“ბათუმელები” გთავაზობთ ინტერვიუს მუსლიმთა კავშირის გამგეობის წევრთან, თეოლოგ თემურ გორგაძესთან. ის წლების განმავლობაში მუფტის მრჩეველი იყო. თემურ გორგაძე გუშინ, 13 იანვარს, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქრისტიანი და მუსლიმი მეზობლების დაპირისპირების შესახებ შეიტყო. მისი დაკვირვებით, გუშინ და დღეს ადგილობრივი ხელისუფლება პასიურ როლში დარჩენას ამჯობინებს, მაშინ როცა, ბუკნარელი მუსლიმების ემოციებით მანიპულირებას ერთი კონკრეტული ჯგუფი ცდილობს. ბუკნარში ეს ჯგუფიც დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩავიდა.
—–
გუშინ მთელი დღე ბუკნარში ვიყავი და ვუყურებდი იქ არსებულ სიტუაციას. იქ პრობლემა იყო, მაგრამ მოუგვარებელი პრობლემა არ ყოფილა. მეჩეთი ფუნქციონირებს დაახლოებით ათი თვეა და ახლა რაღაცა გაუგებრობა მოხდა. ვიღაცა ტვინგახურებულმა ვიღაცას ქვა ესროლა, რომელიც დასალაპარაკებელი პრობლემა იყო.
სად იყო და სად არა [ბუკნარში] გამოჩნდა ხალხი, ვისაც ჩემი იქ ყოფნის პერიოდში [სამი ლოცვის დრო მოვიდა] მეჩეთში არ შემოუხედია, არ ულოციათ. მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთში არ ილოცეს, დაიწყეს მუსლიმების ინტერესების დაცვა.
- რაზე მიანიშნებს თქვენთვის ის, რომ იმ მეჩეთში, რომელშიც ტრადიციული ისლამის მიმდევრები ლოცულობენ, ეს ჯგუფი არ შევიდა სალოცავად?
ეგ ჯგუფი არამარტო მაგ მეჩეთში, არამედ ბათუმის ცენტრალურ მეჩეთშიც არ ლოცულობს. ეს ჩემი პრობლემა არაა. მე მუსლიმის გვერდით ყველგან ვლოცულობ. მაგრამ ის ხალხი, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შეკრებილ ხალხს რომ მუსლიმებად არ თვლის, მათ გვერდზე არ ლოცულობს, და მერე ვითომდა მათი „დასაცავი“ რომ ხდება მეჩეთი, ეს არის მეორე პრობლემა. არ შეიძლება ადამიანმა ხელისუფლებაზე ბრძოლის მიზნით ყველაფერი იკადრო, ასეთ ოქსიმორონში შეხვიდე. ადამიანი სადაც არ ლოცულობს, თურმე იმ მეჩეთს იცავს. ასეთი რამ არ ხდება. ეს ხალხი ჩვენ არ გვთვლიან მუსლიმებად, ჩვენს გვერდზე არ ლოცულობენ და მაშინ ჩვენ მეჩეთს რანაირად იცავენ?
21-ე საუკუნეა. გიჟები არავინ არ ვართ. ხომ ვიცით ყველამ, რა როგორ არის.
მიხეილ სააკაშვილი გვერდზე დევს ოფიციალური ჩართვა მაგ ხალხთან. ეს არის ჩემი აღშფოთების მიზეზი.
არ შეიძლება ყველაფერზე წახვიდე, რათა აი, „ქოცები“ არიან და მოდი ასე ვებრძოლოთ. არ შეიძლება იმიტომ, რომ ხვალ ეგ ბრძოლის მეთოდი შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
ეს დაახლოებით რას ჰგავს იცით? ქოცები რომ შავ სამყაროს ეკვრებიან არჩევნების წინ, დაახლოებით იგივე რაღაცას აკეთებენ ახლა „ნაცები“. ამის გაკეთება არ შეიძლება.
- თუმცა, გუშინ და დღესაც აქციაზე იყვნენ ადგილობრივებიც.
გუშინ მანდ ჩანდა ორი რამ. ერთი – სახელმწიფოს სისუსტე და დამოკიდებულება ისეთი, რომ ფეხებზე კიდიათ მუსლიმები და, ზოგადად, სიტუაციაც ფეხებზე კიდიათ: რაღაც მოხდა. დანაშაული მოხდა. ქვები ისროლეს და ხალხს შეუზღუდეს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება.
ყველა ელოდებოდა, რომ გუბერნატორი უნდა მოსულიყო და შეხვედროდა ხალხს. ამის დასტურია ისიც, რომ რელიგიის სააგენტოს აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელიც იქ იყო. რომ ვკითხე, გუბერნატორი სად არის-მეთქი, 10 წუთში მოვაო. სამი საათი გავიდა იმის შემდეგ და გუბერნატორი არსად არ ჩანდა.
ფაქტი იყო სახეზე, რომ ფეხებზე ეკიდა გუბერნატორს იქ შეკრებილი ხალხი. ამით ისარგებლა მეორე მხარემ, რომელიც ვითომდა მუსლიმების ინტერესს იცავდა, წამოიკიდეს ხალხი, ვიღაცამ შეგვაგინაო, ჩვენზე ცუდი თქვესო, შეკრებილები არიანო და რაღაც ასეთი ტერმინებით წავიდნენ მიტინგის გასამართად სადღაც სხვაგან, სადაც მეჩეთი არ არის. მეჩეთი სადაც იყო, ხალხი იქ ვიდექით.
მე ორი რამ დავინახე – ერთი სახელმწიფოს დამოკიდებულება მუსლიმების მიმართ და მეორე, სარგებლობა ამ სიტუაციით პოლიტიკურად ხელისუფლების წინააღმდეგ, ანუ „ქოცების“ ოპონენტების მიერ. ეს ჩანდა გუშინ ნათლად. ძალიან მკაფიოდ და დღესაც გაგრძელდა.
- გამოსავალს სად ხედავთ თქვენ, რას შეუძლია ახლა ამ სიტუაციის განმუხტვა?
გამოსავალი არის ერთადერთი – სახელმწიფო, ხელისუფლება უნდა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე. მე რაც დავინახე – სახელმწიფო საუბრის დონეზე ამბობს, მაგრამ რეალურად არ ასრულებს.
მუსლიმებმა, რომლებიც აქ ათი თვეა [თებერვლიდან მოყოლებული] ლოცულობენ, ისევ უნდა გააგრძელონ ჩვეულებრივად ლოცვა. ვინც შეეცდება ვიღაცა სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, უნდა მოკიდონ ხელი და შესაბამისი მუხლით უნდა წაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში. უნდა გაასამართლონ. როდესაც ამას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გააკეთებ, კანონს როდესაც აღასრულებს სახელმწიფო, ამას ექნება პრევენციის ძალა, მსგავსი რამ აღარ მოხდება.
მეორე გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ილაპარაკონ, ერთმანეთს აუხსნან, რომ ლოცვა არ შეიძლება იყოს პრობლემა. არ არსებობს ლოცვის შედეგად ვინმე დაზიანდეს. საუბარი მაქვს არამუსლიმ მოსახლეობაზე. იმიტომ, რომ იქ გაუნათლებლობაც დავინახე – ადამიანებს ჰგონიათ, რომ მეჩეთი თუ აშენდება, ეს მათ რამენაირად მართლმადიდებლობას წაართმევს.
მათ ასეთი განწყობა აქვთ. ამიტომ უნდა ელაპარაკო.
ეს ორი რამაა გამოსავალი.
- სოფლის ქრისტიან მოსახლეობას თუ შეხვდით გუშინ და მათთან დიალოგი თუ გქონდათ?
მე გუშინ მეჩეთთან ვიყავი. იქ მოვიდა რამდენიმე მართლმადიდებელი. მე მელაპარაკა ერთი-ორი.
მომიყვნენ – ჩვენ აქ ეკლესიას ვაშენებდითო. მუსლიმები იმ დროს მარხულობდნენო, მაგრამ ჩვენ საჭმელს გვიზიდავდნენ მაინცო. ჩვენ გვეხმარებოდნენ მუსლიმებიო. ახლა სირცხვილია, ჩვენ ამათ ლოცვასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა რომ გვქონდესო. მე თქვენს გვერდზე ვდგავარო. მართლმადიდებელი ახალგაზრდები იყვნენ ესენი, რომლებიც მოვიდნენ და მხარდაჭერა დააფიქსირეს.
- ეს ჯგუფი, რომელიც ახლა ჩოხატაურში მეჩეთის დასაცავად არის ჩასული, რამდენად მოახდენს გავლენას სოფლის მკვიდრ მოსახლეობაზე?
სავარაუდოდ რაღაც გავლენას მოახდენს – მუხტის შექმნა მაშინ, როცა ხელისუფლება და სახელმწიფო დამნაშავეა, როდესაც ადამიანების უფლებები შელახულია, არ არის რთული. საჭირო ჩვენი ჩართულობაც, თუნდაც ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა – ხალხმა უნდა ავუხსნათ ერთმანეთს, რომ არ შეიძლება ერთმანეთს რაიმე რადიკალურად მოვუგვაროთ. სახელმწიფოს როლი კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, სამართალი და ყველამ უნდა იმოქმედოს კანონის და სამართლის შესაბამისად. ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
ის ჯგუფი, ე.წ. „მუსლიმების უფლებების დამცველ“ ჯგუფზე მაქვს საუბარი, რაღაც გავლენას მოახდენს, მაგრამ ჩემი შეხედულებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საღ აზრზე იდგა.
როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა იქ ერთ მხარეს იდგა, მეორე მხარეს სხვა, ჩასული ჯგუფი, მეჩეთთან მდგომი მუსლიმების დასაცავად ვითომდა აქციას მართავდნენ გამგეობის წინ, ეს ძალიან სასაცილოდ ჩანდა. აშკარა იყო, რომ აქ რაღაცა ხდებოდა. რომ რაღაც არასწორად იყო.
- რაზე მიანიშნებთ, ვინ არის ეს ჯგუფი? ისინი ამბობენ, რომ მუსლიმები არიან და მუსლიმებს იცავენ…
რელიგიური კუთხით თუ შევხედავთ, ვინც ამბობს, რომ მე მუსლიმი ვარ, მწამს ალლაჰის და მუჰამედის, ჩვენ უფლება არ გვაქვს მას ვუთხრათ, რომ შენ არ ხარ მუსლიმი. მაგრამ ვინც ენით ამბობს ერთს, მაგრამ საქციელით აკეთებს მეორეს, უბრალოდ ადამიანურად სხვანაირად აღიქმება.
ეს ჯგუფი ვინ არის? – თავიანთ თავს მუსლიმებს უწოდებენ, მაგრამ რას წარმოადგენენ მე არ ვიცი. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანი მუსლიმებთან ერთად არ ასრულებს ლოცვას, პარალელურად ვითომდა მათი მეჩეთის უფლებების დაცვაზე ლაპარაკობს, სასაცილოდ ჟღერს ეს ამბავი.
თვალებში ნაცარს ვერავინ შემაყრის, 21-ე საუკუნეა და რელიგიათმცოდნეობის სწავლაში მინიმუმ 6 წელი მაქვს დახარჯული, იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც იბრალებს მაგას. ეგ ვიცი ზუსტად – მუსლიმი თუ ხარ, მუსლიმების გვერდით უნდა ილოცო. მათ გვერდზე თუ არ ლოცულობ, კი გაქვს იმის უფლება, სხვაგან ილოცო, მაგრამ მინიმუმ მათი სალოცავის დაცვის უფლების პროვოკაცია არ უნდა მოაწყო. არ შეიძლება ამის გაკეთება.
ჩოხატაურის მერიის წინ მიმდინარე საპროტესო აქცია, რომელიც სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიური დაპირისპირების შემდეგ გაიმართა, დაიშალა. ხვალ, 15 იანვარს სოფელში შერიგების ლოცვა იქნება. 13:30 საათზე, იმ დროს, როდესაც მუსლიმები მეჩეთში ლოცვას შეასრულებენ, ეკლესიაში ილოცებენ ქრისტიანებიც.