მთავარი,სიახლეები

ენმ: არც წულუკიძეები და არც ნაციონალური მოძრაობა არაფერს უკანონოს არ გეგმავს

31.10.2020 • 1079
ენმ: არც წულუკიძეები და არც ნაციონალური მოძრაობა არაფერს უკანონოს არ გეგმავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ წულუკიძეები, რომლებიც ენმ-ის მხარდამჭერები არიან, დღეს არანაირ აქტივობას არ გეგმავენ. მირდატ ქამადაძემ უპასუხა თორნიკე რიჟვაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ენმ გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით. „მაშინაც, როცა ვაგებდით არჩევნებს, ფაქტები აჩვენებს, რომ არეულობა ჩვენს ინტერესში არასდროს არ შედიოდა“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

დღეს, 16:00 საათზე, გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება და ამის ამსახველი შესაბამისი მასალაც იქნება გავრცელებული“. ბრიფინგზე აჩვენეს კადრები, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ წულუკიძეების მობილიზებაა ნაჩვენები რაგბის სტადიონთან.

ფირუზ წულუკიძე მოჭიდავე და მსოფლიო ჩემპიონია, რომელიც პერიოდულად საროტესტო აქციებს მართავს ბათუმში თავისი ძმის – რეზო წულუკიძის დაპატიმრების გამო. წულუკიძეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მას შემდეგ ავიწროებს, რაც წულუკიძეებმა მათ სასარგებლოდ ზონდერჯგუფების შექმნაზე უარი უთხრეს.

„თუ წულუკიძეების მიმართ არის საუბარი, ცალსახად ვაცხადებ, რომ პროვოკაციას გეგმავს ხელისუფლება იმიტომ, რომ დაბოღმილია რიჟვაძე, რადგან დიდაჭარაში არ შეუშვეს. თუ წულუკიძეების მიმართ რაიმე ქმედებას განახორციელებენ და ისრებს გადმოიტანენ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, პასუხისმგებლობა ეკისრება მას. ის და ბატონი ანზორ ბოლქვაძეც არიან დაბოღმილები, პირადი შურისძიება და პირადი მოტივები ამოძრავებთ ამ ადამიანების მიმართ. მისგან განსხვავებით კორექტულად ვამბობ, არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რომლებსაც ის იყენებს ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ვეუბნები, პროვოკაცია არ მოუწყოს ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მას… წულუკიძეები არავითარ აქტივობას არ გეგმავენ, ისინი  ჩვენი მხარდამჭერები არიან. ჩვენს ოფისთან, აღმაშენებელზე ცოტა ხნის წინ ვიღაცებმა მოაკითხეს, შეხვდნენ ეზოში, ისაუბრეს და წავიდნენ, ხმა მისცეს და ქალაქში გადაადგილდებიან, ძალიან კანონმორჩილად. თუ იმ კადრებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ვინმე ჩვენი მხრიდან რამეს გეგმავს, პასუხისმგებლობა ეკისრება მას, არავინ არაფერს არ გეგმავს ჩვენი მხრიდან“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

თუმცა ფირუზ წულუკიძის მამამ, დავით წულუკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ისინი ამაღამ ბათუმში საპროტესტო აქციას გამართავენ. თავად ფირუზ წულუკიძემ კი თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ სამართლიანად გაიმარჯვებს, შეინარჩუნებენ სიმშვიდეს, თუ გააყალბებენ არჩევნებს – „მაშინ ჩვენი ქმედებები გვექნება“.

____

თორნიკე რიჟვაძე: „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: