უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვები აუდიოსახელძღვანელოებით ისარგებლებენ – სამინისტრო

IV-VII კლასის უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს აუდიოფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზეც განთავსდება.

„აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ტექსტის სახით, ასევე სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც.

სულ მალე კი მოსწავლეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების აუდიოვერსიაც ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში მათ სასწავლო პროცესში ეფექტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

სამომავლოდ კი, სახელმძღვანელოების აუდიოფორმატში გადაყვანა ეტაპობრივად გაგრძელდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

როგორ ვებრძოლოთ უძილობას – დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეგიცვლით

COVID19-ის პანდემიის შედეგებით გამოწვეული შფოთვისა და სტრესის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ებრძვის უძილობას.

ხანმოკლე უძილობა, რომელიც რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება, ხშირად ვითარდება სტრესის ან ტრავმული მოვლენის შედეგად, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს გრძელვადიანი, ქრონიკული უძილობა უყალიბდება, რომელიც ერთ თვეს ან მეტ ხანს გრძელდება.

„ორივე შემთხვევაში უძილობა ნეგატიურად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე და მის ზოგად გუნება-განწყობილებაზე,“ – ამბობს ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე.

მისი თქმით, უძილობის მიზეზი ხშირად ხდება არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვადასხვა სტრეს-ფაქტორი.

  • ძილის ნორმა

ძილის დროს ადამიანი ისვენებს როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

ძილი ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც ჯანსაღი დიეტა და რეგულარული ფიზიკური აქტივობა. მოზრდილთა უმეტესობას სჭირდება 7-8-საათიანი ძილი.

„შედარებით მეტი ძილი სჭირდებათ თინეიჯერებსა და ბავშვებს, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ზრდასრული ადამიანისთვის ძილი შრომისუნარიანობის განმსაზღვრელია. ყველას გვქონია ასეთი ეპიზოდები და ვიცით, მეორე დღეს როგორ ვართ, როცა თუნდაც ერთჯერადად დაგვაკლდეს 2-3 საათით ძილი“ – წერს აშშ-ს ძილის ასოციაცია.

აშშ-ს ძილის ასოციაცია: კვლევების თანახმად, ძილის უკმარისობა იწვევს ყურადღების დეფიციტს, კოგნიტური ფუნქციების შემცირებას, დაგვიანებულ/შენელებულ რეაქციებს და გუნება-განწყობილების ცვალებადობას.  

წყარო: აშშ-ს ძილის ასოციაცია
  • დღის ძილი ვერ შეგიცვლით ღამის ძილს 

ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე ამბობს, რომ ღამის ძილი აუცილებელია და დღისით „გამოძინება“ უმეტესწილად არ არის საკმარისი.

„დღეს ეს ძალიან ხშირია, მაგალითად, ადამიანებში, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ. ხშირად მაკითხავენ ასეთი ახალგაზრდები და ისინი მუდმივად თავის ტკივილს და ცუდ ძილს უჩივიან. ამ დროს მედიცინას ბევრი არაფერი შეუძლია, სამუშაოს განრიგი და დღის რეჟიმია დასარეგულირებელი”, – ამბობს ნევროლოგი.

ჩაძინების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერება მელატონინია, ჰორმონი, რომელიც იწვევს ძილიანობას. ჩვენს სხეულში მელატონინის რაოდენობა ზრდას იწყებს ბუნებრივი დღის შუქის შემცირებისას ანუ საღამოს და პიკს აღწევს შუაღამისას, რითაც გვატყობინებს, რომ ძილის დროა – წერს აშშ-ს ქიმიკოსთა ასოციაცია.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საღამოს თვალს მოვარიდოთ ზედმეტი შუქი, მათ შორის კომპიუტერებისა თუ სმარტფონების მონიტორების გამოსხივება.

  • რა შედეგი მოაქვს უძილობას 

სტრესითა და შფოთვით გამოწვეული უძილობა ნეგატიურად აისახება ადამიანზე როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

„ძილის ხანგრძლივი პერიოდით დაკარგვამ შესაძლოა დეპრესიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

ჯამბულ მაკარაძე

ადამიანი, რომელსაც აკლია ძილი, ხდება შრომისუუნარო, ახასიათებს ვეგეტატიური აშლილობები, მაგალითად, გულის აჩქარება, ოფლიანობა, წნევის მერყეობა და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს იმ ბიოლოგიური სადღეღამისო ცირკადული რეჟიმის დარღვევას და მოშლას, რაც აუცილებელია ორგანიზმის გამართულად მუშაობისთვის.

ზრდასრულმა ადამიანმა უნდა იძინოს 7-8 საათი. რეჟიმის დარღვევის შედეგად შესაძლოა ძილი შემცირდეს 2-3 საათამდე და ის ორსაათიანი ძილიც იყოს უხარისხო“, – ამბობს ჯამბულ მაკარაძე.

უძილობის შედეგების ჩამონათვალი გრძელია.

ეს შეიძლება იყოს: შრომისუუნარობა; გონებაგაფანტულობა; შენელებული რეაქცია (რაც განსაკუთრებით სახიფათოა მძღოლების შემთხვევაში); უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია და შფოთვითი აშლილობები; მოსალოდნელია ქცევითი პათოლოგიები, კერძოდ იზრდება რისკი, რომ ადამიანი გახდეს უფრო კონფლიქტური, აფექტური; ასევე ქრონიკული უძლობის შემთხვევაში იზრდება ქრონიკული დაავადებების ან უკვე არსებული ქრონიკული მდგომარეობების (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა და გულის დაავადებები) დამძიმების რისკი; ასევე, ჭარბწონიანობა და მე-2 ტიპის დიაბეტი.

  • როგორ ვებრძოლოთ უძილობას 

ექიმი ამბობს, რომ განსაკუთრებით სტრესით გამოწვეული უძლობის დროს ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებას შეუძლია ძილის გაუმჯობესება და უძილობის თავიდან არიდება.

ეს მარტივი რეკომენდაციებია უძილობის დროს:

  • შეეცადეთ, რომ ყოველ დღე [უქმეების ჩათვლით], დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს
  • იყავით აქტიური ფიზიკურად
  • მოერიდეთ დღისით ხანმოკლე ჩაძინებას
  • მოერიდეთ ან შეზღუდეთ კოფეინი და ალკოჰოლი, არ გამოიყენოთ ნიკოტინი
  • მოერიდეთ დიდი ულუფით საკვებსა და სასმელს ძილისწინ
  • აკრძალეთ ეკრანები საძინებელში, იქნება ეს ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი თუ სმარტფონი
  • საძინებელში უნდა იყოს მშვიდი და კომფორტული გარემო, ზომიერი სითბო და დაბალი განათება
  • შექმენით დამამშვიდებელი ძილისწინა რიტუალი, მაგალითად, მიიღეთ თბილი აბაზანა, წაიკითხეთ წიგნი ან მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას

დღეს ასევე ხშირი პრაქტიკაა, როცა უძლობით დაღლილი ადამიანები აფთიაქებში საკუთარი ინიციატივით იძენენ საძილე საშუალებებს.

ჯამბულ მაკარაძე ამბობს, რომ მცენარეული შემადგენლობის საშუალებების გამოყენება რამდენიმეჯერ, ძილის დასარეგულირებლად, არ არის საზიანო:

„დღეს რაც ჩვენს სააფთიაქო ქსელში იყიდება, არის ძირითადად ბიოაქტიური დანამატები. მათ შემადგენლობაში არ შედის ისეთი ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ სერიოზული გვერდითი მოვლენების გამოწვევა, ამიტომაც იყიდება ეს წამლები ურეცეპტოდ. საუბარია მცენარეულ საშუალებებზე და არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობ იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ექიმის სპეციალური რეცეპტი სჭირდება,” – ამბობს ნევროლოგი.

 

ბათუმში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ცნობით, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დააჯარიმეს.

COVID19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებას მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უწევს.

მერიის ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 15 878-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი და 11 354-ჯერ – სამარშრუტო ტაქსი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთადერთი ძლიერი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არის პირბადე. 

4 ოქტომბრიდან პირბადის ტარება სავალდებულოა არამხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც. პირბადის გამოუყენებლობის გამო ჯარიმა 20 ლარია.

___________

ფოტო: ბათუმის მერია

ხვალ ბათუმში ისევ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან,   დღისით კი ყველგან  წვიმა.

ხვალ აჭარის მაღალმთიანეთში თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, წვიმაა მოსალოდნელი 26 ნოემბრის ღამესაც, კვირის ბოლოს კი გამოიდარებს.

ზღვაზე 4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“

სილქფესტის სამი შეთავაზება ერთ აქციაში!

24 ნოემბერს, სილქფესტის აქციით  მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:

[checklist]

  • 2 GB + 100 ლოკალური წუთი – 5 ლარად
  • 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
  • 40 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 18 ლარად

[/checklist]

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია კომბინაციით *202# – ერთად და ცალ-ცალკე. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს საუკეთესო ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.

სასაუბრო წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

კოვიდის 576 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 10 პაციენტი

24 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 46 წლის ქალია.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 390 პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში 1036 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 108 ადამიანი.

აჭარაში  2013 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1077. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება  14 779 ადამიანი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 39, დაინფიცირდა 3128 – 24 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3128 ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 3045, გარდაიცვალა – 39.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარაში – 576, იმერეთში – 212, ქვემო ქართლში – 129, შიდა ქართლში – 101, გურიაში – 87, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 189, კახეთში – 116, მცხეთა-მთიანეთში – 105, სამცხე-ჯავახეთში – 97, რაჭაში-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ბენო ჭელიძე კოვიდით იყო ინფიცირებული.

„20 ნოემბერს დაიწყო მკურნალობა და 24-ში გარდაიცვალა. თანმხლები დაავადებაც ჰქონდა, გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული“, – ამბობს გია კიკაბიძე.

ბენო ჭელიძე 55 წლის იყო.

ბათუმის რესპუბლიკურში ეს მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით კი აჭარაში 4 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დაემორჩილონ აკრძალვას,  რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

„გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფზულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის  შესახებ ინფორმაცია გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს  დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას.

ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის  გაწმენდა იმ  ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ.“ – აღნიშნილია გზების დეპარტამენტის მიერ 23 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანები გზის გაწმენდის შესაბამისად გადაადგილდებიან.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/500596/

რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

„ახლაც პოლიციაში ვარ. გვეუბნებიან, აქციაზე სოციალურ დისტანციას არ იცავდით და იწევდით კომისიის წევრებისკენო. ლაივები იყო ჩართული, ვისკენ გავიწიეთ, ვინ ნახა? ან დისტანციაზე რომელ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ? სადმე ისმის გაფრთხილება, ამა და ამ მოთხოვნას თუ არ დაემორჩილებით, დაგშლით და დაგაკავებთო?“ – კითხულობს ხათუნა ბერიძე. მან 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია მოაწყო.

ხათუნა ბერიძეს აჭარის პოლიცია ედავება, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსით. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და სავარაუდოდ ხელისუფლების მხარდამჭერი პირის ცემას ედავებიან. ის დღესაც პოლიციის სამმართველოში იყო გამოკითხვაზე, როცა ჩვენ ვესაუბრეთ.

„ეს ყველაფერი ემსახურება ინტერესს, რომ ჩვენ ნაწილ-ნაწილ გამოგვთიშონ აქციებიდან და დაგვშალონ. ამის მიზანია გაგვაჩუმონ, მაგრამ ეს არ გამოვა,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე. ბოლო პერიოდში რთულია ბათუმში ისეთი აქციის გახსენება, სადაც ის არ ჩანდა. ხათუნა ბერიძე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და ღიად „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს.

  • რატომ დააკავა პოლიციამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქივისტები

ხათუნა ბერიძეს და აქციის კიდევ 4 მონაწილეს ადმინისტრაციული წესით ედავებიან პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას, ასევე წვრილმან ხულიგნობას. ამ საქმეს ხვალ, 24 ნოემბერს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, თუმცა პანდემიის გამო სხდომა დისტანციურად წარიმართება და საზოგადოება ვერ გაიგებს, რამდენად სამართლიანად მოიქცნენ სამართალდამცველები, ან რამდენად დასაბუთებული იქნება სასამართლო გადაწყვეტილება.

ადვოკატი თენგიზ კახიძე, რომელიც ამ საქმეზე დაკავებულების ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ პოლიციას ამ დრომდე არ წარმოუდგენია ვიდეომასალა, რითაც დადასტურდება, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, ცდილობენ პოლიციელების კორდონის გარღვევას და არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს სოციალური დისტანციის დაცვის კუთხით.

„არაფერი არ დასტურდება, რაც ამ ოქმებში წერია, ეს აბსურდია,“ – მიიჩნევს ადვოკატი თენგიზ კახიძე.

აქ დააწკაპუნეთ და ნახეთ 21 ნოემბრის დაკავების კადრები

ოქმში, რომელიც პოლიციელებმა 21 ნოემბრის ღამეს შეადგინეს, წერია, რომ აქციის მონაწილეები საუბნო კომისიის წევრებს ამ სიტყვებით შეურაცხყოფდნენ: „ფულის მონებო“, „მოღალატე“… ოქმში სამართალდამცველებს არ აქვთ განმარტებული, რატომ შეფასდა გამოხატვის თავისუფლება, როგორც სამართალდარღვევა. საინტერესოა, რით დაასაბუთებს შსს საუბნო კომისიების მუშაობის შესახებ აზრის გამოხატვას ხულიგნობად.

საინტერესოა მოწოდება სოციალური დისტანციის დაცვაზეც – ამ დრომდე არც ერთ აქციაზე პოლიციას არასდროს გაუაქტიურებია ეს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქცია თითქმის ყოველდღე იმართება და აქციის მონაწილეები პანდემიის დროს გათვალისწინებულ სოციალურ დისტანციას ხშირად ვერ იცავენ.

დისტანციას ხშირად ვერც პოლიცია იცავს, მათ შორის, ბათუმის საოლქო კომისიის წინ გამართულ აქციაზე, სადაც როგორც ირკვევა, 5 ადამიანი დააკავეს დისტანციის დაუცველობის მოტივით. პოლიციელების მხრიდან ამ მოთხოვნის დაცვა საპროტესტო აქციაზე არ გაჟღერებულა.

ხათუნა ბერიძე გამოკითხეს სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელიც 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის შემდეგ დაიწყო ძალადობის შემთხვევაზე. უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

„მანველიძეების სახლთან დაგვახვედრეს „ოცნების“ აქტივისტები, ისინი იგინებოდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ… ლაივებშიც ისმის, როცა გაჰყვირიან: „ხათუნას რა?“ ჩვენ საქართველოს ჰიმნი ჩავრთეთ საპასუხოდ და მაინც იგინებოდნენ. შემდეგ, სადაც ვიდექით, იქ ჩამოირბინა სამმა ბიჭმა, ერთ-ერთმა ჩემი მისამართით შეიგინა, მე მიზანმიმართულად არ გავკიდებივარ, კადრში ჩანს, რომ გაქცევის დროს ჩავარტყი, ამით მე მისი დარტყმა ავირიდე,“ – განმარტავს ხათუნა ბერიძე. მას ამ საქმეზე ჯერ ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ გზითაც სცადონ ის საპროტესტო აქციებს ჩამოაშორონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფიზიკური დაპირისპირება, რაც ვიდეოკადრებში ჩანს, არაერთ საპროტესტო აქციაზე მომხდარა, თუმცა ამას არ მოჰყოლია გამოძიების დაწყება. ხათუნა ბერიძე კი კრიტიკის და აგრესიის ობიექტი ხშირად მარტო იმის გამოც ხდება, რომ ის ქალია.

„ამ ქალს სახლში საქმე არ აქვს, სულ რომ ქუჩაშია? დედა არ ჰყავს, მამა არ ჰყავს, ძმა არ ჰყავს? – კითხულობენ. ეს უფრო მენტალობის პრობლემაა… დედაჩემი ძალიან ნერვიულობს, როცა სულ აქციებზე ვარ. რომ დამაკავეს, მაშინაც წნევამ აუწია. ვუთხარი, ასე თუ უნდა ინერვიულო, საერთოდ დავანებებ თავს ყველაფერს-მეთქი და არა, შენს თავს მიხედეო… არ მინდა თავი შევადარო, მაგრამ ეტყობა დაავიწყდათ მაია წყნეთელი… ასე რომ, ამ ტიპის კომენტარებს შეგუებული ვარ. მე ვერასდროს შევეგუები ჩაგვრას,“ – აღნიშნა ხათუნა ბერიძემ „ბათუმელებთან“.

  • ქმრის დაკავება – შემთხვევა რის გამოც ხათუნა ბერიძე პოლიტიკური აქტივისტი გახდა

ხათუნა ბერიძის პოლიტიკურად გააქტიურება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება: პოლიციამ 2015 წელს ხათუნას ქმარი იაგო ცივაძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაზე დააკავა. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სამართალდამცველებმა კი იარაღი მისი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. ამ საქმეში ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იარაღის შეფუთვაზე დაფიქსირებული თითის ანაბეჭდები არ დაემთხვა ბრალდებულის დნმ-ს. ანაბეჭდი პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის, ე.წ. კონფიდენტის აღმოჩნდა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ შემთხვევით შეეხო იარაღს ბრალდებულის ტაქსიში.

საბოლოოდ, ეს ის გამორჩეული შემთხვევა აღმოჩნდა, როცა პროკურატურამ ბრალზე უარი თქვა და საქმე სასამართლოდან გაითხოვა.

„ჩვენ ერთად ვცხოვრობდით ნაქირავებში, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – იხსენებს ხათუნა ბერიძე. – „ვერაფრით ჩვენს უდანაშაულობას ვერ ვამტკიცებდით. მაშინ მარკეტში მოლარე-ოპერატორად ვმუშაობდი… ერთ დღესაც, როცა გავიგე, რომ მოსამართლე ირაკლი შავაძეც უნდა გადაეყვანათ სხვაგან, ვუთხარი იაგოს, მორჩა, მე ვეღარ გამაჩერებ-მეთქი. გავიგე, რომ სასტუმრო „ჰილტონში“ ჩამოდიოდა გიორგი მარგველაშვილი. ვიფიქრე, იქ ჟურნალისტებიც იქნებიან და ვეტყვი ყველაფერს-მეთქი. წინ დაცვა გადამიდგა, მაგრამ მაინც მივაღწიე პრეზიდენტამდე, თან მცირეწლოვანი შვილიც მახლდა. პრეზიდენტს ვუთხარი, უსამართლობა ხდება და დამეხმარეთ, მე არ მინდა გზების გადაკეტვა და აქციების მოწყობა დავიწყო-მეთქი…“

ასე აღმოჩნდა ხათუნა ბერიძე საპროტესტო აქციებზე, შემდეგ სამოქალაქო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ შეიქმნა, შემდეგ ისევ აქციები. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“, ან ამ პოლიტიკური ძალის რომელიმე ლიდერისგან დაფინანსებას ეს ორგანიზაცია არ იღებს.

„ოცნებამ“ რომ შემოგვთავაზოს ისეთ პროექტზე მუშაობა, რომ ხალხს მოვემსახურებით, ვითანამშრომლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხის გვერდით ვინ დგას. მე ხალხის გვერდით დგომა უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დავინახე. ჩვენ ძირითადად ემიგრანტები გვაფინანსებენ და ჩვენ თვითონ ვაფინანსებთ ჩვენს თავს…“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.

ხათუნა ბერიძეს ახლა ტურისტული ბიზნესი აქვს და ბინების გაქირავების სერვისშიცაა ჩართული.

„რომ იძახიან ფეისბუქში, მაკლერიაო, მართალია, მასე გამოდის. მემწვანილე იყოო, ესეც დაწერეს. კიდევ კარატისტიც ვარ, მიღწევებიც მქონდა თავის დროზე,“ – გვითხრა ხათუნა ბერიძემ. ის კარატეს მასწავლებელი იყო და რამდენიმე ჯგუფად ამეცადინებდა ბავშვებს, ვიდრე დაქორწინდებოდა.

რა ღირს თევზი და ხორცი ბათუმში კორონავირუსის პანდემიისას

პანდემიის პირობებში, როცა რესტორნები შეზღუდვით მუშაობენ და წვეულების დარბაზებიც დაკეტილია, ბათუმში ხორცსა და თევზზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა – ასე ამბობენ გამყიდველები, რომლებიც დიდი ხანია ამ პროდუქტით ვაჭრობენ.

ელზა ლაფერაშვილი, რომელიც ბათუმის თევზის ბაზრობაზე სხვადასხვა სახეობის თევზს წლებია ყიდის, გვეუბნება, რომ წელს მყიდველი პანდემიის გამო ძალიან ცოტაა.

ბათუმში თევზის ჩასაბარებელი ფასი ყველა სახეობის შემთხვევაში 1 ან 2 ლარითაა გაძვირებული.

რამდენიმე დღეა რაც თევზის ბაზრობაზე ქაფშიაც გამოჩნდა. თევზის ფასები ბაზრობაზე 23 ნოემბრის მონაცემებით ასეთია:

  • ქაფშია – 5 ლარი;
  • დორადო – 20, 22 ლარი;
  • მერლანგი – 7-დან 10 ლარამდე;
  • ბარაბული – 15, 20 ლარი;
  • აუზის ზუთხი – 30, 35 ლარი;
  • კამბალა – 40-დან 50 ლარამდე;
  • ზღვის ორაგული – 22 ლარი;
  • აუზის კალმახი – 12 ლარი;
  • შავი ზღვის კეფალი – 10 ლარი;
  • ქორჭილა – 25 ლარი;
  • კეფალი – 10 ლარი.

თევზის ბაზარზე კილოგრამი თევზის იქვე გაწმენდა 2 ლარი ღირს, შეწვა – 6 ლარი.

მყიდველების შემცირებაზე ჩივიან ბონში მდებარე ბათუმის აგრარული ბაზრის ხორცის განყოფილებაშიც. აქ გვეუბნებიან, რომ ხორცპროდუქტების მყიდველი ცოტაა.

ამ დახლების ძირითადი მომხმარებლები რესტორნები და საქორწინო დარბაზები იყო პანდემიამდე. ყასბები ამბობენ, რომ ხორცი ბაზარში გაიაფდა, რადგან რეგიონებიდან ისევ იღებენ პროდუქციას, თუმცა მყიდველი აღარ არის.

23 ნოემბრის მონაცემებით, ღორის ხორცი ბათუმის აგრარულ ბაზარში 10, 12 ლარი ღირს. საქონლის ხორცის ფასი კი 12-დან 15 ლარამდე მერყეობს.

ხაშის მასალას 7 ლარად შეიძენთ.

ბათუმის აგრარულ ბაზარში კილოგრამი ქათმის ხორცის ფასი 6, 7 ლარია. ასეთი ფასი აქვს, მაგალითად, ხონისა და ქობულეთის ფერმების ქათამს. თხილნარის ფერმის ქათმის ფასი 6.50 ლარია. შესაძლებელია ცხიმიანი და უცხიმო ხორცის შერჩევა.

სოფლიდან ჩამოტანილ, ოჯახის ქათამს ბაზარში 18, 20, 22 ლარად შეიძენთ – ზომის მიხედვით.

ქობულეთში ლეღვა და აჭყვა დაისეტყვა

ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლები დაისეტყვა. ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დათვლილი არ არის რა ზიანი მიადგა სეტყვის შედეგად მოსახლეობას.

დაისეტყვა სოფლები აჭყვა და ლეღვა, სადაც მოსახლეობას ციტრუსის ბაღები აქვს. თუმცა, როგორც ქობულეთის მერიაში გვეუბნებიან, დააზიანა თუ არა სეტყვამ მანდარინის ნაყოფი, ამის შესწავლა მხოლოდ გამოდარების შემდეგ არის შესაძლებელი, „რადგან წვიმაში დაზიანება ნაყოფზე არ ჩანს“.

მერიის ინფორმაციით, ქობულეთში სეტყვის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავიც დაუზიანდა.

ქართველი მეზღვაურების მილოცვა „ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელებს ატლანტის ოკეანიდან

ქართველმა მეზღვაურებმა, რომლებიც ტოგოს რესპუბლიკაში, ქალაქ ლომეში იმყოფებიან, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ გემზე საქართველოს დროშის აღმართვითა და ჰიმნის აჟღერებით მიულოცეს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა.

„საღამო მშვიდობისა საქართველო, საღამო მშვიდობისა ლანჩხუთი! ქალთა საფეხბურთო გუნდს ვულოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ატლანტიკის ოკეანიდან, სამი სტადიონის სიგრძის გემიდან. 22 ქართველი გილოცავთ ამ გამარჯვებას და მრავალი მიღწევები გქონოდეთ წინ“ – ასე მიმართეს მეზღვაურებმა გუნდის ფეხბურთელებს.

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის „კლუჟი“ სტუმრად დაამარცხა ანგარიშით 1-0 და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლანჩხუთი“ გათამაშების 32 საუკეთესო გუნდს შორისაა.

ქსკ „ლანჩხუთი“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე გავიდა.

„სახლის ქვემოთ მიწა დაწეულია, ჩამოიშალა ფერდობიც“ – ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქედაში, სოფელ ცხემნაში მცხოვრები არჩილ ცინცაძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ მეწყრული პროცესები დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ შემოდგომაზე კიდევ უფრო გააქტიურდა.

არჩილ ცინცაძის სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ერთი ბავშვი.

„აქამდე სახლის ქვემოთ იყო დამეწყრილი მიწა, ახლა კი სახლს ზემოთ, ფერდობიც ჩამოიშალა. პირველად გაზაფხულზე მივმართე მთავრობას, რომ შეესწავლათ ვითარება. მოვიდნენ გეოლოგები და მათი დასკვნის მიხედვით სახლის საძირკველს სჭირდება გამაგრება.

ახლა რა პროცესებიც განვითარდა, ეს ჯერ შესწავლილი არ არის, რადგან წუხელ ჩამოწვა მეწყერი,“ – ამბობს არჩილ ცინცაძე.

მოქალაქის თქმით, დაზიანებები სახლის შესასვლელთან ახლოსაა, რაც საფრთხეს ქმნის აქ მცხოვრებლებისთვის.

„დასკვნა როცა მომივიდა, მერიაში მითხრეს, საპროექტო გადაწყვეტს, ესაჭიროება გამაგრება თუ არაო. ერთი თვის შემდეგ როცა მივმართე, მითხრეს პანდემია დაიწყო და შემდეგ გამოვლენ შესამოწმებლადო. პანდემია ისევ მიმდინარეობს, მაგრამ ზამთარი მოდის, მეწყრული პროცესები კიდევ აქტიურდება. ამ პანდემიის დროს რაღაც პროექტები გააკეთეს ქედაში, მაგრამ მე არავინ არ მომაქცია ყურადღება,“ – ამბობს არჩილ ცინცაძე.

მისი თქმით, საცხოვრებელ სახლთან ნიადაგი საგრძნობლად დაწეულია, რომლის ჩამოშლის შემთხვევაში არა მარტო სახლს ექმნება საფრთხე, არამედ მეზობელ სახლებთან მისასვლელი გზაც იკეტება. გარდა ამისა, ჩაიკეტება ტყეში გასასვლელი გზაც, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობს.

არჩილ ცინცაძის თქმით, დაახლოებით 10-15-მეტრიანი კედელი მაინც საჭიროა, რომ ფერდობი გამაგრდეს და სახლს საფრთხე აღარ შეუქმნას მიწის მასამ.

„ბათუმელები“ ქედის მერს ლევან გორგილაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვს თუ არა შესწავლილი მერიას ცინცაძის სახლის მდგომარეობა და როდის აპირებს მუნიციპალიტეტი გამაგრებითი სამუშაოების დაწყებას.

„ვერ გავაკეთებდით ვერცერთ თვეში, რადგან წინა წლებისაა ჯერ ისევ გასაკეთებელი. პრიორიტეტების მიხედვით გავაკეთებთ. თუ სახლს არ ემუქრება საფრთხე, გზას ვწმენდთ და შემდეგი წლისთვის იგეგმება გამაგრება,“ – ამბობს მერი.

კითხვაზე, თუკი სახლთან ახლოს მიწის მასა დაწეულია და სახლის ზემოდანაც ჩამოდის მასა, ეს შემთხვევა შედის თუ არა მერიის პრიორიტეტში, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ თუ მეწყერი სახლს ემუქრება, მაშინ მერიას ოჯახი ქირით გაჰყავს.

„დღესაც გასული არიან ბრიგადები და ამოწმებს ინფრასტრუქტურის სამსახური, სად არის განვითარებული მეწყერი. შეისწავლიან და ხვალ მეცოდინება პასუხი,“ – გვითხრა ქედის მერმა.

ძლიერმა ქარმა ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა

22 ნოემბერს ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა. ქობულეთის მერია ამ დროისთვის ზარალს ითვლის.

მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში სახლის წინ ქარმა ხე წააქცია, რომელიც ბოსელს დაეცა და დაანგრია.

დაზიანებული სახურავი
აჭარაში რამდენიმე დღეა ავდარია. მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მოთოვა.

ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, რადგან „სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“.

„როდესაც გვაქვს მეორე ტალღა და სამწუხაროდ, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი“ – განაცხადა დღეს, 23 ნოემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მან დასძინა, რომ შეზღუდვებზე გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე მთავრობას არ სურს, რადგან ბიზნესსექტორი დიდი ეკონომიკური დარტყმის წინაშეა პანდემიის პირობებში.

„ვეძებთ და აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დამლაგებელი, რომელმაც ირლანდიის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მიიღო

39 წლის ირლანდიელი მწერალი ქეთრინა ლალი, რომელსაც დამლაგებლად მუშაობისას დაწერილი წიგნით პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, 2021 წელს მეორე წიგნს გამოსცემს, რომელსაც 5 წელი წერდა. წიგნის სახელწოდება ჯერ უცნობია.

ქეთრინა ლალიმ 2018 წელს პირველი წიგნით – „კვერცხის ნაჭუჭი“ [Eggshells] ირლანდიური ლიტერატურის პრესტიჟული პრემია „რუნი“ მიიღო. წიგნი მაშინ ჟიურიმ შთამბეჭდავ, მახვილგონივრულ და არაპროგნოზირებად ტექსტად შეაფასა.

სამწლინახევრის განმავლობაში ქეთრინა ლალი კოლეჯის დამლაგებლად მუშაობდა. მისი წიგნი, „კვერცხის ნაჭუჭი“ 2015 წელს დაიბეჭდა და აუდიტორიის დიდი ყურადღება გამოცემისთანავე არ დაუმსახურებია. მწერალი ამბობს, რომ პრემია „რუნი“ მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი შემთხვევაა.

წიგნის ავტორი ყოველ დილით 4:45-ზე იღვიძებს, დამლაგებლის ცისფერ უნიფორმას იცვამს და დილის 6-დან 9:30-მდე ალაგებს კოლეჯს. შემდეგ შინ ბრუნდება და წლისა და 2 თვის შვილს, ალისას უვლის.

პრემია მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან კონკურსზე მისი წიგნი არ გაუგზავნია. პრემია „რუნის“ კომიტეტი ნომინანტ ავტორებს თავად არჩევს.

როცა „რუნის“ კომიტეტიდან დაურეკეს და გამარჯვების შესახებ აცნობეს, ქეთრინა კოლეჯიდან სახლში ბრუნდებოდა დაღლილი. მას ჯილდოდ 10 ათასი ევრო გადასცეს.

Pittsburgh Post--gazette-სთან ინტერვიუში მწერალი ამბობდა, რომ მიღებულ თანხას გამოიყენებდა გადასახადების გადასახდელად, შვილის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველსაყოფად და სხვენში წყლის რეზერვუარის დასამონტაჟებლად.

მწერალი ხშირად იცვლიდა სამუშაო ადგილსა და პროფესიებს. ბაკალავრიატში ის დუბლინის კოლეჯში სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. გადასახადები რომ დაეფარა, ამავე კოლეჯში დაიწყო მუშაობა დამლაგებლად ჯერ კიდევ სტუდენტობისას. ალაგებდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ზაფხულში, მას შემდეგ, რაც სტუდენტები საკუთარ სახლებში მიემგზავრებოდნენ.

2004 წელს, კოლეჯის დასრულების შემდეგ, ის იაპონიაში წავიდა და ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მოგზაურობდა ბევრს. ირლანდიაში დაბრუნების შემდეგ ქეთრინა ლილი სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა. 2011 წელს უმუშევრად დარჩა და სწორედ ამ დროს დაიწყო „კვერცხის ნაჭუჭის“ წერა.

მედიასთან ავტორი ამბობს, რომ წიგნი უიღბლოზეა, რომელიც დუბლინის ქუჩებში დადის და შვებასა და სამართალს გრაფიტში, სახლების კარებში ხედავს, რამაც შეიძლება სულ სხვა სამყარომდე მიიყვანოს. 

2011 წელს, როცა ლალი უსამსახუროდ დარჩა, ის თავად ატარებდა დღეებს დუბლინის ქუჩებში მთელი წლის განმავლობაში და განცხადებებით ეძებდა სამსახურს. სწორედ ამ დროს გაუჩნდა მას პირველი წიგნის მთავარი პერსონაჟის, ვივიენის შექმნის იდეა.

ლალიმ წიგნის გამოცემისთანავე, 2015 წელსაც დაკარგა სამსახური. შემდეგ გაიგო, რომ მის კოლეჯში ისევ იყო დამლაგებლის ვაკანსია და ძველ სამსახურს დაუბრუნდა.

ის და მისი მეუღლე დუბლინში ცხოვრობენ შვილთან ერთად. დილის სამსახური ლალისთის მოსახერხებელია – დღის განმავლობაში წერასაც ასწრებს და შვილის მოვლასაც.

ახლა ავტორი მეორე რომანს ასრულებს. წერის მსურველებს ქათრინა ლალი ურჩევს, ჰქონდეთ ანაზღაურებადი სამსახური სტრესის გარეშე.

„ძალიან რთულია წერო, როცა სამსახურის შემდეგ შინ გამოფიტული ბრუნდები, ან გაქვთ სამსახური, სადაც შიშის ქვეშ ხართ. მესმის, რომ ბევრისთვის დამლაგებლობა ჯოჯოხეთია, მაგრამ მე ეს საქმე გამომადგა,“ – ამბობს მწერალი.

როცა პანდემიის მიზეზით შეღავათებს ითხოვ და პარალელურად ბიზნესს ზრდი

კომპანიები, რომლებმაც აჭარის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად მილიონობით ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღეს, პანდემიის მიზეზით შეღავათებს და ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას ითხოვენ. ეს, თავისთავად, დანაკლისის სახით აისახება ბიუჯეტის შემოსულობებში. ამავდროულად ეს კომპანიები პანდემიის  მიზეზით უარს არ ამბობენ გაფართოებასა და მშენებლობების მასშტაბების გაზრდაზე. მთავრობა კი პირველ მოთხოვნასაც თანხმდება და მეორესაც.

ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი, რომელსაც მთავრობამ პანდემიის მიზეზით ნაკისრი ვალდებულებები გადაუვადა, შპს „გრინ რიზორტია“ – უწყებამ 20 ნოემბერს გამოაქვეყნა, რომ ახალი საქმის წამოსაწყებად კომპანიამ 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოითხოვა ქობულეთის ზღვის სანაპიროზე.

აჭარის მთავრობასთან 2019 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „გრინ რიზორტი“ ქობულეთში ე.წ. მწვანე ქალაქში 180 ჰექტარზე აშენებს მწვანე ქალაქს, რომელზეც საფეხბურთო სტადიონები, საჩოგბურთო კორტები და გოლფის მოედნები იქნება განთავსებული. ჯამში პროექტის განხორციელება ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდება.

დამატებით 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ზღვასთან ახლოს კომპანია პირდაპირი განკარგვის წესით, არაკონკურენტული გარემოს პირობებში ითხოვს. ქობულეთის მერიამ ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს გადაუგზავნა განსახილველად.

რა ვადით ითხოვს კომპანია ნაკვეთს და რა მიზნით, ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა საკრებულო საკითხს განიხილავს.

კომპანია ოთხ მესაკუთრეზეა დარეგისტრირებული, აქედან სამი ჩეხეთის მოქალაქეა, ისინი 25-25-პროცენტიან წილებს ინაწილებენ, 25 პროცენტს ფლობს ასევე კომპანიის დირექტორი, სლოვაკეთის მოქალაქე ლევან შერაზადიშვილი.
____

თოვლიანი დღე აჭარის სოფელში | ფოტო

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები შუახევის პატარა სოფელ ნაღვარევშია გადაღებული.

თოვლი ნაღვარევში. აიშე მურვანიძის ფოტო
თოვლი ნაღვარევში. აიშე მურვანიძის ფოტო
თოვლი ნაღვარევში. აიშე მურვანიძის ფოტო
თოვლი ნაღვარევში. აიშე მურვანიძის ფოტო

რატომ დატოვა საქართველოს რკინიგზამ მგზავრები ბაქანზე – კომპანიის განმარტება

ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი გუშინ, 22 ნოემბერს, 25 წუთით [15:25-ის ნაცვლად გავიდა 15:00 საათზე] ადრე გავიდა, რის გამოც ზოგიერთმა მგზავრმა გამგზავრება ვეღარ მოახერხა. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ შეცვლილი გრაფიკის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განათავსა, თუმცა ამის შესახებ მგზავრები ინფორმირებულნი არ იყვნენ.

„ვისაც ადრე ჰქონდა ბილეთები აღებული და არ ჰქონდათ ინფორმაცია გრაფიკის შეცვლაზე, სალაროებში გაფრთხილებული არიან და პრობლემა არ შეექმნებათ ბილეთების დაბრუნებაზე. ბილეთის საფასური 100 პროცენტით დაუბრუნდებათ“, – გვითხრეს საქართველოს რკინიგზაში.

საქართველოს რკინიგზის მიერ 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ბათუმი-თბილისის სადგურიდან მატარებლის გასვლის დროდ 15:25 საათია დაფიქსირებული. განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია რკინიგზას 19 ნოემბერს აქვს გამოქვეყნებული, სადაც წერია, რომ მატარებელი ბათუმი-თბილისი სადგურიდან 20 ნოემბერს 15:00 საათზე გავა.

საქართველოს რკინიგზაში ასევე გვითხრეს, რომ გარდა რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე განცხადების განთავსებისა, მათ მგზავრების ინფორმირებისთვის სხვა ალტერნატიული გზა არ აქვთ, მათ შორის არც სმს-ს შეტყობინებები.

„ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება მგზავრების ტელეფონის ნომრებზე, საინფორმაციო საშუალებები იმიტომ არსებობს, რომ ამით უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია. სმს-ების გაგზავნა ფიზიკურად წარმოუდგენელია, რადგან ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მასზე ხელი არ მიგვიწვდება“, – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“.

რკინიგზაში ზუსტად ვერ გვითხრეს, რამდენი მგზავრი დარჩა ბაქანზე განრიგის ცვლილების შესახებ ინფორმაციის არქონის გამო. „ეს ინფორმაცია გვექნება მაშინ, როცა მგზავრები ბილეთებს დააბრუნებენ“, – ამბობენ რკინიგზაში.

კომპანიაში ასევე დასძენენ, რომ „პანდემიის დროს მატარებლის ბილეთების გაყიდვა გამგზავრებამდე 20 დღით ადრე ხდება, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, კომპანია მზად არის ყველა მგზავრს ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში თანხის 100 პროცენტი დაუბრუნოს“.

მიმოწერით მეგობრობა – ევრო-2000-ის გერმანული ენის მასწავლებლის პროექტი

სკოლა ევრო-2000-ის გერმანული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი, სოფიო აფხაზავა 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის იანვრის ბოლომდე პედაგოგთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფება გერმანიაში, ქ. დუისბურგის ლანდფერმანის სახელობის გიმნაზიაში.

სოფიო აფხაზავას პრაქტიკის ფარგლებში პროექტის მომზადება დაევალა. მან გადაწყვიტა, ისეთი პროექტი გაეკეთებინა, რომელშიც ჩართული იქნებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც. თავის გერმანელ კოორდინატორთან და ჩვენი სკოლის გერმანული ენის პედაგოგებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ პროექტში ,,მიმოწერით მეგობრობა“ მე-7 კლასის A ჯგუფი (ამ ჯგუფის გერმანული ენის მასწავლებლები არიან სოფიო აფხაზავა და გურანდა ფარცვანია) ჩართულიყო.

ჩვენს სკოლაში ამ პროექტისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები გურანდა ფარცვანიამ ჩაატარა, ხოლო გერმანიის ქ. დუისბურგის ლანდფერმანის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეებთან უშუალო კავშირი სოფიო აფხაზავას ჰქონდა. გერმანელ და ქართველ მოსწავლეებს შორის გაიმართა მეგობრული მიმოწერა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დაინტერესება ორივე მხრიდან დიდი იყო. ბავშვები ყოველი ახალი წერილის მოსვლას მოუთმენლად ელოდნენ. ქართველმა და გერმანელმა მოსწავლეებმა ინფორმაციები გაცვალეს თემებზე: „ჩემი ოჯახი“, „ჩემი თავისუფალი დრო“, „ჩემი მეგობარი“, „ჩემი დღის განრიგი“, „ჩემი არდადეგები“.

აღნიშნულმა მიმოწერამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ჩვენი მოსწავლეების გერმანული ენისადმი ინტერესის მომატებას, რადგან მათ ენის აუთენტურ სიტუაციაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.

მიუხედავად პანდემიით განპირობებული რთული სიტუაციისა, პროექტი წარმატებით განხორციელდა და მიმოწერა ბავშვებს შორის დღემდე გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ სოფიო აფხაზავამ პროექტი პროგრამის ხელმძღვანელებს წარუდგინა. პრეზენტაცია დადებითად შეფასდა და მან დიდი მოწონება დაიმსახურა.

კოვიდის 417 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 9 პაციენტი

23 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 377 პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში 1048 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 60 ადამიანი.

აჭარაში 1 988 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1062 პირი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 14 449 ადამიანი.

კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 36, გამოჯანმრთელდა – 3531 ადამიანი.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  108 690-ს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 012 შემთხვევა.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 157, აჭარაში – 417, იმერეთში – 537, ქვემო ქართლში – 190, შიდა ქართლში – 137, გურიაში – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 159, კახეთში – 140, მცხეთა-მთიანეთში – 89, სამცხე-ჯავახეთში – 40, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14 შემთხვევა.

 

ავტოავარიის შედეგად ბათუმში 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 22 ნოემბერს მოხდა.

„ორი დაშავებული გადაყვანილია კლინიკა ბაუ-ში, ქალი თავის ტრავმით და კაცი ზედაპირული დაზიანებებით“, – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.

გადაკეტილია [17:00 სთ] თამარ მეფის გამზირი და ავტომანქანებს შემოვლითი გზით უწევთ მოძრაობა.

შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-გან მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

საცობი ბათუმში / თამარის დასახლება /22.11.2020

ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით წვიმა, რეგიონის მაღალმთაში კი – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით წვიმა. ხილვადობა 4-10 კმ. ტალღის სიმაღლე 15-20 დმ (4 ბალი).
ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.

ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში სამშაბათს, 24 ნოემბერს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა 25 ნოემბერს, სინოპტიკოსებით პროგნოზით, კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

ბულვარის დალაგება-დასუფთავებისთვის მომავალ წელს 760 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარის ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალეგება-დასუფთავებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 760 942 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებული ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალაგება-დასუფთავება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მომსახურება მოიცავს:

  • ბულვარის ტერიტორიის [283 110 კვ.მ] დაგვა-დასუფთავებას დღეში ერთხელ თორმეტი თვის განმავლობაში;
  • დაგვა-დასუფთავება დამატებით [მეორეჯერ შუადღის ცვლაში სპეცტექნიკით – 100 000 კვ.მ] ოთხი თვის განმავლობაში: ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი;
  • დაგვა-დასუფთავება დამატებით [მესამეჯერ, სახვეტი სპეცტექნიკით – 100 000 კვ.მ] სეზონურად, ორი თვის განმავლობაში: ივლისი, აგვისტო;
  • მწვანე საფარის [150 000 კვ.მ] დასუფთავება ყოველდღე თორმეტი თვის განმავლობაში;
  • მორწყვა-მორეცხვა: ბულვარის ტერიტორიის მორწყვა-მორეცხვა 10-ტონიანი სპეცმანქანით (აუცილებლობის შემთხვევაში);
  • 800 ტონა ანახვეტის, ბალახის და ტოტების გატანა თორმეტი თვის განმავლობაში;
  • სანიაღვრე ჭების გაწმენდა თვეში ერთხელ [500 ცალი თვეში];
  •  სანაპიროს [პლაჟის] და სანაპიროზე არსებული გასახდელების თვეში სამჯერ დასუფთავება 7 თვის განმავლობაში: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი;
  • სანაპიროს [პლაჟის] და სანაპიროზე არსებული გასახდელების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება – ხუთი თვის განმავლობაში: მაისი ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.

ბულვარის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება.

21 დეკემბერს დასრულდება ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ორი ტენდერიც, რომლებიც ქალაქის ტერიტორიის დასუფთავებაზე, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდაზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის გატანაზეა გამოცხადებული. ამ ორ ტენდერში მომსახურების შესყიდვის საერთო ღირებულება 9 952 449 ლარია.

ამ თემაზე:

გონიოს ქუჩებში პირუტყვის მოძრაობა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე აკრძალულია

 

ოპოზიციის ბოიკოტი და 87-93% „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს – მეორე ტურის წინასწარი შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა. არჩევნებში არ მონაწილეობდა ოპოზიცია.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცესკოს მონაცემებით, ყველა, 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით [პროცენტები გამოთვლილია ამომრჩეველთა იმ რაოდენობიდან, რომლებმაც ხმა მისცეს მეორე ტურზე]:

ბათუმი

№5 – ლევან ვარშალომიძე -12.19% (4 172)
№41 – რესან კონცელიძე – 87.81% (30 057)

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო

№5 – მიშა ბოლქვაძე -11.81% (4 293)
№41 – ანზორ ბოლქვაძე – 88.19% (32 062)

მთაწმინდა, კრწანისი

№2 – შალვა შავგულიძე – 8.43% (1 727)
№41 – ბექა ოდიშარია – 91.57% (18 769)

ვაკე

№2 – ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)
№41 – ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549)

საბურთალო

№24 – ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2 770)
№41 – დავით სერგეენკო-89.92% (24 697)

ისანი

№5 – ხატია დეკანოიძე – 7.85% (1879)
№41 – კახა კახიშვილი -92.15% (22 055)

სამგორი

№5 – ლევან ხაბეიშვილი – 11.32% (3 573)
№41 – სოზარ სუბარი -88.68% (27 993)

დიდუბე, ჩუღურეთი

№36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 10.05% (3 188)
№41 – გიორგი ვოლსკი 89.95% (28 522)

ნაძალადევი

№10 – შალვა ნათელაშვილი -8.6% (2 223)
№41 – მიხეილ ყაველაშვილი – 91.4% (23 629)

გლდანი

№5 – ნიკანორი მელია – 10.64% (3 032)
№41 – ლევან კობიაშვილი – 89.36% (25 474)

თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

№5 – გიორგი ბოტკოველი -11.17% (5 608)
№41 – ირაკლი ქადაგიშვილი – 88.83% (44 616)

მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

№5 – ცეზარი ჩოჩელი – 7.47% (2 076)
№41 – შალვა კერესელიძე -92.53% (25 728)

რუსთავი, გარდაბანი

№5 – დავით კირკიტაძე- 10.21% (4 012)
№41 – ნინო ლაცაბიძე – 89.79% (35 297)

ხაშური, ქარელი

№5 – ნატო ჩხეიძე -8.28% (2 763)
№41 – ზაალ დუგლაძე – 91.72% (30 602)

ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი

№5 – კახა გეწაძე – 8.06% (3 488)
№41 – ბეჟან წაქაძე – 91.94% (39 810)

ქუთაისი

№5 – გრიგოლ ვაშაძე – 8.08% (2 626)
№41 – ზაზა ლომინაძე – 91.92% (29 866)

ზუგდიდი

№5 – მალხაზ ჯალაღონია – 6.12% (2 064)
№41 – ირაკლი ჩიქოვანი – 93.88% (31 678)

 

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

№5 – გრიგოლი შუშანია – 7.98% (2 595)
№41 – იოსები ხახალეიშვილი – 92.02% (29 911)

ცესკო ტექნიკური ხარვეზით ხსნის მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ზოგიერთ ოლქში 100%-ზე მეტი აიღეს. აღნიშნული რიცხვები საიტზე რამდენიმე წუთის მანძილზე იყო ხელმისაწვდომი.

21 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც გაიმართა [აჭარაში, ორ მაჟორიტარულ ოლქში], რომელზეც ამომრჩევლებს უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აერჩიათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ამომრჩეველთა ხმების 88 და 89 პროცენტი აქვთ მიღებული.

ოპოზიციამ ბოიკოტი უმაღლესი საბჭოს მეორე ტურის არჩევნებსაც გამოუცხადა, რადგან არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას.

ამ თემაზე:

ტიტე აროშიძე – 88%, ფრიდონ ფუტკარაძე – 89.19% | წინასწარი შედეგები

 

ტიტე აროშიძე – 88%, ფრიდონ ფუტკარაძე – 89.19% | წინასწარი შედეგები

21 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურზე, რომელზეც ამომრჩევლებს უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აერჩიათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ამომრჩეველთა ხმების 88 და 89 პროცენტი აქვთ მიღებული.

„ოცნების“ კანდიდატების კონკურენტები ამ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იყვნენ, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს, რადგან არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, 31 ოქტომბერს არჩევნები საქართველოში გაყალბდა, ისინი ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

უსკომ, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, უკვე გამოაქვეყნა არჩევნების წინასწარი მონაცემები. დათვლილია ყველა უბანი. უსკოს მონაცემები ასე გამოიყურება:

[checklist]

  • ბათუმის #28 მაჟორიტარული ოლქი

[/checklist]

  • ტიტე აროშიძე, „ქართული ოცნება“ – 88%, 30172 ხმა
  • გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12%, 4115 ხმა

[checklist]

  • ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს #30 მაჟორიტარული ოლქი

[/checklist]

  • ფრიდონ ფუტკარაძე, „ქართული ოცნება“ – 89.19%, 32649 ხმა
  • გია აბულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 10.81%, 3956 ხმა

N28 ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 35 852-მა ამომრჩეველმა, რაც 24,35 % შეადგენს.

ხოლო N30 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 37 981-მა ამომრჩეველმა, ამ ოლქში 73 833 ამომრჩეველია რეგისტირებული.

 

პანდემიის რისკები აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არაა ასახული – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში „სათანადოდ არ არის გაანალიზებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა“.

ამასთან, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაფინანსება 2021 წლისთვის შემცირებულია 15 855 000 ლარით, რაც „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზების გათვალისწინებით, საფუძვლიან დასაბუთებას საჭიროებს,“ – აცხადებს აუდიტი.

მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში კი აღნიშნულია, რომ „ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორგანიზება გაეწევა საკარანტინო ზონების მოწყობას, რაც გულისხმობს საქართველოში ჩამოსული მგზავრების სასტუმრო მომსახურებას, კვებას, დეზინფექციას, ტრანპორტით მომსახურებას საბაჟო-გამშვები პუნქტიდან სპეციალურ საკარანტინე ზონამდე და კარანტინის დასრულების შემდეგ სახოვრებელ ადგილამდე, ასევე სხვა საქონლის/მომსახურებების შესყიდვას, რომელიც აუცილებელი იქნება საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის“.

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის 1 445 000 ლარია გათვალისწინებული, მაშინ როდესაც 2020 წლისთვის ამ კუთხით 17 300 000 ლარია გაწერილი. პანდემიის დაწყებიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით კი, გახარჯულია 11 მილიონზე მეტი ლარი.

აჭარის მთავრობას 2021 წლისთვის „რისკ ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფისთვის“ 200 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, ხოლო „საკარანტინო სივრცეების და კოვიდსასტუმროების სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფისთვის“ – 2 800 000 ლარი.

„2020 წლის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირებისთვის გაწეულია 2 100 000 ლარის ხარჯი, გაფორმდა ხელშეკრულებები საკარანტინე სივრცეში და კოვიდსასტუმროში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალთან, ხოლო რისკ-ჯგუფებისათვის შესყიდულია 1 606 000 ლარის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები“ – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამა, 2020 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, მხოლოდ 53,8 პროცენტით შესრულდა.

„კანონპროექტში  პროპორციულად არ  არის ასახული  პანდემიისა  და  მის  მიერ  გამოწვეული  ნეგატიური  ეკონომიკური ეფექტების საპასუხოდ 2021 წელს გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯები. მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების საპროგნოზო მოცულობები, შემდგომი წარდგენის პროცესში, კიდევ გადაიხედოს.“ – მიაჩნია აუდიტს.

[red_box]აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია:[/red_box]

  • „მიზანშეწონილია, განხორციელდეს სხვა შემოსავლების შესაბამის კომპონენტებში ფაქტობრივად მიღებული თანხების ანალიზი და სისტემურობის გათვალისწინებით, განისაზღვროს დასაგეგმი წლის საბიუჯეტო პარამეტრები;
  • მაკონტროლებელმა სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ აჭარის წილობრივად მოქმედ საწარმოებში უკეთესი მენეჯმენტის განხორციელება;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 31 საწარმოდან, 2020 წლის 10 თვეში დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ 2 საწარმოს (შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“ – 563.0 ათასი ლარი, შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ – 137.5 ათასი ლარი);
  • ვერ მოხერხდა საწარმოთა საბალანსო მონაცემებში რიცხული 1,5 მილიონი ლარის დავალიანებების იდენტიფიცირება.  ამასთანავე, არ არის უზრუნველყოფილი ძირითადი აქტივების სრული აღრიცხვა და დაცულობა, რაც წარმოშობს მათი შესაძლო უკანონო გასხვისების რისკებს;
  • არ ხდება საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგებების საფუძვლიანი  განხილვა-შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, ბიზნესგეგმების დამტკიცება და ა.შ. რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საწარმოების არაეფექტიან მენეჯმენტს და შესაბამისად, უარყოფით ფინანსურ შედეგებს;
  • მიზანშეწონილია, მაკონტროლებელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნეს ხედვა, არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის მიმართულებით;
  • ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნეს პრივატიზაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელება, მათ შორის, არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით და ახალი რესურსების მოძიების გზით;
  • პროგრამულ ბიუჯეტთან დაკავშირებით, წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ბიუჯეტის კანონის ნაწილს და ხარვეზებით ხასიათდება.
  • არ ხდება პროგრამების/ქვეპროგრამების დეტალურ ღონისძიებებად ჩაშლა და წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის სახით; შეფასების ინდიკატორების ნაწილი ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების გაზომვასა და პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას ან მათი ნაწილი შეფასებისთვის საჭიროებს დამატებით ინდიკატორს.
  • მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა  პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე“.

„2020 წლის გეგმასთან მიმართებით 2021 წელს შემოსულობების და გადასახდელებების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა იმ პირობებში, როდესაც 2020 წლის 10 თვის მონაცემებით შემოსულობების შესრულება წლიური გეგმის მხოლოდ 71.4%-ს შეადგენს და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაშიც, მოსალოდნელია, რომ წლიური შესრულება 90-92%-ის ფარგლებში იქნება, დამატებით დასაბუთებას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის განმარტებითი ბარათი არ მოიცავს შემოსულობების ზრდის ფინანსურ დასაბუთებას“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ ბიუჯეტის კანონპროექტით დაფინანსება ეზრდება ზოგიერთ ისეთ პროგრამას, რომელთა შესრულების მაჩვენებელი 2020 წლის 10 თვის მდგომარეობით 60%-ზე დაბალია.

შესაბამისი უწყებების მიერ პროგრამების შეუსრულებლობის დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე კი, აუდიტი თვლის, რომ „მიზეზანშეწონილია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასებული იქნეს მოსალოდნელი რისკები და გატარდეს ეფექტიანი ღონისძიებები მომდევნო საბიუჯეტო წელს ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.“

2020 წლის გეგმურ მაჩვენებლებთან მიმართებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაფინანსება − 9.9%-ით და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება − 68.9%-ით.

„სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსების მნიშვნელოვანი შემცირება ძირითადად გამოწვეულია „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების“ დაფინანსების 15 855 000 ლარით შემცირების გამო. რაც საფუძვლიან დასაბუთებას საჭიროებს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების შემცირებას, ბიუჯეტის წარმოდგენილ  ვერსიაში  პროპორციულად არ  არის ასახული COVID-19 პანდემიისა  და  მის  მიერ  გამოწვეული  ნეგატიური  ეფექტების საპასუხოდ 2021 წელს გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯები“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აჭარის მთავრობის გათვლებით, 2021 წელს აჭარის ბიუჯეტში 328 მილიონ 474 ათასი ლარი შევა, თუმცა ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარით მეტი, 349 მილიონ 474 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან ხელფასებისთვის ჯამში 38,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საფინანსო კომიტეტმა მხარი დაუჭირა აჭარის 2021 წლის კანონის პროექტთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას; პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა კი, ცნობად მიიღო.

დღეს საღამოს 10 საათიდან ბათუმში გადაადგილება ისევ შეიზღუდება

დღეიდან, 22 ნოემბრის საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე, გადაადგილება ბათუმში ისევ შეიზღუდება.

საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

21 ნოემბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შეზღუდვა, ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე, ორი ღამით იყო მოხსნილი.

 

 

აჭარაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 447 ახალი შემთხვევა – 22 ნოემბერი

22 ნოემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 447 ახალი შემთხვევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 427 პაციენტი.

დღევანდელი დღის მონაცემებით აჭარაში მკურნალობს ჯამში 6 460 პაციენტი[კლინიკა, კოვიდსასტუმრო, ონლაინკლინიკა].

22 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი:

კოვიდის 4 048 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი საქართველოში – 22 ნოემბერი

კოვიდის 4 048 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი საქართველოში – 22 ნოემბერი

22 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 104 732-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 85 639 და გარდაიცვალა სულ 976 პაციენტი.

22 ნოემბრის დილის მონაცემებით საქართველოში:

  • კარანტინშია 2 159 მოქალაქე;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 6 189
  • კოვიდსასტუმროში კი – 3 449 პაციენტი.

88%-ით გამარჯვებულები – ანზორ ბოლქვაძე და რესან კონცელიძე | წინასწარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების შედეგად ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში რესან კონცელიძემ გაიმარჯვა.

ამ დროისთვის ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია უბნების 40 პროცენტი, სულ 49 უბანი.

ამ მონაცემების მიხედვით კონცელიძემ ამომრჩეველთა ხმების 88.47% მიიღო, სულ 9 465 ხმა.

ამავე ოლქში საარჩევნო ბიულეტენში იყო ლევან ვარშალომიძეც, რომელმაც თავის ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად ლევან ვარშალომიძეს, 49 უბნის მონაცემებით, ხმა მისცა 1234 ამომრჩეველმა – 11.53%-მა.

პირველ ტურში, 31 ოქტომბერს, ლევან ვარშალომიძესა და რესან კონცელიძეს შორის სხვაობა სამი პროცენტი იყო, ვარშალომიძემ 31 ოქტომბერს ბათუმის ოლქში ხმათა 37,3%  მიიღო, კონცელიძემ კი –  40,97%.

ხმათა 88 პროცენტზე მეტი აქვს „ოცნების“ კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს #30 მაჟორიტარული ოლქიდან.

ამ ოლქის 180-დან 94 უბნის მონაცემებით, ანზორ ბოლქვაძემ მეორე ტურში ხმათა 88.73% მიიღო, 16770 ხმა.

ამავე ოლქში, 94 უბნის მონაცემებით, მიშა ბოლქვაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 2129 ამომრჩეველმა, 11.27%-მა მისცა ხმა.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

განახლებული ინფორმაცია: ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შედეგად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რესან კონცელიძემ ბათუმის ოლქში 87,81 პროცენტი მიიიღო [30057 ხმა], ხოლო ანზორ ბოლქვაძემ #30 მაჟორიტარულ ოლქში – 88,19 პროცენტი [32062 ხმა]. 

მოქალაქეებს ვულოცავ არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას – რიჟვაძე

დაკავებულია აქციის 5 მონაწილე – აჭარის პოლიციის უფროსის განმარტება აქციის დაშლაზე

„საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დავაკავეთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ბათუმის საოლქო კომისიის წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე სულ 5 პირი დააკავეს.

კოტე ანანიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს.

კოტე ანანიაშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად პოლიციის რა მოთხოვა არ შეასრულეს აქციის მონაწილეებმა. „ეს პოლიციის შესაბამის ოქმებში იქნება ასახული, ახლა ამ დეტალებს ვერ გეტყვით“, – აღნიშნა კოტე ანანიაშვილმა.

საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო კომისიასთან პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ დაშალა.

ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ე.წ. სირცხვილის კორიდორი ბათუმის საოლქო კომისიასთან ამ საღამოს მოაწყო, როცა საუბნო კომისიების წარმომადგენლებს შემაჯამებელი ოქმები საოლქო კომისიაში მიჰქონდათ. ისინი „საუბნო კომისიის წევრებს ხვდებოდნენ შეძახილებით „მონებო“, „მოღალატეებო“, სირცხვილია“.

__

დღეს, 21 ნოემბერს, დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, თუმცა ამ არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია. შესაბამისად, 8 პარტია უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე.

ამ თემაზე:

ბათუმის საოლქოსთან აქცია დაშალეს და მონაწილეები დააკავეს

ბათუმის საოლქოსთან აქცია დაშალეს და მონაწილეები დააკავეს

ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე. საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო კომისიასთან პოლიციამ დაშალა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ვერ დააკონკრეტა, აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს, ან რა სამართალდარღვევა ჩაიდინეს მათ.

ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ე.წ. სირცხვილის კორიდორი ბათუმის საოლქო კომისიასთან ამ საღამოს მოაწყო, როცა საუბნო კომისიების წარმომადგენლებს შემაჯამებელი ოქმები საოლქო კომისიაში მიჰქონდათ. ისინი „საუბნო კომისიის წევრებს ხვდებოდნენ შეძახილებით „მონებო“, „მოღალატეებო“, სირცხვილია“.

ბათუმის 79-ე ოლქთან პოლიცია ახლაც მობილიზებულია.

დღეს, 21 ნოემბერს, დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, თუმცა ამ არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია. შესაბამისად, 8 პარტია უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ 17-ვე მაჟორიტარულ უბანზე მათი კანდიდატები იმარჯვებენ.

„მონებო“ – ბათუმის საოლქო კომისიათან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

„სირცხვილია“, „მონებო“, „მოღალატე“ – ამ და სხვა შეძახილებით მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები საუბნო კომისიების წარმომადგენლებს დახვდნენ, რომლებმაც მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმები ბათუმის საოლქო კომისიაში მიიტანეს. ხმების დათვლის პროცესი სრულდება.

ბათუმის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. საპროტესტო აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც პოლიციის თანამშრომლებთან.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნებში ბათუმში ამომრჩევლების 24.35-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

Exit mobile version