მთავარი,სიახლეები

ბავშვებს თავად შეეძლებათ სარჩელის შეტანა სასამართლოში – ახალი ცვლილება

17.08.2020 • 2574
ბავშვებს თავად შეეძლებათ სარჩელის შეტანა სასამართლოში – ახალი ცვლილება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით, ბავშვზე მორგებული სარჩელისა და სასამართლო უწყების ფორმები დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილება 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

სარჩელისა და სასამართლო უწყების ფორმების დამტკიცების საფუძვლად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისი პუნქტია მითითებული.

კოდექსის ამ პუნქტით – „საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვის პროცესის კოორდინაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის:

ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ყველა დონეზე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი სასამართლო ფორმების, სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურების და სამართალწარმოების წესის ადაპტირებას“.

ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა:

ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა / წყარო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

„თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლება დაირღვა, შეგიძლიათ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართოთ სასამართლოს. ამისათვის აუცილებელია სარჩელის ფორმის შევსება. ამ ფორმის შესავსებად, თქვენ შეგიძლიათ ვინმე დაიხმაროთ (ოჯახის წევრი, მეგობარი და სხვა). შეეცადეთ, არაფერი გამოტოვოთ და ყველა ნაწილი შეავსოთ. თუ შევსებისას კითხვები გექნებათ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე  (995 32) 2273100 და ჩვენ დაგეხმარებით. თუკი რომელიმე ნაწილის შევსებას ვერ მოახერხებთ, თქვენ მიერ შევსებულ ფორმას სასამართლო მაინც მიიღებს. ნიმუშისთვის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.hcoj.gov.ge“ – აღნიშნულია ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმაში.

ბავშვზე მორგებული სასამართლო უწყების ფორმა:

ბავშვზე მორგებული სასამართლო უწყების ფორმა / წყარო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

„სასამართლო უწყებით თქვენ გეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. იმისათვის, რომ სასამართლო უკეთესად გაერკვეს თქვენს მოსაზრებებში, აუცილებელია უწყებაში მითითებულ დროს გამოცხადდეთ სასამართლოში. სასამართლოში გამოცხადებით თქვენ სასამართლოს მომხდარის სწორად შეფასებაში და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებით. ასევე, შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება სასამართლოს წერილობით გაუზიაროთ. კითხვების არსებობისას დაგვიკავშირდით ნომერზე —————— და ჩვენ დაგეხმარებით“, – აღნიშნულია ბავშვზე მორგებული სასამართლო უწყების ფორმაში.

დადგენილების სანახავად გადადით ამ ბმულზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, „ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტიც“ დაამტკიცა, რომელიც ასევე 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: