მთავარი,სიახლეები

რა სახის გაკვეთილია რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – ინტერვიუ თეოლოგთან

16.01.2021 •
რა სახის გაკვეთილია რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – ინტერვიუ თეოლოგთან

გუშინ, 15 იანვარს, გურიის სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. რის გამო მოხდა ამჯერად დაპირისპირება გურიაში, რა აჩვენა მორიგმა რელიგიურმა კონფლიქტმა და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება, რომელმაც ძირითადად დაპირისპირების განეიტრალებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პრობლემის მოგვარებასა და რეალურად თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვაზე? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ჩაწერა.

  • ბატონო მირიან, გურიაში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებმა და მუსლიმებმაც თქვეს, რომ შერიგდნენ. თქვენი შეფასებით, რა იყო ეს დაპირისპირება და დასრულდა თუ არა იგი?

დავიწყოთ იქედან, რომ საქართველოში ნაკლებ ადამიანს აქვს პრობლემა ისლამთან, როგორც რწმენასთან. ამის გამო დავა არ იწყება, მაგრამ საქართველოში აქვთ სერიოზული, ტრავმული, ისტორიული გამოცდილება. ეს არის კულტურული მეხსიერება ადამიანებში, რის გამოც ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის მიუღებელია ისლამი, როგორც სჯული, ის ისლამური კანონები, რომლის თანახმად მიღებულია საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური მოწყობის მოდელები.

ყველამ იცის, რომ ქრისტიანობისგან განსხვავებით, ისლამი არ სცნობს პარალელური სივრცეების არსებობს, მას სეკულარობის გაგება არ აქვს და მისთვის სივრცე ერთიანია. სოციალური თვალსაზრისით ისლამი ტოტალიტარული რელიგიაა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენთან ვის რა სწამს, ან არ სწამს, ეს მისი საქმეა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას არ სურს საქართველოში, რომ, მაგალითად, დაბადების დღეზე კარგი, შეცივებული ღვინის ნაცვლად დალიოს ჩაი, ან ცოლები და ქალიშვილები შეფუთულები დადიოდნენ, ვერ მიირთვან ღორის ხორცისგან დამზადებული უგემრიელესი კერძები. ეს ყველაფერი არის სოციალური ქცევის ალტერნატიული მოდელი, რომელიც რელიგიას ყოველთვის თან ახლავს.

როგორც კი რომელიმე ქვეყნის უმრავლესობაში ხვდებიან ისლამის წარმომადგენლები, ისინი ავტომატურად ითხოვენ შარიათის უფლებების ამოქმედებას, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ სამართლიანიცაა. მაგალითად, შარიათის ეკონომიკური განზომილება სამართლიანია ქრისტიანულ ეთიკაზეც კი, მაგრამ სპეციფიკურია. ამიტომაც, ეს შიში არსებობს ყველგან.

მინარეთების მიმართ შიში არც ევროპელებისთვისაა უცხო. საამისოდ, შვეიცარიის შემთხვევაც კმარა, როცა საქმე ევროსასამართლომდე მივიდა.

  • ფიქრობთ, რომ ამგვარი შიშის საფუძველზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის გურიაში?

საქართველოში არსებობს ბევრი ფენა რელიგიურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ერთია ბრმა შიში ისლამის მიმართ, რაც კოდირებული ისტორიული თვალსაზრისით და ამას ჩვენ ვერ ამოვშლით, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ნარატივებით, ტრენინგებით. ეს არის დიდი ხნის განმავლობაში გამომუშავებული გადაწყვეტილება. შარდენის მოგზაურობაშიც არის აღნიშნული სამეგრელოს შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ ერკვევა, ვინ რომელი რელიგიის წარმომადგენელია, ეკითხებიან სტუმარს, ღორის ხორცს ჭამს თუ არაო. ანუ ეს არის დიდი ხნის გამომუშავებული სოციალური შეუთავსებობის მექანიზმი, რაც ხშირად ველური ფორმით ვლინდება ხოლმე.

მეორე ფაქტორია ის, რომ, სამწუხაროდ, თუ რამე არის საქართველოში ტოტალიტარული ორგანიზაცია, ეს არის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც საკუთარ მრევლთან და განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს კვებავს უმცდარესი წარმოდგენებით.

პატრიარქსაც გააჩნია ქვეყნის მოწყობის ტოტალიტარული მოდელი. მას მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორია სრულად, 100 პროცენტით უნდა იყოს ათვისებული გამოკვეთილი, მართლმადიდებელი მოსახლეობის მიერ, რომ ეს არის წმინდა მიწა და ასე შემდეგ. რადგან ეს არ გამოვიდა და ვერც გამოვიდოდა, ისინი გადავიდნენ ე.წ. შერბილებულ სტრატეგიაზე და ითმენენ სხვა ადამიანების, სხვა აღმსარებლობის არსებობას, უბრალოდ, ისინი არ უნდა იყვნენ საჩინონი, არ უნდა ჩანდნენ საჯარო სივრცეებში. მეჩეთი შეიძლება გქონდეს სადღაც სარდაფში, მაგრამ ის არ უნდა გახდეს ხილვადი, რაც თავისთავად არასწორია, მათ შორის, იურიდიული თვალსაზრისით.

მესამე პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს რელიგიებთან მიმართებით გარკვეული პოლიტიკური და იურიდიული მექანიზმი, სტრატეგია, რომლითაც სახელმწიფო იურთიერთობებდა მათთან. ერთადერთი არის საპატრიარქო, რომელსაც უხდიან თანხას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და რამდენიმე კონფესიას კიდევ. სხვა სტრატეგია უბრალოდ არ არსებობს.

  • ხელისუფლება ამბობს, რომ ეს დაპირისპირება პროვოცირებული იყო, ეს ცალკეული შემთხვევაა და ზოგადად თანასწორობის უფლება დაცულია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მოსახლეობაში არსებობდა თვითნაბადი კონფლიქტი, მაგრამ ამ კონფლიქტში ჩაერთნენ უფრო რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, მათ შორის, ისლამის მხრიდან ბატონი წულუკიძე, რომელიც საკუთარი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერს პატივს არა სცემს, არც მათ სტრატეგიას ითვალისწინებს. ფირუზ წულუკიძე არის მომხრე, რომ მუსლიმებმა იბრძოლონ ბოლომდე და მაქსიმალურად რადიკალურად.

ახლა საქართველოში ნომინალურად მუსლიმი საზოგადოება იწყებს თვითგამორკვევას და საკუთარი უფლებების გამყარებას. ამას ხელს უწყობს ისიც, მაგალითად, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი გადავიდა რელიგიური მოწყობის სტრატეგიაზე და მხარს უჭერს რეგიონში ისლამის სოციალურ-პოლიტიკურ დონეზე გაძლიერებას.

თვითნაბადი კონფლიქტები უკვე აღარ რეგულირდება ჩვეულებრივი, გლეხური მოლაპარაკების დონეზე და იქ ერთვებიან ჯგუფები. წულუკიძის ჯგუფიც არსებულ კონფლიქტში ჩაერთო. ამბავი მარტივია: მუსლიმებმა შეიძინეს ჩვეულებრივი სახლი ბუკნარში, სადაც ლოცულობდნენ, მაგრამ როცა საკითხი მიდგა იმაზე, რომ ის იქცეოდა ნიშად, ანუ მას უნდა მიეღო შესაბამისი არქიტექტურული სახე, ეს არ აღმოჩნდა მოსახლეობისთვის მისაღები. რადიკალური ჯგუფები უკვე შემდეგ ჩაერთნენ.

  • დეპუტატები ამბობდნენ, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ამ დრომდე, მაგალითად, სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, ბათუმის მეჩეთის აგებაზეც კი ნებართვა არ გაცემულა. რამდენად ადეკვატური ჩანს ხელისუფლება?

სხვათა შორის, ეს ბატონმა წულუკიძემ გურიაში თავიანთ მუფთს უთხრა კრიტიკის სახით, რომ არ ენდობა მას, რადგან ბათუმის მეჩეთზე სამუფთო ხმას არ იღებს, რადგან კანონით ეკუთვნით მეჩეთის აგება.

საქართველოში „ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა სექსუალური და რელიგიური უმცირესობების ჩაგვრის გამართლების შეპირების ფონზე. 2013 წელი ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში შევიდა იმით, რომ მოხდა სექსუალურ უმცირესობებზე ნადირობა. მეორეს მხრივ, სახელმწიფომ დაარბია მეჩეთები, მათ შორის, ერთ-ერთ მეჩეთზე მინარეთი მოჭრეს, რომ აეწონათ და განებაჟებინათ.

ამ ხელისუფლებისგან რა სამართლიან დამოკიდებულებას ველით რელიგიურ თანასწორობასთან მიმართებით? ისინი აშკარად მიკერძოებული არიან ბევრი ფაქტორის გამო. ეს არის უპირველესად პოლიტიკური რეიტინგი, მეორეა ყბადაღებული ეროვნულობის ნიშა, რომლის დაკავებასაც ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ცდილობს საქართველოში. საოცარი ამბავია – თვით ბოლშევიკებიც კი იყვნენ ეროვნული ბოლშევიკები.

  • ხელისუფლების წარმომადგენელი გეტყოდათ ახლა, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ ჩვენ მივიღეთო.

კი, მაგრამ არ სრულდება, ხომ ვიცით ყველამ არა? გურიის შემთხვევაში მე მეიმედება მოსახლეობის, რომელიც იქ ცხოვრობს. ძალიან პოზიტიური ადამიანებით დაკომპლექტებული სოფელია და აქვთ ძალიან მაღალი დონის სოციალური შეგნება. მე რამდენიმე კომენტარი მოვისმინე და სრულად გაოგნებული დავრჩი. ერთი ქალბატონი ამბობდა, არ მინდა ვიხმარო სიტყვები – „ჩვენ“ და „ისინი“. მსგავსი ტერმინების გამოყენება რომ არ შეიძლება, ჩვენ ამას ტრენინგებზე ვსწავლობთ. ან ის ბატონი, შეხვედრაზე ყურანით და ბიბლიით რომ გამოცხადდა. ეს შესისხლხორცებული ურთიერთობაა, ისინი ერთად ცხოვრობენ და თანაცხოვრების წესები აქვთ გამომუშავებული.

ეს წესები არ უნდა დაირღვეს დომინანტური რელიგიის მხრიდან და არც პროვოკაციაა კარგი, რადიკალური გამოხტომები მცირე ჯგუფების მხრიდან. არსებობს დაუწერელი კანონები, რაზეც მთელი თაობები იზრდებიან. მესმის, რომ მუსლიმს სურს ილოცოს, უნდა რომ იყოს რეპრეზენტატიული მისი რელიგია, როგორც ეკლესიებია, რომელსაც არავინ უშლის ზარებს და ოქროცურვილ სახურავებს, მათაც იგივე უფლებები სურთ და ისინი იმსახურებენ ამას.

სწორედ ამ მოსახლეობის იმედი მაქვს, თორემ სახელმწიფო ყოველთვის, საბოლოო ჯამში, რაღაცნაირად ტენდენციურ პოზიციას იკავებს. მოხეს და სხვა ინციდენტები, სადაც სახელმწიფო, როგორც აქტორი ჩართული იყო, დღემდე პოზიტიურად არ დასრულებულა.

  • რას უნდა აკეთებდეს წესით მსგავს სიტუაციაში სახელმწიფო?

სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს კარგად მოფიქრებული და გაწერილი სტრატეგია რელიგიურ ჯგუფებთან საურთიერთობოდ. მან უნდა იცოდეს განწყობები, რომ, მაგალითად, ისლამშიც არსებობს რადიკალური ჯგუფები და ტენდენცია, რომელიც რეგიონში ძლიერია. ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში ხალიფატი იყო, ომები მიმდინარეობდა და სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა და, მეორეს მხრივ, უნდა გამოიმუშავოს საკანონდებლო ბაზა, რომელიც იქნება ქმედითი, მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობაში გაწერილი არ არის, მინარეთზე დამაგრებული ხმის გამაძლიერებლიდან რამდენი დეციბალით შეიძლება ხმის გამოშვება, დღის რომელ მონაკვეთში და ასე შემდეგ.

  • რა საფრთხეს ქმნის სახელმწიფოს ამგვარი როლი რელიგიური დაპირისპირების დროს?

მე ძალიან მიყვარს ისლამი, როგორც რელიგია და პატივს ვცემ ისლამურ კულტურას, ბოდიში მათთან, რომ არ აღმოვჩნდით კარგი ქრისტიანები, მაგრამ, მეორეს მხრივ, პოლიტიკური ისლამი რეგიონში წარმოადგენს საფრთხეს. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა ისლამმა უკვე შეიწირა ორი დიდი სახელმწიფო: სირია და ერაყი. ისინი განვითარებადი ქვეყნებიდან სახელმწიფოს ჩრდილებად გადაიქცნენ. სულელური ჩარევების გამო ჩვენთანაც შესაძლოა მრავალწლიანი თანაცხოვრების ტრადიცია დაირღვეს და სახელმწიფოს არასწორი სტრატეგიის გამო მივიღოთ კონფლიქტის კერები, რომელიც თაობების განმავლობაში ვერ მოგვარდეს. ერაყშიც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ცხოვრობდნენ, ეს მათი კულტურული მონაპოვარი იყო და რამდენიმე თვეში ერთმანეთს ხოცვა დაუწყეს, ტყვიები ესროლეს.

აქ რელიგიური მომენტიც არის: ბოროტი მაინცდამაინც რქებიანი და ჩლიქებიანი არსება კი არ არის, ეშმაკი ჩვენს გონებაშია.

მთავარი ფოტო: ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მეზობლების შერიგება. ამ სოფელში რელიგიური დაპირისპირების შესახებ 12 იანვარს გახდა ცნობილი. სოფლის რამდენიმე მცხოვრები ერთმანეთს დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ორი მუსლიმი დაშავდა.

____

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: