ბავშვებს 200-ლარიან პროგრამაში რეგისტრაცია უჭირთ, „სალამი“ ეძებს მოხალისეებს

პლატფორმა „სალამი/salam“ 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებს თუ მათ მშობლებს 200-ლარიან სახელწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

„სალამის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა დახმარების პროგრამის განხორციელება ხარვეზით დაიწყო.

სახელმწიფო დახმარების მისაღებად სპეციალურ ვებგვერდზე -https://daxmareba.moh.gov.ge/რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ვებგვერდი ამ დროისთვის მხოლოდ ქართულენოვანია. „სალამი“მიიჩნევს, რომ ეს „საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების დიდ ნაწილს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. ენობრივი ბარიერის გამო კი, შესაძლოა ბევრი ბავშვი აღნიშნული დახმარების გარეშე დარჩეს“.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულია, რომ თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

„ყველა ეს დაწესებულება, როგორც წესი, მხოლოდ ცენტრებში მდებარეობს. ამიტომ, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ცენტრში მოუწევთ წასვლა. ეს მათთვის დისკომფორტია, რადგან დამატებით დროს და ხარჯებს მოითხოვს. ცენტრში ჩასვლისას კი, დიდი ალბათობით, რიგში დგომაც მოუწევთ. მსგავსი სიტუაცია ადრეც არაერთხელ შეიქმნა. აქამდე მიმდინარე დახმარების პროგრამებზე რეგისტრაციისას ვნახეთ, რომ საჯარო დაწესებულებებთან უსასრულო რიგები იყო.

ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ ყველა მშობელს შეეძლოს დარეგისტრირება და ყველა ბავშვმა მიიღოს ეს დახმარება, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი მწირი რესურსების გამოყენებით, ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ბავშვის რეგისტრაციას და პრობლემის არსებითად მოგვარებას ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, პლატფორმა „სალამი“ საქართველოს ყველა რეგიონიდან მოხალისეებს იწვევს, რათა მათი რესურსების გამოყენებით ერთად დავფაროთ ქვემო ქართლის 50 სოფელი და დავარეგისტრიროთ ყველა ბავშვი,“ – ნათქვამია „სალამის“ განცხადებაში.

„სალამის“ განცხადების თანახმად, მოხალისეობის ინიციატივა გარდა რეგისტრაციაზე დახმარებისა, ქვეყნის მოქალაქეებს შორის ინტერეთნიკური სოლიდარობის კულტივირებასაც შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული ინიციატივა, უპირველს ყოვლისა, დომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უკეთესად გააცნობს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების გარიყულ და ჩაგრულ ყოფას, მათ გამოწვევებს, წუხილებს და საჭიროებებს. ხოლო, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები პოზიტიურად დაინახავენ უმრავლესობის როლს და საქმიანობას. საბოლოოდ კი, ჩვენმა ასეთმა აქტიურმა შრომამ და ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა დააფიქროს მაინც სახელწიფო და ასეთი კრიტიკული საქმიანობების დაგეგმვისას გაითვალისწინოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და საჭიროებები,“ – ნათქვამია „სალამის“ განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო არ ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს. მაისში, მაშინ, როდესაც კორონავირუსით განცდილი ეკონომიკური გამოწვევების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობამ თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის პროცესი და მათთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო, ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზე იყო ხელმისაწვდომი.

მაისში სწორედ პლატფორმა „სალამის“ ინიციატივით დაიწყო მოხალისეობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო რეგისტრაცია, კომპენსაციის მისაღებად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: