მთავარი,სიახლეები

სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო – დამატებით იქმნება ახალი სააგენტო

18.08.2020 • 1838
სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო – დამატებით იქმნება ახალი სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოში 2020 წლის 17 აგვისტოდან რეორგანიზაცია გამოცხადდა. პარალელურად, იქმნება ახალი სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, რომელსაც გადაეცემა სოცმომსახურების სააგენტოს ფუნქციები – ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაწესდა გარდამავალი პერიოდი. გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე ახალი სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა [გარდა შრომის ანაზღაურებისა და მივლინებასთან (სასტუმრო, დღიური) დაკავშირებული ხარჯებისა] დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს.

მთავრობის დადგენილებით:

ახალი სააგენტოს ხელმძღვანელს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე უფლება აქვს საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მომუშავე შესაბამის თანამშრომელთა (შტატით ან ხელშეკრულებით დასაქმებული) უკონკურსოდ გადაყვანა (დანიშვნა) ახალი სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე;

სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე;

ახალი სააგენტო შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარის ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე, ისარგებლებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა;

საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ოფისები გამოყენებულ იქნება ახალი სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად – მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ახალი სსიპ-ის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია.

 

მთავარი ფოტო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ბათუმი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: