მთავარი,სიახლეები

აურზაური ბათუმის #20 უბანზე – რატომ მივიდა პოლიცია ოთხჯერ ერთ მისამართზე

31.10.2020
აურზაური ბათუმის #20 უბანზე – რატომ მივიდა პოლიცია ოთხჯერ ერთ მისამართზე

31 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმში, მე-20 საარჩევნო უბანთან პოლიცია დღეს ოთხჯერ მივიდა. ეს უბანი ბათუმში მე-9 სკოლის შენობაში მდებარეობს. ამავე მისამართზეა გახსნილი კიდევ ერთი, #21 საარჩევნო უბანი.

პირველად პოლიცია მე-9 სკოლის შენობასთან დილას გამოჩნდა. აქ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენელი ხათუნა ბერიძე ადგილზე მყოფი მოქალაქეები. დაპირისპირების მიზეზი გახდა #21 უბანზე მოსული ამომრჩევლის პროტესტი, რომელმაც საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა, ხმამაღლა გამოთქვა პრეტენზია და მას სხვა მოქალაქეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. მალე პოლიცია მოვიდა და ადგილზე ორი პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

დღის ბოლოს დაპირისპირებების სერია ამავე შენობაში უკვე #20 საარჩევნო უბანზე დაიწყო.

თავდაპირველად აქ შელაპარაკება მოხდა დამკვირვებლებს შორის. კერძოდ, დამკვირვებელ თეიმურაზ გორგილაძეს, რომელიც „ფოთის ახალგაზრდულ ცენტრს“ წარმოადგენდა, სხვა ორგანიზაციის დამკვირვებელი დაუპირისპირდა, რადგან, როგორ ამბობენ, გორგილაძეს „ოცნების“ აგიტაციას ეწეოდა, შენიშვნაზე კი მუქარით უპასუხა. უბანზე ამბობენ, რომ კომისიის თავჯდომარეს ამაზე რეაგირება არ ჰქონია. უბანზე პოლიცია გამოიძახეს და გორგილაძემ დატოვა უბანი.

მეორე ჯერზე შელაპარაკების მიზეზი ხმის მიცემის უფლება გახდა. #20 საარჩევნო უბანზე მოსული ერთ-ერთი ამომრჩეველი ერთიან სიაში რეგისტრირებული იყო, თუმცა არ იყო ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში. კომისიის თავმჯდომარემ, თამილა დუმბაძემ ჩათვალა, რომ ამომრჩეველს შეეძლო ხმის მიცემა, რასაც მოჰყვა დამკვირვებლის, გიორგი სოლომონიძის პროტესტი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა და კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ცოტა ხანი დაჰყო, დამკვირვებელს უთხრა რომ უბნიდან აძევებდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ისე დატოვა შენობა, რომ დაკვირვებელი შენობაში დარჩა.

მოკლე ხანში საპატრულო ეკიპაჟი ისევ გამოჩნდა ამ მისამართზე, რადგან დაპირისპირება დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის ისევ გაგრძელდა. საარჩევნო უბანი უკვე ჩაკეტილი იყო, როცა ადგილზე პოლიცია მოვიდა, ჯერ სიტუაციის განმუხტვას შეეცადა, შემდეგ კი უბნიდან დამკვირვებელი გააძევა.

ამჟამად ამ უბანზე ხმების დასათვლელად ემზადებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: