მთავარი,სიახლეები

რატომ დატოვა საქართველოს რკინიგზამ მგზავრები ბაქანზე – კომპანიის განმარტება

23.11.2020
რატომ დატოვა საქართველოს რკინიგზამ მგზავრები ბაქანზე – კომპანიის განმარტება

ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი გუშინ, 22 ნოემბერს, 25 წუთით [15:25-ის ნაცვლად გავიდა 15:00 საათზე] ადრე გავიდა, რის გამოც ზოგიერთმა მგზავრმა გამგზავრება ვეღარ მოახერხა. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ შეცვლილი გრაფიკის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განათავსა, თუმცა ამის შესახებ მგზავრები ინფორმირებულნი არ იყვნენ.

„ვისაც ადრე ჰქონდა ბილეთები აღებული და არ ჰქონდათ ინფორმაცია გრაფიკის შეცვლაზე, სალაროებში გაფრთხილებული არიან და პრობლემა არ შეექმნებათ ბილეთების დაბრუნებაზე. ბილეთის საფასური 100 პროცენტით დაუბრუნდებათ“, – გვითხრეს საქართველოს რკინიგზაში.

საქართველოს რკინიგზის მიერ 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ბათუმი-თბილისის სადგურიდან მატარებლის გასვლის დროდ 15:25 საათია დაფიქსირებული. განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია რკინიგზას 19 ნოემბერს აქვს გამოქვეყნებული, სადაც წერია, რომ მატარებელი ბათუმი-თბილისი სადგურიდან 20 ნოემბერს 15:00 საათზე გავა.

საქართველოს რკინიგზაში ასევე გვითხრეს, რომ გარდა რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე განცხადების განთავსებისა, მათ მგზავრების ინფორმირებისთვის სხვა ალტერნატიული გზა არ აქვთ, მათ შორის არც სმს-ს შეტყობინებები.

„ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება მგზავრების ტელეფონის ნომრებზე, საინფორმაციო საშუალებები იმიტომ არსებობს, რომ ამით უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია. სმს-ების გაგზავნა ფიზიკურად წარმოუდგენელია, რადგან ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მასზე ხელი არ მიგვიწვდება“, – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“.

რკინიგზაში ზუსტად ვერ გვითხრეს, რამდენი მგზავრი დარჩა ბაქანზე განრიგის ცვლილების შესახებ ინფორმაციის არქონის გამო. „ეს ინფორმაცია გვექნება მაშინ, როცა მგზავრები ბილეთებს დააბრუნებენ“, – ამბობენ რკინიგზაში.

კომპანიაში ასევე დასძენენ, რომ „პანდემიის დროს მატარებლის ბილეთების გაყიდვა გამგზავრებამდე 20 დღით ადრე ხდება, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, კომპანია მზად არის ყველა მგზავრს ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში თანხის 100 პროცენტი დაუბრუნოს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: