მთავარი,სიახლეები

ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდება

17.01.2021
ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობს, უკვე დაფრინდა მოსკოვში. თვითმფრინავში ნავალნიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის მგზავრობს ავიაკომპანია „პაბედას“ [გამარჯვება] ბოინგით და მისი ბილეთის ნომერია 13. მან ასევე თქვა, რომ ის სახლში ბრუნდება და ძალიან კარგ განწყობაზეა. ამავე თვითმფრინავშია არაერთი მედიის წარმომადგენელი.

თავდაპირველად ნავალნის თვითმფრინავი უნდა დაფრენილიყო ვნუკოვოს აეროპორში. მის დასახვედრად აეროპორტში შეიკრიბა ხალხი, თუმცა დაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და მეორე – შერემეტიევოს აეროპორტისკენ გაფრინდა.

ვნუკოვოს აეროპორტში ნავალნისთან შესახვედრად მისული მომხრეები კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა, რამდენიმე მათგანი დააკავა კიდეც. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ არ ეშინიათ დაკავების, რადგან თავად ნავალნი თავის სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ უკვე დიდი ხანია.

ალექსეი ნავალნი 5 თვეა იმყოფებოდა გერმანიაში და კლინიკა Charité-ში მკურნალობდა, სადაც დაადასტურეს, რომ ნავალნი ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული. მას ახლა პატიმრობა ემუქრება – რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა უკვე განაცხადეს, რომ მის დასაპატიმრებლად ყველა ზომას გაატარებენ.

____

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. იგი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. ნავალნის ფრენისას გული წაუვიდა.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღე არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს მოითხოვეს და სპეციალური რეისი  დაჯავშნეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

რუსმა ოპოზიციონერმა 21 დეკემბერს Youtube-ში გაავრცელა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, ურეკავს რუსეთის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს, რომელსაც თავი უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლად წარუდგინა. ნავალნის განცხადებით, კუდრიავცევმა აღიარა, რომ მას ნავალნის მკვლელობა ჰქონდა დავალებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: