მთავარი,სიახლეები

დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“

28.12.2020 • 1094
დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ, მიხეილ ბოცვაძეზე დაყრდნობით, კომპანია დენის ტარიფის მატების აუცილებლობის შესახებ განცხადებს ავრცელებს.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით.

მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე.

რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად. ,ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს. უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება.

რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური. სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“

ტარიფზე საბოლოო გადაწყვეტილებას სემეკი უახლოეს დღეებში მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: