მთავარი,სიახლეები

05:00 საათზე ბათუმის საოლქო კომისიაში დაახლოებითაც არ იციან რამდენი ოქმია შესული

01.11.2020 • 1485
05:00 საათზე ბათუმის საოლქო კომისიაში  დაახლოებითაც არ იციან რამდენი ოქმია შესული

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველ ნოემბერს, დილის 5 საათზე, უჩვეულო სიჩუმე დაგვხვდა. კომისიაში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე დაახლოებით რამდენი ოქმია ამ დროისთვის [05:00] საოლქო კომისიისთვის მიწოდებული. კითხვაზე, რატომ არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ვებგვერდზე ატვირთული ოქმები ბათუმის საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, საოლქო კომისიის მდივანმა ნანი ვაშაყმაძემ გვიპასუხა: „ატვირთულია, რამდენიც შემოსულია“.

ამ დროისთვის ბათუმის #28 მაჟორიტარული ოლქის გრაფაში ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ ექვსი ოქმია ატვირთული და აქედან სამი ოქმი სპეცუბნებიდანაა, მაშინ როცა სხვა საარჩევნო ოლქების გრაფაში ცესკომ უკვე რამდენიმე ათეული ოქმი ატვირთა.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოცზე მეტი საუბნო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი დაგვხვდა ოქმებით და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ფუთებით. ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, შენობაში რიგებია და დროულად ამიტომ ვერ შედიან, თუმცა „ბათუმელებს“ რიგები შენობაში არ შეუნიშნავს.

ბათუმის ოლქი. არჩევნები 2020

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მთავარი კონკურენტები არიან რესან კონცელიძე „ქართული ოცნებიდან“  და ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

რაც შეეხება მონაცემებს პროპორციული წესით, ცესკოს ვებგვერდზე ბათუმის #28  ოლქის გრაფაში ამ დროისთვის მხოლოდ 15 ოქმია ატვირთული, [ მათ შორის რამდენიმე სპეცუბნის ოქმია, მცირე რაოდენობის ამომრჩევლით] მაშინ როცა ბათუმში 120 საარჩევნო უბანია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: