მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის საგარეო ვალი 87 მილიონი ევროა

16.01.2021
ბათუმის საგარეო ვალი 87 მილიონი ევროა

ბათუმის მერიას, დღევანდელი მონაცემებით, 87 მილიონი ევრო საგარეო ვალი აქვს. ეს არის იმ სესხის დარჩენილი ნაწილი, რომლითაც ბათუმში 2008 წლიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. 2017 წელს ბათუმის საგარეო ვალი 101 მილიონამდე ევრო იყო. ეს ვალი ქალაქის ბიუჯეტიდან 2045 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა დაიფაროს.

სესხის მომსახურების თანხას, ანუ ვალს, მერია ნაწილობრივ ყოველწლიურად იხდიდა, თუმცა, პანდემიის გამო, 2020 და 2021 წელს ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების კლების გამო, მერია ვალს გეგმიურად ვეღარ იხდის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანახმაა, რომ 2020 და 2021 წელს გადასახდელი ვალი ბათუმის მერიამ მომდევნო წლებისთვის გადაიხადოს – ყოველგვარი საურავის გარეშე.

კანონით, ბათუმის მერია სესხს მხოლოდ საქართველოს მთავრობის [ფინანსთა სამინისტროს] თანხმობით იღებს. ანუ, მსესხებელი არის სახელმწიფო, გადამხდელი კი – მერია.

ბათუმის მერიას დღეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა [KfW] და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] ვალი აქვს.

ვინაიდან ვალის გადახდა ვერ ხერხდება, 2021 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 3 315 400 ლარი დაიხარჯება – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული სესხის [ავტობუსების პროექტი] მომსახურებისათვის.

სასესხო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 2019 წელს 20,4 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2020 წელს კი – 2,3 მილიონი ლარი.

2021 წლის ბოლოს, ბათუმის ბიუჯეტის ვალის ნაშთი, მერიის გათვლებით, 338 362 900 ლარი იქნება [ვინაიდან ვალი ევროშია, მერიამ ის ლარში დაიანგარიშა კურსით – 3,89].

მთლიანი ვალიდან, 16 812 600 ლარი არის ბათუმის ავტობუსის პროექტისთვის EBRD-იდან მიღებული სესხის მომსახურება, ხოლო დანარჩენი 321,5 მილიონი ლარი – KfW-დან მიღებული სესხების.

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტისთვის KfW-სგან აღებული ვალის დარჩენილი ნაწილი, რომელიც გადასახდელია, პროექტის ფაზების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • I ფაზა – 58 702 800 ლარი
  • II ფაზა – 71 587 300 ლარი
  • III ფაზა – 47 375 600 ლარი
  • III ფაზა/სანიაღვრე სისტემები –  27 184 600 ლარი
  • IV ფაზა – 116 700 000 ლარი

ეს ციფრები იმის მიხედვით შეიცვლება, თუ რა კურსი იქნება ლარსა და ევროს შორის ვალის გადახდის მომენტისთვის.

მერიის ინფორმაციით, ყველა სესხი [გარდა IV ფაზისა] მთლიანად არის ათვისებული.

2021 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსებისთვის 6 280 000 ლარი დაიხარჯება – კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის.

ბათუმს 2020 წელს დამატებით 60 მილიონი ევრო სესხი უნდა აეღო [დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად], რაზედაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო, თუმცა, KfW-თან დადებული ეს სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/305551/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: