Batumelebi | ვინ გააყალბა წერილი ყოფილი პროფესორის წინააღმდეგ – „საზღვაო აკადემიის პლაგიატის საქმე“ ვინ გააყალბა წერილი ყოფილი პროფესორის წინააღმდეგ – „საზღვაო აკადემიის პლაგიატის საქმე“ – Batumelebi
RU | GE  

ვინ გააყალბა წერილი ყოფილი პროფესორის წინააღმდეგ – „საზღვაო აკადემიის პლაგიატის საქმე“

„როგორაა ჩემი ხელმოწერა, როცა მე არაფერი არ ვიცი? საერთოდ, რა წერილზეა საუბარი?… პირველად მესმის თქვენგან. ჩემთან არავის შეუთანხმებია,“ – ამას საზღვაო აკადემიის ემერიტუსი ვლადიმერ ჩხაიძე ამბობს „ბათუმელებთან“. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც უკვე ყოფილი ასოცირებული პროფესორის – ვაჟა ანანიძის წინააღმდეგ წერილს თითქოს ხელს აწერს. 10 ემერიტუსის სახელით წერილი „ბათუმელებს“ საზღვაო აკადემიამ მოგვაწოდა.

ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის უკვე ყოფილი ასოცირებული პროფესორია, რომელმაც აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე მისი კოლეგა ივნისში პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი ამ დრომდე შესაბამის სახელმწიფო უწყებას არ დაუდგენია. ვაჟა ანანიძე კი, რომელმაც აკადემიის პრობლემებზე საჯაროდ საუბარი დაიწყო, საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს.

ვაჟა ანანიძის მხრიდან პლაგიატზე საუბრის შემდეგ, ირაკლი შარაბიძემ განაცხადა, რომ თავისი ნაშრომი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადააგზავნა შესამოწმებლად, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, დაადგინეს, რომ სადოქტორო ნაშრომში მხოლოდ 0,75 პროცენტი იყო მსგავსება სხვის ნაშრომთან, რაც რექტორის აზრით, საერთოდ არ არის პრობლემა.

იმის მიუხედავად, რომ პლაგიატის საკითხი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ემერიტუსები მიიჩნევენ, რომ ვაჟა ანანიძემ საზღვაო აკადემიის პრესტიჟის და მაღალი რეიტინგის შელახვა სცადა [ემერიტუსი აკადემიური წოდებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება პირს განსაკუთრებული დამსახურებისთვის, „აკადემიურ მოღვაწეობაში პროფესიული აღიარებისთვის“].

„ბათუმელები“ წერილის ხელმომწერი 10 ემერიტუსიდან ორს დაუკავშირდა და ერთ-ერთმა – ვლადიმერ ჩხაიძემ გვითხრა, რომ მან ამ წერილის შესახებ არაფერი იცის.

ვინ გააყალბა ემერიტუსების წერილი საზღვაო აკადემიაში? – საკითხის გასარკვევად საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას მივმართეთ, რადგან ეს წერილი, თავის დროზე, სწორედ მათგან მივიღეთ. პრესცენტრში განმარტეს, რომ მათ ემერიტუსების წერილი ორმა ემერიტუსმა – ტარიელ ქოქოლაძემ და შოთა კუნჭულიამ მიაწოდეს. აკადემიის ადმინისტრაციას იმ ფონზე, როცა მათ ყოფილი თანამშრომელი პლაგიატში ადანაშაულებს, არ გადაუმოწმებია, ნამდვილად დაწერეს თუ არა წერილი იმ ემერიტუსებმა, რომელთა სახელებიც წერილის ბოლოს იყო მიწერილი.

„ჩვენ მოგვაწოდეს ეს წერილი და გვითხრეს, რომ ის იყო შეთანხმებული…“ – გვითხრეს საზღვაო აკადემიის პრესცენტრში, სადაც ასევე განმარტეს, რომ, მაგალითად, ვლადიმერ ჩხაიძესთან დაკავშირება ახლა სცადეს, ჩვენი მიმართვის შემდეგ და ის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, ტარიელ ქოქოლაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ემერიტუსების წერილი ნამდვილად მან მიაწოდა პრესცენტრს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, საიდან გაჩნდა იქ, მაგალითად, ვლადიმერ ჩხაიძის ხელმოწერა, თუკი მან წერილის შესახებ არაფერი იცის. ტარიელ ქოქოლაძე გვიყვება, რომ ემერიტუსებმა წერილის გავრცელების გადაწყვეტილება აკადემიის რექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც ვაჟა ანანიძე პლაგიატში ადანაშაულებს. ემერიტუსმა არ გვითხრა, ვინ მოამზადა მათი სახელით წერილი.

„ჩვენ რექტორს შევხვდით, ვლადიმერ ჩხაიძე მე იმ შეხვედრაზე არ მინახავს, არ ვიცი, ვინ ჩაწერა მისი სახელი და გვარი… ჩემი ნაწერიც არის ამ ტექსტში, მერე კორექტურა გააკეთეს და ასე გამზადდა… ეს იყო პრესტიჟის საკითხი. როცა ამბობს ვაჟა ანანიძე, რომ 7-8 კაცს აქვს რეალურად ცოდნაო, დაესახელებია ის 7 – 8 კაცი ვინ იყო. თუ მე ამოვიკითხავდი ჩემს სახელს და გვარს, გავჩერდებოდი. ასე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მე ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს და სხვადასხვა გემზე ვმუშაობდი,“ – გვიპასუხა ტარიელ ქოქოლაძემ.

საკუთარი პრესტიჟის გარდა, რატომ არ აღმოჩნდა საინტერესო ემერიტუსებისთვის თავად საზღვაო აკადემიის იმიჯი, ანუ რატომ არ მოითხოვეს მათ პლაგიატის შესაძლო შემთხვევების გარკვევა, რითაც საბოლოოდ გაირკვეოდა ეს საკითხი? – ამ კითხვას ტარიელ ქოქოლაძემ სატელეფონო საუბრის დროს აღარ უპასუხა. „ხვალ შევხვდეთ და მაგაზე მერე ვისაუბროთ“, – დასძინა მან.

ემერიტუსები „ბათუმელებში“ 2020 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიას „პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე“ ეხმაურებიან. აკადემიის ემერიტუსები ვაჟა ანანიძეს „ორღობის ჭორების გავრცელებაში“ ადანაშაულებენ, რომელიც „თავს მეცნიერულობაზე დებს“.

„ვაჟა ანანიძის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი არის დისციპლინარული გადაცდომა და არა მისი ე.წ. „ბრძოლა“ პლაგიატის წინააღმდეგ… მისი შეფასებებით საზღვაო აკადემიის აკადემიური პერსონალის 89% გამყალბებელია. საინტერესოა საიდან, რომელი კვლევების საფუძველზე მოიტანა მან ეს ციფრები? თვითონ თავს მეცნიერულობაზე დებს და ორღობის ჭორებს რომ ავრცელებს, ნუთუ ვერ ხვდება?“ – წერია ემერიტუსების წერილში.

წერილში ემერიტუსები ხაზს უსვამენ საკუთარ ასაკს და ირწმუნებიან, რომ მტკიცებულებებით დასტურდება საზღვაო აკადემიის მუდმივი აღმავლობა.

„ჩვენ, ჩვენი ასაკიდან და აკადემიაში პედაგოგიური საქმიანობის სტაჟიდან გამომდინარე წარმოვადგენთ იმ პერსონალს, რომლის თვალწინაც გაიარა აკადემიამ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლიდან დღევანდელი ფორმაციის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამდე… თამამად და დადასტურებულად, ანუ შესაბამის დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ  დაარსების დღიდან (1993 წ) დღემდე საზღვაო აკადემია ვითარდებოდა მხოლოდ აღმავლობის მიმართულებით, წარმატებით გაიარა ყველა ნაციონალური და საერთაშორისო რანგის აუდიტი, აკრედიტაცია თუ ავტორიზაცია; ყოველწლიურად ატარებდა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციას, ჩაატარა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია, მათ შორის IMLA-ს კონფერენცია,“ – ვკითხულობთ წერილში.

„5 მაისს მოგმართეთ წერილით საზღვაო აკადემიის პრობლემებზე. ვერ მოიცალეთ, თუ პასუხი არ გაქვთ?“ – ამ ტრანსპარანტით ხელში დღეს, 17 აგვისტოს, საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებულმა ლექტორმა, ვაჟა ანანიძემ ერთკაციანი აქცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან გამართა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არის აკადემიის ზემდგომი. როცა მასთან მიდის სიგნალი, რეაგირება უნდა მოეხდინა… საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეეძლო მინიმუმ მოეკითხა, რა ხდებოდა. მე მხოლოდ ის პასუხი მივიღე, რომ სააგენტომ წერილობით საზღვაო აკადემიას მიმართა. ამის შემდეგ სააგენტოდან პასუხი საერთოდ არ მიმიღია, არც არავინ დამკავშირებია,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე „ბათუმელებთან“. უახლოეს დღეებში ვაჟა ანანიძე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვასაც აპირებს.

„ბათუმელები“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც დაუკავშირდა საკითხის გასარკვევად, სადაც განმარტებას დაგვპირდნენ, თუმცა ეს პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული პროფესორის, ვაჟა ანანიძის თქმით, მას პასუხი არც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიუღია. ამ სახელმწიფო უწყებას უნდა დაედგინა, არის თუ არა პლაგიატი საზღვაო აკადემიის რომელიმე პროფესორის სამეცნიერო ნაშრომში. განათლების ხარისხის ცენტრის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ 22 ივლისს უთხრეს, რომ ვაჟა ანანიძე 3 აგვისტოს მიიღებდა პასუხს. ვაჟა ანანიძემ პლაგიატის დადგენის მოთხოვნით განათლების ცენტრს 12 ივნისს მიმართა. აკადემიიდან გაშვებული პროფესორი ამბობს, რომ ორ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ პასუხი მას დღემდე არ მიუღია. კანონის მიხედვით, ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ვალდებულია საჯარო ინფორმაცია 10 დღეში გასცეს.

„…რამდენიმე წერილია ბატონი ვაჟასგან შემოსული, არ მაქვს უფლება პერსონალური ინფორმაცია გავცე, დაგვიკავშირდეს ბატონი ვაჟა და მას ვეტყვით,“ – გვითხრეს ამჯერად განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში. ცხელი ხაზის ოპერატორს განვუმარტეთ, რომ საქმე უმაღლეს სასწავლებელში პლაგიატის დადგენას ეხება, რაზეც განმცხადებელი პასუხს ვერ იღებს. ოპერატორი დაგვპირდა, რომ ცენტრის ხელმძღვანელობა თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა ამ დრომდე დაკავშირება რომელიმე პასუხისმგებელ პირთან ვერ მოხერხდა.

ამ თემაზე:

ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი