მთავარი,სიახლეები

ოპოზიციონერი ექიმი, რომელიც კოვიდს მართავდა – ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც და მენეჯერიც 

16.01.2021 • 3682
ოპოზიციონერი ექიმი, რომელიც კოვიდს მართავდა – ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც და მენეჯერიც 
კლინიკა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, 2020 წლის მარტში გახდა პირველი კოვიდკლინიკა აჭარაში, რომელმაც კოვიდდადებითი პაციენტები მიიღო და უმკურნალა. როგორია იმუშაო მაშინ, როცა არათუ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ახალ ვირუსზე. როგორია იმუშაო მაშინ, როცა ექიმის გარდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხარ და ხელისუფლებასთან გიწევს თანამშრომლობა. ექიმი-ეპიდემიოლოგი ლევან ანთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში „ბათუმელებს“ უყვება თავის გამოცდილებას ზეპირი ისტორიების სერიისთვის – „ადამიანები პანდემიის დროს“.

 

COVID-19

თებერვლის თვიდან ინტენსიურად ვადევნებდი თვალს, თუ როგორ ვითარდებოდა პანდემია. მაშინ იმ დასკვნამდე მივედი, რომ აუცილებელი იყო ქვეყანა მომზადებულიყო პანდემიისთვის. დაახლოებით მარტის შუა რიცხვები იყო, როდესაც ჩემთან შემოვიდა ზარი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან და მკითხეს შევძლებდით თუ არა ჩვენს კლინიკას მიეღო კოვიდინფიცირებული პაციენტები.

მე „მედალფას“ რეგიონული მენეჯერი ვიყავი. ჩვენი კლინიკის სათაო ოფისში გადაწყვიტეს, რომ გადავკეთებულიყავით კოვიდკლინიკად. ამას საკმაოდ დიდი მუშაობა უძღოდა წინ. დაახლოებით ათი დღე ვემზადებოდით – იგულისხმება როგორც აღჭურვილობის [შეტანა], ისე თანამშრომელთა დატრენინგებაც. ჩვენი კლინიკა არ იყო ინფექციების მკურნალობაზე ორიენტირებული, იყო ჩვეულებრივი გადაუდებელი დახმარების კლინიკა. ამას მოჰყვა ის, რომ მედპერსონალის დიდი ნაწილი წავიდა კლინიკიდან. ბათუმში რეალურად ვერცერთი კლინიკა ვერ ერთვებოდა კოვიდის მართვაში, რადგან დიდი შიში იყო, როგორც მედპერსონალში, ისე მოსახლეობაში.

ეს შიში იდეაში გამართლებულიც იყო, მაგრამ ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ეს საქმე იმ ექიმებთან ერთად, რომლებიც ახლაც აგრძელებენ ამ საქმეს. მაშინ შეგრძნება იყო ისეთი, სიცოცხლისთვის ძალიან დიდი რისკი იყო კოვიდკლინიკაში მუშაობა. შემდეგ დავინახეთ, რომ ეს რისკი რეალური იყო და ბევრი ჩემი კოლეგა შეეწირა ამ პროცესს.

ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. თვეების განმავლობაში სახლში ვერ მივდიოდით. ძირითადი ჩვენი სამყოფელი იყო კლინიკა და ვცხოვრობდით სასტუმროში, როგორც მე, ასევე ექიმები. ამას ბევრი ყოფითი პრობლემა მოჰყვებოდა, მაგრამ როცა ირჩევ პროფესიას და ხარ ექიმი, ამისთვისაც მზად უნდა იყო.

ურთიერთობა ხელისუფლებასთან

ხელისუფლებას არჩევანი არ ჰქონდა. ვერცერთი სხვა კლინიკა ვერ გადადიოდა კოვიდის მართვაზე.

რა თქმა უნდა რთულია, როდესაც იმ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, რომლებზეც თვლი, რომ არაეფექტურები არიან, არასწორად მართავენ, მაგრამ ჩემთვის მკაცრად გადაწყვეტილი მქონდა – სანამ ვიქნებოდი ამ საქმეში, პოლიტიკური ქმედებები შეჩერებული მექნებოდა. არ შეიძლება ამ დროს პოლიტიკური ამბიციები წამოვიდეს წინ. მე მაქსიმალურად დავიცავი ეს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც კი ცოტა სისუსტე იგრძნო [არა ჩემთან მიმართებაში, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი] დაავადებასთან მიმართებაში, კოვიდის შერბილებასთან ერთად, აქტიურად ჩართო პიარკამპანია და შეეცადა ამის კონვერტაციას „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების სასარგებლოდ. ვფიქრობ, ეს არ გამოუვიდა და საბოლოო შედეგმაც აჩვენა, რომ ბოლომდე საჭიროა ბრძოლა, როცა იბრძვი.

ყველაზე რთული

ყველაზე რთული იყო შიშის დაძლევა, რომელიც ადამიანურია. ეს შიში მეც მქონდა. ჰქონდათ ჩემს თანამშრომლებს, მედპერსონალს. განსაკუთრებით მძიმე დღეები გვქონდა მაშინ, როდესაც რამდენიმე ჩემი კოლეგა დაავადდა და მათი მკურნალობა გვიწევდა. აქ ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც ვიყავი და მენეჯერიც, რომელიც მართავდა კლინიკას. ყველაზე რთული პერიოდი ეს იყო. კი, ფიზიკურად დიდი ვარ, მაგრამ იმ პერიოდში ნერვიულობისგან საჭმელიც კი ვერ ვჭამე. ათი კილო დავიკელი ერთ კვირაში ნერვიულობით.

შიში რას ცვლის

თავიდან დავიწყეთ მედპერსონალის გადამზადება – ვასწავლეთ, როგორ უნდა ეხმარათ აღჭურვილობა, რომელიც კოვიდისგან დაიცავდა. იმ დროს საქართველოში ჩამოსული იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი. მისი ვიზიტი არ იყო დაგეგმილი, მაგრამ ვითხოვე, რომ ჩამოსულიყო და ადამიანებს შიში მოხსნოდათ.

ჯანდაცვის სფეროში, აჭარაში პოლიტიკური თემები ნაკლებადაა. აჭარაში ჯანდაცვის მინისტრები ვინც ყოფილან ჩემამდე თუ ჩემს მერე, ისინი ჩემი კოლეგები არიან და მათთანაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდი, როგორც ზაალ მიქელაძესთან, ისე მოქმედ მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან. ეს განპირობებული იყო შიშით. მათაც ჰქონდათ შიში და ჩვენც – ბრძოლის წინა ხაზზე ვიყავით და არავინ იცოდა, რა და როგორ განვითარდებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი სტუმრად კლინიკა “მედალფაში”, 2020 წლის მარტი

ამ თანამშრომლობამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ მერე სხვანაირად განვითარდა მოვლენები. ერთ ამბავს გავიხსენებ: შუა პანდემიის პერიოდია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოდის, პარტიული საარჩევნო ნომრის ფონზე და აცხადებს, რომ ხელფასის 1/3-ს რიცხავს კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ხომ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, როგორც სახელმწიფო მოხელეს და არა როგორც პარტიის წარმომადგენელს. ეს ხომ ჩემთვის ბარიერი იყო, რომ მეც ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა შემეტანა და ჩემნაირი ძალიან ბევრი იყო, არაპოლიტიკური ადამიანები. ჩვენც გვერდით დავუდგებოდით, ეფექტიც მეტი ექნებოდა.

მაშინ, როდესაც შენ 41 ნომრის ფონზე აკეთებ ამას, ფაქტია, რომ უკვე პიარში ხარ ჩართული და საქმეს კი არ აკეთებ, არამედ ცდილობ დივიდენდები მოუპოვო იმ პარტიას, რომლის წარმომადგენელიც ხარ. ეს იყო  ჩემთვის გამყოფი ხაზი – მივხვდი, რომ ბოლომდე ორიენტირებულები არ იყვნენ სიტუაციის გამოსწორებაზე. მერე ვნახეთ კიდეც მეორე ტალღა, რომელსაც სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ხელისუფლება, იმდენად გადაერთვნენ ამ პიარში.

პირველი გარდაცვლილი პაციენტი

ღამის საათები იყო – პირველი თუ ორი საათი. სამი პაციენტი გვყავდა მძიმე, ექიმებმა მითხრეს, რომ შეიძლება დაღუპულიყვნენ. ყველანი ფოიეში ვიყავით შეკრებილები და ველოდებოდით… დაახლოებით ორ-სამ საათში კიდევ უფრო დამძიმდა და გარდაიცვალა. ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოვიდა იმ ღამეს. ძალიან მძიმე იყო.

ყველაფერს ვაკეთებდით, რომ გადაგვერჩინა, მაგრამ ვერ შევძელით. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო.

 გამოწვევები

მაქსიმალურად ვცდილობდით მედპერსონალი დაგვეცვა დაავადებისგან. პირველი ინფიცირებული თანამშრომლების შემთხვევა დაკავშირებული იყო ორ მძიმე პაციენტთან – დამოუკიდებლად ვერც კი ჭამდნენ. ეს ადამიანები საბედნიეროდ გადარჩნენ, თუმცა მათი მკურნალობის პერიოდში 7 მედპერსონალი დაავადდა.

დიდი გამოწვევა იყო ისიც, რომ პერსონალი ოჯახის წევრებს ვერ ეკონტაქტებოდა. მე, მაგალითად, ასეთი შემთხვევა მქონდა – დედაჩემი ახალნაოპერაციები იყო სიმსივნეზე და სხივური თერაპია უწევდა. ჩემი მცირეწლოვანი ვაჟი ატარებდა სხივურ თერაპიაზე, ვერ მივდიოდი ფიზიკურად, არ შეიძლებოდა ჩემი ოჯახში მისვლა.

როცა მედპერსონალი ზეგანაკვეთურად შრომობს და მცირე ანაზღაურება აქვს

როდესაც შევედით ამ ბრძოლაში, აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო მზად ეთქვა, რა სახის დაფინანსებას გვაძლევდა. თუ არ მეშლება თვე-ნახევრის მერე გავიგეთ, როგორ გვაფინანსებდა. რეალურად ეს წამგებიანი იყო კლინიკისთვის და შესაბამისად თანამშრომლებისთვისაც. ჩვენ გაცილებით მაღალი შესრულება გვქონდა პანდემიამდე, ვიდრე ვთქვათ პანდემიის პერიოდში. მით უმეტეს იმ რისკის პერიოდში.

ბოლო კოვიდპაციენტის გაცილება კლინიკა “მედალფადან” 2020 წლის მაისი

მე და რამდენიმე ექიმმა გავაკეთეთ განცხადება, რომ მედპერსონალს, რომელიც მუშაობს კოვიდინფიცირებულთან, საჭიროა დაენიშნოს სახელმწიფო დანამატი. რადგან საქართველოს სამედიცინო ქსელი არაა მოწყობილი ერთგვაროვნად, ბევრი სხვადასხვა ტიპის სტრუქტურაა – კერძო, სახელმწიფო, შერეული და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო აქ დანიშნულიყო სახელმწიფო დანამატი.

თუმცა ამაზე რეაგირება, ისევე როგორც ბევრ სხვა ფაქტორზე, თუნდაც ფინანსური კუთხით, თუნდაც ჯანდაცვის კუთხით, გვიან მოახდინა ხელისუფლებამ. კი, იქ ვიღაცა „ქართულ ჯიგრულ პონტში“ რაღაცას მოიპარავს, რაღაცაში ტვინი არ ჰყოფნით, რაღაცაში განათლება არ ჰყოფნით, რაღაცაში უფრო მერკანტილური ინტერესები აქვთ, ნეპოტიზმია და ა.შ. მაგრამ შედეგი დაგვიდგა როდის? მე კი თავიდანვე ვხედავდი, მაგრამ მოსახლეობამ ეს როდის დაინახა? მაშინ, როდესაც შეიქმნა კრიზისი.

მთავარი პრობლემაა ისაა, რომ ხელისუფლება კრიზისზე რეაგირებს პოსტფაქტუმ, ანუ შედეგის დადგომის შემდეგ და არა პროაქტიულად, მაშინ, როცა პანდემიასთან გამარჯვების მთავარი გზა არის დასწრება.

თუნდაც ახლა, როცა მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, ამის საპირწონე რა არის? ამის საპირწონე არის აცრა მთელს მსოფლიოში. ჩვენთან რა ხდება? დღეს ვარკვევთ, რომელი ვაქცინა უნდა შემოვიდეს. როდის უნდა შემოვიტანოთ… ეს არის პოსტფაქტუმ რეაგირება. ჩვენ დავაგვიანებთ და მივიღებთ მესამე ტალღას – რომელიც, თუნდაც დიდი ბრიტანეთის სტატისტიკას რომ დავაკვირდეთ, ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე მეორე ტალღა იყო. შევძლებთ ამას გავუძლოთ? რა თქმა უნდა ვერა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ პრევენციული ღონისძიებები. პრევენცია არის აცრა და მოსახლეობის დიდი მასის მოცვა. ამას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ.

პირადი თავდაცვა

სხვათა შორის, შეგრძნება, რომ აღჭურვილობით დაცული ხარ, ცალკე საფრთხეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, სანამ მუშაობას დავიწყებდით, პირველი რაც გვითხრა ესაა, რომ რაღაცები ზედმეტი არ უნდა გააკეთო. იგივე ბახილებთან დაკავშირებით. აბა გაიხადეო და რომ გავიხადე, ბუნებრივია, შეხება მქონდა. ჩემზე აჩვენა ჩემს კოლეგებს, რა არ შეიძლება. იმ სივრცეებში, სადაც არაა დაავადებული, არ უნდა გეცვას სამედიცინო აღჭურვილობა. პირველ დღეებში მედპერსონალი, მათ შორის მეც, მძიმე კომბინიზონებით დავდიოდით, რაც ზედმეტია. უნდა დაიცვა საჭირო მინიმალური წესები. იმაზე ზევით საშიშია და დაუცველობაც საშიშია.

კოვიდდადებითი

კლინიკაში არ დამმართნია. მაშინ დამემართა, როცა კლინიკიდან წამოვედი. საარჩევნო პერიოდი იყო, ბევრ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა. საორგანიზაციო საქმეებს ვაგვარებდი და დაახლოებით 700 ადამიანს შევხვდი.

იოლად გადავიტანე. ბინის პირობებში ვიმკურნალე. ტესტი გავიკეთე. თუმცა უკვე ვიცოდი, რომ კოვიდდადებითი ვიყავი. ოჯახის ექიმი ნაცნობი ექიმი აღმოჩნდა. ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ დამჭირვებია – ძირითადად ვიტამინების და სითხეების მიღებით გამოვედი მდგომარეობიდან.

აქცია, რომელზეც ყველამ ილაპარაკა

ვეცადეთ და შევარჩიეთ ყველაზე დიდი სივრცე, რაც შეიძლება ბათუმში იყოს. ვგეგმავდით 3 ათასი ადამიანის შეკრებას, მაგრამ მოვიდა ათი ათასი. პირბადეებსაც ვარიგებდით, დისტანცირებას ვცდილობდით, მაგრამ დიდი მასა მოვიდა. ეს მასა ჩემს გამო კი არ მოვიდა და ნაციონალური მოძრაობის გამო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გამო მოვიდნენ. მის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. სოციალურ გაჭირვებას, სიღარიბეს, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა ამ რვა წლის განმავლობაში. იმდენი ადამიანი მოვიდა, რამდენსაც არ ველოდით, თორემ სხვა ზომებს მივიღებდით.

წინასაარჩევნო პერიოდი იყო და გვაკრიტიკებდნენ. ყველა ცდილობდა ქულების დაწერას. თუმცა კრიტიკასთან ერთად შიშიც მოჰყვა „ქართულ ოცნებაში“. ამდენი მასა ბათუმში არ შეკრებილა.

პროტესტი მთავრობასთან, პანდემიის დროს

დილემის წინაშე ვართ, ორი აზრი არაა, რომ ეს დილემა არსებობდა. გაგვეპროტესტებინა თუ არა, მაგრამ მე ასე ვიტყოდი – გვაქვს მცდელობა მაქსიმალურად დავიცვათ წესები. დავიცვათ დისტანცია, პირბადეები გვეკეთოს… ამას გარდა, ღია სივრცეში ეს დაავადება ნაკლებად ვითარდება. მესამე თვე დაიწყო პროტესტის და აქ ვირუსის გავრცელება არ გვქონია.

ძალიან მნიშვნელოვანია წესების დაცვა, მეორეს მხრივ არსებული რეალობის დანახვა – გავაპროტესტოთ თუ არა. საქართველოს ორი ვირუსი აქვს მოსაშორებელი – კოვიდ 19 და ქოც 41. როგორც ერთი ავნებს საზოგადოებას და კლავს, მეორეც პირდაპირი მნიშვნელობით კლავს. ორივე მოსაშორებელია. პროტესტის დროს არ უნდა დაავადდნენ ადამიანები. ამაში ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვიღებ ჩემს თავზე.

რა შეცვალა პანდემიამ ჩემთვის

ვერ ვიტყვი, რომ ოჯახს არ ვაფასებდი, მაგრამ პანდემიამ უფრო გაამძაფრა საკუთარი ოჯახის სიყვარული. მონატრება ადამიანების, რომლებიც გიყვარს და ვერ ნახულობ… თუნდაც სამეგობროს. ბევრი რამე შეცვალა. ჩემში შეცვალა შიშის აღქმაც. უკვე ნაკლებად მეშინია რაღაცეების, თუმცა მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ფაქტობრივად შიშის გრძნობა გამიქრა.

ვაქცინა

მარტო ქართული ფენომენი არაა, მსოფლიოშიც არსებობს ანტივაქსერული მოძრაობა, რომელიც დამყარებულია ბევრ ტყუილსა და ლეგენდაზე. ვაქცინა ჩვენს შემთხვევაში არის გამოსავალი. რაც უფრო დროულად შემოვა ვაქცინა, რაც უფრო დროულად აიცრებიან ადამიანები, მით უკეთესია. ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ამ კუთხით და საინფორმაციო კამპანია ჩაატაროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.

მე აუცილებლად ავიცრები. ყოველ წელს ვიცრები გრიპის ვაქცინით და მით უმეტეს ავიცრები კოვიდის ვაქცინით. ეს არის თავდაცვა ვირუსისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: