მთავარი,სიახლეები

„10 ლარიც არ მაქვს, ექიმს რომ გავესინჯო“ – ქალი ქობულეთიდან დახმარებას ითხოვს

19.08.2020
„10 ლარიც არ მაქვს, ექიმს რომ გავესინჯო“ – ქალი ქობულეთიდან დახმარებას ითხოვს

„ექიმთან 10 ლარიც ვერ გადავიხადე, ჩემი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ 40 ლარია. ეს ის ფულია, რასაც სახელმწიფო ჩემს შვილებს აძლევს. წინა წლებში მე და ჩემი მეუღლე თურქეთში ვმუშაობდით…“ – გვიყვება ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა #24-ში მცხოვრები ლია ლომაძე. ის დახმარებას ითხოვს.

ლია ლომაძის თქმით, სოციალური დახმარება ოჯახს გასულ წელს შეუწყდა, როცა მისმა მეუღლემ მუშაობა ციტრუსის მიმღებ საწარმოში დაიწყო.

„მაშინვე შეგვიჩერეს დახმარება, როგორც კი დაფიქსირდა ხელფასი – 300 ლარი. მერე ჩემმა ქმარმა ფეხი მოიტეხა და ისევ უმუშევარი დარჩა, ხელახლა მივმართეთ სააგენტოს, მაგრამ 85 ათასი მოგვივიდა ქულა… დახმარება მხოლოდ ჩემს შვილებს დაუტოვეს – 40 ლარი. გოგო 15 წლისაა, ბიჭი – 14 წლის. მშივრები ვართ, მშივრები, აღარ ვიცი, რა გითხრათ…

რამდენიმე დღის წინ, როცა გავიღვიძე, ხმა აღარ მქონდა, ახლა კიდევ ვლაპარაკობ, საერთოდ ჩამიწყდა ხმა. ექიმთან მივედი ქობულეთის საავადმყოფოში, მითხრეს, რომ კონსულტაციისთვის 10 ლარი მაინც უნდა გადაიხადო, როგორც სოციალურად დაუცველმაო. არ მქონდა ეს 10 ლარიც.

აქამდე თურქეთში მუშაობით ვირჩენდით თავს, არ გვიჭირდა. არ ვიცოდი, თუ ახლა შესაძლებელია გადასვლა, უნდა მოვიკითხოთ… ჩემი ქმარი სეზონურად ჩაის კრეფდა, მე ოჯახებში ვმუშაობდი ბავშვების მომვლელად… კომპენსაციაზე დავრეგისტრირდით, მაგრამ თანხა არ ჩაგვერიცხა არც 300 ლარი და არც 200-200 ლარი, რასაც ახლა ბავშვებს აძლევენ,“ – გვითხრა ლია ლომაძემ.

ლია ლომაძის თქმით, მას ადგილობრივი მერია და სხვები რამდენჯერმე საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ და ასე გაიტანეს ზამთარში თავი. ოჯახს ახლა ისევ უკიდურესად უჭირს.

ლია ლომაძის შესახებ „ბათუმელები“ მაისშიც წერდა „დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: