მთავარი,სიახლეები

წულუკიძეების პასუხი თორნიკე რიჟვაძეს – რა შემთხვევაში იგეგმება აქცია ბათუმში

31.10.2020 • 1601
წულუკიძეების პასუხი თორნიკე რიჟვაძეს – რა შემთხვევაში იგეგმება აქცია ბათუმში

დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება. სავარაუდოდ, აჭარის მთავრობა გულისხმობდა ფირუზ წულუკიძეს და მის მხარდამჭერებს. ფირუზ წულუკიძე ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმაა, რომლის გათავისუფლების მოთხოვნით აჭარაში პერიოდულად იმართება აქციები.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბათუმელები“ ფირუზ წულუკიძეს დაუკავშირდა. მან  გვითხრა, რომ მართლაც შეხვდა მხარდამჭერებს ბათუმის რაგბის სტადიონთან, თუმცა უკვე დაიშალნენ და არ მიუღიათ გადაწყვეტილება, გამართავენ თუ არა საპროტესტო აქციას.

მოგვიანებით „ბათუმელები“ ესაუბრა ფირუზ წულუკიძის მამას, დათო წულუკიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მათი მხარდამჭერები იკრიბებიან ბათუმის 22-ე სკოლასთან. დათო წულუკიძე ამბობს, რომ თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში და წინასწარ მონაცემებში ეს გამოჩნდება, ისინი გამართავენ აქციას. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ზონდერჯგუფების მობილიზებაზე, დათო წულუკიძე აცხადებს, რომ მას არავითარი შეხება არ აქვს ზონდერჯგუფებთან.

ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იგი  რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

28 ოქტომბერს ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“.

ამავე თემაზე: 

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: