თორნიკე რიჟვაძე: წაბლანაში არჩევნები არ ჩავარდნილა

„ყველამ უნდა იცოდეთ, რომ გუშინ იქ არჩევნები არ ჩავარდნილა. გაიხსნა საარჩევნო უბნები და ყველას ჰქონდა საშუალება, თავისუფალ გარემოში მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში,“- აღნიშნა დღეს, პირველ ნოემბერს, თორნიკე რიჟვაძემ წაბლანაში არჩევნების ბოიკოტის შესახებ. საუბარია ხულოს ორ საარჩევნო უბანზე, სადაც არცერთი ამომრჩეველი არ მივიდა.

„რაც შეეხება ზოგადად გარკვეული ჯგუფის, თუ კონკრეტული სოფლის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად დაველაპარაკო ამ ადამიანებს, ისევე, როგორც ეს ადრე გავაკეთე. თუმცა ყველას გესმით, რომ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, ამიტომ ჩვენ მანევრირების დიდი საშუალება არ გვქონდა, მათ შორის, იმ პრობლემებზე, რასაც ეს ხალხი აყენებდა,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რას ითხოვენ წაბლანელები? – ამ სოფელში 1989 წელს მეწყერი ჩამოწვა და 19 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა წაბლანელებს, რომ მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე იზრუნებდა. ერთადერთი „ქართული ოცნება“ იყო, რომელმაც ეს პირობა [ნაწილობრივ] შეასრულა – მათთვის კორპუსი ააშენა. წაბლანელები ამბობენ, რომ ამ კორპუსებში ცხოვრება შეუძლებელია და ხელისუფლება ვალდებულია, კანონის შესაბამისად [ისე, როგორც დევნილების შემთხვევაში] მათთვის გადაცემული ბინებიც გაარემონტოს.

31 ოქტომბერს, სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიაში, სადაც ამომრჩეველი უბანზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, საარჩევნო ყუთიდან მხოლოდ ათი კონვერტი ამოიღეს. ყუთში ათივე ბიულეტენი ამავე საარჩევნო კომისიის წევრებმა მოათავსეს.

ამ თემაზე:

სოფელი, სადაც საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა

მთავარი ფოტო: სოფელ წაბლანაში, 31 ოქტომბერს სოფლის მცხოვრებლები საარჩევნო უბნის ნაცვლად მოედანზე შეიკრიბნენ.

ვფიქრობთ აჭარის მთავრობის ერთპიროვნულ ფორმირებაზე – თორნიკე რიჟვაძე

„უკვე შეგვიძლია წინასწარი მონაცემებით დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეის მდგომარეობით, ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე… მოსალოდნელი მეორე ტურები, რომელიც გაიმართება სხვადასხვა ოლქში, კიდევ უფრო გაამყარებს უმრავლეობას აჭარის უმაღლეს საბჭოში,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ. ის ასევე „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია.

დღეს, პირველ ნოემბერს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავს თბილისში. ისინი არჩევნების შედეგს ასაჩივრებენ და მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. საპროტეტსო აქციები დააანონსეს ბათუმელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც და თქვეს, რომ „მხოლოდ ბიულეტენებით რეჟიმის შეცვალს ვერ შევძლებთ“.

ოპოზიციას თორნიკე რიჟვაძე ურჩევს, რომ არჩევნების შედეგი მიიღოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა ეუთოს დასკვნა, სადაც დადებით შეფასებებთან ერთად აღნიშნულია ისიც, რომ უბნებთან მობილიზებული კოორდინატორები დამაშინებელ ეფექტს ქმნიდნენ.

„ყველა საერთაშორისო შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით, ეს არჩევნები შეფასდა, როგორც სამართლიანი, კონკურენტუნარიან გარემოში გამართული, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოზიციონირებისთვის და ჩვენ მივდივართ ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისკენ“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. ის არ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ და ქვეყნის პრობლემად იმას, თუკი ოპოზიცია არჩევნების შედეგს ბოიკოტს გამოუცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის.

„ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, ამომრჩევლის პატივისცემის საკითხი, რომელთა ნაწილმა მათ გარკვეულწილად ნდობა გამოუცხადა… არავის მივცემთ საშუალებას, რომ რევოლუციური სცენართ დააშინოს ან პოლიტიკური ძალები, ან ყველაზე მეტად მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, იქნება სიმშვიდე, სტაბლურობა,“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა ასევე საია-ს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კრიტიკული დასკვნები გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე. „სხვადასხვა ორგანიზაციას აქვს თავისი კრიტიკული შეფასებები“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ და კიდევ ერთხეულ ეუთოს შეფასება გაიმეორა.

საია-ს შეფასებით, ეს იყოს „ოცნების“ პირობებში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები.

 

 

„ფონი რევოლუციურია, ჩვენ მარტო ბიულეტენებით რეჟიმის შეცვლას ვერ შევძლებთ“ – ოპოზიცია

ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრა გამართეს და 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი განიხილეს.

იქნება თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე  ტურში – ამ საკითხებზე ოპოზიცია ჯერ შეჯერებული არაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციის შეკრებას არ ესწრებოდა „ლელოსა“ და „გრიჩის“ წარმომადგენლები. თუმცა, როგორც სპიკერებმა განმარტეს, ოპოზიცია  ერთიანია ხმების დაცვის გადაწყვეტილებაში.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში ყველა ხელისუფლება შეიცვალა ან რევოლუციით, ან რევოლუციის ფონზე. ფონი არის რევოლუციური. ჩვენ მარტო ბიულეტენებით რეჟიმების შეცვლას ვერ შევძლებთ – დაგვჭირდება სხვა რესურსების გამოყენება. სხვა რესურსი ეს არის საქართველოს  მტკიცე ნება, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ  და სამუდამოდ თავისუფალ  გარემოს მივაღწიოთ საარჩევნო ყუთთან. აი, ამ მოთხოვნას წავუყენებთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. რევოლუციები არ იგეგმება, რევოლუციები იბადება. არცერთი რევოლუცია, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში მოხდა წინასწარ არ დაგეგმილა. ის სპონტანურად წარმოიშვება იმ წამს და იმ წუთს, როცა  მას საქართველოს მოქალაქე დააყენებს საკუთარი თავის წინაშე,“ – თქვა სპეციალურ ბრიფინგზე მურმან დუმბაძემ, რომელიც „ძალა ერთობაშია გაერთიანებული ოპოზიციას“ წარმოადგენს.

ლევან ვარშალომიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში, თქვა რომ ხელისუფლებამ ხალხის არჩევნები მიიტაცა.

„გუშინ ივანიშვილი გასცდა საკონსტიტუციო ჩარჩოს. ფაქტობრივად მიიტაცა არჩევნები და ხალხის ნება. ჩვენ ვიმსჯელეთ და მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ –  ყველა  ოპოზიციური პარტია დადგება იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი.  ჩვენ ვიქნებით მათთან ერთად და ჩვენ გავიმარჯვებთ მათთან ერთად,“ – თქვა ლევან ვარშალომიძემ.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა კი განაცხადა რომ ისინი ყველანაირად დაიცავენ ხმებს.

„დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტო ერთიანობა. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ვინმეს, ყველაზე უფრო  მზაკვარ პოლიტიკურ ლიდერსაც კი ის გაეკეთებინა რაც გააკეთა თავკერძა ივანიშვილმა. მან საქართველოში გააუქმა არჩევნები. უბრალოდ გააუქმა. ვინც შეეგუება საქართველოში არჩევნების გაუქმებას, ვინც მზად არის რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ზურგი აქციოს ნიშნავს, რომ ის გარიგებულია ივანიშვილთან. ჩვენ ივანიშვილთან გარიგებას არცერთი პირობით, არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ. იმიტომ, რომ ამასთან გარიგება ნიშნავს საქართველოს დაქცევას და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებას.  ჩვენ ამას ხელს  არ მოვაწერთ.

ყველამ იცოდეს ბათუმშიც, თბილისშიც და სხვაგანაც, გაიხსნება დემოკრატიული დაპირისპირების მძლავრი ფრონტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შიგნითაც ქვეყნის და გარეთაც ყველამ ერთად აღიაროს, რომ რაც ივანიშვილმა გააკეთა, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ,“ –  თქვა არმაზ ახვლედიანმა.

 

ოქმები, რომლითაც 76 ამომრჩევლის ხმა გაქრა – ოლქის განმარტება

თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქის 84-ე სპეცუბანზე 76 ამომრჩევლის ხმა გაქრა. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული არჩევნების შემაჯემებელ ოქმებში ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა.

84-ე სპეცუბნის მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სულ ამ სპეცუბანზე 77 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა არჩევნებში მონაწილეობდა – 65. ოქმის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს – ხატია დეკანოიძეს ერთმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახი კახიშვილს კი ხუთი ხმა მიუღია. უბანზე 12 ბიულეტენი ბათილად მიიჩნიეს, მაგრამ ამ ოქმის მიხედვით გაუგებარი რჩება, რა ბედი ეწია დანარჩენ 47 ბიულეტენს.

ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებულია ამავე უბნის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგის ამსახველი შემაჯამებელი ოქმიც. ამ ოქმის მიხედვით, ყველა პარტიამ ჯამში 25 ხმა მიიღო, 11 ბიულეტენი გაბათილდა და არ ჩანს, სად წავიდა დანარჩენი 29 ბიულეტენი.

სად წავიდა ამომრჩევლის ხმები – „ბათუმელები“ ისნის სამაჟორიტარო ოლქის 84-ე სპეცუბნის კომისიის თავმჯდომარეს ნიკა ჯაჭვაძეს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ვალდებული არაა ჟუნალისტებთან განმარტებები აკეთოს.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედორე გობეჯიშვილი განმარტავს, რომ ამ სპეცუბანზე კომისიის ორმა წევრმა არასწორად მისცა ხმა, რადგან ისინი ისნის მაჟორიტარული ოლქის ოლქის ამომრჩევლები არ იყვნენ და მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. ამასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი.

„მას შემდეგ, რაც საჩივარი დაიწერა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომისიას აღარ დაეთვალა გადასატანი ყუთის ბიულეტენები… გადასატანი ყუთი ჩვენთან დევს დალუქულ მდგომაროებაში, არ გაგვიხსნია, შემიძლია გაჩვენოთ… ოლქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გავხსნათ და დავთვალოთ ამ გადასატანი ყუთის ბიულეტენები, თუ ბათილად მივიჩნიოთ, ამიტომაც არის ეს სხვაობა,“ – გვიპასუხა თედორე გობეჯიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სპეცუბანზე 3 ყუთი იყო, რომელთაგან 2 გაიხსნა და ერთი არა. „დათვლილია ამ ორი ყუთის ხმები. რა ხდება მესამე ყუთში ჯერ არ ვიცით“ – გვითხრა ოლქის თავმჯდომარემ.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/494117/

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან.

მოქალაქეებს, როგორც წესი, ნოემბრის თვის გადასხადი მომდევნო, დეკემბრის თვეში მიუვათ, ხოლო თებერვლის თვის – მარტში. შესაბამისად, სახელმწიფო ზემოთ აღნიშნულ აბონენტებს ოთხი თვის კომუნალურებს დეკემბერ-მარტში გადაუხდის. ანუ, მოხმარებული 200 კუბური მეტრი გაზისა და 200 კილოვატი დენის ათვლა დღეიდან, 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო.

მაგალითად, თუ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტი [საყოფაცხოვრებო მომხმარებელი] ნოემბრის თვეში დახარჯავს 114 ლარის, ან 114 ლარამდე ღირებულების გაზს, მას გაზის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფარავს.

ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების შემთხვევაში, თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ნოემბრის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ამაზე ნაკლები თანხის ელექტროენერგიას მოიხმარს, მას დენის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფარავს.

ანალოგიურად შეეხებათ [მოხმარებული გაზისა და დენის ღირებულების მიხედვით] აბონენტებს სუბსიდია მომდევნო სამ [დეკემბერი-თებერვალი] თვეშიც.

ყველა აბონენტს, რომელსაც ნოემბერ-თებერვალში, რომელიმე თვეში დენის გადასახადზე სუბსიდია შეეხება, მას ბიუჯეტიდან ავტომატურად დაუფარავენ წყლისა და დასუფთავების გადასახადს, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის/ღირებულების წყალს მოიხმარს ამ კონკრეტულ თვეში და რამდენი ექნება დასუფთავების გადასახადი.

რაც შეეხება 1-ელ ნოემბრამდე არსებულ ასე ვთქვათ ძველ დავალიანებებს, ის აბონენტებმა თავად უნდა გადაიხადონ.

იმ აბონენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და ეკუთვნით სუბსიდია, კვლავ შეეძლებათ უარი თქვან სახელმწიფო დახმარებაზე და კომუნალურები თავად გადაიხადონ.

მაგალითად, ნოემბრის თვის მოხმარების სუბსიდირებაზე უარის თქმა შეგიძლიათ 11 დეკემბრის ჩათვლით.

სუბსიდიაზე უარის თქმა შეგიძლიათ ამ ბმულზე

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესი და პირობები“ მთავრობამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს დაამტკიცა და ის იმავე დღეს შევიდა ძალაში. თუმცა, ზამთარში კომუნალურების სუბსიდიის შესახებ პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განაცხადა.

მთავრობის დადგენილებით, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს გადაუხდიან ყველა იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც ნოემბერ-თებერვალში, ყოველთვიურად 200 კილოვატ, ან ამაზე ნაკლებ დენს მოიხმარს, მიუხედავად იმისა, ეს აბონენტი წყლისა და გადასახადს იხდის ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით თუ არა.

თუ მოხდება ისე, რომ ასეთ აბონენტებს, რომელიმე გადასახადი წინასწარ აქვთ გადახდილი ან შემდგომში გადაიხდიან, აღნიშნულ თვეებში გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ – აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე.

ამასთან, ნოემბერ-თებერვალში აბონენტზე გადახდილი სუბსიდია არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

„იურიდიულმა პირებმა საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშება, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნა. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილებით, კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდება 2020 და 2021 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით „ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების“ პროგრამული კოდით გამოყოფილი თანხიდან.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ პროგრამისთვის ჯამში 780 მილიონი ლარია გაწერილი 2020 წლისთვის [მათ შორის კომუნალურების სუბსიდირებაც] თუმცა, 2021 წლისთვის მარტო იანვარ-თებერვლის კომუნალური გადასახადის სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარია გაწერილი.

გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადები, სახელმწიფო სუბსიდიით, 2020 წლის მარტში, აპრილსა და მაისშიც დაფინანსდა.

 

ქობულეთში ზაალ მიქელაძე იგებს – წინასწარი მონაცემი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ქობულეთის 29-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე იგებს.

22 უბნის მონაცემებით [14:00 საათი, 1.11.2020] ზაალ მიქელაძემ ხმების 56,1% მიიღო [6  328 ხმა], „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის“  კანდიდატმა ბონდო თედორაძემ კი – 38,53 % [4 346 ხმა].

ხმების 3.78% [426] ხმა მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ამირან ტაკიძემ, ხმების 2.62% [296 ხმა] კი „ნინო ბურჯანაძე- ერთიანი საქართველოს“ კანდიდატმა ხვიჩა გამარჯობაძემ.

მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება  მეორე ტური, სადაც  არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

საია აკრიტიკებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურების გამო

საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია 31 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას განცხადებით ეხმაურება. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკოს მონაცემების გავრცელების დაყოვნების გამო აკრიტიკებს.

სიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ის აზრით, საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად სრული მონაცემების გავრცელება. ამის გათვალისწინებით, კანონის შესაბამისად, ცესკო ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შედეგები განათავსოს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი გაცნობა. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების საკუთარ ვებგვერდზე ოპერატიულ განთავსებას უზრუნველყოფდეს.

საია აგრძელებს არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას, რომლის შესახებ დასკვნასაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს“.

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 40-მდე საჩივარი შევიდა

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს, ორმოცამდე საჩივარი შევიდა საუბნო კომისიებიდან. უსკოს განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

საჩივრები შევიდა ასევე საოლქო კომისიებშიც, სადაც საჩივრის წარმდგენი ორგანიზაციები ძირითადად საუბნო კომისიის წევრების გადაცდომის გამო ჩივიან, მათზე დისციპლინარული პასუხიმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ორი პარტია შევა.

___

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი პარტია შევა – უსკო

აჭარაში კოვიდის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი.

1-ელი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411.

Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.

ქვეყანაში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411.

Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.

ბათუმის საოლქო კომისიაში რიგი უბნებიდან ოქმები ჯერ კიდევ არ შესულა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ჯერ კიდევ ელოდება შემაჯამებელ ოქმებს ბათუმის საუბნო კომისიებიდან, მათ შორის არიან ისეთი უბნებიც სადაც დარღვევები დაფიქსირდა.

ინფორმაცია საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ დაგვიდასტურა, მისი თქმით ოლქში რვა ოქმს ელოდებიან: ეს ოქმები უკვე მზადაა და უახლოეს მომავალში კომისიის წევრები მათ საოლქო კომისიაში მიიტანენ.“ – აცხადებს ციალა შავაძე, თუმცა  პირველი ნოემბრის 10:00 საათის მდგომარეობით ცენტრალური [ცესკო] საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ბათუმის#28 საოქო კომისიის გრაფაში  63 ოქმია ატვირთული, ბათუმში სულ 120 საუბნო კომისია მუშაობდა, მათ შორის არიან სპეცუბნებიც. მაჟორიტარული წესით კი ატვირთულია გაცილებით ნაკლები, 28 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმი.

ძირითადად ბათუმის საუბნო კომისიებიდან ამ დრომდე ოქმებს ელოდებიან აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისაიშიც: „თითქმის ნახევარზე მეტი არ შემოსულა.“

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგებით კი ამ დროისათვის  დათვლილია 118 მაჟორიტარული და 106 პროპორციული უბანი.

ამავე თემაზე:

05:00 საათზე ბათუმის საოლქო კომისიაში დაახლოებითაც არ იციან რამდენი ოქმია შესული

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი პარტია შევა – უსკო

დღეს, პირველ ნოემბერს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 31 ოქტომბრის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა.

პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, ამ დროისათვის [09:00 სთ] დათვლილია 118 მაჟორიტარული და 106 პროპორციული უბანი.

უსკოს მონაცემებით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ  ორმა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

აჭარაში სულ 373 საარჩევნო უბანია, დასათვლელია კიდევ 255 უბანი. თუ კი ეს წინასწარი მონაცემები არ შეიცვალა, აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ორი პარტია, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება წარმოდგენილი.

________

ფოტოზე: პარმენ ჯალაღონია, უსკოს თავმჯდომარე

ლევან ვარშალომიძე VS რესან კონცელიძე – მოსალოდნელია მეორე ტური

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით ბათუმის #28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ჯერჯერობით დათვლილია 22 უბანი], „ქართული ოცნების“ კანდიდატი რესან კონცელიძე ლიდერობს, თუმცა მას არ აქვს ხმების 50 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში, სავარაუდოდ, გაიმართება არჩევნების მეორე ტური.

ცესკოს ბოლო მონაცემებით [09:00 სთ.] ხმები ბათუმის 22 საარჩევნო უბანზე ასე გადანაწილდა:

  • რესან კონცელიძე, „ქართული ოცნება“ – 41, 41 
  • ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 36,31 

ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში 120 საარჩევნო უბანია, სულ 96 760 ამომრჩეველი.

მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება  მეორე ტური, სადაც  არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოაცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეცვლილია/გაყალბებულია. ენმ-ისა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები პირველ ნოემბერს ცესკოს შენობასთან მივიდნენ მას შემდეგ.

ოპოციზია თბილისში დღეს, პირველ ნოემბერს, 16 საათზე აქციას გეგმავს.

 

როგორ გადანაწილდა ხმები – ცესკო აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების 58% დათვლილია

პირველ ნოემბერს, დილის 8 საათზე ცესკომ გამოაცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები 2252 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით. ამ დროისათვის დათვლილია ხმების ნახევარზე მეტი – 58.54%.

ცესკოში განაცხადეს, რომ აღნიშნული მონაცემები ისევ  შეიცვლება, რადგან დასათვლელია უბნების ნაწილი, თუმცა ამ დროისათვის ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 49.32 %
  • საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 25.94 %
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.77 %
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3.26 %
  • „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 3.16 %
  • საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.1 %
  • „გირჩი“ – 2.87 %
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.34 %
  • ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – 0.84 %
  • „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ“ – 0.57 %
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.03 %

საქართველოში სულ 3847 საარჩევნო უბანია.

ოპოციზია თბილისში დღეს, პირველ ნოემბერს, 16 საათზე აქციას გეგმავს.

ენმ-ისა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები პირველ ნოემბერს ცესკოს შენობასთან მივიდნენ მას შემდეგ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეცვლილია/გაყალბებულია.

ამავე თემაზე: 

თბილისში ოპოზიცია აქციას გეგმავს – არჩევნები 2020

მაღალმთიან აჭარას ანზორ ბოლქვაძე იგებს – ცესკოს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთული 36  საარჩევნო უბნის ოქმების თანახმად, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქს მოქმედი დეპუტატი „ქართულ ოცნებიდან“, ანზორ ბოლქვაძე იგებს. 36 უბნის მონაცემებით მან ამ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 51.52 პროცენტი მოიპოვა, სულ 4223 ხმა.

ამ ოლქში ანზორ ბოლქვაძის ძირითადი კონკურენტები იყვნენ მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  და  ტარიელ ნაკაიძე – „ევროპული საქართველოდან“.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის [36 ოქმის შედეგად]  მიშა ბოლქვაძემ ამომრჩეველთა ხმების 32, 44 პროცენტი [2598 ხმა], ხოლო ტარიელ ნაკაიძემ 6.12 პროცენტი [992 ხმა]  მიიღო.

ხულოს #30 მაჟორიტარულ ოლქში 180 საარჩევნო უბანია, სულ 96 760 ამომრჩეველი.

მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება  მეორე ტური, სადაც  არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მეოთხედ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, ჯამში ის 16 წელს დაჰყოფს საკანონმდებლო ორგანოში.

თავდაპირველად ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წელს კი, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არჩევნებში, ანზორ ბოლქვაძემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ სახელით გააგრძელა საქმიანობა.

2016 წელს მან ხულოს, შუახევისა და ქედის საარჩევნო ოლქები ისევ „ოცნების“  სახელით მოიგო. ამჯერადაც, ის, როგორც მაჟორიტარობის  კანდიდატი, „ოცნებიდან“ წარადგინეს.

#30 მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის საარჩევნო უბნების 31 პროცენტია დათვლილი.

თბილისში ოპოზიცია აქციას გეგმავს – არჩევნები 2020

ოპოციზია თბილისში დღეს, პირველ ნოემბერს, 16 საათზე აქციას გეგმავს.

„გელოდებით ხვალ, 4 საათზე, რუსთაველზე“, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვალინდელ გეგმაზე შეთანხმდნენ.

ენმ-ს და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები პირველ ნოემბერს ცესკოს შენობასთან მივიდნენ მას შემდეგ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი.

პირველ ნოემბერს, გამთენიისას, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა ბრიფინგზე, თუმცა ბრიფინგი შეჩერდა მას შემდეგ, რაც ჟვანიამ დაასახელა წინასწარი შედეგების მიხედვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული შედეგი არჩევნებზე – 23,95 პროცენტი.

„ეს არის ოცნების შტაბში დაწერილი შედეგები“ – ასე გააპროტესტა ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ ჟვანიას მიერ დასახელებული პროცენტი.

„რას აცხადებთ თამარ, არ გრცხვენიათ? ეს არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას! …რომელი საათია, აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს, დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, სადაც მხოლოდ „ოცნების“ შედეგებია. არ არის ასახული ის პროცენტები, რასაც ხალხმა რეალურად მისცა ხმა. ეს არის რეალურად ყველაფერი ფარსი და ყალბი“ – განაცხადა მან.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეცვლილია/გაყალბებულია.

05:00 საათზე ბათუმის საოლქო კომისიაში დაახლოებითაც არ იციან რამდენი ოქმია შესული

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველ ნოემბერს, დილის 5 საათზე, უჩვეულო სიჩუმე დაგვხვდა. კომისიაში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე დაახლოებით რამდენი ოქმია ამ დროისთვის [05:00] საოლქო კომისიისთვის მიწოდებული. კითხვაზე, რატომ არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ვებგვერდზე ატვირთული ოქმები ბათუმის საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, საოლქო კომისიის მდივანმა ნანი ვაშაყმაძემ გვიპასუხა: „ატვირთულია, რამდენიც შემოსულია“.

ამ დროისთვის ბათუმის #28 მაჟორიტარული ოლქის გრაფაში ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ ექვსი ოქმია ატვირთული და აქედან სამი ოქმი სპეცუბნებიდანაა, მაშინ როცა სხვა საარჩევნო ოლქების გრაფაში ცესკომ უკვე რამდენიმე ათეული ოქმი ატვირთა.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოცზე მეტი საუბნო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი დაგვხვდა ოქმებით და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ფუთებით. ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, შენობაში რიგებია და დროულად ამიტომ ვერ შედიან, თუმცა „ბათუმელებს“ რიგები შენობაში არ შეუნიშნავს.

ბათუმის ოლქი. არჩევნები 2020

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მთავარი კონკურენტები არიან რესან კონცელიძე „ქართული ოცნებიდან“  და ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

რაც შეეხება მონაცემებს პროპორციული წესით, ცესკოს ვებგვერდზე ბათუმის #28  ოლქის გრაფაში ამ დროისთვის მხოლოდ 15 ოქმია ატვირთული, [ მათ შორის რამდენიმე სპეცუბნის ოქმია, მცირე რაოდენობის ამომრჩევლით] მაშინ როცა ბათუმში 120 საარჩევნო უბანია.

 

„ეს არის ოცნების შტაბში დაწერილი შედეგები“ – პროტესტი ცესკოში

პირველ ნოემბერს, გამთენიისას, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა ბრიფინგზე, თუმცა ბრიფინგი შეჩერდა მას შემდეგ, რაც ჟვანიამ დაასახელა წინასწარი შედეგების მიხედვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული შედეგი არჩევნებზე – 23,95 პროცენტი.

„ეს არის ოცნების შტაბში დაწერილი შედეგები“ – ასე გააპროტესტა ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ ჟვანიას მიერ დასახელებული პროცენტი.

„რას აცხადებთ თამარ, არ გრცხვენიათ? ეს არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას! …რომელი საათია, აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს, დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, სადაც მხოლოდ „ოცნების“ შედეგებია. არ არის ასახული ის პროცენტები, რასაც ხალხმა რეალურად მისცა ხმა. ეს არის რეალურად ყველაფერი ფარსი და ყალბი“ – განაცხადა მან.

თამარ ჟვანია შეეცადა განემარტა, რომ ეს მხოლოდ პირველადი შედეგებია და ჯერ დათვლილია საარჩევნო უბნების მეოთხედი, თუმცა ბრიფინგი შეფერხდა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ციფრები მხოლოდ 1085 საარჩევნო უბნის მონაცემებია და ის შეიძლება შეიცვალოს.

ცესკოში უკვე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერების ნაწილი გასაპროტესტებლად.

ცესკოს პირველადი შედეგების თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ 53.1 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 23,95 პროცენტი, „ევროპულმა საქართველომ“ – 3.98, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.35 პროცენტი, „ლელომ“ – 2,85 პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 2,72 პროცენტი, „გირჩმა“ 2,37 პროცენტი, „მოქალაქეებმა“ – 1,14 პროცენტი [04:00 საათის მონაცემები].

პირველადი შედეგებისგან მნიშვნელოვანად განსხვავდება ტელემედიის მიერ გამოქვეყნებული ეგზითპოლების შედეგები.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/493792/?fbclid=IwAR2ITPWYWI9R8auHhtgrb7eue-WL5fvGAKEmfZGQ-expbXlI-yOM3KXIYn0

 

 არჩევნების შედეგები დიდაჭარაში: „ნაციონალური მოძრაობა“ 278 ხმა, „ოცნება“ – 229 ხმა –

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, როგორც პროპორციული, ასევე  მაჟორიტარული წესით. ეს ის სოფელია, სადაც რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არ შეუშვეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა კი ფეისბუქლაივით გავრცელდა.

უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობამ” ყველა სხვა პარტიაზე მეტი ხმა მიიღო. უბანზე არჩევანი 662 ამომრჩეველმა დააფიქსირა, აქედან 278 ხმა მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული წესით, ხოლო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ 234 ხმა [„ოცნება“ – 229 ხმა პროპორციული წესით, ხოლო მაჟორიტარმა კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ 198 ხმა].

რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს პროპორციული წესით, დიდაჭარაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 280 ხმა, ხოლო „ოცნებამ“ – 223.

ფეისბუქში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სოფელ დიდაჭარაში შეხვედრის დროს, თორნიკე რიჟვაძემ „ცალკე დალაპარაკება“ შესთავაზა ფირუზ წულუკიძეს, რადგან მთავარი უკმაყოფილება ამ სოფელში სწორედ მის ოჯახს უკავშირდება.
მსოფლიო ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად კი მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ.
ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.
 წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების მცდელობის დროს სოფლის დატოვებას თავდაპირველად თორნიკე რიჟვაძეს სწორედ ფირუზ წულუკიძე  სთხოვდა, მერე კი მას მხარი სოფლის სხვა მცხოვრებლებმაც დაუჭირეს. იმავე დღეს მან თორნიკე რიჟვაძეს „ცალკე დალაპარაკებაზე“ უარი უთხრა. ბრალდებულების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე, ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად ზონდერჯგუფების შექმნას სთხოვდნენ.
დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ხდებოდა ზონდერჯგუფების მობილიზება. სავარაუდოდ ის  გულისხმობდა ფირუზ წულუკიძეს და მის მხარდამჭერებს, რომლებსაც შეხვედრა ჰქონდათ ბათუმში რაგბის სტადიონთან. რიჟვაძის ბრიფინგზე სწორედ ამ შეხვედრის ვიდეოკადრები აჩვენეს.

ბათუმში საარჩევნო უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი შეუძლოდ გახდა

ბათუმის #65 საარჩევნო უბნიდან დღეს „მოძრაობა განვითარებული მომავლისთვის“ დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც უბნიდან გასვლის შემდეგ შეუძლოდ შეიქმნა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს.

#65 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ სურმანიძემ გვითხრა, რომ დამკვირვებლის დაკეტილი უბნიდან გაძევების მიზეზი კონფლიქტური სიტუაცია გახდა, რაც საეჭვო ბიულეტენთან იყო დაკავშირებული.

„ერთ-ერთი ბიულეტენი მიჩნეული იქნა საეჭვოდ, გადადებული იქნა გვერდზე, რომ კომისიამ ემსჯელა ამ ბიულეტენის ნამდვილობისა თუ ბათილობის შესახებ. დამკვირვებელმა დაიწყო ყვირილი, რომ ეს არ იყო საეჭვო და უნდა დადებულიყო სხვა ბიულეტენებთან ერთად. მას არაერთხელ ავუხსენით, რომ ეს არ ნიშნავდა ბიულეტენზე გადაწყვეტილების მიღებას, რომ ჩვენ მისჯელებდით და მივიღებდით ობიექტურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ის არ გაჩერდა“ – გვითხრა ზურაბ სურმანიძემ.

დამკვირვებელი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაიყვანეს. საარჩევნო უბანთან ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიის ოქმი, რომელიც ისტორიას დარჩება 

სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიაში, სადაც ამომრჩეველი უბანზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, საარჩევნო ყუთიდან მხოლოდ ათი კონვერტი ამოიღეს. ყუთში ათივე ბიულეტენი ამავე საარჩევნო კომისიის წევრებმა მოათავსეს. ხმები კი ასე გადანაწილდა:

8 ხმა მიიღო ანზორ ბოლქვაძემ, მაჟორიტარობის კანდიდატმა „ოცნებიდან“,  1 ხმა მიშა ბოლქვაძემ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და 1 ხმაც ტარიელ ნაკაიძემ – „ევროპული საქართველოდან“.

საარჩევნო კომისიაში 12 წევრია, აქედან 3 „ოცნების“ წარმომადგენელია, თითო წევრი ჰყავთ კვალიფიციურ პარტიებს, შესაბამისად, კომისიაში ერთი – „ნაციონალური მოძრაობის“, ერთი -„ევროპული საქართველოს“ და ერთიც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელია. დარჩენილ ექვს პირს კი კომისიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიას წარმოადგენს.

შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტარიელ ნაკაიძემ [ევროპული საქართველო] და  მიშა ბოლქვაძემ [ენმ] კომისიაში მათივე პარტიის წარმომადგენელი პირების ხმები მიიღეს. რასაკვირველია ამ პრინციპით ანზორ ბოლქვაძეს [„ოცნება“] 3 ხმა უნდა მიეღო, თუმცა ცესკოს ექვსმა წარმომადგენელმაც მმართველი პარტიის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს მისცა ხმა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ კომისიებში ცესკოს სახელით „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები მუშაობენ.

მთავარი ამბავი კი, რის გამოც სოფლის უკლებლივ ყველა ამომრჩეველმა საკუთარ კონსტიტუციურ, ხმის მიცემის უფლებაზე უარი თქვა, არის ის, რომ ხულოში მდებარე სოფელ წაბლანას მოსახლეობა ხელისუფლებას რამდენიმე კვირაა აფრთხილებდა, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოიცხადებდნენ და არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდოდა საარჩევნო უბანზე, რადგან ხელისუფლებამ არ შეასრულა მათი მოთხოვნა.

ამ სოფელში 1989 წელს მეწყერი ჩამოწვა და 19 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა წაბლანელებს, რომ მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე იზრუნებდა. „ქართული ოცნების“  მთავრობამ  ეს პირობა ნაწილობრივ შეასრულა – მათთვის კორპუსი ააშენა. თუმცა  წაბლანელები ამბობენ, რომ ამ კორპუსებში ცხოვრება შეუძლებელია და ხელისუფლება ვალდებულია, კანონის შესაბამისად [ისე, როგორც დევნილების შემთხვევაში] მათთვის გადაცემული ბინებიც გაარემონტოს.

მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის  ამ სოფელში საარჩევნო უბანი სხვა სოფლების მცხოვრებლებით დააკომპლექტა.

ოქმი სოფელ წაბლანას 32-ე სარჩევნო უბნიდან

___

ამავე თემაზე:

სოფელი, სადაც საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

„1-2 ნოემბერს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში,  მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

„მე არჩევანის უფლება არ მომცეს“ – თვითიზოლაციაში მყოფთა დაკარგული ხმები

„ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ოფიციალურად დაუკავშირდნენ ცესკოს და ჩაეწერნენ სპეციალურ სიაში, მაგრამ არჩევნების დღეს მათთან არავინ მისულა, შესაბამისად, მათ ხმის მიცემა ვერ მოახერხეს.

მათ შორის ერთ-ერთია ეკა ბერიძე, რომელიც სპეციალურ სიაში დარეგისტრირდა, თუმცა დღეს აღმოაჩინა, რომ ხმას ვერ მისცემდა.

„მოვიდნენ დილით და აღმოჩნდა, რომ სიაში არის მხოლოდ ჩემი მეუღლე, მე კი არ ვარ. ვიკითხე მიზეზი და მითხრეს, რომ არ ვიყავი სიაში და უნდა გამერკვია ცესკოს ცხელ ხაზზე ეს საკითხი, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, მათ უნდა გადმოგვცენ ინფორმაციაო. ცხადია, დავრეკე. ჩაიწერეს მონაცემები და მითხრეს, რომ ჩამწერეს დამატებით სიაში, თუმცა არავინ მოსულა. საღამოს 6 საათზე, როცა უკვე 2 საათი იყო დარჩენილი ხმის მიცემის ვადის ამოწურვამდე, ისევ დავრეკე ცხელ ხაზზე. გადაამოწმეს და ოპერატორმა მითხრა, ადგილზე რომ იყვნენ მოსული, მათ უნდა ეცნობებინათ ჩვენთვისო. ფაქტია, რომ ხმის მიცემის უფლება დავკარგე“  – ამბობს ეკა.

იმედა ბოლქვაძე ხულოში ცხოვრობს. მისი ოჯახიც თვითიზოლაციაშია, დღეს იმედა ელოდა, როდის მიაკითხავდნენ სახლში, რომ ხმა მიეცა, თუმცა მასთან არავინ მისულა.

„5-6 დღის წინ ოფიციალურად დავწერე განცხადება. დღემდე ვიცოდი, რომ მოვიდოდნენ და ხმას მივცემდი, თუმცა არავინ მოსულა“ – გვითხრა იმედამ.

იგივე პრობლემაზე საუბრობს ნინი რესულიძე.

„დღეს მე და ჩემი ოჯახი მთელი დღის განმავლობაში ველოდით სპეციალურ ჯგუფს რომელიც თვითიზოლაციაში მყოფებს მოგვცემდა ჩვენი არჩევანის დაფიქსირების უფლებას! თუმცა დღე ისე დამთავდა არავინ გამოცხადებულა, როცა ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე ვიყავით ცესკოს სპეციალურ სიაში (ორჯერ გადავამოწმე სატელეფონო ზარით). ნეტავ ჩვენსავით კოვიდის გამო იზოლაციაში მყოფი ადამიანის რამდენი ხმა დაიკარგა?“ – წერს ნინი ფეისბუქზე.

იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ნინო დიასამიძე, რომელმაც ხმის მიცემა ვერ შესძლო.

„მე დღეს ხმის მიცემის უფლება არ მომცეს, 2 დღეა ვიბრძვი და უშედეგოდ. სპეცსიაში ვიყავი, არადა კოვიდი ჩემს ძმას დაუდასტურდა და 26 ოქტომბერს კიდევაც დარეგისტრირდა რომ ყუთი ჩემებთან სახლში მიეტანათ. მე საერთოდ შეხებაც არ მქონია, მაგრამ ხმის მიცემის მიზნით დავთანხმდი, რომ ყუთს როცა მიიტანდნენ, ორმაგი პირბადით შევიდოდი და ჩემს მოქალაქეობრივ ვალს პატიოსნად მოვიხდიდი. დღეს ყუთი მიიტანეს და სპეცსიაში დედაჩემი აღმოჩნდა – ჩემი ძმა არა, მარტო დედაჩემს მიუტანეს ბიულეტენი.

მე მაინც წავედი არჩევნებზე, იქ მეუბნებიან, რომ მე და ჩემი ძმა ვიყავით სპეცსიაში და ადგილზე ხმის მიცემის უფლება არ მქონდა. თუ სპეცსიაში ვიყავით, მაშინ რატომ არ იყო ჩემი და ჩემი ძმის ბიულეტენი ყუთთან ერთად. ერთი სიტყვით, ასე დაგვაკარგვინეს მე და ჩემს ძმას ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არ მომეცა ხმის მიცემის საშუალება“ – წერს ნინო ფეისბუქზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ სისტემა ისე იყო მოწყობილი, მსგავსი პრობლემები აუცილებლად გაჩნდებოდა.

„გვქონდა პოზიცია, რომ დიდ საავადმყოფოებსა და კოვიდსასტუმროებში გახსნილიყო უბნები, რადგან ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა დაკვირვება.

გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სპეციალურ სიაში, ვერც პროცესის დაკვირვება ხერხდება. არ გვაქვს ინფორმაცია რამდენი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი აკვირდება პროცესს, ამიტომ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ შესაძლოა დარღვევები ხდებოდეს.

ჩვენ ვამბობდით, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანები ავტომატურად მოხვედრილიყვნენ  გადასატანი ყუთის სიაში და შემდეგ, ვისაცარ ექნებოდა ამის საჭიროება ის დარეკავდა ცხელ ხაზზე. ასეთ შემთხვევაში გაცილებით მეტ ადამიანს მიეცემოდა ხმის მიცემის უფლება“ – ამბობს ლევან ნატროშვილი.

გარდა იმისა, რომ ცხელ ხაზზე დარეკვის მიუხედავად, კოვიდინფიცირებულმა და იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა ვერ მოახერხეს ხმის მიცემა, ხმის უფლება იმ პირებმაც დაკარგეს, ვინც არჩევნების წინა დღით დაინფიცირდა.

მაგალითად, ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე ათი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა ორმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან იმ დროისთვის უკვე კორონავირუსით აღმოჩნდნენ ინფიცირებული.

_______________________

ეკა ბერიძის ფოტო 

ამავე თემაზე:

ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო

 

აჭარაში ამომრჩევლის 59 % მივიდა არჩევნებზე, 2016 წელს აქტივობა 52% იყო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 20:00 საათისთვის აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ვე უბანი დაიხურა. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა. 31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 186 182 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59,12% პროცენტია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობის მაჩვენებელი იყო – 52,97%, რაც 163 419 ამომრჩეველს გულისხმობს. ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ბათუმის ოლქი – 81 222 ამომრჩეველი – 55,14%
  • ქობულეთის ოლქი – 43 186 ამომრჩეველი – 60,9 %
  • ხელვაჩაურის ოლქი – 25 402 ამომრჩეველი – 60,9 %
  • შუახევის ოლქი – 10 057 ამომრჩეველი – 66,52 %
  • ქედის ოლქი – 11304 ამომრჩეველი – 71,9 %
  • ხულოს ოლქი – 15 011 ამომრჩეველი – 61,96 %

უსკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში. აჭარის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 40-მდე საჩივარი. საჩივრები კომისიამ 2 დღის ვადაში უნდა განიხილოს. 24-ვე სპეცუბანზე, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა სამკურნალო და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უკვე დაიწყო ხმის დათვლა და საჩივარი არსად არ დაფიქსირებულა.

აურზაური ბათუმის #20 უბანზე – რატომ მივიდა პოლიცია ოთხჯერ ერთ მისამართზე

31 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმში, მე-20 საარჩევნო უბანთან პოლიცია დღეს ოთხჯერ მივიდა. ეს უბანი ბათუმში მე-9 სკოლის შენობაში მდებარეობს. ამავე მისამართზეა გახსნილი კიდევ ერთი, #21 საარჩევნო უბანი.

პირველად პოლიცია მე-9 სკოლის შენობასთან დილას გამოჩნდა. აქ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენელი ხათუნა ბერიძე ადგილზე მყოფი მოქალაქეები. დაპირისპირების მიზეზი გახდა #21 უბანზე მოსული ამომრჩევლის პროტესტი, რომელმაც საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა, ხმამაღლა გამოთქვა პრეტენზია და მას სხვა მოქალაქეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. მალე პოლიცია მოვიდა და ადგილზე ორი პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

დღის ბოლოს დაპირისპირებების სერია ამავე შენობაში უკვე #20 საარჩევნო უბანზე დაიწყო.

თავდაპირველად აქ შელაპარაკება მოხდა დამკვირვებლებს შორის. კერძოდ, დამკვირვებელ თეიმურაზ გორგილაძეს, რომელიც „ფოთის ახალგაზრდულ ცენტრს“ წარმოადგენდა, სხვა ორგანიზაციის დამკვირვებელი დაუპირისპირდა, რადგან, როგორ ამბობენ, გორგილაძეს „ოცნების“ აგიტაციას ეწეოდა, შენიშვნაზე კი მუქარით უპასუხა. უბანზე ამბობენ, რომ კომისიის თავჯდომარეს ამაზე რეაგირება არ ჰქონია. უბანზე პოლიცია გამოიძახეს და გორგილაძემ დატოვა უბანი.

მეორე ჯერზე შელაპარაკების მიზეზი ხმის მიცემის უფლება გახდა. #20 საარჩევნო უბანზე მოსული ერთ-ერთი ამომრჩეველი ერთიან სიაში რეგისტრირებული იყო, თუმცა არ იყო ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში. კომისიის თავმჯდომარემ, თამილა დუმბაძემ ჩათვალა, რომ ამომრჩეველს შეეძლო ხმის მიცემა, რასაც მოჰყვა დამკვირვებლის, გიორგი სოლომონიძის პროტესტი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა და კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ცოტა ხანი დაჰყო, დამკვირვებელს უთხრა რომ უბნიდან აძევებდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ისე დატოვა შენობა, რომ დაკვირვებელი შენობაში დარჩა.

მოკლე ხანში საპატრულო ეკიპაჟი ისევ გამოჩნდა ამ მისამართზე, რადგან დაპირისპირება დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის ისევ გაგრძელდა. საარჩევნო უბანი უკვე ჩაკეტილი იყო, როცა ადგილზე პოლიცია მოვიდა, ჯერ სიტუაციის განმუხტვას შეეცადა, შემდეგ კი უბნიდან დამკვირვებელი გააძევა.

ამჟამად ამ უბანზე ხმების დასათვლელად ემზადებიან.

„ოცნება“ – 41%, „ენმ“ – 33%, – „მთავარი არხის“ ეგზიტპოლი

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და შესაბამისად, ტელეკომპანიებმა დაიწყეს ეგზიტპოლების გამოქვეყნება.

„მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 41%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 33%;
  • „ევროპული საქართველო“ – 5%;
  • „ლელო“ – 4%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2%;
  • „გირჩი“ – 3%
  • „სტრატეგია აღმაშენებლი“ – 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი ასევე ჩაატარა „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-მა, „იმედის“ დაკვეთით Public Opinion Strategies-მა და „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Survation-მა.

„მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 3 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%. მონაცემები ასახავს 17:00 საათისთვის არსებულ მდგომარეობას.

ოცნება – 55%, ენმ – 23% – „იმედის” ეგზიტპოლი 18 საათის მდგომარეობით

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 18 საათის მდგომარეობით ამორმჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართულმა ოცნება“ – 55%
  • ნაციონალური მოძრაობა – 23%
  • „ევროპული საქართველო“ – 3%
  • ლელო – 3%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3%
  • სტრატეგია აღმაშნებელი – 3%
  • გირჩი – 3%
  • ლეიბორისტები – 1%
  • ნინო ბურჯანაძე/ერთიანი საქართველო – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 4%

„იმედი“ აცხადებს, რომ ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებს 20 საათის მდგომარეობით, მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლს კომპანია Public Opinion Strategies-ი ამზადებს, ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებენ სხვა ტელევიზიებიც: რ2, ფორმულა და „მთავარი არხი“.

ანანიაშვილი ბათუმში სპეცრაზმის შემოყვანაზე – ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება აჭარაში

„გარკვეული ძალების გადაადგილება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩვეულებრივი პროცესია რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, საჭიროება არაა, ეს ჩვეული პროცესია,  შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ საზოგადოებრივ წესრიგს და შესაბამისად წარმოდგენილია საპოლიციო ძალები, საკმარისი რაოდენობა არის მთლიანად ყველა მუნიციპალიტეტში“, – უთხრა „ბათუმელებს“ კოტე ანანიაშვილმა.

ზოგადად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კი ანანიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის რთული ვითარება არსად არ არის: „დაფიქსირდა რამდენიმე მცირე ინციდენტი, რაზეც შესაბამისი რეაგირებაა მომხდარი და მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა“.

ბათუმში სპეცრაზმის შემოყვანის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი კადრებიც ცოტა ხნის წინ ენმ-მ გაავრცელა.

ენმ აცხადებს, რომ ბათუმში 4 ავტობუსით სპეცრაზმი შემოიყვანეს და განმარტებას რიჟვაძეს სთხოვს

 

სოფელი, სადაც საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა

ხულოში მდებარე სოფელ წაბლანას მოსახლეობა ხელისუფლებას რამდენიმე კვირაა აფრთხილებს, რომ ამ სოფელში არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არც ერთი სრულწლოვანი ადამიანი არ მივა საარჩევნო უბანზე. ხელისუფლებამ არ ისმინა სოფლის შეტყობინება, რითაც მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა უნდოდათ. პირიქით, ამ სოფელში უბანი სხვა სოფლების მცხოვრებლებით დააკომპლექტა – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის #32 საარჩევნო უბანზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არც ერთ წაბლანელს არ უმუშავია.

გუშინ წაბლანელები აცხადებდნენ, რომ მათი სოფლიდან არავინ მივიდოდა არჩევნებზე. ვიდრე ამას საბოლოოდ გადაწყვეტდნენ, სოფელში კრება ჩაატარეს, იმსჯელეს და მაინც რამდენიმე კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეჯერდნენ – არ მისულიყვნენ არჩევნებზე.

დღეს, 31 ოქტომბერს, საარჩევნო დღის დასრულებიდან 40 წუთით ადრე გვაცნობეს, რომ საარჩევნო უბანზე მართლაც არც ერთი წაბლანელი არ მისულა.

რას ითხოვენ წაბლანელები? – ამ სოფელში 1989 წელს მეწყერი ჩამოწვა და 19 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა წაბლანელებს, რომ მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე იზრუნებდა. ერთადერთი „ქართული ოცნება“ იყო, რომელმაც ეს პირობა [ნაწილობრივ] შეასრულა – მათთვის კორპუსი ააშენა. წაბლანელები ამბობენ, რომ ამ კორპუსებში ცხოვრება შეუძლებელია და ხელისუფლება ვალდებულია, კანონის შესაბამისად [ისე, როგორც დევნილების შემთხვევაში] მათთვის გადაცემული ბინებიც გაარემონტოს.

წაბლიანში 658 ამომრჩეველია.

__________________

მთავარი ფოტო: სოფელ წაბლანაში დღეს, 31 ოქტომბერს სოფლის მცხოვრებლები საარჩევნო უბნის ნაცვლად მოედანზე შეიკრიბნენ.

ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე საარჩევნო უბანთან არ მიუშვეს – დაპირისპირება გონიოში

გონიოში საუბნო საარჩევნო კომისიასთან მისულ ლევან ვარშალომიძეს და მურმან დუმბაძეს ადგილზე მყოფმა პირებმა უბნის დატოვება მოსთხოვეს. „ლევან ვარშალომიძეს ლანძღავდნენ იმიტომ, რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და მე მლანძღავდნენ ასევე იმისთვის, რომ ვარ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, – უთხრა „ბათუმელებს“ მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძე ვარაუდობს, რომ ეს პირები არ იყვენენ ფხიზელ მდგომარეობაში. „ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგვიცვა, თორემ ალბათ ფიზიკურადაც შეგვეხებოდენ“, – გვითხრა მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძემ და ლევან ვარშალომიძემ საარჩევნო უბნის ტერიტორია დატოვეს, თუმცა ადგილზე ისევ დაძაბულობაა და მობილიზებულია პოლიციაც. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ხმაური მხოლოდ ეზოში იყო და დაძაბულობა საარჩევნო უბანზე არ  შეინიშნება. „ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი“, – უთხრა „ბათუმელებს უბნის თავმჯდომარემ.

„თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებ“ – წულუკიძე

ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სპორტსმენის, ფირუზ წულუკიძის განცხადებით, ის და მისი მხარდამჭერები, მეგობარი სპორტსმენები და ნათესავები, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდებიან უბნებს გარეთ დაიცვან ხალხის არჩევანი.

„გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ხმებს, თუ იქნება რამე კონფლიქტი, ჩვენც მზად ვართ, რომ გავმუხტოთ სიტუაცია,“ – განაცხადა მან.

„ცდილობენ რაღაც პროვოკაციები მოაწყონ, ჩვენ ვცდილობთ, რომ უბნებზე რამე ჩაშლები და ასე შემდეგ… ჩვენ მაგას შევუშალოთ ხელი. ალბათ ჩვენ გვიგულისხმა [რიჟვაძის განცხადება ზონდერჯგუფებზე], მაგრამ მისი განცხადება არაფერს ნიშნავს, მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ [ზონდერჯგუფები], ჩვენი ჩართვაც უნდოდათ, პირადად ჩემთან ჰქონდა მამამისს, დავით რიჟვაძეს მაგასთან დაკავშირებით შეთანხმებები. ეს ბიჭები, რომლებიც ჩემს გვერდში დგანან, უნდოდა, რომ ზონდერები ყოფილიყვნენ, მაგრამ არა, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და მათი ზონდერბიჭები რას იზამენ, ვნახოთ“, – განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.

კითხვას, როგორ მოიქცევიან იმ შემთხვევაში, თუ კი „ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში, ფირუზ წულუკიძე ასე პასუხობს:

„თუ სამართლიანად გაიმარჯვებენ, არაფერს, შევინარჩუნებთ სიმშვიდეს. თუ გაყალბდება, თუ დამკვირვებლები ამას აღწერენ, ჩვენი ქმედებები გვექნება, თუ მშვიდ, წყნარ რეჟიმში იქნება მათი  გამარჯვება, ხალხის არჩევანს ჩვენს არ შევეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს ხმების დაცვას, ფირუზ წულუკიძემ განაცხადა, რომ ფიზიკურად არავის დაუპირისპირდებიან – „ჩვენი ქმედებებით ეს იგრძნობა. თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებთ“.

რაც შეეხება მათ ქმედებას „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, წულუკიძე ამბობს, რომ ამას საზოგადოება გადაწყვეტს:

„მაგ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, საზოგადოება იღებს, თუ იქნება პროტესტი, მე სავარაუდოდ წინა ხაზზე ვიქნები, თუ არადა, მარტო მე რა უნდა გავაკეთო, ვიქნები ერთი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილო იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში უსამართლობა იმარჯვებს“.

ფირუზ წულუკიძე ასევე ამბობს, რომ „ოცნებას“ აქვს მცდელობა ფიზიკური დაპირისპირების:

„ფიზიკური დაპირისპირება შეიძლება იყოს იმათი მხრიდან. ემზადებიან იმიტომ, რომ მე ვფიქრობ აგებენ. ხალხის განწყობა ვიცი.

დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მხარს არ უჭერს ქართულ ოცნებას, ის თუ არ გააყალბებს, ვერ გაიმარჯვებს. მე იმედი მაქვს პირველივე ტურში გაირკვევა ყველაფერი“.

დღეს ფირუზ წულუკიძემ ასევე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

_________________

ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში. იგი  რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

28 ოქტომბერს, ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.

ამავე თემაზე: 

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

ენმ აცხადებს, რომ ბათუმში 4 ავტობუსით სპეცრაზმი შემოიყვანეს და განმარტებას რიჟვაძეს სთხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბათუმში ოთხი ავტობუსით სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შემოიყვანეს. მან ბრიფინგზე ავტობუსების ვიდეოკადრებიც აჩვენა, სადაც ჩანს ოთხი ლურჯი ავტობუსი, რომლებსაც პოლიციის მანქანები აცილებენ.

მირდატ ქამადაძე სთხოვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განმარტოს, რატომ გახდა ბათუმში სპეცრაზმის შემოყვანა საჭირო.

მთავრობას ამ საკითხზე განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ენმ: არც წულუკიძეები და არც ნაციონალური მოძრაობა არაფერს უკანონოს არ გეგმავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ წულუკიძეები, რომლებიც ენმ-ის მხარდამჭერები არიან, დღეს არანაირ აქტივობას არ გეგმავენ. მირდატ ქამადაძემ უპასუხა თორნიკე რიჟვაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ენმ გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით. „მაშინაც, როცა ვაგებდით არჩევნებს, ფაქტები აჩვენებს, რომ არეულობა ჩვენს ინტერესში არასდროს არ შედიოდა“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

დღეს, 16:00 საათზე, გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება და ამის ამსახველი შესაბამისი მასალაც იქნება გავრცელებული“. ბრიფინგზე აჩვენეს კადრები, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ წულუკიძეების მობილიზებაა ნაჩვენები რაგბის სტადიონთან.

ფირუზ წულუკიძე მოჭიდავე და მსოფლიო ჩემპიონია, რომელიც პერიოდულად საროტესტო აქციებს მართავს ბათუმში თავისი ძმის – რეზო წულუკიძის დაპატიმრების გამო. წულუკიძეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მას შემდეგ ავიწროებს, რაც წულუკიძეებმა მათ სასარგებლოდ ზონდერჯგუფების შექმნაზე უარი უთხრეს.

„თუ წულუკიძეების მიმართ არის საუბარი, ცალსახად ვაცხადებ, რომ პროვოკაციას გეგმავს ხელისუფლება იმიტომ, რომ დაბოღმილია რიჟვაძე, რადგან დიდაჭარაში არ შეუშვეს. თუ წულუკიძეების მიმართ რაიმე ქმედებას განახორციელებენ და ისრებს გადმოიტანენ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, პასუხისმგებლობა ეკისრება მას. ის და ბატონი ანზორ ბოლქვაძეც არიან დაბოღმილები, პირადი შურისძიება და პირადი მოტივები ამოძრავებთ ამ ადამიანების მიმართ. მისგან განსხვავებით კორექტულად ვამბობ, არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რომლებსაც ის იყენებს ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ვეუბნები, პროვოკაცია არ მოუწყოს ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მას… წულუკიძეები არავითარ აქტივობას არ გეგმავენ, ისინი  ჩვენი მხარდამჭერები არიან. ჩვენს ოფისთან, აღმაშენებელზე ცოტა ხნის წინ ვიღაცებმა მოაკითხეს, შეხვდნენ ეზოში, ისაუბრეს და წავიდნენ, ხმა მისცეს და ქალაქში გადაადგილდებიან, ძალიან კანონმორჩილად. თუ იმ კადრებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ვინმე ჩვენი მხრიდან რამეს გეგმავს, პასუხისმგებლობა ეკისრება მას, არავინ არაფერს არ გეგმავს ჩვენი მხრიდან“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

თუმცა ფირუზ წულუკიძის მამამ, დავით წულუკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ისინი ამაღამ ბათუმში საპროტესტო აქციას გამართავენ. თავად ფირუზ წულუკიძემ კი თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ სამართლიანად გაიმარჯვებს, შეინარჩუნებენ სიმშვიდეს, თუ გააყალბებენ არჩევნებს – „მაშინ ჩვენი ქმედებები გვექნება“.

____

თორნიკე რიჟვაძე: „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება“

ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩეველი ხმას 20 საათის შემდეგაც მისცემს

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან წარმოქმნილი რიგების გამო ხმის მიცემის პროცესი შენელებულია.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ცოტა ხნის ბრიფინგზე განმარტა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნების დახურვის მომენტში ანუ 20 საათისთვის ჯერ კიდევ ხმის მიცემის რიგში იქნებიან, ხმის მიცემას 20 საათის შემდეგაც შეძლებენ:

“ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, ის იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და იმ პირებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა,” – თქვა მან. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების რაოდენობა 165-მდე გაიზარდა, ცესკოს პრესსპიკერის განმარტებით, “მათი ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს”.

წულუკიძეების პასუხი თორნიკე რიჟვაძეს – რა შემთხვევაში იგეგმება აქცია ბათუმში

დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება. სავარაუდოდ, აჭარის მთავრობა გულისხმობდა ფირუზ წულუკიძეს და მის მხარდამჭერებს. ფირუზ წულუკიძე ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმაა, რომლის გათავისუფლების მოთხოვნით აჭარაში პერიოდულად იმართება აქციები.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბათუმელები“ ფირუზ წულუკიძეს დაუკავშირდა. მან  გვითხრა, რომ მართლაც შეხვდა მხარდამჭერებს ბათუმის რაგბის სტადიონთან, თუმცა უკვე დაიშალნენ და არ მიუღიათ გადაწყვეტილება, გამართავენ თუ არა საპროტესტო აქციას.

მოგვიანებით „ბათუმელები“ ესაუბრა ფირუზ წულუკიძის მამას, დათო წულუკიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მათი მხარდამჭერები იკრიბებიან ბათუმის 22-ე სკოლასთან. დათო წულუკიძე ამბობს, რომ თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში და წინასწარ მონაცემებში ეს გამოჩნდება, ისინი გამართავენ აქციას. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ზონდერჯგუფების მობილიზებაზე, დათო წულუკიძე აცხადებს, რომ მას არავითარი შეხება არ აქვს ზონდერჯგუფებთან.

ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იგი  რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

28 ოქტომბერს ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“.

ამავე თემაზე: 

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

თორნიკე რიჟვაძე: „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას გეგმავს. რიჟვაძე ასევე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საიაში პირველი ნომერი და დეპუტატობის კანდიდატია.

„აჭარაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, არსებითი დარღვევების გარეშე, თუმცა, როგორც მოსალოდენელი იყო, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებებს იმისთვის, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაცია.“

რიჟვაძემ ასევე განაცხადა, რომ არსებობს მობილიზების ამსახველი ვიდეომასალა:

„ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება და ამის ამსახველი შესაბამისი მასალაც იქნება გავრცელებული. ამავე დროს ყველას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდად და სტაბილურად გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი. ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვეუბნებით მათ, რომ იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე, ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე და დესტაბილიზაციის მცდელობაზე“.

Exit mobile version