მთავარი,სიახლეები

„მე არჩევანის უფლება არ მომცეს“ – თვითიზოლაციაში მყოფთა დაკარგული ხმები

31.10.2020 • 1670
„მე არჩევანის უფლება არ მომცეს“ – თვითიზოლაციაში მყოფთა დაკარგული ხმები

„ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ოფიციალურად დაუკავშირდნენ ცესკოს და ჩაეწერნენ სპეციალურ სიაში, მაგრამ არჩევნების დღეს მათთან არავინ მისულა, შესაბამისად, მათ ხმის მიცემა ვერ მოახერხეს.

მათ შორის ერთ-ერთია ეკა ბერიძე, რომელიც სპეციალურ სიაში დარეგისტრირდა, თუმცა დღეს აღმოაჩინა, რომ ხმას ვერ მისცემდა.

„მოვიდნენ დილით და აღმოჩნდა, რომ სიაში არის მხოლოდ ჩემი მეუღლე, მე კი არ ვარ. ვიკითხე მიზეზი და მითხრეს, რომ არ ვიყავი სიაში და უნდა გამერკვია ცესკოს ცხელ ხაზზე ეს საკითხი, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, მათ უნდა გადმოგვცენ ინფორმაციაო. ცხადია, დავრეკე. ჩაიწერეს მონაცემები და მითხრეს, რომ ჩამწერეს დამატებით სიაში, თუმცა არავინ მოსულა. საღამოს 6 საათზე, როცა უკვე 2 საათი იყო დარჩენილი ხმის მიცემის ვადის ამოწურვამდე, ისევ დავრეკე ცხელ ხაზზე. გადაამოწმეს და ოპერატორმა მითხრა, ადგილზე რომ იყვნენ მოსული, მათ უნდა ეცნობებინათ ჩვენთვისო. ფაქტია, რომ ხმის მიცემის უფლება დავკარგე“  – ამბობს ეკა.

იმედა ბოლქვაძე ხულოში ცხოვრობს. მისი ოჯახიც თვითიზოლაციაშია, დღეს იმედა ელოდა, როდის მიაკითხავდნენ სახლში, რომ ხმა მიეცა, თუმცა მასთან არავინ მისულა.

„5-6 დღის წინ ოფიციალურად დავწერე განცხადება. დღემდე ვიცოდი, რომ მოვიდოდნენ და ხმას მივცემდი, თუმცა არავინ მოსულა“ – გვითხრა იმედამ.

იგივე პრობლემაზე საუბრობს ნინი რესულიძე.

„დღეს მე და ჩემი ოჯახი მთელი დღის განმავლობაში ველოდით სპეციალურ ჯგუფს რომელიც თვითიზოლაციაში მყოფებს მოგვცემდა ჩვენი არჩევანის დაფიქსირების უფლებას! თუმცა დღე ისე დამთავდა არავინ გამოცხადებულა, როცა ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე ვიყავით ცესკოს სპეციალურ სიაში (ორჯერ გადავამოწმე სატელეფონო ზარით). ნეტავ ჩვენსავით კოვიდის გამო იზოლაციაში მყოფი ადამიანის რამდენი ხმა დაიკარგა?“ – წერს ნინი ფეისბუქზე.

იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ნინო დიასამიძე, რომელმაც ხმის მიცემა ვერ შესძლო.

„მე დღეს ხმის მიცემის უფლება არ მომცეს, 2 დღეა ვიბრძვი და უშედეგოდ. სპეცსიაში ვიყავი, არადა კოვიდი ჩემს ძმას დაუდასტურდა და 26 ოქტომბერს კიდევაც დარეგისტრირდა რომ ყუთი ჩემებთან სახლში მიეტანათ. მე საერთოდ შეხებაც არ მქონია, მაგრამ ხმის მიცემის მიზნით დავთანხმდი, რომ ყუთს როცა მიიტანდნენ, ორმაგი პირბადით შევიდოდი და ჩემს მოქალაქეობრივ ვალს პატიოსნად მოვიხდიდი. დღეს ყუთი მიიტანეს და სპეცსიაში დედაჩემი აღმოჩნდა – ჩემი ძმა არა, მარტო დედაჩემს მიუტანეს ბიულეტენი.

მე მაინც წავედი არჩევნებზე, იქ მეუბნებიან, რომ მე და ჩემი ძმა ვიყავით სპეცსიაში და ადგილზე ხმის მიცემის უფლება არ მქონდა. თუ სპეცსიაში ვიყავით, მაშინ რატომ არ იყო ჩემი და ჩემი ძმის ბიულეტენი ყუთთან ერთად. ერთი სიტყვით, ასე დაგვაკარგვინეს მე და ჩემს ძმას ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არ მომეცა ხმის მიცემის საშუალება“ – წერს ნინო ფეისბუქზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ სისტემა ისე იყო მოწყობილი, მსგავსი პრობლემები აუცილებლად გაჩნდებოდა.

„გვქონდა პოზიცია, რომ დიდ საავადმყოფოებსა და კოვიდსასტუმროებში გახსნილიყო უბნები, რადგან ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა დაკვირვება.

გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სპეციალურ სიაში, ვერც პროცესის დაკვირვება ხერხდება. არ გვაქვს ინფორმაცია რამდენი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი აკვირდება პროცესს, ამიტომ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ შესაძლოა დარღვევები ხდებოდეს.

ჩვენ ვამბობდით, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანები ავტომატურად მოხვედრილიყვნენ  გადასატანი ყუთის სიაში და შემდეგ, ვისაცარ ექნებოდა ამის საჭიროება ის დარეკავდა ცხელ ხაზზე. ასეთ შემთხვევაში გაცილებით მეტ ადამიანს მიეცემოდა ხმის მიცემის უფლება“ – ამბობს ლევან ნატროშვილი.

გარდა იმისა, რომ ცხელ ხაზზე დარეკვის მიუხედავად, კოვიდინფიცირებულმა და იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა ვერ მოახერხეს ხმის მიცემა, ხმის უფლება იმ პირებმაც დაკარგეს, ვინც არჩევნების წინა დღით დაინფიცირდა.

მაგალითად, ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე ათი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა ორმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან იმ დროისთვის უკვე კორონავირუსით აღმოჩნდნენ ინფიცირებული.

_______________________

ეკა ბერიძის ფოტო 

ამავე თემაზე:

ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: