მთავარი,სიახლეები

დამლაგებელი, რომელმაც ირლანდიის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მიიღო

23.11.2020 • 1366
დამლაგებელი, რომელმაც ირლანდიის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მიიღო

39 წლის ირლანდიელი მწერალი ქეთრინა ლალი, რომელსაც დამლაგებლად მუშაობისას დაწერილი წიგნით პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, 2021 წელს მეორე წიგნს გამოსცემს, რომელსაც 5 წელი წერდა. წიგნის სახელწოდება ჯერ უცნობია.

ქეთრინა ლალიმ 2018 წელს პირველი წიგნით – „კვერცხის ნაჭუჭი“ [Eggshells] ირლანდიური ლიტერატურის პრესტიჟული პრემია „რუნი“ მიიღო. წიგნი მაშინ ჟიურიმ შთამბეჭდავ, მახვილგონივრულ და არაპროგნოზირებად ტექსტად შეაფასა.

სამწლინახევრის განმავლობაში ქეთრინა ლალი კოლეჯის დამლაგებლად მუშაობდა. მისი წიგნი, „კვერცხის ნაჭუჭი“ 2015 წელს დაიბეჭდა და აუდიტორიის დიდი ყურადღება გამოცემისთანავე არ დაუმსახურებია. მწერალი ამბობს, რომ პრემია „რუნი“ მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი შემთხვევაა.

წიგნის ავტორი ყოველ დილით 4:45-ზე იღვიძებს, დამლაგებლის ცისფერ უნიფორმას იცვამს და დილის 6-დან 9:30-მდე ალაგებს კოლეჯს. შემდეგ შინ ბრუნდება და წლისა და 2 თვის შვილს, ალისას უვლის.

პრემია მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან კონკურსზე მისი წიგნი არ გაუგზავნია. პრემია „რუნის“ კომიტეტი ნომინანტ ავტორებს თავად არჩევს.

როცა „რუნის“ კომიტეტიდან დაურეკეს და გამარჯვების შესახებ აცნობეს, ქეთრინა კოლეჯიდან სახლში ბრუნდებოდა დაღლილი. მას ჯილდოდ 10 ათასი ევრო გადასცეს.

Pittsburgh Post--gazette-სთან ინტერვიუში მწერალი ამბობდა, რომ მიღებულ თანხას გამოიყენებდა გადასახადების გადასახდელად, შვილის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველსაყოფად და სხვენში წყლის რეზერვუარის დასამონტაჟებლად.

მწერალი ხშირად იცვლიდა სამუშაო ადგილსა და პროფესიებს. ბაკალავრიატში ის დუბლინის კოლეჯში სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. გადასახადები რომ დაეფარა, ამავე კოლეჯში დაიწყო მუშაობა დამლაგებლად ჯერ კიდევ სტუდენტობისას. ალაგებდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ზაფხულში, მას შემდეგ, რაც სტუდენტები საკუთარ სახლებში მიემგზავრებოდნენ.

2004 წელს, კოლეჯის დასრულების შემდეგ, ის იაპონიაში წავიდა და ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მოგზაურობდა ბევრს. ირლანდიაში დაბრუნების შემდეგ ქეთრინა ლილი სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა. 2011 წელს უმუშევრად დარჩა და სწორედ ამ დროს დაიწყო „კვერცხის ნაჭუჭის“ წერა.

მედიასთან ავტორი ამბობს, რომ წიგნი უიღბლოზეა, რომელიც დუბლინის ქუჩებში დადის და შვებასა და სამართალს გრაფიტში, სახლების კარებში ხედავს, რამაც შეიძლება სულ სხვა სამყარომდე მიიყვანოს. 

2011 წელს, როცა ლალი უსამსახუროდ დარჩა, ის თავად ატარებდა დღეებს დუბლინის ქუჩებში მთელი წლის განმავლობაში და განცხადებებით ეძებდა სამსახურს. სწორედ ამ დროს გაუჩნდა მას პირველი წიგნის მთავარი პერსონაჟის, ვივიენის შექმნის იდეა.

ლალიმ წიგნის გამოცემისთანავე, 2015 წელსაც დაკარგა სამსახური. შემდეგ გაიგო, რომ მის კოლეჯში ისევ იყო დამლაგებლის ვაკანსია და ძველ სამსახურს დაუბრუნდა.

ის და მისი მეუღლე დუბლინში ცხოვრობენ შვილთან ერთად. დილის სამსახური ლალისთის მოსახერხებელია – დღის განმავლობაში წერასაც ასწრებს და შვილის მოვლასაც.

ახლა ავტორი მეორე რომანს ასრულებს. წერის მსურველებს ქათრინა ლალი ურჩევს, ჰქონდეთ ანაზღაურებადი სამსახური სტრესის გარეშე.

„ძალიან რთულია წერო, როცა სამსახურის შემდეგ შინ გამოფიტული ბრუნდები, ან გაქვთ სამსახური, სადაც შიშის ქვეშ ხართ. მესმის, რომ ბევრისთვის დამლაგებლობა ჯოჯოხეთია, მაგრამ მე ეს საქმე გამომადგა,“ – ამბობს მწერალი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: