კოვიდის 110 ახალი შემთხვევა საქართველოში

18 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 4 964 ტესტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 25 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი. 

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 72
  • აჭარა – 13
  • იმერეთი – 5
  • ქვემო ქართლი – 4
  • შიდა ქართლი – 0
  • გურია – 5
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4
  • კახეთი –5
  • მცხეთა-მთიანეთი – 0
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 10 295 ადამიანი.  3 670 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, 5 991 – საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდინფიცირებული 795 მძიმე პაციენტია. 

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 22 714 ადამიანი.

აჭარაში კოვიდის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 18 იანვარი

18 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა.

დღევანდელი ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 280 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 7 პაციენტი.

აჭარის კოვიდსასტუმროებშია 253 ადამიანი.

 

ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობს, უკვე დაფრინდა მოსკოვში. თვითმფრინავში ნავალნიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის მგზავრობს ავიაკომპანია „პაბედას“ [გამარჯვება] ბოინგით და მისი ბილეთის ნომერია 13. მან ასევე თქვა, რომ ის სახლში ბრუნდება და ძალიან კარგ განწყობაზეა. ამავე თვითმფრინავშია არაერთი მედიის წარმომადგენელი.

თავდაპირველად ნავალნის თვითმფრინავი უნდა დაფრენილიყო ვნუკოვოს აეროპორში. მის დასახვედრად აეროპორტში შეიკრიბა ხალხი, თუმცა დაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და მეორე – შერემეტიევოს აეროპორტისკენ გაფრინდა.

ვნუკოვოს აეროპორტში ნავალნისთან შესახვედრად მისული მომხრეები კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა, რამდენიმე მათგანი დააკავა კიდეც. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ არ ეშინიათ დაკავების, რადგან თავად ნავალნი თავის სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ უკვე დიდი ხანია.

ალექსეი ნავალნი 5 თვეა იმყოფებოდა გერმანიაში და კლინიკა Charité-ში მკურნალობდა, სადაც დაადასტურეს, რომ ნავალნი ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული. მას ახლა პატიმრობა ემუქრება – რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა უკვე განაცხადეს, რომ მის დასაპატიმრებლად ყველა ზომას გაატარებენ.

____

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. იგი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. ნავალნის ფრენისას გული წაუვიდა.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღე არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს მოითხოვეს და სპეციალური რეისი  დაჯავშნეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

რუსმა ოპოზიციონერმა 21 დეკემბერს Youtube-ში გაავრცელა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, ურეკავს რუსეთის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს, რომელსაც თავი უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლად წარუდგინა. ნავალნის განცხადებით, კუდრიავცევმა აღიარა, რომ მას ნავალნის მკვლელობა ჰქონდა დავალებული.

ბულვარის ტერიტორიაზე მაღაზია გატეხეს, დაწყებულია გამოძიება

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მაღაზია გატეხეს დღეს, 17 იანვარს, დღისით.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გატეხეს ბულვარის შიდა ტერიტორიაზე [მელიქიშვილის ქუჩის მოპირდაპირედ] მდებარე ჯიხური, რომელიც მოიჯარეზეა გადაცემული. ამ ბოლო დღეებში ჯიხური არ ფუნქციონირებდა, ის მოიჯარეს დაკეტილი ჰქონდა. წაიღეს თუ არა რამე ჯიხურიდან, ვერ გეტყვით. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ბათუმში წყალმომარაგების მილი დაზიანდა – რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმში, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, როგორც კომპანია „ბათუმის წყალში“ განაცხადეს, დაზიანდა სასმელი წყლის მილი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური.

„ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ „ავარიული დაზიანებაა და აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება“.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 18 იანვრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

შარტავას ქუჩას, ფიროსმანის ქუჩას, აბუსერიძის ქუჩას, ჯავახიშვილის ქუჩას, გორგილაძის ქუჩის ბოლო, გრიბოედოვის ქუჩას -გორგასლის ქუჩიდან აბუსერიძის ქუჩის მონაკვეთზე, გორგასლის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში, გორგილაძის ქუჩას – შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს ავარიულად დაზიანებული დ160 მმ წყალმომარაგების მილის აღდგენითი სამუშაოები. /17.01.2021 / ფოტო: „ბათუმის წყალი“

ბათუმის ქუჩებს 420 ვიდეოკამერა გააკონტროლებს, მათგან 150 ავტომანქანის ნომრის ამომცნობია

ბათუმში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის ქალაქის მერიას, 2021 წლისთვის, 437 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 18 იანვარს დასრულდება.

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში სულ 420 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა იქნება ჩართული, რომელთა გამართულად მუშაობაზე ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. აქედან 150 კამერა ავტომანქანის ნომრის ამომცნობია.

ტენდერის პირობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ბათუმში განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა მოიცავს:

  • „ა“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტი – 270 ერთეული IP კამერა [Pelco IXE31, გარე გამოყენების ჰაუსინგით], 195 ერთეული ჩართვის წერტილი [უწყვეტი კვებით მომარაგების სისტემა].
  • „ბ“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტი – ავტო-სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის მოვლა-პატრონობა.
  • სასერვერო ინფრასტრუქტურის, როგორც ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განუყოფელი ნაწილის მოვლა-პატრონობა.

ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში პრეტენდენტმა საკუთარი სახსრებით უნდა შეაკეთოს დაზიანებული [ელძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა] კამერები ან შეცვალოს იმავე მწარმოებლის პროდუქტით [ახალი მოდელით. ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო კამერებზე არ ვრცელდება საგარანტიო პირობები];

დაზიანებული კამერების რაოდენობა:

  • Pelco IXE31 – 1 ცალი;
  • „ბ“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტი – მოიცავს Avigilon-ის წარმოების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერასა და AETEK-ის გარე გამოყენების კორპუსს, წყლის მიწოდების სისტემასა და ინფრაწითელ განათებას, როგორც ერთიანი 5 კომპლექტი.

ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში ბათუმში ყველა კამერა უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში და ხდებოდეს ვიდეო-ნაკადის ჩაწერა.

2020 წლისთვის მერიამ 320 012 ლარი დახარჯა ვიდეოკამერების მოვლა-პატრონობაზე. ხელშეკრულება შპს „დელტა კონსალტინგთან“ იყო გაფორმებული. 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდისთვის კი, მერიას ხელშეკრულება ამავე კომპანიასთან 399 124 ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

მიმდინარე ტენდერთან დაკავშირებით, შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ერთ-ერთი მიმწოდებელი სატენდერო კომისიას მიმართავს, რომ პერსონალის გამოცდილების შესახებ „არსებული მოთხოვნით ფაქტობრივად ტენდერში გამოდის მხოლოდ ერთი კომპანია – შპს „დელტა კონსალტინგი“ და სხვა კომპანიებს ეზღუდებათ ტენდერში მონაწილეობა. შესაძლებელია არ ქონდეს [კომპანიის ინჟინერს] პელკო ენდუროს სერტიფიკატი და ჰქონდეს სხვა მრავალი ბრენდის სერტიფიკატი, ამ შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი რომ დაკორექტირდეს სატენდერო დოკუმენტაცია“.

„პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მიზნად ისახავს კვალიფიცირებული მომსახურე პირის/ორგანიზაციის შერჩევას. ინჟინრებს უნდა გააჩნდეთ იმ ტექნიკის მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც შემსყიდველს გააჩნია და რომელსაც კომპანია უნდა მოემსახუროს, აღნიშნულიდან გამომდინარე პრეტენდენტმა უნდა იხელმძღვანელოს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამის მუხლში მოცემული მოთხოვნებით“, – უპასუხეს მერიის სატენდერო კომისიიდან.

ტენდერის მიხედვით, ერთ-ერთი მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ, არის ის, რომ „პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს მინიმუმ 2 სერტიფიცირებული ინჟინერი VMS სისტემების (Pelco Endura) სპეციალიზაციით“.

ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა ბათუმში / მემედ აბაშიძის გამზირი

ორშაბათიდან აჭარის სანაპირო ზოლში თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი; სანაპირო რაიონებში თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი.

იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 18-23მ/წმ-დე.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო;
  • მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3 გრადუსი ყინვა, 2 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დროგამოშვებით ზოგან 18-23 მ/წმ-ში; თოვლჭყაპი, ხილვადობა 4-10კმ, ტალღის სიმაღლე 15-30დმ (4-5 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +8.6 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო 2 დღეს, 19 და 20 იანვარს, აჭარის სუბტროპიკულ რაიონებში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა – ზოგან ძლიერი.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ეს არის გოგოლის ქუჩის მონაკვეთი – წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე.

გოგოლის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 804 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ბათუმის მერია ტენდერით გამარჯვებულს შეარჩევს. ტენდერი ჯერ მერიას არ გამოუცხადებია.

გოგოლის ქუჩის ეს მონაკვეთი [ბონის კულტურის სახლიდან ნონეშვილის ქუჩამდე], გარდა იმისა, რომ ბონისა და ბარცხანის დასახლებების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთია, ის სატრანზიტო კვანძიც არის. ამ მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 580 მეტრია.

ბათუმიდან [ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების გავლით] ქობულეთის მიმართულებით და პირიქით, ტრაილერები სწორედ ამ მონაკვეთის გავლით მოძრაობენ. აქვეა ბათუმის ახალი ავტოსადგურიც [„მეტრო“].

ეს გზა ფაქტობრივად ავარიულია – არის ორმოები, დეფორმირებულია რკინა-ბეტონის ფილები, სავალი ნაწილის არც ერთ მხარეს არ არის ტროტუარი.

გოგოლის ქუჩა:

გოგოლის ქუჩა ბათუმში / 16.01.2021
გოგოლის ქუჩა ბათუმში / 16.01.2021
გოგოლის ქუჩა ბათუმში / 16.01.2021
გოგოლის ქუჩა ბათუმში / 16.01.2021
გოგოლის ქუჩა ბათუმში / 16.01.2021

ბათუმში წელს ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაც იგეგმება:

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

17 გარდაცვლილი და 780 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ჯამში 2 933 პირი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 083 ტესტირება. აქედან 4 796 კვლევა ჩატარდა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით.

17 იანვარს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარაში – 51, იმერეთში – 100, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 58, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის – 11 853, საიდანაც 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 758, აჭარაში – 309, იმერეთში – 701.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი.

649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის, 258 – თბილისში, 303 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 7 545 პირი ვირუსს მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 13 918 პირი, აჭარაში – 1 942, იმერეთში – 2 799.

აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 17 იანვარი

17 იანვრის დილის მონაცემებით აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 106 პაციენტი [დღემდე გამოჯანმრთელებულია – 33 510 პაციენტი]; კლინიკა დატოვა  28 პაციენტმა.

აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 9 პაციენტი.

რეგიონის კლინიკებში ამ ეტაპისთვის მკურნალობს – 308 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 289, ონლაინ კლინიკაში კი – 646.

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია – მთავრობა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია: „გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება“.

მთავრობის ინფორმაციით, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.

„ზუსტდება გარკვეული დეტალები, რათა მოხდეს გეგმის საბოლოო სახით ფორმალიზაცია მომდევნო კვირაში. განიხილება სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტული ჯგუფები და ასევე ყველა ის ვაქცინა, რომლის მოზიდვაც და გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში. ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, იქნება უსაფრთხო და ხარისხიანი“ –  აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველოში COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია მთავრობის 2020 წლის 15 დეკემბრის განკარგულებით შეიქმნა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

პაატა იმნაძის განცხადებით „იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფს არ წარმოადგენენ, ვაქცინას ზაფხულში ან შემოდგომით მიიღებენ“.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ საქართველო კოვაქს-პლატფორმიდან თავდაპირველად მიიღებს მოსახლეობის 20%-ის ასაცრელად საკმარის ვაქცინას (1.4 მილიონ დოზას 700 ათასი ადამიანისთვის):

https://netgazeti.ge/news/512240/

 

ოპოზიციონერი ექიმი, რომელიც კოვიდს მართავდა – ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც და მენეჯერიც 

კლინიკა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, 2020 წლის მარტში გახდა პირველი კოვიდკლინიკა აჭარაში, რომელმაც კოვიდდადებითი პაციენტები მიიღო და უმკურნალა. როგორია იმუშაო მაშინ, როცა არათუ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ახალ ვირუსზე. როგორია იმუშაო მაშინ, როცა ექიმის გარდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხარ და ხელისუფლებასთან გიწევს თანამშრომლობა. ექიმი-ეპიდემიოლოგი ლევან ანთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში „ბათუმელებს“ უყვება თავის გამოცდილებას ზეპირი ისტორიების სერიისთვის – „ადამიანები პანდემიის დროს“.

 

COVID-19

თებერვლის თვიდან ინტენსიურად ვადევნებდი თვალს, თუ როგორ ვითარდებოდა პანდემია. მაშინ იმ დასკვნამდე მივედი, რომ აუცილებელი იყო ქვეყანა მომზადებულიყო პანდემიისთვის. დაახლოებით მარტის შუა რიცხვები იყო, როდესაც ჩემთან შემოვიდა ზარი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან და მკითხეს შევძლებდით თუ არა ჩვენს კლინიკას მიეღო კოვიდინფიცირებული პაციენტები.

მე „მედალფას“ რეგიონული მენეჯერი ვიყავი. ჩვენი კლინიკის სათაო ოფისში გადაწყვიტეს, რომ გადავკეთებულიყავით კოვიდკლინიკად. ამას საკმაოდ დიდი მუშაობა უძღოდა წინ. დაახლოებით ათი დღე ვემზადებოდით – იგულისხმება როგორც აღჭურვილობის [შეტანა], ისე თანამშრომელთა დატრენინგებაც. ჩვენი კლინიკა არ იყო ინფექციების მკურნალობაზე ორიენტირებული, იყო ჩვეულებრივი გადაუდებელი დახმარების კლინიკა. ამას მოჰყვა ის, რომ მედპერსონალის დიდი ნაწილი წავიდა კლინიკიდან. ბათუმში რეალურად ვერცერთი კლინიკა ვერ ერთვებოდა კოვიდის მართვაში, რადგან დიდი შიში იყო, როგორც მედპერსონალში, ისე მოსახლეობაში.

ეს შიში იდეაში გამართლებულიც იყო, მაგრამ ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ეს საქმე იმ ექიმებთან ერთად, რომლებიც ახლაც აგრძელებენ ამ საქმეს. მაშინ შეგრძნება იყო ისეთი, სიცოცხლისთვის ძალიან დიდი რისკი იყო კოვიდკლინიკაში მუშაობა. შემდეგ დავინახეთ, რომ ეს რისკი რეალური იყო და ბევრი ჩემი კოლეგა შეეწირა ამ პროცესს.

ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. თვეების განმავლობაში სახლში ვერ მივდიოდით. ძირითადი ჩვენი სამყოფელი იყო კლინიკა და ვცხოვრობდით სასტუმროში, როგორც მე, ასევე ექიმები. ამას ბევრი ყოფითი პრობლემა მოჰყვებოდა, მაგრამ როცა ირჩევ პროფესიას და ხარ ექიმი, ამისთვისაც მზად უნდა იყო.

ურთიერთობა ხელისუფლებასთან

ხელისუფლებას არჩევანი არ ჰქონდა. ვერცერთი სხვა კლინიკა ვერ გადადიოდა კოვიდის მართვაზე.

რა თქმა უნდა რთულია, როდესაც იმ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, რომლებზეც თვლი, რომ არაეფექტურები არიან, არასწორად მართავენ, მაგრამ ჩემთვის მკაცრად გადაწყვეტილი მქონდა – სანამ ვიქნებოდი ამ საქმეში, პოლიტიკური ქმედებები შეჩერებული მექნებოდა. არ შეიძლება ამ დროს პოლიტიკური ამბიციები წამოვიდეს წინ. მე მაქსიმალურად დავიცავი ეს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც კი ცოტა სისუსტე იგრძნო [არა ჩემთან მიმართებაში, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი] დაავადებასთან მიმართებაში, კოვიდის შერბილებასთან ერთად, აქტიურად ჩართო პიარკამპანია და შეეცადა ამის კონვერტაციას „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების სასარგებლოდ. ვფიქრობ, ეს არ გამოუვიდა და საბოლოო შედეგმაც აჩვენა, რომ ბოლომდე საჭიროა ბრძოლა, როცა იბრძვი.

ყველაზე რთული

ყველაზე რთული იყო შიშის დაძლევა, რომელიც ადამიანურია. ეს შიში მეც მქონდა. ჰქონდათ ჩემს თანამშრომლებს, მედპერსონალს. განსაკუთრებით მძიმე დღეები გვქონდა მაშინ, როდესაც რამდენიმე ჩემი კოლეგა დაავადდა და მათი მკურნალობა გვიწევდა. აქ ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც ვიყავი და მენეჯერიც, რომელიც მართავდა კლინიკას. ყველაზე რთული პერიოდი ეს იყო. კი, ფიზიკურად დიდი ვარ, მაგრამ იმ პერიოდში ნერვიულობისგან საჭმელიც კი ვერ ვჭამე. ათი კილო დავიკელი ერთ კვირაში ნერვიულობით.

შიში რას ცვლის

თავიდან დავიწყეთ მედპერსონალის გადამზადება – ვასწავლეთ, როგორ უნდა ეხმარათ აღჭურვილობა, რომელიც კოვიდისგან დაიცავდა. იმ დროს საქართველოში ჩამოსული იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი. მისი ვიზიტი არ იყო დაგეგმილი, მაგრამ ვითხოვე, რომ ჩამოსულიყო და ადამიანებს შიში მოხსნოდათ.

ჯანდაცვის სფეროში, აჭარაში პოლიტიკური თემები ნაკლებადაა. აჭარაში ჯანდაცვის მინისტრები ვინც ყოფილან ჩემამდე თუ ჩემს მერე, ისინი ჩემი კოლეგები არიან და მათთანაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდი, როგორც ზაალ მიქელაძესთან, ისე მოქმედ მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან. ეს განპირობებული იყო შიშით. მათაც ჰქონდათ შიში და ჩვენც – ბრძოლის წინა ხაზზე ვიყავით და არავინ იცოდა, რა და როგორ განვითარდებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი სტუმრად კლინიკა “მედალფაში”, 2020 წლის მარტი

ამ თანამშრომლობამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ მერე სხვანაირად განვითარდა მოვლენები. ერთ ამბავს გავიხსენებ: შუა პანდემიის პერიოდია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოდის, პარტიული საარჩევნო ნომრის ფონზე და აცხადებს, რომ ხელფასის 1/3-ს რიცხავს კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ხომ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, როგორც სახელმწიფო მოხელეს და არა როგორც პარტიის წარმომადგენელს. ეს ხომ ჩემთვის ბარიერი იყო, რომ მეც ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა შემეტანა და ჩემნაირი ძალიან ბევრი იყო, არაპოლიტიკური ადამიანები. ჩვენც გვერდით დავუდგებოდით, ეფექტიც მეტი ექნებოდა.

მაშინ, როდესაც შენ 41 ნომრის ფონზე აკეთებ ამას, ფაქტია, რომ უკვე პიარში ხარ ჩართული და საქმეს კი არ აკეთებ, არამედ ცდილობ დივიდენდები მოუპოვო იმ პარტიას, რომლის წარმომადგენელიც ხარ. ეს იყო  ჩემთვის გამყოფი ხაზი – მივხვდი, რომ ბოლომდე ორიენტირებულები არ იყვნენ სიტუაციის გამოსწორებაზე. მერე ვნახეთ კიდეც მეორე ტალღა, რომელსაც სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ხელისუფლება, იმდენად გადაერთვნენ ამ პიარში.

პირველი გარდაცვლილი პაციენტი

ღამის საათები იყო – პირველი თუ ორი საათი. სამი პაციენტი გვყავდა მძიმე, ექიმებმა მითხრეს, რომ შეიძლება დაღუპულიყვნენ. ყველანი ფოიეში ვიყავით შეკრებილები და ველოდებოდით… დაახლოებით ორ-სამ საათში კიდევ უფრო დამძიმდა და გარდაიცვალა. ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოვიდა იმ ღამეს. ძალიან მძიმე იყო.

ყველაფერს ვაკეთებდით, რომ გადაგვერჩინა, მაგრამ ვერ შევძელით. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო.

 გამოწვევები

მაქსიმალურად ვცდილობდით მედპერსონალი დაგვეცვა დაავადებისგან. პირველი ინფიცირებული თანამშრომლების შემთხვევა დაკავშირებული იყო ორ მძიმე პაციენტთან – დამოუკიდებლად ვერც კი ჭამდნენ. ეს ადამიანები საბედნიეროდ გადარჩნენ, თუმცა მათი მკურნალობის პერიოდში 7 მედპერსონალი დაავადდა.

დიდი გამოწვევა იყო ისიც, რომ პერსონალი ოჯახის წევრებს ვერ ეკონტაქტებოდა. მე, მაგალითად, ასეთი შემთხვევა მქონდა – დედაჩემი ახალნაოპერაციები იყო სიმსივნეზე და სხივური თერაპია უწევდა. ჩემი მცირეწლოვანი ვაჟი ატარებდა სხივურ თერაპიაზე, ვერ მივდიოდი ფიზიკურად, არ შეიძლებოდა ჩემი ოჯახში მისვლა.

როცა მედპერსონალი ზეგანაკვეთურად შრომობს და მცირე ანაზღაურება აქვს

როდესაც შევედით ამ ბრძოლაში, აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო მზად ეთქვა, რა სახის დაფინანსებას გვაძლევდა. თუ არ მეშლება თვე-ნახევრის მერე გავიგეთ, როგორ გვაფინანსებდა. რეალურად ეს წამგებიანი იყო კლინიკისთვის და შესაბამისად თანამშრომლებისთვისაც. ჩვენ გაცილებით მაღალი შესრულება გვქონდა პანდემიამდე, ვიდრე ვთქვათ პანდემიის პერიოდში. მით უმეტეს იმ რისკის პერიოდში.

ბოლო კოვიდპაციენტის გაცილება კლინიკა “მედალფადან” 2020 წლის მაისი

მე და რამდენიმე ექიმმა გავაკეთეთ განცხადება, რომ მედპერსონალს, რომელიც მუშაობს კოვიდინფიცირებულთან, საჭიროა დაენიშნოს სახელმწიფო დანამატი. რადგან საქართველოს სამედიცინო ქსელი არაა მოწყობილი ერთგვაროვნად, ბევრი სხვადასხვა ტიპის სტრუქტურაა – კერძო, სახელმწიფო, შერეული და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო აქ დანიშნულიყო სახელმწიფო დანამატი.

თუმცა ამაზე რეაგირება, ისევე როგორც ბევრ სხვა ფაქტორზე, თუნდაც ფინანსური კუთხით, თუნდაც ჯანდაცვის კუთხით, გვიან მოახდინა ხელისუფლებამ. კი, იქ ვიღაცა „ქართულ ჯიგრულ პონტში“ რაღაცას მოიპარავს, რაღაცაში ტვინი არ ჰყოფნით, რაღაცაში განათლება არ ჰყოფნით, რაღაცაში უფრო მერკანტილური ინტერესები აქვთ, ნეპოტიზმია და ა.შ. მაგრამ შედეგი დაგვიდგა როდის? მე კი თავიდანვე ვხედავდი, მაგრამ მოსახლეობამ ეს როდის დაინახა? მაშინ, როდესაც შეიქმნა კრიზისი.

მთავარი პრობლემაა ისაა, რომ ხელისუფლება კრიზისზე რეაგირებს პოსტფაქტუმ, ანუ შედეგის დადგომის შემდეგ და არა პროაქტიულად, მაშინ, როცა პანდემიასთან გამარჯვების მთავარი გზა არის დასწრება.

თუნდაც ახლა, როცა მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, ამის საპირწონე რა არის? ამის საპირწონე არის აცრა მთელს მსოფლიოში. ჩვენთან რა ხდება? დღეს ვარკვევთ, რომელი ვაქცინა უნდა შემოვიდეს. როდის უნდა შემოვიტანოთ… ეს არის პოსტფაქტუმ რეაგირება. ჩვენ დავაგვიანებთ და მივიღებთ მესამე ტალღას – რომელიც, თუნდაც დიდი ბრიტანეთის სტატისტიკას რომ დავაკვირდეთ, ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე მეორე ტალღა იყო. შევძლებთ ამას გავუძლოთ? რა თქმა უნდა ვერა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ პრევენციული ღონისძიებები. პრევენცია არის აცრა და მოსახლეობის დიდი მასის მოცვა. ამას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ.

პირადი თავდაცვა

სხვათა შორის, შეგრძნება, რომ აღჭურვილობით დაცული ხარ, ცალკე საფრთხეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, სანამ მუშაობას დავიწყებდით, პირველი რაც გვითხრა ესაა, რომ რაღაცები ზედმეტი არ უნდა გააკეთო. იგივე ბახილებთან დაკავშირებით. აბა გაიხადეო და რომ გავიხადე, ბუნებრივია, შეხება მქონდა. ჩემზე აჩვენა ჩემს კოლეგებს, რა არ შეიძლება. იმ სივრცეებში, სადაც არაა დაავადებული, არ უნდა გეცვას სამედიცინო აღჭურვილობა. პირველ დღეებში მედპერსონალი, მათ შორის მეც, მძიმე კომბინიზონებით დავდიოდით, რაც ზედმეტია. უნდა დაიცვა საჭირო მინიმალური წესები. იმაზე ზევით საშიშია და დაუცველობაც საშიშია.

კოვიდდადებითი

კლინიკაში არ დამმართნია. მაშინ დამემართა, როცა კლინიკიდან წამოვედი. საარჩევნო პერიოდი იყო, ბევრ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა. საორგანიზაციო საქმეებს ვაგვარებდი და დაახლოებით 700 ადამიანს შევხვდი.

იოლად გადავიტანე. ბინის პირობებში ვიმკურნალე. ტესტი გავიკეთე. თუმცა უკვე ვიცოდი, რომ კოვიდდადებითი ვიყავი. ოჯახის ექიმი ნაცნობი ექიმი აღმოჩნდა. ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ დამჭირვებია – ძირითადად ვიტამინების და სითხეების მიღებით გამოვედი მდგომარეობიდან.

აქცია, რომელზეც ყველამ ილაპარაკა

ვეცადეთ და შევარჩიეთ ყველაზე დიდი სივრცე, რაც შეიძლება ბათუმში იყოს. ვგეგმავდით 3 ათასი ადამიანის შეკრებას, მაგრამ მოვიდა ათი ათასი. პირბადეებსაც ვარიგებდით, დისტანცირებას ვცდილობდით, მაგრამ დიდი მასა მოვიდა. ეს მასა ჩემს გამო კი არ მოვიდა და ნაციონალური მოძრაობის გამო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გამო მოვიდნენ. მის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. სოციალურ გაჭირვებას, სიღარიბეს, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა ამ რვა წლის განმავლობაში. იმდენი ადამიანი მოვიდა, რამდენსაც არ ველოდით, თორემ სხვა ზომებს მივიღებდით.

წინასაარჩევნო პერიოდი იყო და გვაკრიტიკებდნენ. ყველა ცდილობდა ქულების დაწერას. თუმცა კრიტიკასთან ერთად შიშიც მოჰყვა „ქართულ ოცნებაში“. ამდენი მასა ბათუმში არ შეკრებილა.

პროტესტი მთავრობასთან, პანდემიის დროს

დილემის წინაშე ვართ, ორი აზრი არაა, რომ ეს დილემა არსებობდა. გაგვეპროტესტებინა თუ არა, მაგრამ მე ასე ვიტყოდი – გვაქვს მცდელობა მაქსიმალურად დავიცვათ წესები. დავიცვათ დისტანცია, პირბადეები გვეკეთოს… ამას გარდა, ღია სივრცეში ეს დაავადება ნაკლებად ვითარდება. მესამე თვე დაიწყო პროტესტის და აქ ვირუსის გავრცელება არ გვქონია.

ძალიან მნიშვნელოვანია წესების დაცვა, მეორეს მხრივ არსებული რეალობის დანახვა – გავაპროტესტოთ თუ არა. საქართველოს ორი ვირუსი აქვს მოსაშორებელი – კოვიდ 19 და ქოც 41. როგორც ერთი ავნებს საზოგადოებას და კლავს, მეორეც პირდაპირი მნიშვნელობით კლავს. ორივე მოსაშორებელია. პროტესტის დროს არ უნდა დაავადდნენ ადამიანები. ამაში ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვიღებ ჩემს თავზე.

რა შეცვალა პანდემიამ ჩემთვის

ვერ ვიტყვი, რომ ოჯახს არ ვაფასებდი, მაგრამ პანდემიამ უფრო გაამძაფრა საკუთარი ოჯახის სიყვარული. მონატრება ადამიანების, რომლებიც გიყვარს და ვერ ნახულობ… თუნდაც სამეგობროს. ბევრი რამე შეცვალა. ჩემში შეცვალა შიშის აღქმაც. უკვე ნაკლებად მეშინია რაღაცეების, თუმცა მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ფაქტობრივად შიშის გრძნობა გამიქრა.

ვაქცინა

მარტო ქართული ფენომენი არაა, მსოფლიოშიც არსებობს ანტივაქსერული მოძრაობა, რომელიც დამყარებულია ბევრ ტყუილსა და ლეგენდაზე. ვაქცინა ჩვენს შემთხვევაში არის გამოსავალი. რაც უფრო დროულად შემოვა ვაქცინა, რაც უფრო დროულად აიცრებიან ადამიანები, მით უკეთესია. ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ამ კუთხით და საინფორმაციო კამპანია ჩაატაროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.

მე აუცილებლად ავიცრები. ყოველ წელს ვიცრები გრიპის ვაქცინით და მით უმეტეს ავიცრები კოვიდის ვაქცინით. ეს არის თავდაცვა ვირუსისგან.

რა სახის გაკვეთილია რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – ინტერვიუ თეოლოგთან

გუშინ, 15 იანვარს, გურიის სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. რის გამო მოხდა ამჯერად დაპირისპირება გურიაში, რა აჩვენა მორიგმა რელიგიურმა კონფლიქტმა და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება, რომელმაც ძირითადად დაპირისპირების განეიტრალებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პრობლემის მოგვარებასა და რეალურად თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვაზე? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ჩაწერა.

  • ბატონო მირიან, გურიაში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებმა და მუსლიმებმაც თქვეს, რომ შერიგდნენ. თქვენი შეფასებით, რა იყო ეს დაპირისპირება და დასრულდა თუ არა იგი?

დავიწყოთ იქედან, რომ საქართველოში ნაკლებ ადამიანს აქვს პრობლემა ისლამთან, როგორც რწმენასთან. ამის გამო დავა არ იწყება, მაგრამ საქართველოში აქვთ სერიოზული, ტრავმული, ისტორიული გამოცდილება. ეს არის კულტურული მეხსიერება ადამიანებში, რის გამოც ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის მიუღებელია ისლამი, როგორც სჯული, ის ისლამური კანონები, რომლის თანახმად მიღებულია საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური მოწყობის მოდელები.

ყველამ იცის, რომ ქრისტიანობისგან განსხვავებით, ისლამი არ სცნობს პარალელური სივრცეების არსებობს, მას სეკულარობის გაგება არ აქვს და მისთვის სივრცე ერთიანია. სოციალური თვალსაზრისით ისლამი ტოტალიტარული რელიგიაა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენთან ვის რა სწამს, ან არ სწამს, ეს მისი საქმეა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას არ სურს საქართველოში, რომ, მაგალითად, დაბადების დღეზე კარგი, შეცივებული ღვინის ნაცვლად დალიოს ჩაი, ან ცოლები და ქალიშვილები შეფუთულები დადიოდნენ, ვერ მიირთვან ღორის ხორცისგან დამზადებული უგემრიელესი კერძები. ეს ყველაფერი არის სოციალური ქცევის ალტერნატიული მოდელი, რომელიც რელიგიას ყოველთვის თან ახლავს.

როგორც კი რომელიმე ქვეყნის უმრავლესობაში ხვდებიან ისლამის წარმომადგენლები, ისინი ავტომატურად ითხოვენ შარიათის უფლებების ამოქმედებას, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ სამართლიანიცაა. მაგალითად, შარიათის ეკონომიკური განზომილება სამართლიანია ქრისტიანულ ეთიკაზეც კი, მაგრამ სპეციფიკურია. ამიტომაც, ეს შიში არსებობს ყველგან.

მინარეთების მიმართ შიში არც ევროპელებისთვისაა უცხო. საამისოდ, შვეიცარიის შემთხვევაც კმარა, როცა საქმე ევროსასამართლომდე მივიდა.

  • ფიქრობთ, რომ ამგვარი შიშის საფუძველზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის გურიაში?

საქართველოში არსებობს ბევრი ფენა რელიგიურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ერთია ბრმა შიში ისლამის მიმართ, რაც კოდირებული ისტორიული თვალსაზრისით და ამას ჩვენ ვერ ამოვშლით, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ნარატივებით, ტრენინგებით. ეს არის დიდი ხნის განმავლობაში გამომუშავებული გადაწყვეტილება. შარდენის მოგზაურობაშიც არის აღნიშნული სამეგრელოს შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ ერკვევა, ვინ რომელი რელიგიის წარმომადგენელია, ეკითხებიან სტუმარს, ღორის ხორცს ჭამს თუ არაო. ანუ ეს არის დიდი ხნის გამომუშავებული სოციალური შეუთავსებობის მექანიზმი, რაც ხშირად ველური ფორმით ვლინდება ხოლმე.

მეორე ფაქტორია ის, რომ, სამწუხაროდ, თუ რამე არის საქართველოში ტოტალიტარული ორგანიზაცია, ეს არის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც საკუთარ მრევლთან და განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს კვებავს უმცდარესი წარმოდგენებით.

პატრიარქსაც გააჩნია ქვეყნის მოწყობის ტოტალიტარული მოდელი. მას მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორია სრულად, 100 პროცენტით უნდა იყოს ათვისებული გამოკვეთილი, მართლმადიდებელი მოსახლეობის მიერ, რომ ეს არის წმინდა მიწა და ასე შემდეგ. რადგან ეს არ გამოვიდა და ვერც გამოვიდოდა, ისინი გადავიდნენ ე.წ. შერბილებულ სტრატეგიაზე და ითმენენ სხვა ადამიანების, სხვა აღმსარებლობის არსებობას, უბრალოდ, ისინი არ უნდა იყვნენ საჩინონი, არ უნდა ჩანდნენ საჯარო სივრცეებში. მეჩეთი შეიძლება გქონდეს სადღაც სარდაფში, მაგრამ ის არ უნდა გახდეს ხილვადი, რაც თავისთავად არასწორია, მათ შორის, იურიდიული თვალსაზრისით.

მესამე პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს რელიგიებთან მიმართებით გარკვეული პოლიტიკური და იურიდიული მექანიზმი, სტრატეგია, რომლითაც სახელმწიფო იურთიერთობებდა მათთან. ერთადერთი არის საპატრიარქო, რომელსაც უხდიან თანხას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და რამდენიმე კონფესიას კიდევ. სხვა სტრატეგია უბრალოდ არ არსებობს.

  • ხელისუფლება ამბობს, რომ ეს დაპირისპირება პროვოცირებული იყო, ეს ცალკეული შემთხვევაა და ზოგადად თანასწორობის უფლება დაცულია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მოსახლეობაში არსებობდა თვითნაბადი კონფლიქტი, მაგრამ ამ კონფლიქტში ჩაერთნენ უფრო რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, მათ შორის, ისლამის მხრიდან ბატონი წულუკიძე, რომელიც საკუთარი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერს პატივს არა სცემს, არც მათ სტრატეგიას ითვალისწინებს. ფირუზ წულუკიძე არის მომხრე, რომ მუსლიმებმა იბრძოლონ ბოლომდე და მაქსიმალურად რადიკალურად.

ახლა საქართველოში ნომინალურად მუსლიმი საზოგადოება იწყებს თვითგამორკვევას და საკუთარი უფლებების გამყარებას. ამას ხელს უწყობს ისიც, მაგალითად, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი გადავიდა რელიგიური მოწყობის სტრატეგიაზე და მხარს უჭერს რეგიონში ისლამის სოციალურ-პოლიტიკურ დონეზე გაძლიერებას.

თვითნაბადი კონფლიქტები უკვე აღარ რეგულირდება ჩვეულებრივი, გლეხური მოლაპარაკების დონეზე და იქ ერთვებიან ჯგუფები. წულუკიძის ჯგუფიც არსებულ კონფლიქტში ჩაერთო. ამბავი მარტივია: მუსლიმებმა შეიძინეს ჩვეულებრივი სახლი ბუკნარში, სადაც ლოცულობდნენ, მაგრამ როცა საკითხი მიდგა იმაზე, რომ ის იქცეოდა ნიშად, ანუ მას უნდა მიეღო შესაბამისი არქიტექტურული სახე, ეს არ აღმოჩნდა მოსახლეობისთვის მისაღები. რადიკალური ჯგუფები უკვე შემდეგ ჩაერთნენ.

  • დეპუტატები ამბობდნენ, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ამ დრომდე, მაგალითად, სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, ბათუმის მეჩეთის აგებაზეც კი ნებართვა არ გაცემულა. რამდენად ადეკვატური ჩანს ხელისუფლება?

სხვათა შორის, ეს ბატონმა წულუკიძემ გურიაში თავიანთ მუფთს უთხრა კრიტიკის სახით, რომ არ ენდობა მას, რადგან ბათუმის მეჩეთზე სამუფთო ხმას არ იღებს, რადგან კანონით ეკუთვნით მეჩეთის აგება.

საქართველოში „ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა სექსუალური და რელიგიური უმცირესობების ჩაგვრის გამართლების შეპირების ფონზე. 2013 წელი ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში შევიდა იმით, რომ მოხდა სექსუალურ უმცირესობებზე ნადირობა. მეორეს მხრივ, სახელმწიფომ დაარბია მეჩეთები, მათ შორის, ერთ-ერთ მეჩეთზე მინარეთი მოჭრეს, რომ აეწონათ და განებაჟებინათ.

ამ ხელისუფლებისგან რა სამართლიან დამოკიდებულებას ველით რელიგიურ თანასწორობასთან მიმართებით? ისინი აშკარად მიკერძოებული არიან ბევრი ფაქტორის გამო. ეს არის უპირველესად პოლიტიკური რეიტინგი, მეორეა ყბადაღებული ეროვნულობის ნიშა, რომლის დაკავებასაც ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ცდილობს საქართველოში. საოცარი ამბავია – თვით ბოლშევიკებიც კი იყვნენ ეროვნული ბოლშევიკები.

  • ხელისუფლების წარმომადგენელი გეტყოდათ ახლა, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ ჩვენ მივიღეთო.

კი, მაგრამ არ სრულდება, ხომ ვიცით ყველამ არა? გურიის შემთხვევაში მე მეიმედება მოსახლეობის, რომელიც იქ ცხოვრობს. ძალიან პოზიტიური ადამიანებით დაკომპლექტებული სოფელია და აქვთ ძალიან მაღალი დონის სოციალური შეგნება. მე რამდენიმე კომენტარი მოვისმინე და სრულად გაოგნებული დავრჩი. ერთი ქალბატონი ამბობდა, არ მინდა ვიხმარო სიტყვები – „ჩვენ“ და „ისინი“. მსგავსი ტერმინების გამოყენება რომ არ შეიძლება, ჩვენ ამას ტრენინგებზე ვსწავლობთ. ან ის ბატონი, შეხვედრაზე ყურანით და ბიბლიით რომ გამოცხადდა. ეს შესისხლხორცებული ურთიერთობაა, ისინი ერთად ცხოვრობენ და თანაცხოვრების წესები აქვთ გამომუშავებული.

ეს წესები არ უნდა დაირღვეს დომინანტური რელიგიის მხრიდან და არც პროვოკაციაა კარგი, რადიკალური გამოხტომები მცირე ჯგუფების მხრიდან. არსებობს დაუწერელი კანონები, რაზეც მთელი თაობები იზრდებიან. მესმის, რომ მუსლიმს სურს ილოცოს, უნდა რომ იყოს რეპრეზენტატიული მისი რელიგია, როგორც ეკლესიებია, რომელსაც არავინ უშლის ზარებს და ოქროცურვილ სახურავებს, მათაც იგივე უფლებები სურთ და ისინი იმსახურებენ ამას.

სწორედ ამ მოსახლეობის იმედი მაქვს, თორემ სახელმწიფო ყოველთვის, საბოლოო ჯამში, რაღაცნაირად ტენდენციურ პოზიციას იკავებს. მოხეს და სხვა ინციდენტები, სადაც სახელმწიფო, როგორც აქტორი ჩართული იყო, დღემდე პოზიტიურად არ დასრულებულა.

  • რას უნდა აკეთებდეს წესით მსგავს სიტუაციაში სახელმწიფო?

სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს კარგად მოფიქრებული და გაწერილი სტრატეგია რელიგიურ ჯგუფებთან საურთიერთობოდ. მან უნდა იცოდეს განწყობები, რომ, მაგალითად, ისლამშიც არსებობს რადიკალური ჯგუფები და ტენდენცია, რომელიც რეგიონში ძლიერია. ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში ხალიფატი იყო, ომები მიმდინარეობდა და სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა და, მეორეს მხრივ, უნდა გამოიმუშავოს საკანონდებლო ბაზა, რომელიც იქნება ქმედითი, მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობაში გაწერილი არ არის, მინარეთზე დამაგრებული ხმის გამაძლიერებლიდან რამდენი დეციბალით შეიძლება ხმის გამოშვება, დღის რომელ მონაკვეთში და ასე შემდეგ.

  • რა საფრთხეს ქმნის სახელმწიფოს ამგვარი როლი რელიგიური დაპირისპირების დროს?

მე ძალიან მიყვარს ისლამი, როგორც რელიგია და პატივს ვცემ ისლამურ კულტურას, ბოდიში მათთან, რომ არ აღმოვჩნდით კარგი ქრისტიანები, მაგრამ, მეორეს მხრივ, პოლიტიკური ისლამი რეგიონში წარმოადგენს საფრთხეს. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა ისლამმა უკვე შეიწირა ორი დიდი სახელმწიფო: სირია და ერაყი. ისინი განვითარებადი ქვეყნებიდან სახელმწიფოს ჩრდილებად გადაიქცნენ. სულელური ჩარევების გამო ჩვენთანაც შესაძლოა მრავალწლიანი თანაცხოვრების ტრადიცია დაირღვეს და სახელმწიფოს არასწორი სტრატეგიის გამო მივიღოთ კონფლიქტის კერები, რომელიც თაობების განმავლობაში ვერ მოგვარდეს. ერაყშიც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ცხოვრობდნენ, ეს მათი კულტურული მონაპოვარი იყო და რამდენიმე თვეში ერთმანეთს ხოცვა დაუწყეს, ტყვიები ესროლეს.

აქ რელიგიური მომენტიც არის: ბოროტი მაინცდამაინც რქებიანი და ჩლიქებიანი არსება კი არ არის, ეშმაკი ჩვენს გონებაშია.

მთავარი ფოტო: ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მეზობლების შერიგება. ამ სოფელში რელიგიური დაპირისპირების შესახებ 12 იანვარს გახდა ცნობილი. სოფლის რამდენიმე მცხოვრები ერთმანეთს დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ორი მუსლიმი დაშავდა.

____

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს

დღეს, 16 იანვარს გამართულ ყრილობაზე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც აირჩიეს.

პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში სულ 21 წევრი აირჩა, განსხვავებით 15-სა, როგორც აქამდე იყო.

თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის 21 ივლისს დანიშნეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ. მას შემდეგ ის ამ თანამდებობაზე მუშაობს.

დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე ამ თანამდებობას ბიძინა ივანიშვილი იკავებდა.

პოლიტსაბჭოს წევრები ასევე არიან თეა წულუკიანი, ვასილ მაღლაფერიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ეკატერინე ტიკარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ვანო მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა ბაბუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი,  მაია ცქიტიშვილი და სხვები, სულ 21 ადამიანი.

ივანიშვილის დანატოვარი 41 პრობლემა – საპროტესტო აქცია ბათუმში

აჭარის  მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციური პარტიების მიერ გახსნილ ე.წ. თავისუფლების კვარტალში დღეს, 16 იანვარს ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

“41 პრობლემა რომელიც ქვეყანაში დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”  –  ასეთი იყო აქციის სახელწოდება, რომელიც სამოქალაქო  მოძრაობა “ტალღას” და “იმოქმედეს” წევრმა ახალგაზრდებმა გამართეს.

“ჩამოშლილი საგარეო პოლიტიკა”, “გაჩერებული ანაკლიის პორტი”, “ერთპარტიული უმაღლესი საბჭო”, “მურუსიძის სასამართლო”, “მძიმე სოციალური მდგომარეობა”, ” გაზრდილი პურის ფასი”,  “გაძვირებული ელექტროენერგია”, “გაზრდილი ემიგრაცია” – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც აქციის მონაწილეების აზრით ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყანას დაუტოვა.

„დღეს ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს ყრილობაა, სადაც ირჩევენ ახალ თავმჯდომარეს. ჩვენ კი ახალგაზრდები გამოვედით აქ და ივანიშვილს ვაცილებთ პოლიტიკურად. რა თქმა უნდა არ გვჯერა ის რომ ბიძინა ივანიშვილი მიდის. ჩემი აზრით ის უფრო და უფრო მძაფრად შემოვა ქართულ პოლიტიკაში. რიგითი კობახიძით, რიგითი თალაკვაძით, რიგითი მდინარაძით დღეს საქართველოში არაფერი არ წყდება. ბიძინა ივანიშვილი რჩება მორიგ არაფორმალურ მმართველად საქართველოში,” – თქვა ლაშა კომახიძემ, რომელიც სამოქალაქო  მოძრაობა “ტალღას” წარმოადგენს.

აქცია მშვიდობიანი იყო და მალე დაიშალა.

ივანიშვილის დანატოვარი 41 პრობლემა – საპროტესტო აქცია ბათუმში
ივანიშვილის დანატოვარი 41 პრობლემა – საპროტესტო აქცია ბათუმში

 

 

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები იანვრიდან დანამატს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.

დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე.

ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 370 ლარის ოდენობით;
  • ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 420 ლარის ოდენობით;
  • სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 470 ლარის ოდენობით;
  • ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 520 ლარის ოდენობით;
  • ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 570 ლარის ოდენობით.

ხელფასზე დანამატის ოდენობა წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 550 ლარის ოდენობით;
  • ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 650 ლარის ოდენობით;
  • სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 750 ლარის ოდენობით;
  • ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 850 ლარის ოდენობით;
  • ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 950 ლარის ოდენობით.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. შესაბამისად, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის“.

ამასთან, „პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი“ – აცხადებს განათლების სამინისტრო.

ამ თემაზე:

ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი

815 პირი დააჯარიმეს კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 712 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“ – აცხადებს შსს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევაც იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

როგორ გაანათებენ ბათუმის ცენტრალურ პარკს, რისთვისაც 789 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათების მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ამჯერად 789 809 ლარია გამოყოფილი. წინა ტენდერი, რომელიც 250 137 ლარით იყო გამოცხადებული, კომისიამ შეწყვიტა. ოქმში ამის მიზეზად მითითებულია, რომ იცვლებოდა პარკის განათების გეგმა.

ახალი ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ცენტრალურ პარკში დამატებით ნეონის განათება მოეწყობა – ნეონის მანათობელ ლენტებს ბილიკების გასწვრივ დაამომტაჟებენ. ტბის გარშემო მოეწყობა ასევე დეკორატიული სანათები.

ნეონის განათება ბათუმის ცენტრალურ პარკში / ფოტომონტაჟი პროექტიდან

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება დაწყებულია და 2021 წლის 20 იანვარს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე [30.12.2020] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის (განათების ქსელებისა და დეკორატიული გარე განთების (ნეონის მანათობელი ლენტით) მოწყობის სამუშაოები) საერთო ღირებულებით არანაკლებ 650 000 ლარის ოდენობით. მათ შორის პრეტენდენტს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განხორცილებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი პროექტი დეკორეტიული გარე განათების (ნეონის მანათობელი ლეტით) მოწყობის სამუშაოების“.

განათება პარკში, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღეში უნდა მოეწყოს.

—–

წინა ტენდერში, რომელიც 2020 წლის პირველ ოქტომბერს დასრულდა, გარეგანათების სამუშაოებს მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს შპს „ჯი თი ჯი“ 250 137 ლარად სთავაზობდა. ანუ ზუსტად იმ ფასს, რაც ტენდერის საწყისი ფასი იყო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სატენდერო კომისიამ ეს ტენდერი იმავე წლის 12 ოქტომბერს შეწყვიტა.

ამ თემაზე:

ცენტრალური პარკის განათებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება

გარდაიცვალა 23 პაციენტი, გამოვლინდა 1 236 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

მთავრობის ინფორმაციით, 16 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  247 025-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  231 385-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 219, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 87, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 764, აჭარაში – 314, იმერეთში – 716.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 61, იმერეთში – 186.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 7, იმერეთში – 27.

638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 – თბილისში, 303 – აჭარაში, 33 – იმერეთში.

8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 425 პირი, აჭარაში – 2 041, იმერეთში – 2 728.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად კორონავირუსის აცრა უნდა გაუკეთდეს მოსახლეობის 60%-ს მაინც. მისი თქმთ, საზოგადოებრივი იმუნიტეტის მისაღწევად ასევე მნიშვნელოვანი იქნება, ვაქცინებთან ერთად ანტივირუსული მედიკამენტების დანერგვა:

კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაცია 65-დან 170 მილიონ ლარამდე დაჯდება – გამყრელიძე

ბათუმის საგარეო ვალი 87 მილიონი ევროა

ბათუმის მერიას, დღევანდელი მონაცემებით, 87 მილიონი ევრო საგარეო ვალი აქვს. ეს არის იმ სესხის დარჩენილი ნაწილი, რომლითაც ბათუმში 2008 წლიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. 2017 წელს ბათუმის საგარეო ვალი 101 მილიონამდე ევრო იყო. ეს ვალი ქალაქის ბიუჯეტიდან 2045 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა დაიფაროს.

სესხის მომსახურების თანხას, ანუ ვალს, მერია ნაწილობრივ ყოველწლიურად იხდიდა, თუმცა, პანდემიის გამო, 2020 და 2021 წელს ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების კლების გამო, მერია ვალს გეგმიურად ვეღარ იხდის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანახმაა, რომ 2020 და 2021 წელს გადასახდელი ვალი ბათუმის მერიამ მომდევნო წლებისთვის გადაიხადოს – ყოველგვარი საურავის გარეშე.

კანონით, ბათუმის მერია სესხს მხოლოდ საქართველოს მთავრობის [ფინანსთა სამინისტროს] თანხმობით იღებს. ანუ, მსესხებელი არის სახელმწიფო, გადამხდელი კი – მერია.

ბათუმის მერიას დღეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა [KfW] და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] ვალი აქვს.

ვინაიდან ვალის გადახდა ვერ ხერხდება, 2021 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 3 315 400 ლარი დაიხარჯება – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული სესხის [ავტობუსების პროექტი] მომსახურებისათვის.

სასესხო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 2019 წელს 20,4 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2020 წელს კი – 2,3 მილიონი ლარი.

2021 წლის ბოლოს, ბათუმის ბიუჯეტის ვალის ნაშთი, მერიის გათვლებით, 338 362 900 ლარი იქნება [ვინაიდან ვალი ევროშია, მერიამ ის ლარში დაიანგარიშა კურსით – 3,89].

მთლიანი ვალიდან, 16 812 600 ლარი არის ბათუმის ავტობუსის პროექტისთვის EBRD-იდან მიღებული სესხის მომსახურება, ხოლო დანარჩენი 321,5 მილიონი ლარი – KfW-დან მიღებული სესხების.

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტისთვის KfW-სგან აღებული ვალის დარჩენილი ნაწილი, რომელიც გადასახდელია, პროექტის ფაზების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • I ფაზა – 58 702 800 ლარი
  • II ფაზა – 71 587 300 ლარი
  • III ფაზა – 47 375 600 ლარი
  • III ფაზა/სანიაღვრე სისტემები –  27 184 600 ლარი
  • IV ფაზა – 116 700 000 ლარი

ეს ციფრები იმის მიხედვით შეიცვლება, თუ რა კურსი იქნება ლარსა და ევროს შორის ვალის გადახდის მომენტისთვის.

მერიის ინფორმაციით, ყველა სესხი [გარდა IV ფაზისა] მთლიანად არის ათვისებული.

2021 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსებისთვის 6 280 000 ლარი დაიხარჯება – კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის.

ბათუმს 2020 წელს დამატებით 60 მილიონი ევრო სესხი უნდა აეღო [დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად], რაზედაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო, თუმცა, KfW-თან დადებული ეს სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

ამ თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა აჭარაში – 16 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 127 პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, სულ გამოჯანმრთელდა 33 404 პაციენტი.

ამ დროისთვის კლინიკა დატოვა 33-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) – 8 პაციენტი.

აჭარაში კლინიკაში მკურნალობს – 310 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 285, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 631.

მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა:

გარდაიცვალა 23 პაციენტი, გამოვლინდა 1 236 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

2021 წელს მაგთიკომი განათლების მხარდამჭერი ახალი პროექტით იწყებს

მაგთიკომი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  ერთად, ახალ სოციალურ პროექტს იწყებს – ქვეყნის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მაგთის 20 გიგაბაიტიან მობილურ ინტერნეტპაკეტს შეღავათიან ფასად – 10 ლარად მიიღებენ.

პროექტის მიზანია, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისას, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები  მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტკავშირით. 

„20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა“, –  აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ. პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. 

დისტანციური სწავლების პაკეტი“ – ასე ჰქვია შეღავათიან პაკეტს, რომლის შეძენაც 18 იანვრიდან ნებისმიერი სიხშირითაა შესაძლებელი მაგთის მობილური აპლიკაციიდან – MyMagti ან კოდით *172# OK. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენიდან 30 დღით.

მაგთიკომი აქტიურად არის ჩართული საქართველოში კორონავირუსით წარმოქმნილი სირთულეებისა და  გამოწვევების დაძლევაში. ამ მიზნით კომპანიამ 

  • 3 მილიონი ლარი გადარიცხა StopCoV ფონდში;
  • უფასო კავშირი უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და  წითელი ჯვრის ცხელ ხაზებთან;
  • უფასო SMS შეტყობინებების გავრცელებით ხელი შეუწყო მოსახლეობის ინფორმირებას. 

2020 წლის 16 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მაგთიკომმა 454,823 ლარის ღირებულების  SMS დააგზავნა საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

  • ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, კომპიუტერეული ტექნიკით უზრუნველყო COVID-19 პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი დამატებითი ქოლცენტრები.

მაგთიკომისათვის წლებია, პრიორიტეტული მიმართულებაა  საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. „მაგთი განათლებისთვის“ – ასე ჰქვია მიმართულებას, რომელიც უამრავ იმ პროექტს აერთიანებს, რომელიც  ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას და მოტივირებას ისახავს მიზნად.

ასეთებია:  „მაგთის სტიპენდია” პირველკურსელებს, „მაგთის საზაფხულო სამუშაო სტუდენტებს“, ქართული მწერლობის, ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნების გადაცემა საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს, თანამშრომლობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმასთან „ხანის აკადემია“, „კინგსის ოლიმპიადის“ მხარდაჭერა, სკოლის მოსწავლეებისთვის „მაგთის ციფრული ოთახის“ გახსნა, რომელიც აღჭურვილია სმარტ პროექტორით, დაფით, ინტერაქტიული მაგიდებით და ვირტუალური ლაბორატორიებით,  „ირმის ნახტომი“ – პირველად საქართველოში მაგთიკომის მხარდაჭერით განხორციელებული საჯარო სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი   და პირველად ჩატარებული ელექტრონული გამოცდები.

„მოხარული ვართ, რომ  „დისტანციური სწავლების პაკეტი”  18 იანვრიდან შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მიიღონ მაგთის მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტი შეღავათიანი ტარიფით”, – აცხადებენ მაგთიკომში.

მხარეები ამბობენ, რომ შერიგდნენ და გურიაში რელიგიური დაპირისპირება ამოიწურა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიის გამო დაპირისპირებულები ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტი ფორმალურ დონეზე ამოიწურა – დღეს, 15 იანვარს, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. სოფლის კლუბში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბევრჯერ ითქვა – „ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს“. ითქვა ისიც, რომ დაცული იქნება კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლება.

ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ თქვა, რომ ამ სოფელში ორივე აღმსარებლობის ადამიანებს მიეცემათ ლოცვის შესაძლებლობა.

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის მუსლიმ და ქრისტიან მცხოვრებლებს შორის ღია დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო. დაპირისპირების შედეგად სოფლის სკოლის ორი მუსლიმი მოსწავლე დაშავდა და კლინიკაში მოათავსეს.

ბუკნარის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
ბუკნარის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
ბუკნარის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
ბუკნარის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
პოლიცია ბუკნარში

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ეს პრობლემა სოფელში „დეკემბრიდან მოყოლებული“ იყო და ის ცდილობდა მის აღმოფხვრას. „იმედია ეს მომავალში აღარ განმეორდება… ერთის მხრივ ცუდი იყო ხელით შეხებები, მაგრამ მეორე მხრივ ამან ზედაპირზე წამოწია ეს პრობლემები და გააჩინა შერიგების შესაძლებლობა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ჩოხატაურის მერმა.

____

ვრცლად ამავე თემაზე

ბათუმში წელს 80 ოჯახს გადასცემენ ბინას „იაფ სახლში“

ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს/ბენეფიციარებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის [იაფი სახლის] პროგრამის ფარგლებში შეარჩევენ. მერიაში ამ პროგრამის ფარგლებში ბინის მსურველთა 245 განაცხადია შესული.

2021 წელს, „ბენეფიციართათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით განხორციელდება აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა – ოჯახებში ვიზიტი და ინტერვიუს წარმოება-ანკეტის შევსება, შემსყიდველის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და შერჩევის ინსტრუმენტის მიხედვით ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება და რეიტინგის მიხედვით მონაცემთა ბაზის შექმნა“, – აღნიშნულია მერიის ქვეპროგრამაში.

ბენეფიციართა შერჩევისთვის ბათუმის ბიუჯეტში 72 400 ლარია გამოყოფილი.

შერჩეული ოჯახებსს ბინების გადაცემა მოხდება შემდეგი წესით:

  • 1 და 2-სულიანი ოჯახისათვის – ერთოთახიანი ბინა
  • 3 და 4-სულიანი ოჯახისათვის – ოროთახიანი ბინა
  • 5 და მეტსულიანი ოჯახისათვის – სამოთახიანი ბინა
  • შერჩეულ ოჯახს ბინა გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა კრიტერიუმენთან ერთად აკმაყოფილებს კონკრეტული ბინისთვის ყოველთვიური შენატანის კუთხით დადგენილ კრიტერიუმს.

ამ დრომდე მერია „იაფ სახლში“ 40 ბინის განაწილებას გეგმავდა, თუმცა ქვეპროგრამის მიხედვით ეს რაოდენობა წელს, 80-მდე გაიზრდება.

„ხწლმისაწვდომი საცხოვრისის“ კრიტერიუმები და სხვა დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

 

საქართველოში დეკემბერში უცხოეთიდან 199.7 მილიონი დოლარი ჩამოირიცხა – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში უცხოეთიდან 199.7 მლნ აშშ დოლარი [(656.2 მლნ ლარი] ჩამოირიცხა, რაც 15.9%-ით [27.4 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სების მონაცემებით დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 82.67 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა, 117.01 აშშ დოლარი კი სხვა ქვეყნებიდან:

2020 წლის დეკემბრის მონაცემები / წყარო: სები

საქართველოდან კი, 2020 წლის დეკემბერში, საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი [81.1 მლნ ლარი] გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის [25.5 მლნ აშშ დოლარი] ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

 

 

10 ლარად 20 გბ ინტერნეტის მისაღებად მასწავლებლებისა და მოსწავლეების რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 10 ლარად 20 გბ ინტერნეტის მისაღებად, ანუ სპეციალურ პროგრამაში ჩასართავად, პედაგოგებმაც და მშობლებმა/ბავშვებმაც სპეციალურ პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ნომერი, რომლებზეც სურთ შეღავათიანი პაკეტის გააქტიურება.

„პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა) საჭიროა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი.

პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება“. ვებგვერდი დღეს, 1[5 იანვარს], 14:00 საათზე ამოქმედდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე“, – წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ამ სერვისით 2500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ისარგებლებენ.

რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციის ბმული

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან – სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველზე შეიუმშავეს შეღავათაიანი პაკეტი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

დრეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დიდი ქალაქებში და ასევე აჭარის რეგიონში მთლიანად, 18 იანვარს სწავლება დისტანციურად განახლდება. ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ბავშვები სწავლას სკოლის შენობებში განაახლებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ აჭარის რეგიონში 7 ათასი ბავშვი ვერ ახერხებს ონალინგაკვეთილებზე დასწრებას.

ბათუმში შაბათ-კვირას უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ორშაბათიდან კი – თოვლ-ჭყაპი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათს, დღის მეორე ნახევრიდან და კვირას, ბათუმსა და აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ორშაბათიდან სანაპირო ზოლში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა.

15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა. მთაში თოვა. დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 8-13 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში კი ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

17 იანვარს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

18 და 19 იანვარს კი სუპტროპიკულ ზონაში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. მთაში თოვა.

ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად

პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა. ინიციატივის ფარგლებში, 50 ბიზნესკლიენტი კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებული სხადასხვა მომსახურების პაკეტით დასაჩუქრდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერში და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა.

ინიციატივის განხორციელებას წინ ბინზესკლიენტების საჭიროებების დეტალური კვლევა უძღოდა, რათა ყველა მომსახურება მათი საქმიანობის განვითარებაზე მაქსიმალურად მისადაგებული ყოფილიყო. სწორედ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მეწარმეთა უმეტესობას დახმარება ბრენდინგის, ელექტრონული კომერციის, ვებგვერდების გამართვისა და სოციალური მედია მარკეტინგის კუთხით სჭირდებოდა. ახალი რეალობის გამოწვევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული არხების სრულყოფასა და გამართვაზე, ასევე, თავად მეწარმეების შესაბამისი ცოდნით აღჭურვაზე, იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ბიზნესებს პანდემიის პერიოდში ოპტიმალურ ფუნქციონირებასა და განვითარების ალტერნატიული გზების მოძიებაში დაეხმარებოდა.

„ტერაბანკი მომხმარებლებისთვის მხოლოდ საბანკო სერვისების მიმწოდებელი არ არის. ჩვენი მცირე მასშტაბი შესაძლებლობას გვაძლევს, მოქნილები ვიყოთ, თითოეული კლიენტი პარტნიორად განვიხილოთ და ვეცადოთ, სირთულეები მათთან ერთად დავძლიოთ. აპრილის დასაწყისშივე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ დავხმარებოდით ამ რთულ ვითარებაში ბიზნესკლიენტებს, რომლებიც პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა და მოხარულები ვართ, რომ ამ ინიციატივის დახმარებით, შემოდგომის ტალღას ბევრი მათგანი უკეთ მომზადებული დახვდა“, – აცხადებენ ტერაბანკში.

პროექტში ჩართულ მეწარმეებთან ურთიერთობა, კონსულტაციისა და მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით, კვლავაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიულ სეგმენტს წარმოადგენს,  მისთვის ახალი შესაძლებლობებისა და საინტეროესო ინიციატივების შეთავაზებას სამომავლოდაც გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10  ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება – გახარია

შენიშვნა: დღეს, 15 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200-ლარიანი კომპენსაციების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება. იგივე თარიღი იყო მითითებული მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ თარიღი კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომლის თანახმადაც კომპენსაციების გაცემა დაიწყება არა 28 თებერვლიდან, არამედ 28 იანვრიდან.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 200-ლარიან კომპენსაციის მიმღებთ პორტალზე უკვე დარეგისტრირდა 45 ათასი განაცხადი. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც „დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად“.

„განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი“, –  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ეს განცხადება დღეს, 15 იანვარს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

დღემდე, საქართველოს მთავრობა ოფიციალურად აცხადებდა, რომ 2020 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 იანვარის ჩათვლით.

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა დაიწყო – ბოლო ვადა 20 იანვარია 

_____

ამავე თემაზე:

გადაამოწმეთ ხართ თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში

 

გახარია ჩოხატაურში რელიგიურ დაპირისპირებაზე: სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა სოფელ ბუკნარში. მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული.

თუმცა ასევე არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა, ელემენტარული მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად.

აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 15 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, 2021 წლის 15 იანვრამდე, აჭარაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის – 33 277.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში – 323; აჭარის კოვიდ-სასტუმროშია 315 პაციენტი, ხოლო ონლაინ-კლინიკაში – 592.

აჭარაში 62 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 10 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით.

კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – 15 იანვარი

კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – 15 იანვარი

საქართველოში, 15 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  245 789-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  229 196-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 893 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 187, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 83, გურია – 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 105, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტია 777 პირი; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 238.

648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 70, ხოლო იმერეთში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 102 პირი, აჭარაში – 2 264, იმერეთში – 2 756.

მუსლიმი თეოლოგი: ბუკნარში მეჩეთს “იცავდა” ჯგუფი, ვინც მუსლიმების გვერდით არ ლოცულობს

“ბათუმელები” გთავაზობთ ინტერვიუს მუსლიმთა კავშირის გამგეობის წევრთან, თეოლოგ თემურ გორგაძესთან. ის წლების განმავლობაში მუფტის მრჩეველი იყო. თემურ გორგაძე გუშინ, 13 იანვარს, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქრისტიანი და მუსლიმი მეზობლების დაპირისპირების შესახებ შეიტყო. მისი დაკვირვებით, გუშინ და დღეს ადგილობრივი ხელისუფლება პასიურ როლში დარჩენას ამჯობინებს, მაშინ როცა, ბუკნარელი მუსლიმების ემოციებით მანიპულირებას ერთი კონკრეტული ჯგუფი ცდილობს. ბუკნარში ეს ჯგუფიც დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩავიდა.

—– 

გუშინ მთელი დღე ბუკნარში ვიყავი და ვუყურებდი იქ არსებულ სიტუაციას. იქ პრობლემა იყო, მაგრამ მოუგვარებელი პრობლემა არ ყოფილა. მეჩეთი ფუნქციონირებს დაახლოებით ათი თვეა და ახლა რაღაცა გაუგებრობა მოხდა. ვიღაცა ტვინგახურებულმა ვიღაცას ქვა ესროლა, რომელიც დასალაპარაკებელი პრობლემა იყო.

სად იყო და სად არა [ბუკნარში] გამოჩნდა ხალხი, ვისაც ჩემი იქ ყოფნის პერიოდში [სამი ლოცვის დრო მოვიდა] მეჩეთში არ შემოუხედია, არ ულოციათ. მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთში არ ილოცეს, დაიწყეს მუსლიმების ინტერესების დაცვა.

  • რაზე მიანიშნებს თქვენთვის ის, რომ იმ მეჩეთში, რომელშიც ტრადიციული ისლამის მიმდევრები ლოცულობენ, ეს ჯგუფი არ შევიდა სალოცავად?

ეგ ჯგუფი არამარტო მაგ მეჩეთში, არამედ ბათუმის ცენტრალურ მეჩეთშიც არ ლოცულობს. ეს ჩემი პრობლემა არაა. მე მუსლიმის გვერდით ყველგან ვლოცულობ. მაგრამ ის ხალხი, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შეკრებილ ხალხს რომ მუსლიმებად არ თვლის, მათ გვერდზე არ ლოცულობს, და მერე ვითომდა მათი „დასაცავი“ რომ ხდება მეჩეთი, ეს არის მეორე პრობლემა. არ შეიძლება ადამიანმა ხელისუფლებაზე ბრძოლის მიზნით ყველაფერი იკადრო, ასეთ ოქსიმორონში შეხვიდე.  ადამიანი სადაც არ ლოცულობს, თურმე იმ მეჩეთს იცავს. ასეთი რამ არ ხდება. ეს ხალხი ჩვენ არ გვთვლიან მუსლიმებად, ჩვენს გვერდზე არ ლოცულობენ და მაშინ ჩვენ მეჩეთს რანაირად იცავენ?

21-ე საუკუნეა. გიჟები არავინ არ ვართ. ხომ ვიცით ყველამ, რა როგორ არის.

მიხეილ სააკაშვილი გვერდზე დევს ოფიციალური ჩართვა მაგ ხალხთან. ეს არის ჩემი აღშფოთების მიზეზი.

არ შეიძლება ყველაფერზე წახვიდე, რათა აი, „ქოცები“ არიან და მოდი ასე ვებრძოლოთ. არ შეიძლება იმიტომ, რომ ხვალ ეგ ბრძოლის მეთოდი შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

ეს დაახლოებით რას ჰგავს იცით? ქოცები რომ შავ სამყაროს ეკვრებიან არჩევნების წინ, დაახლოებით იგივე რაღაცას აკეთებენ ახლა „ნაცები“. ამის გაკეთება არ შეიძლება.

  • თუმცა, გუშინ და დღესაც აქციაზე იყვნენ ადგილობრივებიც.

გუშინ მანდ ჩანდა ორი რამ. ერთი – სახელმწიფოს სისუსტე და დამოკიდებულება ისეთი, რომ ფეხებზე კიდიათ მუსლიმები და, ზოგადად, სიტუაციაც ფეხებზე კიდიათ: რაღაც მოხდა. დანაშაული მოხდა. ქვები ისროლეს და ხალხს შეუზღუდეს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება.

ყველა ელოდებოდა, რომ გუბერნატორი უნდა მოსულიყო და შეხვედროდა ხალხს. ამის დასტურია ისიც, რომ რელიგიის სააგენტოს აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელიც იქ იყო. რომ ვკითხე, გუბერნატორი სად არის-მეთქი, 10 წუთში მოვაო. სამი საათი გავიდა იმის შემდეგ და გუბერნატორი არსად არ ჩანდა.

ფაქტი იყო სახეზე, რომ ფეხებზე ეკიდა გუბერნატორს იქ შეკრებილი ხალხი. ამით ისარგებლა მეორე მხარემ, რომელიც ვითომდა მუსლიმების ინტერესს იცავდა, წამოიკიდეს ხალხი, ვიღაცამ შეგვაგინაო, ჩვენზე ცუდი თქვესო, შეკრებილები არიანო და რაღაც ასეთი ტერმინებით წავიდნენ მიტინგის გასამართად სადღაც სხვაგან, სადაც მეჩეთი არ არის. მეჩეთი სადაც იყო, ხალხი იქ ვიდექით.

მე ორი რამ დავინახე – ერთი სახელმწიფოს დამოკიდებულება მუსლიმების მიმართ და მეორე, სარგებლობა ამ სიტუაციით პოლიტიკურად ხელისუფლების წინააღმდეგ, ანუ „ქოცების“ ოპონენტების მიერ. ეს ჩანდა გუშინ ნათლად. ძალიან მკაფიოდ და დღესაც გაგრძელდა.

  • გამოსავალს სად ხედავთ თქვენ, რას შეუძლია ახლა ამ სიტუაციის განმუხტვა?

გამოსავალი არის ერთადერთი – სახელმწიფო, ხელისუფლება უნდა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე. მე რაც დავინახე – სახელმწიფო საუბრის დონეზე ამბობს, მაგრამ რეალურად არ ასრულებს.

მუსლიმებმა, რომლებიც აქ ათი თვეა [თებერვლიდან მოყოლებული] ლოცულობენ, ისევ უნდა გააგრძელონ ჩვეულებრივად ლოცვა. ვინც შეეცდება ვიღაცა სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, უნდა მოკიდონ ხელი და შესაბამისი მუხლით უნდა წაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში. უნდა გაასამართლონ. როდესაც ამას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გააკეთებ, კანონს როდესაც აღასრულებს სახელმწიფო, ამას ექნება პრევენციის ძალა, მსგავსი რამ აღარ მოხდება.

მეორე გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ილაპარაკონ, ერთმანეთს აუხსნან, რომ ლოცვა არ შეიძლება იყოს პრობლემა. არ არსებობს ლოცვის შედეგად ვინმე დაზიანდეს. საუბარი მაქვს არამუსლიმ მოსახლეობაზე. იმიტომ, რომ იქ გაუნათლებლობაც დავინახე – ადამიანებს ჰგონიათ, რომ მეჩეთი თუ აშენდება, ეს მათ რამენაირად მართლმადიდებლობას წაართმევს.

მათ ასეთი განწყობა აქვთ. ამიტომ უნდა ელაპარაკო.

ეს ორი რამაა გამოსავალი.

  • სოფლის ქრისტიან მოსახლეობას თუ შეხვდით გუშინ და მათთან დიალოგი თუ გქონდათ?

მე გუშინ მეჩეთთან ვიყავი. იქ მოვიდა რამდენიმე მართლმადიდებელი. მე მელაპარაკა ერთი-ორი.

მომიყვნენ – ჩვენ აქ ეკლესიას ვაშენებდითო. მუსლიმები იმ დროს მარხულობდნენო, მაგრამ ჩვენ საჭმელს გვიზიდავდნენ მაინცო. ჩვენ გვეხმარებოდნენ მუსლიმებიო. ახლა სირცხვილია, ჩვენ ამათ ლოცვასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა რომ გვქონდესო. მე თქვენს გვერდზე ვდგავარო. მართლმადიდებელი ახალგაზრდები იყვნენ ესენი, რომლებიც მოვიდნენ და მხარდაჭერა დააფიქსირეს.

  • ეს ჯგუფი, რომელიც ახლა ჩოხატაურში მეჩეთის დასაცავად არის ჩასული, რამდენად  მოახდენს გავლენას სოფლის მკვიდრ მოსახლეობაზე?

სავარაუდოდ რაღაც გავლენას მოახდენს – მუხტის შექმნა მაშინ, როცა ხელისუფლება და სახელმწიფო დამნაშავეა, როდესაც ადამიანების უფლებები შელახულია, არ არის რთული. საჭირო ჩვენი ჩართულობაც, თუნდაც ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა – ხალხმა უნდა ავუხსნათ ერთმანეთს, რომ არ შეიძლება ერთმანეთს რაიმე რადიკალურად მოვუგვაროთ. სახელმწიფოს როლი კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, სამართალი და ყველამ უნდა იმოქმედოს კანონის და სამართლის შესაბამისად. ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

ის ჯგუფი, ე.წ. „მუსლიმების უფლებების დამცველ“ ჯგუფზე მაქვს საუბარი, რაღაც გავლენას მოახდენს, მაგრამ ჩემი შეხედულებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საღ აზრზე იდგა.

როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა იქ ერთ მხარეს იდგა, მეორე მხარეს სხვა, ჩასული ჯგუფი, მეჩეთთან მდგომი მუსლიმების დასაცავად ვითომდა აქციას მართავდნენ გამგეობის წინ, ეს ძალიან სასაცილოდ ჩანდა. აშკარა იყო, რომ აქ რაღაცა ხდებოდა. რომ რაღაც არასწორად იყო.

  • რაზე მიანიშნებთ, ვინ არის ეს ჯგუფი? ისინი ამბობენ, რომ მუსლიმები არიან და მუსლიმებს იცავენ…

რელიგიური კუთხით თუ შევხედავთ, ვინც ამბობს, რომ მე მუსლიმი ვარ, მწამს ალლაჰის და მუჰამედის, ჩვენ უფლება არ გვაქვს მას ვუთხრათ, რომ შენ არ ხარ მუსლიმი. მაგრამ ვინც ენით ამბობს ერთს, მაგრამ საქციელით აკეთებს მეორეს, უბრალოდ ადამიანურად სხვანაირად აღიქმება.

ეს ჯგუფი ვინ არის? – თავიანთ თავს მუსლიმებს უწოდებენ, მაგრამ რას წარმოადგენენ მე არ ვიცი. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანი მუსლიმებთან ერთად არ ასრულებს ლოცვას, პარალელურად ვითომდა მათი მეჩეთის უფლებების დაცვაზე ლაპარაკობს, სასაცილოდ ჟღერს ეს ამბავი.

თვალებში ნაცარს ვერავინ შემაყრის, 21-ე საუკუნეა და რელიგიათმცოდნეობის სწავლაში მინიმუმ 6 წელი მაქვს დახარჯული, იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც იბრალებს მაგას. ეგ ვიცი ზუსტად – მუსლიმი თუ ხარ, მუსლიმების გვერდით უნდა ილოცო. მათ გვერდზე თუ არ ლოცულობ, კი გაქვს იმის უფლება, სხვაგან ილოცო, მაგრამ მინიმუმ მათი სალოცავის დაცვის უფლების პროვოკაცია არ უნდა მოაწყო. არ შეიძლება ამის გაკეთება.


ჩოხატაურის მერიის წინ მიმდინარე საპროტესო აქცია, რომელიც სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიური დაპირისპირების შემდეგ გაიმართა, დაიშალა. ხვალ, 15 იანვარს სოფელში შერიგების ლოცვა იქნება. 13:30 საათზე, იმ დროს, როდესაც მუსლიმები მეჩეთში ლოცვას შეასრულებენ, ეკლესიაში ილოცებენ ქრისტიანებიც.

დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო

მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“.

  • როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის

მოსახლეობას, ანუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც 2021 წლის იანვარსა და თებერვალში, თითოეულ თვეში მოიხმარს 200 კილოვატ საათზე მეტ ელექტროენერგიას, მაგრამ არაუმეტეს 301 კილოვატს, სახელმწიფო დაუფარავს იმ სხვაობას, რაც იქნება 2020 წლის ტარიფსა და ახალ ტარიფს შორის.

იმ მომხმარებელს, რომელიც 2021 წლის იანვარსა და თებერვალში 200 [ან 200-მდე] კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს, მას დენის საფასურს სახელმწიფო მთლიანად დაუფარავს.

რაც შეეხება სუბსიდირებას 2021 წლის მარტის თვიდან:

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში [კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში] მოიხმარა/მოიხმარს 301 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას:

  • 2021 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში [თითოეული თვისათვის] მოხმარებული ელექტროენერგიისთვის 2020 წელს მოქმედ ტარიფსა და საანგარიშო თვეში მოქმედ ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში [თითოეული თვისათვის] კი, მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი წესით:

  • თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი სარგებლობს უნივერსალური მომსახურებით და ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
  • თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და გაწეული მომსახურების საფასური აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების საფასური აღემატება შესაბამის არეალში არსებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის კომისიის მიერ დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება აღნიშნული ტარიფი.

რა ხდება 1-ლი ივლისიდან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა.

„გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ მიხედვით, მოხდება სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობების განცალკევება. კერძოდ, ერთი კომპანია აღარ განახორციელებს ერთდროულად მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებს.

„მიწოდების ახალი ტარიფი სემეკის მიერ დადგინდა 2021 წლის 1-ელ ივლისამდე, თუმცა, აღნიშნული ცვლილება, არსებული პირობების ფარგლებში, დღეს დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ იქონიებს. ზოგადად, ელექტროენერგიის ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – აცხადებს სემეკი.

სემეკმა დენის ახალი ტარიფები 2020 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგინა, რითაც ეს ტარიფები გაიზარდა.

„ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი. ამ რეფორმის ნაწილია ის, რომ 2021 წლის 1-ლი ივლისიდან თავისუფალ ბაზარზე უნდა შემოვიდეს ახალი სუბიექტები, მათ შორის არის უნივერსალური და სხვა მიმწოდებლები. შესაბამისად, ივლისიდან მოსახლეობაზე და მცირე საწარმოებზე ელექტროენერგიას გაანაწილებს უნივერსალური მომხმარებელი. „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ და „თელასისთვის“ ტარიფი 1-ელ ივლისამდე დავადგინეთ, იმიტომ, რომ ეს კომპანიები, უკვე როგორც დენის მიმწოდებლები აღარ იქნებიან ბაზარზე და ისინი იქნებიან მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები. ივლისიდან ტარიფი დაუდგინდება ახალ უნივერსალურ მიმწოდებლებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ.

ივლისიდან, უნივერსალური მიმწოდებელი შესაძლოა ისევ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „თელასის“ შვილობილი კომპანიები გახდნენ, ამას კანონი უშვებს. ასე, რომ მოსახლეობისთვის დენის მიწოდების მხრივ კვლავ დარჩება მონოპოლია – თუ დღეს დენით თბილისს „თელასი“ ამარაგებს და დანარჩენ საქართველოს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ივლისიდან ამ ორ არეალში კვლავ თითო უნივერსალური კომპანია იქნება მიმწოდებელი.

გოჩა შონიას თქმით, უნივერსალური მიმწოდებლის ვალდებულებას კომპანიას აკისრებს მთავრობა, „მაგალითად, ენერგო-პრო დღეს ახორციელებს 2 საქმიანობას: ელექტროენერგიას ყიდულობს – ეს არის მიწოდება და ფიზიკურად მიაქვს ის მომხმარებლამდე – ეს არის განაწილება. ახალი კანონი ამბობს, რომ ეს უნდა გაიყოს. იქნება თუ არა შვილობილი კომპანია, ჯერ არავინ იცის. ვის შეარჩევს უნივერსალურ მიმწოდებლად, ეს მთავრობაზეა დამოკიდებული. მთავრობა განსაზღვრავს ასევე კრიტერიუმებს და სტატუსს – თუ ვინ იქნება მცირე საწარმო. უნივერსალური კომპანია ივლისიდან თავად მიაწვდის მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას“.

შეიცვლება თუ არა ტარიფი მოსახლეობისთვის ივლისიდან

გოჩა შონია ამბობს, რომ „რთულია ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა, მაგრამ საბოლოო სამომხარებლო ტარიფი ჩვენ ისე გვაქვს დადგენილი, რომ პრინციპში, ის არ უნდა შეიცვალოს. თუ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცა და მნიშვნელოვანი პრობლემები გაჩნდა ამ მიმართულებით, გამორიცხული არაფერი არ არის. ასევე, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ლარი გამყარდეს და სხვანაირი ტარიფები დაჯდეს… ვალუტის კურსი ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენ 2017 წელს დავადგინეთ ტარიფები და მაშინ კურსი იყო 2,5. ახლა 3,31-ზე დავიანგარიშეთ ტარიფი“.

სემეკის წევრის თქმით, ტარიფის გაზრდას ასევე იწვევს ის, რომ მოხმარებულ ელექტროენერგიაში იზრდება ძვირადღირებული ელექტროენერგიის წილი.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველთვიურად იზრდება 5-დან 7 პროცენტამდე და ყოველი მატება მოხმარების, ეს არის ძვირადღირებული ელექტროენერგია. ანუ, დამატებით შემოდის ან იმპორტი, ან ახალი ჰიდროელექტროსადგურებიდან, ან თბოსადგურებიდან. სამივე ეს ელექტროენერგია არის ძვირადღირებული – დამოკიდებულია ვალუტაზე. იმპორტიც, ასევე ახალი ჰესებიც ხელშეკრულებებს აფორმებენ უცხოურ ვალუტაში, ცენტებში და ესეც კურსთაშორის ცვლილებაზეა მიბმული. თბოსადგურებიც გაზზე მუშაობს და იქაც გაზის ფასი დამოკიდებულია კურსთაშორის სხვაობაზე“, – ამბობს გოჩა შონია.

რატომ არის ძვირი ახალი ჰესებიდან მიღებული დენი

გოჩა შონიას თქმით, სემეკი არ არეგულირებს, რა ფასად გაყიდიან ახალაშენებული ჰესების დენის ტარიფს: „არის რამდენიმე რეგულირებადი ჰესი, მათ შორის ენგურჰესი, სადაც ფასებს სემეკი ადგენს და ეს არის გაცილებით იაფი ენერგია. მაგრამ ეს ჰესები უკვე მაქსიმუმზე არიან, მეტს ვეღარ გამოიმუშავებენ. ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია კი გაცილებით ძვირია. კანონით, 2008 წლის შემდეგ აშენებული ჰესები არის დერეგულირებული. ანუ, აქ ფასი დგინდება ხელშეკრულებით, რომელსაც დებს ინვესტორი – ვინც ააშენა ჰესი, მთავრობა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი [ესკო]. ამ ჰესიდან ენერგიის შესყიდვა შემდგომში ხდება იმ ფასად, რაზეც შეთანხმდებიან. ამ პირობით აშენებს ინვესტორი ჰესს. ეს არის შეთანხმებული ფასი და არ არის სემეკის დადგენილი. ინვესტორი კი არ შემოდის, თუ ინტერესი არ აქვს“.

სემეკის ინფორმაციით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო პერიოდში 8-9 მილიარდი კილოვატსაათიდან 13 მილიარდამდე გაიზარდა. გოჩა შონიას თქმით, ქვეყანაში მოხმარება უფრო მეტია, ვიდრე გამომუშავება. მოხმარებულ ენერგიაში კი, იზრდება ძვირადღირებული ელექტროენერგიის წილი და პროცენტულად იკლებს იაფიანი დენი, ეს თავის მხრივ უშუალოდ პროდუქტის [ელექტროენერგიის] გაძვირებას იწვევს.

„2008-09 წლებში თუ იყო ჩადებული დენის ტარიფში 5,8 თეთრი შესყიდვის ფასი [საშუალო შეწონილი], წელს ავიდა 12 თეთრამდე – ეს ენერგო-პროს არეალში. ძვირადღირებული ენერგია მოცულობაში შეიძლება არ იყოს დიდი, მაგრამ რახან ძვირიანია, ღირებულებით ნაწილში მეტს იკავებს“, – ამბობს გოჩა შონია.

მისივე თქმით, ივლისამდე 2 თვით ადრე მაინც უნდა იყოს ცნობილი უნივერსალური მიმწოდებლები, რომლებისთვისაც სემეკი ახალ სამომხმარებლო ტარიფს დაადგენს. ამ უნივერსალურ მიმწოდებლებს შემდგომში აბონენტებთან ხელშეკრულებების გაფორმებაც მოუწევთ.

სემეკში ამბობენ, რომ სამომხმარებლო ტარიფზე ეს ცვლილებები ნაკლებად აისახება, რასაც ვერ ამბობენ კომერციული მომხმარებლებისთვის. სახელმწიფო კი, ზოგი ბიზნესისთვის მოხმარებული დენის სუბსიდირებას გეგმავს.

2021 წლის განმავლობაში, არსებულ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობის ნახევარს [50%-ს] სახელმწიფო 20 მიმართულების ბიზნეს დაუფარავს.

ამ თემაზე:

დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“

“დაპირისპირება უნდა დასრულდეს” – შემოქმედის ეპარქიის დეკანოზი

სამი დღეა გრძელდება კონფლიქტი, რომელიც ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. დღეს, 14 იანვარს, ჩოხატაურის მერიის წინ მუსლიმები შეიკრიბნენ და საკითხის გადაჭრას ითხოვენ. აქციაზე დღეს გაისმა მოთხოვნა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი სასულიერო პირები, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას.

მოლაპარაკების პროცესში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს შემოქმედის ეპარქია. შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეპარქია თავის მრევლს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულებისკენ მოუწოდებს.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა ეპარქიის პრესმდივანთან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

  • როგორია ეპარქიის პოზიცია ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

ეპარქიის პოზიცია არის ის, რომ აუცილებლად კონფლიქტი და დაპირისპირება დასრულდეს. როგორც კი კონფლიქტი დაიწყო მეუფის ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირები ჩავიდნენ სოფელ ბუკნარში 12 იანვარს, ესაუბრნენ იქაურ მრევლს. ისინი გაგებით მოეკიდნენ, დაუჯერეს მამების და დედების ნათქვამს და მეორე დღიდან [13 იანვარი] ისინი უკვე არანაირ კონფლიქტში აღარ ჩართულან.

ჩვენ მრევლს ვთხოვეთ,  მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება, რომ თავიანთ სალოცავში, სადაც აქამდე ლოცულობდნენ, იქ ილოცონ. მართლმადიდებელი მრევლი კი იმ ტაძარში შეიკრიბოს, სადაც იკრიბებოდა. გააგრძელონ ერთმანეთთან ისეთი ძმური, თანამეზობლური, თანასოფლური ურთიერთობა, რაც აქამდე ჰქონდათ. ეს არის ჩვენი თხოვნაც, ჩვენი პოზიციაც. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ის ურთიერთობები აუცილებლად აღდგეს, როგორც იყო და ერთმანეთის ხელისშეშლა არ მოხდეს და დაპირისპირება დასრულდეს.

  • ჩოხატაურში აქციაზე მყოფი მუსლიმები ითხოვენ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან ჩართულები როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი სასულიერო პირები. თქვენი ეპარქია თუ არის საქმის კურსში და გაქვთ თუ არა მზაობა ამ ტიპის მუშაობისთვის?

გუშინ გურიის გუბერნატორთან და ჩოხატაურის მერთან იყო შეკრება და მასთან ერთად ისაუბრეს. სწორედ მათთან ერთად უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნებიან ალბათ ეს მუფტიც და მათი წარმომადგენლებიც. ჩვენც თანახმა ვართ და მივიღებთ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში. მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთანაც დავსხდებით იმისათვის, რომ ერთობლივად გადავჭრათ ეს საჭირბოროტო საკითხი. ამისთვის მზად ვართ.

  • რა მიმართვა გექნებათ თქვენი სოფელ ბუკნარში მცხოვრები მრევლისადმი?

ჩვენი დედაოები და მამაოები იყვნენ ჩასულები ბუკნარში, ესაუბრნენ მრევლს და ისინიც მოეკიდნენ გაგებით. ამის შედეგი ჩვენ ვნახეთ გუშინ, აქციის დროს, როდესაც აქციის მონაწილეები წამოვიდნენ [სალოცავიდან სოფლის ცენტრისკენ] მათ გზაში არავინ არ შეხვედრიათ. ამიტომ ინციდენტი აღარ მომხდარა. ისინი [სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა] ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ. თვითონ ეს ადამიანებიც, ვინც იქ მოდიოდნენ, თუ ნახეთ, ეგზალტირებული აქცია იყო, იქაც ადგილობრივები რამდენიმე ადამიანი თუ იყო. ადგილობრივი მცხოვრებლებიც არ იყვნენ იქ მრავლად.

ჩვენ მზად ვართ და მრევლსაც მოვუწოდებთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივად შევხვდებით, როცა ისინი იტყვიან.

განვმეორდები, თუკი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და მათთან ერთად ამ საკითხის გადაჭრაზე ვისაუბრებთ. ერთად დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • დღეს როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კონფლიქტმა გადაინაცვლა სოციალურ ქსელში და იქ გაგრძელდა. თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია  და როგორ გესახებათ ამ კონფლიქტის გადაჭრა?

ჩვენ, ზოგადად, გვაქვს ასეთი პოზიცია, რომ სოციალურ ქსელში იქნება ეს თუ პირად ურთიერთობებში, ვინც მომხრეა, რომ ეს კონფლიქტი არ გაღვივდეს და დაპირისპირება დასრულდეს, ვინც ამის მომხრეა, ყველას აქვს ეს პოზიცია. ჩვენ ჩვეულებრივად, მეგობრულად, ძმურად გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, მათ ჰქონდეთ უფლება ილოცონ იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელი მრევლი ილოცებს იქ, სადაც ლოცულობდნენ.

ვინც ამაზე არ ფიქრობს და ვისაც უფრო მეტად აქვს ეს ინტერესი, რომ ეს რაღაცა გადაიზარდოს აქციაში, შემდეგ უფრო ალბათ პოლიტიკურ აქციაში, მათ მოსაზრებებს ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია ასეთია და მართლმადიდებელი მრევლისაც, რომ გვინდა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს დაპირისპირება. უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი.

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, აჭარისა და მცხეთის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 6 პირი, რომელთა შორის 2 დაკავებულია.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 8 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება და სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა უაქციზო საქონლის გადაზიდვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

Exit mobile version