მთავარი,სიახლეები

„თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებ“ – წულუკიძე

31.10.2020 • 1089
„თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებ“ – წულუკიძე

ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სპორტსმენის, ფირუზ წულუკიძის განცხადებით, ის და მისი მხარდამჭერები, მეგობარი სპორტსმენები და ნათესავები, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდებიან უბნებს გარეთ დაიცვან ხალხის არჩევანი.

„გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ხმებს, თუ იქნება რამე კონფლიქტი, ჩვენც მზად ვართ, რომ გავმუხტოთ სიტუაცია,“ – განაცხადა მან.

„ცდილობენ რაღაც პროვოკაციები მოაწყონ, ჩვენ ვცდილობთ, რომ უბნებზე რამე ჩაშლები და ასე შემდეგ… ჩვენ მაგას შევუშალოთ ხელი. ალბათ ჩვენ გვიგულისხმა [რიჟვაძის განცხადება ზონდერჯგუფებზე], მაგრამ მისი განცხადება არაფერს ნიშნავს, მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ [ზონდერჯგუფები], ჩვენი ჩართვაც უნდოდათ, პირადად ჩემთან ჰქონდა მამამისს, დავით რიჟვაძეს მაგასთან დაკავშირებით შეთანხმებები. ეს ბიჭები, რომლებიც ჩემს გვერდში დგანან, უნდოდა, რომ ზონდერები ყოფილიყვნენ, მაგრამ არა, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და მათი ზონდერბიჭები რას იზამენ, ვნახოთ“, – განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.

კითხვას, როგორ მოიქცევიან იმ შემთხვევაში, თუ კი „ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში, ფირუზ წულუკიძე ასე პასუხობს:

„თუ სამართლიანად გაიმარჯვებენ, არაფერს, შევინარჩუნებთ სიმშვიდეს. თუ გაყალბდება, თუ დამკვირვებლები ამას აღწერენ, ჩვენი ქმედებები გვექნება, თუ მშვიდ, წყნარ რეჟიმში იქნება მათი  გამარჯვება, ხალხის არჩევანს ჩვენს არ შევეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს ხმების დაცვას, ფირუზ წულუკიძემ განაცხადა, რომ ფიზიკურად არავის დაუპირისპირდებიან – „ჩვენი ქმედებებით ეს იგრძნობა. თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებთ“.

რაც შეეხება მათ ქმედებას „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, წულუკიძე ამბობს, რომ ამას საზოგადოება გადაწყვეტს:

„მაგ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, საზოგადოება იღებს, თუ იქნება პროტესტი, მე სავარაუდოდ წინა ხაზზე ვიქნები, თუ არადა, მარტო მე რა უნდა გავაკეთო, ვიქნები ერთი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილო იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში უსამართლობა იმარჯვებს“.

ფირუზ წულუკიძე ასევე ამბობს, რომ „ოცნებას“ აქვს მცდელობა ფიზიკური დაპირისპირების:

„ფიზიკური დაპირისპირება შეიძლება იყოს იმათი მხრიდან. ემზადებიან იმიტომ, რომ მე ვფიქრობ აგებენ. ხალხის განწყობა ვიცი.

დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მხარს არ უჭერს ქართულ ოცნებას, ის თუ არ გააყალბებს, ვერ გაიმარჯვებს. მე იმედი მაქვს პირველივე ტურში გაირკვევა ყველაფერი“.

დღეს ფირუზ წულუკიძემ ასევე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

_________________

ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში. იგი  რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

28 ოქტომბერს, ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.

ამავე თემაზე: 

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: