მთავარი,სიახლეები

“დაპირისპირება უნდა დასრულდეს” – შემოქმედის ეპარქიის დეკანოზი

14.01.2021 • 1206
“დაპირისპირება უნდა დასრულდეს” – შემოქმედის ეპარქიის დეკანოზი

სამი დღეა გრძელდება კონფლიქტი, რომელიც ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. დღეს, 14 იანვარს, ჩოხატაურის მერიის წინ მუსლიმები შეიკრიბნენ და საკითხის გადაჭრას ითხოვენ. აქციაზე დღეს გაისმა მოთხოვნა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი სასულიერო პირები, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას.

მოლაპარაკების პროცესში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს შემოქმედის ეპარქია. შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეპარქია თავის მრევლს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულებისკენ მოუწოდებს.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა ეპარქიის პრესმდივანთან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

  • როგორია ეპარქიის პოზიცია ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

ეპარქიის პოზიცია არის ის, რომ აუცილებლად კონფლიქტი და დაპირისპირება დასრულდეს. როგორც კი კონფლიქტი დაიწყო მეუფის ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირები ჩავიდნენ სოფელ ბუკნარში 12 იანვარს, ესაუბრნენ იქაურ მრევლს. ისინი გაგებით მოეკიდნენ, დაუჯერეს მამების და დედების ნათქვამს და მეორე დღიდან [13 იანვარი] ისინი უკვე არანაირ კონფლიქტში აღარ ჩართულან.

ჩვენ მრევლს ვთხოვეთ,  მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება, რომ თავიანთ სალოცავში, სადაც აქამდე ლოცულობდნენ, იქ ილოცონ. მართლმადიდებელი მრევლი კი იმ ტაძარში შეიკრიბოს, სადაც იკრიბებოდა. გააგრძელონ ერთმანეთთან ისეთი ძმური, თანამეზობლური, თანასოფლური ურთიერთობა, რაც აქამდე ჰქონდათ. ეს არის ჩვენი თხოვნაც, ჩვენი პოზიციაც. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ის ურთიერთობები აუცილებლად აღდგეს, როგორც იყო და ერთმანეთის ხელისშეშლა არ მოხდეს და დაპირისპირება დასრულდეს.

  • ჩოხატაურში აქციაზე მყოფი მუსლიმები ითხოვენ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან ჩართულები როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი სასულიერო პირები. თქვენი ეპარქია თუ არის საქმის კურსში და გაქვთ თუ არა მზაობა ამ ტიპის მუშაობისთვის?

გუშინ გურიის გუბერნატორთან და ჩოხატაურის მერთან იყო შეკრება და მასთან ერთად ისაუბრეს. სწორედ მათთან ერთად უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნებიან ალბათ ეს მუფტიც და მათი წარმომადგენლებიც. ჩვენც თანახმა ვართ და მივიღებთ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში. მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთანაც დავსხდებით იმისათვის, რომ ერთობლივად გადავჭრათ ეს საჭირბოროტო საკითხი. ამისთვის მზად ვართ.

  • რა მიმართვა გექნებათ თქვენი სოფელ ბუკნარში მცხოვრები მრევლისადმი?

ჩვენი დედაოები და მამაოები იყვნენ ჩასულები ბუკნარში, ესაუბრნენ მრევლს და ისინიც მოეკიდნენ გაგებით. ამის შედეგი ჩვენ ვნახეთ გუშინ, აქციის დროს, როდესაც აქციის მონაწილეები წამოვიდნენ [სალოცავიდან სოფლის ცენტრისკენ] მათ გზაში არავინ არ შეხვედრიათ. ამიტომ ინციდენტი აღარ მომხდარა. ისინი [სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა] ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ. თვითონ ეს ადამიანებიც, ვინც იქ მოდიოდნენ, თუ ნახეთ, ეგზალტირებული აქცია იყო, იქაც ადგილობრივები რამდენიმე ადამიანი თუ იყო. ადგილობრივი მცხოვრებლებიც არ იყვნენ იქ მრავლად.

ჩვენ მზად ვართ და მრევლსაც მოვუწოდებთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივად შევხვდებით, როცა ისინი იტყვიან.

განვმეორდები, თუკი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და მათთან ერთად ამ საკითხის გადაჭრაზე ვისაუბრებთ. ერთად დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • დღეს როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კონფლიქტმა გადაინაცვლა სოციალურ ქსელში და იქ გაგრძელდა. თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია  და როგორ გესახებათ ამ კონფლიქტის გადაჭრა?

ჩვენ, ზოგადად, გვაქვს ასეთი პოზიცია, რომ სოციალურ ქსელში იქნება ეს თუ პირად ურთიერთობებში, ვინც მომხრეა, რომ ეს კონფლიქტი არ გაღვივდეს და დაპირისპირება დასრულდეს, ვინც ამის მომხრეა, ყველას აქვს ეს პოზიცია. ჩვენ ჩვეულებრივად, მეგობრულად, ძმურად გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, მათ ჰქონდეთ უფლება ილოცონ იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელი მრევლი ილოცებს იქ, სადაც ლოცულობდნენ.

ვინც ამაზე არ ფიქრობს და ვისაც უფრო მეტად აქვს ეს ინტერესი, რომ ეს რაღაცა გადაიზარდოს აქციაში, შემდეგ უფრო ალბათ პოლიტიკურ აქციაში, მათ მოსაზრებებს ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია ასეთია და მართლმადიდებელი მრევლისაც, რომ გვინდა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს დაპირისპირება. უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: