მთავარი,სიახლეები

64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

16.08.2020
64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

დღეს დილით შუახევში, სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა – ოჯახის ახლობლის თქმით, „ზუსტად არ იცის, მაგრამ დაახლოებით 5-6 ათასი ლარი იქნებოდა“.

ახლობლების ინფორმაციით, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. „ბოლოს ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო. მეორეს უთქვამს, ისედაც მკვდარიაო. ფაქტიურად, მაგათგან მოკლულია. ტელეფონიც დაუმტვრიეს. მერე, როცა გონს მოვიდა, როგორღაც მოახერხა ხიდან მოხსნა და შორიახლოს მდგომ სახლში მისვლა. იქედან დარეკეს“, – გვიყვება ნოდარ დავითაძის ახლობელი.

დაზარალებულს მრავლობითი ტრავმები აქვს თავის და ზურგის არეში. ახლობლების ინფორმაციით, ის ამბობს, რომ თავდამსხმელები ვერ ამოიცნო. ის ამ დროისთვის შუახევში, კლინიკაში იმყოფება.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ნოდარ დავითაძე წლებია სოფლებს შორის ფეხით გადაადგილდება პენსიის დასარიგებლად. ის სოციალურად დაუცველია და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემაც აქვს.

ლიბერთი ბანკში მათი თანამშრომლის, გამსვლელი მოლარის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ნოდარ დავითაძეს შშმ პირებთან დაჰქონდა პენსია. ბანკის განმარტებით, მათთვის უცნობია, რა ოდენობის თანხა გაიტაცეს ყაჩაღებმა. ბანკში დასძინეს, რომ ამ ფაქტის გამო არც ერთი პენსიონერი არ დაზარალდება და კუთვნილ თანხას ყველა მიიღებს.

განახლება: შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დავაკავეთ – შსს

ნოდარ დავითაძე კლინიკაში. ფოტო: სოსლან ზოიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: