მთავარი,სიახლეები

„სახლის ქვემოთ მიწა დაწეულია, ჩამოიშალა ფერდობიც“ – ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

23.11.2020 • 1187
„სახლის ქვემოთ მიწა დაწეულია, ჩამოიშალა ფერდობიც“ – ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქედაში, სოფელ ცხემნაში მცხოვრები არჩილ ცინცაძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ მეწყრული პროცესები დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ შემოდგომაზე კიდევ უფრო გააქტიურდა.

არჩილ ცინცაძის სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ერთი ბავშვი.

„აქამდე სახლის ქვემოთ იყო დამეწყრილი მიწა, ახლა კი სახლს ზემოთ, ფერდობიც ჩამოიშალა. პირველად გაზაფხულზე მივმართე მთავრობას, რომ შეესწავლათ ვითარება. მოვიდნენ გეოლოგები და მათი დასკვნის მიხედვით სახლის საძირკველს სჭირდება გამაგრება.

ახლა რა პროცესებიც განვითარდა, ეს ჯერ შესწავლილი არ არის, რადგან წუხელ ჩამოწვა მეწყერი,“ – ამბობს არჩილ ცინცაძე.

მოქალაქის თქმით, დაზიანებები სახლის შესასვლელთან ახლოსაა, რაც საფრთხეს ქმნის აქ მცხოვრებლებისთვის.

„დასკვნა როცა მომივიდა, მერიაში მითხრეს, საპროექტო გადაწყვეტს, ესაჭიროება გამაგრება თუ არაო. ერთი თვის შემდეგ როცა მივმართე, მითხრეს პანდემია დაიწყო და შემდეგ გამოვლენ შესამოწმებლადო. პანდემია ისევ მიმდინარეობს, მაგრამ ზამთარი მოდის, მეწყრული პროცესები კიდევ აქტიურდება. ამ პანდემიის დროს რაღაც პროექტები გააკეთეს ქედაში, მაგრამ მე არავინ არ მომაქცია ყურადღება,“ – ამბობს არჩილ ცინცაძე.

მისი თქმით, საცხოვრებელ სახლთან ნიადაგი საგრძნობლად დაწეულია, რომლის ჩამოშლის შემთხვევაში არა მარტო სახლს ექმნება საფრთხე, არამედ მეზობელ სახლებთან მისასვლელი გზაც იკეტება. გარდა ამისა, ჩაიკეტება ტყეში გასასვლელი გზაც, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობს.

არჩილ ცინცაძის თქმით, დაახლოებით 10-15-მეტრიანი კედელი მაინც საჭიროა, რომ ფერდობი გამაგრდეს და სახლს საფრთხე აღარ შეუქმნას მიწის მასამ.

„ბათუმელები“ ქედის მერს ლევან გორგილაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვს თუ არა შესწავლილი მერიას ცინცაძის სახლის მდგომარეობა და როდის აპირებს მუნიციპალიტეტი გამაგრებითი სამუშაოების დაწყებას.

„ვერ გავაკეთებდით ვერცერთ თვეში, რადგან წინა წლებისაა ჯერ ისევ გასაკეთებელი. პრიორიტეტების მიხედვით გავაკეთებთ. თუ სახლს არ ემუქრება საფრთხე, გზას ვწმენდთ და შემდეგი წლისთვის იგეგმება გამაგრება,“ – ამბობს მერი.

კითხვაზე, თუკი სახლთან ახლოს მიწის მასა დაწეულია და სახლის ზემოდანაც ჩამოდის მასა, ეს შემთხვევა შედის თუ არა მერიის პრიორიტეტში, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ თუ მეწყერი სახლს ემუქრება, მაშინ მერიას ოჯახი ქირით გაჰყავს.

„დღესაც გასული არიან ბრიგადები და ამოწმებს ინფრასტრუქტურის სამსახური, სად არის განვითარებული მეწყერი. შეისწავლიან და ხვალ მეცოდინება პასუხი,“ – გვითხრა ქედის მერმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: